-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩვენ გვაქვს თავდაცვის ძლიერი პაკეტი გაერთიანებული სამეფოდან. შევთანხმდით ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობაზე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე და ასევე უკრაინელი მფრინავების წვრთნების დაწყებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო. "მადლობელი ვარ პრემიერ მინისტრ სუნაკის ჩვენი საჭიროებების გაგებისთვის, კარგი რჩევებისთვის და გადაწყვეტილებისთვის, რომლებიც დაეხმარება უკრაინელ მეომრებს კიდევ უფრო გაძლიერდნენ. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფეს დღევანდელი შეხვედრისთვის, ჩვენი საუბრისთვის. მადლობას ვუხდი ბრიტანეთის პარლამენტის თითოეულ წევრს, რომლებმაც ჩემი გამოსვლის დროს ცხადად აჩვენეს, რომ ბრიტანეთი არასოდეს დათმობს თავის მამაც სულს და მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოში ყველას, ვინც დღეს ლონდონის ქუჩებში უკრაინის დროშებით გამოვიდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს ასახავს. "ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთიანობის დეკლარაციას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს. ეს არის ურთიერთობის ახალი დონე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერს უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „რიში, მსურს პირადად თქვენ და გაერთიანებულ სამეფოს გადაგიხადოთ მადლობა მზადყოფნისთვის, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოთ უკრაინული მშვიდობის ფორმულის სრულად განსახორციელებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან უკრაინელ ჯარისკაცებსაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ექნება ყველაფერი, რაც სჭირდება საკუთარი ხალხისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ინტერპრესნიუსი
-
უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ბელოგოროვკას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ფედოროვკას, ბახმუტის, კრასნაია გორას, პარასკოვიევკა, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი, ნოვოკალინოვოიე, ვოდიანოეს, პერვომაისკოეს, ვესელოეს, კრასნოგოროვკას, ავდიივკას, მარინკას, ბოგოიავლენკასა და პრეჩისტოვკას დასახლებებთან და ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოანდრეევკას დასახლებასთან“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში. IPN
-
მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას. ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს საკითხი ახლა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურია. "მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია, ეს შთაბეჭდილება მრჩება. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, მათ შორის სატრანსპორტო შესაძლებლობებით, ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ევროკომისიამ სამი დღის წინ ჩვენი რეფორმები შეაფასა და ერთ- ერთი მოწინავე ვართ. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, არ გამოდის ასე. თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, გასაგებია. ვურჩევდი ევროკომისიის წარმომადგენლებს გაესაუბროს, ვინც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს გაესაუბროს, ვინც მოგვილოცა, რომ საქართველო ჰაბი ხდება და ელექტროსადენი იდება. ანაკლიის საუკუნის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ამ საკითხებზე უნდა იყოს აქცენტირება და რატომ არის ნიჰილიზმში? თუ ნიჰილიზმშია, არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ, ადგეს და გავიდეს მაშინ. დავიღალეო თქვას და გავიდეს, თუ არ შეუძლია ქვეყანას გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვინც ამ ფერხულში არ მოგვყვება და საქართველოზე ასეთ რამეს იტყვის, არ არის მისი ადგილი ჩემი აზრით პოლიტიკაში, ან ოპოზიციაში გადავიდეს,"- განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ხოლო ქვეყნის ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. "გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. IPN
-
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ზიანი ვერ მიადგებოდა და დაზიანდებოდა მხოლოდ საქართველო. „ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რომ ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, მოუწოდებდნენ საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები. ვნახეთ თუ რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში. ეს ეკონომიკურადაც დათვლილია. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის? ცხადია, ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა ამას ააცილა. თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს. ამავდროულად, პატიოსნად ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს და არ ვაძლევთ არავის საშუალებას, რომ გვერდი აუაროს საქართველოს მეშვეობით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია იყოს მკაცრი, მყარი. ეკონომიკური კუთხით არცერთი სახელმწიფო არ კვეთს იმ წითელ ზღვარს, სადაც ის უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე ზიანს მიაყენებს რუსეთს. ზუსტად ისეთივე განსჯა აქვთ მათ, როგორც საქართველოს, რომ არ კვეთენ წითელ ხაზს უსაფრთხოების კუთხით, არ გადიან იმ წითელ ხაზზე, სადაც ფიქრობენ, რომ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში შევლენ რუსეთთან და არ გადადიან იმ წითელ ხაზს, სადაც ფიქრობენ, რომ ისე დააზიანებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ ამას, საბოლოო ჯამში, შედეგი არ ექნება. ზუსტად ასევე მოქმედებს საქართველო“, - განაცხადა პაპუაშვილმა. IPN
