-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს. BM.GE-ის ინფორმაციით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 321 მიმართვა, დაკმაყოფილებულია – 3 297, ამჟამად განხილვაშია – 1 344 მიმართვა, შეჩერებულია 28 მიმართვა. publika
-
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5832 ლარი ეღირება, ევრო – 2.7397 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1130 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5867 ლარი ღირდა, ევრო – 2.7520 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1234 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 მარტს ამოქმედდება. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
-
მოლდოვასა და საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტი მათ კარზე არსებული საფრთხის წინააღმდეგ ახალი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს ახალ ფინანსურ დახმარებას, რომ გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი საქართველოში წარადგენს ახალ დაფინანსებას მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას მოლდოვისა და საქართველოს ხალხის გვერდით და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე. „ცოტა ქვეყანას ესმის უკეთესად რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი მათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ ვიზიტის დაწყებამდე. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ორივე ქვეყანა დაუცველია, რადგან ისინი განიცდიან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკის, აგრესიის და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობებს, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრი დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ურყევ ერთგულებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯეიმს კლევერლი ნახავს, როგორ ეხმარება გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობა რუსეთის დივერსიული ჩარევის წინააღმდეგ მოქმედებას, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას. საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ასევე გამოყოფს 500 000 ფუნტს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან. გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 16-17 მარტს ეწვევა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
საქართველოს პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა გუშინ წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითი უწოდა. „გუშინ წიგნთან დაკავშირებული საკითხი, თუ რატომ მიუვიდათ დეპუტატებს ესა თუ ის გამოცემა, აჩვენებს, რამდენად რადიკალურია ოპოზიცია. ამ შემთხვევაში, „ლელო“ რამდენად ცდილობს, არიოს სიტუაცია. სხვათა შორის, ეჭვიც მეპარება, როგორ მოხდა იმის ინიცირება, რომ ავტორს მოეტანა ეს წიგნი. საქართველოს პარლამენტში არსებობს კანცელარია, რომელიც, მათ შორის, ასრულებს ფოსტის მოვალეობას – კორესპონდენცია, რომელიც შემოდის საქართველოს პარლამენტში, მიეწოდოს შესაბამის ადრესატს. დღეში 200-მდე კორესპონდენცია შემოდის პარლამენტში როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური სახით. კანცელარიის ვალდებულებაა, ეს კორესპონდენცია მიაწოდოს ადრესატს. კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ. ერთდღიანი აჟიოტაჟის მიზანი ყალბი თემის შემოტანა იყო. საქართველოს პარლამენტის კანცელარიის ვალდებულებაა, კორესპონდენციაა, რომელიც შემოდის პარლამენტში, მიიტანოს ადრესატამდე ყოველგვარი კონტროლის გარეშე. გუშინ კლასიკური მაგალითი ვიხილეთ, როგორ ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება და კულტივირება. ვნახეთ „ლელო“, რადიკალური პარტია, რომელიც მანიპულაციურად მიუდგა ამ საკითხს, რაც სამწუხაროა. ადამიანები, რომლებიც გუშინ პოსტავდნენ და კომენტარს აკეთებდნენ – ფრაქციის თანამშრომლები, ასევე არიან საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. ამ განცხადებით ისინი საკუთარ თანამშრომლებს, კოლეგებს აყენებენ შეურაცხყოფას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერც აცნობიერებენ. შემდეგ ნახეთ, როგორ აიტაცა მედიამ, როგორ შეეცადნენ, გარეთ გაეტანათ მანიპულაციურად და ეს საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის დაებრალებინათ. აბსოლუტურად არასერიოზული სიტუაციაა. ამისი გამოსავალი თუ არის, მოქალაქეებს არ მივცეთ საშუალება, პარლამენტის წევრებს მიმართონ წერილებით, არ ვიცი, სხვა რა უნდა ითქვას“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
-
მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ახლა ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს რუმინეთის გავლით იღებს. პალიტრა -
ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ვანო მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუთი აღშფოთებულია და ყოფილ მინისტრს ტყუილშა ადანაშაულებს. დოლიძე ამბობს, რომ მერაბიშვილს უნდა შერცხვეს, რადგან მისი საქციელები არაფერში აღარ ჯდება. დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში. ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავად ედგა. ბევრი ისაუბრა ენმ-ს შიდა პარტიიულ საკითხებზე, ნაცმოძრაობის ძველ და ჯერ კიდებ მოქმედ ლიდერებს აქტიურობა დაუწუნა, ახლებს კი პატრიოტები უწოდა. ტვპირველი -0:01
