-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ლაშა შავდათუაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრაზილიელი დანეილ კარგნინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია პარიზის გრანდ სლემზე გასული წლის შედეგი გაიმეორა. პარიზში კიდევ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. IPN
-
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა. ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 2 მილიონზე მეტი ადამიანის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებლების დატოვება მოუწიათ. ცნობისთვის, სამხრეთ სუდანმა სუდანისგან დამოუკიდებლობა 2011 წელს მოიპოვა და ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა გახდა. მის სუვერენულ სახელმწიფოდ აღაირებას მხარი გაეროს 193-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა. IPN -
ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, მიხეილ დაუშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნიან. როგორც დაუშვილი განმარტავს, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. „რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით, რას უნდა ელოდონ, რას აკეთებენ, ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ რას აპირებს, რას აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს, არის ის, რომ „ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ამ ყველაფერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ეფექტური თვითონ „ოცნებაც“ ვერ არის, იმდენად ეფექტურად ეხმარებიან „ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში“, - განაცხადა დაუშვილმა. IPN
-
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია კიევში გუშინ გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებაში. „ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შესაძლებლობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შემდეგ შეხვედრას,რომელიც კიშინიოვში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება“, – ნათქვამია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. გაერთიანების პირველ შეხვედრაზე, პრაღაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები, ასევე აზერბაიჯანი და სომხეთი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სავაჭრო მონაცემების მიმოხილვა აჩვენებს, როგორ შეუძლია მოსკოვს თავისი სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად. მონაცემები აჩვენებს, რომ, სულ მცირე, 13-მა თურქულმა კომპანიამ 18,5 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, მათ შორის პლასტმასის, რეზინის, სატრანსპორტო საშუალებების, გენერატორების. აღნიშნული საქონელი შეიძინა, სულ მცირე, 10-მა რუსულმა კომპანიამ, რომელთაც აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული. გამოცემის მიერ შესწავლილი მონაცემები აჩვენებს, რომ თურქულმა კომპანიებმა გაგზავნეს ამერიკული წარმოების საქონლის, სულ მცირე, სამი პარტია. გამოცემა წერს, რომ 2022 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში თურქულმა კომპანიებმა რუსეთში გაგზავნეს 15 მილიონი დოლარის ღირებულების ლიფტები, ელექტროგენერატორები და აშშ-ის წარმოების სხვა საქონელი აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევით. იმ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შორის, რომლებიც საქონელს თურქეთიდან იღებდნენ, იყო რუსული კორპორაციის, „ტაქტიკური რაკეტების“ შვილობილი საწარმო, რომელიც რუსეთის ფლოტისთვის შეიარაღების სისტემებს აწარმოებს, ასევე „პრომტექნოლოგია“, რომელიც „შავ სიაშია“ შეყვანილი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის წარმოებისთვის. იმ საქონელს შორის, რომელსაც რუსეთი თურქეთისგან ყიდულობდა, იყო სატვირთო მანქანებისთვის განკუთვნილი ამერიკული წარმოების საჭეები და ძრავის ფილტრები. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
თბილისის მერიას ავარიული სახლის სხვა ტერიტორიაზე მშენებლობით ჩანაცვლება იქ მცხოვრები მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშეც შეეძლება. ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 27 იანვრის დადგენილებაშია აღნიშნული. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებისას დაინტერესებული პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში ან მფლობელობაში სხვა საცხოვრებლად ვარგისი უძრავი ქონების და დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის ქირის გადახდის საშუალების არსებობა, ასევე მისი დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ადგილის საკითხი არ განიხილება კომპენსაციის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებად. თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ალტერნატიული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, ყოველთვიური ბინის ქირის კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გაიცემა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით. ავარიულ სახლში დაინტერესებული პირის საკუთრების კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვიურ კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით გასცემს პროექტის განმახორციელებელი,“ - აღნიშნულია დადგენილებაში. ავტორი: თაია არდოტელი
