-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.
-
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დასკვნით სხდომაზე გავრცელდა. „ვგმობთ რუსეთის 2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო გზით ოკუპაციის გამო. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში სამხედრო შემოჭრიდან 14 წლის შემდეგ, კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია გრძელდება და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემის საფუძველზე”, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. საქართველოს მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს მეგობართა ჯგუფი გმობს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს და ცხინვალში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. „ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენას ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარეში გაერთიანებას. ამის მსგავსად, ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოში, აფხაზეთში, გაგრის რაიონში 180 ჰექტარი მიწის დაკავების გამო. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის ე.წ. „პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების, ასევე სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გამო და ამას უკანონო ანექსიის მცდელობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად ვაფასებთ. მოვუწოდებთ რუსეთს შეაჩეროს ეს პროცესი. ჩვენ ვგმობთ ე.წ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის რეგიონში, ასევე ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას სამხრეთ ოსეთში 2022 წელს და ამას საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად ვაფასებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისკენაც მოუწოდებს. „აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, მათ შორის მის დასკვნებს, რომ რუსეთი ახორციელებდა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეფექტურ კონტროლს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მათ შორის, მისი სამხედროების მეშვეობით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევით აწამებდა ქართველ სამხედრო ტყვეებს; თვითნებურად აკავებდა და ხოცავდა მშვიდობიან მოქალაქეებს და პასუხისმგებელი იყო მათ მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე; ხელი შეუშალა ეთნიკური ქართველების სახლებში დაბრუნებას და ვერ ჩაატარა გამოძიება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს განაჩენი, მათ შორის, საშუალება მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებას, რომელმაც გასცა დაპატიმრების ორდერი 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან“, - აღნიშნულია განცხადებაში. ერთობლივი განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გავრცელდა. -
უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.
-
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის, სადაც, მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, უკრაინის ყოფილმა ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლუდმილა დენისოვამ და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა „უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს რუსი სამხედროები უკრაინელი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში და მათი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა“. „უკრაინელი ქალებს რეალური საფრთხე არა რუსეთიდან ელით, არამედ ევროპაში. შვედეთის თანასწორობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ უკრაინელი ლტოლვილები სულ უფრო ხშირად ხდებიან სუტენიორობისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი“, - წერს ზახაროვა “ტელეგრამ“ არხზე. იპნ
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში დათვის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მათ „პუბლიკას” განუცხადეს. მოქალაქე ნიკა გუგეშაშვილი facebook-ზე წერს, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს გადააწყდა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარად არის შეფასებული. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: ნადირობა […] საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველზე […] − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
-
აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი, „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა. „სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“ პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია. „ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში „ბი-21“-ის აღმოჩენა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. ახალ ბომბდამშენს ელექტრონული გამონაბოლქვის კონტროლის ახალი საშუალებები აქვს, რათა სამხედრო თვითმფრინავს მოწინააღმდეგის რადარების მოტყუება და სხვა ობიექტად შენიღბვა შეეძლოს. ასევე იყენებს ახალი ამძრავის ტექნოლოგიებს. ბომბდამშენების ღირებულება ჯერ უცნობია. ავტორი - გივი ბარამიძე
-
