Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში დღიური ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება. ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს და ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ. ავტორი - სალომე თორაძე
  2. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პირობას დებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. რიში სუნაკის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დახმარების მოცულობა გაზარდოს კიდეც. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ შევუნარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და უზრუნველვყოფთ ახალ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა სუნაკმა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პრემიერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო კონკურენტებს დაუპირისპირდება „არა დიდი რიტორიკით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით“. ავტორი - სალომე თორაძე
  3. გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. „ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია. მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს. „გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს კვირის განმავლობაში. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ჩვენ გადავლახავთ ომის ამ გამოწვევასაც: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
  4. რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა - გრძელდება ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს. „გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ცალკეული შენაერთების გადასროლა მას შემდეგ, რაც ისინი საბრძოლო შესაძლებლობებს შეიძენენ“, - ნათქვამია ანგარიშში. იპნ
  5. ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი ჯეირანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. „წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, არ საუბრობენ და დუმილის უფლებას იყენებენ“, - განაცხადა საზოგადოებრივმა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“. სასამართლო პროცესი 16.00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბერს მოხდა, სამართალდამცავებმა ორი პირი 26 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  6. ირანში დააპატიმრეს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი, მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბიძამისის ხელმძღვანელობით მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს "მკვლელ და ბავშვების მხოცავ რეჟიმს". ფერიდე მორადხანი არის წარმომადგენელი ოჯახის განშტოებისა, რომელიც უკვე დიდი ხანია უპირისპირდება ირანის კლერიკალ მმართველებს, თავად მორადხანი აქამდეც ყოფილა დაპატიმრებული ირანში. მისმა ძმამ, მაჰმუდ მორადხანიმ ტვიტერით დაწერა, რომ ფერიდე მორადხანი დააპატიმრეს 23 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ის გამოძახების საფუძველზე პროკურორის ოფისში მივიდა. შემდეგ, 27 ნოემბერს, მისმა ძმამ იუტუბით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფერიდე მორადხანი გმობს "აშკარა და ღია რეპრესიებს" ირანელი ხალხის წინააღმდეგ. ფერიდე მორადხანის დედაა ხამეინის და, სახელად ბადრი, რომელსაც ოჯახთან 1980-იან წლებში მოუვიდა კონფლიქტი და შემდეგ საცხოვრებლად ერაყში გადავიდა, სადაც შეუერთდა თავის ქმარს, დისიდენტ სასულიერო პირ ალი თეირანის. radio tavisupleba
  7. უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტის პეტრო კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ შესაძლოა, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ბოლო კვირებში ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომ გაჩნდა ნიშნები, ისინი შესაძლოა, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. უპირველეს ყოვლისა, რუსულ პრესაში ჩნდება ძალიან ბევრი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სჯობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება, მისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლის ქვეშ გადაცემა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბარგს ალაგებენ და რომ იპარავენ ყველაფერს, რისი პოვნაც შეუძლიათ“, – განაცხადა „ენერგოატომის“ პრეზიდენტმა. როგორც კოტინმა აღნიშნა, ჯერ ადრეა თქმა, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს სადგურს ტოვებენ, თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ ისინი ემზადებიან. მან ასევე განმარტა, რომ რუსეთის ძალებს სავარაუდოდ დანაღმული აქვთ სადგურის ტერიტორია. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  8. საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, – აცხადებენ პროკურატურაში.
