Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას. როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე საქმიანობას, რაც ხელს უწყობს ამ პერსპექტივის განხორციელებას. „მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროკავშირის გაფართოების თემა სლოვაკეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს ჩვენი ახალი გამოწვევაა ევროკავშირში მეზობელი უკრაინის გაწევრიანება. არ შეიძლება დავივიწყოთ სხვა ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს და რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს აღნიშვნა, რომელმაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე სურვილი ოფიციალურად გამოხატა. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაზრდა რათა აუცილებელი კრიტერიუმები შესრულდეს ", - აღნიშნულია სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
  2. არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკაში არ მოხდება, პროგრესი არ იქნება. „არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკაში და არამხოლოდ კანონით, არ იქნება პროგრესი და დემოკრატიული საქართველო“,- წერს გახარია.
  3. უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. 25 წლის ჯამბულატ ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა. ავტორი - თეა აბსარიძე
  4. თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
  5. მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პატარა სანდროს პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა: "ეს საუკეთესო თვე იყო. ახლა ჩვენ სანდროს მშობლები ვართ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, სიყვარული არასდროს ყოფილა ასე ძლიერი... თუმცა ტანჯვაც ნამდვილია! ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორის, და ჩემი პატივისცემა ასევე მარტოხელა დედებს. და მოფერება სულ სხვაა..." როგორც ცნობილია, ქეთის პირველი ოჯახი ცნობილ სპორტსმენთან დაინგრა და მეორე ქორწინებაში ბედნიერია.მისი მეუღლე ოლივერი მეცნიერია, დოქტორი, ნახევრად ქართველი. MSHOBLEBI.GE
  6. უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 15 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. „10 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილს ირანული წარმოების Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ქვედანაყოფებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 10 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს,“ - აცხადებენ სარდლობაში. მათივე ინფორმაციით, 4 დრონი ხერსონის ოლქის თავზე, 4 - მიკოლაივის ოლქის თავზე, 2 - კი ოდესის ოლქის თავზე ჩამოაგდეს. იპნ
  7. იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე და მომავალ აქციებზე - ამით „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე - თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებს, ოპოზიცია აქციებს აანონსებს. დაუშვილის თქმით, ნაცვლად რეალური საკითხებისა, ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზეა გადატანილი. „ვფიქრობ, ყველაზე მეტად ვინც დღეს “ქართულ ოცნებას” ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, ქვეყნის მომავალზე, ევროინტეგრაციაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც „ოცნებას“ აქვს ევროინტეგრაციის კუთხით, ვსაუბრობთ ყველაფერზე - „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე შიდა პროცესებზე, ვინ გახდება ახალი თავმჯდომარე და მომავალ აქციებზე. ამ ყველაფრით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას” ეხმარება, რადგან ნაცვლად რეალური საკითხებისა, ყურადღება გადატანილია მეორეხარისხოვან საკითხებზე“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. „ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში უყურებ ადამიანს, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს. მაგრამ, აქვე უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა სრულად „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ვისზე გადაბრალებაც არ უნდა სცადოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მაინც მათი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
  8. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაერო-ს წევრმა-სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის საერთაშორისო ვალდებულება დაამკვიდრეს და განამტკიცეს თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის და ღირსეული ცხოვრების პრინციპები, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად. „საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული, მრავალკულტურული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის პრინციპების ერთგული რჩება და სწორედ ამ პრინციპების დაცვასა და ცხოვრებაში გატარებას ისახავს მიზნად როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომლის უმთავრესი ღირებულება და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი უფლებების პატივისცემა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვა ითვალისწინებს მათზე ზრუნვას, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ასევე უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ცალკეული რეგიონების ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია ადგილზე წვდომის შესაძლებლობას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა კვლავ ებრძვის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებს, საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ჩათვლით, რაც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და საერთაშორისო მექანიზმს, რათა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობაზე და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაღრმავებას. სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი უფლებები და ინტერესები უდევს საფუძვლად დეპოლიტიზებულ, სტატუს-ნეიტრალურ და ადამიანზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევების ფონზე და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში, საქართველოს მთავრობა განუხრელად განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან და თანმიმდევრულ განხორციელებას, რაც კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზას წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას, რაც ერთ-ერთი მთავარი საყრდენია დემოკრატიული წინსვლისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