-
"რაც აწყობს, იმას წერს" - ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიის წინააღმდეგ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიას პოლიტიკურად ანგაჟირებული დასკვნების მოზმადებაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ფაქტობრივად, ამბობს, რომ კომისიის დასკვნა მისთვის არაფერს ნიშნავს. მურუსიძე "პირველებთან" ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და კლანი არ არსებობს. ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ კანონპროექტში სასამართლო პროცესების წინმსწრები გარანტიები არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ე.წ. რეფორმით ხელისუფლებამ სისტემაში კლანის ძალაუფლება არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა, ეს კი ევროკომიიის მოთხოვნებთან შეუსაბამოა. ტვპირველი -
გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან რა მიზანი აქვთ, მიკიბვ-მოკიბვით გვეუბნებიან, ევროპული კურსის და ორიენტაციის შეცვლა გვინდაო და პირდაპირ დაარქვან სახელი ყველაფერს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" საქართველოს მარტოს, დაუცველს ტოვებს რუსული ოკუპაციის წინაშე. „როცა კობახიძე და ღარიბაშვილი ჩვენს პარტნიორებს აკრიტიკებენ და ჯანსაღად კი არ აკრიტიკებენ, ლანძღვა-გინება ჰქვია ამას, ამით გვაშორებენ მეგობრებთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ვუახლოვდებით რუსეთს, ავტომატურად დაუცველი ვხდებით რუსული ოკუპაციის წინაშე, რადგან ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერაზე დგას მნიშვნელოვანწილად. საბოლოო ჯამში, მოდი, გამოვიდნენ ეს ადამიანები და თქვან, მათი მიზანი რა არის. ეს მიზნები საკმაოდ გასაგებია ყველასთვის და გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, ასე მიკიბვ-მოკიბვით გვეუბნებიან, ევროპული კურსის და ორიენტაციის შეცვლა გვინდაო და პირდაპირ დაარქვან სახელი ყველაფერს,"- განაცხადა დაუშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ამას რაიმე აზრი არ ექნება, რადგან პარტიის მიზანი ყველასთვის გასაგებია. „რაც არ უნდა გადაახალისონ და შეცვალონ, პარტიის მოქმედების შინაარსი და მიზანი რა არის, ეს უკვე გასაგებია ყველასთვის, შესაკრებთა გადაადგილებით არასდროს ჯამი და არ შეცვლილა და არც შემთხვევაში მგონია, რაიმე შეიცვალოს,"- განაცხადა დაუშვილმა. ipn
-
მერაბიშვილი ოცნების უბრალო საჩუქარი კი არ არის, ეჭვგარეშეა, კობახიძე, ღარიბაშვილი და მერაბიშვილი ერთი ოთახიდან იღებს ინსტრუქციებს., - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, მერაბიშვილი ოცნების პროპაგანდას კვებავს. "მან ჯერ ღარიბაშვილს მისცა ბანი, ახლა კობახიძეს. ოცნება პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს, მერაბიშვილი საპროტესტო მუხტის მიტაცებას.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.
-
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, მწერალ გიორგი კეკელიძის განცხადებით, გურული დღიურების ფონდმა დააფუძნა საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის ახალი სტიპენდია, რომელსაც პირველი მიიღებს 16 წლის სალომე კენჭიაშვილი, 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, როგორც მას ეძახიან "წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა". ამ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, გიორგი კეკელიძე გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ახალ სტატუსს აქვეყნებს: "როცა შორიდან ვაკვირდებოდი, მიკვირდა, იმ დიდი ეროვნული ერთიანობის ფონზე, სულ ორ წელიწადში, როგორ მოხერხდა, რომ იარაღი ავიღეთ და ერთმანეთს დავუმიზნეთ. დღეს აღარ მიკვირს. იოლად მისახვედრია. უმუხრუჭო საზოგადოება გამოვდექით - სამწუხაროდ, ყველაფერზე წამსვლელი მეორე განსხვავებული ადამიანის გაუქმების მიზნით. ლიბერალიც და არალიბერალიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს ვაამოთ, ოღონდ "ადგილი" შევინარჩუნოთ - რეალური ან ვირტუალური. ეს დღეები ქეთი დუმბაძესაც ვწერდი და სხვებსაც, მიუხედავად იმისა, რა აზრზე იდგნენ და მკვეთრად განსხვავებული იყო თუ არა ეს კონკრეტული აზრი ჩემისგან, მგონია, რომ ადამიანი განსაცდელში არ უნდა მიატოვო, მით უფრო თუ წარსული გაკავშირებს და მაშინაც, არაფერი რომ არ გაკავშირებდეს. ასე ვცხოვრობდი სულ და რაც დამრჩენია, ასე ვიცხოვრებ, რასაც უნდა მკარნახობდეს კონიუქტურა - ვიწრო თუ ზოგადი. წუხელ არ მეძინა, მთელი ღამე - ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ეს ადამიანები, რომელთაგანაც უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია, გამართულ ქართულს ვერ აბამენ, პირიდან მხოლოდ ღვარძლი ამოსდით და ახალი თაობის ჩაყლაპვის კრონოსული გამხეცებული ვნებით არიან მოცული, კადრულობდნენ ყველაფერს, სადღაც დავალებული და გაზეპირებული ფრაზებით. ამ ადამიანებს მხარს უბამდნენ სასარგებლო იდიოტებიც. და დავინახე, თურმე რამდენს სდომებია ჩემი სიკვდილი, როგორ უხაროდათ ალბათ მაშინ ჩემი თითქმის ორწლიანი წამება, საჯარო სივრციდან გაქრობა და საიქიოს კარზე მიკაკუნება.