Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩევლმა, ელჩმა ფილიპ რიკერმა განაცხადა. რიკერის განცხადებით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ამასთან, ფილიპ რიკერი აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა ტყვეების გაცვლასა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით“. „ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. მოხარული ვარ, კვლავ შევხვდე პრემიერს და განვიხილო რეგიონული საკითხები. ოქტომბერში ვხელმძღვანელობდი აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ვიზიტის დროს განვიხილავ, როგორ განვაგრძოთ ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის როგორ შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს, ხელი შეუწყონ საქართველოში რუსული ოკუპაციის მშვიდობიან მოგვარებას და ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა რიკერმა. ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. „ეს მოიცავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ამაყი ვართ საქართველოს გვერდით დგომით, რადგანაც თქვენ მიისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. აშშ განაგრძობს იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისა და აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობისთვის. როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, – განაცხადა რიკერმა. ავტორი - სალომე თორაძე
  2. სიღნაღში ისტორიულ გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სატვირთო დაეჯახა. განადგურებულია გალავნის ნაწილი - ჩამონგრეულია თაღი, ნანგრევები საავტომობილო გზაზე ყრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის დაზიანებული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლები. ტერიტორიაზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. "გალავანი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და მისი აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სიღნაღის მერიის პრესსამსახურში. სიღნაღის ისტორიული ციხე-გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა. მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია. რადიო თავისუფლება
  3. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. "გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე. ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიციური ბლოკი. 1932 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა პოლიცია მიავლინა უკრაინის ახლად კოლექტივიზებულ ფერმებში, მათგან მარცვლეულის და პირუტყვის სრულად კონფისკაციის მიზნით - მათ შორის თესლის, რომელიც მომდევნო წლის მოსავლისთვის იყო საჭირო. შემდგომ თვეებში მილიონობით უკრაინელი გლეხი დაიღუპა შიმშილით. ამ პროცესს იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი უწოდებს "აშკარად წინასწარ დაგეგმილ მასობრივ მკვლელობას". რადიო თავისუფლება
  4. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც. „გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20 ზე-მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო - კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. ცენტრი „ემპათიას“ და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარა-კლინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ: ამგვარად, დაპატიმრების წინ (01/10/2021) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე შფოთვით - დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტ - კოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიურ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები”,- აღნიშნულია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ცენტრი „ემპათია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს. როგორც „ემპათიაში“ აღნიშნავენ, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
  5. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე, შენდება ახალი სახლები და ამ ბინების 80-90%- ს ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში 450 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხელისუფლება სიღარიბის განულებისკენ მიდის და ამას 2030 წლისთვის მიაღწევს. "უპრეცედენტო ზრდას რაც შეეხება, ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შარშან იყო 10.5, წელს პირველი 10 თვის მონაცემებით, 10, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ციფრებში რომ გამოვხატოთ, თუ იყო შარშან წლის დასაწყისში 4250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება 7800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ეს არის ისეთი მონაცემები რაც მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოსახლეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემებია, მაგალითად მსოფლიო ბანკის, რომ სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 000 ადამიანი, ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 000- ზე ნაკლები, ანუ 400 000- მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა (შეიძლება მცირეოდენი შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ბევრი არ იქნება), დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს უკვე 600 000- ს აღემატება, ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც. მოსახლეობა იგივეა რაც თბილისში იყო, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასი მანქანა და ახლა ჰყავთ 600 000. საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ამ ბინებს ყიდულობენ ადამიანები, ამ შემთხვევაშიც, მინიმუმ 80-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე. ეს საიდან მოდის? ახალი ბინა ჩნდება და ახალი მეპატრონე, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან. სამი მილიონ 700 ათას ადამიანზე ვერ გავრცელდება სამწუხაროდ ეს ზრდა თანაბრად, მაგრამ ვრცელდება საკმაოდ დიდ სეგმენტზე და ამას მიუთითებს ეს მონაცემები. ესეც არ არის საკმარისი, როცა 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ბედნიერი და გახარებული ვერ იქნები, მაგრამ მიმართულება არის სწორი და სწორედ ამას გვეუბნება სავალუტო ფონდი, რომ ჩვენ მოვახერხებთ 2030 წელს სიღარიბის განულებას, მთავარია აქეთ ვიაროთ და მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა,"- განაცხადა კობახიძემ. პალიტრა ნიუსი
  6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს. შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტებისა და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით, მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ცნობისთვის, დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.
