-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 828 629 ლარის აკუმულირება მოხდა. უნდა ითქვას ისიც, რომ გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით მიახლოებული იყო 2019 წლის შედეგი, როდესაც ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 206 322 089 ლარის მობილიზება მოხდა. ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 26 191 825 560 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას. ავტორი: თაია არდოტელი
-
თურქეთში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით ავრცელებს Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორ BOTAS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაგისტრალური მილსადენები არ დაზიანებულა. ცნობისათვის, თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ორშაბათს დილის საათებში მოხდა, რის შედეგადაც, თურქეთსა და სირიაში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეორე მიწისძვრა - 7,5 მაგნიტუდის - დღეს შუადღისით მოხდა. ცნობისათვის, ჯეიჰანის ნავთობტერმინალს აზერბაიჯანული აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკიდან საქართველოს გავლით ნავთობსადენი უერთდება. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. ბთჯ-ით, ასევე, SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობი გადაიქაჩება. ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ - საქართველოს, 1076 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მლნ ტონა ნავთობს აღემატება. 2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით ექსპორტირებული 224 388 520 ბარელი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალში, 305 ტანკერში ჩაიტვირთა. 2006 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჯეიჰანის ტერმინალიდან ბთჯ-ით ექსპორტირებული 4 მლრდ ბარელზე მეტი ნავთობით ჩატვირთული 5250 ტანკერი გავიდა. bpn.ge
-
საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. თუ 2021 წელს ქვეყნიდან ჩრდილოეთში 171.995 მლნ დოლარის სასმელი გავიდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 217.402 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ მაჩვენებელში დიდი წილი ცხადია, ნატურალურ ღვინოებზე მოდის, კერძოდ, შარშან რუსეთში 160.816 მლნ დოლარის (73 114 ტონა) ღვინო გავიტანეთ, 56.586 მლნ დოლარის (12 231 ტონა) კი სხვა სპირტიანი სასმელები. მთლიანად კი 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 251.593 მლნ დოლარი (106 584 ტონა), სპირტიანი სასმელების კი 103.588 მლნ დოლარი (27 250 ტონა) შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ ქართული ღვინის 64% და სპირტიანი სასმელების 54,6% რუსეთზე მოდის. საერთო ჯამში, რუსეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების 61,2% გადის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც რუსეთში 2022 წელს ღვინის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით განახორციელეს: (საქსტატის მიერ მოწოდებული სიაზე და სამეწარმეო რეესტრსა და reportal-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 კომპანიის შესახებ ინფორმაციას) სს ბადაგონი - reportal-ის 2021 წლის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის ერთადერთი აქციონერია გიორგი სალაყაია. გენერალური დირექტორია - მარინა გიორგაძე. შპს "წინანდლის ძველი მარანი" – კომპანიის 100%-ან წილს ფლობს ნანი მენაბდიშვილი, დირექტორია - შალვა ახობაძე. შპს Bolero & Company – მფლობელია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი, გენერალური დირექტორი - ირაკლი ბექაური, დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. შპს GVMT Group –კომპანია ეკუთვნის ზემოთ ხსენებულ, რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს ვახტანგ კარიჭაშვილს, დირექტორია ლერი რაზმაძე. შპს ასკანელი ძმები - 55%-ის მფლობელია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე, 45% ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ასკანელი ვაინერი & დისტილერი“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის მფლობელიც გოჩა ჩხაიძეა. დირექტორია ირაკლი უგლავა. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - „დუგლაძეების“ 25.66% ეკუთვნის ალექსანდრე ივანიშვილს, 25.68% ზაალ დუგლაძეს (წილს მართავს დავით დუგლაძე), 23% - მალხაზ ყანჩაველს, 25.66% - დავით დუგლაძეს. დირექტორია დავით დუგლაძე. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100% ეკუთვნის ზურაბ ჩხაიძეს. დირექტორიც თავად არის. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - კომპანიის მართავს სამეთვალყურეო საბჭო, საერთო კრება და დირექტორთა საბჭო. დირექტორია გოჩა გიოშვილი. შპს ქართული ღვინის სახლი - კომპანიის 45% ეკუთვნის რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს - დმიტრი ალექსანდროვს, 12.5%-იანი წილები: თათია კიკაბიძეს, ნინო კიკაბიძეს, ზაზა კიკაბიძეს და ვასილ დვალს, ხოლო 5% - რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს სერგეი სუმაროკოვს. ეს უკანასკნელია კომპანიის დირექტორიც. შპს ყვარლის სარდაფი - კომპანიის 55% ეკუთვნის ნინო ბარათაშვილს, 45% - ონისე ღვალაძეს. დირექტორია - ონისე ღვალაძე. იხილეთ ასევე: საქართველო აფხაზეთის ჩათვლით რუსეთში ღვინის იმპორტიორებს შორის მეორე ადგილზეა ავტორი: ნინი ქეთელაური
-
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე შექმნეს, ჯამში, 346 367 ლარის ყალბი აქტივი, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი სრულად იქნა გამოყენებული ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ხოლო 9 223 ლარის ფიქტიური აქტივი ბრალდებულების მიერ იქნა თაღლითური გზით დაუფლებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
-
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია. ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. 2023 წელს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის მიღების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, მედიასაშუალებებს შეუძლიათ წარმოადგინონ მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით – პარლამენტის სასახლეში (მის: რუსთაველის N8) ან ელექტრონულ ფოსტაზე – contact@parliament.ge. სააკრედიტაციო განაცხადს უნდა ერთვოდეს, ჟურნალისტების სია (ჟურნალისტის სახელი და გვარი, მისი პირადი ნომერი, დაკავებული თანამდებობა, სამსახურებრივი და მობილური ტელეფონების ნომრები). ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი; ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა − 3X4) ელექტრონული ვარიანტი; ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები; მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პარლამენტის აკრედიტაცია გაიცემა შემდეგი რაოდენობით: გაზეთი და ჟურნალი – ორი; რადიო – ორი; ონლაინ გამოცემა – ოთხი; საზოგადოებრივი მაუწყებელი – შვიდი გადამღები ჯგუფი (თითო გადამღებ ჯგუფში ჟურნალისტი, ოპერატორი, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო პერსონალი), საეთერო ეროვნული ტელემაუწყებელი – შვიდი გადამღები ჯგუფი; სხვა ტელემაუწყებელი – სამი გადამღები ჯგუფი 2023 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის ვადა პირველი მარტიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრება. ერთჯერადი აკრედიტაციის მიღებისთვის საჭიროა განცხადებაში აღნიშნული იყოს ჟურნალისტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლის სასურველი თარიღი. სპეციალური აკრედიტაციის მიღების შესახებ განცხადებას მედიასაშუალება ან ჟურნალისტი წარადგენს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: media@parliament.ge“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში. საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესის მოკლე აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
