-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ი უკრაინას გადასცეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 23 ნოემბერს განხორციელებული მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გერმანიას მიმართა, უკრაინას გადასცეს პოლონეთისთვის შეთავაზებული საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot-ი. ბლაშჩაკის წინადადებაა, რომ ეს სისტემები განთავსდეს უკრაინის დასავლეთ საზღვართან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა ქვეყანას დაიცავს შემდგომი მსხვერპლისა და ენერგომომარაგების შეწყვეტისგან და გაზრდის უსაფრთხოებას პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე. ამ წინადადებაზე გერმანიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი მას შემდეგ შესთავაზა, რაც 15 ნოემბერს, უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევისას, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონეთის, აშშ-ის და ნატოს განცხადებით, პშევოდუვში ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა, თუმცა, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს. 23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. დაიღუპა 10 ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია. -
ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც "რუსთავი 2-ის" მფლობელისა და მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, სამაუწყებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას იმნაიშვილი სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს. "როდესაც "რუსთავი 2" ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო "რუსთავი 2"-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი გული "რუსთავი 2"-ში რჩება", - წერს იმნაიშვილი. იმნაიშვილი "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი 2019 წელს გახდა, მაშინ, როცა არხის მენეჯმენტი და მფლობელი შეიცვალნენ. ის თავდაპირველად გადაცემა "ღამის კურიერის" წამყვანიც იყო. ირაკლი იმნაიშვილს საქართველოდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე ტელეკომპანია "მზის" ტოკშოუ მიჰყავდა, ასევე აქვს წლების განმავლობაში BBC-ის პროდიუსერად მუშაობის გამოცდილება. ირაკლი იმნაიშვილი გარკვეული დროის მანძილზე კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის" მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს. ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს მეუღლესთან, ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. რადიო თავისუფლება -
შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკოალიციას გვარამიას საქმეზე პასუხი გამოუგზავნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე პასუხი დაუბრუნა. მასში აღნიშნულია, რომ თვალს ადევნებენ გვარამიას სასამართლოს, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით. ბრიუსელიდან მედიაკოალიციისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე კითხვები გაჩნდა. "ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს", - აღნიშნულია წერილში. 7 ნოემბერს არაერთმა მედიაორგანიზაციამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ "გვარამია პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე". კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა, აზრი შეიცვალოს, თუ მას შარლ მიშელი მიმართავს. "ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ", - აღნიშნული იყო გაგზავნილ წერილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად მაინც 3 წელი და 6 თვე დარჩა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა. გვარამიას ბრალდების ორივე ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად პატიმრობა განესაზღვრა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს. 24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა. რადიო თავისუფლება -
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. შემთხვევა წუხელ მოხდა. კლინიკაში მოთავსებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მას გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
-
როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება თუ {კანონპროექტებს} ვენეციის კომისია გადახედავს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საქართველომ უნდა გადაგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. რაც შეეხება საქართველოს შანსებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, პიტერ ფიშერი განმარტავს, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთიანება საქართველოს დაეხმარება, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. „მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპის მომავალი გზის შესახებ. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ჩვენ ევროგაერთიანება დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირდეს ამ თემაზე. შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შანსიც არსებობს“, - განაცხადა ფიშერმა. მისივე განმარტებით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს. „ევროპა არის პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ძალიან მწიფე სახალხო ეკონომიკით, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია დაუწესა. ამ პუნქტების შესრულების შემდეგ იქნება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს”, - აღნიშნა ფიშერმა. ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდებს.
