-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად, - ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ „ინტერპრესნიუსისა“ და "პალიტრანიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აფასებს უკრაინისთვის საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებას და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, უნდა იყოს თუ არა მხედველობაში მიღებული ხელისუფლების არგუმენტი, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევაში უფრო შორს ვერ წავლენ. ამასთან, როგორც გაერთიანებული სამეფოს პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, გასაგებია ის ზეწოლა, რომელსაც მოსკოვი საქართველოსა და ქართველ ხალხზე ახორციელებს, მაშინ როდესაც რუსული ჯარის წარმომადგენლობა ქვეყნის ტერიტორიაზე ხილულია. „მე ვისაუბრე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ უკრაინის დასახმარებლად გადადგა - ის მასპინძლობს უკრაინელ ლტოლვილებს. მე მესმის ის ზეწოლა, რომელსაც საქართველოსა და ქართველებზე მოსკოვი ახორციელებს, რომელიც ცდილობს უფრო მეტად დაამძიმოს ვითარება ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ხედავს რუსული ჯარების წარმომადგენლობას მის ტერიტორიაზე და რომელიც ხედავს რუსეთის ჩარევას მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად და, რა თქმა უნდა, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება, ყველა ქვეყანას ამის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებშია და ხელისუფლებაც აღიარებს ამას, რომ პრინციპები, როგორიც არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს კონვენცია იყოს დაცული, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა მის ტერიტორიებში შემოჭრა, სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება ქართველების დასაცავად და ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად უფრო ფართო რეგიონში“,- განაცხადა კლევერლიმ. იპნ
-
გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს სვლა უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი, მას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესები, თავისუფალი მედია გარემო და სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. „გაერთიანებული სამეფო დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის სურვილის მხარდამჭერი. როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ვიზიტით ჩამოვიდა გვიან 1980-იან წლებში, სწორედ ეს იყო, რასაც მან ხელი შეუწყო და გაერთიანებული სამეფო ამ სვლას ათწლეულების განმავლობაში უჭერს მხარს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სვლა გაგრძელდეს, გვსურს, დავინახოთ ნამდვილად მაღალფუნქციური დემოკრატია საქართველოში. გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი, ჩვენ ამის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს. ამისთვის სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა საჭირო, ასევე ღია მედია ლანდშაფტის ქონა, სივრცის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და კონკურენტუნარიანი, თუმცა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატების წარმოება. ყველა ეს პროცესი სარგებელს მოუტანს საქართველოს და სარგებელს მოუტანს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, საჯაროდ გამოხატულ მისწრაფების მიღწევაში, განაგრძონ ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში“,- განაცხადა კლევერლიმ. იპნ
-
მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ენისთვის სახელის „მოლდოვურიდან“ „რუმინულად“ გადარქმევის შესახებ. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატებმა. მმართველ ძალას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ოპოზიციონერი კომუნისტები და სოციალისტები ეწინააღმდეგებოდნენ ამ ცვლილებას და მოუწოდებდნენ უმრავლესობას, რომ კანონპროექტი არ დამდგარიყო კენჭისყრაზე, რაც ჩავარდა. სესიის დარბაზში საპრეზიდენტო პარტიის ოპონენტებმა გამოფინეს ბანერები წარწერით: "მოლდოვის კონსტიტუცია: მოლდოვა, მოლდოველი, მოლდოველები". „მოქმედების და სოლიდარობის " დეპუტაციამ სახელმწიფო ენის სახელწოდების შეცვლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს თებერვლის ბოლოს წარუდგინა. დეპუტატები ამ ნაბიჯს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით ხსნიდნენ. 10 წლის წინ მოლდოვეთის რესპუბლიკამ რუმინული ენა აღიარა სახელმწიფო ენად. საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ მოლდოვური ენა, როგორც ოფიციალური ენა, რუმინულით შეიცვლება. როცა 1991 წელს მოლდოვეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუმინული იყო სახელმწიფო ენა, მაგრამ 1994 წლის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად მოლდოვური ჩაიწერა. ასევე ნახეთ მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინული ამ ქვეყნის ენად აღიარა მოლდოვური და რუმინელი ენები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. 1989 წელს ქვეყნის პარლამენტმა მოლდოვური ენა სახელმწიფო ენად დამტკიცა, ხოლო მანამდე არსებული კირილიცა ლათინური დამწერლობით შეცვალა.
