-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 237-მდე გაიზარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სირიაში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზებულია ყველა მისი ქვედანაყოფი, ფორმირება და დაწესებულება, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება და სასწრაფო დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, მოძებნონ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები და უმკურნალონ დაშავებულებს. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთსა და სირიაში 300-ს აჭარბებს, დაშავებულია 2 000-მდე ადამიანი. IPN -
არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. IPN
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა ქალაქ ხარკოვის და დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით. გენერალური შტაბის თანახმად, ქალაქ ბახმუტთან შეიმჩნევა კოორდინაციის არარსებობა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ შორის. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში. გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი. რადიო თავისუფლება
-
საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. -
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. სირიის მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი. კიდევ ასობით დაშავდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლატაკიიდან დამასკომდე. მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთში ბოლო ცნობებით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა. ავტორი - ლევან ახალაია -
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, – წერს თურქეთის ლიდერი. მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა, 440 კი დაშავდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ სირიაშიც. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია 42 ადამიანი. ავტორი - ლევან ახალაია -
დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები არ შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბით“ გადატანილ შავ ოქროს. ნოემბრის ბოლოს ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობროდუქტების იმპორტის შეზღუდვაზეც, რომელიც 5 თებერვლიდან შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს, ხორვატიას, ასევე ჩეხეთს. ავტორი - ლევან ახალაია -
სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება. -
იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ. „გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, იტალიის სანაპიროზე შესაძლო ცუნამის ტალღების შესახებ. რეკომენდებულია ზღვისპირა ტერიტორიების დატოვება, უფრო მაღალ მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების დაცვა“, - აღნიშნულია იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში დღეს მომხდარ მიწისძვრას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია ათობით შენობა და დაშავებულია ასობით ადამიანი. IPN
-
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, 76 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 40-ზე მეტი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთში, დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 76 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 440 ადამიანი. ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში. თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება. IPN -
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანსლემი ორი ოქროს მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაიმარჯვა, დღეს კი მეორე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. 5 თებერვალს ტურნირზე მედლები მამაკაცთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება ბრძოლაში; ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა. დღესვე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ.
-
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა - Ukrainska Pravda სამთავრობო და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი იქნება. ”მე არ მქონია საუბარი ამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ”, - განუცხადა რეზნიკოვმა „უკრაინსკა პრავდას“ ასევე Kyiv Independent-ს, წყარომ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაუდასტურა, უახლოეს მომავალში, რეზნიკოვის ჩანაცვლების ალბათობა. გარდა, ამისა „უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ რეზნიკოვი შესაძლოა დაინიშნოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, რადგან „პრეზიდენტის ოფისში არავის ეპარება ეჭვი“, რომ რეზნიკოვი უნდა დარჩეს მთავრობაში. უკრაინული მედია წერს, რომ იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი დენის მალიუსკა, შესაძლოა დაინიშნოს ევროპაში უკრაინის დიპლომატიურ მისიაში ელჩად. არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, თუკი ბუდანოვი თავდაცვის მინისტრი გახდება. 56 წლის ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლის 4 ნოემბრიდან იკავებს. იპნ
-
რაგბში ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა. წლის პირველ დაპირისპირებაში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 73:12 დაამარცხა. ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.
-
კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება. „დღეს, კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი Leopard 2 - საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის “, - წერს ანანდი. მან დასძინა, რომ კანადა "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას". „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. გასულ კვირას კანადამ პირობა დადო, რომ უკრაინას Leopard 2-ის 4 ტანკს მიაწვდის.
