-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს" - თქვა მმართველი პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი TV IMEDI-ს ეთერში უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრებზე საუბრისას. მდინარაძის განცხადებიდან მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან. “სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - ეს კანონით არის განსაზღვრული”, - უთხრა ჟურნალისტებს 8 დეკემბერს რატი იონათამიშვილმა. პოლიტიკოსების განცხადებებს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებმაც ეს განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მუქარად და ასევე რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულების მცდელობად აღიქვეს. “ეგ არის პირდაპირ მუქარა, ჩვენ მაგით ვერ შეგვაშინებს, ეგ არის გამორიცხული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვინც არ ვიმყოფებით, ვართ მოხალისეები. მოხალისეობის გამო, როგორ ფიქრობს მამუკა მდინარაძე იურისტი, რომ მისი სიტყვების გამო ჩვენ აქ ან საქართველოში ვინმე მოქალაქეობას ჩამოგვართმევს? ასე არ ხდება. ნუ იმუქრება, არ ვართ ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე ის ხალხი, ვისაც მდინარაძისნაირი ადამიანების მუქარის გვეშინია” - უთხრა "ფორმულას" რომეო ფარულავამ. “ეს არის დავალება დიდი რუსეთიდან, რომ შეტევა მოიტანოს ჩვენზე, დაშინების სიგნალი არის ეს ფაქტობრივად” - ამბობს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე. “ბოდვას უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს. პირველად გავიგე ასეთი რამ. 90% საქართველოს ომის ვეტერანები ვართ და არაერთგზის და ვის აქვს უფლება, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მათი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის აქვთ მიძღვნილი“ - უთხრა "ფორმულას" უკრაინაში მებრძოლმა ვაჟა ცეცაძემ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ცირა ჯანანაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ მართლაც არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს “საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე მოქალაქის შესვლა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში”. ამავე კანონში არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ “საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულების შესრულება” შეიძლება გახდეს საფუძველი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნაზე უარისთვის. “გვაქვს ასევე კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამსახურის შესახებ, რომელშიც სამხედრო სამსახური არის განმარტებული, როგორც “სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.” აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ საკითხი შევაფასოთ და ვთქვათ, ეს ადამიანები დადგებიან თუ არა უკრაინაში ბრძოლის გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, უნდა ვიცოდეთ ეს ადამიანები უკრაინაში რა საფუძვლით იბრძვიან, კონტრაქტი აქვთ, მოხალისეები არიან თუ რა სტატუსი აქვთ. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ უკრაინის კანონმდებლობაც ამ კუთხით და საერთაშორისო კონვენციებიც, რაც ომის პერიოდში სხვა მოქალაქეების უცხოურ ლეგიონებში გაწევრიანების საკითხებს აწესრიგებს” - უთხრა ცირა ჯანანაშვილმა რადიო თავისუფლებას. მისი განმარტებით, კანონში ჩანაწერი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც საომარი მდგომარეობა, რომელსაც კანონი არ ითვალისწინებს, ასევე რიგი ფაქტობრივი გარემოებები. “მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევენ ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით, მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა” - ასე აფასებს მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფონია სახელისუფლებო მედია POST TV-ს მიერ 7 დეკემბერს გამოქვეყნებული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ უკრაინაში ქართულ ლეგიონში გაწევრიანების მსურველები ანაზღაურებას იღებენ. radio tavisupleba
-
12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფორმატში განაგრძობენ მუშაობას. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ანუ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან. მინისტერიალს თავმჯდომარეობას, ტრადიციულად, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი გაუწევს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსაც. დისკუსიის მიზანი იქნება, განსაზღვროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი, ისევე, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაცვალონ მოსაზრებები, როგორ შეიძლება, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ უზრუნველყოს სტაბილურობის გაძლიერება და რეგიონში კეთილდღეობა. მინისტრები განიხილავენ, რომელია საუკეთესო გზა პარტნიორობის მედეგობის მხარდასაჭერად, როგორ უნდა დაუახლოვდნენ უფრო მეტად ერთმანეთს ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთ პარტნიორები და მთლიანად რეგიონში როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობისა და რეფორმების პროგრესი. მონაწილეები ასევე განიხილავენ, როგორ დააჩქარონ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დანერგვა, რომელიც არის ერთ-ერთი უპირველესი იარაღი მწვანე და ციფრული ცვლილებების, ისევე, როგორც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისთვის. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტრებთან შეხვედრა ევროკავშირის მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა. მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ირანზე. ასევე, ინფორმაციას მიიღებენ მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე, სამხრეთ სამეზობლოზე და ტუნისზე. ავტორი - ანა ბროლაძე
-
სერგეი გაიდაი - უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს. მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ. „ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმართულებიდან გადმოისროლეს. ამიტომ წინსვლა ძალიან მძიმეა. არ უნდა ველოდოთ სწრაფ ოპერაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში გენშტაბი კარგი სიახლეებით გაგვახარებს“, – განაცხადა გაიდაიმ. გაიდაის თქმით, ეს ზამთარი გადამწყვეტი იქნება ლუგანსკის მიმართულებისთვის. მისი აზრით, ზამთრის დასასრულს უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ მცირე 24 თებერვლამდე ხაზზე გასვლას შეძლებენ. ავტორი - ქეთი ჩოხელი -
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ აქვთ, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. „ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. ამ პასუხისმგებლობის შესრულება-არშესრულებას ვერავის გადააბრალებენ. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ როდესაც ხელისუფლება ინფორმაციას სათანადოდ არ ავრცელებს, ამ დროს ჩნდება სივრცე ბევრი სხვა ინფორმაციისთვის. სწორედ ამიტომ მოქალაქეს ვერ გაუგია სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთი მხარე ამძიმებს, მეორე ამსუბუქებს და საზოგადოებამ ვერ გაიგო, სიმართლე სად არის. ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ გვაქვს, რეალურად, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამოსავალიც ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობლივ განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავენ. „ამ ყველაფერში რისკებს ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ სათავისოდ და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არ გამოიყენოს. თუ ეს ადამიანები ეცდებიან, რომ გაზარდონ დაპირისპირება და რადიკალიზაცია, ამ გაზრდილი დაპირისპირების ხარისხს „ქართული ოცნება“ სათავოსოდ გამოიყენებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამიტომ გონივრული მოქმედებებია საჭირო და ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს სწორედ იმ ოპოზიციამ, რომელიც თურმე „ოცნებას“ ჩუმად რაღაცებზე ისედაც ელაპარაკება. ჩვენ რა ვიცით, იქნებ ამ თემებზეც ელაპარაკებიან“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. ავტორი - მანანა დევაძე
-
სასამართლოს მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ პლურალისტული საზოგადოება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედიათავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, „იქნება თუ არა მედიის თავისუფლება გადამწყვეტი რეკომენდაცია“, – ელჩი პასუხობს, რომ შეფასება დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე, საკანონმდებლო ნაბიჯებზე, იმაზე, როგორ ჩატარდება პროცესი. პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, პროცესი კი უნდა იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული. „ვფიქრობ, თქვენ არ უნდა განიხილოთ 12 რეკომენდაცია, როგორც პაკეტი. შეფასება იქნება დამსახურებაზე. ის დამოკიდებული იქნება საკანონმდებლო ნაბიჯებზე, იმაზე, თუ როგორ ჩატარდება პროცესი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული. ასევე, არსებითი იქნება განხორციელება. საქმე ეხება არა მხოლოდ შესაბამისი კანომდებლობის ქონას, არამედ მის სწორად შესრულებასაც. ჯერ დრო არის. ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად, მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა ძალისხმევისთვის. ჯერ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს ამას. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველაფერს ვცდილობთ დასახმარებლად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