-
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დღეს, 17 მარტს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. "საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, 1987 წელს. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები იმათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოუთხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი", - თქვა კლევერლიმ პრესკონფერენციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კლევერლი თავის სიტყვაში ასევე მიესალმა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას: "ჩვენ ძლიერად მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც სანქციებთან დაკავშირებით, ისე უკრაინელების მიღებით. ისევე, როგორც უკრაინაში, სუვერენული უფლება, რომ ქართველმა ხალხმა განსაზღვროს თავისი მომავალი და ბედი დამოუკიდებლად, გარე ჩარევის გარეშე, უნდა იყოს პატივნაცემი და დაცული". დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ თანამშრომლობაზეც და თქვა, რომ თავდაცვის გარდა, ის ასევე მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით: "ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს. 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც ნატოს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით". ჯეიმს კლევერლის ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. უწყება წერს, რომ განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. რადიო თავისუფლება
-
შეიცვლება თუ არა 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლი?
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უგონოდ მყოფი 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. შემთხვევის ადგილი, პეტრიწის 12 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბავშვს ყელტან მცირე დაზიანება ჰქონდა, რადიო თავსუფლების ინფორმაციით, იმდენად უმნიშვნელო, რომ ის არ უნდა გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ ვერსიად სახელდება საკვებით ასფიქსია. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ასეთ მცირე დროში შეუძლებელია, საბოლოო დასკვნა კი გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გადაეგზავნება. რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე ამ ინფორმაციას ოფიციაურად არ ადასტურებს. სად ნახეს ანა? ჯაგნარით გარშემორტყული ტერიტორია, სადაც 12 წლის ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ტერიტორია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითა და ავტოფარეხებითაა გარშემორტყმული. შემთხვევის ადგილი მანუჩარ დვალი, ანას ბებიის ძმა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საღამოს 9 საათისთვის ანა უფროს დეიდაშვილთან ერთად, ეზოში სასეირნოდ გავიდა: მანუჩარ დვალი „საღსალამათი, ჯანსაღი ბავშვი ვიპოვეთ გაგუდული ბუჩქებში. რა ვთქვა, რა დასკვნა უნდა გამოვიტანო. ძალადობა და გაუპატიურება არ არისო, მაგრამ ვერ გავიგეთ. კრიმინალისტები იტყვიან, რა არის და როგორ არის. იმ ტერიტორიაზე ბავშვები სულ ტრიალებენ. ზოგი სეირნობს, ზოგი ეწევა. ანა და მისი დეიდაშვილი იყვნენ ერთად. [დეიდაშვილი] დაახლოებით 9 საათისთვის ამოვიდა სახლში, ანას უთქვამს, მე ერთ წრეს კიდევ დავარტყამ და ამოვალო, „ჩიფსებს“ ჭამდა თუ რაღაცას... ერთ სართულზე ცხოვრობენ ჩემი დის შვილები. ანას დედას ეგონა, რომ ბავშვი დეიდასთან იყო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ანა სახლში არ ასულა და მაშინვე დაიწყეს ძებნა“. როგორც ადგილობრივები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ბავშვის გაუჩინარებამდე მათ არ გაუგიათ არც ყვირილის ხმა და არც ეზოში შეუნიშნავთ რაიმე საეჭვო ვითარება: „აქვე ვცხოვრობ, ამ კორპუსში. სწორედ ამ ტერიტორიას უყურებს ჩვენი ფანჯრები. ხმაური მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც ბავშვის ძებნა დაიწყეს. სასწრაფო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ბავშვის გონზე მოყვანას, როგორც მივხვდი, გულის მასაჟსაც უკეთებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. დაზუსტებით იმის თქმაც არ შემიძლია, ბავშვი რომ იპოვეს უკვე გარდაცვლილი იყო თუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“, - გვეუბნება პეტრიწის 12 ნომერში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი. როგორ ახასიათებენ ადგილობრივები ტერიტორიას, სადაც ანა იპოვეს? ტერიტორიაზე, სადაც ანა იპოვეს, გარე განათება არ არის და მთლიანადაა გარშემოტყმული ბუჩქებითა და ჯაგნარით. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად გზის შესამოკლებლად იყენებს: „ძალიან არ მიყვარს ამ გზაზე გამოვლა. განსაკუთრებით უკვე შებინდებულზე. ისეთი სიბნელეა ხოლმე აქ, რომ ტელეფონით თუ არ გაანათე, არაფერი ჩანს. თქვენც ხედავთ, ნაგავსაყრელადაა ქცეული. გამოყენებული შპრიცები ყრია. სკოლიდან რომ მომყავს ხოლმე შვილიშვილი, ვცდილობ, რომ დროზე გადმოვიარო ეს ადგილი, ან შედარებით გრძელი გზით წავიდეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადგილობრივი. ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც 12 წლის მოზარდი იპოვეს, რამდენიმე გარე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ერთ-ერთი კამერა იქვე, მშენებარე ობიექტზეა მიმაგრებული, მეორე - ტერიტორიიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე საკვებ ობიექტზე. მართალია კონრეტულად ის სივრცე, სადაც ანა ნახეს, ამ კამერების ობიექტივში არ ხვდება, თუმცა, კამერები ტერიტორიისკენ მიმავალ გზებს, სავარაუდოდ, კარგად უნდა აფიქსირდებდეს. ადგილობრივები მომხდარის გამო შეშინებულები არიან. ისინი მოითხოვენ როგორც მომხდარი ფაქტის დროულად გამოძიებას, ისე ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიის გასუფთავებას და ტერიტორიაზე გარე განათებების დამონტაჟებას: შემთხვევის ადგილი „პატარა დის შვილები მყავს. ამ ამბის შემდეგ, არ ვიცი, გარეთ როგორ უნდა გავუშვა. ყველანი ასე ვფიქრობთ. თქვენც ხომ ხედავთ გარშემო რა ხდება. ახლა კიდევ რა უჭირს, ხეების ტოტები მოჭრეს, აქამდე სრულიად დაბურული ტერიტორია იყო“, - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. "ლელო არენა" „ლელო არენას“ ორივე გზა ჩაბნელებულია. პეტრიწის ქუჩაზე მცხოვრებნი დამეთანხმებიან, რომ ამ ჩაბნელებულ ქუჩებზე ტელეფონების ფანრებით დავდივართ. სანამ რამე არ მოხდება, მანამდე ყველა ჩუმად არის ხოლმე. ამ ბავშვმა რა დააშავა?“ 12 წლის ანას ცხედარი უკვე გადაასვენეს სახლში. ნინო თარხნიშვილი -
საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში. როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“. „ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი; – სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, – სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ. ძალიან დასანანია, რომ ქართული სპორტის, საქართველოს მსოფლიო წარმატებას ოპოზიციურად განწყობილი ცალკეული ჯგუფები პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ცდილობენ ქართული რაგბის რეპუტაციის შელახვას. ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ. შეტევის ფრონტი ღია პროვოკაციით ამ ცოტა ხნის წინ ტვ-პირველმა დაიწყო – გამოგონილი ამბით, თითქოს იმ სასტუმროში სადაც საქართველოს ნაკრები იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ ისვენებდა, კავშირის ხელმძღვანელობა ვერტმფრენით ჩასულ რუს ოლიგარქს მასპინძლობდა, – მართალია, პროვოკაცია ჩავარდა, რადგან ვერტმფრენის მგზავრებმა თავად უარყვეს ეს აბსურდი და გაავრცელეს დამამტკიცებელი ფოტო-მასალაც, თუმცა ამან დისკრედიტაციის მიზანმიმართული პროცესი ვერ შეაჩერა – დაიწყო შეტევები ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრთა მიმართ, – სოციალურ ქსელებში მათი სისტემური დაბულინგების მცდელობა და მოწოდება დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გუშინ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა (იხ.) მოწოდებით – შეწყდეს თავდასხმები უფროს და უმცროს ბორჯღალოსნებზე, რომელთაც ორივეს წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და საქართველოსთვის ახალი დიდი გამარჯვებების მოპოვება მოეთხოვებათ, – ეს შიდა ბრძოლები კი მათთვის დამაზიანებელია. ამ განცხადებას გუშინვე მოჰყვა კიდევ ერთი დემარში, კერძოდ პეტიცია-ჯი-ზე რაგბის კავშირის თავმჯდომარის, სახელგანთქმული ვეტერანი მორაგბის დავით კაჭარავას შეურახმყოფელი განცხადების გავრცელება, რუსეთისადმი პოლიტიკური კეთილგანწყობის დაბრალებით და რაგბისგან მისი ჩამოშორების მოთხოვნით. პეტიციის ინიციატორი ანონიმური “რაგბი საპორტერია”. რაგბის კავშირი დესტრუქციულ ძალებს განუმარტავს, რომ გამგეობის თავმჯდომარის არჩევა ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, არის სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული, ხმათა უმრავლესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: საერთო ყრილობამ, რომელიც ძირითადად რაგბის კლუბების წარმომადგენლებისგან შედგება, აირჩია გამგეობის 13 წევრი, რომლებმაც შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარედ დავით კაჭარავა. არანაირ “რაგბის გულშემატკივართა” პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია დემოკრატიული არჩევნების ამ სისტემის ფონზე, რაც დარწმუნებული ვართ მისმა ინიციატორმა ანონიმუსმაც იცის, თუმცა ამ გზით ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება. საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