-
„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტის, სოფო პეტრიაშვილის განცხადებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილება არამართლზომიერია და ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება. როგორც პეტრიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული დადგენილებით ადამიანის საკუთრების უფლება ირღვევა. „კონკრეტულმა სამართალშემოქმედმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევა არ უნდა განხორციელდეს არამართლზომიერი გზით. ასევე, ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ დადგენილების ირგვლივ არსებობს, ეს არის კოეფიციენტის მომატება კონკრეტულ დეველოპერებზე. საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, უსაფუძვლო გამდიდრებასთან, მეორე მხრივ, კანონის დარღვევასთან, როდესაც განაშენიანების დეტალურ გეგმას კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრავს. ეს არ უნდა მოხდეს შერჩევითობის პრინციპით და კონკრეტულ დეველოპერებზე კოეფიციენტის არამართლზომიერი მომატება არ უნდა განხორციელდეს. ასევე, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობით არ უნდა მოხდეს მისი ფართით სხვა მიწის ნაკვეთზე დაკმაყოფილება. მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული დადგენილების არამართლზომიერება და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება. ეს სარჩელით მიმართვის რიცხვს უფრო გაზრდის, შესაბამისად, მეტად გადაიტვირთება სასამართლო განსახილველი საქმეებით, რასაც ჩვენ სამართლიანი მექანიზმებით აღმოვფხვრით“,- განაცხადა „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტმა სოფო პეტრიაშვილმა. bpn
-
საიდან შემოდის 26.5%-ით გაძვირებული ბოსტნეული საქართველოში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი), 2023 წლის იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15%-ითაა მომატებული წლიურ ჭრილში. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 26.5%-ით ბოსტნეული და ბაღჩეულია გაძვირებული. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ, თუ საიდან შემოდის ეს პროდუქცია ქვეყანაში. საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 47.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 35.8 მლნ აშშ დოლარზე, 32.7%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტირებული ბოსტნეულის ღირებულება 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია, იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს, 60.3 მლნ აშშ დოლარს კი 2011 წელს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, საქართველოსთვის ბოსტნეულის უმსხვილესი მიმწოდებლები თურქეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი არიან. ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის დეტალური მონაცემები შემდეგნაირია: თურქეთი - 26.6 მლნ აშშ დოლარი; უზბეკეთი - 6.1 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 3.6 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი - 1.9 მლნ აშშ დოლარი; ირანი - 1.7მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ექსპორტს, იმპორტის ზრდის ფონზე, 2022 წელს საქართველოდან გატანილი პროდუქციის ღირებულება თითქმის განახევრდა და 14.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021-ში მაჩვენებელი რეკორდული 28.6 მლნ აშშ დოლარი იყო. ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქცია ქვეყნიდან რუსეთში (6.6 მლნ აშშ დოლარი), სომხეთსა (3.5 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანში (1.9 მლნ აშშ დოლარი) გადის. ავტორი: კახი ჩაკვეტაძე -
უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს. სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა. შეგახსენებთ, საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. იმ პერიოდიდან რადამ საგანგებო რეჟიმი ოთხჯერ გაახანგრძლივა. IPN
-
რუსული ძალები შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, განიცდის მძიმე დანაკარგებს", - აცხადებენ გენშტაბში. ამასთან, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ, ხარკოვისა და მიკოლაივის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა უკრაინას ტერიტორიას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 90-ზე მეტჯერ დაარტყეს. არის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის გრეკოვკას, ნევსკოეს, კრემენნაიასა და დუბრავას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, კრასნაია გორას, პრასკოვეევკას, ბახმუტისა და ივანოვსკოეს დასახლებებზე“, - აცხადებენ გენშტაბში. IPN
-