უზბეკეთი უარს ამბობს რუსეთთან და ყაზახეთთან საგაზო კავშირის შექმნაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უზბეკეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან კომერციული კონტრაქტი გაზის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ის არ აპირებს შეუერთდეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საგაზო კავშირს რუსეთთან და ყაზახეთთან, - Reuters-სი თანახმად ამის მის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ტაშკენტი არასოდეს მიიღებს გაზის სანაცვლოდ შეთავაზებულ პოლიტიკურ პირობებს. მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ "ეს იქნება ტექნიკური კონტრაქტი "და "არ ნიშნავს კავშირს", - აღნიშნა მირზამახმუდოვმა. Reuters - ის ინფორმაციით, ცივი ზამთრის ფონზე უზბეკეთი საწვავის დეფიციტს განიცდის და იძლებული გახდა უარი ეთქვა ჩინეთში დღეში ექვსი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტზე. დეფიციტის შესავსებად ქვეყნის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქვეყნებთან (თუ რომელთან, არ არის მითითებული) ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ქვანახშირის და საწვავის ნავთობის დამატებითი შესყიდვის შესახებ. ამასთან ქვეყანაში დაწესდა აკრძალვა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე. მანამდე უზბეკეთთან გაზის კავშირის შექმნის ინიციატივა განიხილეს რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა – ვლადიმერ პუტინმა და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა. თუმცა, ექსპერტების აზრით, არც ასტანა და არც ტაშკენტი არ არიან დაინტერესებული ასეთი კავშირით მეორადი სანქციების საფრთხის გამო. მოსკოვს, ასტანასა და ტაშკენტს შორის სამმხრივი საგაზო კავშირის შექმნის წინადადების კომენტირებისას, 30 ნოემბერს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ ხაზგასმით განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ტერიტორია გამოყენებულ იქნას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების თავიდან ასაცილებლა -
Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ვიდეომიმართვაში, რომელიც Politico-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანი იქნებიან მომავალ წელსაც, მაგრამ უკვე მშვიდობიან დროს. ზელენსკიმ ნომერი პირველი უწოდა უკრაინის არმიას. უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მეგობრებს ევროპაში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ადამიანად გამოაცხადეს ამერიკულმა და ბრიტანულმა გამოცემებმა, Time-მა და Financial Times-მა. ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-მა ზელენსკის უწოდა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ებრაელი. რადიო თავისუფლება -
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მომავალ წელს დასრულდება. "მჯერა, რომ უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში", - აღნიშნა ზელენსკიმ თავის მიმართვაში გამოცემა Politico-სადმი, რომელმაც ის ევროპაში წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. უკრაინის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა "ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც ამ საშინელი დროის გადატანაში მილიონობით უკრაინელს ეხმარებიან." უკრაინის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში, რომელსაც ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, შეიძლება „ხანგრძლივ პროცესად“ იქცეს. ამასთან, მან „მნიშვნელოვანი შედეგი“ უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე რეგიონის ანექსიას. ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ ასეთი საფრთხე იზრდება. რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა გარანტიების მიცემაზე, რომ მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „პირველი თუ არ გამოიყენებს, ე.ი. არც მეორე გამოიყენებს. ვინაიდან გამოყენების შესაძლებლობები, თუკი ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმა განხორციელდა, ძალზე შეზღუდულია“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება „არ შეშლილა“ და არ აპირებს „ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას“. ასევე, პუტინის თქმით, რუსეთი „ეროვნულ ინტერესებს“ ჯერ „მშვიდობიანი საშუალებებით“ დაიცავს, მაგრამ თუკი ეს არ გაჭრის, მაშინ „ყველა არსებულით“. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი POLITICO 28-ის მიერ დასახელებული იმ ადამიანების ყოველწლიური რეიტინგის სათავეში მოექცა, რომლებიც ევროპის კონტინენტის იერსახეს განსაზღვრავენ. "ევროპა იცვლება. კონტინენტი ახდენს თავისი სტრატეგიული ურთიერთობების გადაფასებას, უფრო სერიოზული ხდება თავდაცვის საკითხებისადმი მისი დამოკიდებულება, ახდენს როგორც სავაჭრო, ასევე გაფართოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა. ფართო გაგებით, ის ხელახლა იაზრებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ზოგადად ევროპელი. და ეს დიდწილად განაპირობა უკრაინელი კომიკოსმა, რომელიც პრეზიდენტი გახდა,"-წერს Politico. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ადამიანად გამოაცხადეს ამერიკულმა და ბრიტანულმა გამოცემებმა, Time-მა და Financial Times-მა. ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-მა ზელენსკის უწოდა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ებრაელი. რადიო თავისუფლება
