Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამჟამად პური სტაბილურად მიეწოდება მოსახლეობას და ფასებიც შედარებით სტაბილურია. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რა სიტუაცია იქნება სამომავლოდ, ამის თაობაზე პროგნოზები ცვალებადია. „ფქვილის მწარმოებლებს ჰქონდათ თავიანთი წინადადებები, რომ ფქვილი დაბეგვრილიყო და მერე ეს სტაბილიზაციაში გამოყენებულიყო, მაგრამ ძალიან რთული ფორმულა იყო და გარანტიას ვერავინ იძლეოდა, რას იზამდა რუსეთის მხარე. დღეს სიტუაცია როგორ დალაგდება ზუსტად ვერავინ პროგნოზირებს. დღეს, ხვალ და რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება“, - განაცხადა დოლიძემ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს. „სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით, დღეს ხორბლის გარკვეული მარაგები ქვეყანაში არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ 34 თვის მარაგიც არის. ეს არის დაახლოებით, 65 ათასი ტონა. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს იმიტომ, რომ კვლაც რუსეთიდან შემოდის შედარებით დაბალი ფასის ფქვილი. მეწარმეების დამოკიდებულება ასეთია, ყველა ეძებს ნედლეულს, რომელიც შედარებით დაბალ ფასიანია. თუმცა, არსებობს მოთხოვნები, კონკურენცია, ყველა ცდილობს, რომ მისი პროდუქცია საუკეთესო იყოს. თუ შევადარებთ შარშანდელ ფასებს, შარშან საშუალო ფასი ერთ ტომარაზე ფიქსირდებოდა დაახლოებით, 70 ლარი და 50 თეთრი. მაქვს ინფორმაცია, რომ ქართული წისქვილებიდან გამოსული ფქვილის ღირებულება დღეს დაახლოებით, 60 ლარამდეა. ანუ, მთელი 10 ლარია დღეს განსხვავება. თუ შევადარებთ სხვა კვების პროდუქტებს, პურის ხელმისაწვდომობა და მისი ფასები სტაბილურია. წარმოებაში ძალიან ბევრი რამ დასანერგია. არის კადრების დენადობა, სამცვლიანი ცვლა არის, ძალიან რთულია დისტრიბუცია ქალაქში გახშირებული მოძრაობის გამო. მთელი რიგი პრობლემები არსებობს იმისთვის, რომ წარმოებები მოწესრიგდნენ“, - განაცხადა დოლიძემ. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყოველთვის არის კითხვები პურის ფასთან დაკავშირებით, თუმცა, ყველა მაღაზიას თავისი მოგების მარჟა აქვს. გარდა ამისა, მალხაზ დოლიძის განმარტებით, ძალიან გაძვირდა შესაფუთი მასალაც. „კორონავირუსის შემდეგ ყველა პური შეფუთული გამოდის. სტანდარტი ყველა პურის შეფუთვას არ ითვალისწინებდა. ესეც მეწარმეებისთვის გარკვეული დანახარჯია“, - განაცხადა დოლიძემ. IPN
  2. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ XBB1.5 ე.წ. კრაკენის სუბვარიანტით გამოწვეული ცალკეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მოსალოდნელია COVID-ის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა. „ომიკრონის XBB1.5 ე.წ. კრაკენის სუბვარიანტით გამოწვეული ცალკეული შემთხვევები გამოვლენილია საქართველოშიც, თუმცა ჩვენთან დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. XBB1.5 სუბვარიანტს ახასიათებს აქამდე ცნობილ სუბვარიანტებთან შედარებით ყველაზე მეტი გადამდებლობა. იგი დაახლოებით 40%-ით მეტად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტები. ითვლება, რომ ის არ იწვევს ომიკრონის სხვა სუბვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა მაინც ითვლება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, ან რისკის ჯგუფის პირებისთვის. მაგალითად იაპონიაში ა.წ. 3 თებერვალს 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ს მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში საშუალოდ COVID-ით 500 გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ვინაიდან, საქართველოში უკვე დადასტურდა აღნიშნული სუბვარიანტი, მოსალოდნელია COVID-ის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა“, - განაცხადა ცერცვაძემ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, COVID სტატისტიკის გამოქვეყნების შუამდგომლობა სამინისტროს წინაშე ინფექციონისტებმა უკვე დააყენეს. „ვინაიდან საქართველოში COVID ბოლო პერიოდში იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, ამიტომ COVID ახალი შემთხვევების სტატისტიკა არ ქვეყნდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ყოველდღიურად ეგზავნება შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუციებს. სხვათა შორის, ჩვენ დავაყენეთ სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა, რომ COVID სტატისტიკა თვეში ერთხელ მაინც გამოქვეყნდეს. რაც შეეხება არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს, საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება. თუ გასული წლის ბოლოსთვის დღეში 200-300 შემთხვევა იყო, ახლა, იანვარში და თებერვლის პირველ რიცხვებში, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 500-ს მიაღწია”, - განაცხადა ცერცვაძემ. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. IPN
