Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. დღეს, 14 მარტს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ამ ინციდენტამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე კი, თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის წარმომადგენელი სწორედ თბილისში გამოფენილ ევროკავშირის დროშებზე წერდა. საუბარია ლორენს მერედიტზე, რომელიც ევროკომისიის დირექტორია აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში. „ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში ევროკავშირის ამდენი დროშის ნახვა“, – დაწერა ევროკავშირის დროშის დაწვამდე ევროკომისიის წარმომადგენელმა ტვიტერზე. დღეს, 14 მარტს პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს. პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. უწყების განცხადებით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. ნეტგაზეთი
  2. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიულია. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, – წერს შარლ მიშელი. ავტორი - ლევან ახალაია
  3. ერთი თვის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოვითხოვეთ. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს სხვა ევროპული ინსტიტუტების გასაკეთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში პეტრას აუსტრევიჩუსს კითხვა დაუსვეს, მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს. „ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვათ ევროკომისიის პრეზიდენტს. არის ის მზად, წინ წაიწიოს ამ საკითხზე? რადგან, სავარაუდოდ, ჩვენ მივედით იმ წერტილთან, როდესაც მკაფიოდ უნდა ვთქვათ, მზად ვართ თუ არა ამისთვის. როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე, რომელიც მთავარი ფიგურაა“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა. ამასთან, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ, რომელმაც აღნიშნა: „გავიხსენებდი მოლდოვის მაგალითს, როდესაც ევროპარლამენტიდან უზარმაზარი ზეწოლა განხორციელდა და საბოლოოდ გვქონდა შედეგი – ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს. დარწმუნებული ვარ, იგივე უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც ახლა დაკავშირებულია საქართველოს პრორუსულ ორიენტაციასთან“, – აღნიშნა ანა ფოტიგამ. ავტორი - ლევან ახალაია
  4. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
  5. პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".
  6. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი საარჩევნო სისტემით. კობა ნაყოფიას მიმართ სწორედ ეს კითხვა მექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკური გამოეხმაურა 10 მარტს ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან კობა ნაყოფიას ინტერვიუს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს: „ ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“. როგორც ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 2024 წლამდე არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, რაც 30 მაჟორიტარის არჩევას ითვალისწინებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვინმე ასეთ იდეას გაახმოვანებს, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ 2024 წლამდე არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით, რაც 30 მაჟორიტარის არჩევას ითვალისწინებს. მინდა, პოლიტიკოსებს ვურჩიო, რომ როცა რაღაც მოთხოვნებს აჟღერებენ, მნიშვნელოვანია, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ და ავუხსნათ, რასთან რა რისკებია დაკავშირებული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე. პირველ რიგში, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
  8. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის წევრებისათვის ჯამში გამოყოფილია 51 ერთეული ავტომანქანა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ყოველთვიურად, ლიმიტის მიხედვით, ჯამში 28350 ლიტრი საწვავი გამოიყოფა. „2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან სრული ავტოპარკის საწვავის შესაძენად გამოყოფილ იქნა 1 904 963.96 ლარი, აქედან, 2020 წლის დეკემბერში − 35 706.38 ლარი. 2021 წელს გამოიყო 779 720.24 ლარი, 2022 წელს − 1 025 250.52 ლარი, ხოლო 2023 წლის მხოლოდ იანვარში − 64 286.82 ლარი. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ყოველთვიურად, ლიმიტის მიხედვით, ჯამში 7950 ლიტრი საწვავი გამოიყოფა “, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. ინტერპრესნიუსი
  9. საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად რეფორმების განხორციელება აუცილებელი. „საქართველოში რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!“- წერს ელჩი „ტვიტერზე“.