„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ უარესდება და უარესდება. „თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ჩვენი ქმედებები მოვიყვანეთ თანხვედრაში სააკაშვილის უფლებების დაცვის მხარესთან. ეს ბუნებრივად მოხდა, არა იმიტომ, რომ დავგეგმეთ, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობის მხრივ, გაუარესდა. ახლა უკვე დაიდო დასკვნები ექსპერტთა ჯგუფების მიერ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის. ახლა თუ ამასაც ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილი, ყველამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, ვინ რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს, თუ არ ეგუება. დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებში ვერ იქნება შესული სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება. ექსპერტთა ჯგუფების მიერ დაიდო დასკვნები, სადაც ცხადზე უცხადესია, რას განიცდის მიხეილ სააკაშვილი. ბევრისთვის და სამედიცინო საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პაციენტი, ექიმები, პროფესორები, აკადემიკოსები, ნობელის პრემიის ლაურეატები საუბრობენ როგორც პაციენტ მიხეილ სააკაშვილზე – ისინი ამბობენ, რომ თუ ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ, არ მაინტერესებთ თქვენი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის – ჩვენ ვართ ექიმები და გეუბნებით, რომ ეს ადამიანი არათუ ვერ გამოჯანმრთელება, არამედ განწირულია სიკვდილისთვის. იმედი მაქვს, ამ მძიმე რეალობას თვალს გაუსწორებენ და თუ არ გაუსწორებენ თვალს, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ. -
ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც, სამწუხაროდ, შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, – უკრაინამდე იყო საქართველო და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების უფრო ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა, არ ყოფილიყო 2014 წელს ყირიმი და არ ყოფილიყო ახლა ის ომი, რომელსაც მთელ უკრაინაში ვხედავთ. როგორია თქვენი პოზიცია? – კარპენტერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო. „ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც, სამწუხაროდ, შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. გეთანხმებით, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო და ამ გაკვეთილიდან სწორი დასკვნა რომ ვერ გავაკეთეთ, ამან კრემლს 2014 წელს ყირიმში შეჭრის და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა. მაშინ უფრო მკაფიო რეაქციები იყო, თუმცა ისევ ნაკლებად ეფექტიანი, რადგან ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან, სასტიკ ომს, კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებით, რომლის მსგავსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ქვეყნიდან დაიწყო. საქართველო კვლავ იტანჯება ოკუპაციისგან, ბორდერიზაცია ტკივილს აყენებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და ეს კონფლიქტი კვლავ გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის შემთხვევისგან განსხვავებით, ცხელი კონფლიქტი არ არის“, – განაცხადა კარპენტერმა. კითხვაზე, რა არის მათი გზავნილი, როდესაც ეუთო-ჟენევის დიალოგის ერთ-ერთი შუამავალი მხარეა, რუსეთი კი არცერთ საერთაშორისო პრინციპს, სამართლის ნორმას არ სცემს პატივს. რა შეიძლება, გააკეთოთ ასეთ დროს? – ელჩმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გვთავაზობს პლატფორმას, რომელიც ამ თემის აქტუალიზებას ახდენს საერთაშორისო დღის წესრიგში“. მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ღირებულია. „მეც ვყოფილვარ ჩართული საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს ორი რეგიონის დე ფაქტო მთავრობების კომუნიკაციის უზრუნველყოფის პროცესში. ეს ფორმატი ღირებულია. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ვნახავთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. მე ვიცი, რომ ეს შესაძლოა, მიუღწევლად ჩანდეს, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, როგორც მარცხდებიან ბრძოლის ველზე რუსული ჯარები. სწორედ ამის გამო ხდება რუსეთის მოქმედება ბარბაროსული, სწორედ ამის გამო ბომბავს რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მაგრამ ეს ყველაფერი ცვლის წარმოდგენას რუსეთზე“, – განაცხადა კარპენტერმა. მისივე თქმით, აშშ გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რათა ერთ დღესაც რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ქვეყანაა, სტრატეგიულ გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთის მეზობელი რთულ სამეზობლოში. ამის მიუხედავად, საქართველო ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას იყენებს, რათა ეფექტიანი კავშირი უზრუნველყოს სხვადასხვა სფეროში სამხრეთ კავკასიასა და მის მიღმა, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან. ასე რომ, ჩვენ გვინდა საქართველოს შენარჩუნება დღის წესრიგში, გავაგრძელებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით საქართველოს დახმარებას“, – განაცხადა კარპენტერმა. ამასთან, შეკითხვაზე, რატომ არის რუსეთი ისევ წევრი იმ ორგანიზაციის, რომელსაც უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ჰქვია, კარპენტერმა აღნიშნა: „იმიტომ, რომ ეუთო არის ორგანიზაცია ექსკლუზიური წევრობით, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ აზიიდან, აგრეთვე ამერიკას, კანადას და ჩრდილოეთ ამერიკას. არ არსებობს ორგანიზაციიდან წევრის გარიცხვის მექანიზმი. ამის სანაცვლოდ, რაც გავაკეთეთ ყველამ, ის იყო, რომ იზოლირება მოვახდინეთ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის, და საკმაოდ წარმატებულადაც“. ავტორი - ანა ბროლაძე