  9. ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა. როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება. „უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში – თურქეთში. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს აეროპორტების გაერთიანებაში. ავტორი - მაგდა ჩაჩუა
  10. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
  11. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა. შეხვედრა 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება. „ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულების საშინელებებზე, რომელთა გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც ჩვენ გვინდა. ამისათვის შევთანხმდებით უფრო ეფექტიან კოორდინაციაზე“, – განაცხადა გერმანელმა მაღალჩინოსანმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  12. გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნო, რაც კავშირშია 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან და ემიგრირებული ქართველების მძიმე ხვედრთან. „რომანი ქართულიდან ვთარგმნე, ხოლო ამ რომანის წინასიტყვაობა 1928 წელს გერმანულ ენაზე ნათარგმნი წიგნიდან, რომელიც მე მოვიძიე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგს ეკუთვნის და საინტერესოდ წერს საქართველოს შესახებ. თავად გერმანული თარგმანი კი ავტორს, გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის. თარგმანს 1 წელი, ხოლო რედაქტირებას 2 წელი დაჭირდა. სულ 340 გვერდია და გრიგოლ რობაქიძის ამ რომანის თარგმნა ჩემთვის დიდი ემოციას და პასუხისმგებლობას უკავშირდება“,-აღნიშნა არჩილ ჯავახაძემ. ლიტერატურულ საღამოზე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია, რომელმაც აღნიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ გამოცემა ნიდერლანდურ ენაზე სცილდება ლიტერატურულ ჩარჩოებს და ქართული კულტურისთვის ძლიერ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ღონისძიებას ნიდერლანდური გამომცემლობის, ქართული სათვისტომოს და აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინტერპრესნიუსი
  13. ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ათასობით ადამიანმა ქუჩებში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: "სი ძინპინი, გადადექი!“ „გადადგეს კომუნისტური პარტია!" „განბლოკეთ სინძიანი, განბლოკეთ ჩინეთი", "არ გვსურს PCR ტესტები, გვსურს თავისუფლება“. მომიტინგეებმა პატივი მიაგეს სინძიანის რეგიონალურ დედაქალაქ ურუმჩიში, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ სულ მცირე 10 ადამიანს. მედიის ცნობით, ხანძრის შემდეგ გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, ხელი შეუშალა თუ არა ჩინეთის მკაცრი „ლოქდაუნის“ პოლიტიკამ მოსახლეობის ევაკუაციას. საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სინძიანის პროვინციაში ეტაპობრივად შეამსუბუქებენ ერთთვიან „კოვიდლოქდაუნს“. როგორც მედია წერს, ჩინეთის მასშტაბით, კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა განგრძობადმა “ლოქდაუნებმა“ არაერთ დიდ ქალაქში, იშვიათი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. ცნობისთვის, ჩინეთის მრავალი ქალაქი თვეების განმავლობაში მკაცრი „ლოქდაუნის“ პირობებში იმყოფება. იპნ
  14. კიევში "თითქმის სრულად" აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს. ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო". რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 23 ნოემბერს რუსეთმა ათობით რაკეტით ამოიღო მიზანში უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, რამაც დიდი ზიანი გამოიწვია. რადიო თავისუფლება
  15. საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით, ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ სათემო აქტივისტებთან ერთად, ტყიბულის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში პეტიციები წარადგინა. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, „მთის ამბებმა“ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მთიან და უმცირესობების დასახლებებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები შეისწავლა. საქართველოს კანონმდებლობით სკოლამდელ განათლებაზე ხელი ყველა ბავშვს უნდა მიუწვდებოდეს. საბავშვო ბაღების გახსნა, ფუნქციონირება და ბავშვების უფასო კვებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა. დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია, ოთხ სოფელში კი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები ფუნქციონირებს. რაიონში მოსახლეობის 63% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი. კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა ქართულ სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა. იორმუღანლოს თემში, სადაც რაიონის მოსახლეობის 33% (17 ათასამდე ადამიანი) ცხოვრობს, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღია და ისიც 30 აღსაზრდელს იტევს. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, „მთის ამბებმა“, რეგიონებში ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობით, პეტიციები უკვე წარადგინა ტყიბულის, წალკისა და ახალქალაქის საკრებულოებში. საბავშვო ბაღების გახსნა და და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოთხოვნილია სოფლებში - მუხურა, ახალშენი და ხორენია. მუხურიდან უახლოესი საბავშვო ბაღი ქალაქ ტყიბულშია. სოფლის სხვადასხვა უბნიდან ტყიბულამდე 10-14 კილომეტრია, ორივე გზა 20-28 კილომეტრი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ყოველდღიურად ამ მანძილის გავლა ძალიან ძნელია - იმ შემთხვევაშიც კი, მუნიციპალიტეტი რომ უზრუნველყოფდეს მუხურაში მცხოვრები ბავშვების ტრანსპორტირებას ტყიბულის საბავშვო ბაღში. მკაცრი კლიმატური პირობების - თოვლის, ლიპყინულის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობის გამო, ტყიბულიდან მუხურასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ნოემბრიდან აპრილამდე, 4-5 თვის განმავლობაში პრობლემურია და გადაადგილება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მუხურაში ამ დროისთვის სკოლამდელი ასაკის 40-მდე ბავშვი ცხოვრობს და საცხოვრებელი ადგილისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით, ფაქტობრივად, მათი დისკრიმინაცია ხდება. ახალშენი ბეშთაშენის თემის სოფელია. საბავშვო ბაღი არ არის თემის სხვა სოფლებშიც - ბეშთაშენი, სამადლო. სკოლამდელი განათლების გარეშე არიან დარჩენილები ახალშენს ზემოთ მდებარე სოფლებში - კაბურში, ხაჩკოვში, ჩივთ-ქილისაში, თამალა-ხარაბაში მცხოვრები ბავშვებიც. უახლოესი საბავშვო ბაღი ქალაქ წალკაშია. ახალშენიდან წალკამდე 14 კილომეტრია. ნოემბრიდან თითქმის მარტის ჩათვლით, წალკის სოფლებში მკაცრი კლიმატური პირობებია და 28 კილომეტრის გავლა სრულწლოვანებისთვისაც კი პრობლემურია. ახალშენსა და ბეშთაშენში სკოლამდელი ასაკის 60-ზე მეტი ბავშვია. ხორენია ხოსპიოს თემის სოფელია. საბავშვო ბაღი თემის სხვა სოფლებშიც (ხოსპიო, ბავრა, მარტუნი) არ არის. თემში 1969 ადამიანი ცხოვრობს, აქედან, ხორენიაში 504. ხორენია ამ თემის სოფლებს შორის, ახალქალაქიდან - სადაც უახლოესი საბავშვო ბაღია, ყველაზე დიდი მანძილით, 12 კილომეტრით არის დაშორებული. ხორენიაში სკოლამდელი ასაკის 35-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. საბავშვო ბაღების გახსნისა და მათი ფუნქციონირების მოთხოვნით პეტიციების მომზადება დაგეგმილია წალკის სოფელ ხაჩკოვში, დმანისის სოფელ ირგანჩაიში, ახალქალაქის სოფელ აბულში, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, ჭიათურის სოფელ ვაჭევში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში პეტიციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ხელმოწერები გროვდება სათემო ორგანიზაცია „სალამთან“ თანამშრომლობით. თუ შენს სოფელშიც არ არის საბავშვო ბაღი, უფლება გაქვს პეტიციით მიმართო საკრებულოს. ჩვენ დაგეხმარებით ან მოგვმართე კონსულტაციისთვის - სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ტელეფონი 599 337 336 ელ.ფოსტა: Mtisambebi@gmail.com
  16. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმხრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. მათივე ცნობით, აქტაუს შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. „შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობისა და მიმზიდველობის გაზრდისთვის. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022-2027 წლებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