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო. „ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია. ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინამ ორი უცხოელი მოხალისის, კრისტოფერ მეთიუ პერისა და ენდრიუ ტობიას მეთიუს ცხედრების დაბრუნება შეძლო. IPN
-
ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა "ფორმულა" დატოვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდაშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები. "ვადასტურებ, რომ არხის ვიდეო ოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს დავტოვე არხი. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრონლების მიმართ. სამართლიანი პროტესტის წინაღმდეგ ხელმძღვამელობამ ცილისწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და ამიტომ დავტოვე არხი. არხის დატოვებას კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან. მეტ დეტალზე საუბარი ამ მომენტში არ მსურს" - უთხრა რადიო თავისუფლებას მარტა ქურასბედიანმა. ფორმულამ ოპერატორებს, რომლებიც ხელფასის მატებას ითხოვდნენ, ხელშეკრულებები შეუჩერა და 3 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლა. ოპერატორები არხიდან მათ გათავისუფლებას უსამართლოს უწოდებენ და აპირებენ, სამართლებრივ ზომებს მიმართონ. -
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, წერს, რომ პენიტენციურ სამსახურში კვლავ არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. აუდიტმა გამოავლინა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სხვაობას იწვევს ის გარემოება, რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მაშინ როდესაც მედიკამენტი უკვე გახარჯულია. ამასთანავე, ზოგჯერ ვერ იდენტიფიცირდება ჩამოწერილი მედიკამენტების შესაბამისი აქტები. აუდიტის სამსახურის ანგარიში 2021 წლის პერიოდს მოიცავს, თუმცა მედიკამენტების აღრიცხვის პრობლემა პენიტენციურ სამსახურში სიახლე არ არის და ამ საკითხზე საუბარია წინა წლების ანგარიშშიც. 2019 წლის ანგარიშში აუდიტის სამსახური წერდა, რომ 2017 წელს მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციამ აჩვენა 893 580 ლარის დანაკლისი, რომელთა შორის იყო გაუქმებულ პენიტენციურ დაწესებულებებზე რიცხული, 134 780 ლარის მარაგები.
-
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში.“ ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა. ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს. 2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. რადიო თავისუფლება
-
ბლინკენმა პეკინში აშშ-ის ცაზე ჩინური სადაზვერვო ბურთის გამოჩენის გამო ვიზიტი გადადო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო, გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემჩნეულ იქნა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთი, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ABC News-ს მოჰყავს შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ბლინკენს არ სურს ვიზიტის მთლად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ დატოვება. მაგრამ ამავე დროს მას არ სურდა, საჰაერო ბურთთან დაკავშირებული ინციდენტი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი საკითხი გამხდარიყო. მანამდე ჩინეთმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ, მისი თქმით, „სამოქალაქო“ საჰაერო ხომალდი შემთხვევით მოხვდა აშშ-ის ტერიტორიაზე და ქარმა ის კურსს მოაშორა. ამ ინციდენტს მწვავე რეაქცია მოჰყვა შეერთებულ შტატებში. ჩინეთის საეჭვო საჰაერო ბურთი უკვე რამდენიმე დღე იმყოფება აშშ-ის თავზე, მონტანის შტატის მიდამოებში. აშშ-ის მაღალი რანგის პირებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ურჩიეს, არ ჩამოაგდონ საჰაერო ხომალდი, ვინაიდან, ნამსხვრევებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ხმელეთზე მყოფ ობიექტებს. როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ფრენის ამჟამინდელი ტრაექტორია საჰაერო ბურთს საშუალებას მისცემს, რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს გადაუფრინოს. მონტანაში, მალმსტრიომის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ბალისტიკური რაკეტების 150 შახტი მდებარეობს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, დაეზუსტებინათ, რა სიმაღლეზე იმყოფება საჰაერო ბურთი, მაგრამ თქვეს, რომ ის სამოქალაქო ავიაციის მიმოსვლის დონეზე უფრო მაღლა და კოსმოსურ სივრცეზე უფრო დაბლაა. რადიო თავისუფლება -