  9. რუსეთის კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანსკში, სამხედრო კომისარიატის უწყება 12 წლის ბიჭმა მიიღო. ამის შესახებ იუწყება გამოცემა „სიბირ რეალიი“, სოციალურ ქსელ "ВКонтакте"-ს ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ ადრესატი ექვემდებარება პირველად სამხედრო აღრიცხვას, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ რუსეთის კანონის შესაბამისად. „სიტუაცია ასეთია: 12 წლის ბავშვმა მიიღო უწყება ქალაქის სამხედრო კომისარიატიდან. თუკი მეხსიება არ მღალატობს, პირველადი აღრიცხვა 16-17 წლის ასაკში უწევთ... ჩნდება შეკითხვა - რატომ სთხოვენ ბავშვს, გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში და დადგეს აღრიცხვაზე? “, - კითხულობს პოსტის ავტორი. სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი კომენტარებში აღნიშნავს, რომ უწყება მიიღო მისი ნაცნობის 5 წლის ბავშვმაც. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად, სამხედრო აღრიცხვა სავალდებულოა მამრობითი სქესის ყველა პირისთვის, იმ წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე, როდესაც მათ უსრულდებათ 17 წელი. radio tavisupleba
  10. რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილ წამყვანს, ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ განცხადებას გამოცემა „დელფი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, კოროსტელევი შავ სიაში შეიყვანეს ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით. როგორც „დელფი“ წერს, კოროსტელევი საქართველოში მუშაობდა. მას არ აქვს ლატვიის ვიზა ან ბინადრობის უფლება, ამიტომ ლატვიის ხელისუფლებას მისი პასუხისგებაში მიცემა არ შეუძლია. მედიის ინფორმაციით, რუს ჟურნალისტს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს. პირველ დეკემბერს „დოჟდის“ წამყვანმა ტელეეთერით მიმართა მაყურებლებს და მოუწოდა, გამოუგზავნონ ტელეკომპანიას ინფორმაცია რუსეთში მიმდინარე მობილიზაციის პროცესში შესაძლო დარღვევების შესახებ. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს ჩვენ დავეხმარეთ, მაგალითად, ფრონტზე ელემენტარული პირობების გაუმჯობესებით“, – განაცხადა კოროსტელევმა. ამის შემდეგ ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიერ რუსეთის არმიის შესაძლო დახმარების საკითხზე. 6 დეკემბერს კი, ლატვიის მარეგულირებელმა რუსულ ტელეკომპანიას ლიცენზია გაუუქმა. ავტორი - ლევან ახალაია
  11. ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სტატისტიკური მონაცმებით, ყველაზე მეტი – 3,5 მილიარდი ევრო ბელგიამ გაყინა. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით. ამ სიაში არის ასევე მალტაც, სადაც უკვე დაბლოკილია 150 ათასი ევრო. ეს თანხა მოიცავს უძრავი ქონების ღირებულებას, ასევე იახტებს, ვერტმფრენებს და ხელოვნების ნიმუშებს. ასევე ამ დრომდე გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 300 მილიარდი ევრო. როგორც გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ბრიუსელში ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება. 1tv
  12. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „შეიძლება, ყველაფერი ისე არ წავიდეს და რუსეთი-ნატო-ს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია“. ამის შესახებ ნორვეგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ციტატას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომაში არ შევიდნენ. „საქმე თუ არასწორად წავა, მაშინ შეიძლება, ის საშინლად ცუდად წავიდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ნატო-სა და რუსეთის ომი „რეალურად შესაძლებელია“. ავტორი - ლევან ახალაია
  13. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება. გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად, არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 9 დეკემბერს გავრცელდა.
  14. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორი ქვეყანა დრონების ერთობლივად წარმოებასაც აპირებს. მათივე ცნობით, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც მოსკოვს აქვს. თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები დაუწესეს ირანის სამ მოქალაქეს და ერთ კომპანიას, რომელიც რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონებს აწვდის. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა საზიანო იქნება უკრაინისთვის, ასევე ირანის მეზობლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ავტორი - ლევან ახალაია
  15. რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. „რუსებმა ორ თემს დაარტყეს - ნიკოპოლსა და მარგანეცს. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზიანდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა დაშავდა», წერს რეზნიჩენკო. მისი თქმით, ქალაქში 11 მრავალსართულიანი და კერძო სახლი დაზიანდა. რუსულმა ჭურვებმა ასევე დააზიანა საბავშვო ბაღი, ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ავტოსამრეცხაო, ავტოსადგომი, რამდენიმე ავტომობილი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.