-
შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი ბარენდ ლეიტსი ავრცელებს. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, – წერს ლეიტსი. ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი. 1tv -
რუსეთის საოკუპაციო ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ახორციელებს ხუთი მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ მიმოხილვაში. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე. „ოკუპანტები კვლავ დანაკარგს განიცდიან. დაჭრილების რეაბილიტაციისთვის, სამოქალაქო პირებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ მორიგი სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო ხერსონის ოლქში. კაირის ფსიქონევროლოგიური სახლ-ინტერნატის პირველ სართულზე განათავსეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები, სამოქალაქო პაციენტები კი სხვა სართულებზე გადაიყვანეს“, – ნათქვამია გენშტაბის შეჯამებაში. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა ექვსი სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 75-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ძირითადად ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით. არის მსხვერპლი მოქალაქეებს შორის. უკრაინის ძალებმა 17 დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რაიონებზე. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული. „მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ მისამართზე: pressaccreditation@iletisim.gov.tr“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. როგორც გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, ნაპოვნია. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე. „როგორც ამ წუთისთვის ცხადდება, 1700-ზე მეტია გარდაცვლილი, დაზიანებული უკვე 9 000-მდე ადის. 4000 სახლია დანგრეული. სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოქალაქეა გარდაცვლილი. ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად გვაქვს კავშირი. ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაკარგულები, პრაქტიკულად ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან და პანიკის გარეშე, რადგან ვითარება საკმაოდ მძიმეა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საშუალებები არსებობს. ანუ, სავარაუდოდ, მოქალაქე უნდა წავიდეს უკან, საქართველოში, თუა დანგრეული აქვს სახლი, სამსახური დაკარგული აქვს და ა.შ. როგორც მინიმუმ, საჭიროა რაღაც ინფორმაცია, რათა დავაკვალიანოთ და რჩევა მივცეთ, მომავალში რა უნდა გააკეთოს და რა სიტუაციაა მის ირგვლივ. ასევე, მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ საბუთები, პასპორტები, მოგვაკითხონ ჩვენ ან ტრაბზონს. თუ ვერ მოდიან ჩვენამდე, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა დავეხმაროთ აქ ჩამოსვლამდე, ანკარამდე, სტამბოლამდე ან ტრაბზონამდე, რადგან არის სამი გზა საქართველოში მოსახვედრად – სტამბოლი, ტრაბზონი და ანკარა. ანკარიდან და სტამბოლიდან არის პირდაპირი რეისები, ტრაბზონიდან – სახმელეთო გზა სარფისა და ვალეს მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. ავტორი - აკაკი შენგელია
-
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაკარგული საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან უმრავლესობა უკვე იპოვეს და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ცხელი ხაზი გამართულად მუშაობს. „ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ფიქსირდება. დაკარგული 10-მდე მოქალაქიდან ნახევარზე მეტი უვკე ვიპოვეთ, გამოვიდნენ კონტაქტზე. ვაგრძელებთ ძიებას. ცხელი ხაზი წარმატებით მუშაობს. სწორედ ცხელი ხაზის საშუალებით დაგვიკავშირდნენ და შეგვატყობინეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ჩვენ მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაქსიმალურად შეგვეხმიანონ ცხელი ხაზის მეშვეობით, რომლებმაც იციან, რომ მათი ახლობელი, ნათესავი თურქეთში მუშაობს ან სხვა მიზეზით იმყოფება. ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდულად არის, მაგრამ ყველა ანძა არ არის დაზიანებული და მაინც არის შესაძლებლობა, გარკვეულწილად მოაღწიოს ჩვენამდე ამა თუ იმ ინფორმაციამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებულია რომელიმე ქალაქსა და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია, რათა მომდევნო საათებში, დღეებში დავიწყოთ მათი მოძიება. დაწყებული გვაქვს, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვიცოდეთ, სად და როგორ ვეძებოთ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. მსგავსი: ინტერვიუ გიორგი ჯანჯღავასთან მისივე თქმით, საელჩო ყველანაირად ცდილობს, დაადგინოს თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ადგილმდებარეობა. „როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქეა. ძირითადად ცხოვრობენ სტამბოლი, იზმირი, შავი ზღვისპირეთი, ანკარა და ასე შემდეგ. ჩვენ საკონსულო აღრიცხვაზე გვყავს უკვე რამდენიმე ადამიანი, მათ ვუკავშირდებით. იყო მცდელობები, დავკავშირებოდით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ, მათ შორის არიან სპორტსმენებიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავადგინოთ, ესა თუ ის მოქალაქე ამ საღამოსთვის სად იმყოფებოდა, რომ გაგვიადვილდეს მოძიება“, – აღნიშნა გიორგი ჯანჯღავამ. თურქეთში საქართველოს ელჩის თქმით, ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოდან თურქეთში მაშველების გამგზავრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო. „თურქეთში განგაშია გამოცხადებული. ითხოვენ მსოფლიოს დახმარებას. ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 65-კაციანი ჯგუფი უკვე გზაშია, სპეციალური ეკიპირებით, ძაღლებით და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი ჯგუფები ესაჭიროება თურქეთს, ვინაიდან ზამთარია და ძალიან რთულია საძიებო ოპერაციების ჩატარება. სამაშველო ოპერაციებისთვის ჩვენნაირი ჯგუფების დახმარება ძალიან წაადგება თურქეთს“, – აღნიშნა ელჩმა. ჯანჯღავას თქმით, თურქეთში მართვადი ქაოსია, მაგრამ თურქები ყველანაირად ცდილობენ, პროცესი გამართულად წარმართონ. ამასთან, აღნიშნა, რომ თურქეთი სპეცრეჟიმზეა გადასული. კითხვაზე, თუ ვრცელდება ინფორმაცია ჰუმანიტარული მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ, ჯანჯღავამ განაცხადა: „ჯერჯერობით არ დაანონსებულა. თურქეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ როგორც კი დაანონსდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ზომით დაეხმაროს თურქეთს, როგორც თურქეთი ეხმარებოდა ხოლმე ყოველთვის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