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგებზე ისაუბრა. უკრაინის ლიდერის თქმით, სამიტზე განხილული იყო ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის მზადების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას უკრაინის აღდგენის გეგმისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფისთვის. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიტზე ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“, რაც სამიტის შემაჯამებელ განცხადებაშია დაფიქსირებული. „ამ საღამოს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინა მიდის თავისი მიზნისკენ. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინული თავისუფლება. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ღირებულებებს და მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მიზნებს. დღეს უკვე იგრძნობოდა ამ სამიტის რწმენა. ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ უკვე როგორც ევროპული საზოგადოების მონაწილეები. ვმუშაობთ, რომ ეს იურიდიულად დავაფიქსიროთ. რაზე ვისაუბრეთ დღეს – არის გაგება, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს არის შესაძლებელი. პარტნიორებს ასევე ესმით, რომ მიმდინარე წელს, ისევე, როგორც გასულ წელს, აუცილებელია ჩვენი სახელმწიფო თავდაცვითი მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სასანქციო ზეწოლის. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის მომზადებაზე. გვაქვს შეთავაზებები ამ პაკეტთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს გადავეცით. განვიხილეთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში ცვლილებები, რომლებსაც ვახორციელებთ და რომელთა განხორციელებისთვისაც კიდევ ვემზადებით. განვიხილეთ ფინანსური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური და ენერგეტიკული“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. „ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც უძლებენ დამპყროლების სასტიკ ზეწოლას, რომლებიც მკაფიოდ და სრულად ასრულებენ ჩვენი პოზიციების დაცვის ამოცანებს და ასეთ მძიმე პირობებშიც უკრაინას კარგ ამბებს უგზავნიან. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინც გვეხმარება ოკუპანტებისგან თავდაცვაში“, – განაცხადა ზელენსკიმ. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს GLSDB-ს, ასევე HIMARS-ისთვის საჭირო აღჭურვილობას და ჯავშანტექნიკას. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი სარაკეტო სისტემები GLSDB-ი, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მომარაგების ყველა ხაზს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილს. აღსანიშნავია, რომ HIMARS-ის მოქმედების რადიუსი 77 კილომეტრს შეადგენს. „თავდაცვის დეპარტამენტმა დღეს გამოაცხადა უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ. ჯამში, აშშ-მა 2014 წლიდან უკრაინას უსაფრთხოების დახმარების სახით 32 მილიარდი დოლარი გამოუყო, მათ შორის 29,3 მილიარდი დოლარი რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო ინტერვენციის შემდეგ. დღეს გამოცხადებული დახმარება მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რაც დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ხალხი, ასევე ჯავშანტრანსპორტიორებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინა ასე ეფექტიანად იყენებს, მათ შორის „ჯაველინებს“, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, არტილერიას, აღჭურვილობასა და კონვენციურ და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ვაცხადებ, რომ ავტორიზაციას ვაძლევ პირველად ისტორიაში ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავუყენე ბრალი“, – განაცხადა აშშ-ის გენპროკურორმა. მისი თქმით, ჩამორთმეული აქტივები სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცემა უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად. „რუსი სამხედრო დამნაშავეები აშშ-ში თავშესაფარს ვერ ნახავენ“, – აღნიშნა გერლენდმა. ივნისში მალოფეევის საბანკო ანგარიშზე აშშ-მა მილიონობით დოლარი დააყადაღა მას შემდეგ, რაც აპრილში მას სანქციები დაუწესდა. გასულ კვირას მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ პროკურატურას მალოფეევის კუთვნილი 5,4 მილიონი დოლარის კონფისკაციის ნება დართო. მალოფეევი 2014 წელს ყირიმში სეპარატიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულეს და მას აშშ-მა სანქციები თავდაპირველად 2014 წელს დაუწესა. 2022 წელს აშშ-ის პროკურატურამ მას სანქციებისგან თავის არიდებაში დასდო ბრალი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან. „შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ასევე კრემლის მხარდამჭერ მომღერლებს, მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ლარისა დოლინა, დიმა ბილანი, ირინა ალეგროვა, იუმორისტი მიხაილ გალუსტიანი და სხვები. „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში ეფუძნება ტყუილსა და სიცრუეს. რუსულ დეზინფორმაციულ ოპერაციებში ჩართული არიან ცნობილი ადამიანები და ე.წ. საინფორმაციო ორგანიზაციები, რომლებიც ახმოვანებენ კრემლის არგუმენტებს და მცდელობებს, გაამართლონ უკრაინაში სისასტიკეები“, – ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ტუნისიდან იტალიაში გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდნენ. მაშველებმა ნავში ცხრა გარდაცვლილიც იპოვეს, რომელთა შორის ახალშობილი და ორსული ქალი იყო. მათივე ცნობით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა და ნავზე სასმელი წყლის არარსებობა გახდა. იტალიელი პოლიციელების ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმა ტუნისის ქალაქ სფაქსის პორტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და გზის დაკარგვის გამო იტალიამდე დაგეგმილთან შედარებით ბევრად გვიან ჩააღწია. IPN -
