Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ შემდეგ კვირას ომის დაწყებიდან წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს. იგი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს, რათა კიევში მყოფ ხელისუფლებას ფუნქციონირებაში დაეხმაროს. გამოცემის წყაროების თანახმად, აღნიშნული პაკეტი უკრაინის ხელისუფლებისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იქნება. მათი თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტზე იქნება განცხადებული. IPN
  2. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა. „2023 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს. საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
  3. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია. მინისტრის თქმით, უკვე ორი თვეა, უწყებაში ასეთი კადრი აღარ ფიქსირდება. ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ„ МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“. „ეს ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო. МГИМО იყო ინვესტიცია იმპერიალიზმის ფუნქციონირებისთვის. ის საბჭოთა რბილი ძალის ნაწილია. კურსდამთავრებულები უნდა მოსამსახურებოდნენ ამ იმპერიის საქმეს. სტიპენდიებს იქ კეთილი გულის გამო არავინ იღებდა. МГИМО-ს კურსდამთავრებულების საშუალებით, საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების რეალიზება სურდათ. კომუნიზმი არ ყოფილა ლოკალური მოვლენა და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპეცსამსახურებით. ეს იყო ტოტალური სისტემა, ამიტომ გაჩნდა დეკომუნიზაციის საჭიროება“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ. ავტორი - სალომე თორაძე
  4. რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრა 40 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დრობეტა-ტურნუ-სევერინიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა. ავტორი - თამთა რუხაძე
  5. ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები, ნიდერლანდების რადიოს (NPO) 3FM-ის ინიციატივით, ერთიანდებიან და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთსა და სირიაში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს. 15 თებერვალს, თბილისის დროით 11:45, საქართველოს რადიო და საქართველოს რადიო – მუსიკა ევროპის რადიოსადგურებთან ერთად შეურთდებიან სოლიდარობის აქციას და აჟღერდება სიმღერა. „ასეთ დროს რადიო ყოველთვის თქვენ გვერდით არის, ამიტომ ოთხშაბათს, 15 თებერვალს რადიოსადგურები ერთად ააჟღერებენ Birdy-ის სიმღერას – People Help the People. რადიო პირდაპირ ეხება ემოციებს, მუსიკა კი უნივერსალური ენაა. ამ ტრაგიკულ დროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მთელი გულით გამოვხატოთ მხარდაჭერა, გავაერთიანოთ ძალები დაზარალებულების დასახმარებლად“, – აცხადებს ნიდერლანდების რადიოს ხელმძღვანელი მენო დე ბური.
  6. უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე მის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 25 000 ლარის ოდენობით. ამას საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ასევე გათვალისწინებულია ჯარიმები - 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით ჯარიმის გადახდა სუბიექტს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. იპნ
  7. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6583 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  8. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, "კეტამინი", "მეფედრონი", "მეტამფეტამინი", "მდმა", "ამფეტამინი", ე.წ. ბიო, "მარიხუანა", „ტრამადოლი“ და სხვ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 262-ე, 273 პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  9. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. „საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.
  10. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ორი ქვეყნის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს შორის და ადასტურებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ქმედით დახმარებას ევროინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სტრატეგიული მიზნებისა – გახდეს ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული სლოვაკეთის საგარეო უწყების მზადყოფნა, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა და წახალისების ხელშესაწყობად, მათ შორის საკანონმდებლო და სექტორული დაახლოების გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების კუთხით. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სლოვაკეთის დახმარება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმის ეფექტიანი რეალიზაცია; დაკავშირებულობის გაძლიერება; აგრეთვე, თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერაზე. მხარეებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა. თანამშრომლობის აღნიშნულმა ოქმმა ჩაანაცვლა ქვეყნებს შორის 2000 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის დოკუმენტი. ოქმის მიხედვით, მხარეები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
  11. რამდენიმესაათიანი დახურვის შემდეგ მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა. მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დროებით დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. ავტორი - თამთა რუხაძე
  12. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყება. როგორც თსუ-ში აცხადებენ, 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია. როგორც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები. მისი თქმით, შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე. „სტუდენტური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი უკვე იწყებს. ახალი საცხოვრებელი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს სტუდენტების საჭიროებებს და სათანადო პირობებს შეუქმნის მათ. საცხოვრებელი მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები“, – განაცხადა რექტორმა. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
  13. აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა. მისივე თქმით, არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი. „საკონტაქტო ჯგუფმა ნათლად განმარტა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენ მივაწვდით უკრაინას იმ დახმარებას, რასაც დავპირდით. ამ ქვეყანას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი სამხედრო აღჭურვილობა. გვაქვს შესაძლებლობა და გვიერთდება ჩვენი კარგი მეგობარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. ომიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ისეთი ერთიანი ვართ, როგორც არასდროს. ვიცი, რომ ჩვენი ერთიანობა მხოლოდ გაძლიერდება. არცერთ ჩვენგანს არ სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი. ქვეყნების ჯგუფი, კერძოდ: გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ „Leopard 2“-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ავტორი - თამთა რუხაძე
  14. ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. „15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის. ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“, დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“ გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება სასტუმრო „მგზავრებიდან“ ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“; ე.წ. კუთხის „ნიკორადან“ ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში. საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
  15. 2023 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,508 მგზავრმა ისარგებლა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარში, ამავე აეროპორტში 55,895 მგზავრი დაფიქსირდა. მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები 56%-ით გაიზარდა და 294 რეისს მოემსახურა. (2019 წლის იანვარი – 188 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.