-
სლოვაკეთმა უკრაინაში ავიაგამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინაში „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა. "დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, მე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერა ჰეგერმა ტვიტერზე. გუშინ, პოლონეთი პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას, უახლოეს დღეებში, ოთხ საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელს გაუგზავნის. მოგვიანებით, დანიურმა გამოცემა Jyllands-Posten-მა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს. მისი თქმით, დანია უკრაინისთვის საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხს განიხილავს. IPN -
22 მარტამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. „17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn -
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა. „ჩვენ რომ გვეუბნებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გაუშვათ საზოგადოებაში. ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი მუხტი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად უსაფუძვლოდ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეთ", - განაცხადა ნინო წულაძემ, რასაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. იპნ
-
ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა. დავით კაჭარავას კითხვა დაუსვეს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. „გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი „ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას, ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ასობით მესიჯები, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს. ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტისადმი. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო რაგბში, კალათბურთში, ფეხბურთში, წყალბურთში. გვახსოვს, ისინი მიადგნენ წარმატებულ სპორტსმენებს. მათ არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში ხდება და ცდილობენ, როგორმე დააკნინონ. მე ამაზე გავიცინებ მხოლოდ“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
-
ამ ხელისუფლების ნაბიჯები, მათ შორის ვენეციის კომისიაში დე-ოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების შესახებ კანონის პროექტების გაგზავნა, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, რომლითაც ხელისუფლება ქმნის აღქმას, რონ თითქოს აინტერესებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, ქვეყანას ისეთი მიდგომა სჭირდება, რომელიც ყველა ოლიგარქს თუ არაფორმალურ მმართველს - იქნება ეს ივანიშვილი თუ კეზერაშვილი, დააკარგვინებს ამ ძალაუფლებას "ამას მკაფიოდ წარმოაჩენს შემდეგი ფოტო კოლაჟი: 1- პირველ ფოტოზე წარმოდგენილია ვენეციის კომისიის დასკვნის 71. აბზაცი - "[...] "პერსონალური მიდგომის" მქონე კანონის მიღება, რომელიც ბუნდოვანი კრიტერიუმებით ახდენს პირების სტიგმატიზებას, ვერ მიაღწევს მთავარ მიზანს, დე-ოლიგარქიზაციას და შექმნის სერიოზულ რისკებს, რომ შერჩევითად იქნება კანონი გამოყენებული, მათ შორის პოლიტიკური განცხადებების ფონზე - ოპოზიციის წინააღმდეგ" 2- ამ შეფასების შემდეგ, ქ-ნი წულუკიანი, კვლავ აკეთებს მსგავს განცხადებას, რითაც ამბობს რომ არანაირი რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს ხელისუფლება. !! რა მოტივით გააგზავნეს მაშინ ეს კანონის პროექტი? მხოლოდ პოლიტიკური თაღლითობის მოტივით, სხვა ახსნა არ არსებობს. !! ქვეყანას ჭირდება ისეთი მიდგომა "სისტემური", რომელიც ყველა ოლიგარქს თუ არაფორმალურ მმართველს იქნება ეს ივანიშვილი თუ კეზერაშვილი - დააკარგვინებს ამ ძალაუფლებას. ეს მიდგომაა, რეკომენდაციების შესრულება სრულად - და არა მორიგი თაღლითობით!", - წერს ბექა ლილუაშვილი.