-
უნგრეთი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას დათანხმდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი სესხის საშუალებით. „მთავრობა აგრძელებს ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს ომში მყოფი უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაში. ის მოუწოდებს ფინანსთა მინისტრს, უზრუნველყოს 187 მილიონი ევრო, რაც იქნება უნგრეთის წილი 18 მილიარდ ევროს ევროკავშირის სესხში, რომელიც უკრაინას მიეცემა“, - აცხადებენ უნგრეთის მთავრობაში. ვიქტორ ორბანის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ფინანსური დახმარებისთვის საჭირო შეთანხმების შესამუშავებლად. სესხისთვის თანხების უზრუნველსაყოფად, რომლის დაფარვა უკრაინას 35 წლის განმავლობაში მოუწევს, ევროკომისია სესხს კაპიტალის ბაზრებზე აიღებს. თუმცა, ფინანსური პაკეტი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. უნგრეთი აცხადებდა, რომ ერთობლივ სესხში მონაწილეობას არ მიიღებდა. -
დღეს ვიწყებთ კამპანიას „იმედის გენერატორები“. 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რუსეთის მიერ ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს. მან ევროპის ქალაქებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ. „ჩვენ ვიჩენთ შესანიშნავ სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ევროპული ქალაქების ასოციაციასთან“, რათა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები მივაწოდოთ. საავადმყოფოებსა და ადამიანებს ელექტროენერგია და სუფთა წყალი მოვაწოდოთ. მოვუწოდებ ევროპის ყველა ქალაქს, შემოუერთდნენ ჩვენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას“, - აცხადებს რობერტა მეცოლა. ინტერპრესნიუსი
-
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
-
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 78 სარაკეტო და 23 საავიაციო იერიში განახორციელა, კიევის 70 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დასახლებული პუნქტების და საჯარისო შენაერთების პოზიციების წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 70-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსმა სამხედროებმა კიევის, ვინიცის, ლვოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში 67 ფრთოსანი რაკეტა და 10 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს. როგორც გენშტაბი იუწყება, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 51 რაკეტა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.ამასთან, მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსეთის თავდასხმები დონეცკის ოლქის ანდრეევკას, ბახმუტის, კლიშჩიევკას, კრასნოგოროვკას, მარინკას, ოზარიანოვკას, ოპიტნოეს და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს. 1ტვ
-
ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს, პროცესში იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. „ჩვენ ახლახან გვქონდა ევროკომისარ ვარჰეის ვიზიტი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. მისგან მოვისმინეთ გარკვეული შეფასება მიმდინარე პროცესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის განხორციელებას ეხება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. დრო ჯერ კიდევ არის, რადგან კალენდრის მიხედვით, რეკომენდაციების იმპლემენტაციას მომავალი წლის გაზაფხულზე შევაფასებთ. ევროკომისიის ფორმალური მოსაზრების წარდგენა ოქტომბერშია მოსალოდნელი და ამის შემდეგ, ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური და კონსტრუქციული, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობითაც“, – განაცხადა ჰერჩინკსიმ. ავტორი - ანა ბროლაძე
-
ჩვენგან 200 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილმა ეგზოპლანეტამ შეიძლება ახალი სინათლე მოჰფინოს პლანეტური მეცნიერების ყველაზე უცნაურ საიდუმლოებს. მსგავსი: აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა... ობიექტს TOI-1075b უწოდეს, მისი რადიუსი დედამიწისას 1,8-ჯერ აღემატება და წარმოადგენს სუპერდედამიწის ტიპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეგზოპლანეტას ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ასევე კარგად თავსდება ე. წ. პატარა პლანეტის რადიუსის ნაპრალში, რასაც დედამიწაზე 1,5-დან 2-მდე მეტი რადიუსის მქონე პლანეტების აშკარა დეფიციტს. აქამდე უკვე აღმოჩენილია ოდნავ უფრო პატარა კლდოვანი სუპერდედამიწები. ასევე ოდნავ უფრო დიდი, გაბერილი ატმოსფეროს მქონე პლანეტები, რომლებსაც მინი-ნეპტუნებს უწოდებენ. თუმცა, მათ შორის თითქოს უდაბნოსავით სიცარიელეა. ახლად აღმოჩენილი პლანეტა გაბერილი სულაც