-
საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის – ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საქართველოს საელჩოში. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 1 498-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვი კი 7 600-ს აღწევს.
-
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებული იქნება დროშები. დღეს თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ დამანგრეველ მიწისძვრას 1650-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 11 000-ს აღემატება. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. „დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. ამასთან, გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ. „პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამისთვის ვიბრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სხდომა იმითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“, - განაცხადა სიორიძემ. ცესკოს წევრის, ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას. „განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ. „2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით გასწია, ასევე, ჩართულ მხარეებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხორციელდა დოკუმენტის ძირითადი პრინციპების განხილვა და მოსაზრებების მოსმენა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს“, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
უკრაინისთვის განკუთვნილი Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი კანადიდან პოლონეთში ჩავიდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, Leopard 2-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას გადასცა, პოლონეთში ჩავიდა. „პირველი კანადური Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით, ახლა პოლონეთში ჩავიდა“, - წერს თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“. მისი თქმით, კანადა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით მოამზადებს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მალე მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით“, - წერს ანიტა ანანდი. IPN -
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა. მისივე თქმით, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების 9 000-მდე თანამშრომელია ჩართული. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. თურქეთის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრი დედაქალაქ ანკარაშია და მას ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ხელმძღვანელობს. ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს დილით მომხდარი მიწისძვრა ყველაზე დიდი კატასტროფა ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ. ცნობისათვის, 1939 წელს თურქეთის ერზინჯანის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას, სავარაუდოდ, 33 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. IPN
-
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა. IPN
-
მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. -
სრული სოლიდარობა ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ნატო-ს მოკავშირეები ახლა მხარდაჭერის მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად. „ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი სხვა ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები თურქ და სირიელ ხალხთანაა. ევროკავშირი მზად არის დახმარების გასაწევად“, - აღნიშნა ბორელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო უღრმესი მწუხარება გამოხატა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბევრი ოჯახის გამო, რომლებიც მიწისძვრას შეეწირნენ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გამოხატავს თქვენს მიმართ", - დაწერა მან „ტვიტერზე“. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის მხარდაჭერა „უკვე გზაშია“. „ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქ და სირიელ ხალხს. ვგლოვობთ დაღუპულთა ოჯახებთან ერთად. ევროპის მხარდაჭერა უკვე გზაშია და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენ „ტვიტერში“. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და დახმარება შესთავაზა. "ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით ამ რთულ დროს. მზად ვართ გავუწიოთ საჭირო დახმარება კატასტროფის შედეგების დასაძლევად", - განაცხადა ზელენსკიმ. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ, 7.8 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. IPN
-
ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს. შესაბამისი შინაარსის ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტს დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტების მსგავსად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საბჭოში სამი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ინიციატორები კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რათა „გამოირიცხოს თუნდაც თეორიული ბუნდოვანება, რაც თავის მხრივ, ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართულ და შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს“. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს 2023 2 მარტს უფლებამოსილება ეწურება. IPN -
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოსა და საკონსულოში, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „არანაირი შეტყობინება არ შესულა არც ანკარაში საქართველოს საელჩოში და არც სტამბულში გენერალურ საკონსულოში. თავის მხრივ, საკონსულოც და საელჩოც თურქეთის შესაბამის უწყებებთან მუდმივ კავშირზე არიან“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიწისძვრის გამო ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქალაქ ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს ქალაქ სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ქალაქ ტრაპიზონში +905413262226. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, 2 323 კი - დაშავდა.
-
ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილი გვაქვს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღის განმავლობაში მათ შეეძლებათ საქართველოში, როგორც ტურისტები, უვიზოდ იყვნენ, რითაც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ეკონომიკური ინტერესი დაკმაყოფილდება, თუმცა, როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, „სხვა შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ ვიზა“. „საქართველოში ძალიან ბევრი რუსი მიგრანტი არის შემოსული. ტურისტების წინააღმდეგ არავინ ვართ, მაგრამ ჩამოსული რუსი მიგრანტების რაოდენობა ძალიან ბევრია და ეს ადამიანები აფუძნებენ ბიზნესებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას. დიდი რაოდენობის რუსების შემოსვლის ფონზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ამან გამოიწვია უძრავ ქონებაზე ფასის გაზრდა. ჩვენს, ქართველ სტუდენტებს რომ ქირა გაუძვირდათ და მის გადახდას ვეღარ ახერხებენ, რათა თბილისში გააგრძელონ სწავლა, ეს პირდაპირ კავშირშია რუსების დიდ ნაკადთან, რამაც გაზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, რამაც გაზარდა მისი ფასი. ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთხოვნილი გვაქვს დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით. კარგად გვესმის, რომ იქ ბევრი ქართველია და ამ ადამიანებზე განსხვავებული რეჟიმის დაწესება შესაძლებელია, რადგან ჩვენ ეს გაგვიკეთებია პანდემიის დროს, როდესაც საზღვრები ჩაიკეტა და ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებდა. რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღე იყვნენ უვიზოდ, როგორც ტურისტები - ამით ეკონომიკური ინტერესი, რაც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ, დაკმაყოფილდება, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ ვიზა. ვიზის დაწესება ამ უკონტროლო მიგრაციას დაარეგულირებს. ასევე სახელმწიფო უწყებებისთვის უფრო მარტივი იქნება, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს საკითხი გააკონტროლოს“, - განაცხადა ბუჩუკურმა. ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ანგარიშზე ისაუბრა. „ტექნიკური თვალსაზრისით, საქართველო არამხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას სჯობს, არამედ რეგიონში კიდევ ბევრ ქვეყანას, მაგრამ ახლა ჩვენგან პოლიტიკური მზაობის ჩვენებას ელოდებიან. ეს დასკვნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - ამისთვის საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა. ერთია, რომ ჩვენ უნდა გაგვიხარდეს პოზიტიური დასკვნა ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით, მაგრამ შესასრულებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. აღნიშნული დასკვნით დადასტურდა, რომ თუკი ვინმე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი, ეს არის დასავლეთი - აშშ და ევროკავშირი. ამ დასკვნის პირველივე გვერდზე ვკითხულობთ, რომ ის ივნისის მდგომარეობას ასახავს. რეალურად, ჩვენ რეკომენდაციები მივიღეთ ივნისში და ეს ცალკე შესასრულებელი სამუშაო დავალებაა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. დოკუმენტში საუბარია ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედიაზეც და ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელექტრონული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, კომუნიკაციებს, ელექტრონულ კომერციასა და აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას.