  3. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე. მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე არ განიხილავენ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, ამასთან, აღნიშნავს, რომ სხდომაზე მსჯელობის საგანი არ იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა {მიხეილ სააკაშვილის} საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად", - აღნიშნავს ჯაღმაიძე. ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. . IPN
  4. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ, საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტად მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა. პონტიფიკოსის მიმართვის სრულ ტექსტს წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური ავრცელებს. „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას”, - აღნიშნა პაპმა. შეხვედრისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ „ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს“. პაპის თქმითვე, „ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად”. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებისადმი მიმართვისას, პაპმა ფრანცისკემ განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. პონტიფიკოსის თქმით, „ხშირად სწორედ დავიწყება და გულგრილობა აბნელებს და განურჩეველს ხდის ყოველივეს ირგვლივ; ხოლო კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის”. „როგორც შევიტყვე, კეთილშობილ ქართულ ენაში ტერმინი „educazione“ (“აღზრდა”) ჟღერს როგორც „განათლება“. ეს ძალზე საინტერესოა, რადგან მომდინარეობს სიტყვიდან „ნათელი“ და გულისხმობს უვიცობის წყვდიადიდან ცოდნის სინათლისკენ სვლას. აღზრდა თქვენებურად ნათლისკენ მობრუნებაა, განათლების სინონიმია. ეს ძალზე ნიშანდობლივია - ბნელ ოთახში სანთლის ანთებას ჰგავს; არაფერი იქ არსებული არ იცვლება, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება. სწორედ ასეთია თქვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რომელიც ყველაფრის შუაგულში ადამიანის პიროვნულ ღირსებას მოიაზრებს”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. გარდა ამისა, პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა სევდა შემოაწვება, მის მუსიკას უსმენს. „მახსენდება პატრიარქი ილია - დიდი ადამიანი! როცა სევდა შემომაწვება, მის მუსიკას ვუსმენ, მის სიმღერებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრავო! - ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ. გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც „არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს. თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში. არ მავიწყდება ჩინებული ღვინო, პატრიარქმა ილიამ რომ გამასინჯა - მაგარი, მაგრამ ძალიან კარგი!“, - დასძინა პაპმა. იპნ
  5. შინაგან საქემთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. იპნ
  6. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მიმართ ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საკითხსაც განიხილავენ. „მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ - ნატოს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, ხვალ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. IPN
  7. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრების ორდღიან სამიტზე, რომელიც 14 თებერვალს დაიწყება, მისი მოლოდინით განიხილავენ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობასაც. "ამჟამად მიმდინარობს დისკუსია თვითმფრინავების შესახებაც, და მოველი, რომ ამაზე ხვალ, ბრიუსელშიც ვილაპარაკებთ" - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას ასევე ესაჭიროება სასწრაფო დახმარება ხმელეთზე. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან, ნატოს არ გადააქცევენ ამ კონფლიქტის მხარედ.