არ არის. TOI-1075b-ის მასა დედამიწისას 9,95-ჯერ აღემატება, რაც საკმაოდ დიდი მასაა გაზოვანი პლანეტისთვის; დაშვებულ სიმკვრივეში, ეგზოპლენტა სავარაუდოდ კლდოვანია, მერკურის, დედამიწის, მარსისა და ვენერას მსგავსად. ასეთი განსაკუთრებულობის გამო, ის იდეალური კანდიდატია პლანეტური ფორმაციისა და ევოლუციის თეორიების შესამოწმებლად. პატარა პლანეტის რადიუსის ნაპრალი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2017-ში გახდა ნათელი, როდესაც ეგზოპლანეტების (მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები) კატალოგი საკმაოდ შეივსო და მეცნიერებმა ეს უჩვეულო მახასიათებელიც შენიშნეს. საკუთარ ვარსკვლავთან ახლოს, გარკვეულ მანძილზე მოძრავ პლანეტათა შორის, ასტრონომებმა მხოლოდ რამდენიმე ისეთი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ამ ნაპრალში თავსდებოდა. მსგავსი: აღმოჩენილია საკუთარი ვარსკვლავის სასიცოცხლო... არსებობს ამის რამდენიმე შესაძლო ახსნა; წამყვანი თეორიის მიხედვით, გარკვეული ზომის დაბლა, ეგზოპლანეტას უბრალოდ არ აქვს საკმარისი მასა, რათა ატმოსფერო შეინარჩუნოს და ის ვარსკვლავის რადიაციამ არ ააორთქლოს. ამ მოდელის მიხედვით, ან ნაპრალში მოქცეულ ეგზოპლანეტებს საკმაოდ მოზრდილი ატმოსფერო უნდა ჰქონდეთ და ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგებოდეს. TOI-1075b აღმოაჩინეს NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპის, TESS-ის მონაცემებში. ეს ტელესკოპი ვარსკვლავთა სინათლეში მცირე, რეგულარულ ჩაბნელებებს ეძებს, რაც მის გარშემო პლანეტის მოძრაობაზე მიუთითებს. იმის მიხედვით, თუ რამდენად ბნელდება ამ დროს ვარსკვლავის სინათლე, ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ ეგზოპლანეტის რადიუსიც. TESS-ის მონაცემები მიუთითებდა, რომ ნარინჯისფერი ვარსკვლავის, TOI-1075-ის გარშემო მოძრაობდა 1,72 დედამიწის რადიუსის მქონე პლანეტა, დაახლოებით ყოველ 14,5 საათში ერთხელ. ამან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომის, ზაჰრა ესაკის ყურადღება მიიქცია, რომელიც სუპერდედამიწებს სწავლობს. ამ რადიუსზე და ამ მანძილზე, მაშინ ჯერ კიდევ კანდიდატი ეს პლანეტა აკმაყოფილებდა რადიუსის ნაპრალის კრიტერიუმებს. მსგავსი: აღმოჩენილია თითქმის სამყაროს ასაკის „სუპერდედამიწა“... ამ პლანეტის შესწავლის შემდეგი ნაბიჯი იყო მისი მასის დადგენა. ამის საშუალებას კი ის სხვადასხვა გრავიტაციული ეფექტები იძლევა, რომლებიც ეგზოპლანეტას აქვს თავის ვარსკვლავზე. ვარსკვლავი-პლანეტის ურთიერთობაში გრავიტაციის დიდი ნაწილი ვარსკვლავზე მოდის, მაგრამ თავის ვარსკვლავზე მცირე გრავიტაციულ გავლენას ახდენს პლანეტაც. შედეგად, ვარსკვლავი ოდნავ ირხევა ადგილზე და ამის დაფიქსირება ასტრონომებს ვარსკვლავის სინათლეში მცირე ცვლილებათა საფუძველზე შეუძლიათ. თუკი ვარსკვლავის მასა ვიცით, ამ ცვლილებათა საფუძველზე შესაძლებელია პლანეტის მასის დადგენაც. TOI-1075-ის მასა და რადიუსი ჩვენი მზის დაახლოებით 60 პროცენტია; შესაბამისად, ესაკმა და მისმა კოლეგებმა ზუსტად გამოთვალეს, რომ მისი ეგზოპლანეტის მასა დედამიწისას 9,95-ჯერ აღემატება. ზუსტმა გაზომვებმა ასევე აჩვენა, რომ მას დედამიწაზე 1,791-ჯერ დიდი რადიუსი აქვს. თუ იცი რაღაცის ზომა და მასა, შეგიძლია გამოთვალო მისი საშუალო სიმკვრივეც. TOI-1075b საკმაოდ მკვრივი აღმოჩნდა — 9,32 გრამი კუბურ სანტიმეტრზე. დედამიწის საშუალო სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე 5,51 გრამია; შესაბამისად, ეს ეგზოპლანეტა ყველაზე მკვრივია ამ დრომდე აღმოჩენილ სუპერდედამიწებს შორის. მსგავსი: ზოგიერთი ექსტრემალური ეგზოპლანეტა ლავის ოკეანეებით... მასის ამ ნაპრალში ეგზოპლანეტას გამძლე, წყალბადი-ჰელიუმისგან შემდგარი ატმოსფერო უნდა ჰქონდეს. TOI-1075b-ს სიმკვრივე არ ეთავსება გამძლე ატმოსფეროსას, რაც ძლიერ უცნაურია. თუმცა, ის, რაც ეგზოპლანეტას ამის ნაცვლად შეიძლება პოტენციურად ჰქონდეს, კიდევ უფრო მომაჯადოებელია. „TOI-1075b-ის პროგნოზირებულ შემადგენლობასა და ულტრამოკლე ორბიტულ პერიოდზე დაყრდნობით, არ ველოდებით, რომ მას წყალბადი-ჰელიუმის გამძლე ატმოსფერო ჰქონდეს“, — წერენ მკვლევრები. მათი განცხადებით, TOI-1075b-ს ატმოსფერო ან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს; ან უნდა ჰქონდეს ლითონ-სილიკატური ორთქლის ატმოსფერო, რომელიც ზედაპირზე არსებული მაგმის ოკეანის აორთქლების შედეგად არის წარმოქმნილი, რადგან მისი ტემპერატურა იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ზედაპირზე ქანები დაადნოს; ანდაც ჰქონდეს ჰელიუმი-წყალბადის ან CO2-ის თხელი ატმოსფერო. მსგავსი: აღმოჩენილია ახლომდებარე სუპერდედამიწა... TOI-1075b იმდენად ცხელია, რომ მის ზედაპირზე