Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმარეუბა და აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს, მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს მთავრობა. „რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია … 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში/უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები. ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა“, - წერს გახარია.
  2. თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს და ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება. ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. „ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად”,- წერს ერმაკი "ტვიტერზე". შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში რუსეთის ომს 5 ქართველი მებრძოლო ემსხვერპლა. IPN
  3. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 3 დეკემბერს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 17 დასახლებაში მოიგერიეს. მათივე ცნობით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო თავდასხმა და 16 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული დასახლებების მისამართით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 30-ზე მეტჯერ გაისროლეს. უწყება დასძენს, რომ ხარკოვის ოლქსა და დონეცკის ოლქში მდებარე შევჩენკოვესა და კრამატორსკის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა. ინტერპრესნიუსი
  4. ირანის გენერალური პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს. ირანული მედიის ცნობით, გენერალურ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ ორი ორგანოს მიერ კანონში. მისივე თქმით, საკითხზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს პარლამენტის კულტურის კომისიას შეხვდა და შედეგები „ერთ-ორ კვირაში“ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, უკვე ორთვენახევარია რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. იპნ
  5. ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“. პარალელურად, ირანის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სასამართლო აგრძელებს ქცევითი ქმედებების მონიტორინგს. მონთაზერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს, რათა დადგინდეს, „სჭირდება თუ არა მას რაიმე ცვლილება“. ე.წ. მორალის პოლიცია არის ირანის პოლიციის ერთეული, რომელსაც ევალება კანონების აღსრულება საჯარო სივრცეში ისლამური ჩაცმულობის კოდექსებისა და სხვა ქცევის შესახებ. პოლიციამ ქუჩებში პატრულირება 2006 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც დანაყოფი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დააფუძნა. ირანის კანონმდებლობის შესაბამისად, ქალებმა და გოგონებმა უნდა ატარონ თავსაბურავი და თავისუფალი ტანსაცმელი საჯარო ადგილებში. სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციის პატიმრობაში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის ჰიჯაბის თავსაბურავის არქონის გამო დააკავეს. მაჰსა ამინის გარდაცვალებამ ირანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გამოიწვია. 1ტვ
  6. უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს. არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. „ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, – წერს არახამია „ტელეგრამში“. ავტორი - გივი ბარამიძე
  7. რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ნავთობის შესყიდვისთვის მსგავსი ფასის დაწესება რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის კომფორტულია. ზელენსკის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციით, რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბარელი რუსული ნავთობის შესყიდვა 60 დოლარად, ნაცვლად 30 დოლარისა, როგორც ამას პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ითხოვდნენ, რუსეთის ბიუჯეტს წლიურად ერთი მილიარდ დოლარის შემოსავალს მოუტანს. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „დონეცკის რეგიონში – ბახმუტი, სოლედარი – ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელი, ყველაზე მტკივნეული სიტუაციაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს იქ. ჩვენ გმირებს, რომლებიც ინარჩუნებენ დაცვის ხაზს. იქ ყველა იმსახურებს უღრმეს მადლიერებას. ახლა კი ცალკე მადლობა მინდა, გადავუხადო ჩოპის რაზმის მესაზღვრეებს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების კიდევ ერთი თვითმფრინავი „დასვეს“. ლუგანსკის ოლქი და ხარკოვის ოლქი – ჩვენ ვაძლიერებთ ძალებს. სამხრეთი – ვაგრძელებთ ოკუპანტების შესაძლებლობების შემცირებას. საზღვარი – ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვის აკვატორია – ვმუშაობთ ისე, რომ საბოლოოდ „კალიბრი“ მხოლოდ მის ფსკერზე იყოს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 1ტვ
  8. უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება ზამთრის მომავალ თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა. ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ კონტრშეტევისთვის მოემზადებიან. ჰეინსის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს. „რამდენადაც ჩვენ ვუყურებთ კონფლიქტის ტრაექტორიას, რომელიც გადის მომდევნო რამდენიმე თვეზე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკვე ვხედავთ კონფლიქტის ერთგვარ შემცირებულ ტემპს. ბრძოლების უმეტესობა ახლა ბახმუტისა და დონეცკის მიდამოებშია და ერთგვარად შენელდა რუსეთის გასვლის შემდეგ დასავლეთ ხერსონის ტერიტორიიდან მდინარის აღმოსავლეთით. და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ის, რასაც დავინახავთ უახლოეს თვეებში. და როგორც კი ზამთარს გადალახავთ, ჩნდება კითხვა, როგორი იქნება პოტენციურად კონტრშეტევა გაზაფხულზე, მარტში და იმ ტერიტორიაზე? და ჩვენ ველით, რომ ორივე მხარე იქნება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ისინი შეეცდებიან ხელახლა მომარაგებას, გარკვეული გაგებით აღდგენას ისე, რომ ისინი მზად იყვნენ ამ კონტრშეტევისთვის. მაგრამ ჩვენ რეალურად საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი გვაქვს იმის თაობაზე, მზად იქნებიან თუ არა რუსები ამის გასაკეთებლად. მე უფრო ოპტიმისტურად ვფიქრობ უკრაინელების მიმართ“, – განაცხადა ავრილ ჰეინსმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  9. მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. „მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვესაუბრებიან: „აი, ქართველი ხალხი...