და რატომ? იმიტომ რომ ერთ შესანიშნავ, მხიარულ და ბეჯით გოგოს სტიპენდია დავუნიშნე და ეს გოგო მათ აზრს უპირისპირდებოდა? არა, ცხადია. დავუნიშნე, იმიტომ რომ დავინახე, როგორ ვარჯიშობს და შრომობს საკუთარი მომავლისთვის, როგორ გამოხატავს პოზიციას, როცა საჭიროა და იქნება ისეთი მოქალაქე, როგორიც მარო მაყაშვილი იქნებოდა, იმ მტრის ტყვიას რომ არ მოეკლა, რომელსაც ზოგიერთი ასე ცხადად თუ ფარულად ეტრფით. მარო მაყაშვილი საფლავში ბრუნავსო - საფლავში იმ მტერმა ხომ არ ჩააწვინა, რომელსაც ყველაზე მეტად სძაგს ჩვენი ევროპული მომავალი? სინამდვილეში, ხომ ყველამ უცხადესად იცით, რომ არც ეს გოგოა არაფერ შუაში და არც სტიპენდია. ცალკე აღებული - მარო მაყაშვილის სტიპენდია რომ დამეწესებინა - ტაშს დაუკრავდნენ. ვინმე, "ნეიტრალურისთვის" რომ მიმეცა - ასევე ტაშს. მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა, რომ კერძო, პატარა ფონდი, ჩემივე ჰონორარებიდან დაზოგილი ფულით მცირე ფინანსურ წახალისებას უწესებს ახალგაზრდებს. ახლა არის. და ვიცით რატომაც. ზოგიერთი შეიძლება ხვდება კიდეც რასაც წერს, ზოგიერთი ვერ. მთელი ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურე. ამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეგობრის სახლში ჩასადგმელ გაშლილ ლოგინში მეძინა, შეცდომა მომსვლია უამრავი, მაგრამ მათგან უმეტესი უნებლიე და არა ავი განზრახვით, ვმუშაობდი დღე-ღამეში 20 საათი, მაშინაც კი, როცა მხოლოდ სიკვდილი მინდოდა, ვგრძნობდი პასუხიმგებლობას და საკუთარ თავს მივათრევდი სამსახურში, თუმცა არასდროს ამიღია სახელმწიფოსგან არც პრემია, არც ჯილდო, არც წახალისება ჩემი შრომის გამო - ამას ხაზგასმით ვაკეთებდი და თუ დამცალდა, ასეც გავაგრძელებ. ვერცერთ გრანტს ვერ დაძებნით ჩემგან აღებულს - განა იმიტომ რომ ცუდია, უბრალოდ სხვა მიმართულებით წარიმართა ჩემი ცხოვრება. არასდროს მიქია არცერთი ხელისუფალი, ვერცერთ დითირამბს ვერ მოისმენთ ვერცერთ დროში ჩემგან გასროლილს და ეს თანაბრად აღიზიანებდა ყველას - "როგორ ხდება, რომ ეს კეპკიანი ბიჭი, ამდენ რამეს მოედება და თან არ მლიქვნელობს, არავინ უდგას ზურგში და "ყველას უყვარს". ეს "ყველას უყვარს", ეს პოპულარობა არის ჩემი განაჩენი და მთავარი ბრალი. უმძიმესი დეპრესია და შფოთვითი აშლილობები გადავიტანე, მათგან ერთს ახლაც ვებრძვი, მთელი ღამის უძილობის და შფოთვის ფონზე, წერა ამწამსაც მიჭირს (თავს არავის ვაცოდებ, ეს ჩემი არჩევანია - მკაფიო და ზუსტი) და იოლად შემეძლო, თბილად ვმჯდარიყავი სახლში და ჩუმად მეკეთებინა ის არცთუ ცოტა საქმე, რომელთაც ახლა არ ჩამოვთვლი - მშვენივრად იცის მტერმაც და მოყვარემაც. არ დავჯექი, იმიტომ რომ დავინახე უამრავი ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის რაღაც უკეთებია, ერთ მხარეს იდგა, მოყვარე მოგვიწოდებდა და მტერი ხარობდა. ადვილი არ იყო ეს ჩემთვის - ბევრი რამ გადავლახე - საზოგადო თუ პიროვნული. მერე, როცა დავინახე რომ უფროსი თაობა ახალს აძაგებდა, ერთ-ერთს მათგან, დავუნიშნე სტიპენდია, როგორც მხარდაჭერის და თანაგანცდის ნიშანი, რომ მე მათთან ვარ იმ შეცდომებთან და ღირსებებთან ერთად, რასაც ატარებენ, რადგან ისინი არიან ამ ქვეყნის მომავალი და უნდა იცოდნენ - სწავლა, რწმენა, შრომა და თავისუფლება უნდა იყოს მათი ლოკომოტივი. და ამის კვალად დავინახე სახელწაშლილი ადამიანების ბრბო. დამშვიდდით მეგობრებო, მე პოლიტიკა, ამ სიტყვის პოპულარული და პარტიული გაგებით არ მაინტერესებს, ეს ადრეც მითქვამს, მშვიდ დროს და ახლაც გავიმეორებ - სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება. არც რომელიმე ძალის მომხრე ვარ და რომ მდომებოდა, ხელგაშლილი მეპატიჟებოდა ყველა. როცა საჭირო იქნება, მე ისევ ვიტყვი ხმამაღლა სათქმელს, როცა არ - გავაგრძელებ ჩემი საქმეების კეთებას. ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე. სიმშვიდე ვერ იბუდებს ჩემში, თუმცა ოდესმე ალბათ დადგება განრიდების დრო. მანამდე აქ ვარ, გძულვართ თუ გიყვარვართ, საზოგადოების ერთი წევრი, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ უკეთესის მსურველი გიორგი კეკელიძე". ამბები
-
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება (შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითიც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას) და წერს: "აი ესე აწვდის ოცნება მოქალაქეებს ინფორმაციას! ამბობენ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მათ აწყობს - იმ აქცენტებით, რომელიც რეალურად უმნიშვნელოა." მისი თქმით, სინამდვილეში, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა. "შეგახსენებთ, ოცნების ამავე წარმომადგენლის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, მაგალითად ვენეციის კომისიის მათი წარმოდგენით "პოზიტიური" დასკვნის შესახებ.... - რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს - სინამდვილეში: - ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა - გაუარესებაა. - საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. ბოლო 2 წელიწადში კი საქართველოს ქულა 8.5-ით შემცირდა. - საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2 ში კი გაიზარდა. - მდგომარეობა ბოლო 2 წლის მანძილზე გაუარესდა - მათ შორის, კორუფციის, საკუთრების უფლების და სასამართლოს ეფექტიანობის მიხედვით. - ამჟამად საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 43 ფისკალურ სტაბილურობაში აქვს. შემდეგ მოდის საკუთრების უფლება 54.3 ქულით და სასამართლოს ეფექტიანობა 55.5 ქულით. - ყველაზე მაღალი ქულა – 89.1 საქართველოს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქეში აქვს - ისიც ამდენი ხნის მანძილზე იმიტომ, რომ ორგანული კანონით არის გარანტირებული დაბალი გადასახადები და ოცნებამ ამას ვერაფერი მოუხერხა! ახლა მთავარი - საქართველო ამ რეიტინგში 35-ე ადგილზე ქვემოთ ბოლოს 2004 წელს იყო.", - წერს ბექა ლილუაშვილი.