  16. თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის პლოსჩანკას, ნევსკოეს, ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის იაკოვლევკას, ბახმუტსკოიეს, პოდგოროდნოიეს, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, დრუჟბაბე, პოდუმოვკას, და ნოვომიხაილოვკას მიდამოებში. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 20-მდე საჰაერო დარტყმა, ასევე 60-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების 4 სამეთაურო პუნქტსა და პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს. იპნ
  17. ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული სულ მცირე, ოთხი ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩხრეკის სერიის განმავლობაში პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო, წერს გამოცემა Politico. ბელგიის პროკურატურა დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გამოცემა Le Soir-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ევა კაილი, საბერძნეთის სოციალისტური პარტია PASOK-ის წევრი. საბერძნეთის პრესამ უკვე გამოაქვეყნა PASOK-ის განცხადება კორუფციაში ბრალდების გამო კაილის პარტიიდან გარიცხვის შესახებ. მანამდე, კატარის შრომის მინისტრთან შეხვედრაზე, ევა კაილიმ კატარს უწოდა "მოწინავე ქვეყანა მშრომელთა უფლებების თვალსაზრისით", მიუხედავად საერთაშორისო ინსტანციების არაერთი განცხადებისა კატარში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას მუშების უფლებების დარღვევის შესახებ. კიდევ ერთი ბელგიური გამოცემა, Knack-ი წერს, რომ ქვეყნის ფედერალური პროკურატურა ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციას ივლისის მერე იძიებს. პროკურატურის წარმომადგენელმა, ერიკ ვან დუისმა განაცხადა, რომ უწყება ეჭვობს, რომ "სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოს" აქვს მცდელობა, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე - კერძოდ, ქრთამებისა და მისი ოფიციალური პირების მოსყიდვის გზით. ასევე, მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, ლუკა ვისენტინი და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი იტალიიდან, პიერ ანტონიო პანცერი. ექსპერტების აზრით, კატარის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას დადებითი იმიჯი მათი ქვეყნისა, რომელსაც ბრალს სდებენ ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვან, სხვათა შორის, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ლგბტ+ თემის წევერებისა და სპორტული ობიექტების მშენებლობებზე მომუშავეების უფლებების დარღვევაში. ევროპელი ოფიციალური პირები დაინტერესებულები არიან კარგი ურთიერთობებით კატართან - მსოფლიოში გაზის ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელთან, განსაკუთრებით რუსეთთან "გაზის ომის" ფონზე, რომელიც უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ დაიწყო. რადიო თავისუფლება
  18. ოკუპანტებმა ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია”, - განაცხადა ზელენსკიმ. ქვეყნის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ მიმართულებებით ფრონტზე იმყოფებიან და მტერში დანაკარგს იწვევენ. იპნ
  19. არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა. „რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში, რომ თუკი უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შედის ვინმე ... წარმოიდგინეთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში რომ შევიდეს ვინმე, საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაკარგოს, თუ არ უნდა დაკარგოს? გამოყოფილი ხომ არ არის, კანონმდებლობა ხომ არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის განსხვავებას, მე სამართლებრივად ავხსენი და ჩემი ეს ნათქვამი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების, დაიჩეხა. ჩვენ არ დაგვისვამს, არავის არ დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი... პირიქით, ის ხალხი ვინც გულწრფელად