Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს - არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომელიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტიები, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას შეცდომები. „დრო მოვა, როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც დაშვებული იყო საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას თავისი საზღვრები აქვს და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განათავსოს, ან ექსპანსიას და თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ომის ის შედეგი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს. არა, უნდა გაუფრთხილდეს ყველა იმ პატარა ქვეყნების, თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტიები, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და უნდა შეეგუო შენს საზღვარს “,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
  2. ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ. „ჩემთვის უდიდესი პატივია ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდში, ამ რთულ დროს, როდესაც რუსული აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის საფრთხის ქვეშ. ჩვენი საერთო, ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ. აღსანიშნავია, ჩვენი ტრადიციული ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა. ქალბატონ პრეზიდენტს გადავუხადე უდიდესი მადლობა მისი პოზიციის გამო, პოზიციის, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება. ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. მე მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა. პოლონური საზოგადოება და პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს. გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო - „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგება, ალბათ ამ აგრესიულ ისტორიაში“ და პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოს მხარე უკრაინისთვის დახმარების საკითხში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ. ინტერპრესნიუსი
  3. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ - ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან პოლონეთში ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინამ აჩვენა ერთიანობა და ის, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა. „ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი ვარ მიღებისთვის, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ შეხვედრის საშუალება ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა. აქ ვიზიტით ვიყავით 2019 წელს, ამის შემდეგ თქვენ იმყოფებოდით ჩვენ ღონისძიებაზე 2021 წელს და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი შედგება საქართველოში ახლო მომავალში. ჩვენთვის დღევანდელი დღე მართლაც ურთულესი პერიოდია, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვის, მთლიანად ევროპისთვის - ვიტყოდი მსოფლიოსთვის. 10 თევა, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა, მაგრამ არამხოლოდ - მთელმა საზოგადოებამ აჩვენა თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის დაცვა, აჩვენა რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილი - თავისუფლების დაცვა. [გვაჩვენა]რას ნიშნავს ის, როდესაც მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული და მე ამას ვამბობ არამხოლოდ ზოგადად, ამას ვამბობ ასევე საქართველოსთვის, რომ უკრაინის მაგალითი არის - როცა ერთიანია ქვეყანა, პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს ქვეყანა მაშინ არის ძლიერი და შეიძლება ყველაფერს გაუძლოს, და მართლაც, ყველაფერს უძლებს. ამ წუთებშიც ძალიან ძლიერი იერიში არის უკრაინის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში და სხვა ადგილებში, მაგრამ უკრაინა ამასაც გაუძლებს. გაუძლებს თუნდაც იმ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას. უკრაინა ერთიანია იმიტომ, რომ იცის, იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და სამართლისთვის. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ კომპლიმენტებისთვის, რაც ჩემ მიმართ თქვა, მაგრამ მე აქ წარმოვადგენ და ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია“, - განახადა სალომე ზურაბიშვილი. იპნ
  4. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა. უწყების ცნობით, რუსეთი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მასში შედის დონბასისა და ყირიმის რეგიონები, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული. mcm.ge
  5. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8431 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული რეალიზებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს. როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, სააკაშვილი კინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. „რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც იცით, უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ. ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად რეალიზებული იყოს, ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა, იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში“ და ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება, ასე გაგრძელდება შემდეგშიც“, - განაცხადა ბრეგაძემ. მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. „ზოგადად, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ეს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. ჩვენ ასევე, ვიხილეთ ადვოკატის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ დასკვნა კონფიდენციალური იქნებოდა, რომელიც სასამართლოს წარედგინებოდა და არავის ექნებოდა მასზე წვდომა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ყოვლისმცოდნეები“ არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკუთარ შეფასებებს აკეთებენ, რაც რა თქმა უნდა, მართებული არ არის და არც ბოლომდე მორალური და ეთიკური, როცა ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო აქამდე გამოხატული ინტერესი რაც შეეხება უშალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას. ამის კონკრეტული მაგალითია, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, იმის ნაცვლად, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა და ცდილობდნენ, რომ ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილე ადამიანს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, მორალთან ძალიან მწყრალად არის და ნამდვილად მეპარება ეჭვი იმაში, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს პირიქით ეუბნება, რომ შიმშილობა გააგრძელოს, ის გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ სურდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს წითელი ხაზები, ადამიანური და მორალური“, - განაცხადა ბრეგაძემ.