  17. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების პირველი სამიტის შედეგად 150 მილიონ დოლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნული თანხა მოხმარდება ინიციატივას „მარცვლეული უკრაინიდან“ (Grain from Ukraine), რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ინიციატივას შეუერთდა 20-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, კიდევ ათმა ქვეყანამ კი მზადყოფნა გამოთქვა, შეუერთდეს მას. ინიციატივის ფარგლებში, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული სულ მცირე 60 გემი გაემგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებიც სასურსათო კრიზისისა და შიმშილის წინაშე დგანან. „ჩვენი ახალი ჰუმანიტარული ინიციატივის გეგმა არის ძალიან მარტივი, გამჭვირვალე და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვგეგმავთ, უკრაინული პორტებიდან სულ მცირე 60 გემის გაგზავნას ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან სასურსათო კრიზისისგან და საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას. ეს ქვეყნებია ეთიოპია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი, კონგო, კენია, იემენი და სხვები. ჩვენ უკვე გვაქვს გაერო-ს სასურსათო პროგრამასთან მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგები, თუმცა შეგვიძლია მეტის გაკეთება. თითოეული გემი, რომელიც გაემგზავრება უკრაინული პორტებიდან ინიციატივის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში, უზრუნველყოფს საშუალოდ 90 ათასი ადამიანისთვის საჭირო საკვებს. 60 გემი უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას წელიწადში მილიონი ადამიანისთვის. ეს იქნება გლობალურ სტაბილურობაში შეტანილი ერთ-ერთი უდიდესი წვლილი – ნამდვილი და ძალიან აუცილებელი ნაბიჯი“, – განაცხადა ზელენსკიმ. კიევში გუშინ გამართულ სამიტში ზელენსკისთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის დედაქალაქში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი, ბელგიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები. სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართეს სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების ლიდერებმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა. როგორც უნგრეთის პრეზიდენტმა სამიტის დასრულებისას განაცხადა, უნგრეთი მარცვლეულის ინიციატივისთვის 3,5 მილიონ დოლარს გამოყოფს, რაც ათი ათასი ტონა მარცვლეულისთვის სამყოფი თანხაა. ამასთან, კატალინ ნოვაკის განცხადებით, უნგრეთი დაეხმარება უკრაინას ლოჯისტიკითაც. „სურსათის მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ან საბაზრო ეკონომიკის საკითხი, არამედ ეს საბოლოოდ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება. 1932-1933 წლებში ჰოლოდომორი იყო საშინელი ქმედება. ჩვენ, უნგრელებმა არა მხოლოდ ვიცით ამ ფაქტის შესახებ, არამედ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. ბუდაპეშტის გულში ჰოლოდომორის მსხვერპლთათვის მიძღვნილი მემორიალიც არის. დღეს ვარ ამაყი, გამოვაცხადო, რომ უნგრეთი გამოყოფს 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების 10 ათას ტონა მარცვლეულს. ჩვენ ასევე დავეხმარებით ლოჯისტიკით, უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე ინტერმოდალური ტერმინალი დააჩქარებს საქონლის ტრანსპორტირებას“, – განაცხადა კატალინ ნოვაკმა. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტალინისტური რეჟიმის მსგავსად, რუსეთი კვლავ იყენებს სურსათს იარაღად. ჩვენ ერთად მივაგებთ პატივს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას. ეს იყო სტალინისტური რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი შიმშილით უკრაინელი ხალხის გენოციდი. რუსეთი კვლავ იყენებს მარცვლეულის იარაღად. თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის შავი ზღვის შეთანხმება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათის გლობალურ მიწოდებაზე ზეწოლის შესამცირებლად და იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი გეგმის განხორციელება, რაც ახალი ხელოვნური შიმშილის შექმნას გულისხმობს, თუმცა გაურკვევლობა და საფრთხე იარსებებს, ვიდრე უკრაინა არ აღადგენს კონტროლს თავის მიწასა და ზღვაზე. სასურსათო ბაზარზე სტაბილურობისთვის ერთადერთი გადაწყვეტილება არის უკრაინის საბოლოო გამარჯვება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევაიარაღოთ უკრაინა უფრო სწრაფად“, – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ. პოლონეთმა მარცვლეულის ინიციატივისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა. პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ რუსეთის ქმედებები ნაცისტური რეჟიმის ქმედებებს შეადარა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები არასდროს უნდა დაუბრუნდეს ომამდელ მდგომარეობას. „ჩვენ ვერ აღვადგენთ რუსეთთან ჩვეულ საქმიან ურთიერთობას, რადგან ჩვეული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან ნიშნავს, რუსეთთან ომის დაბრუნებას. სამოქალაქო ობიექტებზე მასირებული იერიშები ადასტურებს, რომ რუსეთი იმპერიალისტური ომიდან იმპერიალისტურ ტერორზე გადავიდა. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ პუტინმა გააგრძელოს, ის გახდება 21-ე საუკუნის სტალინი. ყველა ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს სტალინი. უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო და ფინანსური დახმარება, არამედ საქონლის ექსპორტში დახმარებაც, კერძოდ მარცვლეულის ექსპორტში“, – განაცხადა მორავიეცკიმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  18. უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს, რომ უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს „ძალიან დიდ სიურპრიზს" უმზადებს. მისი შეფასებით, რუსებს, განსხვავებით გამოცდილი უკრაინელებისგან, წარმოდგენაც არა აქვთ იმ სასტიკ პირობებზე, რომელთა წინაშეც ისინი ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან. „ჯერ მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფი მერე იქნება... ეს არ არის ის ყინვა, რომელზეც ასე უყვართ ლაპარაკი რუსებს. ისინი ლაპარაკობენ -30 გრადუსზე, როცა სიმშრალეა [მშრალი ყინვა]. ერთი სცადონ, სანგრებში რამდენიმე საათი გაატარონ თუნდაც 0 გრადუს ტემპერატურაზე, 100%-იანი ნესტის პირობებში. ეს მხოლოდ ჰიპოთერმია კი არ იქნება, მათ კიდურები მოეყინებათ. იარაღის სროლას ვერ შეძლებენ, თითებს ვერ დაიმორჩილებენ, მოუწევთ ჩახმახს ცხვირით გამოკრან“, - განაცხადა სვიტანმა უკრაინულ „Радіо НВ“-სთან ინტერვიუში. რუსეთში ხშირად იხსენებენ "გენერალ ზამთარს", რომელმაც, მეორე მსოფლიო ომში, შეაჩერა გერმანელების შეტევა მოსკოვზე. გერმანელმა სამხედროებმა წარუმატებლობა სწორედ „გენერალ ზამთარს“ დააბრალეს. თუმცა ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მაშინ თბილი ტანსაცმლისა და შესაბამისი აღჭურვილობის დეფიციტს სწორედ გერმანელი ჯარისკაცები განიცდიდნენ, ხოლო დღეს იგივე პრობლემის წინაშე რუსეთის არმია დგას. რომან სვიტანის შეფასებით, რუსი ჯარისკაცებისთვის პრობლემა იქნება გამათბობელი ხელსაწყოების გამოყენება თუ ცეცხლის დანთება ღამით; რადგან ისინი, ასეთ შემთხვევაში, კარგ სამიზნეებად იქცევიან. „ისინი იოლად აღმოსაჩენი იქნებიან ნებისმიერი ინფრაწითელი დაზვერვის სისტემისთვის. ჩვენი არტილერია მაღალი სიზუსტისა და შორ მანძილზე მოქმედია. უკრაინული ჯარი სწორედ ინფრაწითელი კონტრასტებით ისარგებლებს ზამთრის ხანგრძლივ ღამეებში. რუსებმა არ იციან, რასთან მოუწევთ შეხება. ჩვენ უკვე მე-9 წელია ვიბრძვით და ჩვენმა მეთაურებმა ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. რუსები საერთოდ არ არიან მზად ჩვენი ზამთრისთვის“, - აცხადებს რომან სვიტანი. ექსპერტისვის თითქმის წარმოუდგენელია, რომ „ნაწილობრივ მობილიზებულებმა“ [რუსეთში მობილიზაციის პირველი ტალღის დროს გაწვეულები] და მათმა "ასევე ნაწილობრივ მობილიზებულმა“, გამოუცდელმა მეთაურებმა უკრაინული ზამთრის სიურპრიზებს გაართვნ თავი. radio tavisupleba
  19. ნონა გაფრინდაშვილმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა მორიგ წარმატებას 81 წლის ასაკში მიაღწია - იტალიის ქალაქ ასისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა კონკურენტს აჯობა. ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ზურაბ სტურუა 50 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ქალთა შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების დათვლის შემდეგ დათმო უმაღლესი ტიტული და ვერცხლის მედალი მოიპოვა. radio tavisupleba