-
მას შემდეგ, რაც უარი გვითხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მე ილუზია თავიდანვე არ მქონდა, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. „რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი. თანმიმდევრულად მივყვებით, რომ ეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდეს. ამ გეგმის დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე მიმართულება და ესეც მიღებული იქნება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა სტატუსი მივიღოთ, თუმცა აქ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვს გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანს, ე.წ. მეგობრებს, რომ ხელისუფლება როგორმე შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო, გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე. ჩვენ ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. მთელი ჩემი ცხოვრება, წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყო მონა და დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ „იმედი LIVE“-ში.
-
ისრაელი უკრაინას ირანულ დრონებთან საბრძოლველ სისტემებს გადასცემს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ირანულ დრონებთან რადიო-ელექტრონული ბრძოლის (EW) სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაცემა. ლიცენზიები განკუთვნილია უკრაინისთვის, რომელიც რეგულარულად ექვემდებარება რუსეთის მხრიდან ირანული წარმოების „კამიკაძე“ თვითმფრინავების იერიშებს. ამის შესახებ ისრაელის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინის დელეგაცია ცოტა ხნის წინ ისრაელს ეწვია რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სისტემა წარმოშობს სიხშირეების ჩამხშობ ტალღებს და ამით დრონებს ორიენტაციის საშუალებას უსპობს. საექსპორტო ლიცენზიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა. ისრაელში ყოფნის დროს უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად უკრაინულ ჯარს ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემები სჭირდება. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის არმიამ დრონებისგან დაცვის ეფექტიანობის ამაღლება შეძლო. აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების საექსპორტო ლიცენზიების დამტკიცების შესახებ. განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, შუმერი აღნიშნავს, რომ უპილოტო თვითმფრინავები "საშინელ ზიანს აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, იწვევენ ადამიანების სიკვდილს ან დასახიჩრებას." სენატორის თქმით, ისრაელში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ბოლო ვიზიტის დროს, მან და მისმა კოლეგებმა ზეწოლა მოახდინეს ისრაელის მთავრობაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას უპილოტო ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც. ასევე ნახეთ უკრაინა ადასტურებს ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაციას გასული წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში. რადიო თავისუფლება -
პოლონეთი უკრაინას 4 საბრძოლო თვითმფრინავს “უახლოეს დღეებში” გაუგზავნის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პოლონეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის. ქვეყნის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას თქმით, კიევი საბჭოთა წარმოების ოთხ თვითმფრინავს უახლოეს დღეებში მიიღებს, დანარჩენებს კი — სამომავლოდ. როგორც BBC წერს, აღნიშნული მიწოდება ომში გარდამტეხ ცვლილებებს ვერ შეიტანს, თუმცა უკრაინაში მიესალმებიან პოლონეთის გადაწყვეტილებას და იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ვარშავის მაგალითს. რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების მიწოდებას, რომელთა მართვაშიც უკრაინელი პილოტები გაწვრთნილნი არიან, ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც განიხილავენ. უკრაინას დასავლური ქვეყნებისგან არაერთხელ უთხოვია თანამედროვე თვითმფრინავების, მათ შორის, F-16-ების მიწოდება. უკრაინელ პილოტებს ნატოს სტანდარტებზე მორგებული თვითმფრინავების მართვაში დიდი ბრიტანეთი ატრენინგებს, თუმცა იმ ფონზე, რომ წვრთნას დიდი დრო სჭირდება, დიდი ბრიტანეთი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი თვითმფრინავების მიწოდებაც დიდ დროს წაიღებს. რაც შეეხება აშშ-ს, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება კიევისთვის. “ჩვენ გვჭირდება [თვითმფრინავები] ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაძლიერებლად და ჩვენი არმიისთვის საგაზაფხულო კონტრშეტევაში დასახმარებლად”, — უთხრა უკრაინელმა დეპუტატმა კირა რუდიკმა BBC-ს და იქვე დაამატა, რომ კიევისთვის თვითმფრინავების მისაწოდებლად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. მიჩნეულია, რომ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, უკრაინას 120-მდე ქმედითუნარიანი საბრძოლო თვითმფრინავი ჰქონდა. ნეტგაზეთი -
დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც აღკვეთს კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
-
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს. „სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
-