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივის გაძლიერების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე. „ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ზურაბიშვილი.
-
16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ფარგლებში, 2023 წლის 26 იანვარს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა. ინფორმაცის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
-
არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც უკრაინის დახმარების საკითხზე “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „“რამშტაინის“ ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, უკვე მეათე შეხვედრა. საბრძოლო მასალა, არტილერია, ტანკები ჩვენი მეომრებისთვის, უკრაინის ცის დაცვა - ეს ყველაფერი განიხილეს. არის გადაწყვეტილებები. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, რომელიც კოორდინაციას უწევს “რამშტაინს“, და ყველა ჩვენი პარტნიორის დახმარებისთვის და ურყევი სურვილისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს. არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის დასამარცხებლად აუცილებელია ზეწოლის მუდმივად ზრდა. „მუდმივად უნდა გავზარდოთ ზეწოლა ტერორის წინააღმდეგ. ზეწოლა ჩვენს თავდაცვაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, იმ გზების განადგურებაში, რითაც რუსული სახელმწიფო და მისი კომპანიები სანქციებს გვერდს უვლიან, პოლიტიკურ და იურიდიულ ზეწოლაში. რაც უფრო მეტ ზეწოლას განვახორციელებთ მათზე, მით უფრო სწრაფად წავალთ წინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აღდგენისკენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს იგრძნონ. ეს არის ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობა - ნაბიჯ-ნაბიჯ, უწყვეტად”, - აღნიშნა ზელენსკიმ. გუშინ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინ-10”) სხდომის გახსნისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ვალდებულებას იღებენ. ასევე, მისი თქმით, ცხრა ქვეყანა გეგმავს, უკრაინას "ლეოპარდის" 150-ზე მეტი ტანკი გადასცეს. პალიტრა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლის ალბათობა დროებითი გამაგრების პირობებში არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფერდს მუდმივი გამაგრება ექნება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა, ეს არ უნდა მოხდეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომპანია აკეთებს ყველაფერს, რომ მსგავსი შედეგები არ გაუმეორდეს, რადგან მას აღმოსაფხვრელად ზედმეტი ხარჯის გაწევა უწევს. „რიკოთის პროექტი არის ურთულესი კონსტრუქციული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე საქართველოში განხორციელებულა. იმიტომაც ვუწოდებთ ჩვენ რიკოთის პროექტს საუკუნის პროექტს. რაც შეეხება უბისა-შორაპნის მონაკვეთს, თავშივე, როცა აღნიშნული პროექტი გაკეთდა, და ეს პროექტი არის ორი საერთაშორისო იტალიური კომპანიის მიერ მომზადებული, იყო როგორც გეოლოგიური, ასევე გეოტექნიკური კვლევა ჩატარებული. შედეგად, საპროექტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ფერდის როგორც დროებითი გამაგრების სამუშაოებს, ასევე მუდმივი გამაგრების სამუშაოებს ითვალისწინებდა. თავშივე იყო ცნობილი, რომ, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყრული პროცესები შეინიშნებოდა. მიმდინარე სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდის დროებითი გამაგრება. ეს დაკავშირებულია ბოლო პერიოდში რიკოთზე მოსულ უხვ ნალექთან. დროებითი გამაგრებული ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ახლად შესრულებული ბეტონის სამუშაოები. ახლა სწორედ ამ ბეტონისგან ხდება გაწმენდა, რათა კვლავ გაგრძელდეს სამუშაოები. ეს რაიმე დიდ შეფერხებას აღნიშნული პროექტის განხორციელებაში არ გამოიწვევს. როცა დასრულდება სამუშაოები, აქ იქნება უკვე ფერდის მუდმივი გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც დაიცავს ამ ფერდს, ამ გზას რაიმე ზეგავლენისა და მეწყრული პროცესებისგან. მსგავს პროექტებში მოსალოდნელია-ხოლმე მიწის ჩამოშლის პროცესების განვითარება. ეს ყველა სამშენებლო პროცესში ხდება, სხვა მონაკვეთებზეც“, - განაცხადა წერეთელმა. მისივე თქმით, ზოგადად, მთიან მონაკვეთებსა და მთიან რელიეფზე თუ გადის სამშენებლო სამუშაოები, მსგავსი პროცესების განვითარება ყოველთვის შესაძლებელია. „რა თქმა უნდა, კომპანია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ სამუშაო პროცესში არ განვითარდეს მსგავსი პროცესები, ის წინასწარ იღებს პრევენციულ ღონისძიებებს. თუმცა ამის საბოლოოდ თქმა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს არის მეწყრული პროცესების განვითარება, რომლის წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია. მთავარია ჩვენთვის შედეგი რა იქნება, როცა სამუშაოები იქნება დასრულებული, მერე არ განვითარდეს აღნიშნული პროცესები, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ეს შეიძლება მოხდეს. კომპანია გეგმავს ამ მონაკვეთზე გარკვეული ქმედებების განხორციელებას, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. მეწყერი არის ის ამოუცნობი ფენომენი, რომლის წინასწარ ვარაუდიც არ შეიძლება. კომპანია აკეთებს ყველაფერს, რომ მსგავსი შედეგები არ გაუმეორდეს იმიტომ, რომ ეს თვითონ კომპანიისთვის არის ზიანის მიმყენებელი და მას ზედმეტი ხარჯების გაწვა უწევს შემდგომ ამის აღმოსაფხვრელად. ამიტომ კომპანია იღებს ამ ყველაფრისთვის პროექტის შესაბამისად გადაწყვეტილებებს, რომ მშენებლობის პროცესში რაც შეიძლება ნაკლები მოსალოდნელი ცუდი შედეგები განვითარდეს. აქ საუბარია მშენებლობის პროცესზე და არა დასრულებულ პროცესზე. ამ პროექტის შედეგად მუდმივად იქნება ეს ფერდი გამაგრებული და არ უნდა მოხდეს მსგავსი რაღაცები, მინიმუმამდე დაჰყავს რაიმეს მოხდენის ალბათობა ან საერთოდ არ უნდა მოხდეს. მშენებლობის პროცესში შესაძლებელია ასეთი რაღაცები განხორციელდეს, მაგრამ ექსპლუატაციაში, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა. ამასთან, მან სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ჯერჯერობით, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, შემდგომი ნაბიჯები კი ამის შემდეგ გადაიდგმება. „სამტრედია - გრიგოლეთის ხიდის მე-8 ბურჯზე დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც დაიწყო შესაბამისი კვლევები. ეს კვლევები მოიცავს პირველადი მონაცემების შეგროვებას, ეს არის ხიდის კონსტრუქციული სკანირება, ბურღის სამუშაოები და ა.შ. ეს კვლევები გაგრძელდება იმისთვის, რომ დადგინდეს რა იყო გამომწვევი მიზეზი. კვლევებზე ვართ დამოკიდებული, რამდენად გაიწელება დროში გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, მდინარე რიონზე ვართ დამოკიდებული, რამდენად მოგვცემს ეს მდინარე იმის საშუალებას, რომ კვლევები უწყვეტ რეჟიმში ვაწარმოოთ. არ ვჩქარობთ ამ პროცესში იმიტომ, რომ ჩვენც გვინდა დეტალურად გავიგოთ რა იყო ამის მიზეზი. ჩვენთვისაც წარმოუდგენელი რამ მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. როგორც კი ეს ყველაფერი დამთავრდება, საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ ამის შედეგებს. მთავარია, დადგინდეს მიზეზი, რა იყო აღნიშნული ხიდის, მე-8 ბურჯის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, იმის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენი ხანი გახანგრძლივდება ამ პროექტის განხორციელდება“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა. ცნობისთვის, მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ ზედაპირი 13 მარტს ჩამოშალა. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. იპნ
-
ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზრიშვილმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ. „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. იქ იყო ისეთი შეფასებები, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ჩვენი პარტიის მთავარი სათქმელი იყო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა თუ როგორი ხელისუფლება გვყავს. მე პირდაპირ გავაჟღერე მესიჯი, რომ ჩვენ დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება და პროევროპული ხალხი გვყავს. ხალმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. „ოცნების“ მხრიდან ისეთი შეფასებები გაკეთდა, რაც ყოველთვის კეთდება, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პარტნიორები შესანიშნავად არჩევენ ერთმანეთისგან ტყუილს და სიმართლეს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
-
მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. იპნ
-
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა" ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმაზე, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ორგანიზაცია წერს, რომ პრემიერმა ქვეყნის რეიტინგის "არასწორი ინტერპრეტირება" გააკეთა. ასევე აღნიშნავენ, რომ ვერ შეეგუებიან მთავრობის მიერ "ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის" გამოყენებას, "დრაკონული კანონის" გასამართლებლად. "ღრმად შეშფოთებულები ვართ გასულ კვირას საქართველოში განვითარებული მოვლენებით, როდესაც მთავრობამ დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები. ისინი იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას შეზღუდავდა. მადლიერი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მის მიღებაზე მას შემდეგ, რაც ის ქართველმა ხალხმა საყოველთაოდ დაგმო. მიუხედავად ამისა, იმედგაცრუებული დავრჩით, როცა კანონის გასამართლებლად პრემიერ-მინისტრმა "ღია ბიუჯეტის კვლევაში" ქვეყნის რეიტინგის არასწორი ინტერპრეტირება გააკეთა... ვერ შევეგუებით, რომ საქართველოს მთავრობამ "ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგი" გამოიყენოს დრაკონული კანონის გასამართლებლად, რაც დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს, გამჭვირვალობის საბაბით", - წერს ორგანიზაცია და, ასევე შენიშნავს, რომ წარდგენილი კანონპროექტი არასაჭირო, ადმინისტრაციულ ტვირთს ჰკიდებს მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა "უცხოეთის აგენტებად" დარეგისტრირდნენ, თუკი მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდანაა. "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა" განმარტავს, თუ რას მოიცავს მათი კვლევა და რას - არა: "ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობასა და საზოგადოების მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია მის მნიშვნელოვან საბიუჯეტო დოკუმენტებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო, საბიუჯეტო პროცესის მიღმა სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია საზოგადოებასთან. დამოუკიდებელმა შეფასებებმა მაღალი დონის კორუფციის მზარდი და შემაშფოთებელი ნიშნები გამოავლინა". ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა, ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. ორგანიზაცია, ასევე წერს, რომ "ღია ბიუჯეტის კვლევის" მიზანია უზრუნველყოს ქვეყნები უფრო გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის საგზაო რუკით, რაც საბიუჯეტო ხარჯვით პროცესში საზოგადოების ჩართვასა და დიალოგს შეუწყობს ხელს. მათივე თქმით, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა, დამოუკიდებელ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს "ღია ბიუჯეტის კვლევას". ხოლო კვლევისა და მისი შედეგების მიმართ სანდოობას დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებობა განსაზღვრავს: "ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საჯარო სექტორის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული საზოგადოებების არსებითი წინაპირობაა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, მათ ვინც ისწრაფვის უფრო დემოკრატიული მომავლისკენ". 12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ინტერვიუსას განაცხადა, რომ მთავრობა და ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელ მსოფლიოში. მეტიც, მან თქვა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. "მეორეს მხრივ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვაძახებენ და მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ რაც კარგია თავისთავად და ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ ინტერესი იყო შემდეგი. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. და რას ვგულისხმობ, მე ვიგულისხმე და აღვნიშნე რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრემიერმა. radio tavisupleba
-
საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატების შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ცნობას, რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვებას. „თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ეს გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა, მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი - ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ. ბევრი დეპუტატი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში გუნდურობიდან გამომდინარე მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, იმდენად მძიმე იყო წნეხი. საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რამენაირად ყველა გავუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან შვილს, არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება. წარმოიდგინეთ, არის 8 წლის ბავშვი, სკოლის მოსწავლე და მისი პედაგოგი წერს „ფეისბუკზე" იმის შესახებ, რომ ამ ბავშვის მშობელი არის მოღალატე. წარმოიდგინეთ ფაშიზმის ხარისხი. ასეთი რამ გერმანიაში არ უკადრიათ ნაცისტებს გასული საუკუნის 40-იან წლებში. ფაშიზმის ხარისხი იყო უმაღლესი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი“, - განაცხადა კობახიძემ. 7 მარტს პირველი მოსმენის ფარგლებში გამართული კენჭისყრის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის ხუთმა წევრმა „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ესენი არიან: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი კოვზანაძე და გიორგი ხელაშვილი. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით მიიღო. ასევე ნახეთ სია - ვინ დაუჭირა მხარი „აგენტების" პროექტს და ვინ შეიკავა თავი „ქართული ოცნებიდან" 10 მარტს პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. radio tavisupleba
-