  7. ვირუსული ინფექციების მართვა, შესაძლებელია ბინაზე, ოჯახის ექიმების რეკომენდაციითა და ჩართულობით, - ამის შესახებ ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში, მივიწყებული იყო. „ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდან გამონადენი და ძლიერი ზოგადი სისუსტე - ეს ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია. მისი მსუბუქი და საშუალო სახეობები, მკურნალობის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებებს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასაკისა და დოზების შესაბამისად“, -ამბობს შორენა კიწმარიშვილი. ინფექციონისტის თქმით, ვირუსული ინფექციების მართვა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, ბინაზე მკურნალობით: „ამ ეტაპზე, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება და შესაძლებელია, ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით, ბინაზე გაგრძელდეს მკურნალობა. თუმცა, სიფრთხილე ნამდვილად უნდა გამოვიჩინოთ, მაგალითად, 0-დან 2 წლამდე ბავშვებში - უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს, მისი გართულება კი ხშირია, პნევმონიის სახით. ამიტომ, მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, რომ ბავშვი ბინაზე იმართოს და ჰოსპიტალიზაციას, როგორც დიდების შემთხვევაში, მხოლოდ საჭიროებისას მიმართონ“,- აღნიშნა შორენა კიწმარიშვილმა. შორენა კიწმარიშვილის თქმით, ხშირი მიმართვიანობის მიუხედავად, განგაშის საფუძველი არ არსებობს, თავად სეზონური ვირუსების ცირკულირება კი, 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ინფექციონისტი ამბობს, რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია სახლში დარჩენა. რაც შეეხება პრევენციას, ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო გზა ჰიგიენური ნორმების, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა, ხალხმრავლობაში პირბადის გამოყენებაა და რაც მთავარია, ვაქცინაცაა. შორენა კიწმარიშვილის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
  8. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 11 პირის იდენტიფიცირებულ ნეშტს 8 დეკემბერს დაკრძალავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტში განუცხადეს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტის (8 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე), ოჯახებისთვის გადაცემის და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 7-8 დეკემბერსაა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე; ხოლო იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა გაიმართება 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
  9. მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა. პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა. „ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანაა, რომ აღნიშნული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უფრო დეტალურად გვექნება პრეზენტაცია. უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის, ბალნეოლოგიური კურორტები,“ - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით, ამასთან, საქართველოში ყველაზე პოპულარული ადგილების რეაბილიტაცია-განახლება იგეგმება. „ჩვენ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ჩავდეთ. ჩვენ დავიწყებთ ყველაზე პოპულარული ადგილების - ბორჯომის, ბაკურიანის, ყაზბეგის, მესტიის, წყალტუბოს, ბათუმის ქუთაისის, მცხეთის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას. ასევე, მანგლისი-სიონის და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. იპნ
  10. ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. „დედამიწა მრგვალია - აღმოჩენა გალილეომ გააკეთა. ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, უპირატესობას სასამართლო ასტროლოგებს ანიჭებდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან“, - აცხადებს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ორი რუსული Ту-95 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა და ორი რუსი ჯარისკაცი დაშავდა. იპნ
  11. რუსეთის არმიას სურს დონეცკის ქალაქ ბახმუტის ხელში ჩაგდება არა სტრატეგიული, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ საერთოეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა. „რიგი დანაკარგების შემდეგ, რომელიც მტერმა ხერსონში, ხერსონის ოლქში, მანამდე ხარკოვის ოლქში და ლიმანში განიცადა, იგი ცდილობს ყველა საშუალებით დაეუფლოს ამ ქალაქს, გაარღვიოს თავდაცვის ხაზი და ამით მოახდინოს პირადი შემადგენლობის მოტივირება, აამაღლოს მისი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა. რუსეთის არმია ბახმუტის ხელში ჩაგდებას მრავალი თვის განმავლობაში ცდილობს. აქამდე ექვსჯერ გამოაცხადა, ქალაქის აღების ვადა, მაგრამ "ყველა ჯერზე ჩვენი ჯარისკაცები თავიანთი გმირული საქმიანობით ფუშავდნენ მტრის ჩანაფიქრს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან (რუსეთის არმია-რედ.) მაქსიმუმ 5 კილომეტრით შეძლო წინ წაწევა“, - აღნიშნა უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების სარდალმა. 5 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები შეტევითი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენდნენ ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში ყველაზე ცხელი და მტკივნეული ადგილებია ბახმუტი და სოლედარია. რადიო თავისუფლება