  10. როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. „იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ ის განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა, მე ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მხარეები გააკეთებენ, ალბათ კომენტარს. ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მიზეზების გამო მისი გათავისუფლება ადვოკატის პოზიციიდან. როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილს ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არამარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად ვერასდროს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, იყო თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ ყიფიანი ახლა აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი, კობახიძე ასე პასუხობს: „არა, მთავარი მიზეზი სხვა იყო, ჩემი ინფორმაციით“. „მე ამას ვერ დავაკონკრეტებ. მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე. წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე. ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. მე იძულებული ვარ თავი შევიკავო პასუხებისგან. შეიძლება მე მქონდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება. ნიშნები მოგეცით ბევრი“,- განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
  11. ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ - ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და, როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს. „ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის, უცნაური სულაც არ არის“, - განცხადა ხალხის ძალის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ხალხის ძალა“ ავრცელებს. ცნობისთვის, ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში 10 მარტს ისაუბრა. „რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?! თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, ეს უკეთ უნდა აეხსნათ", - განაცხადა ყიფიანმა. იპნ
  12. ტყუილია, თითქოს, EPP ევროპარლამენტში ე.წ რუსულ კანონს აინიცირებს, - ამი შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ლაშა მარკოზაშვილი წერს. მისი თქმით, ევროკავშირის დონეზე კანონმდებლობის ინიცირების უფლება თითქმის მთლიანად ევროკომისიას აქვს. "როგორც საბჭოს, ასევე პარლამენტს აქვს არაპირდაპირი ინიციატივის უფლება, რადგან მათ შეუძლიათ სთხოვონ საკანონმდებლო წინადადების უფლება კომისიას, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის ვალდებული იმოქმედოს. ევროკავშირის ხელშეკრულებები პარლამენტს ანიჭებს ინიციატივის პირდაპირ უფლებას მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, ისეთ საკითხებში როგორებიცაა: მისი შემადგენლობის წესები, ევროპული არჩევნები და ევროპარლამენტარების მოვალეობები. სახალხო პარტია, მითუმეტეს მისი ცალკეული დეპუტატები, ვერანაირ კანონს ვერ დააინიცირებენ, რადგან ეს ევროკავშირში მოქმედი წესების თანახმად შეუძლებელია.", - წერს ლაშა მარკოზაშვილი.
  13. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რასაც ახლა ოცნება კობახიძის პირით ცდილობს, უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია. მისი თქმით, ამჯერად, ნაცებად და ქოცებად ყოფენ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. "სტუდენტების დაპირისპირება, ახალგაზრდების გახლეჩა, საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდებით მათი დისკრედიტაცია, დემონიზება - უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია. ნაცებად და ქოცებად ყოფენ ამჯერად სტუდენტებს, ახალგაზრდებს. ეს უკვე ნანახი გვაქვს უმძიმესი შედეგებით. ამის გამეორება რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს! არაფრით არ უნდა დავუშვათ. პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა!", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
  14. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გზაზე ერთ-ერთი მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში ამბობენ, გზის მშენებლობისას, „გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება“. როგორც დეპარტამენტში ამბობენ, ჩამოწმენდის სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტი დაგეგმილი სამუშაოები გაგრძელდება. „ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“, – აღნიშნავენ უწყებაში. netgazeti