ავტორი: გია დვალი მთავრობის მიერ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებზე თავდასხმა (თავისუფალი და საქართველოს უნივერსიტეტები), ამ უნივერსიტეტებში წარმოებული და გადაცემული ცოდნის იდეოლოგიის მიუღებლობის საბაბით, წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების უხეშ დარღვევას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების დასაყრდენს, და აუცილებელია ის დაცული იქნეს ფუნდამენტურ საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის კონსტიტუციით. ეს დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე საქართველოში, დემოკრატიის დამცავი სხვა მექანიზმების არარსებობის ან სისუსტის გამო. აკადემიური თავისუფლების არარსებობა არა მხოლოდ დაუცველს ხდის იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც არიან კონკრეტული თავდასხმის ობიექტი, არამედ უაღრესად ართულებს სხვა უნივერსიტეტების მხრიდან სოლიდარობის გამოხატვას, ვინაიდან აკადემიური დაუცველობა საყოველთაოა. არსებული სიტუაცია ცალსახად მიუთითებს აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიის შექმნის აუცილებლობაზე. მოვუწოდებთ მთავრობას დაიცვას აკადემიური თავისუფლება და მიიღოს ყველა ზომა რათა შეწყდეს შეტევა უნივერსიტეტებზე. გია დვალი, ფიზიკის პროფესორი ნეტგაზეთი
-
დასრულდა შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო: საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, ამას ქართველი ხალხი იმსახურებს. "ჩვენ გვყავს პრო-ევროპელი ხალხი და ანტი-დასავლური ხელისუფლება. ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ნებისმიერ ფასად სტატუსის მისაღებად. ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა, საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული, ევროპული და ევრო-ატლანტიკური განვითარების გზას. ხელისუფლებაზე წნეხი უნდა შენარჩუნდეს ყველა მხრიდან.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში $2,5 მილიარდი გადმოირიცხა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. საქართველოში გადმორიცხული თანხების შესახებ მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დღეს, 15 მარტს განახლდა. "2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372,3 მლნ აშშ დოლარი (985,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103%-ით (188,9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - წერია ეროვნული ბანკის გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის, 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ამ ქვეყნიდან 21,9 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. 2023 წლის თებერვალში კი გადმორიცხული თანხის მოცულობა 754%-ით არის გაზრდილი. რუსეთიდან გადმორიცხული თანხა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით): 2023 წელი თებერვალი - $187,3 მლნ, გაზრდილია 753,7%-ით; იანვარი - $267,6 მლნ, გაზრდილია 1094,64%-ით; 2022 წელი დეკემბერი - $317,31 მლნ, გაზრდილია 699,23%-ით; ნოემბერი - $316,14 მლნ, გაზრდილია 819,11%-ით; ოქტომბერი - $299,28 მლნ, გაზრდილია 725,59%-ით; სექტემბერი - $137,94 მლნ, გაზრდილია 350,97%-ით; აგვისტო - $110,94 მლნ, გაზრდილია 194,64%-ით; ივლისი - $100,9 მლნ, გაზრდილია 150,75%-ით; ივნისი - $231,44 მლნ, გაზრდილია 492,2%-ით; მაისი - $313,9 მლნ, გაზრდილია 888,73%-ით; აპრილი - $132,98 მლნ, გაზრდილია 298,77%-ით; მარტი - $27 მლნ, კლება 16,12%-ით. რუსეთიდან დეკემბერში გადმოგზავნილი თანხა წლების მიხედვით: 2022 წლის დეკემბერი - $317,31 მლნ; 2021 წლის დეკემბერი - $39,7 მლნ; 2020 წლის დეკემბერი - $40,71 მლნ; 2019 წლის დეკემბერი - $43,82 მლნ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა ამ ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული. რადიო თავისუფლება -
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს ქართულ სასამართლოში კორპორატივიზმს, თუმცა ბრალდებები ესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ერთმანეთისგან სამი საკითხი უნდა გამოვყოთ. ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში დაინიცირდა და წარდგენილი იყო ვენეციის კომისიაში მოსაზრებებისთვის, ვენეციის კომისიას ამაზე შენიშვნები არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო შორს წავიდა და არა მხოლოდ იმ ცვლილებებზე იმსჯელა, რომლებიც წარდგენილი იყო რეკომენდაციისთვის, არამედ ამ საკითხს 12 რეკომენდაციის ჭრილში შეხედა. იცით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და ვენეციის კომისია საუბრობს, რომ არსებობს ბრალდებები კორპორატივიზმთან დაკავშირებით და ამის პასუხად შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული ცვლილებები. ხაზია გასასმელი იმაზე, რომ როგორც ამ დასკვნაში, ასევე ივნისის შარშანდელ დასკვნაში, ვენეციის კომისია ყველგან ამავეს ამბობს – თავად ვერ იტყვის, რომ ქართულ სასამართლოში კორპორატივიზმი არსებობს და მას ამის შესახებ მხოლოდ სმენია. იცით, რომ მათ აქვთ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციასთან, უმრავლესობასთან. ამბობენ, რომ ამ შეხვედრებზე ასეთი ბრალდებები ისმის, თუმცა ვენეციის კომისია ივნისის დასკვნაში ხაზგასმით ამბობს, რომ მას ამის დადასტურება არ შეუძლია. სწორედ ეს არის ის საკითხი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე – კლიშეებსა და სტიგმატიზაციაზე, რაც ოპოზიციის მხრიდან კულტივირებს, მათ შორის წლების განმავლობაში სასამართლოს მიმართ, და ხდებოდა კლიშეს მიკერება – „კლანი“ და ა.შ. ვენეციის კომისია თავად ვერ ადასტურებს ამას და არ ამბობს, რომ ეს ასეა, უბრალოდ, ამბობენ, რომ სმენიათ ბრალდებები და, აქედან გამომდინარე, ამ მონაკვეთს ეყრდნობიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი იარლიყების მიწებებასა და სტიგმატიზაციაში დახელოვნებულია. „წლების განმავლობაში, ამ სტიგმატიზაციის კულტივირებით იყვნენ დაკავებული. იცით, რომ როდესაც შარშან სასამართლო რეფორმა დავიწყეთ, ოპოზიციას შევთავაზეთ, წერილობით აღეწერათ, სად ვიყავით სასამარლოს მხრივ, სად ხედავდნენ პრობლემებს და ა.