  7. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  8. დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ამან პანიკა. სიტუაცია კარგად კონტროლდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვისაც დახმარება სჭირდება, ის სამედიცინო დახმარების გარეშე არ რჩება. "კორონავირუსის შემთხვევები ძალიან შემცირებულია. თვეში სულ 200-300 შემთხვევაა. რაც მთავარია, გარდაცვალების შემთხვევა დრამატულად შემცირდა. კოვიდი დღეს არ იქცევს მეტ ყურადღებას, არ იწვევს მეტ პანიკას მოსახლეობაში, გარდაცვალებაც მინიმალურია, ვიდრე სხვა რესპირაციული ვირუსებისას. მოსახლეობა დღეს გრიპით, რინოვირუსებით და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით უფრო არის შეწუხებული, ვიდრე კოვიდით. თუმცა, მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ, კოვიდი არსად წასულა. დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ამან პანიკა. სიტუაცია კარგად კონტროლდება. ვისაც დახმარება სჭირდება, არ რჩება სამედიცინო დახმარების გარეშე. რესპირაციული ვირუსებით ინფიცირებულის არცერთი სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია. შესაძლებელია, დეკემბერში პიკი იყოს, ერთეული ფატალური შემთხვევა, თუმცა, სიტუაცია კონტროლირებადია", - განაცხადა ცერცვაძემ. ipn
  9. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან ვიდეოკავშირით განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნებოდა. „თუკი გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამობრძანდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ამის შემდეგ გვეტყვით, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, ვინ დაიწყო ის და როდის შევძლებთ მის დასრულებას“, - მიმართა ზელენსკიმ მასკს. ოქტომბრის დამდეგს ილონ მასკი უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი „სამშვიდობო გეგმით“ გამოვიდა. მასკის აზრით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ხელახლა უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, ყირიმი რუსეთს უნდა დარჩეს, ხოლო კიევმა მას წყალი მიაწოდოს. თავად უკრაინა კი ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასკმა არ გამორიცხა ბირთვული ომი. უკრაინის ხელისუფლებამ ეს „გეგმა“ მწვავედ გააკრიტიკა. რადიო თავისუფლება
  10. ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო იარაღის მწარმოებელმა კომპანია Instalaza-მ. მისი სათავო ოფისი ქალაქ სარაგოსაში მდებარეობს. ესპანური გამოცემის, El Periodico-ს და რადიოსადგურ SER-ის ინფორმაციით, საფოსტო პაკეტზე, რომელიც კომპანიაში 30 ნოემბერს მიიღეს, ეწერა, რომ ის უკრაინიდანაა გაგზავნილი. კომპანიის თანამშრომლებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, ამიტომ პაკეტი არ გახსნეს და პოლიცია გამოიძახეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადასტურეს, რომ საფოსტო პაკეტში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. კომპანია Instalaza აწარმოებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნებს, რომლებიც ესპანეთმა უკრაინას გაუგზავნა რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ. 30 ნოემბერს, დღისით, მადრიდში უკრაინის საელჩომ მიიღო საფოსტო პაკეტი, რომლის ადრესატად მითითებული იყო უკრაინის ელჩი. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, კომენდანტმა პაკეტი საეჭვოდ მიიჩნია, ამიტომ ეზოში გაიტანა და გახსნისას სპეციფიკური ხმის გამო ხელი გაუშვა, რა დროსაც აფეთქება მოხდა და მსუბუქად დაშავდა. ესპანელმა სამართალდამცავებმა უკრაინის საელჩოში მომხდარ აფეთქებას, წინასწარი ვერსიით, ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. პოლიციამ მადრიდსა და სარაგოსაში მომხდარი შემთხვევების გამოძიება გააერთიანა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საზღვარგარეთ ყველა საელჩოს დაავალა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. რადიო თავისუფლება
  11. აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში ნენსი პელოსის შეცვლის. ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირი გახდა, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. დემოკრატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი წარმომადგენელთა პალატაში მუშაობას ახალი, 118-ე მოწვევის კონგრესის ფარგლებში დაიწყებს, რომელიც 3 იანვარს შეიკრიბება. კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა, 83 წლის ნენსი პელოსიმ, მანამდე განაცხადა, რომ თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად კანდიდატურას აღარ წარადგენდა. იპნ
  12. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 1,2 მილიარდიან კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს თავდაცვის უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება. "სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. 7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში NASAMS და Aspide საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ქვეყნის ცას უფრო უსაფრთხოს გახდის.