პენტაგონი - ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB ჭურვებს მივაწვდით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს, რომელიც აშშ-ის მიერ დაანონსებულ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიკ რაიდერს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა GLSDB ჭურვების მიწოდების მიზანი ის, რომ უკრაინამ ისინი ყირიმში მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, რადგან აღნიშნულ ჭურვებს ამის პოტენციალი აქვს. „დიახ, ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით GLSDB ჭურვებს. ეს მათ აძლევს უფრო შორ მანძილზე მოქმედების უნარს და შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ოპერაციები თავიანთი ქვეყნის დასაცავად და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რაც შეეხება უკრაინის გეგმებს ოპერაციებზე, ცხადია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამაში ისინი არიან მთავარი“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა. მისი თქმით, უკრაინის მომავალ პოტენციურ ოპერაციებზე საუბარს ან სპეკულირებას არ აპირებს. „ჩვენ მათთან ვმუშაობთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბრძოლის ველზე ეფექტურები იყვნენ“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ამავე ბრიფინგზე პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ახალ პაკეტში სხვადასხვა შეიარაღებასა და საბრძოლო მასალასთან ერთად მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს. კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე. IPN -
აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება. “ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველობის აღდგენის საშუალება. და ისინი ამას სხვა სახელმწიფოების მეშვეობით აკეთებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი [რუსეთის ფედერაცია] ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს. მაგრამ ისინი ზოგიერთ მათგანს უვლიან გვერდს”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად ადევნებს თვალს ასეთი სახელმწიფოების რუსეთთან თანამშრომლობის პროცესს და შესაბამის ფაქტებს ევროკავშირში კოლეგებს აწვდის. “გვსურს, რომ მათზე რეაგირება იყოს და მჯერა, რომ ასე იქნება”, - თქვა ზელენსკიმ. IPN
-
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს - ვიბრძოლებთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “უკრაინა-ევროკავშირი” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. “ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის რევანში (წინსვლა) არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდებიან. “ჩვენ ვთვლით, დაზვერვა და სამხედროები, რომ ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში ზეწოლა გაძლიერდება. რუსეთს რევანში სურს. და ეს რევანში ზუსტად იქ სურს, სადაც ძალიან სჭირდებათ. ჩვენი ამოცანაა ამის შესაძლებლობა არ მივცეთ ჩვენი არმიის შესაბამისი იარაღით გაძლიერების მომენტამდე. ვთვლი, რომ შანსი გვაქვს”, - თქვა ზელენსკიმ. იპნ -
კრემლმა არ შეგვაშინა და არ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი - თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის - ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია… და მეორე მესიჯი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთან ერთად არის ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი - ჩვენი ბედია”, - თქვა მიშელმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ამ წელს იმსახურებს ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე მისვლას.
-
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნება. აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე მოიხსნება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში. „როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ დავამყარებთ სიცხადეს და დავამყარებთ ახალ სტაბილურობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და დავასრულებთ საბედისწერო გაურკვევლობას, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა პუტინი მის დამღუპველ შეცდომამდე“ , - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონის თქმით, თუ მოკავშირეები შეძლებენ უკრაინა შეაიარაღონ იმით, რაც მას ომის სწრაფად მოსაგებად სჭირდება, ისინი გადაარჩენენ უამრავ სიცოცხლეს. თუ კიევს არ დაეხმარებიან „გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევაში“, ეს იქნება იმის გარანტია, რომ პუტინი დარჩება საფრთხედ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყნისა და რეგიონისთვის. IPN