-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, სახალხო დამცველობის კანდიდატად ნებისმიერი კონკურსანტი განიხილოს, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის გარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უთხრა. "არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე. ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია", - თქვა დავითულიანმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას დააკონკრეტა, ვისი კანდიდატურის განხილვა გამოირიცხება: "ორივეს [ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე] - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, ფეისბუკზე ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა". ბექა დავითულიანი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმება შედგება. "მოლაპარაკებები აქამდეც არაფორმალურად მიმდინარეობდა, დღეიდან უკვე ოპოზიციის ძირითადი შემადგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში და იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას. დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტში. წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანხმობაა (შეხვედრაზე)", - თქვა მან. სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დასრულდა. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა (19) კანდიდატს.
-
სამი ქალი მოკლეს რომის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად, კიდევ ოთხი კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო. BBC-ს თანახმად, კაფეში იმყოფებოდნენ რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები. რომის მერის, რობერტო გუალტიერის განცხადებით, მომხდარის გამო ის დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 57 წლის მამაკაცი. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლამდე ის ყველას მოკვლით დაემუქრა. მამაკაცი ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა პოლიციის მისვლამდე დააკავეს. სამართალდამცველების თანახმად, კაცი იცნობდა მსხვერპლთა ნაწილს და მათთან კონფლიქტი ადრეც ჰქონია. თუმცა, პოლიცია არ ასახელებს ბრალდებულის ვინაობასა და თავდასხმის მოტივს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რადიო თავისუფლება
-
გთავაზობთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ შენიშვნასა და რეკომენდაციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, 2026 წლის ჩათვლით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი ქუჩების დაპროექტება, რაც სწრაფად მზარდი ქალაქისთვის კატასტროფულია. "ახალ დასახლებებში (განსაკუთრებით ხიმშიაშვილის, აეროპორტის, კახაბრისა და სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულებში) გზების გაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უნდა დაპროექტდეს ფრ. ხალვაშის ქუჩის პარალელური ქუჩა (ქუჩები), რაც განტვირთავს მოძრაობას და კომფორტულს გახდის მგზავრობას ხელვაჩაურისა და ზემო აჭარის მიმართულებით. ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის გაგრძელებისთვის საჭირო სამუშაოები. ე.წ. "ავტობუსის ზოლების" მოწყობა უნდა გაგრძელდეს. ახალი ავტობუსების შეძენა ხდება შესაბამისი სტრატეგიის გარეშე. ქალაქმა არჩევანი უნდა გააკეთოს ელეტროტრანსპორტზე. ქალაქში არსებულ გაჩერებებს უნდა მიენიჭოს სახელები და მოხდეს მათი გამოცხადება საქალაქო ტრანსპორტში, რაც გაუადვილებს ორიენტირებას მცირედმხედველებსა და ქალაქის სტუმრებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით უნდა გახდეს უფასო, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას და ქუჩების განტვირთვას. ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობა. მერიამ უნდა აღიაროს, რომ ჩაქვში განხორციელებული პროექტი ჩავარდა და დაიწყოს ალტერნატიულ ადგილზე მისი პროექტირება. უნდა დასრულდეს არსებული სასაფლაოების "პასპორტიზაციის" პროცესი და დაინტერესებულ პირებს მიეცეთ სერვისების ელეტრონულად მიღების საშუალება. ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში არ არის არცერთი სპორტული მოედანი. ე.