  15. გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 734. დაშავებულებს შორის 413 ბიჭი და 295 გოგოა, ასევე 271 ბავშვი რომელთა სქესის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. დაიღუპა 3664 კაცი და 2173 ქალი. 260 ბიჭი და 203 გოგო. 31 ბავშვისა და 1900 ზრდასრულის სქესი ჯერ დაუზუსტებელია. გაერო აცხადებს, რომ რეალური ციფრები გაცილებით დიდია, ვინაიდან ზოგი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, ინფორმაციის მიღება გვიანდება, ინფორმაციის ნაწილი კი დაუდასტურებელია. ეს შეეხება მაგალითად მარიუპოლს (დონეცკის ოლქი) ლისიჩანსკს, პოპასნოეს და სევეროდონეცკს (ლუგანსკის ოლქი), სადაც, როგორც იწრმუნებიან დიდია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის. კონფლიქტის შედეგად საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია 14 მილიონამდე ადამიანს. სიკვდილის აღრიცხული შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღით, მძიმე საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს და ცეცხლს უშენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენება ხდება. radio tavisupleba
  16. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი, რომელიც „ოცნების“ დეპუტატის ლევან კობიაშვილის მეუღლეცაა წერს, რომ ყველამ დატოვოს მისი Facebook-მეგობრების სია, ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახის. დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსულ კანონონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. „ჩემი „friend-ების“ საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარსობრივად ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია)! ჩემი ქმარი – ლევან კობიაშვილი! როცა რაღაცას არ ვეთანხმებით შეგვიძლია უმწარესად ვიკამათოთ, გავბრაზდეთ, შევიგინოთ კიდეც გამწარებულზე, გავაპროტესტოთ, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, შევაფასოთ როგორც გვინდა კონკრეტული საქციელი, გავიდეთ მიტინგზე, მოვითხოვოთ რაც გვინდა და სხვა. მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს”, – დაწერა თამარა წულეისკრიმა Facebook-ზე. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და მიზენბში წერია, რომ ის უკვე 14 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს. „ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობას უკეთ გავაცნოთ ნატო და ევროკავშირი, ასევე, მოვიპოვოთ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, “- წერია ცენტრის ვებგვერდზე. publika
  17. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ჩაერთო, რის ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, მასაც განსაზღვრავდა უცხოური გავლენის აგენტად. ინფორმაცია იმაზე, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის, 13 მარტს გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ საქმეებზე კომენტარს მედიასთან აქტიურად აკეთებდა. მათ შორის, 28 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩევლებმა მორიგი სტატია გამოაქვეყნეს. ვიქტორ ყიფიანმა საქართველოში 7-9 მარტს მიმდინარე პროცესებზე მედიასთან ინტერვიუშიც ისაუბრა. მან გააკრიტიკა რუსული კანონპროექტების ინიციატორები და თქვა, რომ გაუგებარია რას ემსახურებოდა ამ კანონპროექტის ინიციირება და ასეთი ვნებათა ღელვის გამოწვევა. მისი თქმით, ამ კანონპროექტებს უფრო მეტი მინუსები ჰქონდა, ვიდრე პლუსები. publika
  18. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება. ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე, შეხვედრის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავრცელებს.
  19. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება. „უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ. IPN
  20. სამოქალაქო პლატფორმამ „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ პეტიცია შეადგინა, სადაც ხელმომწერები მიმართავენ ფოთის მერიასა და საკრებულოს, ჩამოერთვას სოზარ სუბარს ფოთის საპატიო მოქალაქეობა. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი – ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია. მოქალაქეთა მრავალდღიანი პროტესტისა და თავგანწიირული წინააღმდეგობის გარეშე, კანონი სახელმწიფოს მომავალსა და მის არჩეულ კურსს შეუქცევადად დააზიანებდა. მიგვაჩნია, რომ სოზარ სუბარისთვის საპატიო მოქალაქეობა, არც მინიჭების მომენტში და არც ახლა შეესაბამება ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2016 წლის №6/12 დადგენილებაში გაწერილ კრიტრიუმებს, რომლის თანახმადაც, “საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის”. ასევე, ვითხოვთ, რომ აღნიშნული წოდების მინიჭება გახდეს საზოგადოების საყოველთაო განხილვისა და მსჯელობის საგანი, საკრებულოს დადგენილებაში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, მკაფიოდ დადგინდეს კანდიდატთა დამსახურებისა და ღვაწლის რელევანტურობა ამ კრიტერიუმებთან, რათა გამოირიცხოს მსგავსი შეუსაბამობა მომავალში, “- ნათქვამია პეტიციაში. სოზარ სუბარი „ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატებისგან შემდგარი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელია. ასევე, ის არის ერთ-ერთი ავტორი რუსული კანონპროექტისა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მან ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, მმართველმა ძალამ ეს კანონპროექტი ჩააგდო და უარი თქვა მის განხილვაზე.