  8. უკრაინაში ომში დაიღუპა რუსეთის მხარეს მოხალისედ მებრძოლი, 49 წლის რამინ ბახტაძე, რომელიც წარმოშობით ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის, სოფელ პირველ ოტობაიადან იყო. რამინ ბახტაძის მამამ არნოლდ ბახტაძემ „გალი ტვ“-ს უამბო, რომ მისი ვაჟი რუსეთის ქალაქ ვლადიმირში ცხოვრობდა. გასული წლის 15 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში წავიდა საიდანაც უკრაინაში გაემგზავრა. არნოლდ ბახტაძის ინფორმაციით, რამინ ბახტაძე მაკეევკაში, ასობით რუს სამხედრო მოსამსახურესთან ერთად დაიღუპა. მამის სიტყვებით, რამინ ბახტაძის ცხედარი თუთიის კუბოთი ჩამოასვენეს. შვილის ამოცნობა მამამ სვირინგის მეშვეობით შეძლო. ბახტაძე ვლადიმირში დედის გვერდით დაკრძალეს. მას ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი დარჩა. დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაზე იერიში უკრაინის საჰაერო ძალებმა 31 დეკემბრის ღამით მიიტანა. მთლიანად დაინგრა 19-ე პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა, რომელშიც რუსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინამ ქალაქ მაკეევკას დაარტყა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ის 6 რაკეტით. 4 იანვარს კი განაცხადეს, რომ თავდასხმას 89 სამხედრო ემსხვერპლა. ამის შემდეგ უწყებას სხვა კომენტარი აღარ გაუკეთებია. უკრაინული მხარე ასობით დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. BBC-ის რუსულმა სამსახურმა ღია წყაროებზე დაყრდნობით 92 დაღუპულის შესახებ ინფორმაციის დადასტურება შეძლო. ამანდე იყო ცნობილი, რომ უკარაინაში ომში დაიღუპა გალის მცხოვრები ბესლან ტაბაღუა. უკრაინშაი დაიღუპნენ ასევე მოხალისეები ოკუპირებული აფხაზეთიდან ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე, ლორან სმირი და დმიტრი ცვიჟბა. უკარაინის მხარეს მებრძოლთა შორის დაუღუპნენ ასევე აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეები. რადიო თავისუფლება
  9. საქართველოს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის კახაბერ ჭუმბაძის განცხადებით, ხელოვნების სასახლის კუთვნილებაში არსებული ნამუშევრები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში დროებით იყო განთავსებული, ორბელიანების სასახლიდან უკვე წაიღეს. როგორც ჭუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ნამუშევრებიდან სამი დაზიანებულია. „ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს ანაქერცლი აღენიშნება. ეს ყველაფერი ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და რესტავრაციის ჩატარებას. ამ მიზნით, გასულ კვირაში ერთხელ უკვე გახლდით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულები, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ნახატების იმ დღეს წაღებაში, დღეს კვლავ გამოვცხადდით და ნახატები უპრობლემოდ გაგვატანეს“, - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა კახაბერ ჭუმბაძემ. ნამუშევრების დაზიანების თაობაზე ჟურნალისტებთან ხელოვნების სასახლის ფერწერის რესტავრატორმა ნუცა ადეიშვილმაც ისაუბრა და განმარტა, რომ „საგანგაშო მდგომარეობა არა არის და ნამუშევრები ფოტოფიქსაციის და ლაბორატორიული კვლევის მიზნით მუზეუმში დაბრუნდა“. „დაზიანებები არის ძალიან მცირე ზომის, უმნიშვნელო ჩახევის სახით, რაც მექანიკური დაზიანებაა და მის წარმოშობას ვერ ვიტყვით“, - განაცხადა ნუცა ადეიშვილმა. იპნ
  10. ცოტა ხნის წინ, ბრაზილიაში, მომუშავე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) სიახლოვეს მყოფი ერთი მამაკაცის პისტოლეტმა მოულოდნელად თავისით გაისროლა; კაცი მუცელში დაიჭრა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის ადვოკატი და იარაღის ფლობის ხმამაღალი მხარდამჭერი, ვიდრე დედამისს სკანირების ოთახში შეჰყვებოდა, სიტყვიერად და წერილობით გააფრთხილეს, რომ გარეთ დაეტოვებინა ყოველგვარი ლითონის ობიექტი. მიუხედავად ამისა, ოთახში ის მაინც იარაღით შევიდა. 