შეიძლება მაგმის ოკეანე იყოს, რომელიც აორთქლებული ქანების ატმოსფეროს წარმოქმნის. კარგი ამბავი ის არის, რომ ამის დადგენა შეგვიძლია. როგორც ბოლო პერიოდში ვნახეთ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში შეხედვა. შესაბამისად, სწორედ მას შეუძლია გაარკვიოს, TOI-1075b-ს თხელი ატმოსფერო აქვს, სილიკატური ატმოსფერო თუ ის საერთოდაც არ აქვს. ამან კი შეიძლება გამოავლინოს რაღაც ისეთი, რაც პლანეტების ფორმაციისა და ევოლუციის შესახებ აქამდე არ ვიცოდით, ასევე ისიც, როგორ კარგავენ სუპერდედამიწები აირებს. კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astronomical Journal-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
-
12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის. „მართლმსაჯულებიდან გამომდინარეობს შემდეგ ყველაფერი დანარჩენი – ადამიანის უფლებების, ბიზნესის დაცვა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მოსმენების აუცილებლობის ან არა აუცილებლობის დადგენა. მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, როდესაც ამ ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება. ყველაფერი ის, რასაც ვეძახით დემოკრატიას, გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არ არის მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არ არის და ვართ იმის თუ ამის ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ამიტომ არის ეს სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არის თქვენი რეკომენდაციები, რომელსაც დიდი ინტერესით მოვისმენ. ესოდენ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დეპოლარიზაციის დონე შემცირდეს. ასევე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების სიძლიერე. „მართლმსაჯულებაზე, მის რეფორმაზე შეთანხმება არის ასევე საშუალება, რომ შევასრულოთ ის, რაც არ ვიცით, როგორ უნდა შესრულდეს, ანუ დეპოლარიზაცია. არა მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, არავინ არ იცის. ჩვენ რომ წავიკითხავთ გზამკლევს და მოთხოვნებს, იქაც არ წერია კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება, როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. ამ კონსენსუსის მიღწევაა მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი, რის გარეშეც ყველაფერი იქნება ფუჭი, რადგან მაშინ ჩვენ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შეიძლება, პირველად პარტიები და ხელისუფლება შეძლებენ, რომ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ. სამწუხაროდ, ჩვენს ახლო ისტორიაში ძალიან ხშირად ეს ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფიქრებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ჩაწერა რომელიმე რეკომენდაციაში, რეზოლუციაში ან ვიღაცამ მოგვმართა ამ კუთხით, ეს ჩვენი გასაკეთებელია. ნებისმიერი ქვეყნისთვის თუ არ არის ეს მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება. შეიძლება, დღეს სხვა ქვეყნებშიც არის არანაკლები პოლარიზაცია და ვუყურებთ ძლიერ, ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს, იქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ქვეყნები უკვე არიან დემოკრატიულ სამყაროში და მათთვის არსებობს მთავარი დამცველი მექანიზმი, ეს არის ინსტიტუტების ძლიერება. არის ჯებირები, რაც გიცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის არ გადავიდეს სხვა რამეში, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულება საქართველოსთვის უცხო არ არის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ამ მხრივ წინსვლა ჰქონდეს. „მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, ეს არის ის, რაც მოდის ქართული ტრადიციებიდან. არ არსებობს ქართული რეგიონი, სადაც არ იყო მართლმსაჯულების ადგილობრივი ფორმები. გუშინ სასახლეში ჩავატარეთ სვანეთის დღეები და ძალიან საინტერესო იყო ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა იქაურ ტრადიციებს და მედიატორის ინსტიტუტს. შემდგომაც, თუნდაც ძალიან რთულ პერიოდში, ეს იქნებოდა რუსული იმპერიის დროს, იგივე საბჭოთა კავშირშიც კი, არსებობდნენ ძალიან ცნობილი იურისტები. გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი, რომელმაც დაწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ნიშანდობლივია და გვახსენებს, სად ვიყავით და სად ვართ. ახლა ვართ იმ პირველ ნაბიჯზე, ვითომც დღეს დავიბადეთ, გვეუბნებიან, აბა მოდით და იმუშავეთ ამ კუთხით, შეიძლება, რაღაცას მივაღწიოთ. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენში არის ამის პოტენციალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
-