-
აშშ და მთელი მსოფლიოს ქვეყნები არასდროს აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა უკანონო ანექსირება რუსეთმა 2014 წელს და ახლა მოახდინა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი მზად არის, ჩაერთოს დიპლომატიაში, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან პოტენციური საუბრით, თუმცა რუსებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ არიან განწყობილი კონსტრუქციული დიალოგისა და კონსტრუქციული დიპლომატიისთვის. „ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა ნედ პრაისმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა საკმაოდ აქტიური მოძრაობაა უკრაინული მშვიდობის ფორმულის კიდევ ერთ პუნქტზე – სასურსათო უსაფრთხოებაზე. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“. „ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და სხვა დედაქალაქები… ყველგან ვამაგრებთ პოზიციებს, ვაგროვებთ პარტნიორების მხარდაჭერას. ჩვენ ყოველ დღეს ვიყენებთ, რათა მსოფლიომ დაინახოს და იგრძნოს, რომ გლობალური სტაბილურობა მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი. ამ დღეებში ჩვენ გადავდგით ნაბიჯების ნაწილი ჩვენი ხალხის სულიერი დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის. ვხედავ, რომ ხალხი ძალიან უჭერს მხარს ამ ნაბიჯებს. ეს ყველაფერი არ არის. მეტი ნაბიჯი იქნება. უკრაინა არასოდეს გაჩერდება შუა გზაზე“, – თქვა ზელენსკიმ. 1ტვ
-
ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა, რუსეთთან ურთიერთობისას ევროკავშირის სისუსტეები და სტრატეგიული შეცდომები. სანა მარინის განცხადებით, ბლოკმა უნდა მოუსმინოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ. „სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო თქვენთან, ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი, ფინანსური დახმარება გასცა, ბევრი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და ევროპა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი. დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა აყალიბებდა სტრატეგიას რუსეთისთვის – ენერგეტიკის შეძენა რუსეთიდან და ამ ეკონომიკური კავშირების დაახლოება. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ომს თავიდან აგვარიდებდა“, – აღნიშნა სანა მარინმა. 1ტვ
-
ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი. როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, 70-დოლარიანი ზღვარი მოითხოვეს. მოლაპარაკებები ასევე ფოკუსირებული იყო აღსრულებაზე, გამჭვირვალობაზე და ევროკავშირის სანქციების პოტენციურ ახალ ნაკადზე. „ევრონიუსს“ რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იყო პარასკევს, საღამოს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა. მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება „დიდი შვიდიანის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ხერსონის, ანტონოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და უკრაინის ჯარების პოზიციებზე კონტაქტის ხაზის გასწვრივ. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ლიმანსკის და ბახმუტის მიმართულებებში აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაბომბეს რუსი სამხედროების საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციები, საბრძოლო მასალის საწყობები, აგრეთვე ცოცხალი ძალის კონცენტრირების ადგილები. ასევე უკრაინის ავიაციამ პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები დაბომბა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნიან და მასთან შეხვედრას მოითხოვენ. პრემიერისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი. მათი თქმით, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი სახელმწიფოებს შეახსენებს, რომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისთვის აუცილებელია ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომელსაც მაღალი სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური სტატუსი ექნება. „2021 წელს, საქართველომ 33-ე მუხლის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაამტკიცა დადგენილება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ, თუმცა, ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, რადგან ერთი მხრივ, სრულად უგულებელყო აღნიშნულ პროცესში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოსაზრებები და რეკომენდაციები კომიტეტის სტრუქტურის, შემადგენლობისა და მასში შშმ პირთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ. ასევე არ გაითვალისწინა შშმ პირთა კომიტეტის რეკომენდაციები სტრუქტურის თაობაზე, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ“, - წერია განცხადებაში. ხელმომწერები შენიშნავენ, რომ ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინაპირობათა საქართველოსთვის გამოცემულ 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, მე-8 პუნქტი სწორედ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების უფლებების დაცვას ეხება. მათივე შეფასებით, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა. განცხადების ხელმომწერები, მათ შორის, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისათვის, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, საქართველოს უსინათლოთა კავშირი და სხვები, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას - შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ და მასში ასახოს შშმ პირთა წევრების რეკომენდაციები. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ვიქნებით კრიტიკული და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის, 2023 წლის მარტში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში დაგეგმილ, საქართველოს ანგარიშის განხილვას კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ, რათა დავაფიქროთ და შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იგი ვალდებულია, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კონვენციის პრინციპებს პასუხობს და შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 34 ორგანიზაცია და 19 აქტივისტი. 3 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, შშმ პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა: „საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას. ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. -
გერმანიის საგარეო უწყება მზადაა დაიწყოს დევნა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ყველა შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით, დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე. პარასკევს, 2 დეკემბერს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ასევე, მტკიცებულებების შეგროვებას სხვადასხვა იურიდიული დეპარტამენტების მიერ გარკვეული დანაშაულების შესახებ, რომლებიც შედის ქმედებების სიაში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს - ასეთია ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ამიტომ ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ გამოვიყენოთ ისინი ბრალდებისთვის სხვადასხვა საქმეზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ბურბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთის გარდა ვეტოს უფლების მქონე სხვა ქვეყნებიც შედიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჰააგის სასამართლოში მონაწილეები. თუმცა, ისინიც საუბრობენ რუსეთის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობაზე. საუბარი, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებზეა. „მე აუცილებლად მიმაჩნია რუსეთის დანაშაულების დევნა უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობით ომთან მიმართებით. ამიტომ ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფოკუსირება უფრო რთულ დანაშაულზე, როგორიცაა „მოღალატური თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე“, რომელიც მოგვიანებით დაემატა ზოგად სიას“, - თქვა ბურბოკმა. მან ისაუბრა ეჭვმიტანილთა შესაძლო დევნასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სამართლებრივი პრობლემებზეც. „აუცილებელია, რომ ჩვენ ძალიან ზუსტად გავითვალისწინოთ დანაშაულის ყველა ელემენტი და არა მხოლოდ ის, რაც მხედველობაში იქნა მიღებული ადრე და სხვადასხვა პროცესში, სხვადასხვა საგანგებო ტრიბუნალებში - სწორედ ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უპირატესობა და უფლებამოსილება, რომელიც არ უნდა დავარღვიოთ“. გერმანიაში სუვერენულ სახელმწიფოზე მოღალატური თავდასხმა განიხილება, როგორც უკიდურესად მძიმე დანაშაული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. „თუ გვსურს ეს საკითხი სასამართლოში განვიხილოთ, ამ შემთხვევაში, ამოქმედდება საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც ცალკეულ ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობებს, წარადგინონ სასამართლოში ბრალდება ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ახლა საფუძვლიანად განვიხილავთ ყველა არსებულ შესაძლებლობას. ჩვენ ეს საკითხი ჩვენს პარტნიორებთან ეუთოს შეხვედრის ფარგლებშიც განვიხილეთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 21 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს ალიანსის ყველა წევრს „მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფოში არსებული რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა. მანამდე მსგავსი რეზოლუცია მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა. ოქტომბრის შუა რიცხვებში კი ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს და მათ საერთაშორისო პარტნიორებს შექმნან ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს რუსი სამხედროების შესაძლო დანაშაულებს უკრაინის ტერიტორიაზე და საფუძველს ჩაუყრის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დღემდე არ არსებობს ასეთი ტრიბუნალის შექმნის მექანიზმი. უკრაინაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლებასთან ერთად დაიწყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, რომლის წევრიც არ არის რუსეთი. რადიო თავისუფლება -
დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი - რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. ყველაზე მეტად რაიონული ცენტრი დაზარალდა, სადაც 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა. „დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პანელი“, - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო. მისივე თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არც ჩერვონოგრიგოროვკასა და მარგანეცის თემებში მოჰყოლია, სადაც რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი, ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი დაზიანდა. იპნ -
„კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით, 90%-ს კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი აქვს ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის გამო. IPN
-
ტელეკომპანია “დოჟდმა“ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან მას შემდეგ, რაც წინა დღით ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობოს ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს. "დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ „დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევს", - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ. ამ სიტყვებით გამოწვეული სკანდალის შემდეგ, როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნული ფრაზა მოიხსნა ეთერიდან, ხოლო „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ დიადკომ, ბოდიში მოიხადა. მისი თქმით კოროსტილიოვის რეპლიკა „მაყურებლის დაბნევას იწვევს“ და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ „დოჟდი“ რუსეთის ფედერაციის არმიის დახმარებით იყოს დაკავებული. ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობა რამდენჯერმე გახდა ლატვიის მარეგულირებელი ორგანოებისა და ოფიციალური პირების უკმაყოფილების მიზეზი. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები იმ რუკის გამო, სადაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია ნაჩვენები, და ასევე რუსეთის არმიასთან მიმართებაში ნათქვამი სიტყვებით - "ჩვენი არმია" აგვისტოში ცნობილმა ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა მოითხოვა ქვეყანაში „დოჟდის“ ჟურნალისტების მუშაობის აკრძალვა იმ ინტერვიუს გამო, რომელიც რიგის მერ მარტინშ სტაკისისგან ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ აიღო. რეჟისორის უკმაყოფილება, კერძოდ, რიგაში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვებმა გამოიწვია. თუმცა, თავად მერმა განაცხადა, რომ " ინტერვიუ კორექტული იყო.“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ცნობების“ გავრცელებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების გამო, „დოჟდის“ რედაქციამ ჯერ შეაჩერა მუშაობა, შემდეგ კი დატოვა რუსეთი. ხოლო რუსეთში ტელეარხის ვებგვერდი გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაბლოკილია. ტელეარხი მაუწყებლობს რიგიდან, ხოლო ცალკეული სტუდიები ასევე ფუნქციონირებენ ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში.
-
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელ ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, 24 ნოემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (20 000 ლარიანი) შეუფარდა, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით – გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გ.ხ მასთან თანაცხოვრებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. 23 ნოემბერს ბრალდებულ გ.ხ-ს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენტიანი შეღავათი უნდა დაუწესდეთ. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი იუწყება. „ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შეღავათების საკითხი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთში, დაიჭრნენ ან დაიღუპნენ. ასევე, შეღავათები უნდა გავრცელდეს დონბასში რუსეთის სპეცოპერაციაში მონაწილე, დაჭრილი და დაღუპული მოქალაქეებისთვის. მათ ოჯახებს უნდა მიეცეთ შეღავათები, რომ კომუნალური გადასახადების ნახევარი მაინც გადაიხადონ. ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ქელეხსაევმა. დე ფაქტო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა განაცხადა: „რესპუბლიკის დაბალი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ დონბასში დაღუპულთა უახლოეს ნათესავებს, დაიფარება მათი ვალები ელექტროენერგიის, გაზის და ბინის ქირის გადასახადების თვალსაზრისით, ისევე როგორც ყველა საბანკო სესხის დაფარვისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ვფიქრობ, სახელმწიფო ამას შეძლებს“. წინადადებას მხარი დაუჭირა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა, მან დაავალა შესაბამის კომიტეტს, შეისწავლოს საკითხი და უახლოეს მომავალში წარადგინოს წინადადებები. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, რუსეთ-უკრაინის ომში, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, 1000-მდე მოხალისე იბრძვის. აქედან 20-ზე მეტი დაღუპული მებრძოლი ცხინვალში უკვე გადაასვენეს. გარდა ამისა, სამხედროები გაწვეული არიან რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზიდანაც. მე-4 რუსულ ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედროები ცხინვალიდან უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. მე-4 სამხედრო ბაზაის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია და არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის ომშია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფ-ეს-ბე"-ს სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის.