-
„თბილისი თქვენ გვერდითაა!“ – თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თურქეთში ძლიერ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 9 057 ადამიანი ემსხვერპლა, ათ პროვინციაში დაშავებულთა რიცხვი 50 000-ს აღემატება. ამასთან, კვლავ გრძელდება სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
-
თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის, ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 8 574 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქეა. -
სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 9 057 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. -
მიწისძვრის შედეგად თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV-ი ავრცელებს. NTV-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, რომელიც თურქეთის 10 პროვინციას შეეხო, ჰათაის პროვინციის ისკენდერუნის ოლქში ზღვის დონე გაიზარდა. ქალაქ ისკენდერუნში სანაპიროს გასწვრივ მდებარე გზები, მოედნები და შენობები დაიტბორა. რისკების გამო, სანაპირო ბულვარზე მდებარე შენობების ევაკუაცია მოხდა. ისკენდერუნის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაზიანებულ სახლებში არ შევიდნენ. IPN
-
ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს შეხვდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოთხშაბათს საღამოს უკრაინის პრეიზდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, აქამდე გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ შოლცი პარიზში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ხუთშაბათს ზელენსკის ბროუსელში ვიზიტი არის მოსალოდნელი, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება და რომელზე დასასწრებადაც უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიიპატიჟა. Euronews-ის ცნობით, ზელენსკის ბელგიის დედაქალაქში ვიზიტი ევროპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლით დაიწყება. ინტერპრესნიუსი -
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ავიაცია ეამაყება და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ”. “მე მჯერა, რომ ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი - საავიაციო - კოალიციის ფორმირებაში. მოგმართავთ თქვენ და მთელ მსოფლიოს მარტივი და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებით: საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის! ფრთები თავისუფლებისთვის!” - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მეფესთან კარლ III-სთან შეხვედრისას იგი აპირებს მისთვის უკრაინელებისგან მადლობის გადახდას დახმარებისთვის, რომელიც მან ჯერ კიდევ უელსის პრინცად ყოფნის დროს გაუწია უკრაინას. “ასევე ვაპირებ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომავლისთვის. დიდ ბრიტანეთში მეფე სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტია. ხოლო უკრაინაში ახლა თითოეული პილოტი მეფეა. რადგან ასე ცოტანი არიან, ასე ძვირფასები არიან. ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს ვაკეთებთ, რათა მსოფლიომ თანამედროვე თვითმფრინავები გადმოგვცეს შესაძლებლობების გასაფართოებლად და პილოტების დასაცავად, რომლებიც ჩვენ დაგვიცავენ”, - თქვა ზელენსკიმ. იპნ
-
საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის დაღუპვის გარემოებებს, გამოაცხადა, რომ რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ეჭვმიტანილთა ძებნისთვის, მაგრამ სხვისთვის აღარავისთვის შეუძლია ბრალდების წაყენება. ამასთან, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა ივარაუდა, რომ პუტინი შესაძლოა პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ მიწოდებაზე, რომლის მეშვეობითაც ჩამოაგდეს სამოქალაქო თვითმფრინავი (რეისი MH7). ასეთი დასკვნები გამოძიებამ გამოიტანა მას შემდეგ, რაც მოისმინა რუსეთის მიერ ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელად დანიშნული სერგეი აქსიონოვისა და მისი თანაშემწის საუბრის ჩანაწერი. აქსიონოვმა ახსენა, რომ სეპარატისტებისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილებებს რუსეთში პირველი პირი იღებს. ამასთან, საუბარში არ ახსენებდნენ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკზე“ იყო ლაპარაკი თუ არა. პუტინი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, იურიდიული იმუნიტეტით სარგებლობს და შეუძლებელია მისი სამართლებრივი დევნა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ის თანამდებობას დატოვებს. ასეთ შემთხვევაში МН17-ის თაობაზე სასამართლო შეიძლება გაგრძელდეს, განაცხადა პროკურორმა დიგნა ვან ბოტზელერმა. 2022 წლის ნოემბერში ჰააგის საოლქო სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა დონბასის თავზე Boeing-ის ჩამოგდებაში ოთხი ბრალდებულიდან სამს. ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ი 2014 წლის 17 ივნისს რეისს (MH17) ასრულებდა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში. ის ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის არმიისა და პრორუსული სეპარატისტული დაჯგუფებების დაპირისპირების ზონაში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. კატასტროფის შემდეგ ხუთმა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ნიდერლანდმა და უკრაინამ - შექმნა ერთობლივი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. მისმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მალაიზიური თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტით, რომელიც დასახლებულ პუნქტ პერვომაისკის მხრიდან იყო ნასროლი. ამ ტერიტორიას სეპარატისტები აკონტროლებდნენ. გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ „ბუკი“ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის 53-ე ბრიგადიდან, რომელსაც კურსკის მახლობლად ჰქონდა ბაზა. სასამართლომ ბრალდების მხარის ვერსია დამტკიცებულად მიიჩნია. მომხდარისთვის არცერთ მხარეს არ უკისრია პასუხისმგებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არა აქვს Boeing-ის კატასტროფასთან. რადიო თავისუფლება
-
თურქეთსა და სირიაში 11 000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩავიდა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო. ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც დაღუპულია სულ მცირე 2530 ადამიანი. დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა. -
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა „ქართული ოცნების" საქმიანობა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ბატონმა არმაზმა იკითხა, რითი შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში? და თქვა, რომ „ის შევიდა იმით, რომ სწორი მიზნები ჰქონდა დასახული". არ გეთანხმებით! სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ვერ შევიდა ისე ისტორიაში, როგორც დავით აღმაშენებელი. თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ სწორ მიზნებთან, მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, მას ჰქონდა ცივი და რაციონალური გონი. სწორედ ამ ცივი, რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით, ზუსტ მომენტში, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით, ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში, - აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა, - დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის სწორედ „ქართული ოცნება“, რომელიც ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სიკეთეს ვხედავთ ყველა ჩვენ დღეს, მათ შორის ამ დარბაზში მსხდომნი - იმ სიმშვიდით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უზრუნველყოფილი, იმ ეკონომიკური წინსვლით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გრძნობს". 8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. რადიო თავისუფლება
-
ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს”. ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. და ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ. IPN
-
ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა. „ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მხარდაჭერისთვის მადლობა ასევე გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს. ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების წვრთნისთვის. IPN
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უკრაინის პირველი პირი ხვალ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე პირადად შეხვდება. ამასთან, ზელენსკი ევროპარლამენტს საგანგებო სესიაზე მიმართავს. ინტერპრესნიუსი
-
დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოქალაქეებს გეოლოგიურ დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვს, თუ სეისმურად მაღალი რისკის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება სურს. მისივე თქმით, ეს გრგ-ეს ეტაპზე ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე ხდება. „გენერალურ გეგმაზე დატანილია სეისმურად რისკიანი ადგილები და იმ ადგილებში, სადაც სეისმური რისკებია, გეოლოგიურ დასკვნას ვითხოვთ, ან გრგ-ეს ეტაპზე, ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. ისეთ ადგილებში, სადაც ეს რისკები არ არის, გეოლოგიურ დასკვნას არ ვითხოვთ“, - აღნიშნა ხმალაძემ. IPN
-
2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებული პროგრესის შესახებ. „2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩაერთო ევროკომისიის მიერ ქვეყნის შესაფასებლად საჭირო კითხვარის შევსება. მთავრობის სწორი პოლიტიკური კოორდინაციის და ასობით საჯარო მოხელის დაუღალავი შრომის შედეგად, მომზადდა ცხრა ტომიანი მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც 3600 გვერდს მოიცავდა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, პარლამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ. პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. საერთო ჯამში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 82 კანონი მიიღო. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში. დეტალურად მოგახსენებთ თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებული პროგრესის შესახებ. რეკომენდაცია N1 - დეპოლარიზაცია ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა ეს ასეა. თუმცა, პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა. რეალობა კი ის არის, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად, რიგ შემთხვევაში ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზების მცდელობებიც იკითხება. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს. ეს არის ის რეალური გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში, არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის ყველაზე კარგი მტკიცებულა ის ცარიელი სკამებია, რომელსაც დღეს ჩვენ, ჩვენი სტუმრები და საქართველოს საზოგადოება ამ დარბაზში ხედავს. ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - დერადიკალიზაცია, ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რეკომენდაცია N2 - სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, გავაუმჯობესეთ ინტერპელაციის, მინისტრის საათის, საკომიტეტო მოსმენების, თემატური მოკვლევების, პარლამენტის წევრთა კითხვების, ანგარიშვალდებული უწყებების მოსმენის მარეგულირებელი ნორმები. მათ შორის აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან გაორმაგდა ინტერპელაციის დღეების რიცხვი. მინისტრებს დაეკისრათ ვალდებულება პარლამენტში გამოსვლამდე 5 დღით ადრე წარმოადგინონ წერილობითი ანგარიში, რათა პარლამენტის წევრები უკეთ მოემზადონ მინისტრის საათისთვის. პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა 15 დღიდან 10 დღემდე შემცირდა. ცვლილებების საფუძველზე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულება და შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდა. ხაზგასასმელია, რომ ცვლილებები შემუშავდა და საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა ფართო მრავალპარტიული მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ასევე ფართო მრავალპარტიული მონაწილეობითა და თითქმის სრული კონსესუსით მიიღო პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი. საარჩევნო ცვლილებები ითვალისწინებს სიახლეებს ელექტრონული ტექნოლოგიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიის დაფინანსების, საჩივრების, ადმინისტრაციული რესურსების, ხმების გადათვლისა და დამკვირვებლების მიმართულებებით. ცვლილებები განხორციელდა, როგორც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის, ისე გრეკოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. სულ ახლახან პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების საფუძველზე, ცესკომ დაამტკიცა ის საარჩევნო უბნები, რომლებზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული მთვლელის გამოყენებით ჩატარდება. შედეგად ამომრჩევლების 90% ხმას სწორედ ასეთ უბნებში მისცემს, რაც ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა. რეკომენდაცია N3 - სასამართლო რეფორმა იურიდიული კომიტეტის კოორდინაციით განხორციელდა განვლილი სასამართლო რეფორმების, ისევე როგორც ამ რეფორმების პროცესში ვენეციის კომისიისგან და ეუთო/ოდირისგან მიღებული შესრულებული თუ შეუსრულებელი რეკომენდაციების ანალიზი. ამ ანალიზის შედეგად შეიქმნა დოკუმენტი „ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-2021 წლებში“. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით კი კომიტეტმა შეიმუშავა სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგია და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. სხვა საკითხებთან ერთად, ინიცირებული პროექტის შედეგად: - დგინდება სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი; - იცვლება რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით დანიშვნის წესი და ის უთანაბრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესს. პროექტზე ამჟამად მზადდება ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის საექსპერტო დასკვნა, რომლის მიღებისთანავე პარლამენტი განაახლებს ამ რეფორმაზე მუშაობას. სამწუხაროდ, კვლავ ღიად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გაიმართა 31 კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა, პოლიტიკურმა პარტიებმა კომპრომისულ კანდიდატზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ საკითხზე დიალოგი 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე კვლავ გაგრძელდება. რეკომენდაცია N4 - ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გავაძლიერეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობები. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გაზრდილი უფლებამოსილებების პირობების გათვალისწინებით, გაიზარდა ორივე სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო რიცხოვნობა და რეგიონული დაფარვა. ორივე სამსახურის განსაკუთრებული მონდომების და შრომის დამსახურებაა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმის მიმართ თავდაპირველი ნაჩქარევი სკეპტიციზმი არ გამართლდა და დღეს, რეფორმის შედეგად, გვაქვს პერსონალური მონაცემების დაცვის უფრო ეფექტიანი ზედამხედველობა და მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის უფრო ეფექტიანი გამოძიება. შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მთავარი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია იქნება. ამასთანავე, თავდაპირველი რედაქციისგან განსხვავებით, ოპოზიციის აქტიური ჩართულობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბიუროს ფუნქციები. ბიურო პასუხისმგებელი იქნება საჯარო მოხელეთა ქონების დეკლარაციების მონიტორინგზე, ინფორმატორების დაცვის გაუმჯობესებაზე, პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციაზე. რეკომენდაცია N 5 - დეოლიგარქიზაცია უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ და ორი მოსმენით მივიღეთ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც სამართლებრივი დასკვნისთვის, გადაეგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს. კანონპროექტის საბოლოო მიღება პარლამენტში იგეგმება სამართლებრივი დასკვნის მიღების შემდეგ. რეკომენდაცია N 6 - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შეიქმნა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა გამოვლენილი ხარვეზების სიღრმისეული შეფასება, მასზე დაყრდნობით კი შეიმუშავა 2023-2024 წლების გეგმა, რომელიც 76 აქტივობას მოიცავს. კომიტეტმა უკვე დაიწყო ამ გეგმის შესრულების მონიტორინგი. რეკომენდაცია N7 დამოუკიდებელი მედია გარემო პროფესიონალური, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედია გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მივიღეთ ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლითაც დავნერგეთ ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივით (AVMSD) გათვალისწინებული საუკეთესო ევროპული სტანდარტი. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მრავალწლიან ვალდებულებას, რომლის პროექტიც 2018 წელს შემუშავდა, თუმცა წლების განმავლობაში ყოვნდებოდა მისი მიღება. რეკომენდაცია N 8 - მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარმოუდგინა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პროექტი 2022-2030 წლებისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში აღნიშნული კონცეფციის განხილვა უკვე დაწყებულია და საგაზაფხულო სესიის განმავლობაში დამტკიცდება. რეკომენდაცია N9 - გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისთვის, პირველად პარლამენტის ისტორიაში, დავნერგეთ გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათს დაემატება პუნქტი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც აქცენტირებული იქნება გენდერული ნიშნით მოსალოდნელ სავარაუდო გავლენებზე. კრიზისული ცენტრის მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას, გავამარტივეთ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა. ძალადობის მსხვერპლთათვის მხარდაჭერის სერვისებით მარტივად და შეუფერხებლად სარგებლობას უზრუნველსაყოფად, გავაუქმეთ მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა. ფართო მრავალპარტიული მხარდაჭერით მივიღეთ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია. რეკომენდაცია N10 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროკავშირის მე-10 რეკომენდაციის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პარლამენტმა უზრუნველყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლების ჩართულობა ყველა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში. მსურს, ეროვნული პლატფორმისა და მისი წევრებისადმი მადლიერება გამოვხატო, სამუშაო პროცესში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მაქვს მოლოდინი, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. რეკომენდაცია N 11 - საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აქტიურად გათვალისწინების ხელშესაწყობის მექანიზმები. ამ საკითხზე მუშაობა როგორც სახალხო დამცველის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით მიმდინარეობდა. ხაზგასასმელია, რომ ეს ცვლილებები სრული კონსენსუსით იქნა მიღებული. რეკომენდაცია N12 - სახალხო დამცველის არჩევა სამწუხაროდ, სახალხო დამცველის არჩევის პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პარტიები ვერ შეთანხმდნენ კანდიდატზე, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერის მიღებას შეძლებდა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო პარტიების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გააზრების პირობებში, სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმება შესაძლებელია,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ინტერპრესნიუსი
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აეროპორტში ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა. Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება. საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით. გარდა ამისა, ბაკინგემის სასახლემ ახლახან განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება. იპნ
-
როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მორალური უფლება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც ბუჩუკური განმარტავს, როცა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ ნორმებს ევროპას ადარებენ, „ჯერ პოლიტიკოსები უნდა აკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტებს“. „მედიასთან დაკავშირებით, ბატონი თავმჯდომარის პასუხი კი მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად, ჩემი კითხვა სხვა რამეში მდგომარეობდა. მესმის, რომ ამაზე მისი მხრიდან პასუხის გაცემა რთულია, ამიტომ კომენტარით შემოვიფარგლები. გასაგებია, რომ დეპუტატებს, ორივე მხარეს, მხოლოდ „ოცნებას“ არ ეხება ეს, შეიძლება დისკომფორტი ექმნებათ, რომ მათთვის არასასიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, ან არ აქვთ პასუხები და ამიტომ, ესეც არ სიამოვნებთ, მაგრამ მგონი, ჩვენს დისკომფორტზე მეტად სხვა რამ არის აქ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია მედია გარემოს გაუმჯობესებას ეხება, ეს კონტექსტიც არ უნდა დაგვავიწყდეს არავის და ცოტა ხანი ჩვენი დისკომფორტი დავივიწყოთ. კითხვა მქონდა ბუნებრივია, რიტორიკული და პასუხიც ვერ მივიღე, როგორც მოლოდინი მქონდა. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო ფარგლებში მედიასაქმიანობა რეგულირდება, არ ხდება ის, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის გარდა, ხელისუფლება არ დადიოდეს სხვაგან, არ ხდება ის, რომ არსად ოპოზიციას დებატებში არ უსხდებოდნენ, არსად ხდება, რომ ხელისუფლება წინასწარ განსაზღვრულ კითხვებზე პასუხებით გადიოდეს ფონს საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის ფარგლებში. ეს არის აქ პრობლემა, ამიტომ როცა აქ სხედან ახალგაზრდა ჟურნალისტები და რაღაც ქცევის სტანდარტს ვთხოვთ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მორალური უფლება, რომ ამ ადამიანებს ქცევის სტანდარტი მოვთხოვოთ, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაზეა საუბარი. ხელისუფლების ქცევის სტანდარტი არაერთხელ ვნახეთ და აღარ ჩამოვთვლი. როცა ევროპასთან ხდება შედარება, ჯერ ჩვენ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ნორმების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს წესები „იმდენად ლოგიკური, ადამიანურად გასაგები, ყველა სტანდარტით საუკეთესოა, უკვირს კიდეც, რაღაც კითხვები რომ შეიძლება იყოს“. IPN
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება. ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ. მანამდე პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა. ავტორი - სალომე თორაძე
-
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა. მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა გასცა. მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 7 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 40 ათასზე მეტი მოქალაქე. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
რამდენიმე თურქული მედიასაშუალება სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების შესახებ წერს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამასთან, საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს. „ქართველი მეხანძრე-მაშველები, თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის“, – წერს თურქული მედია. აღსანიშნავია, რომ საქართველომ თურქეთის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ, უკვე გააგზავნა 60 მეხანძრე-მაშველი. -
„ნაცმოძრაობას“ სწორი გზა როდის აურჩევია? 11 წელია, ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ასუსტებს და ასრულებს, თუმცა მათი დასუსტებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის წარსულია. „რესურსი აღარ აქვთ და მორჩა. ჯერ კიდევ გიორგი გახარიამ როდის უწინასწარმეტყველა, რომ ქუჩის ოპოზიციად დარჩებოდა. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის ოპოზიციაა. ვისაც ალტერნატივის შეთავაზება შეგვიძლია, გვაცადონ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
ხაჭაპური – ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, – ამ სათაურით „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ონლაინმკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს. სტატიაში საქართველოს გასტრონომიული ასოციაციების, კულინარიული გიდების, გადაცემების წამყვანების, შეფებისა და კვების ობიექტების ინტერვიუებია ქართული სამზარეულოს შესახებ. „თბილისში ხაჭაპურის უკეთ შესასწავლად ჩამოვედი. დაგემოვნების შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე დღე არ მეყოფოდა და ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსიის გასაცნობად უფრო მეტი დრო მჭირდებოდა. საქართველოში ხაჭაპურის თითქმის 50 სახეობაა. ზოგიერთი მრგვალია, ზოგიც კვადრატი, შეიძლება იყოს ღია, დახურული ცომის, რბილი ან ფურცლოვანი. ხაჭაპური მზადდება როგორც ღია, ასევე დახურულ ღუმელში, შეზავებული ხორცთან, მწვანილთან, კარტოფილთან ან ხახვთან. შეთანხმებული წესები არ არსებობს“, – წერს ჯენიფერ ჰათამი. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ჟურნალისტის თქმით, ქართველ კულინარებს ხაჭაპურის იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადება სურთ. ჟურნალისტი ასევე წერს, რომ ინფლაციის დასაანგარიშებლად საქართველოში ხაჭაპურის ინდექსსაც იყენებენ. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ხაჭაპურის ყოველთვიურ ინდექსს ადგენს, ამ მიზნით აკვირდებიან იმერული ხაჭაპურის ინგრედიენტების ღირებულებას, რომელიც მოიცავს ფქვილს, ყველს, კარაქს, რძეს, კვერცხსა და საფუარს“, – წერს ჯენიფერ ჰათამი და მკითხველს ხაჭაპურის მომზადების რეცეპტს სთავაზობს, აგრეთვე ადგილებს, თუ სად შეიძლება ღამის გათევა თბილისში. ხაჭაპურთან ერთად, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ სტატიაში სხვა ქართული კერძები ფხალი, ხინკალი, საცივი და ლობიოა აღწერილი. 1ტვ