წ. "ჭაჭის კოშკის" მიმდებარედ უნდა მოეწყოს მინი სტადიონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული მუნიციპალური მომსახურების ახალი სერვისცენტრების მშენებლობა, იმ პირობებში, როდესაც ძველი შენობები არ არის ადაპტირებული და რიგ შემთხვევებში ავარიულია. ქალაქის მთელი ტერიტორიის თანაბრად განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა. საჭიროა აშენდეს ახალი ახალგაზრდული ცენტრები ე.წ. "შემოერთებულ ტერიტორიებზე" და გარეუბნებში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადგილების მწვავე დეფიციტის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ვაუჩერული სისტემა. თითეულ ბავშვზე უნდა გამოიყოს ფიქსირებული ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებში. სანაგვე ურნებთან არსებული ანტისანიტარიის აღკვეთის, ასევე, დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებიდან ნარჩენების გატანისას წარმოშობილი საცობების თავიდან არიდების მიზნით, უნდა შეიქმნას ნარჩენების შეგროვების გადახურული პუნქტები. შედეგად, სანაგვე ურნებში აღარ მოხვდება წყალი, რაც არის უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი, ასევე, პუნქტებთან პარკირება აიკრძალება და გაჩნდება სანდასუფთავების სატვირთოების გაჩერების ადგილები, მსგავსად ავტობუსის გაჩერებებისა. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ები უნდა გარდაიქმნას სსიპ-ებად, რაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი გამჭვირვალობისა და საჯაროობისკენ, ამასთან, მათ დაევალებათ მუნიციპალური პოლიტიკის (ნარჩენების მართვა, სატრანსპორტო პოლიტიკა) შემუშავება/განხორციელება, გაუმჯობესდება ადმინისტრირება და დასაქმებული პირების ყოფა. 2022 წელთან შედარებით მცირდება უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, მაშინ როდესაც მათ რაოდენობას ყოველწლიურად უნდა ვზრდიდეთ. ბიუჯეტში შევიდეს ახალი პროგრამა - მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დეფიციტურ და ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელ სპეციალობებზე (ურბანისტები, გის-სპეციალისტები, არქიტექტორები, მუნიციპალური მართვის სპეციალისტები...) სტუდენტების სწავლის დაფინანსება, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წელი იმუშაონ მერიაში ან აანაზღაურონ დანახარჯი. ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი ზოოპარკის მშენებლობისა და ძველი ზოოპარკის გადატანისთვის საჭირო თანხები. მერიამ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით. მერიამ უნდა განავითაროს სერვისების მიწოდების ალტერნატიული არხები. დისტანციური სერვისების განვითარებისთვის აუცილებელია მომსახურების ერთიანი ცენტრის (ქოლცენტრის) შექმნა. მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის გაუმჯობესება, უნდა მომზადდეს საინფორმაციო ვიდოები, ფლაერები და ა.შ. პროგრამის არსებული ბიუჯეტი (40 000) ლარი არ არის საკმარისი და მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ის. სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის პერიოდულად უნდა გადამზადდნენ მუნიციპალური მოხელეები. არსებული ბიუჯეტით მხოლოდ 150 მოხელის (უშუალოდ მერიაში დასაქმებული პირების) გადამზადება იგეგმება, მაშინ, როდესაც უფლებამოსილებათა დიდი ნაწილი დაფუძნებულ იურიდიულ პირებზეა დელეგირებული. უნდა გაუქმდეს მერიის დაფუძნებული სპორტული კლუბები და შეუერთდეს სპორტულ ცენტრს. ამით გაუმჯობესდება მართვის ხარისხი, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და მეტი თანხა დაიხარჯება სპორტით დაკავებულ ახალგაზრდებზე.", - წერს აკაკი გვიანიძე.
-
უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინელი ბავშვების შეფარებისთვის, ისევე როგორც, უკრაინული ქალაქებისთვის „ასობით გენერატორის“ მოწოდების გამო. „აღინიშნა თურქეთის მხარდაჭერა “მარცვლეული უკრაინიდან“ ინიციატივის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაოები და მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოება”, - დაწერა ზელენსკიმ.