20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეს ორი პროტესტი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. „უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციასა და, სხვათა შორის, პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი, მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ, მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა გახარიამ ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, გახარიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია, ეს ვინმე სხვას დააბრალოს. „როცა იცი, რომ შენი ხალხის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მაგრამ ამავდროულად გინდა, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, მმართველობის არსებული სტრუქტურა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან, შენ გჭირდება უბრალოდ ააფეთქო ეს პროცესი და მოამზადო ნიადაგი, რომ ვინმე სხვას დააბრალო. ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებდა. 2 თვის წინ გააცნობიერეს, რომ დიდი ალბათობით, საქართველო, გეოპოლიტიკური მიზნებით, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და დაიწყეს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია ეს ვინმე სხვას დააბრალოს. დიახ, კანონპროექტის გამოთხოვა არის პროტესტის დიდი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა, მაგრამ ეს არის საბოლოო მიზანი. უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი დეკემბრამდე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ და კანდიდატის სტატუსი არის ერთადერთი გზა დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვს ორი კრიტიკული მიზანი: როგორ დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი კანდიდატის სტატუსის მიღების გზით და როგორ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით“, - განაცხადა გახარიამ. ინტერპრესნიუსი
-
ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. "რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჯეიმს კლევერლი საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად". "ეს უფლება დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის. "ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი მიღება გამიმართეთ საქართველოში. ბოლო დროს მქონდა შესაძლებლობა მემასპინძლა თქვენთვის ლონდონში, მაგრამ ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან თბილად მიმიღეს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ. ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა. თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. იპნ
-
დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
-
შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ, ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ის უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მან გადაცემაში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებას რუსეთში მოჰყვა ის, რომ თავისუფალი სიტყვა და არასამთავრობო სექტორი არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონის მიღებით, გარდა იმისა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს, არ უნდა, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, მიზეზი მარტივია, „ოცნებას“ უნდა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მმართველობის ეს მოდელი, რაც ქვეყანაში არსებობს- არაფორმალური, უკანონოდ კონსოლიდირებული ძალიან დიდი ძალა, რომელიც ერთი ადამიანის ხელშია თავმოყრილი. „ეს რომ შეინარჩუნო, კანდიდატის სტატუსთან და ევროპულ ღირებულებებთან ეს ყველაფერი შეუთავსებელია. ამიტომ, ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ მან ძალაუფლება შეინარჩუნოს, უარი უნდა თქვას კანდიდატის სტატუსზე და ადამიანებს ევროპული მომავალი უნდა წაართვას. ეს არის „ოცნების“ გადაწყვეტილებების ანატომია და ნაბიჯებიც აქეთკენ იყო გადადგმული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღება იყო სახელმწიფო ინტერესების ღალატი. „მე ძალიან ვერიდები ხოლმე ტერმინის - მოღალატის გამოყენებას, მაგრამ ეს იყო წითელი ხაზი, დიახ, სახელმწიფო ინტერესების ღალატი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ამ ადამიანებს ამ სტატუსის ტარება მოუწევთ. იმ 78 ადამიანს, რომელმაც ამ კანონპროექტს ხმა მისცა, მოუწევს ამ სახელის ქვეშ ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაგრძელება. ეს ხალხი შესანიშნავად აცნობიერებდა, რისკენ იყო ეს ყველაფერი მიმართული და რა შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალური იქნება. გასაგებია, ვისი მხრიდან იყო ეს ქვეყანა მართული, გასაგებია, რომ ბატონი ივანიშვილის ინტერესია ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაა კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, რომელიც მთელი ეს პერიოდი დამალული იყო და თითქოს რაღაც პოზიტიურ საკითხებზე ცდილობს ხოლმე [გადართვას]. ეს ორი ირაკლი ზოგადად, ერთმანეთს ეჯიბრება, თითქოს რუსეთის დასანახად, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელს უფრო მეტი მავნებლობის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისი თქმით, რეალური ხალხის ძალა ქუჩაში მეორედ იდგა, პირველად ეს იყო, როდესაც პროევროპული ხალხის რეაქციამ ხელისუფლება აიძულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გაეკეთებინა, მეორედ კი რეალურმა ხალხის ძალამ ხელისუფლება აიძულა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი უკან გაეწვია. „12 პუნქტია შესასრულებელი, რომლის