-
გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩვენს დროში სოფლიდან ქალაქში წასული ბევრი მინახავს, ქალაქიდან სოფელში დაბრუნებული - ცოტა. “შინის” გურული მასპინძელი, დარეჯან ბერძენიშვილი ის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელმაც თბილისურ კარიერაზე თავისი ნებით თქვა უარი და მშობლიურ გურიას - არაჩვეულებრივ ხიდისთავს დაუბრუნდა. დაკას (ასე ეძახიან დარეჯანს შინაურულად) სახლში ყველაფერი მისებურია, მისი დიზაინით და დახვეწილი გემოვნებით მოწყობილი. შემოქმედი ადამიანის ხედვა სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულში იგრძნობა. ლამაზად მოვლილი ეზოც თვალში მოგხვდებათ. ახლა სწორედ აქ მასპინძლობს ნაცნობ-მეგობრებს - კეცებზე გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპურებით, სახლში დამზადებული ღვინო-არყით და რაც მთავარია, თავისი ახალი და წარმატებული საქმიანობის შედეგით - ახლებური და მისებური მეთოდით დაჩირებული ნატურალური, სუფთა, სანდო ჩირით. მისი საქმიანობა “აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებშია წამოწყებული და მისმა ჩირებმა უკვე სახელიც გაითქვა, ბაზარზეც შეძლო თავის დამკვიდრება. ყველაფერი კი ასე დაიწყო... - მე ჩოხატაურიდან ვარ, ხიდისთავში ჩემი მეუღლე ცხოვრობს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რაიონში წამოვედი და ჩემი პროფესიით, ქიმიკოსად დავიწყე მუშაობა. 90-იანი წლებში ყველანაირი წარმოება გაჩერდა, ჩემი სამსახურიც დაიხურა. ჩემმა მეგობრებმა გაზეთის გაკეთება წამოიწყეს, უფრო სწორად, გააგრძელეს. ჩოხატაურში სარედაქციო ოაზისი შეიკრა. რედაქციაში გვქონდა კომპიუტერი, რაც მაშინ ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. გენერატორის წყალობით დენიც მუდმივად მოგვეწოდებოდა. მე ვაკაბადონებდი. რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში წამოვედი, აქ ჯერ დიდ მედიაჰოლდინგში ვმუშაობდი, მერე ახალ პროფესიას დავეუფლე, ბუღალტრობა ვისწავლე. დღემდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ ფინანსურ მენეჯერად, საბუღალტრო აღრიცხვას ახლა დისტანციურად ვახერხებ. სადაც ინტერნეტი მაქვს, ყველგან სამსახურში ვარ. იმის მიუხედავად, რომ თბილისში ვმუშაობდი და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მქონდა, სახლში დაბრუნების ნოსტალგია დიდი იყო. თბილისში შინ ყოფნის განცდა არ მქონდა, სახლში მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს. მით უმეტეს, ეს გარემო მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით ჩვენი გემოვნებით, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში და ახლა ის ჩვენია, ჩვენს სამყაროს მოიცავს, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და ახლობლების საყვარელი ადგილიც გახდა. - და აქვე დაიწყეთ საქმიანობა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა... - სულ მინდოდა, რაღაც ისეთი საქმე წამომეწყო, რომელიც შინ დამაბრუნებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ასეთ საქმედ ჩირის წარმოება მივიჩნიე. სოფელში უამრავი ხილი ლპება, იყრება, არავინ იბარებს. თანაც გურიაში ხილს არ ვწამლავთ, ანუ დიდი რესურსია ჩირის წარმოებისთვის. დავიწყე ინფორმაციის შეგროვება ამ თემაზე, წარმოვიდგენდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი შინაური საამქრო და პროდუქცია. ბიზნესგეგმაც დავწერე. შემდეგ მთავრობამ დაიწყო პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც მომცა საშუალება, ჩემი ოცნება რეალობად მექცია. იმდენად ბევრი ნამუშევარი მქონდა ამ თემაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ დაფინანსდებოდა და მართლაც ასე მოხდა. დაფინანსება 2015 წლის ნოემბერში მივიღე და წარმოუდგენელ ვადაში, 1 თვეში - საახალწლოდ ჩემი პროდუქცია უკვე გაყიდვაში იყო. ეს ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და უამრავი მეგობრის თანადგომის შედეგია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ჩემი საქმე და გვერდით მყავს ბევრი ადამიანი, რომელთაც უხარიათ ჩემი საქმიანობა და უხარიათ ის, რომ სოფლად ერთი კარგი წამოწყების თანამონაწილენი არიან. მხოლოდ ისინი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები მეხმარებიან, მაკვალიანებენ. - ქალაქური ცხოვრების მიტოვება და სოფელში დამკვიდრება, არც ისე მარტივია, თუნდაც ყოფითი პრობლემების გათვალისწინებით. არ გაგიჭირდათ? - მართალი