-
უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი. „ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”,- განაცხადა შიმგალმა და დასძინა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ზამთარს „ელექტროენერგიის მოხმარებაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გავივლით“. მისი თქმით, გასულ კვირას უკვე გამოიყო 100 მილიონი გრივნა კრემენჩუკში თბომომარაგების სისტემის აღსადგენად. კიდევ 50 მილიონი გაიგზავნა სუმის რეგიონში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. შმიგალის თქმით, ზოგადად მთავრობამ რეგიონების აღდგენისთვის უკვე გამოყო 5 მილიარდზე მეტი გრივნა. იპნ
-
ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. მისი სიტყვებით, აუცილებელია, მთელს მსოფლიოს ეუწყოს აზრი, რომ აგრესია მოგებას ვერ მოუტანს აგრესორს. „პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხებათ ფრონტზე ჯარისკაცებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ და დანარჩენებს სულ კენწერომდე. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით,“ თქვა კლევერლიმ. BBC-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლონდონმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ ის არ გამორიცხავს სხვა მექანიზმებს და გადაწყვეტილი აქვს, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განსაზღვროს ყველაზე ეფექტიანი სისტემა სამხედრო დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად. ამასთან, კლევერლის თქმით, ნატო არ ემუქრება და არ დაემუქრება რუსეთს, ვინაიდან ის თავდაცვითი კავშირია ყველა წევრი ქვეყნისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ომში ალიანსის ჩათრევის შესახებ მსჯელობა სწორედ ვლადიმირ პუტინის გამოსვლებში ისმის. „არ არსებობს კონფლიქტში ნატოს ჩათრევის არავითარი შინაგანი აუცილებლობა და, ფაქტობრივად, სწორედ იმის მიღწევას ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს,“ თქვა კლევერლიმ. კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც ბრიტანელმა მინისტრმა Sky News-ს მისცა, მან განაცხადა, რომ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ვლადიმირ პუტინს მართლაც სურს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება. მისი სიტყვებით, არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება თამაშობდეს „ლეღვის ფოთლის“ როლს რუსეთის არმიის ხელახლა აღჭურვისთვის. ხოლო ომის დასრულების თაობაზე ნებისმიერი მოლაპარაკებების პარამეტრებს უკრაინა უნდა იძლეოდეს, როცა ის ამას შესაძლებლად მიიჩნევს. რადიო თავისუფლება
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება. „კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა იყო წინააღმდეგი. 69-მ მისცა ხმა, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, ვინ იყო წინააღმდეგი. არცერთი მოქმედი კანდიდატი არ ყოფილა წინააღმდეგი. გადაწყვეტილება იქნა მიღებული „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა. თარიღზე მე შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებულიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ მიიღო სრული მხარდაჭერით წინადადება და განისაზღვრა არჩევნების დღედ 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე, ამ დროის შემდეგ უკვე ახალი კანდიდატი ვერ დარეგისტრირდება. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან შედგება და თითოეული წევრის დანიშვნის შესაძლებლობა თითოეულ კანდიდატს ექნება“,- განაცხადა ნაყოფიამ. მისი თქმით, ამით პარტიის ბრძოლა არ წყდება და აუცილებლად მიაღწევენ იმას, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები თავისუფლები იყვნენ. „არავის ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირღვევა. ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აუცილებლად დაგვირგვინდება შემდეგ არჩევნებზე მისი სრული გამარჯვებით. მანვე აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს ნიკა მელიას უჭერს. „მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ყველა პროცედურულ საკითხებში ორივე მხარის მოსაზრებას ვითვალისწინებ. ვცდილობ, რომ პოლიტსაბჭოს მხრიდან ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერ პოლიტსაბჭოს წევრს, თუ პარტიის წევრს გააჩნია თთავისი მოსაზრება ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რაც მე უკვე ადრეც ვთქვი. მე არც ვმალავ იმას, რომ მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას“,- განაცხადა ნაყოფიამ. იპნ
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული, მ.წ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სააავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ -
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ლიდერმა ქალაქ სამსუნში ვიზიტის დრო გააკეთა. „იმედი მაქვს, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ბოლოჯერ ჩვენი სახელით“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ის ესტაფეტას ახალგაზრდებს გადასცემს. თავის გამოსვლაში ერდოღანმა თქვა, რომ მმართველმა პარტიამ „სამართლიანობა და განვითარება“ თურქეთი მსოფლიო ასპარეზზე წამყვან მოთამაშედ აქცია. ავტორი - ლევან ახალაია -