16 იანვარს, ლეანდრუ მათიაშ დი ნოვაიშმა დედამისი სან-პაულუს ერთ-ერთ ლაბორატორიაში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე წაიყვანა. სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, კლინიკის პერსონალმა დი ნოვაიში და დედამისი გააფრთხილა, რომ სკანირების ოთახში შესვლამდე ლითონის ნივთები გარეთ დაეტოვებინათ. „ვაღიარებთ, რომ ლაბორატორიის პერსონალის მიერ დაცული იყო ინციდენტთა პრევენციის ყველა პროტოკოლი“, — ამბობს კლინიკის პრესსპიკერი. ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. სხეულის სკანირებისთვის, MRI 1,5-3.0 ტესლას ოდენობის მაგნეტიზმს იყენებს, რათა წყლის მოლეკულების პროტონებს დაახლოებით ერთი მიმართულებით მიმართვა აიძულოს. ელექტრომაგნეტიზმის დაბალენერგიული პულსი ნაწილაკებს არხევს, რომლებსაც, გარემომცველი მასალებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დრო სჭირდებათ საწყის წერტილში დასაბრუნებლად. პროტონების რხევებში არსებული ამ კონტრასტის საფუძველზე მიიღება შინაგანი ორგანოების დეტალური სურათი. იმისათვის, რათა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, რამდენად ძლიერია მაგნიტური ველი, გეტყვით, რომ მაცივრის მაგნიტების დიაპაზონი რამდენიმე ათასი ტესლაა. ზოგიერთი იშვიათმიწა მაგნიტის სიმძლავრე შეიძლება დაახლოებით ერთი ტესლას ფარგლებში იყოს. შესაბამისად, 3-7 ტესლა დიდი არაფერია. მაგრამ საკმარისია დიდი ფერომაგნიტური ნივთებისთვის (რომლებიც შედარებით თანაბრად რეაგირებს ძლიერ მაგნიტურ ველში), რომ კარგი მიზიდვის ქვეშ მოექცნენ. 2001 წელს მომხდარი ერთი საშინელი ინციდენტისას, ბავშვმა თავში სასიკვდილო დაზიანება მიიღო, როდესაც MRI-მ ოთახში ჟანგბადის ლითონის ავზი გადაადგილა. პატარა ნივთების, მაგალითად, სამკაულების შემთხვევაში, ძლიერმა მაგნიტურმა ველმა შეიძლება წარმოქმნას ელექტროდენი მასალაში, რომელიც პოტენციურად საკმარის სითბოს გაატარებს და გამოიწვევს უსიამოვნო ადგილობრივ დამწვრობას. ზუსტად რა მოხდა დი ნოვაიშის შემთხვევაში, შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ. მის ქამარში დამალულმა პისტოლეტმა მაშინ გაისროლა, როდესაც ტომოგრაფიის აპარატი მუშაობდა. მიღებული ჭრილობის შედეგად, მამაკაცი რამდენიმე კვირაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნოვაიში იარაღის ფლობის უფლების თავგამოდებული დამცველი იყო, სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავდა. პოლიციის განცხადებით, მისი იარაღი რეგისტრირებული იყო და ტარების უფლებაც ჰქონდა. უცნობია, გახდა თუ არა ამის მიზეზი თვითკმაყოფილება ან დაღლილობა, მაგრამ ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) აპარატები და ცეცხლსასროლი იარაღი ერთმანეთს უბრალოდ არ ეთავსება. American Journal of Roentgenology-ს 2002 წლის სტატიაში აღწერილია ინციდენტი, რომლის დროსაც, ნიუ-იორკის შტატში, სკანირების ოთახში იარაღით იყო შესული. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი აპარატიდან სამ მეტრში იდო, მაინც გაისროლა და ტყვია კედელს მოხვდა. 2013 წელს ასეთივე შემთხვევა მოხდა ილინოისის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ძარცვის ფაქტზე მისული პოლიციელის იარაღმა მოწყობილობასთან მიახლოებისას გაისროლა. 2018 წელს, ლონგ-აილენდის ერთ-ერთ კლინიკაში მამაკაცი ფეხში დაიჭრა, მას შემდეგ, რაც სკანირების ოთახში შესვლისას გაისროლა იარაღმა, რომელიც მას ჯიბეში ედო. ეს მოკლე სიაც კი გვიჩვენებს, რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კაბინეტში იარაღით შესვლა. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით. ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
  11. შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა. SONNTAGSZEITUNG-ის ცნობით, ეს ქვეყანაში დეკლარირებული რუსული აქტივების, დაახლოებით, მესამედია. გამოცემის ინფორმაციით, გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ფრანკი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფი მოქალაქეების საკუთრებაა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების შეზღუდვებში მოხვედრილ მოქალაქეებს ეკუთვნით, ასევე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის და სახელმწიფოს დაბლოკილი სახსრები. დაყადაღდა უძრავი ქონების 15 ობიექტი. პუბლიკა