“. გვეკითხებიან, კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ [ევროკავშირში] და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან მხოლოდ ერთი არის თავიდან შესასრულებელი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა. მან პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველას უნდა მოვთხოვოთ შერიგება. „პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ. ყველას მოვთხოვოთ შერიგება, ხოლო ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოსწონთ ის ხალხი. ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვითარდეთ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი. როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, „ჩვენთან ხალხს ვითომ ევროპა უნდა და ეკლესიაზე იწყებენ შეტევას“. „ვითომ ევროპა უნდა ჩვენთან ხალხს და შეხედეთ, იწყებენ ხოლმე ეკლესიაზე შეტევას. ტელევიზიებს დავალებებს აძლევენ, გამოდიან და ზოგის მანქანები არ მოსწონთ. მიშას დროს, სახელმწიფომ დაარიგა „შავ ჯიპებს“ რომ ეძახიან. ერთადერთი ეპისკოპოსი მე ვიყავი, იმ ჯიპებზე, რომ ვთქვი უარი. ყველას მისცეს და რომ მისცეს, რა მოხდა, დანაშაულია? მითხრეს უარს როგორ ამბობო. ვუთხარი, რომ ხალხისთვის გთხოვთ, ჩემი თავისთვის არასდროს. გამოდიან, და თურმე მთავარი ბოროტება საპატრიარქო ყოფილა. რომ არა საპატრიარქო და ქართული ეკლესია დღეს ჩვენი ქვეყანა ასე იქნებოდა?! მართლა რუსეთისკენ რომ იყვნენ ერთ-ერთი გუბერნია ვიქნებოდით. გამოვიდნენ, დაასახელონ ვინ არის. რომელი ვართ რუსეთისკენ თქვან. მაგათ უნდათ ევროპისკენ წასვლა? დადიან გრანტები აიღონ. ვიღაცები სულელურ გადაწყვეტილებას იღებენ: „12 დავალება.“ რომელ 12 დავალებაზეა საუბარი. ერთადერთ გვინდა, რომ შევრიგდეთ. ვინც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის, რა გგონიათ, პირადად მე რომ მოვინდომო იმ პარტიებს, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს რა დღეში ჩავაყენებ. არავის დახმარება არ მინდა, არ გავაკეთებ ჩვენები არიან. იქნებ როდესმე ადამიანობა დაიბრუნონ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.
  10. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთი უკრაინაში ომში "წინასწარ განზრახულ სისასტიკეში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღებას ახორციელებს. „წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს“, - განაცხადა ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმითვე, რუსული თავდასხმების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა. IPN
  11. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან. პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება. შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენაერტს შეხვდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
  12. რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, - წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული. ხორბლის თითქმის 6 მილიონი ტონა აღებული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშემოდგომო კულტურების მოსავლის თითქმის 88% აღებულ იქნა, ხოლო აუღებელი ხორბლის უდიდესი ნაწილი ფრონტის ხაზის გასწვრივ დარჩა”, - წერს Bloomberg. გამოცემის თანახმად, ამ მომენტისთვის გაუგებარია რა მოუვიდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღებულ უკრაინულ მარცვლეულს. კვლევამ ასევე არ მოიცვა მარცვლეული და სხვა სურსათი, რომელიც საცავებში ინახებოდა. „NASA-ს გუნდმა დაითვალა, რომ წელს უკრაინაში ფერმერებმა ხორბლის 26.6 მილიონი ტონა აიღეს, რაც რამდენიმე მილიონი ტონით აღემატება ძირითად პროგნოზებს”, - წერს გამოცემა. იპნ
  13. ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მებრძოლების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება. “დონეცკის ოლქში - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ. ჩვენს გმირებს, რომლებსაც მანდ დაცვა უკავიათ. ყველა, ვინც მანდაა, უდიდეს დაფასებას იმსახურებს”, - თქვა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა ჩოპის მესაზღვრეთა რაზმს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. „ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქები - ვამაგრებთ ჩვენს ძალებს. სამხრეთი - ოკუპანტების შესაძლებლობების “გამინუსებას” ვაგრძელებთ. საზღვარი - ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვრის აკვატორია - ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ „კალიბრები“ ფსკერზე იყოს”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. იპნ
  14. 4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
  15. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით. ისინი წერენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების "მაისის მოძრაობამ" უკვე აიძულა თსუ-ს ადმინისტრაცია ააშენოს სტუნდენტური საცხოვრებელი და ახლა დადგა დრო, მათაც აიმაღლონ ხმა და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე. "სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლის მოტივაციასადა ხარისხს. ამ მიზეზებით ყოველწლიურად იზრდება სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. ახალგაზრდებს უწევთ არჩევანი გააკეთონ სწავლასა და მუშაობას შორის, ასეთ შემთხვევაში კი ხშირად პრიორიტეტი მუშაობას ენიჭება. ამის შედეგად, ღრმავდება ეკონომიკური და კულტურული უთანასწორობა საზოგადოებაში. სწავლა გახდა პრივილეგია და ის კარგავს ფუნდამენტური უფლების სახეს. ამ ბრძოლაში ყვლა სტუდენტის ჩართულობა აუცილებელია, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თანასწორი, სამართლიანი, აკადემიური სივრცისა და სტუდენტური ცხოვრების შესაქმნელად" - ნათქვამია 3 დეკემბერს ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში. სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ სივრცეს, არ დარჩნენ გულგრილები მათი პრობლემების მიმართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო საცხოვრებლის აშენებას რამდენიმე თვე ითხოვდნენ - ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ ამ პოსტზე არჩევის პირველივე თვეს. ისტორიკოსი ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო. სტუდენტების ჯგუფი ილიას უნივერსიტეტიდან, რომელმაც განცხადება გაავრცელა, ფეისბუკზე 3 დეკემბერს დარეგისტრირდა და ამ დროისთვის მათი ერთადერთი აქტივობა საცხოვრებლის მოთხოვნის შესახებ გაკეთებული განცხადებაა.