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იყოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო დონეზე გარანტირებული იქნება ისიც, რომ საერთო სარგებლობის საშხაპეებსა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში დაუშვებელი იქნება ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება (დღეს ეს აკრძალვა მხოლოდ კანონქვემდებარე აქტით არის განსაზღვრული); ამასთან, ცვლილებებით, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება დასაშვები იქნება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად, თუმცა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მისი მტკიცებულებად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მასალა დაარქივდება განსაზღვრული ვადით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იქნება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოება ელექტრონული ფორმით. ასევე ცვლილებებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაქტილოსკოპირების განხორციელება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით და შესაბამისი მონაცემები აისახოს ელექტრონულ არქივში. 1ტვ
-
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. შესაბამის ცვლილებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია პატიმართა კვებაზეც. პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამჟამად ყოველდღიურად განსაზღვრული კვების რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტში საუბარია განათლების უფლებაზეც. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა (ამჟამად ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული და ის დაბალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში). „მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას მიიღებს: ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით ან კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისთვის სასწავლო მასალის მიწოდებით, წერილობითი ფორმების გამოყენებით“, – ნათქვამია კანონპროექტში. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იქნება, ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში, მისივე თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
-
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ბელგიის მთავრობის მიერ წამოწყებული გამოძიების გათვალისწინებით, რობერტა მეცოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, რომელიც დელეგირებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ვიცე-სპიკერს. მანამდე კაილი საბერძნეთში საკუთარი პარტიიდან გარიცხეს. შეგახსენებთ, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. გერმანული „შპიგელის“ ცნობით, ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე ევროპარლამენტში ისმის მოწოდებები, რომ კატართან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხების განხილვა დროებით შეჩერდეს. კერძოდ, საუბარია ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ინიციატივაზე, რომელიც ორშაბათს უნდა დაანონსებულიყო. ავტორი - ლევან ახალაია
-
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ მიეცემა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც მას აქამდე არ გააჩნდა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შეეძლება ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და და ძმა) წლის განმავლობაში ორჯერ, ხოლო წახალისების სახით – წლის განმავლობაში ერთხელ, დამატებითი ვიდეოპაემნის სახით. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ყველა სახის პაემნით სარგებლობა იქნება უფასო: მოქმედი კანონით, დღეს ამისათვის სრულწლოვან მსჯავრდებულებს 60 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის. კანონის ეს ნორმა 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. საკანონმდებლო ცვლილებით, ასევე უნდა გაიზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა და გათანაბრდეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები.
-
ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ბელარუსის საკუთარი ტერიტორიის გავლით ლიეტუვაში უკრაინული მარცვუელის ტრანსპორტირების შესახებ წინადადება სანქციებიდან გამოსვლის მორიგი მცდელობაა. უკრაინული მარვლეული პოლონეთისა და სხვა ქვეყნების გავლით უკვე მიდის ბალტიის პორტებში. ეს ხაფანგია. მოდით მას თავი ავარიდოთ”, - წერს ნაუსედა. ცნობისთვის, პარასკევს ბელარუსმა შეატყობინა გაეროს, რომ წინასწარი პირობების გარეშე მზადაა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტისთვის, ლიეტუვის პორტებიდან მისი შემდგომი ექსპორტისთვის. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იური ამბრაზევიჩი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერიშს შეხვდა და შეატყობინა მას, რომ ბელარუსის გავლით უკრაინული მარცვლეული ექსპორტისთვის არანაირი წინასწარი პირობები არ არსებობს. ამბაზევიჩმა ასევე „გაიმეორა საკუთარი მთავრობის თხოვნა ჰქონდეს საკუთარი სასუქის ექსპორტირების საშუალება, რომელიც ამ მომენტისთვის სანქციების ქვეშაა“. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი - საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. „დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ [ორბელიანების სასახლეში] არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს, მართლაც, უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები. კულტურა არის ის, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. მინდა, ამისათვის ამ ახალგაზრდებს, მადლობა გადავუხადო, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირინა კოხრეიძეს - თქვენ უნდა გადმოგცეთ ჯილდო იმ წამოწყებისათვის, რომელიც ყველას გვეამაყება. როცა ჩვენ ვუყურებთ, ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდესი სიამოვნებას, ამისთვის მინდა, რომ ყველას სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ინკლუზიური თეატრი "კონტაქტი" 2015 წელს, ირინა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე უკვე მეშვიდე საავტორო სპექტაკლი წარადგინა. თეატრის დამფუძნებლის გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისათვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია. „ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, - განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ. იპნ -
ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა მთავარი ენერგიაა, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია. მისი თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება. „ენერგოსისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან - სისტემაში მწვავე დეფიციტია“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების მიზეზიც. ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირს ლვოვის, ვინიცის, კიევის, ტერნოპოლის, სუმის, ჟიტომირის, ხმელნიცკის რაიონებს, თავად დედაქალაქ კიევს. „უნდა გვესმოდეს: მაშინაც კი, როცა მძიმე სარაკეტო დარტყმები არ ხდება, ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არის. თითქმის ყოველდღე სხვადასხვა რეგიონში ხდება დაბომბვა, არის სარაკეტო თავდასხმები, თვითმფრინავების თავდასხმები. ენერგეტიკული ობიექტები თითქმის ყოველდღე ზარალდება. სისტემაში დანაკარგების გამო, სისტემაში ყველამ უნდა შეამციროს ლიმიტები. აღდგენა ასევე ძალიან რთულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯგუფები გმირულ საქმეებს აკეთებენ და კვირებში აღადგენენ იმას, რასაც თვეების მუშაობა დასჭირდებოდა. მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენისა და ენერგოსისტემის გადარჩენაზე“, - აცხადებს ზელენსკი. ოდესაში ელექტრომომარაგების ადგილობრივმა ოპერატორმა DTEK-მ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქსა და მის შემოგარენში დენი გაეთიშა ყველას გარდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წუხელ რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე იტყობინებიან, რომ მაშინ, როცა ტემპერატურა ნულს ქვევითაა, კიდევ ათასობით ადამიანს შეუწყდა ელექტრომომარაგება ხერსონში რადიო თავისუფლება -
ქალაქ ტვერში ნაძვის ხე „რუსეთის მტრების“ ფიგურების გირლანდით მორთეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის ქალაქ ტვერის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს ქაღალდის ფიგურების გირლანდით, რომელზეც გამოსახულია „რუსეთის მტრების“ სახეები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. „რუსეთის მტრების“ სიაში მოხვდნენ ასევე მომღერალი ალა პუგაჩოვა, მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ლაიმა ვაიკულე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ფიგურების ხელები და ფეხები წერტილოვანი ხაზითაა მონიშნული და ზედ აწერია: „რამე მომახიე“. ინფორმაცია ფოტოების თანხლებით გაავრცელა ტელეგრამარხმა "Закрой за мной Тверь". -
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრე შტუპუნი ომის 291-ე დღეს აჯამებს და ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსეთის ჯარის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 11 დასახლებულ პუნქტში. გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა სამი სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ისევ არსებობს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე. ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებს ოცზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონებში. ზაპორიჟიის ოლქში რუსებმა დაბომბეს ოცზე მეტი დასახლება. ხერსონის მიმართულებით ხანძრის შედეგად დაზიანდა გარეუბნები, ქალაქი ხერსონი და სხვა ახლომდებარე დასახლებები. ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი, როგორც გენერალური შტაბი იტყობინება, ბოლო ორი კვირაა გრძელდება ჩხრეკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლის მიზანი უკრაინულ ენაზე წიგნების და უკრაინის სიმბოლოების შემცველი მასალების იდენტიფიცირება და განადგურებაა. გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა იერიში მიიტანეს სამ სამეთაურო პუნქტსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სამ ზონაზე. რადიო თავისუფლება