  13. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, ელჩ ფილიპ რიკერი ვიდეოგზავნილში აცხადებს. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებადობისთვის. როდესაც აქ გასულ წელს ვიყავი, მე ვმუშაობდი მჭიდროდ ქართველ ლიდერებთან ერთად თქვენს მეზობლებს, სომხებსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის მიზნით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა დაკავებულების გათავისუფლებასა და საბრძოლო ზონებში დანაღმული ტერიტორიების ადგილმდებარეობის გაზიარებაში. ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო აგრძელებს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას და მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდები პრემიერ-მინისტრს რეგიონული საკითხების განსახილველად. ოქტომბერში მე ვხელმძღვანელობდი აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ვიზიტის დროს, მე განვიხილავ, როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს ხელი შეუწყონ საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას და მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. ეს მოიცავს ჩვენს მყარ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაყო ვართ იმით, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. ბოლოს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ ხალხს თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და აშშ-სთან პარტნიორობისთვის. თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ“, - აცხადებს ფილიპ რიკერი. იპნ
  14. გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა. რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული. “შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია აშკარაა. გერმანული ბუნდესტაგი ასეთ კლასიფიკაციას იზიარებს”, - წერია დოკუმენტში. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ იძულებითი შიმშილი “უკრაინული ეროვნული შეგნების პოლიტიკურად ჩახშობისკენ” იყო მიმართული. შიმშილისგან მასობრივი სიკვდილები წარმოადგენდა არა ცუდი მოსავლის შედეგს, არამედ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას იოსებ სტალინის მეთაურობით. “ასე რომ, ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია”, - წერია რეზოლუციაში. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უნდა ეწინააღმდეგებოდეს “რუსული ცალმხრივი ისტორიული ნარატივების გავრცელების ნებისმიერ მცდელობებს”. ჰოლოდომორს გენოციდად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აღიარებს. იპნ
  15. ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებს, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი, მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებულ მაღალ კორუფციასთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით. „არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა. ავტორი - სალომე თორაძე
  16. პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ეტლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ჩვენი ნაკრების წევრებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს 45:42 მოუგეს და გუნდური ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა თანრიგში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი გახდა. ავტორი - დავით კუჭავა
  17. ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ipn
  18. ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში - დუბაი, ცნობილია თავისი ცოცხალი კულტურით, მდიდარი ისტორიით, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ცათამბჯენებით. ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და ყველას ერთი სურვილი აქვს - ცოტა ხნით მაინც იცხოვროს ისეთ ფუფუნებაში, როგორიც შეიხების ყოველდღიურობაში გვხვდება. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი ყოველწლიურად ახდენს ახალი მეგაპროექტების პრეზენტაციას. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ქალაქი ბრწყინვალე და ინოვაციურ არქიტექტურასა და ინჟინერიაში ლიდერობს. -0:09 მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია 30 მილიარდი დოლარის ღირებულების Meydan City. 40 მილიონ ფუტზე გაშენებული გიგანტური ქალაქი განკუთვნილია 80 000 მოსახლეზე. პროექტის განხორციელების წუთიდან, ახალი ულტრათანამედროვე ქალაქის მიმართ საყოველთაო ყურადღება იყო მიმართული, თუმცა საინტერესოა, რა დაემართა მას დღეს? რატომ არის მიტოვებული? Meydan City Meydan City-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. დეველოპერს პროექტის დასრულება 2020 წლისთვის სურდა. მათ უნდა აეშენებინათ მსოფლიოში უდიდესი საცხოვრებელი კოშკი, მსოფლიოში უდიდესი სარბოლო ტრასა, უზარმაზარი დახურული სათხილამურო კურორტი, ძვირად ღირებული სავაჭრო ცენტრი და მრავალი სხვა მასშტაბური შენობა. თუმც მალევე ფინანსური დაბრკოლებების გამო პროექტის განვითარება შეჩერდა. დეველოპერს კი 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დავალიანება დაეკისრა. რას უნდა ელოდო ამ ქალაქისგან? პროექტის მიხედვით, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა არის Meydan One Mall, სადაც მცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 500-ზე მეტი მაღაზიით, 100 რესტორნით და მსოფლიოში უდიდესი დახურული სათხილამურო ტრასით. ისეთი ქალაქისთვის, როგორიც დუბაია, დახურული სათხილამურო ტრასის აშენებას მილიონები სჭირდება. აღნიშნული სათხილამურო ტრასა გადაჭიმულია 1,2 კილომეტრამდე დაღმართზე. სავაჭრო ცენტრში ასევე განთავსებულია 13200 კვადრატული მეტრის ფართის ჰიპერმარკეტი. დეველოპერები ასევე გეგმავენ ქალაქში უდიდესი საცხოვრებელი კოშკის აშენებას. მასში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 350 ნომრით. ქალაქის ცენტრში ასევე არის გიგანტური შადრევანი, რომელსაც წყლის ატყორცნა 380 მეტრამდე შეუძლია. იგეგმება გიგანტური წყლის პარკის აშენება, ატრაქციონებითა და სხვა გასართბი ინფრასტრუქტურით. რაიონის პირველი ეტაპი და მეგაპროექტის საცხოვრებელი ფაზა არის Meydan Sobha. მას აქვს უზარმაზარი ხელოვნური ტბა, რომელიც ვილას ქალაქის სხვა ნაწილებისგან ჰყოფს. ის საზოგადოებისთვის 2020 წლის 27 მარტს გაიხსნა. მიზეზი, რის გამოც მეიდან ქალაქი მიტოვებულია სამწუხაროდ, პროექტის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, COVID-19 პანდემიის გამო ის დაიშალა. Meydan Real Estate გაკოტრდა და განაცხადა, რომ არ აქვთ საკმარისი სახსრები პროექტის დასასრულებლად. ამ დროისთვის მათ 4 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვთ. დღეის მდგომარეობით Project Riviera არის ერთადერთი ნაწილი, რომელიც მუშავდება. საცხოვრებელი კომპლექსის მხოლოდ 25% არის აშენებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშენებლობა გრძელდება, მაგრამ ნელი ტემპით. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ 30 მილიარდი დოლარის მიტოვებული ქალაქი მეიდანი გაცოცხლდება. ბოლოს და ბოლოს, ქალაქი დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის სასურველი პროექტია. წყარო: www.therichest.com ავტორი: თეონა რამაზაშვილი
  19. აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „გლოვოს“ კურიერი დავით ქურციკაშვილი ემსხვერპლა.„ზოგჯერ გააზრებაც მიჭირს თუ რაზე მაქვს ხელი მოწერილი როდესაც სკუტერზე ვჯდები და სამუშაოდ გავდივარ. გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი კოლეგა დავით ქურციკაშვილი უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- დაწერა მეგობარმა სოციალურ ქსელში. უმძიმეს ტრაგედიას, ჟურნალ „ოჯახის ექიმის“, mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმ-თერაპევტი თამარ მამაცაშცილი ეხმიანება და სულისსემძვრელ პოსტს აქვეყნებს. „გლოვოს" კურიერი მანქანას შეეჯახა და გარდაიცვალა... ჯერ სულ ახლგაზრდა. იქნებ ჩემთანაც რამდენჯერ მოსულა... თავზე ჩაფხუტით... სულ სტრესი... სულ დაძაბულობა... ალბათ რამდენჯერ: სად იყავიო აქამდე - ვიღაცამ შეუღრინა კართან მორიდებით მდგომს... ბოდიში მოუხადა, მაგრამ გულში მდუღალე ცრემლი გადაყლაპა... მერე იქნებ ობიექტიდან დაურეკეს - დროზე მოდი, გვიანდებაო... ახლავეო - და გაიქცა... გაიქცა, რომ საყვედური არ მიეღო... სულ ამას ცდილობდა, მაგრამ მაინც... ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები იშვიათად იმეტებდნენ თბილ სიტყვებს... ან იქნებ საერთოდაც არ იმეტებდნენ... ის კი დარბოდა... დარბოდა... რომ ყველასთან მიესწრო... ყველა კმაყოფილი ყოფილიყო... ვეღარ მოერია... და გაფრინდა...რატომ ვწერ ამას? ხშირად გვავიწყდება, ან იქნებ საერთოდ არ გვახსოვს, რომ კართან მორიდებით ატუზული ჩაფხუტების უკან ადამიანები დგანან... გამუდმებული სტრესის ქვეშ მცხოვრები ადამიანები, უხშირესად სულ ახალგაზრდები... სიცოცხლით რომ უნდა ლაღობდნენ, იმ ასაკისანი...თბილი სიტყვა მაინც დავახვედროთ ხანდახან, სხვა თუ არაფერი შეგვიძლია...მადლიერება ვაგრძნობინოთ...რობოტებად ვიქეცით და ეს ურთიერთობებიც ვალდებულებამდე გვაქვს დაყვანილი...მას ხომ უხდიანო? და მხოლოდ ეს არის?ადამიანობა? სად არის ჩვენი ადამიანური ურთიერთობა?არსად აღარ არის... არსად...“, - წერს თამარ მამაცაშვილი. პრაიმტაიმი