-
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. ”ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს”, - აღნიშნა შოლცმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, როდესაც ომში ისეთი ქვეყნების ჩარევა, როგორიც არის გერმანია, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლას შეადარა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით“. მისი თქმით, პუტინის სიტყვები აბსურდულია. ”[პუტინის] სიტყვები არის აბსურდული ისტორიული შედარებების სერია, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად”, - განაცხადა შოლცმა და დასძინა: „მაგრამ არაფერი ამართლებს ამ ომს“. გერმანიის ლიდერის თქმით, გერმანია უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაწვდით საბრძოლო ტანკებს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა”,- განაცხადა მან. ამასთან, შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს „არანაირი მუქარა არ ჰქონია ჩემი ან გერმანიის მიმართ“. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარმა ნათლად აჩვენა, რომ მათ აქვთ სრულიად განსხვავებული შეხედულებები უკრაინის ომზე, რომელსაც რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. ”მე ნათლად ვუთხარი პუტინს, რომ რუსეთს აკისრია პასუხისმგებლობა ომზე”, - თქვა შოლცმა. „რუსეთი უმიზეზოდ შეიჭრა მეზობელთან, რათა უკრაინის ნაწილი ან მთელი ქვეყანა თავის კონტროლქვეშ აეყვანა. იმის გამო, რომ გერმანიის აზრით, რუსეთის ქმედებები არღვევდა ევროპის სამშვიდობო ჩარჩოს, ის უკრაინას ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს”, - დასძინა შოლცმა. ინფორმაციისთვის, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა, რომელსაც „მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა“. კრემლმა აღნიშნულს უპასუხა, რომ ჯონსონი ცრუობდა. IPN
-
რუსულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში მცირე წინსვლას მიაღწიეს დონეცკის ოლქის ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებში, მაგრამ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის ლოჯისტიკური მარშრუტების უმეტესობაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოქვეყნებულ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაში განაცხადა. როგორც მედია წერს, კვირის დასაწყისში „ვაგნერის“ ძალებმა დიდი ალბათობით დაიკავეს მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ბახმუტს ქალაქ სივერსკთან. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ძალებისთვის ხელმისაწვდომი რჩება მრავალი ალტერნატიული მარშრუტი, ბახმუტი სულ უფრო იზოლირებული ხდება“, - ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში. IPN
-
პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი პერვეზ მუშარაფი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2016 წლიდან დუბაიში ცხოვრობდა. პერვეზ მუშარაფი ხელისუფლებაში 1999 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. მუშარაფი არაერთ თავდასხმას გადაურჩა. ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, პერვეზ მუშარაფმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. 2008 წელს ის არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა. 2013 წელს მუშარაფი დაბრუნდა პაკისტანში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა დააკავეს და თავისი კანდიდატურის დაყენება აუკრძალეს. მას სახელმწიფო ღალატისთვის წაუყენეს ბრალი და დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა. პერვეზ მუშარაფმა 2016 წელს მკურნალობის მიზნით პაკისტანი დატოვა და დუბაიში გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ არიან – ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრ კლიმენკო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ კლიმენკო. ასევე, სიაში მოხვდნენ ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, პარტია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრი ვიქტორ ბარანსკი. ყველა მათგანს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ინფორმაციას ადასტურებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. მისი თქმით, ზელენსკიმ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა მოღალატეებს, რომლებიც იანუკოვიჩის რეჟიმის საყრდენები იყვნენ. „მომდევნო ნაბიჯი იქნება მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორაციული უფლებებისა და სხვა აქტივების დაყადაღება და სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია“, – წერს არახამია, რომელიც თავის ელექტრონულ მისამართს აქვეყნებს და მოუწოდებს მოქალაქეებს აღნიშნულ მისამართზე მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი პირების ქონების შესახებ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“. ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას გაუწიოს სერიოზული ოპონირება, არამედ იმის რესურსიც არ აქვს, განახლება მოახდინოს. „როდესაც ჩვენი გუნდი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, მსგავს დამოკიდებულებას. ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ უპასუხისმგებლო განცხადებებს, გადაწყვეტილებებს თუ ქმედებებს, მაგრამ ისინი ხუთი წლის წინაც არ ყოფილან განსხვავებული. ანუ, ამ შემთხვევაში მაინცდამაინც ხაბეიშვილის ხელმძღვანელობას ვერ შევტენით ამ ამბავს და ვერ დავაბრალებთ. ეს ზუსტად ის არის, რაც აცოცხლებს და აძლიერებს „ქართულ ოცნებას“. ამ მოვლენებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, განსაკუთრებით დღეს, დასტურდება, რომ „ნაცმოძრაობა“ არის წარსულის წარსული. ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას სერიოზული ოპონირება გაუწიოს, არამედ იმის რესურსიც კი არ აქვს, განახლება მოახდინოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა. მსგავსი: სააკაშვილის ფაქტორი და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - დისკუსია „აქტუალური შაბათის“ სტუდიაში გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა გაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელთა მოთხოვნას არსებული მტკიცებულებების და სასამართლოს გადაწყვეტილების, მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, მით უმეტეს, როცა ხელისუფლების არგუმენტია, რომ თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებას ითხოვენ, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს. ამასთან, ბუჩუკურის თქმით, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ამ პოლიტიკურ გუნდს გაუჭირდება, საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე ან რატომ შეიძლება, მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს. „მე იურისტი ვარ და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა წასაკითხადაც. როდესაც ამ გადაწყვეტილებას კითხულობ, აქ ჩანს მთლიანი სისტემის სიმახინჯე, რაც შექმნა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილის დროს. რაც შეეხება იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც შეკითხვა დასვით, ჩვენი გუნდი სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან ვამბობთ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი და მიხეილ სააკაშვილმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა მოიხადოს სასჯელი, ბუნებრივია, ჯანმრთელად, ცალსახად. ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სახელმწიფოს. ესეც სამართლის ელემენტარული პრინციპია. ჩვენი გუნდის დამოკიდებულება არის ასეთი – დიახ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფით. რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნება“ რას ფიქრობს და რას არა, სხვათა შორის, ეს პოლიტიკურადაც საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ამ გუნდისთვის. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, როგორ უნდა აუხსნას საკუთარ ამომრჩეველს, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე ან რატომ შეიძლება, მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს?“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
-
აშშ-მა ოკეანის თავზე ჩინეთის სავარაუდო "მზვერავი" საჰაერო ბურთი ჩამოაგდო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე - მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის. მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წ####ბში. ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 თებერვალს უპასუხა - "ჩვენ მას მოვუვლით". ბურთის აღმოჩენის გამო ჩინეთში კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. ჩინეთი აცხადებდა, რომ ბურთი ამინდს იკვლევს და ის უბრალოდ თავისი ტრაექტორიიდან გადავიდა. პენტაგონი უარყოფს ამ ვერსიას, ისევე, როგორც ჩინეთის განცხადებას, რომ ბურთი სადაზვერვოდ არ გამოიყენება და მას მცირე სანავიგაციო შესაძლებლობები აქვს. რადიო თავისუფლება -
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის გაყინული ქონება უკრაინას გადაერიცხება. "დღეს ვაცხადებ, რომ გავეცი უფლება ჩამორთმეული რუსული ქონების პირველი გადარიცხვისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად" - თქვა მერიკმა. ქონება გაყინულ იქნა მას მერე, რაც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ბრალი წაეყენა სანქციებისთვის თავის არიდებაში. გარლანდის თქმით, ქონება გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს, საიმისოდ, რომ მან ის დახარჯოს "უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად". გარლანდი ამ განცხადებით გამოვიდა შეხვედრაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრი კოსტინთან. რადიო თავისუფლება
-
უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის რუსებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ციხიდან პატიმარი ქალების რეკრუტირება მოახდინეს. „ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს ქალების ციხიდან, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ქალაქ სნეჟნოეში მდებარეობს. ასევე ცნობილია, რომ მომზადების გასავლელად ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გაგზავნილები”, - წერის გენერალური შტაბის განცხადებაში. ცნობისთვის, აქამდე დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ მათი ცნობით “ვაგნერის” დაჯგუფების მიერ რუსი პატიმრების რეკრუტირების ტემპები თანდათან მცირდება. IPN -