-
სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - ეს კანონით არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მამუკა მამულაშვილსა და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა. „ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას,“ - განაცხადა იონათამიშვილმა. კითხვაზე: ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ, იონათამიშვილი აცხადებს, რომ მან „კანონზე მითითება გააკეთა“. „კანონით ეს არის განსაზღვრული. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სხვისი ტყუილის გამო ამ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა. იპნ
-
გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას და ლელოს არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს. "ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ შეიძლება და ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მისაღებია? თუ არ გამოხვალთ და არ ახსნით საჯაროდ, რატომ ფარულად და რატომ კულუარულად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაერქმევა ამას.", წერს ანა ბუჩუკური
-
ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. "როგორც ირკვევა, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (ენმ, ლელო, ვაშაძე), რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მუშაობენ ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში, ჩვენი მოქალაქეებისგან ფარულად “ოცნებასთან” თანამშრომლობის კომპლექსი არ აწუხებთ და ადგილი აქვს ჩრდილოვან გარიგებებს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე. “ოცნების” დაინიცირებული ცვლილებები როგორ შეფასდა ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ, 2 დღის წინ ყველამ კარგად ვნახეთ! ასეთი ტიპის არაფორმალური, კულუარული მოლაპარაკებები და გარიგებები არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე უპასუხისმგებლობა და პირდაპირ აჩვენებს პოლიტიკური პარტიების მოქმედებას ვიწროპარტიული ინტერესებით! ამ პარტიებმა, კეთილი უნდა ინებონ და მკაფიო განმარტებები გააკეთონ, როდის, სად, რა საკითხზე შეხვდნენ “ოცნების” წარმომადგენლებს და რაზე შეუთანხმდნენ.", - წერს ბერდია სიჭინავა.
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის. კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, უკრაინელებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების თავდასხმები ხარკოვის ოლქის ტერნოვაიას დასახლებაზე, ასევე ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, პლოშჩანკას, ჩერვონოპოპოვკასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, ბერესტოვოეს, იაკოვლევკას, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, მაიორსკის, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებზე. გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. უწყების ცნობით, კვლავ არსებობს რუსეთის სარაკეტო დარტყმის საფრთხე უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. -
ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა, მიზეზი კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, GMP სერტიფიკატს ფლობს 2 საწარმო. ერთ კომპანიაში მიმდინარეობს GMP სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა, ერთ კომპანიას კი სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო გახდა ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დანერგვა. იპნ
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 57 კილომეტრში, რუსეთში, დაღესტანში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 5.5. მაგნიტუდას შეადგენდა.
-
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის წინადადებით გამოდის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვალისწინოს სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი სანქციების ფარგლებში სასანქციო სიაში დაახლოებით კიდევ 200 ფიზიკური პირი უნდა შევიდეს და აიკრძალოს ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა. ფონ დერ ლაიენის წინადადება ასევე მოიცავს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, ევროკომისიას სურს საექსპორტო შეზღუდვების შემოღება ორმაგი დანიშნულების საქონელზე - “საკვანძო ქიმიურ ნივთიერებებზე, ნეიროპარალიტიკურ ნივთიერებებზე, ელექტრონიკასა და IT-კომპონენტებზე”. იპნ -
ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემის რედაქტორებმა უკრაინის პირველი პირი აირჩიეს პირად, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ახალ ამბებზე. „ვინც უკრაინის ამ ისტორიას იმედიანად თუ შიშის გრძნობით აღსავსე უყურებს - და ისტორია, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დაწერილი - ზელენსკიმ მართლაც მუხტი მისცა მსოფლიოს ისე, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“ - აღნიშნა TIME-ის მთავარმა რედაქტორმა ედუარდ ფელსენტალმა.