-
ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს. როგორც ბორელი ამბობს, ანკარა არ უნდა ეხმარებოდეს რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ბრიუსელი ელოდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი დაიცავს. შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები აგვისტოში შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებენ. ავტორი - ლევან ახალაია
-
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა განმარტავს, რომ შესწავლილი და გაანალიზებულია 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილება და მიზანშეწონილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. მათი ცნობით, აღნიშნული სპეციალობა კლასიფიცირდება პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორში, ISCO-08 გამოცემის მიხედვით, ქვეჯგუფში „ჯანდაცვის პროფესიონალები“. „პარამედიკოსი, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ეფექტურია ექიმთან შედარებით გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, რადგან მას აქვს – შესაბამისი ფიზიკური უნარები; მოქმედებს დროის მოკლე პერიოდში პროტოკოლებით, სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით და საჭიროებისას ახდენს დროულ ჰოსპიტალიზაციას; პარამედიკოსის მომზადების პროგრამა სრულად ორიენტირებულია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე, შესაბამისად, მას შეუძლია, ექიმზე სწრაფად ამოიცნოს გადაუდებელი მდგომარეობა და სწორად განსაზღვროს დახმარების აღმოჩენის გზები”, – აღნიშნულია კანონპროექტში. ცვლილებების გათვალისწინებით, პარამედიკოსის კომპეტენციას განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულის უფლებებს დაემატება შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, პარამედიკოსის პოზიციაზე საქმიანობის უფლება. მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე. „დღეის მდგომარეობით, ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას 317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა (საკურორტო სეზონის პერიოდში ხდება დამატებით რაოდენობის ზრდა) და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადების მეშვეობით. გამოძახებების საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3500-ს. მოსახლეობისათვის ზემოთ აღნიშნული მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად, ცენტრს ესაჭიროება მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების გადაჭრა, როგორიცაა პროფესიონალი კადრების გადინება, ქვეყნის მასშტაბით ცენტრში შექმნილი საკადრო დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში, პერსონალის მაღალი ასაკი და შესაბამისად გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო შესაბამისი ფიზიკური უნარების არარსებობა და ა.შ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ეს პროექტი მოიაზრებს 3 000 პარამედიკოსის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ დღეის მდგომარეობით, საკადრო დეფიციტის რაოდენობა არის – 3 000. ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას და ამ რაოდენობის კონტინგენტის გადამზადება მოიცავს მრავალწლიან პერიოდს. მხოლოდ საკადრო გადინება ცენტრს აქვს 2020 წელს – 108, 2021 წელს – 87, ხოლო 2022 წელს – 69, ამას ემატება არსებული ვაკანსიების შევსება. თითოეული პირის მომზადების ხარჯი შეადგენს 1 600 ლარს. გადამზადების ხარჯი იქნება 160 000-176 000 ლარი ყოველწლიურად. სამიზნე რაოდენობის მიღებამდე ყოველწლიური ხარჯი იქნება ზემოთ აღნიშნული ოდენობა. მომზადებისთვის საჭირო დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 1ტვ -
საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მოამზადა. კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში, უფლებამოსილ პირს გადაუხადოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 პროცენტით მეტი ოდენობით. მისაღები კომპენსაციის ოდენობები კი, დამოკიდებული იქნება საავტორო უფლებების დარღვევების რაოდენობასა და მათი კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულადი ანაზღაურების ოდენობაზე. „პარლამენტს რიგმა ტელეკომპანიებმა მიმართეს საკანონმდებლო წინადადებით, სადაც დასმული საკითხი ეხებოდა არსებულ გამოწვევებს. კერძოდ, განცხადებაზე ხელმომწერი ტელევიზიების პოზიციით, მოქმედი რედაქციით, კანონი არაკეთილსინდისიერი პირის ხელში უფლებით ბოროტად სარგებლობისა და შანტაჟის ბერკეტად გვევლინება, რაც როგორც ისინი მიუთითებენ, ფაქტობრივადაც მრავლად შეინიშნება აღნიშნულ ურთიერთობებში. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო პირობა ახალისებს სანქცირებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც ხელს უშლის ბაზრის სტაბილურობას და სამართლიანი ქცევის ჩარჩოების ჩამოყალიბებას. მეტიც, ასეთი რეგულირების ფარგლებში საავტორო უფლების მფლობელის ინტერესებში არ შედის ხელშეკრულების გაფორმება უფლების შემძენთან, რადგან დამრღვევი პირის მიმართ კანონით მინიჭებული ღირებულების სულ მცირე ათმაგი ოდენობით მოთხოვნის უფლებით სარგებლობა ცხადია, უფრო დიდ შემოსავალთან არის დაკავშირებული. დამრღვევი პირი კი, სწორედ ის უფლების შემძენია, რომელსაც თავად უფლების მფლობელმა ხელშეკრულება არ გაუფორმა. ამგვარი უფლების მოპოვება გათვალისწინებულ სავალდებულო ფორმას – წერილობით ხელშეკრულებას საჭიროებს. როგორც განმცხადებლები მიუთითებენ, ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც უფლების მფლობელი უფლების გადმოცემაზე ზეპირი თანხმობის შემდეგ აცხადებს უარს და წერილობითი ფორმით შესრულებული ხელშეკრულების არ არსებობის გამო, უფლების შემძენი სამართალდამრღვევად გვევლინება. აღნიშნული ბერკეტის არაკეთილსინდისიერი გზით გამოყენება ხდება ფასისა და სხვა არსებითი პირობების განსაზღვრის დროსაც. ზემოთ აღწერილი მოცემულობა ქმნის არასტაბილურ გარემოს და ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერი წესების დამკვიდრებას მხარეთა შორის ურთიერთობაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უფლების მფლობელის უფლებები დაცულია არაერთი სხვა მექანიზმით, კერძოდ, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს სხვადასხვა უფლების აღიარება”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. დეპუტატი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვიანებული შემთხვევებით მიმართვებმა მოიმატა. ამასთან, ცერცვაძე საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს და რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე COVID-ზე ტესტის ჩატარებას ურჩევს. „როგორც ადრე ვწერდით, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID-ი ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება, ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ვირუსებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით, გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. არცერთი ავადმყოფი არ რჩება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების, მათ შორის სტაციონარული და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული მომსახურების გარეშე. შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები. არ ყოფილა მედპერსონალის, საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადის და სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პრაქტიკულად არ არის სეზონური რესპირაციული ინფექციებისგან გარდაცვალების შემთხვევები. შედარებისთვის, 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ქვეყანაში მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის და მისი გართულებებისგან გარდაიცვალა 50-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის და ამერიკის რიგი ქვეყნები, როგორც COVID-ის, ისე სეზონური რესპირაციული ინფექციების მხრივ აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე საქართველო. ასე მაგალითად, აშშ-ში, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მარტო გრიპისგან გარდაიცვალა 4500 პაციენტი, ხოლო კალიფორნიაში საწოლების დეფიციტის გამო უხდებოდათ კარვების გაშლა და სახელდახელო „ემერჯენსების“ მოწყობა. ასევე ოფიციალური მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის 50 შემთხვევიდან 1 შემთხვევა (2%) ფატალურად მთავრდება“, - აცხადებს ცერცვაძე. რაც შეეხება კორონავირუსის მიმდინარეობას, ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება. „საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. მართალია, მთელ მსოფლიოში პიკის პერიოდთან შედარებით COVID-ის ახალმა შემთხვევებმა და გარდაცვალებამ იკლო, მაგრამ ბოლო პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში აღინიშნება COVID-ის როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების შემთხვევების მატება. ასე მაგალითად, ა.წ. 7 დეკემბერს მსოფლიოში დაფიქსირდა 536 962 ახალი შემთხვევა და 1347 გარდაცვალება, რაც ამ პერიოდისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. ამ დღეს იაპონიაში დაფიქსირდა 149 383 ახალი შემთხვევა და 211 გარდაცვალება, აშშ-ში - 45 970 ახალი შემთხვევა და 318 გარდაცვალება, გერმანიაში - 40 256 ახალი შემთხვევა და 125 გარდაცვალება, საფრანგეთში - 75 752 ახალი შემთხვევა და 92 გარდაცვალება და ა.