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია. „რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღე დიდი ყურადღებით ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს, ხან „ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ასეთი შეხვედრა ჩანიშნული. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ, საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც მითქვამს, თუ ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული (და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ექსპერტი ვარ, ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება), რომ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს სასამართლოსთან წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას, პირველი, ჯანმრთელობის პრობლემას, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ სასამართლოში შეიტანონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.9-ჯერ მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. „აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.7 პროცენტს შეადგენდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (43.7 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. „ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 314.5 ათასი და 79.4 ათასი ვიზიტი. 2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 539.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 014.1 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. IPN
-
მაია სანდუ: "რუსეთის რეჟიმი სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ ელექტროენერგიით მომარაგების შეფერხებები გამოიწვია მოლდოვის თითქმის მთელს ტერიტორიაზე. ხელისუფლების ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ქვეყნის დასახლებული პუნქტების დიდი უმრავლესობა. მიზეზია ავარიული გათიშვა ენერგომომარაგების სისტემაში. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობდა შუქნიშნები. შეფერხებებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კვლავ დაიწყო ელექტრომომარაგების აღდგენა. უშუქოდ დარჩა ასევე დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ფეისბუკზე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება. „ჩვენ ვერ ვენდობით რეჟიმს, რომელიც სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს, რეჟიმს, რომელიც გამიზნულად კლავს ადამიანებს უბრალოდ იმის გამო, რომ მას სურს, სხვა ხალხები სიღატაკესა და უღირს პირობებში ამყოფოს. რაც უფრო რთული უნდა იყოს ეს ახლა, ჩვენმა ერთადერთმა გზამ, მოლდოვის რესპუბლიკის გზამ, თავისუფალი მსოფლიოს მიმართულებით უნდა წაგვიყვანოს,“ დაწერა სანდუმ. მან ასევე პირობა დადო, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა გადაიჭრება და სახლებს კვლავ დაუბრუნდება შუქი. მოლდოვაში ელექტროენერგია გაითიშა 15 ნოემბერსაც, როცა რუსეთმა მორიგი მასირებული იერიში განახორციელა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, საიდანაც იღებს მოლდოვა ელექტროენერგიას. კიშინიოვში უკანასკნელი კვირის განმავლობაში იმართება ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები. ოპოზიცია პროევროპულ ხელისუფლებას სდებს ბრალს ენერგეტიკულ კრიზისსა და ფასების ზრდაში. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები მილიარდერი ილან შორი, რუსეთთან არიან დაკავშირებული. Radio Tavisupleba -
მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა. „93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე“, - ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თამარ სხირტლაძეს მონაწილეობა მიღებული აქ ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და სხვა. მან სცენაზე 70 წელი გაატარა.
-
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, შესაბამისი განკარგულება გაერო-ში უკრაინის ელჩს უკვე გადასცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, საგანგებო შეხვედრის გამართვას რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემებზე განხორციელებული დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო ითხოვს. „მე დავავალე გაერო-ში ჩვენს ელჩს, მოითხოვოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დღევანდელ რუსულ დარტყმებთან დაკავშირებით. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ტერორისტული აქტია. უკრაინა განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე რეაქციის მოთხოვნას ამ დანაშაულებზე“, – წერს პრეზიდენტი. რუსულმა საავიაციო და საზღვაო ძალებმა 23 ნოემბერს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელეს.