  12. პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით და შუამდგომლობით გადმოეცა საქართველოს საჩუქრად და ინახება ხელოვნების სასახლეში. ათეულობით ნამუშევრიდან 5 შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამოსაფენად. ეს კი მემორანდუმის საფუძველზე მოხდა და, მისი თქმით, არანაირი ნამუშევრების უკან დაბრუნების ვადა არ დარღვეულა. მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომლებიც სამინისტრომ წაუყენა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ახალი არ არის. დღეს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი წაიღო. როგორც მედიასთან განაცხადეს სამინისტროს წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს ნამუშევრები უნდა დაებრუნებინა ხელოვნების სასახლისთვის და არ დაუბრუნებია, ამასთანავე, ერთ-ერთ ნამუშევარს აქვს დაზიანება და სწორედ ამან განაპირობა მათი ორბელიანების სასახლეში შესვლა. ასევე იხილეთ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეშია შესული პუბლიკა
  13. რადიოს მსოფლიო დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნება. „რადიო და მშვიდობა“ – ეს არის 2023 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობ – „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს აუდიტორიას. ომი, როგორც მშვიდობის ანტონიმი, ნიშნავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, ქვეყნებს ან ჯგუფებს შორის, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაგრამ ასევე შეიძლება გადაიზარდოს მედია ნარატივების კონფლიქტში. რადიო მნიშვნელოვანი მოთამაშეა მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. იგი არა მხოლოდ ასახავს კონფლიქტებს, არამედ ცდილობს, ჩაწვდეს პრობლემის სათავეს და განმუხტოს იგი“. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, პირველი არხი რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნას ყოველ წელს უერთდება. „წლევანდელი სლოგანია „რადიო და მშვიდობა“, რაც საზოგადოებისთვის რადიოს როლის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საზოგადოებისთვის გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიმწოდებელი, განსაკუთრებულ როლს თამაშობს უსაფრთხო გარემოს შექმნაში. ეს როლი ყველაზე მეტად აქცენტირებულია მაშინ, როდესაც საზოგადოებაში განსაკუთრებული გარემოებებია: მასობრივი არეულობა, ომი, პანდემია, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ. უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, პირველი არხი მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჩართულობით, დღემდე არაერთი ერთობლივი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. მათ შორის, განსაკუთრებული სწორედ რადიოპროექტები იყო“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის, ნოელ კურანის განცხადებით, „რადიო ბუნებრივად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში კრიზისის დროს – ომში, საგანგებო სიტუაციებში“. „პირველი, რასაც ხალხი აკეთებს, რადიოს რთავს ინფორმაციის მისაღებად. ეს სტატისტიკიდანაც ჩანს. ასე რომ, რადიო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ომის დროს. არ ვიცით, რის გამო ხდება ასე, შესაძლოა, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები სწორად სახავენ პრიორიტეტებს, არჩევენ გასაშუქებელ თემებს. მიმაჩნია, რომ ხელმისაწვდომობის სიმარტივე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ისიც, რასაც ისინი რადიოსგან იღებენ, მასთან კავშირის შედეგად. დარწმუნებული ვარ, რომ რადიო გააგრძელებს ამ როლის შესრულებას“,- აცხადებს ნოელ კურანი. მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერს დაიწყო. საქართველოში პირველი რადიოსიგნალი 1925 წელს გადაიცა. საქართველოს რადიო ერთ-ერთი უძველესი რადიოა და ის უკვე 98 წელი ერთგულად ემსახურება მსმენელს.