-
ჯაბას ომი, რომელშიც ბავშვობიდან იბრძოდა - უკრაინაში დაღუპული 28-ე ქართველი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„იმედი მაქვს, ხვალ ვნახავ მასაც და მის თანამებრძოლებსაც... კიევში, პანაშვიდზე. საშინლად მტკივა გული“, - მომწერა უკრაინელმა ჟურნალისტი და მებრძოლმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინაში დაღუპული ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერიას შესახებ. 27 წლის მებრძოლი, 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დაიღუპა. ალექსეი ჯაბას შესახებ ბევრს არ ლაპარაკობს. იხსენებს მხოლოდ ერთ დეტალს, რომელიც როგორც თავადვე ამბობს, თითქმის დაუჯერებელი ამბავია, ამბავი „ფანტასტიკის სფეროდან“, რომელიც მას და ჯაბას უკრაინაში, ცხელ წერტილში ყოფნისას გადახდათ თავს. ალექსეი დარწმუნებულია, რომ ჯაბას განსაკუთრებული ყურადღება და მახვილი თვალი რომ არა, დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა. ალექსეიმ ჯაბა თბილისში, ლისის ტბაზე, 2022 წლის პირველ იანვარს, შემთხვევით გაიცნო. ორთვენახევრის თავზე, 15 მარტს კი ისინი უკრაინაში, ირპენის ტყეში, ბრძოლის წინა ხაზზე, ასევე შემთხვევით გადაიკვეთნენ - მიზანში ამოღებული ალექსეი, ჯაბამ ოპტიკური სამიზნედან იცნო: ალექსეი ბობროვნიკოვი ჯაბა ხოფერიასთან ერთად „მეორე დილით მომწერა, გუშინ თქვენ ხომ არ გამოდიოდით ირპენის ტყიდან? მაშინვე გადავურეკე. აღმოჩნდა, რომ ჯაბამ ჩემი სიფათი ოპტიკურ სამიზნეში ამოიცნო და არ მესროლა არ მე და არც ჩემს გვერდში მყოფებს. ჯაბას ნაბრძანები ჰქონდა, რომ გაენადგურებინა მისი მიმართულებით მიმავალი „მტრის სადაზვერვო-დივერსიული დაჯგუფება, რომელიც ტყიდან უნდა გამოსულიყო“. ეს „დაჯგუფება“ ჩვენ ვიყავით. ჯაბას ოცეულში, ოპტიკური სამიზნე მხოლოდ მას ჰქონდა. მისმა სიფრთხილემ, პროფესიონალიზმმა და ადამიანობამ გვიხსნა სიკვდილისგან მარტში მე და ჩემი ოცეული. ეს ასე არ ხდება. ეს არც ანეკდოტია. არც ზღაპარი, არც რომანი. ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩვენი. ნადიმის, გიგის, დათოსი, ყველასი ჩვენი, ვინც იმ დღეს ტყიდან გამოვდიოდით. ჯაბამ ზუსტად ისე ამოიცნო ჩემი სახე სამიზნეში, როგორც მე ვიცნობდი მის სახეს. ჩვენ ასე დავმეგობრდით. დღეს ჯაბა მოკლეს. მორჩა“. ჯაბა ხოფერიას თანამებრძოლებისა და მეგობრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის რამდენიმე ხნის წინ, ხერსონთან, ქიმიური იარაღის შედეგად მიღებული მოწამვლის გართულებებით, პირველ დეკემბერს, კიევში გარდაიცვალა. ნადიმ ხმალაძე, უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, მკურნალობის დასრულების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა და თავს კარგად გრძნობდა: ნადიმ ხმალაძე „მის სიკვდილს არავინ ელოდა. საავადმყოფოში იმკურნალა. თითქოს კარგად იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ქიმიური იარაღით მოწამვლა დიდხანს რჩება ორგანიზმში. ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში ქიმიური იარაღით მოიწამლა, მე ვიყავი, რაც ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ აისახა. ჩვენ რომ გვგონია, რომ მოწამვლა გადის, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. ეს ჯაბას სიკვდილმაც კარგად დაგვანახა“. ძალოსანი ჯაბა ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად ომის პირველივე დღეებში, 27 თებერვალს წავიდა. ჯერ კიდევ გზაში იყო, როცა კლასელს, ქეთა ბაღაშვილს მისწერა თავისი გადაწყვეტილების შესახებ: „27 თებერვალს უკვე კიევში იყო. გაგანია ომში. ჩვენი ხელისუფლება რომ ვერ მიფრინავდა, ამან ომის დაწყებიდან მეორე დღესვე აისხა თავისი აღჭურვილობა და ყველაზე სასტიკ წერტილში წავიდა. ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა არ ეშინია? რანაირად არ ეშინია? რა გული აქვს ასეთი?“ ჯაბა ხოფერია პირველ მასწავლებელთან, იმედა ხაზარაძესთან ერთად ჯაბას ომში წასვლის გადაწყვეტილება ქეთასთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მთელი ბავშვობა ისმენდა ჯაბასგან აფხაზეთის ომში მებრძოლი მამისა და ბიძის თავგადასავალს. 25 წლის ბიძის ამბავს, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა და ჯამბულათს სწორედ მისი სახელი დაარქვეს: „დაგვისვამდა ხოლმე ბავშვებს და გვიყვებოდა ბიძის და მამის გმირობების შესახებ და ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, როგორ შეეძლო არნახულის ასეთი ემოციით გადმოცემა. მეხუთე კლასელს ძარღვები ასკდებოდა საფეთქელზე, როცა რუსეთის ბოროტებაზე გვიყვებოდა და თვალები ენთებოდა საქართველოს და გმირი ქართველების სიყვარულზე ლაპარაკისას. კლასში რომ შემოდიოდა, მერხები ზანზარებდნენ. ასეთი იყო თავიდანვე, დიდი. ჩვენ მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. და ასეც იყო სულ. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი. მერე უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩავთვალე, კლასს კი არა, მთელ საქართველოს გადაეფარა. თავის გვერდზე ეწერა - "როგორ აღესრულა ის? სჯობს გიამბო თუ როგორ იცხოვრა მან"... მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან. გმირულად და სამშობლოს სიყვარულით. და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს“, - ამბობს ქეთა. „წახვედი ჯაბა?“ - მისწერა 28 ნოემბერს ჯაბას არჩილ შარვაშიძემ, უკრაინაში მებრძოლმა და ამჯერად, საქართველოში მყოფმა კიდევ ერთმა ქართველმა. „კი, ხვალ მივფრინავ, ქუთაისიდან“, - უპასუხა ჯაბამ, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ნოემბრის ბოლოს, რამდენიმე დღით საქართველოში იყო ჩამოსული და უკრაინაში 29 ნოემბერს დაბრუნდა. „სანანებლად მექცა, რომ ვერ ვნახე“, - მეუბნება არჩილ შარვაშიძე. „ისე წავიდა, ვერ მოვასწარი ნახვა“... არჩილმა და ჯაბამ ერთმანეთი რვა თვის წინ, კიევში გაიცნეს. კიევში ჩასულ არჩილს ჯაბა დაეხმარა შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებაში. სამხედრო ფორმაც ჯაბამ მიუტანა: არჩილ შარვაშიძე „მე რომ ჩავედი უკრაინაში, ჯაბას უკვე ირპენი ჰქონდა გამოვლილი. რამდენიმე ქართველი, რომლებიც ომის დასაწყისში გარდაიცვალნენ, მასთან ერთად იბრძოდნენ ირპენის მიმართულებით. დაახლოებით რვა თვე ვიყავი უკრაინაში და მასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. იყო მომენტები, როცა სულ ერთად ვიყავით, მაგრამ ძირითადად ჯაბა სულ ცხელ წერტილებში მიდიოდა საბრძოლველად. პროფესიით სამხედრო არ იყო, არ ჰქონია არანაირი სამხედრო გამოცდილება, მაგრამ მებრძოლი სულის ადამიანი იყო. ჯაბა იყო ადამიანი, რომელიც ყველაში უსიტყვო სიყვარულს იწვევდა. ეს ადამიანი ამ რვა თვის განმავლობაში ჩემთვის გახდა ძმაკაცი, მეგობარი. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ჯაბასთვის საქართველოსთვის ბრძოლას ნიშნავდა. ეს იყო მისი მიზანი. ვიცი, რაც ამოძრავებდა ჯაბას“. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯაბას მამამ, არჩილ ხოფერიამ, სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია, აღესრულა უკრაინაში. ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ, დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება. მტრებს ყველაფერი წინ აქვთ. და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე, თქვენ გააგრძელეთ. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია." ჯაბა ხოფერიას თანამებრძოლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი 3 დეკემბერს კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართება. ამის შემდეგ კი დაიწყება მისი საქართველოში გადმოსვენების პროცედურა. ჯაბა ხოფერია რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. რადიო თავისუფლება -