-
ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ. ის 27-ე ქართველი მებრძოლია, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ - კონკრეტული დეტალები, გარდაცვალების ადგილის და ზუსტი დროის შესახებ ამ დროისთვის უცნობია. რადიო თავისუფლება
-
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ. არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია. არასრულწლოვანი მშობიარე ამ წუთებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც მოზარდს სავარაუდოდ საკეისრო კვეთას ჩაუტარებენ. კლინიკის ხელმძღვანელი კურიერთან სატელეფონო საუბარში ამბობს რომ გოგონა 35 კვირის ფეხმძიმეა. არსებული ინფორმაციით 12 წლის გოგონა ბავშვს მისივე მეგობრისგან ელოდება, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც. მოზარდის დედა "კურიერთან" ამბობს, რომ გოგონას სერიოზული გართულებები არ აღენიშნება. ოჯახი მშობიარობის დასრულებას ელოდება. მშობელი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება. -
ევროპარლამენტის საიტი "პრო-კრემლისტური ჯგუფის" კიბერშეტევამ გათიშა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპარლამენტის საიტი გათიშულია. რამდენიმე საათის წინ დეპუტატებმა რუსეთი "ტერორირზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ" გამოაცხადეს. ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ტვიტერზე დაწერა, რომ "საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო". 23 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ. „რეგულარული თავდასხმები და სიმხეცე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უტოლდება ტერორისტულ აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“ - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში. რადიო თავისუფლება -
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. მისი ნათარგმნია "გილგამეში", რომელიც 1963 წელს გამოიცა. ზურაბ კიკნაძე 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. წლების წინ, 1992 წელს ის იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1996 წლიდან კი "გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. -
უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა დაწესებულებისა და რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვის თაობაზე, რომლებიც შედიან რმე-ს შემადგენლობაში ან ექვემდებარებიან მას. ამის შესახებ ფეისბუკში იტყობინება დეპუტატი ირინა ფრიზი. მისი სიტყვებით, კანონპროექტი წარადგინა ფრაქცია „ევროპულმა სოლიდარობამ“. მან განაცხადა, რომ ეკლესია „ძალზე დიდხანს აწარმოებდა აშკარა ანტიუკრაინულ და დივერსიულ საქმიანობას და ხელს უწყობდა რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მოქმედებას“. კანონპროექტის შეტანამდე ერთი დღით ადრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა რამდენიმე მონასტერსა და შენობაში. სამსახურის ცნობით, შემოწმდა 850 ადამიანი, 50 მათგანი დაიკითხა, მათ შორის ტყუილის დეტექტორით. როგორც იტყობინებიან ეკლესიების ტერიტორიებზე აღმოჩნდა „პრორუსული ლიტერატურა“ და ნაღდი ფული, მათ შორის „რამდენიმე ათასი რუსული რუბლი“. მაისში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შემავალმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ) მისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაგრამ პოლიტიკოსები კვლავაც აკრიტიკებდნენ მას, მათი აზრით, პრომოსკოვური პოლიტიკისთვის. ოქტომბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ტულჩინის მიტროპოლიტთან, რომელსაც „პრორუსული ლიტერატურის“ შენახვაში დასდეს ბრალი. პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთადერთ მართლმადიდებელ ეკლესიად უნდა იქცეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ), რომელმაც 2019 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან მიიღო დამოუკიდებლობის ცნობა. რადიო თავისუფლება
-
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება არავის მიუქცევია. დღევანდელი ჩვენი ლექცია შეეხებოდა სვანურ ტოპონიმებს ლურსმულ ტექსტებში. ძალიან კარგია, რომ საშუალება მოგვცა, ეს ლექცია ჩაგვეტარებინა და საერთოდ, ყურადღება გაამახვილა ჩვენს დარგზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე არსებობდა. ასეთი ყურადღება ჩვენ არასოდეს გვიგრძვნია. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მეცნიერების მომავალი განვითარებისთვის. დღევანდელმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან გვიხარია. იმედია, ეს ტრადიცია შემდეგაც გაგრძელდება, რაც უძველეს ლურსმულ დამწერლობებს უკავშირდებოდა, რაც მჭიდრო კავშირშია ქართველურ ენებთან და რაზეც დგას საერთოდ ჩვენი ცივილიზაცია და კულტურა“, – განაცხადა ნინო სამსონიამ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, რეგიონების კვირეულისა და „სვანური დღეების“ ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული ფოტომასალის გამოფენა შედგება. გამოიფინება ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის ნაწილი. „რეგიონების კვირეული“ პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაციაა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს, რომელსაც შესაძლებლობა მიეცემა, წარმოადგინოს საკუთარი თავი, საქმიანობა და მიღწევები. სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
-
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ერთდროულად მიიტანა. გავრცელებული ცნობით, რაკეტები უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მიფრინავს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა რაკეტები გაუშვა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა იგი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული მასშტაბური დაბომბვის გამო, მოლდოვის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ დაადასტურა, რომ კიშინევი და ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ავტორი - გივი ბარამიძე