გითხრათ, სოფელში ცხოვრება არ მიჭირს, მე აქაური ვარ და აქ რომ ვარ, სახლში ვარ. სახლში ყველა პირობაა კომფორტულად ცხოვრებისთვის. მთელი დღე ვშრომობ. ვდგები დილის 7 საათზე, მაქვს გაწერილი განრიგი - ბოსტნის დაბარვა-დამუშავება: იქ პამიდორი უნდა დავრგო, აქ კიტრი დავთესო, იქით მწვანილების კვლებია და ასე. მეზობლის ქალები იცინიან, ამას ჩვენზე უკეთესი ბოსტანი აქვს, ნახე, როგორ დახაზაო. წინ რომ პატარა ყვავილნარია, ისიც ჩემი ხელით ახლახან მოვაწყვე. იქით ვარდებია და ასე შემდეგ. მაგრამ მარტო ერთი საქმე რომ აკეთო, არ გამოვა - ბოსტანს ან ყვავილნარს ბალახი წაიღებს. ამიტომ, ისე უნდა გაანაწილო დრო, რომ კარგი შედეგი გქონდეს. თან ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მე მინდა. ძალიან შრომატევადია სოფლის საქმე. ირგვლივ ბევრი დაკეტილი სახლია... მე ჩამოვედი და აქ საქმიანობა დავიწყე, რომელმაც რამდენიმე მეზობელს დამატებითი შემოსავალი და ალბათ, აქ ცხოვრების ცოტა მეტი ინტერესი და სტიმულიც გაუჩინა. ჩემი მეზობელი მამუკაც ხშირად ჩამოდის ბათუმიდან, მან ჩხავერის ჯიშის ვაზი გააშენა. იმედი მაქვს, სხვებიც ნელ-ნელა მოიხედავენ აქეთ, სოფელი ბევრად პრესტიჟული გახდება და მომავალი თაობა მიხვდება, რომ აქ ცხოვრება კარგია, და გაუქრებათ წარმოდგენა, თითქოს სოფელი გაჭირვებისა და უიმედობის ადგილია. - რა არის პერსპექტივა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, რა სირთულეები დაინახეთ, მას მერე, რაც უშუალოდ აქ ცხოვრობთ? - ჩემი მეუღლე რუსთავში მუშაობს, ხშირად მარტო მიწევს ხიდისთავში ყოფნა, ანუ ხშირად ვარ ჩემს თანამშრომელ, მეზობლის ქალებთან ერთად. ამის გამო მეტად გავიგე მათი სატკივარი, მეტად დავინახე მათი პრობლემები. სოფლის მოსახლეებს, არამარტო ქალებს, ხშირად ვესაუბრებოდი სახელმწიფო პროგრამაზე და როცა დაინახეს, რომ მე ნამდვილად მივიღე სახელმწიფო დაფინანსება, ბევრმა გამოთქვა სურვილი, მეორე ტურში მონაწილეობა მიეღო. მაგრამ მათი ბიზნესიდეების აპლიკაციების შევსება და გაგზავნამ ტექნიკურად მე მომიწია, რადგან ხალხმა არ იცის კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობა. არადა, ამის საშუალება ნამდვილად არის - სოფელში რეესტრის სახლია, ბიბლიოთეკა - ინტერნეტითა და კომპიუტერებით. 90-იან წლებში რედაქციაში ერთადერთი კომპიუტერი გვედგა, გაჭირვებაც მეტი იყო, მაგრამ იმ დროსთან შედარებით, დღეს უფრო დემოტივირებული და შეშინებულია სოფელი, ხალხი დაძაბუნებულია, უმრავლესობას ურჩევნია, იყოს მუშახელი, ვიდრე გაიჩინოს საკუთარი საქმე. ამ ყველაფერს კი განაპირობებს მათი შეზღუდული უნარები თანამედროვე მიღწევების თვალსაზრისით და დაბალი თვითშეფასება, რის გამოც სახელმწიფო პროგრამები მათთვის ხშირად მიუწვდომელია. - რასაც აქ ვხედავთ, ყველაფერი თავად გააკეთეთ - ეს თქვენი საოცნებო გარემოა? აისრულეთ, რაც ჩაფიქრებული გქონდათ თუ კიდევ აპირებთ იდეების სრულყოფას? - სახლის დიზაინი და ინტერიერი ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი, თუმცა უამრავი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ განსახორციელებელია. თავიდან სახლის რეკონსტრუქცია რომ დავგეგმე, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად მიყურებდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც მხარი ამიბეს. ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ და მივიღეთ ის, რაც არის. ჩვენ მოგვწონს და ძალიან მიხარია, რომ ამას სხვებიც აღნიშნავენ ხოლმე. სახლში ბევრი ძველი, მოდიდან გადასული, გამოუსადეგარი ნივთი იყო, მაგალითად, თითბრის აბაჟური, რკინის საწოლები, ჩემი დედამთილის ნაქარგები და ა.შ. ყველაფერს ახალი სახე მივეცით და ახლა ამ სახლის სავიზიტო ნივთებია. მეხერხება ხელსაქმე, ვაკეთებ აბაჟურებს. ეს დიდი აბაჟური ჩემი გაკეთებულია, ფარდები, გადასაფარებლები, ბალიშები, ყველა დეკორი ჩემი შექმნილი თუ შერჩეულია. სურათების უმეტესობა ნაჩუქარია. ეს ნანა გიგოლაშვილის და აკაკი ინანიშვილის ნახატებია. - სახლის პირველი სართულის კედელი განსაკუთრებით ორიგინალურია - აქ სტუმრად მოსული ადამიანების ხელის ანაბეჭდებით და ნახატებით არის გაფორმებული... - მინდოდა, პირველი სართული ყოფილიყო ღია სივრცე, შემოქმედებითად თავისუფალი. ვიფიქრე, რომ კედლები არ შემეღება და ყველა მსურველს თავისი ანაბეჭდი, წარწერა თუ ნახატი დაეტოვებინა. შარშან ჩემი მულიშვილების სამეგობრომ ტრადიციულ ოჯახურ ხიდისთავობაზე პირველად მოხატეს ეს კედელი