შ. მსგავსი დასკვნა მხოლოდ „მოქალაქეებს“ ჰქონდათ. სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამ თემაში ყველაზე რადიკალური არიან, არაფერი წარმოადგინეს. რატომ? როცა მოსაზრებებს წერილობით წარმოადგენ, ის ზეპირი საუბარი არ არის და ადამიანი ასე ადვილად იარლიყებს ვერ მიაწებებს. როცა წერილობით იქნებოდა, იქ მტკიცებულებები უნდა წარმოედგინათ. შესაბამისად, არა მხოლოდ იარლიყები და სტიგმები იქნებოდა გამოყენებული, არამედ პასუხისმგებლობა ექნებოდათ, დაეწერათ, რატომ ფიქრობდნენ კორპორატივიზმზე, რა მტკიცებულებები ექნებოდათ. სამწუხაროდ, ყალბი ნარატივი, რაც საქართველოში კულტივირებს, თუნდაც, კორპორატივიზმზე, ასახვას პოულობს ასეთ დოკუმენტებში, თუმცა ვენეციის კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ თავად ამას ვერ დაადასტურებს, თუმცა ხედავს, რომ ბრალდებები ესმის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
დმანისისა და ლორე-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და განმარტავს, თუ რატომაა საქართველო ისტორიულად ევროპის ნაწილი. ამასთან, მთავარეპისკოპოსი ეხმიანება პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას და ამბობს, რომ ეს საგანგაშოა. მისი თქმით, ევროკავშირის დროშის ხელყოფა არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედება და კონსტიტუციის ხელყოფა. ამასთან, სასულიერო პირი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირის დროშა ევროპის უმრავლესი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა და მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სიმბოლოდან არის აღებული. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მთავარეპისკოპოს ზენონის განცხადებას: 14 მარტს პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს. ნეტგაზეთი
-
იურიდიულის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის ლექტორობით საგანი ამოშალეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„არ მინდა ისეთი ადამიანის ლექციაზე ყოფნა, რომელიც თავად არ სცემს პატივს იმას, რასაც ასწავლის“, – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის ლექტორობით საგანი ამოშალეს. ამის შესახებ „პუბლიკასთან“ პირველი კურსის სტუდენტი მარიამ გიორგაძე აცხადებს. მისი თქმით, სტუდენტებმა კობახიძის ლექციის მსგავსად, უარი თქვეს გიორგი კახიანის ლექციაზეც. კახიანიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. საუბარია საგანზე – „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფოებრივი მოწყობის) სამართალი“. სტუდენტის თქმით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეს საგანი სავალდებულოა და ასევე წინაპირობაა სხვა საგნების ასარჩევად. როგორც გიორგაძე ამბობს, ოთხმა სტუდენტმა სხვა სტუდენტების სახელით მიმართეს ადმინისტრაციას, მიეცათ მათთვის საშუალება, რომ გადაერჩიათ კობახიძის ლექტორობით საგანი და ჩაესვათ იგივე საგანი სხვისი ლექტორობით. მისივე ცნობით, ამ საგანს სულ ოთხი ლექტორი ასწავლის, მათ შორის არიან კობახიძე და კახიანი. „ვინაიდან სავალდებულო საგანია, ადგილები მალე ივსება. როცა გადავწყვიტეთ, რომ სხვა ლექტორთან უნდა გადავსულიყავით, აღარ იყო მათთან ადგილები. ამიტომ მივედით ადმინისტრაციაში, რომ მოგვეთხოვა ადგილების დამატება და იმ სტუდენტების გადაყვანა, ვისაც სხვა ლექტორთან უნდოდა. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მსურველებს უნდა მიგვემართა ოფიციალური განცხადებით თსუ-ის ვებგვერდიდან. შემდეგ დღეებში კი ადმინისტრაციამ ეტაპობრივად გაანაწილა სტუდენტები დანარჩენ ორ ლექტორთან“, – ამბობს ის „პუბლიკასთან“. მარიამ გიორგაძის ინფორმაციით, თავიდან 150 ადგილი ჰქონდა ყველა ლექტორს. „ამ მოთხოვნების შემდეგ კობახიძესთან დარჩა 70 [კვოტა], ანუ შემცირდა, კახიანთან – 60. ახლა კობახიძეს თავისუფალი აქვს 14 ადგილი, კახიანს – 12. შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფები განახევრდა. თავიდან 140 სტუდენტამდე იყო დარეგისტრირებული, ჩემი ინფორმაციით“, – ამბობს ის. ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად, თუ რამდენმა სტუდენტმა გადაირჩია ირაკლი კობახიძის საგანი, „პუბლიკამ“ თსუ-ის პრესსამსახურს მიმართა შეკითხვებით და სთხოვა, გადაემოწმებინა ყველა ის მონაცემი, რომელსაც ჩვენთან საუბარში სტუდენტი ასახელებდა. თსუ-დან მოგვწერეს მხოლოდ ეს: „იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტები სალექციო ნაკადებს ირჩევენ საკუთარი სურვილისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით. პროფესორი ირაკლი კობახიძე თსუ-ში კითხულობს სალექციო კურსს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფოებრივი მოწყობის) სამართალი. სალექციო კურსსა და მის სასემინარო ნაკადებზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია შესაბამისი რაოდენობის სტუდენტი“, – აცხადებს თსუ. რატომ გადაირჩია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა კობახიძის საგანი?