  16. წმინდა წყლის დასახლებაში, გორის გარეუბანში, 13 თებერვლის საღამოს ბუნებრივი აირი გაითიშა. გაზის მიწოდება შეუწყდა ყიფიანისა და კაჩინსკის ქუჩებზე მცხოვრებლებს. ამ ქუჩებზე ძირითადად მაღალსართულიანი კორპუსებია განლაგებული და ასობით მოქალაქეა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაზგამანაწილებელი კომპანიისგან ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, რომელშიც წერია, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარია გახდა ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები 14 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება. 13 თებერვალს გორში ქარი და თოვაა. ამჟამად კი ტემპერატურა -5 გრადუსია.
  17. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავენ დამატებით ზომებს თავდაცვის გასაძლიერებლად. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 6 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში. გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 7 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ჩამოგდებულია ორი რუსული თვითმფრინავი, სუ-24 და სუ-25. რადიო თავისუფლება
  18. საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების ჯგუფი "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ. გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე: "ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში". "ხალხის ძალის" განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. "ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე ნახეთ "ხალხის ძალა" NGO-ების "უცხოური აგენტების" სიაში შესაყვანად კანონპროექტს ქმნის "ხალხის ძალის" დეპუტატების მტკიცებით, კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ" პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან ცვლილებები განიცადა. თავდაპირველად აღნიშნული კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა და მისი მოქმედების არე დავიწროვდა. ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხება. რადიო თავისუფლება
  19. უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ემზადება რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ. მიმდინარე კვირას ჩვენი დიპლომატიური მარათონი გრძელდება. ხვალ მორიგი რამშტაინია, ვემზადებით და ვმუშაობთ, რათა ყველა ჩვენი მოლაპარაკება აისახოს პარტნიორების თავდაცვით გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს და ვინც იბრძვის უკრაინისთვის. „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობა თითოეულს, ვინც ბრძოლაშია! მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს, ვინც არ აძლევს ოკუპანტს საშუალებას, ალყაში მოაქციოს ბახმუტი; ვინც ანადგურებს მტერს უგლედარის მიმართულებაზე; ვინც არ ტოვებს ოკუპანტისგან არაფერს, მიწაზე ამომწვარი კვალის გარდა; და ვინც ინარჩუნებს ჩვენს სხვა პრინციპულ საფრონტო პოზიციებს. გვახსოვდეს: უკრაინისთვის ყოველი მოპოვებული ახალი შედეგი – გამარჯვებამდე შემცირებული დროა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  20. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება. „სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგების და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით. ამავე კონტექსტში, აღინიშნა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას ასახავს და ამგვარად, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით. თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  21. „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, თავისი სამშობლოსგან უმაღლესი ჯილდო მიიღოს მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. გაზეთ La Nacion-ის მონაცემებით, არგენტინაში ინფლაციამ 100 პროცენტს მიაღწია. ქვეყნის მთავრობა განიხილავს უფრო მაღალი ნომინალის ორი ბანკნოტის გამოშვებას – 5000 და 10000 პესო. არგენტინის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ქვეყნის უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტმა, სილვინა ბატაკისმა განაცხადა, რომ სწორედ ლიონელ მესი შეიძლება გახდეს მთავარი პრეტენდენტი, რომ გამოსახული იყოს ახალ ბანკნოტზე. „პირადად მე სიამოვნებით გამოვუშვებდი ბანკნოტს ლიონელ მესის გამოსახულებით. 10000 პესოს ნომინალის ბანკნოტის გამოშვების საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. განიხილება სხვადასხვა კანდიდატურა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ „ათიანი“ მესის ეკუთვნის, მაგრამ დიდი კამათია მესისა და დიეგო მარადონას შორის“, – განაცხადა ბატაკისმა. ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
  22. ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. ამასთან, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. ავტორი - თათია მაყაშვილი, მარიამ ბერძენიშვილი
  23. სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა. „ძალიან მალე ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ორ გამშვებ პუნქტს. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება იმოქმედებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მათ გამოსაყენებლად“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა. გაერო-ს განცხადებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამშვები პუნქტები სამი თვით გაიხსნება. საუბარია თურქეთთან საზღვარზე მდებარე ბაბ-ალ-სალამის და ალ-რაეს გამშვებ პუნქტებზე. პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს დასავლეთის მიერ სირიისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირებს, თუმცა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ასადის რეჟიმის არასწორი მართვაა. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სირიაში 5 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრიდან პირველ დღეებში სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს ასადის მოკავშირე ქვეყნებმა – რუსეთმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თუმცა სტიქიის შედეგად დაზარალებული ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული. აღნიშნულ რაიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა თურქეთის საზღვარზე არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან და სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან არის შესაძლებელი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  24. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი ამჟამად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა. 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში რობინ დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში. რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მსახურობს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  25. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინაშე მოწყვლადები არიან. „უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფაა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული შეჭრის მიმართ. ამიტომ მოკავშირეები შეთანხდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ, კრიზის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა და საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. ავტორი - სალომე თორაძე
×
×
  • შექმენი...