-
როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა და დაბალი ტემპერატურის დროს, სხვადასხვა დამწევი მედიკამენტის მიღება. „ასეთ დროს, შეგვიძლია მივმართოთ ექიმს და მივიღოთ, თუნდაც, სატელეფონო კონსულტაცია. ოჯახის ექიმები მზად არიან, პაციენტთან ბინაზეც მივიდნენ. გასული 2 წლის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გვქონდა რეკომენდაცია, სატელეფონო კონსულტაციები გაეცათ. ახლა კი, როცა ყველაზე დაბალია COVID-19-ის გავრცელება, ექიმი, შესაბამისი ეკიპირებითა და ნორმების დაცვით, მივა ბინაზე, შეაფასებს მდგომარეობას, გასცემს დანიშნულებას“, - აცხადებს თამარ გაბუნია. რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდში, მათ მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ძირითადი დაავადება, თანმხლებმა ვირუსებმა არ გაართულოს. „ამასთან, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, - აცხადებს თამარ გაბუნია. მისივე განმარტებით, ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც 6 თვის ასაკიდან, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ დღეს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. იპნ
-
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს. „ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონზე მაღლა დააყენოს თავი. დეტალებში ვერ შევალ, ძალიან ბევრი მოვისმინე, რომ სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს გარემო? მე არ ვარ ექიმი, რატი ბრეგაძემ გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. უკაცრავად და, არ უნდათ მათ, რომ საქართველოში უმკურნალონ. მათი ერთადერთი მიზანი, ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ, შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
-
ირაკლი ღარიბაშვილი - ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია, რაღა მეშველება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. „რაღა მეშველება, გავიგე. ადამ კინზირგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, მათ შორის ყველას, ვინც ბოლო ორი დღეა, შესაძლოა, უსმენდა ჩემი ნათქვამის ამ არასწორ ინტერპრეტაციებს. მგონი, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში, მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და კიდევ ერთხელ გულწრფელად მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახების წევრებს. ეს არის ტრაგედია, დიდი დანაკლისი და ჩვენ, ყველანი, ამას განვიცდით. მე ვთქვი, რომ სახელმწიფოს რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ ყველა ეს ადამიანი სამხედრო პატივით მიებარა მიწას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა „მოტყუებული“. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს, თითქოს მათ სიმართლე არ იციან“. -
ლატვიის მიერ რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ტელეარხი მაუწყებლობას ვერც ლიეტუვაში შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ გაავრცელა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ლატვიის ელექტრონული მედიასაშუალებების ეროვნული საბჭოს მიერ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დღეს ღამით ამოქმედდება. ლატვიის მიერ გაცემული ლიცენზია აძლევდა უფლებას „დოჟდს“, კონტენტი გაევრცელებინა ევროკავშირში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. „ლიცენზიის ანულირების შემდეგ „დოჟდი“ არ იქნება ხელმისაწვდომი ლიეტუვაშიც“, – განაცხადეს ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიაში. 1ტვ
-
76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს რადიოს წამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გულიკო კაკაბაძე. გულიკო კაკაბაძე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 1976 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; რადიოს დრამატული პროგრამების პროდიუსერი, ავტორი და წამყვანი. გულიკო კაკაბაძე იყო რამდენიმე რადიოპროექტის ავტორი, მათ შორის: „სასიქადულო მამულიშვილები“, „შეხვედრები თქვენი თხოვნით“, „ახალგაზრდა ხელოვანები“, „აბი გლუკოზა“, „მოგონების ერთი ფურცელი“, „მიყვარს რადიო“, „გთხოვთ, მობრძანდეთ“, „სახიობა“, „თეატრი მიკროფონთან“, „თეატრალური რადიოანშლაგი“, „თეატრალური ნოსტალგია“, „თეატრალური ანტრაქტი“, „თეატრალური შეხვედრები“. გულიკო კაკაბაძეს მიღებული ჰქონდა ღირსების მედალი, რუსთაველის თეატრის პერსონალური ჯილდო რადიოში მომზადებული თეატრალური გადაცემებისთვის, პრემია „თეატრის ამაგდარი“, იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. რადიოს ოქროს ფონდში ინახება გულიკო კაკაბაძის მიერ ჩაწერილი საპრემიერო სპექტაკლები თეატრის გამოჩენილ მოღვაწეთა ხმებით.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმერეთში სტუმრობასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს. „შეგიძლიათ, გამოიცნოთ, სად ვიმყოფებით? მინიშნებას მოგცემთ: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ თუ თქვენი პასუხია: აკაკის სახლი, მართალი ხართ. ჩვენ იმერეთში ვართ, ულამაზეს იმერეთში ულამაზეს დღეს. ვეცნობით მეტ ინფორმაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე. ახლა საჩხერის საჯარო სკოლაში წავალთ. ასევე, აქ არსებულ პრობლემებს გავეცნობით იმერეთში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით. იმერეთში ხალხთან გასაუბრების უამრავი შესაძლებლობა გვექნება და მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრებს“, – აცხადებს კელი დეგნანი ვიდეოში.