გერმანია უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს აგროვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანია უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს აგროვებს და აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო ლიდერებმა და მათ, ვინც გადაწყვეტილებებს უმაღლეს სამხედრო დონეზე ახორციელებენ, პასუხი უნდა აგონ. „ამჟამად, მაგალითად, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებზე ან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე“, - განაცხადა გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, პიტერ ფრანკმა გამოცემა Welt am Sonntag-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, პროკურორებს მტკიცებულებები „სამნიშნა დიაპაზონში“ აქვთ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „ჩვენ ვემზადებით შესაძლო მომავალი სასამართლო პროცესისთვის - იქნება ეს აქ, გერმანიაში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თუ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე“, - აღნიშნა გერმანიის გენერალურმა პროკურორმა. კითხვაზე, თუ ვინ უნდა გასამართლდეს, პიტერ ფრანკმა უპასუხა, რომ პასუხი უნდა აგონ რუსეთის სახელმწიფო ლიდერებმა და მათ, ვინც გადაწყვეტილებებს უმაღლეს სამხედრო დონეზე ახორციელებენ. IPN -
საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება, დღეში 500-მდე - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ ყველაზე გავრცელებულ შტამად რჩება. როგორც ცერცვაძე ამბობს, ზოგიერთ ქვეყანაში COVID-ის ახალი შტამი - „ორტრუსი“ გამოვლინდა, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა. „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძირითადად სტაბილურია, ხოლო COVID გარდაცვალების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. ა.წ. 27 იანვარს ჯანმო-მ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება SARS-CoV-2-ის ვარიანტებს და სუბვარიანტებს, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად. გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი. ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება. ითვლება, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ყველაზე მეტი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება. თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად. რიგ ქვეყნებში ფიქსირდება COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება, მაგალითად, იაპონიაში ა.წ. 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ის მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ 500-მდე COVID გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ. ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა - CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს. ეს სუბვარიანტი პირველად გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად ძირითადად გავრცელებულია ახალ ზელანდიაში (40%-მდე) და უფრო ნაკლებად დიდ ბრიტანეთში (10%-მდე), აშშ-ში CH.1.1 სუბვარიანტის გავრცელება 1.5%-ია. ამ სუბვარიანტმა ძირითადად ყურადღება მიიქცია იმით, რომ შეიცავს L45R მუტაციას, რომელიც თავის დროზე ნანახი იყო „დელტა“ შტამში. მართალია, ითვლება, რომ CH.1.1 მაინც „ომიკრონის“ სუბვარიანტია და არ წარმოადგენს „ომიკრონის“ და „დელტა“ შტამის რეკომბინანტს - ასე ვთქვათ „Deltacron”-ს, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს დელტა შტამისთვის დამახასიათებელ ერთ მუტაციას (L45R), ყურადღებით აკვირდებიან ხომ არ იწვევს ის უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა სუბვარიანტები. ჩინეთში, სხვადასხვა წყაროებით, კვლავ ძალიან მაღალია COVID ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ოფიციალურად ზუსტი მონაცემები უცნობია. საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. ცერცვაძე რეკომენდაციებსაც გასცემს და აცხადებს, რომ COVID-ის შემთხვევების მატების ტენდენცია მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას მოითხოვს. ის მოსახლეობას რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე COVID ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს. „სადღეისოდ COVID საქართველოში კვლავ იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, მაგრამ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და საქართველოში არსებული COVID შემთხვევების მატების ტენდენცია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისგან და მოსახლეობისგან მოითხოვს მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: "პაქსლოვიდი" ან "რემდესივირი", რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ "პაქსლოვიდის" ან "რემდესივირის" გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. რაც შეეხება სხვა რესპირაციულ ინფექციებს, ცერცვაძის თქმით, „მათი სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს შეესაბამება“. „რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები. კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება თვითდამშვიდებას მივეცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
-
ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ომის 346 დღის განმავლობაში ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რომ ვითარება რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა. დრო, როდესაც ოკუპანტი სულ უფრო მეტ და მეტ თავის ძალას აგზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს. ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. მაგრამ ახლა, როგორც ამ 346-დან თითოეულ დღეს, ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს ყველაფერს”, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან შაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან საუბარი გამართა და აღნიშნა, რომ უკრაინელმა მეომრებმა დიდ ბრიტანეთში Challenger ტანკებზე წვრთნა უკვე დაიწყეს. IPN