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
-
მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები. „ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. საკმაოდ ვრცელი დასკვნაა და ნაწილი ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჩვენ ყველა ველოდით სანდო სამედიცინო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის მისთვის საუკეთესო. არაერთხელ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მას სჭირდება და რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას მთავრობისადმი, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“,- განაცხადა კელი დეგნანმა. იპნ
-
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა (პოლონეთი) და ბრნოში (ჩეხეთი). „თვითონ შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შეტყობინების მნიშვნელობას“, - აცხადებენ სამინისტროში. გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ვატიკანში, უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს. შეერთებულ შტატებში განთავსებულმა უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით. „არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები ამაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინული მხარე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სამართალდამცავებთან, რათა მუქარის ყველა შემთხვევა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ. ამასთან, უკრაინის ყველა საელჩო და საკონსულო უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზეა გადასული. „მოვუწოდებთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ უკრაინის დიპლომატიური დაწესებულების მაქსიმალური დაცვა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
-
უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას. „უკრაინა ვერ გადალახავს მიმდინარე წელს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე,“ - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გადაუდებელი დაფინანსების სახით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო და ახლახან შეთანხმდა უკრაინასთან საბჭოს მონიტორინგის პროგრამაზე, რომელიც გზას გაუხსნის ფორმალური დაფინანსების პროგრამას. ”ჩვენ სავალუტო ფონდში ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევძლოთ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დამანგრეველი სიტუაციაა ელექტროენერგიაზე, გათბობაზე, წყალზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით - სიბნელით, სიცივით, საშინელი დაბომბვებით“, - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თვეში 1 მილიარდი დოლარით, 4 მილიარდ დოლარამდე, გაზარდა საბიუჯეტო დახმარების ოდენობა, რომელიც ქვეყანას დასჭირდება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა კი განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკმა უკრაინას 18 მილიარდი დოლარი გამოუყო, რომლის დიდი ნაწილი შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან მოდის. მისი თქმით, ის ელოდება, რომ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხის რაოდენობა საკმაოდ გადააჭარბებს მანამდე შეფასებულ 349 მილიარდ დოლარს. IPN