  12. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ. ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები უკრაინის ცაში. მარტში დღეში 300 გაფრენა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულით შემოიფარგლება. დღეისთვის რუსეთს შესაძლოა დაკარგული ჰქონდეს 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის არის გასული კვირის დანაკარგი - გამანადგურებელი-ბომბდამშენი Su-24M და მოიერიშე Su-25. სავარაუდოდ, თვითმფრინავები უფრო იშვიათად დაფრინავენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხრიდან გაზრდილი საფრთხის, ამინდის გაუარესებისა და საფრენი დროის შეზღუდვების გამო. ვინაიდან სახმელეთო იერიშებში რუსეთის ტაქტიკა ძირითადად ემყარება ვიზუალურ ამოცნობას და უმართავ ჭურვებს, ამ იერიშების დონე დაბალი იქნება ზამთრის ცუდი ამინდების პირობებში, შენიშნავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ანგარიშში. რადიო თავისუფლება
  13. ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა. „თებერვალში [რუსეთის] შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა“, - წერს FT. უკრაინამ განაცვიფრა მსოფლიო, როცა კიევის შტურმი მოიგერია და კონტრიერიშზე გადავიდა დონბასში, აღნიშნავს გამოცემა. მან უკან დაიბრუნა რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული ტერიტორიის ნახევარი. ახლა კი, ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინის ჯარები სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით მიიწევენ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის დონბასისა და ყირიმის გასათავისუფლებლად. „როგორც უინსტონ ჩერჩილი გამოდიოდა რადიოთი, რათა შეეკავშირებინა თავისი ქვეყანა ბლიცკრიგის დროს, ზელენსკიმ სოცქსელები გამოიყენა, რათა დაუღალავად ცდილიყო დასავლეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღებას. მან თავისი ხალხის გასაჭირი ევროპისა და აშშ-ის ლიდერებზე ზეწოლის მორალურ ბერკეტად აქცია“, - შენიშნავს Financial Times-ი. „ზელენსკი ამავე დროს იქცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და უდრეკობის განსახიერებად. სწორედ ამ მიზეზების გამო აღიარა Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“, - ასკვნის ბრიტანული გამოცემა. რადიო თავისუფლება
  14. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტევა ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა. ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება. ამასთან, 5 დეკემბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა კრივოი როგი დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით 64-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი. საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში განახორციელეს ორი სარაკეტო და ასევე, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 10-ზე მეტი დარტყმა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ავტორი - გივი ბარამიძე
  15. აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს აღიარებაზე კონგრესთან მუშაობს,- ამის შესახებ ასშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ჩვენ ახლა კონგრესთან ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება, გადავლახოთ ზოგიერთი გამოწვევა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის გამოყენებისას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ სხვადასხვა ზომას, რომელთა მიღებაც შეგვიძლია, რათა საჭიროების შემთხვევაში გავაძლიეროთ ზეწოლა“, – განაცხადა ბლინკენმა. როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, პუტინი შეეცადა, რუკიდან გაექრო უკრაინა და მისი იდენტობა, მიეკუთვნებინა ის რუსეთისთვის და წარუმატებლობა განიცადა. „შემდეგ მან მიიტაცა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ტერიტორია და აქაც მარცხს განიცდის, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები აიძულებენ უკან დახევას და ათავისუფლებენ პუტინის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. ახლა კი ის ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას – თიშავს დენს, გათბობას, სიბნელესა და სიცივეში ტოვებს უკრაინელ ხალხს, რომელთაც წინ ზამთარი ელით. ეს ნამდვილი ბარბაროსობაა“, – განაცხადა ბლინკენმა. ავტორი - სალომე თორაძე
  16. შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აბდურახმანოვზე თავდასხმა ორი წლის წინათაც განხორციელდა. როგორც ოპოზიციურ მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და, მოპოვებული ცნობებით, გარდაცვალების ფაქტი დასტურდება, მისი ძმა მუხამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს. მედიის ცნობით, შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებში ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ძმები კონტაქტზე 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გამოსულან, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ბლოგერი და კადიროვის კრიტიკოსი, შესაძლოა, მოკლეს. ავტორი - სალომე თორაძე