  20. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად - 80-ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე გამოძიებას პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეეხება, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ქვემდებარეობის გაფართოებაა, თუ ეს მუხლები უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას ეხება და თუ ეს მუხლები გამოვლენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. ამავე ცვლილებების ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები იზრდება. პროექტი ყველა თანამშრომლისთვის, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ცვლილებები განხორციელდა რეგლამენტშიც - კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე, აღნიშნული სამსახურის უფროსები პარლამენტის კომიტეტს წარუდგენენ ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, ასევე მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
  21. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები განხორციელდა. კერძოდ, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. ცვლილებები შეეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე და ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას. დაჯარიმებას გამოიწვევს ასევე განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას. კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება. კანონი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. იპნ
  22. პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას; ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას და მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს; იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, ამ სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალსა და სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ამასთან, განხილვის პროცესში ინიცირებულ პროექტში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. გარდა ამისა, სახელწიფო თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის მოუწევთ. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს - უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევის წესს, კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.
  23. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა, კომენტარი გააკეთა ცნობაზე, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინისთვის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების მიწოდების საკითხს. მისი სიტყვებით, მართალია, ამის თაობაზე დისკუსია არსებობს, მაგრამ ამჟამად ამ იარაღის კიევისთვის გადაცემა არ იგეგმება. რაიდერის თქმით, ამ ერთობ რთული სისტემების მართვისა და მომსახურებისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალია საჭირო. რაიდერის სიტყვებით, „არ შეიძლება მათი ბრძოლის ველზე გაგზავნა და გამოყენების დაწყება“. უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემის შესაძლებლობაზე და იმაზე, რომ ეს სისტემები მას საშუალებას მისცემდა ეფექტიანად დაეცვა თავი რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან, ინტენსიურად მიმდინარეობს დისკუსიები, ძირითადად ევროპულ პოლიტიკურ წრეებსა და ნატოში. დისკუსიები განსაკუთრებით გახშირდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 29 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტების შეკითხვაზე განაცხადა, რომ განიხილება უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემის საკითხი: „განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ები.“ ეს სისტემები უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, ასევე საავიაციო და ფრთოსანი რაკეტების გადასატაცად და გასანადგურებლად. შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა აშშ გავლენას თავის მოკავშირეებზე, თუკი მათგან რომელიმე მოინდომებს უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემას, პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ სურს სხვა ქვეყნების სახელით ლაპარაკი, მაგრამ ეს სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილებაა. რადიო თავისუფლება მაგრამ, ვინაიდან ეს საკითხი ნატოს წევრ ქვეყნებსაც ეხებათ, აშშ ვარაუდობს, რომ ეს მთელი ალიანსის განხილვის საგნად იქცევა.