  21. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერის ინტერვიუ ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა. მისი თქმით, ეს კარგად გამოჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსული კანონპროექტების „წინააღმდეგ“ ხმა არ მისცა და გააგრძელა აქტიური პროპაგანდა იდეის მხარდასაჭერად. "ფაქტია, ოცნება რუსეთთან სინქრონში მოქმედებს. მომხდარზე პასუხისმგებლობის სათანადოდ გააზრების ნაცვლად, დაიწყო რევანში, მუქარა და საზოგადოების დაპირისპირება რუსული ხელწერით. ხელი არ აუღიათ მიზანზე - ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და გაყალბდეს არჩევნები და ფაქტია, ამ მიზნის მისაღწევად გაცილებით მძიმე ნაბიჯებისთვის ემზადებიან. ნაცვლად იმისა კანონპროექტების გაწვევის პარალელურად, ხელისუფლება დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რუსეთს დაარქვას მტერი და შეწყვიტოს ღია ომი დასავლეთთან, კიდევ უფრო აძლიერებს ანტი-დასავლურ პროპაგანდას და და პრაქტიკულად ერთმანეთთან აპირისპირებს საკუთარ მოქალაქეებს. აშკარაა, რომ საფრთხეები ევროინტეგრაციის პროცესისთვის არათუ გადავლილია, არამედ გაზრდილია.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
  22. გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. მისი თქმით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ამ ქვეყანაში ყოველთვის რუსული სცენარი იყო და იქნება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 90-იან წლებში უკვე გამოიარა. "ახალგაზრდების დემონიზება, მოქალაქეებისთვის იარლიყების მიკერება და საზოგადოების გახლეჩა იმ ფონზე, როცა ერთიანობა ყველაზე მეტად გვჭირდება - არის დანაშაული. მტერმა ერთხელ უკვე გამოიყენა თავისი მარიონეტები, ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა. საშიში ხდება ეს ყველაფერი. “ოცნება” უკვე ყოველდღიურად ყალიბდება რეჟიმად, რომელიც თან იმეორებს რუსულ ნარატივებს. დარწმუნებული ვარ, საჯარო სექტორი, როგორც ყოველთვის, გააკეთებს სწორ არჩევანს და დადგება ჩვენი სახელმწიფოს და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მხარეს, არ დაუშვებს საზოგადოებაში დაპირისპირებას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შექმნას!", - აღნიშნავს გიორგი გახარია.
  23. როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ ჰქონდა ევროგაერთიანებას საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე. სტანოს თქმით, მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ორი. „როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგანაც საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა - ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიისა და განხილვის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. ვფიქრობ, აშკარაა თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება“, – განაცხადა პიტერ სტანომ. რაც შეეხება ისრაელში სასამართლო რეფორმას, ევროკავშირის პრესსპიკერის თქმით, ევროგაერთიანება ძალიან ყურადღებით აკვირდება აღნიშნულს და ხედავს, რომ არის ძალიან ცოცხალი დისკუსია შემოთავაზებულ რეფორმაზე. „მიმდინარე დისკუსიაა, ჩვენი ადგილი არაა, რომ შევიდეთ დებატებში - ვთქვათ რა არის არასწორი, რა სწორი. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს], ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საზიარო ღირებულებებსა და პრინციპებზე... ჩვენ არ ვერთვებით მიმდინარე დისკუსიებში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“, - დასძინა სტანომ. ცნობისთვის, ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე 500 000-მდე ადამიანი გამოვიდა. მედიის თქმით, ეს ყველაზე მასშტაბური პროტესტია ქვეყნის ისტორიაში. პროტესტი კვირებია გრძელდება. ipn