შ. საქართველოში ამ დღეს დაფიქსირებული იყო COVID-ის სულ 155 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება. სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა სულ 167 ავადმყოფი. ზოგადად ბოლო 8 თვის, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები - სულ 39 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 1.5 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (290 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 30 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში), გერმანია (336 გარდაცვალება და 58 გარდაცვალება), ფინეთი (769 გარდაცვალება და 129 გარდაცვალება), საფრანგეთი (251 გარდაცვალება და 30 გარდაცვალება), ისრაელი (143 გარდაცვალება და 10 გარდაცვალება), შვედეთი (269 გარდაცვალება და 42 გარდაცვალება), დანია (303 გარდაცვალება და 29 გარდაცვალება), იაპონია (175 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (261 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), ავსტრალია (378 გარდაცვალება და 23 გარდაცვალება), ლიტვა (191 გარდაცვალება), ლატვია (241 გარდაცვალება), ესტონეთი (253 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), ავსტრია (585 გარდაცვალება და 40 გარდაცვალება) და სხვ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 8 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.93%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა. მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ საქართველოში COVID-ი აღარ არის და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად დროულად აღარ იკეთებს ტესტს COVID-ზე. შედეგად მოიმატა COVID-ით დაგვიანებული შემთხვევებით მომართვამ. ბოლო დღეებში დაგვიანებით და მძიმე მდგომარეობაში მოგვმართა COVID-ით რამდენიმე ავადმყოფმა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა გვიწევს. ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან გახშირებული, მათ შორის მძიმე რესპირაციული ინფექციების ფონზე. მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას შემდეგი რჩევებით: რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე ჩაიტარონ ტესტი COVID-ზე, ვინაიდან COVID კვლავ რჩება პოტენციურად ყველაზე სახიფათო რესპირაციულ ინფექციად და ამასთან, მას აქვს ძალიან ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. COVID-ის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულონ მისი რეკომენდაციები. თავის მხრივ ექიმების მოვუწოდებ, ჩვენებების შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მკურნალობა „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“; თუ გვაქვს მძიმედ მიმდინარე რესპირაციული ინფექცია უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით და ინტოქსიკაციით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრიპზე და ჩავიტაროთ შესაბამისი ტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპსაც აქვს ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა („ტამიფლუ“). ყველა შემთხვევაში თავი შევიკავოთ თვითმკურნალობისგან და შევასრულოთ ოჯახის და/ან კლინიკის ექიმის რეკომენდაციები. გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
-
უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წინადადება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 10 დეკემბერს წერილობითი პროცედურით დაამტკიცეს და ევროპარლამენტს მისაღებად შემდეგ კვირას გადაეცემა. დახმარების პაკეტი 2023 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სტრუქტურულ გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. თანხა, რომელიც უკრაინას 2023 წელს გადაეცემა, 18 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო კრედიტებს 10-წლიანი საშეღავათო პერიოდი ექნება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გარე მიზნობრივი შემოწირულებების ხარჯზე საპროცენტო დანახარჯების დიდ ნაწილს დაფარავენ. ამ სესხის გარანტიებს ან ევროკავშირის ბიუჯეტი ან წევრი სახელმწიფოები წარადგენენ. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინისთვის მოკლევადიანი ფინანსური დახმარების მიწოდებას, უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას, ომის შემდგომი მყარი აღდგენის მხარდაჭერას და ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის დახმარებას. როგორც ცნობილია, უნგრეთი ევროკავშირის უკრაინისადმი 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის წინააღმდეგ გამოდიოდა. ახლანდელი გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობს, რომ თუ უნგრეთი თავისი ვეტოს ერთგული დარჩება, საკრედიტო გარანტიები არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ წევრი სახელმწიფოების მიერ დაიფარება. თუმცა, უნგრეთს ჯერ კიდევ აქვს დრო ამ პროცესს შეუერთდეს. იპნ
-
ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ეს უკვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. „ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერაცია ეხმარება ირანს სამხედრო (ბირთვული?) ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთის აფეთქებისთვის. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. ვაპირებთ, უბრალოდ ვუყუროთ?“ - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს ირანული იარაღის სისტემების სანაცვლოდ. იპნ