  14. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. მაია სანდუს თქმით, კიევის მიერ მოლდოვის ხელისუფლებისთვის გადაცემული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კრემლი მოლდოვაში დივერსანტების ჩაყვანას რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან აპირებდა. „ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ბრიფინგზე. მისივე თქმით, კიევის მიერ კიშინიოვისთვის გადაცემულ დოკუმენტებში დივერსიული ქმედებებისთვის საჭირო ლოჯისტიკაა გაწერილი. სანდუს განცხადებით, რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას გეგმავს და ამ მიზნით გარკვეული შიდა ძალების გამოყენებასაც აპირებს. პრეზიდენტის თქმით, სამართალდამცავი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ და მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარებას არ დაუშვებენ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გასულ კვირას გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას რუსეთის გეგმა ჩაუვარდა ხელში, რომლითაც კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. ავტორი - ლევან ახალაია
  15. კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან. გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ. ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მან დაწერა, რომ პოლიციელების მანქანები ცისფერი გალერიასთან სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს. მთავარი
  16. ხელვაჩაურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანაში ნახეს - ჟურნალისტმა თქვა, რომ კაცს ტყვია გულის არეში აქვს მოხვედრილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სურმანიძე უწყების შექმნის დღიდან მუშაობდა მათთან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, რიგით თანამშრომლად. საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით. რადიო თავისუფლება
  17. მაშველებმა თურქეთის გაზიანთეპის პროვინციაში გადაარჩინეს 40 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 170 საათის განმავლობაში იმყოფებოდა 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ სააგენტოები Anadolu და Reuters-ი იუწყებიან. გადარჩენილ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. CNN-ის ცნობით, მაშველებმა ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს კაციც, რომელიც ნანგრევებში იმყოფებოდა 167 საათის განმავლობაში. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი დამანგრეველი, 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. 13 თებერვლის დილის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 29 600-ს აჭარბებს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის კაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ამ პროვინციებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 6 თებერვლის მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 4574 ადამიანი.
  18. ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის. მფრინავი ობიექტი „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. აშშ და კანადა კვლავ მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ნარჩენების აღმოსაჩენად, ძებნა შეფერხებულია არქტიკული პირობების გამო. ამერიკელმა სამხედროებმა პირველი მფრინავი ობიექტი 4 თებერვალს ჩამოაგდეს, მეორე და მესამე კი – 10 და 11 თებერვალს. აშშ-ში თქვეს, რომ აღნიშნული ობიექტები, სავარაუდოდ, ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთებია. ავტორი - გივი ბარამიძე
  19. რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ხუთი მიმართულებით ახორციელებს შეტევას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსი სამხედროების თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული. რუსეთის არმია ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 85-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან. ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ტანკებიდან 42-ჯერ დაბომბეს, ასევე დაიწყეს სარაკეტო შეტევა. ჭურვები მოხვდა საწყობებს, კინოსა და საკონცერტო დარბაზს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიას და საცხოვრებელ კორპუსებს. ავტორი - გივი ბარამიძე
  20. ვანო მერაბიშვილს შეუძლია, არაფორმალური მმართველების წრეს მიეთვალოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, „მერაბიშვილის ინტერვიუ სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი როლის დადასტურება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის ფორმირებაში და მმართველობაში“. „ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა თავისი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და კიდევ ერთი არაფორმალური მმართველი. ვანო მერაბიშვილი არის წარსული. მისი განცხადებები მიმართულია „ნაცმოძრაობის“ გასამხნევებლად, ვისაც ახალმა ხელმძღვანელებმა იმედები გაუცრუეს. ვანო მერაბიშვილის გამოჩენა „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს, რადგან მოქალაქეებს წარსულზე ფიქრი აღარ უნდათ ისევე, როგორც წარსულის სახეების მომავალთან გაიგივება“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივს“ ინტერვიუ მისცა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“. ავტორი - თეონა მანაგაძე
  21. შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ომისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. „აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში“, - აღნიშნულია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რუსეთი დაეტოვებინათ. ბოლო ასეთი საჯარო გაფრთხილება სექტემბერში გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა.