  24. რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი თავის ტელეგრამის არხზე აზიარებს ტელეგრამის რუსული FRONTовые Zаметки-ს ტექსტს - „საქართველოს პრემიერი კაცია, მას კვერცხები აქვს“. FRONTовые Zаметки საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან და წერს, რომ „საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა [უკრაინის პრეზიდენტს] ვლადიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა“. ტელეგრამის არხი ეტყრდნობა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლითაც მან ზელენსკის 8 მარტის მიმართვა შეაფასა. „ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში. FRONTовые Zаметки-ს ასევე მოჰყავს ღარიბაშვილის კიდევ ერთი ციტატა: „გამოვიდა კლიჩკო, ფეიგინი, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა",- ციტირებს ტელეგრამის არხი ირაკლი ღარიბაშვილს და წერს, რომ მან უკრაინელებს ურჩია ჯერ თავის ქვეყანას მიხედონ " და დაუშვა, რომ უკრაინის მთავრობა უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო "არ ჩაერთო" უკრაინის კონფლიქტში", - წერს არხი. სწორედ ეს მასალა და მისი ჰედლაინი გაავრცელა სოლოვიოვმა თავისი ტელეგრამანგარიშით. მის ამ პოსტს 300 ათასზე მეტი ნახვა და 17 ათასამდე მოწონება აქვს. რუსული ტელევიზიების „ვარსკვლავები“ და ცნობილი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ სოლოვიოვი, დმიტრი კისელიოვი, ოლგა სკაბეევა და სხვები, რეგულარულად მოუწოდებენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებს, გაანადგურონ უკრაინელი „ნაციკები“ და მიწასთან გაასწორონ უკრაინის დასახლებული პუნქტები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქართველოს ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მიმართვაში, რომელიც 8 მარტს თბილისში აქციის დაშლის დროს გამოქვეყნდა, წერია, რომ პატივისცემას გამოხატავს საქართველოს მიმართ. ის მადლობას იხდის თბილისში უკრაინის ჰიმნის გაჟღერებისთვისაც. რადიო თავისუფლება
  25. ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, დღეს რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც დაიბრალოს, ეს არასწორია. „ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე კრიტიკული საუბარი არ მიყვარს, მაგრამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში პირველი დღიდან ვიყავით ჩართული. ვიღაც-ვიღაცებს დღეს გაახსენდათ, რომ რეკომენდაცების შესრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ ეს თავის დროზე რომ გახსენებოდათ და ნაბიჯები გადაედგათ 12 პუნქტის შესრულებისთვის, ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა და გაცილებით წინ ვიქნებოდით. დღეს რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც დაიბრალოს, ეს არასწორია“, – აღნიშნა დაუშვილმა. კითხვაზე, ვიღაცებში იგულისხმებიან თუ არა „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა: „გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ ბევრი ვინმეა“. „ჩვენ რომ გვაკრიტიკებდნენ, მაგათთან ერთად როგორ სხედხართო, უცებ აღმოჩნდა, რომ მორალს გვიკითხავენ, 12 პუნქტი როგორ უნდა შესრულდეს. მორალის კითხვას თავი დაანებონ და მართლა რეალური ნაბიჯები გადადგან, მათ შორის ბრიუსელში წაბრძანდნენ და ადამიანები დაარწმუნონ, რომ სტატუსი მოგვცენ და არა ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე არ შეიძლება და ა.შ. სწორი გზაა ის, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან „ქართული ოცნება“ მზად არის, ამ რეკომენდაციების შესრულება გადადოს და ამას აკეთებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. გიორგი გახარია იყო ბრიუსელში, ვაშინგტონში, ხვდება ელჩებს. ამ შეხვედრების მიზანია, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვიღაცის ინტერესი სტატუსის მიღებაა, ვიღაცის შეიძლება, არ იყოს, რადგან შეიძლება, ვიღაც ამ ყველაფერს – ეროვნული ინტერესებიდან, ვიღაც კი თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე უყურებდეს. მთავარია ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენი მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
×
×
  • შექმენი...