ფრონტის წინა ხაზზეა, კამერებთან არ ჩნდება, იბრძვის, ეს ნამდვილად გმირული საქციელია. ეს მოიჭრა და თითქოს ჩვენ დავიწყეთ მცდელობა, რომ ვინმეს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი. არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. დაისვა შეკითხვა, კანონმდებლობა რას ითვალისწინებს და გაეცა ამას პასუხი, დავასრულოთ ახლა, დაასრულეთ ეს საკითხი, რისი მიღწევა გინდათ?! თუ დადგება ეს საკითხი, შემდგომ ვიმსჯელოთ, რა უნდა მოხდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის, საერთაშორისო შეთანხმებების და კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ საერთაშორისო შეთანხმება იქნება თავსებადი ჩვენს კონსტიტუციასთან, ვიხელმძღვანელებთ კონვენციებისა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად. რაც დღის წესრიგში არ დგას, ის საკითხი რატომ გინდათ გააქტიუროთ?"- განაცხადა ოხანაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამ თემაზე პირველად საჯარო სივრცეში მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და რას ემსახურება ახლა ამ საკითხის გააქტიურება, ოხანაშვილი პასუხობს, რომ საკითხი მდინარაძის განცხადებამდე სხვებმა გააქტიურეს, თუმცა, ვინ - არ ასახელებს. "ეს საკითხი მამუკა მდინარაძის განცხადებამდე გააქტიურდა სხვადასხვა პირების მხრიდან. შეგიძლიათ გაეცნოთ, ბევრი სივრცე და პლატფორმა არსებობს. მე არ ვაპირებ დავასახელო ვისგან, ჟურნალისტები ხართ და თქვენით შეგიძლიათ მოიკვლიოთ. გააქტიურეს მიზანმიმართულად, პროვოკაციულად და აქ გასაგებია, იკვეთება "ნაციონალური მოძრაობის" კვალი. ჩვენი მხრიდან იყო შეკითხვაზე პასუხი",- განაცხადა ოხანაშვილმა. ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ფარცვანიასა და მამუკა მდინარაძის მიმოწერას და ურთიერთშეურაცხყოფას ეხება და აღნიშნა, რომ შეურაცხყოფის თმენის ვალდებულება არავის აქვს. "როცა ვინმე არ იზიარებს შენს პოზიციას და გაკრიტიკებს, ეს არის დემოკრატიული სამყაროსთვის მიღებული ფორმა, ამის პრობლემა არ აქვს არავის, მაგრამ როცა ამ ზღვარს გადადიან და ეს არის შეურაცხყოფა, იქ თმენის ვალდებულება ვინმეს, რომ უბინძურესი პროვოკაცია და შეურაცხყოფა აიტანოს, არ აქვს. აქედან გამომდინარე ყველას კანონით დადგენილი წესით გაეცემა ადეკვატური პასუხი. ვინც გადააბიჯებს კანონის ზღვარს, კანონის შესაბამისად პროპორციულად გაეცემა პასუხი",- განაცხადა ოხანაშვილმა. ცნობისათვის, განცხადება იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს ქმნის თავდაპირველად "იმედის" ეთერში მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მან მოგვიანებით მედიასთან განმარტა, ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ვინმეს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება. მისივე თქმით, მოქალაქეობა პირმა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკარგოს, თუ ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ ეს პირი სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ირიცხება. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონი არ ეხება მოხალისეებს. "აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად, ვინ რა თემას ააქტიურებს, ეს მე არ ვიცი",- განაცხადა კობახიძემ. იპნ
  20. კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყანა პოლიტიკური კორუფციის, ნეპოტიზმის სავანედ გადააქცია, სადაც, ხელისუფლება ქმნის ანტიკორუფციულ, "დამოუკიდებელ" სააგენტოს, კორუფციის გამოძიების უფლებამოსილების გარეშე, სადაც საკრებულოებში მერები უბრალოდ არც კი დადიან იმისთვის, რომ გააქარწყლონ კორუფციული ეჭვები, არ დგამენ ეფექტიან ანტიკორუფციულ ნაბიჯებს და თვითკმაყოფილებას მიცემული ""ყველაფერი კარგადაა"-ს პრინციპით განაგრძობენ ქვეყნის ინსტიტუტების გამოყენებას პირადი და პარტიული მიზნებით. პრემიერ-მინისტრმა, ამ ბაქი-ბუქს, ჯობს გააკეთოს განმარტება, რატომ არ უერთდება OECD-ს საშემფასებლო ანგარიშის მე-5 რაუნდს ჩვენი ქვეყანა.", - წერს ბექა ლილუაშვილი.