  22. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ოპოზიციას მოუწოდებს, დარჩეს პარლამენტში და კონსტრუქციულად მიუდგეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია, თუმცა მთავარი პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. „მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს ცალსახად მოითხოვს ინკლუზიურობას ხელისუფლების მხრიდან და ასევე მოითხოვს კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან და ადგილი, სადაც ეს დისკუსია უნდა წარიმართოს არის საქართველოს პარლამენტი. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ ჩვენ ოპოზიციასთანაც, რომ ისინი უნდა დარჩნენ პარლამენტში, იყვნენ ჩართულები, იმუშაონ კონსტრუქციულად იმისთვის, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია. ამავდროულად, მე ძალიან მკაფიოდ ვუჭერ მხარს, რომ ოპოზიცია დარჩეს პარლამენტში, იყოს ჩართული და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა საქართველომ განაგრძოს სვლა ევროკავშირში წევრობისკენ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. იპნ
  23. პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა - როგორც ჩანს ხელოვანი ადამიანების რეაქცია, რომელიც სახელმწიფოს ნაბიჯებს მოჰყვა, კარგად არ ჰქონდათ შეფასებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველ გუნდში მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ მწვავე ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, სამართლებრივის, სწორი არ იყო. "ამ მოვლენაზე ძალიან საინტერესო რეაქციები ვნახეთ თავის შინაარსით. ვფიქრობ, პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა ადამიანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა, შემდეგ "ქართული ოცნების" სხვა წევრებს მოუწიათ ამ გადაჭარბებულ რეაქციაზე გამოსწორების პასუხების გაცემა. იქ, რა თქმა უნდა, ვერავითარი სისხლის სამართლებრივი საკითხი ვერ იქნებოდა, ეს მაქსიმუმ ადმინისტრაციული ტიპის დანაშაული შეიძლება ყოფილიყო. მათ, როგორც ჩანს, ეს თავიდან არ ჰქონდათ კარგად შეფასებული, მათ შორის ხელოვანი ადამიანების რეაქცია, რომელიც მოჰყვა სახელმწიფოს ნაბიჯებს და შემდეგ მოუწიათ სიტუაციის გამოსწორება, ეს ცალსახად იკითხება პოლიციის რაოდენობის მობილიზებით, ამაზე მიცემული რეაქციებით და სხვა. პრეზიდენტის შეფასებას რაც შეეხება, ეს აჩვენებს მმართველ პარტიას და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას. ჩვენ არ გვჭირდება დამატებით ინსტიტუტების დაპირისპირება, "ქართული ოცნება" ისედაც ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად მოახდინოს რადიკალიზაცია,"- განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ipn
  24. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე რუსეთს ახალი სანქციები და სხვა ზომები ემუქრება. „24 თებერვლისთვის ახალი სანქციები იქნება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუტში. გაერო-ში, კიევში, მსოფლიოს ბევრ სხვა დედაქალაქში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ძალიან მკაფიო გზავნილს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს: თუ თქვენ, პუტინი, ფიქრობთ, რომ დრო თქვენს მხარესაა, მაშინ ძალიან ცდებით. იმიტომ, რომ უკრაინასთან ერთობა დღითიდღე იზრდება და ამ ომში აუცილებლად დამარცხდებით“, - აღნიშნა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლონეთში, 20-22 თებერვალს დაგეგმილ ვიზიტსაც გამოეხმაურა. ”რა თქმა უნდა, ეს ასევე არის ამ ტრაგიკული წლისთავის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილი და იმ სიგნალის განუყოფელი ელემენტი, რომელიც მე გამოვაცხადე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სწორედ ევროპაში იქნება“, - აღნიშნა კულებამ. იპნ
  25. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის - არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი განკარგულებით, ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „რუსული სისტემის ყველა ელემენტი, რომელიც ჩართულია ომში, ტერორის უზრუნველყოფასა და აგრესიის დაფინანსებაში, გლობალური სისტემისგან იზოლირებული უნდა იყოს და ასეც იქნება!“- აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს „რადიაციული შანტაჟისთვის“, რისთვისაც ის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს იყენებს. „უკვე ვემზადებით დაგეგმილი კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. არ შევწყვეტთ დიპლომატიურ მარათონს, რომელიც დავიწყეთ უკრაინის შეიარაღებული და სხვა სახის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. დღეს მე პირადად მინდა, მივესალმო ყველას, ვინც აღადგენს ჩვენი სახელმწიფოს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იპნ
×
×
  • შექმენი...