  24. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7177 ლარი ეღირება, ევრო – 2.8161 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2618 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7153 ლარი ღირდა, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2638 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ დეკემბერს ამოქმედდება.
  25. ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი და არის შეშფოთება. არ გამოვიყენებ ტერმინ უკუსვლას, როგორც ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე გამოიყენა. ვიტყოდი, რომ არის შეშფოთება. შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში, სირთულეები, რომლებიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის მხრივ არსებობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში რეფორმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, – „როგორია თქვენი შეფასება, გვაქვს პროგრესი თუ უკუსვლა, რაზეც გვსმენია სხვადასხვა პირისგან, მათ შორის თქვენგან, რომ ნატო რეფორმების განხორციელების ტემპით კმაყოფილი არაა?“ ხავიერ კოლომინას თქმით, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხრიდან. „სწორედ ამიტომ, როდესაც სექტემბერში თბილისში ვიმყოფებოდი და სრულიად ოპოზიციურ სპექტრს შევხვდი, ძალიან მკაფიო გზავნილი მქონდა. გვჯერა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, ინიციატივები უნდა მოდიოდეს მთავრობიდან, რადგან ის არის ქვეყნის მმართველი, მაგრამ ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა, პოზიტიურად უპასუხოს წინადადებებს, რომლებიც მთავრობიდან მოდის. ჯერ ასეთი გზავნილი ბევრი არ გვინახავს მთავრობიდან, ამიტომაც ვამხნევებთ მთავრობას, იაროს ამ გზით, სცადოს წინააღმდეგობების გადალახვა. ამ კავშირებზე თქვენს პრეზიდენტთანაც ვისაუბრე. საბოლოო ჯამში, ამ რეფორმების შესრულება დამოკიდებულია მთავრობისა და ოპოზიციის უნარზე, ერთად ითანამშრომლონ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ. რაც შეეხება კითხვას, – „როდესაც მთავრობა ამბობს, რომ მუშაობს რეფორმებზე და ოპოზიცია არ ერთვება მუშაობაში, ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ მათთვის პარტიული და პოლიტიკური ინტერესი უპირატესია, ასეთ შემთხვევაში რა არის თქვენი მთავარი რჩევა ოპოზიციისადმი?“ – ხავიერ კოლომინას განმარტებით, ეს შიდა პოლიტიკური საკითხია და გამკლავება სჭირდება. „აქედან თუ რამეს ვეტყოდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ისაა, რომ როგორც ევროინტეგრაცია, ისე ატლანტიკური ინტეგრაცია არის თემები, რომლებმაც პარტიული ინტერესები უნდა გადაწონოს. ვიცი, რომ სურვილი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე ზეპარტიული სურვილია. სურვილების რეალობად ქცევისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება. როგორც ორივე მხარეს ვუთხარი თბილისში, პრემიერს, მინისტრებსა და ოპოზიციასაც, გჭირდებათ ამ განსხვავებულობის გადალახვა და ერთად მუშაობა. სწორედ ეს არის მიზანი, რომელიც ქართველებს აერთიანებთ, 72 პროცენტი უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას. ამიტომ პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განსხვავებების გადალახვა. ვიცი, ეს რთულია, მაგრამ პოლიტიკური თამაშები ყველა ქვეყანაში რთულია. სწორედ ეს იქნება ჩემი შეთავაზება“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ავტორი - ანა ბროლაძე
×
×
  • შექმენი...