  16. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. “6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია” - წერია განცხადებაში. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებსაც შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს. რადიო თავისუფლება
  17. რუსეთი, ალბათ გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით. სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუტის აღებას შეიძლება რუსეთისთვის პირველ რიგში სიმბოლური, პოლიტიკური მიზანი ექნეს“. რადიო თავისუფლება
  18. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ავტორი - დავით კუჭავა
  19. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  20. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.
  21. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას. რადიო თავისუფლებას უწებაში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქარველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან: ავთო რურუა; რომეო ფირჩახია; როლანდ კვარაცხელია; ბადრი მარკელია; მერაბ ალადაშვილი. ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ ბახმუტთან. რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა. RADIO TAVISUPLEBA
  22. ირანში დააპატიმრეს პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. მეჰდი კოჰიანმა, რომლის ჯგუფი მსახიობების დაპატიმრების შემთხვევებს უწევს მეთვალყურეობას, დაადასტურა ჰაჯარის დაპატიმრება. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, რატომ დააპატიმრეს მსახიობი ქალი, რომელიც ამავე დროს გარემოს დამცველი აქტივისტია. გასულ თვეში ჰაჯარი ერთ-ერთი იყო იმ მსახიობთაგან, რომლებიც პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს ინტერნეტში „პროვოკაციული“ შინაარსის კომენტარების გამოქვეყნებისთვის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა. ირანის კლერიკალური მმართველების წინააღმდეგ მიმართული ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
  23. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რომელსაც სააგენტო УНІАН-ი ავრცელებს, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციებზე, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე განახორციელა 2 სარაკეტო და 10 საავიაციო თავდასხმა, წერია გეშტაბის მიერ 18 საათისთვის გავრცელებულ ცნობაში. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის არმია განსაკუთრებით ძალისხმევა მიმართულია ბახმუტის და ავდეევსკის მიმართულებით, რათა განიმტკიცოს ტაქტიკური პოზიცია. რუსეთის არმია თავს იცავს ნოვოპავლოვის და ზაპოროჟიას მიმართულებით. ამავე ინფორმაციით, ხერსონის მიმართულებით რუსეთის ჯარი იცავს ადრე მიტაცებულ არეალს და ცეცხლს უშენს უკრაინის ჯარის პოზიციებს, ასევე ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის მიერ განთავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს.
  24. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განზრახვის შესახებ, ეწვიოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. პესკოვს არ დაუსახელებია დონბასში პუტინის ჩასვლის დაახლოებითი თარიღიც კი. პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში „მობილიზაცია დასრულდა“, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ დამატებით ცნობას არ გაავრცელებს. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის ნაწილი ადრევე უნდა დაეკავებინა, მაგრამ, მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინასთან „შეერთებას“ შეძლებდნენ.
  25. რუსეთის მთავრობა ევროკავშირის შეთანხმებას რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდიანიც" მიემხრო“, არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მალე გაავრცელებს ინფორმაციას, როგორი რეაქცია ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ. ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მუქარა გამოთქვა, რომ რუსეთი ევროპის კავშირს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. მომავალში ევროპის კავშირმა რუსეთის ნავთობის გარეშე უნდა იცხოვროს, თქვა მან. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე - ამ შეთანხმებით ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასი 60 დოლარი ეღირება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ დაამტკიცა, რაც პოლონეთმა, რომელიც ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც არ ეთანხმებოდა ფასების ზღვარს, დაამტკიცა შემოთავაზებული პირობები. ამ შეთანხმებას შეუერთდნენ „დიდი შვიდიანის“ წევრი ქვეყნები და ავსტრალია. შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს 5 დეკემბერს. ის ეხება ნავთობს რომლის ტრანსპორტირება გემებით ხდება. რადიო თავისუფლება
×
×
  • შექმენი...