  20. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქში" წერს. „გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა. როგორ მივედით აქამდე?! - ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა. გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (,,მთავარი არხი", ,,ტვ პირველი", ,,ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს. ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი") ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! - ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში. საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით. საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან. საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით. პ.ს. ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე. დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. იპნ
  21. მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა დღეს, მონაზონი თბილისში გადმოიყვანეს. კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, მონაზონი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადის. ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. იპნ
  22. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА იუწყება, რომ გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი. ცნობა გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანატოლი გლაზის სიტყვებზე დაყრდნობით. იუწყებიან, რომ მაკეი გარდაიცვალა უეცრად, "ამას არაფერი მოასწავებდა" - ამბობს გლაზი. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. მან კარიერა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, შემდეგ იყო ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა 2012 წლიდან. მაკეის ავადმყოფობის შესახებ ცნობები არ იყო, მიმდინარე კვირაში ის ერევანში იმყოფებოდა, ბელარუსის დელეგაციის ფარგლებში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე, ასევე შეხვედრა ჰქოდა ვატიკანის წარმომდგენელთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვში "შეძრულები არიან ცნობით ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გარდაცვალების შესახებ". რუსეთის კრემლის მომხრე მედიასაშუალებები ტელეგრამის არხებით 2020 წლამდე მაკეის ხშირად ადანაშაულებდნენ სწრაფვაში ბელარუსსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ, რუსეთის ინტერესების ხარჯზე. ამავე დროს, მაკეი და მისი უწყება მისდევდნენ ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც, როცა ბელარუსის ლიდერმა მოსკოვს დაუჭირა მხარი. დასავლეთის ქვეყნებიდან მაკეისთვის სანქციები დაწესებული ჰქონდა მხოლოდ კანადას, ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ აშშ-სა და ევროკავშირს. რადიო თავისუფლება
  23. დღეს, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, 12 უკრაინელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულია საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ორი წევრი, ორი მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი წევრი, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. „სახლში მიდიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ, მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და კუნძულ „ზმეინს“, - წერს ერმაკი. მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტყვეობიდან 98 უკრაინელი გათავისუფლდა. იპნ
  24. პარლამენტის შენობის წინ, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა დევიზით - „დაანთე სანთელი“ აქციის ორგანიზატორი “უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია” იყო. მისი ხელმძღვანელის, კატერინა კოზაკის განცხადებით, 90 წლის წინ, საბჭოთა კავშირის ქმედებებით გამოწვეული მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი - უკრაინული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია. ჰოლოდომორს მსოფლიოს 22 ქვეყანა, მათ შორის საქართველო გენოციდად აღიარებს. „აქცია ეძღვნება ყველა იმ მსხვერპლის მოხსენიებას, რომელიც უკრაინაში შიმშილობით გარდაიცვალა. ეს წელი საკმაოდ დრამატულია. გვესმის, რომ ისტორია მეორდება. რუსეთი ჯერ კიდევ აწყობს ტერორს უკრაინაში და ყველა დემოკრატიულ ქვეყანას”, - თქვა კატერინა კოზაკმა.
  25. საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა 26 ნოემბერს რუსთაველზე აქცია ჩაატარეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს. „შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები. მომიტინგეებმა ფული და ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინელი დევნილების დასახმარებლად.
×
×
  • შექმენი...