  21. მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ მიიჩნია ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს ვიდეოჩართვა უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ. 8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად გაიმეორა იაშინის ის სიტყვები, რომლებიც მან ჩართვისას თქვა, მათ შორის - ფრაზა: „ვფიქრობ, რომ შეეცდებიან ბევრი ადამიანი დაადანაშაულონ „ყალბი ცნობების“ გავრცელებისთვის“. 9 დეკემბერს იაშინის მხარდასაჭერად სასამართლოში ათობით ადამიანი მივიდა. სასამართლო დარბაზში შესვლა ყველამ ვერ შეძლო - სხდომის პირდაპირი ტრანსლირება ცალკე ოთახში იყო ორგანიზებული. პროკურატურის ინფორმაციით, იაშინმა დანაშაული 7 აპრილს იუტუბზე პირდაპირ ეთერში ჩაიდინა. ოპოზიციის ლიდერმა მოიყვანა მტკიცებულება, რომ ბუჩის მცხოვრებლები რუსმა სამხედროებმა დახოცეს, მაგრამ ასევე მიმოიხილა რუსული მხარის არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები არ მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში და მომხდარი ყალბია. განაჩენის გამოცხადების შემდეგ იაშინის სახელით ტელეგრამის არხზე მიმართვა გამოქვეყნდა. “ჩვენ სიმართლე ვთქვით ომის დანაშაულებზე და გამოვთქვით მოწოდება სისხლისღვრის შეწყვეტისკენ“, - წერს იაშინი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ განაჩენით, „ხელისუფლებას სურს ყველა დაგვაშინოს, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ სისუსტეს აჩვენებს. ძლიერი ლიდერები მშვიდები და თავდაჯერებულები არიან და მხოლოდ სუსტები ცდილობენ ყველა დაადუმონ, ყოველგვარი განსხვავებული აზრი მოსპონ. ასე რომ, დღეს შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც ითქვა ჩემი დაკავების დღეს: მე არ მეშინია და თქვენც ნუ გეშინიათ“, - განაცხადა იაშინმა. ორშაბათს სასამართლოში, თავის ბოლო სიტყვაში, იაშინმა თქვა, რომ მზად იყო პატიმრობისთვის. ”არაფერს ვნანობ”, - აღნიშნა მან. ”შემეძლო გავქცეულიყავი, შემეძლო გაჩუმება. მაგრამ მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. უკეთესია ათი წელი გისოსებს მიღმა გაატარო და დარჩე პატიოსან ადამიანად, ვიდრე მდუმარედ სირცხვილმა დაგწვას იმისთვის, რასაც შენი სახელით სჩადიან", - თქვა მან. ევროკავშირმა იაშინის განაჩენის გამოტანის წინა დღეს კვლავ მოითხოვა მისი და რუსეთის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუ რადიო თავისუფლება
  22. სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან გაგარინის ქ. N29-მდე იმოქმედებს. მათივე ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი გადაადგილებას შეძლებს გაგარინის ქ. N29ა-მდე (საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე). „დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც გალაკტიონის, ასევე ბარათაშვილის ხიდები, ხოლო მარშალ გელოვანის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედნიდან, გაგარინის ქუჩის გამოყენებით. გარდა ამისა, 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე გაგარინის ქუჩაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ისაკაძის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი ჩაიკეტება. მარშალ გელოვანის გამზირისა და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო გოთუასა და შარტავას ქუჩების გამოყენებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჟვანიას მოედნის მიმართულებით. აღნიშნული სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება და ტრანსპორტის გადაადგილება დღის განმავლობაში არ შეიზღუდება“, – აცხადებენ მერიაში.
  23. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6848 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  24. დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, ტარანად, აგრძელებს რა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაქირავებულების გაგზავნას, დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს“, - აღნიშნა პუტინმა. მისი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ნატოს აგრესიულ გაფართოებაზე ფსონი დადო, და ფაქტობრივად, გაანადგურა ათწლეულების მანძილზე შექმნილი სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა. „დასავლეთი აწესებს უკანონო სანქციებს, იყენებს „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგიებს და აჩაღებს სამხედრო კონფლიქტებს“, - აღნიშნა პუტინმა. იპნ
  25. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობამ გენერატორების უმოკლეს ვადაში შესყიდვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაავალა. არც პრესსამსახური და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებენ, რამდენი გენერატორი გაიგზავნება უკრაინაში საქართველოდან. "ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში არასოდეს არ აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს და მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. 26 000 ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, ვინც დღეს ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, იღებს სათანადო მხარდაჭერას ფინანსური კუთხით, ასევე შესაბამის მხარდაჭერას საგანმანათლებლო მიმართულებით და სამედიცინო კუთხით. 2 345 ახალგაზრდა დღეს საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სწავლობს, მათ შორის 1 565 უკრაინულ ენაზე. 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია შესაბამისი მხარდაჭერა რეფერალური პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. 1 დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც საქართველომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 23 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს არ შეჩერებულა და გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რაც სხვადასხვა უწყებაში შევიდა. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ", - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე ამ თემაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში. უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ. პარალელურად, საქართველოს მოსახლეობა მოხალისეობრივად ეწევა ფანდრაიზინგს გენერატორების შესაძენად საჭირო თანხის შესაგროვებლად. რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...