-
უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ. ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრ ტკაჩენკო მოუწოდებს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, დროებით უარი თქვან პეტრე ჩაიკოვსკისა და სხვა რუსი კომპოზიტორების მუსიკალური წარმოდგენების გამართვაზე. მისივე თქმით, „ეს არ იქნება ჩაიკოვსკის გაუქმება, თუმცა წარმოდგენების გამართვა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სისხლიან შეჭრას არ დაასრულებს“. ტკაჩენკოს განაცხადებით, „ახლა მიმდინარეობს ცივილიზაციური ბრძოლა კულტურასა და ისტორიასთან, რა დროსაც რუსეთი აქტიურად ცდილობს კულტურისა და მემკვიდრეობის განადგურებას, როდესაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ერია“. ავტორი - ლევან ახალაია
-
უკრაინაში კადიროველთა დანაკარგების გამო, გროზნოში გაუქმდა საახალწლო ფეიერვერკი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გააუქმეს საახალწლოდ დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება, საზეიმო კონცერტი და ზალპი. მიზეზს ადგილობრივი პრომოსკოვური ხელისუფლება არ ასახელებს, მაგრამ, როგორც სახელმწიფო სააგენტო „ჩეჩნია სეგოდნია“ წერს, ამ ახალ წელს გროზნოს ცენტრალურ მოედანზე არ გაიმართება ტრადიციული კონცერტი და არ დამონტაჟდება სადღესასწაულო ილუმინაციები მ.ესამბაევის სახელობის ცენტრალურ მოედანზე. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წელს დიდწილად შარშანდელი დეკორაციები იქნება გამოყენებული. ამა წლის მაისში უკრაინაში მყოფ ოფიციალურ ჩეჩნურ ქვედანაყოფთა რიგებში განცდილი დიდი დანაკარგების გამო, რესპუბლიკაში არაოფიციალურად აიკრძალა მასშტაბური ქორწილების გამართვა. ამის თაობაზე „კავკაზ.რეალიის“ აცნობა ორმა დამოუკიდებელმა წყარომ, რომელთა სიტყვებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გამხდარა „ფადიშაჰის“ (ასე უწოდებენ რამზან კადიროვს-რედ.) მოსაზრება“. „კავკაზ.რეალიის“ და ჩეჩენ უფლებადამცველთა ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში უკრაინაში 154 ჩეჩნეთის მკვიდრი დაიღუპა. დიდი დანაკარგები განიცადეს კადიროველებმა ოქტომბრის ბოლოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, დაიღუპა 40 და დაიჭრა 10 ადამიანი. ხერსონის ოლქში ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრების დაღუპვის შესახებ ცნობა მოგვიანებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმაც დაადასტურა. კადიროვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოკლულია 23 და დაჭრილია 58 მებრძოლი. მაგრამ კადიროვი იქვე ამტკიცებდა, რომ ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“. RADIO TAVISUPLEBA