და ასე დაიწყო. მერე ყვავილი და ხელების ხე მარიკომ დახატა და თანდათან „შეიფოთლა“, მერე ჩემი მეგობარი ლოლა ხუბუა იყო ჩამოსული, მან პეპელა დახატა, ეს ორნამენტი - ზურამ და ასე... სამახსოვროდაც რჩება და ლამაზიც არის. - გამხმარი ყვავილები შევნიშნე, ამას ჩაისთვის ახმობთ? - მინდა, ჩირის წარმოებას ხილის ჩაის მიმართულებაც დავამატო, რომელშიც გამხმარ ხილის ნაჭრებთან ერთად ყვავილების გამხმარი მინარევებიც იქნება შერეული. უკვე გავახმე იის, აკაციის, ვარდის, ლიმონისა და მანდარინის ყვავილები. ახლა ცაცხვის ყვავილები მინდა და ასე შემდეგ. თან ინფორმაციასაც ვაგროვებ ამ ყვავილების შესახებ, რამდენად სასარგებლოა მათი ნაყენი ორგანიზმისთვის. ჩემი საქმიანობა ზამთარში დავიწყე და მხოლოდ კივისა და მანდარინის გაშრობა მოვასწარი. ხილის სეზონი დაიწყო, მარწყვი და ბალი უკვე გავაშრე, თანდათან მივყვები და ყველა ხილს გავაშრობ. ძირითადად ვამზადებ ხილის ჩირს, დაშაქრულ ხილს და ტყლაპს. ვავლებ ჩურჩხელებსაც. ამ პროდუქტებს სასაქონლო სახეს ვაძლევ მიქსის სახით - კოლოფებსა და კალათებში. - როგორია მუშაობის პროცესი? - ორიენტირებული ვარ ადგილობრივ პროდუქტზე, სოფელში ვყიდულობ ხილს. მერე ვრეცხავთ, ვთლით, ვჭრით, ვშაქრავთ და სამი დღე-ღამის განმავლობაში შრება პროექტის თანხით შეძენილ აპარატში, რომლითაც შესაძლებელია ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი. აპარატი მუშაობს ელექტროენერგიაზე. გაზაფხულდა და პარალელურად, ხილის საშრობად ვაპირებთ მოვაწყოთ მზის ენერგიით საშრობი. ყველა შემთხვევაში დაჩირების პროცესში ხილი დაცულია მწერებისა და მტვრისგან. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტი, რომელიც არ არის ცოტა, ხშირად საკმაოდ დაბინძურებულია მწერებისა და მტვრისაგან; საზღვარგარეთიდან შემოტანილი ასაწონი ჩირი კი, მოგეხსენებათ, სახალისო ფერებისაა, მაგრამ ხილის გემოს მოკლებულია და კონსერვანტებით გამდიდრებული; მე ვცდილობ, რომ ჩვენი ჩირი თუ ტყლაპი იყოს მაქსიმალურად სუფთა, სანდო, ნატურალური და გემრიელი... მას მერე, რაც გაშრება და გამოვიღებთ, ჩირს ნაჭრის ტომრებში ვინახავთ. შემდეგ ვაფასოებთ ყუთებსა და კალათებში. კალათებს ლამაზად შეკერილ ნაჭრის ტომსიკებში ვფუთავთ. ვახდენთ ეტიკეტირებას, შემდეგ მაღაზიებში ვაბარებთ მოთხოვნების შესაბამისად. - თავადაც ხომ არ აპირებთ, დარგოთ და მოიყვანოთ ის ხილი, რომელსაც მერე საჩირედ გამოიყენებთ? - დიახ, მიფიქრია ამაზე და დავიწყე განხორციელება. ამ გაზაფხულზე ნაკვეთი დავამუშავეთ და შემოდგომაზე კივს დავრგავთ. გვაქვს რამდენიმე ძირი მანდარინი, ფართობიც გვაქვს, კიდევ დავამატებთ. უკვე დავრგე თხილი, კაკალი, ბალი, ვაშლი, მსხალი და კენკროვნები. რა თქმა უნდა, ეს ხეხილი ჩემი მომავალი საქმიანობისთვის საკმარისი რაოდენობით ნაყოფს ვერ მომცემს, მაგრამ სანიმუშე პროდუქციის დასამზადებლად გამოდგება. ვნახოთ, მიწის შეძენა და მეტი ხილის გაშენებაც შეიძლება. მომავლის გეგმებში ასევე შედის ჩირის სახლის გაკეთება, რომელიც საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა. იქ ერთად იქნება თავმოყრილი ჩირის საამქრო, ოჯახური სასტუმრო და ეგზოტიკური ადგილი სადღესასწაულო/საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის. ძირითადი საქმიანობა ოჯახური, ნატურალური ჩირის წარმოება იქნება. ოჯახური სასტუმრო გურულების სავიზიტო ბარათი მინდა იყოს მსგავსი სერვისის მოყვარული უცხოელებისთვის, რომლებიც გაეცნობიან, როგორ ცხოვრობს გურული კაცი სოფელში. სტუმარს შეეძლება, ჩვენს მდინარეში ითევზაოს, გამოაცხოს კეცის ხაჭაპური; ასევე იმუშავებს სივრცე სადღესასწაულო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის, ტრადიციებთან შეხამებული დიზაინით; მინდა, მქონდეს მცირე, მაგრამ გამართული, მოდერნიზებული წარმოება; გემრიელი, ექსკლუზიური პროდუქცია; კარგი მომსახურება - ეს იქნება საშუალება, სამივე კომპონენტმა ერთად შექმნას მომგებიანი, წარმატებული, პრეზენტაბელური ბიზნესი, რომელსაც ექნება როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი პოტენციალი და მცირე და მიკრობიზნესის კულტურის მაღალი მაჩვენებელი. ვნახოთ, ეს მომავლის გეგმებია... იხილეთ დარეჯანის საოცარი სახლისა და ეზოს ფოტოები თეა ცაგურიშვილი shin.ge -