  17. პოლონეთში საქართველოს ელჩი ზურაბ ბერიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები. მისი თქმით, პოლონეთი ისტორიულად ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ასეთი პოზიცია. „საქართველოს პრეზიდენტს ქალაქ ვარშავაში შეხვედრა ექნება პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. რასაკვირველია, განხილული იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, პოლონეთის, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია. პოლონეთი, ტრადიციულად, ისტორიულად ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, ამ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ დადასტურდება პოლონეთის ასეთი პოზიცია“, – აღნიშნა ბერიძემ. ელჩის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. „გაიმართება პარაკლისი, იქნება შეხვედრები და გამოსვლები ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმში. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. ასევე გათვალისწინებულია მიღება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რომელსაც დაესწრებიან კრაკოვის რეგიონის ოფიციალური პირები. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს ევროინტეგრაციას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. პრეზიდენტ დუდას განცხადებებში ეს მხარდაჭერა ყოველთვის გამოკვეთილია და ნათელი“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. ავტორი - გიორგი კობერიძე
  18. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე. დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, ამ ომში, რაც არის ჩვენთვის ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში. მინდა, განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით. ჩართული იყვნენ უშუალოდ საელჩოები, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ხარჯებს სრულად ფარავს ხელისუფლება. მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები. მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, იქნებოდა ეს აგვისტოს ომი, აფხაზეთის, თუ სამაჩაბლოს ომი. ყველა სამხედრო პატივითაა დაკრძალული. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ავტორი - ანა ბროლაძე
  19. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. „მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
  20. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. ,,პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია. იმედი მაქვს, რომ ეს ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდება", - განაცხადა ზურა ბერიძემ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
  21. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა, კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს და ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოუწოდებენ გამოიკვლიონ, რამდენად დაირღვა კანონი აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას. „2022 წლის 18 აპრილს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია საკუთარი შენობა არ აქვს, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია” და აქვე აღნიშნა, რომ სამინისტროს ახალი შენობა ორთაჭალაში აშენდება, სადაც სამინისტრო ყველა თავისი სსიპ-ით განთავსდება. ეკონომიკის სამინისტრო გია ჭანტურიას ქუჩის 12 ნომერში იყო განთავსებული და მისი შენობა 2015 წლის ივნისში აუქციონზე გაიყიდა. სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებებმა შენობა 2015 წლის ბოლოს დატოვეს. 2016 წლიდან სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე, ნაქირავებ ფართში გადავიდა. 2016-2018 წლებში სამინისტრომ შენობის ქირაში 4.4 მლნ ლარი გადაიხადა. 2018 წლიდან, ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატი იუსტიციის სახლში გადავიდა, სადაც ადრე ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული. როგორც აღვნიშნეთ, საკუთარი შენობის 7 წელი არქონის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ერთ, ახალ შენობაში განთავსება მიმდინარე წლის აპრილში გადაწყდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 31 მაისის 1-1/240 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ახალ ადმინისტრაციულ შენობაში უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნის მიზნით, ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი სსიპ-ების საჭიროებების შესახებ მონაცემები შეისწავლა. ამავე წლის 14 ივლისს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ ეკონომიკის მინისტრმა ახალი შენობის მშენებლობისათვის არქიტექტურულ/სამშენებლო პროექტის შემჭიდროებულ ვადებში მომზადება და სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ერთიანი ადმინისტრაციული შენობით უზრუნველყოფა დაავალა. „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ 2022 წლის 16 აგვისტოს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან“ სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო არქიტექტურულ/საპროექტო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა მოითხოვა, რომელიც დაუკმაყოფილდა. გამარტივებული შესყიდვის წინაპირობად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში მომზადება დასახელდა. რამდენიმე სახელმწიფო უწყების ერთ შენობაში განთავსება და ამ გზით კომუნალური და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უწყებების ერთ მისამართზე განთავსება, სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას 7 წელი დასჭირდა, გაუგებარია, გამარტივებული შესყიდვით 1 ან 2 თვის დროის პერიოდის მოგება რატომ გახდა პრიორიტეტული. გამარტივებული შესყიდვის დროს არ ტარდება კონკურენტული ტენდერი, სადაც მიმწოდებლები საუკეთესო წინადადებებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, შემსყიდველი პირდაპირი გზით აფორმებს კონტრაქტს მიმწოდებელთან. გარდა იმისა, რომ გამარტივებული შესყიდვა თანხის დაზოგვის არაეფექტიანი გზაა, მიმწოდებელი კომპანიის შერჩევა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც კორუფციული გარიგების რისკს ზრდის. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების კონტრაქტი, გამარტივებული შესყიდვის (შესყიდვის ნომერი: CMR220123536) გზით შპს „მიდამოს“ გაუფორმა. შპს „მიდამო“ 2017 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ჭყონიაა, რომელმაც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი შესწირა, 2020-2021 წლებში კი უშუალოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ - 120,000 ლარი. ჯამში, მან სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ 180,000 ლარი გაიღო. 2022 წლის ოქტომბრამდე შპს „მიდამოს“ ან გიორგი ჭყონიას სხვა კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. გარდა იმისა, რომ შპს „მიდამოს“ მფლობელი სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველია, ის ხელისუფლების წევრებთან დაახლოებული პირია. 2016 წლის თბილისის საკრებულოს პრესრელიზიდან ირკვევა, რომ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტი „პანორამა თბილისის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. პროექტი კომისიის სხდომაზე არქიტექტორმა გიორგი ჭყონიამ (ამჟამად „მიდამოს“ მფლობელმა) და პროექტის მენეჯერმა ირაკლი ქარსელაძემ წარმოადგინეს. ირაკლი ქარსელაძე იმ დროს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და საკრებულოს სხდომაზე სწორედ აღნიშნული ფონდის პროექტები განიხილეს. 2021 წლის თებერვლიდან ირაკლი ქარსელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია. ზემოთმოყვანილი გარემოებები, ჩვენი აზრით, შესაძლოა კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოიკვლიონ, რამდენად დაირღვა კანონი აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  22. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებს მწუხარებას ქართველი ჯარისკაცების უკრაინის ომში დაღუპვის გამო, სპეკულაციაა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიებში იღუპებოდნენ, ოპოზიციას გლოვის დღის გამოცხადების ინიციატივა არ ჰქონია. მისივე თქმით, მთავრობამ დაღუპულებისადმი პატივისცემა ცალსახად გამოხატა, როდესაც მათი სამხედრო წესით დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. „მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თითოეული დაღუპული თანამემამულის ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინაში, რომელსაც, დღეის მდგომარეობით, ჩვენი 33 მოქალაქე შეეწირა. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მწუხარებას, მიუღებელია. მეტსაც გეტყვით, სახელმწიფომ დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა ცალსახად გამოხატა, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეული მათგანი სამხედრო პატივით დაიკრძალოს. საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს, ეს არის სპეკულაცია და არასწორი ინფორმაცია. ეს განცხადებები განსაკუთრებულად მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომლებმაც 2008 წელს ჩვენი ჯარისკაცები შუა ომში მიატოვეს. რაც შეეხება გლოვის დღეს - გამახსენეთ, რამდენი ქართველი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში სხვადასხვა ოპერაციის დროს. არ მახსოვს, ჩვენი ოპონენტებისგან და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან ერთხელ მაინც წამოსული ინიციატივა, რომ მათ დაღუპვასთან დაკავშირებით გლოვის დღე გამოცხადებულიყო. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა. არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც გარდაცვლილი თანამემამულეების სახელით მსგავსად სპეკულირებენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
  23. ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, სჯობს, ყველა მოემზადოს იმისთვის, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება. „სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის მარცხისთვის, ნაცვლად მცდელობისა ახსნათ, რატომ არ შეუძლია უკრაინას მოგება, ან რატომ არ უნდა მოიგოს მან“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. იპნ
  24. რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოაგროვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუს ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისთვის „გამარჯვების“ წარმოჩენა შეძლოს. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტს ვერ აიღებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი რუსულ ჯარს ბახმუტთან და სლავიანსკთან პრობლემებს უწინასწარმეტყველებს. „ნათელი მოვლენები, რა თქმა უნდა, გვაქვს დონბასში. ბევრს არ ესმის, შემიძლია, ავხსნა. თუ პუტინი, თავისი გეგმებისამებრ, ლუგანსკიდან ისევ გამოგვაგდებს და დონეცკის რეგიონს მთლიანად დაიკავებს, მაშინ ის შეძლებს ომის გამართლებას. ის იტყვის, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესები არასოდეს გასულა ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების გარეთ. ჩვენ დავიცავით ისინი, მივიღეთ ისინი რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ თავდასხმა კიევზე, ხერსონზე, ხარკოვზე – ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების და ნატო-ს დამარცხების მიზნით. მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სურდათ არა მხოლოდ ყირიმში წასვლა, არამედ ბელგოროდის აღებაც. აი, მესამე თვეა, ბახმუტს ურტყამენ. მათ იქ მოათავსეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ჩვენი ექვსი ბატალიონის წინააღმდეგ რუსული ბატალიონის 40 ტაქტიკური ჯგუფია. თუ ისინი სამი თვის განმავლობაში წავიდნენ იქ ასეთი თანაფარდობით, შემდეგ სამი წელი დასჭირდებათ სლავიანსკში მისასვლელად. ომი დასრულდება, ვიდრე ისინი სლავიანსკს მიაღწევენ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  25. "თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი. დიდება გმირებს!", - წერს სოციალურ ქსელში წერს შოთა არველაძე.
×
×
  • შექმენი...