შესრულებას, გვითხრეს, რომ არ აპირებენ. სხვათა შორის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ვფიქრობ, პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა, დაივიწყა წარსული, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს გატარებული. ამ ადამიანებს შუბლის ძარღვი უკვე საერთოდ გაწყვეტილი აქვთ. ის არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და ასეთი რამ თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ეს ადამიანი უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ იმას, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა პირდაპირ ზღვარი გაავლეს - სიბნელის მხარეს დგას ხელისუფლება, ისინი რუსული სცენარით მოქმედებენ, ჩვენ გვყავს ანტიდასავლური ხელისუფლება და ამას სახელი თამამად დავარქვათ და გვყავს პროევროპული ხალხი. ანუ ხელისუფლება ხალხის ნებას აღარ გამოხატავს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლებელია გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. მისივე განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ყოველდღიურად ხვდება საქართველოში ელჩებს, ასევე პარტიას წერილები გაგზავნილი აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებთან, რათა დაარწმუნონ პარტნიორები, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, „თუნდაც ასეთი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი გახდება ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“. იპნ
-
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. „მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტს აქ, საქართველოში. ეს არის დიდი პატივი და პრივილეგია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში, პირველია 2016 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთული პროგრამა. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ქართული მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ვიზიტის განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ვიზიტის თაობაზე, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში. იპნ
-
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ [იგივე „ეფესბე-ს“] შენობა იწვის. BBC წერს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც. როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები. უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ხანძრის გაჩენის მომენტში ისმის აფეთქების ხმაც.
-
გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და საავტომობილო ტექნიკას. ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაკეტში, კერძოდ, შედის 5 ათასი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS II-ისთვის და ასევე 25 გენერატორს. ასევე ცნობილია, რომ გერმანია ემზადება უკრაინას გადასცეს 5330-ი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვები და Iris-t SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 მარტს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდოს ახალი საბრძოლო მასალა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. radio tavisupleba
-
ევროკავშირის დროშის დაწვისთვის 5 პირი 1 000 ლარით დააჯარიმეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის დროშის ჩმოგლეჯვისა და დაწვისთვის შსს-მ რამდენიმე პირი 1000-ლარით დააჯარიმა. მათი თქმით, დაჯარიმებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. „პუბლიკის” ინფორმაციით, უწყებამ ჯამში 5 პირი დააჯარიმა, მათ შორის არის ზურაბ მახარაძე. ის პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი წინამძღოლია. ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა 14 მარტს ჩამოგლიჯეს და შემდეგ დაწვეს. პუბლიკა -
13 მარტს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი წარმომადგენელი. საჩივრით სასამართლოს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მიმართა, დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მიზეზი გახდა RFE/RL-ის უარი, გადაეხადა ჯარიმა, რომელიც მილიარდ რუბლს აჭარბებდა (13.3 მილიონი აშშ დოლარი). ეს ჯარიმა ორგანიზაციას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) აღნიშნავს, რომ RFE/RL-ის გაკოტრება რუსეთში ცხადყოფს, თუ როგორ გამოიყენეს ქვეყნის კანონმდებლობა ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტების“ შესახებ მედიასაშუალების ეკონომიკური გზით „რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს რადიო თავისუფლების მუშაობაში ხელის შეშლა, გააუქმოს დრაკონული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და მისცეს მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება“, – აცხადებს CPJ. გაკოტრების საქმის წარმოება რუსეთის საგადასახადო ორგანოებმა 2022 წელს დაიწყეს; „რადიო თავისუფლებამ“ მაშინ განაცხადა, რომ სამართალწარმოება იყო მაუწყებლის წინააღმდეგ მრავალწლიანი ზეწოლის კამპანიის კულმინაცია. ხელისუფლებამ მანამდე, 2021 წლის მაისში გაყინა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე „რადიო თავისუფლების“ 30-ზე მეტი ჟურნალისტი „უცხოელი აგენტების“ რეესტრში ინდივიდუალურად დაარეგისტრირა და მაუწყებლის რამდენიმე ვებგვერდი დაბლოკა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფლება 27 ენაზე მაუწყებლობს 23 ქვეყანაში, ძირითადად – იმ ქვეყნებში, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია. პუბლიკა