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ამ ნაწილზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც თავის სამხედროებს საშუალებას აძლევს, ატომური ელექტროსადგურები დაბომბონ. „რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც თავის სამხედროებს საშუალებას აძლევს, დაბომბონ ატომური ელექტროსადგურები. ტერორისტული სახელმწიფო ბირთვულ ინდუსტრიას საგარეო ექსპანსიის ერთ-ერთ ელემენტად, სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის საშუალებად და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისთვის საფრთხის შესაქმნელად იყენებს. ეს ყველაფერი საკმარისია, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრია გლობალური სანქციების ქვეშ მოექცეს და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ. IPN -
ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება. სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 300 ჰოსპიტალიზებული პაციენტი ცოტა არ არის. „კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება. „კრაკენს“, როგორც დამოუკიდებელ შტამს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად არის შემცირებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ჩქარობს, რომ პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს. ფაქტია, რომ კორონავირუსი ჩვენთან იარსებებს, ბევრი ინტერესის და შეშფოთების ვარიანტია, რომელსაც აკვირდებიან. აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა! სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის „ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომელიც ინტერესის და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას. ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ შევხედავთ, ახალი ბივალენტური ვაქცინით, ზოგ ქვეყანაში, თითქმის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი მედიაცენტრ „მთავარში“. მას მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრის თვეში, მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა, 114 000 კი ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ის აღნიშნავს, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს სტატისტიკის თანახმად, თუ დეკემბერში კორონავირუსის 2569 შემთხვევა იყო აღრიცხული, იანვარში ეს მაჩვენებელი 4670-ს შეადგენდა. IPN
-
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება. ამ დროისთვის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 80 დოლარს შეადგენს, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 73.5 დოლარს. აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასების კლება პარასკევს, 3 თებერვალს დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 4.7%-ით დაიწია, 4.9%-ით გაუფასურდა WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულებაც. კლების მიზეზი აშშ-ში შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება. ანგარიში აჩვენებს, რომ შრომით ბაზარზე მოსალოდნელზე უკეთესი მდგომარეობაა და მიმდინარე წლის იანვარში დამატებით 517,000 ადამიანი დასაქმდა, რაც ეკონომისტების გამოთვლებს, 185,000-ს მნიშვნელოვნად აღემატება. მიუხედავად ტექნოლოგიური კომპანიების მიერ სამუშაო ადგილების შემცირებისა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნისა, ამერიკაში უმუშევრობის დონე ამჟამად 3.4%-ზეა, რაც 1969 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც რეცესიის რისკებს იწვევდა, დაქირავებას არ აფერხებს. Brent-ისა და WTI-ის ღირებულება იანვრის ბოლოდან დაღმასვლის ტენდენციით ხასიათდება - 27 იანვრის შემდეგ პირველის ფასმა 9.6%-ით დაიკლო, მეორეს ფასმა კი 10.6%-ით, ეს კი იმ პირობებში, როდესაც ჩინეთში ნავთობის მოთხოვნაზე აღდგენის ნიშნებია და ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა ძალაში კვირას, 12 თებერვალს შედის. ცნობისთვის, ბოლო სხდომაზე აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და როგორც მოსალოდნელია, საპროცენტო განაკვეთები მომდევნო სხდომაზეც გაიზრდება. წინა წელს Fed-ს აგრესიული მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა არჩეული, განაკვეთების ზრდის ტემპის 0.25 პროცენტულ პუნქტამდე ჩამოწევა კი პოლიტიკის შედარებით შერბილებას გულისხმობს. ეს კი ინფლაციის მიერ პიკის გადალახვით და ეკონომიკის შენელებითაა განპირობებული. ბოლო გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5-4.75 პროცენტის შუალედში იქნება, რაც 2007 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ავტორი: კახი ჩაკვეტაძე