ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხერსონის რეგიონში, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა.
პროკუდინის განცხადებითვე, წყლის დონე მოსალოდნელია, რომ შემდეგ 20 საათში, კიდევ ერთი მეტრით გაიზარდოს.
„დატბორვის ინტენსივობა მცირდება, თუმცა, კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყალი დინებას გააგრძელებს“, - აღნიშნა პროკუდინმა.
შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია Uanimals-ის განცხადებით, კაშხლის აფეთქების გამო, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, რასაც იქ მობინადრე ყველა ცხოველი ემსხვერპლა.
„ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული და ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი და გაკონტროლებადი ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი პირი იქნება არჩეული.
ლილუაშვილის განმარტებით, ამ თვალსაზრისით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევა “ქართული ოცნებისათვის“ გამოსავალია.
„აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნების“ განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვასთან და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით სრულია აბსურდია - აგერ გამოვიდნენ და პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებებს ისევ უტევენ, როგორც მანამდე ცესკოს შემთხვევაში შეუტიეს და კანონიც შეცვალეს. ეროვნული ბანკის ნაწილში მხოლოდ კანონს ვერ ცვლიან - საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში, თორემ ამ საკითხსაც დააყენებდნენ.
“ქართულ ოცნებას განზრახული აქვს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუციის პარტიული ვერტიკალის ქვეშ დაქვემდებარება. დარჩენილი იყო მხოლოდ ეროვნული ბანკი და როგორც ირკვევა, პრეზიდენტთან კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვერ დანიშვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ეს, სავარაუდოდ, გათვლილია ნათია თურნავაზე, რომელიც “ქართული ოცნების“ ისეთივე გავლენის ქვეშ არის, რა გავლენის ქვეშაც ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შემთხვევაში იქნება. ამიტომ ვეტოს დაძლევა “ქართული ოცნებისათვის“ გამოსავალია“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარტია “ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, “იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვა “თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.
მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება.
„როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები - წლის ბოლოს შეხვდებიან და გადაწყვეტენ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, მისი პირადი აზრია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
„რადგან მეკითხებით, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მერიამ დააფუძნა „თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, იქნება არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენა.
კალაძე ამბობს, რომ ფონდი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
თქვა, რომ შეიქმნება „ქანდაკებების ბაღი“, სადაც არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს.
უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტისარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა.
რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის მიერ ამ ტიპის ტანკის აფეთქების პირველი მტკიცებულებაა, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ გავრცელებულ კადრებში არა ტანკები, არამედ სასოფლო-სამეურნო დანადგარები, კერძოდ კი, სარწყავი და სახნავი მანქანები ჩანს.
„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვდა. გერმანული წარმოების ტანკები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ცოტახნის წინ, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებებს ეროვნული ბანკის საქმიანობას.
ამავე განცხადებაში „ოცნება“ ისევ აღნიშნავს, რომ თავს იკავებენ „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან”.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებების გამო, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ასევე, ახსენებენ განცხადებაში, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე.
ამჯერად კი, როგორც მმართველ პარტიაშ ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულ დაბრკოლებებს უქმნის ეროვნული ბანკის საქმიანობას.
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს და ვინც კადიროვის რეჟიმს არ ეთანხმება, ქრება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ესკორტით, კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან.
გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას, რუსულნომრებიანი მანქანების ესკორტი გადაადგილდება.
საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ოჯახის მიერ სხვადასხვა დროს თავიანთი მანქანისათვის გადაღებულ ვიდეოკადრებში დაფიქსირებულ ნომერს დაემთხვა.
რუსულნომრიანი მანქანების ესკორტის გამოჩენას ხელისუფლებიდან 4 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე გამოეხმაურა. სამხარაძე წერდა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოში გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, არცერთ მათგანს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
„რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა.
სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია“, – წერდა დიტო სამხარაძე.
31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის მკვლელობა ბრალდება, ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკოლოზ ლაჩაშვილი ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული და ასევე, სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.
დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სავარაუდოდ, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.
უცნობია, დაკავებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილს სასამართლო პროცესზე რა პოზიცია ექნება.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.
ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი.
”აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს მარცხენა სანაპიროს დატბორვის უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ, მათივე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და ძალების დაზიანების მიუხედავად, ვიდრე უკრაინელებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციამ 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ უკრაინა არ იყო დაინტერესებული კაშხლის აფეთქებით და მიუთითა, რომ 80 დასახლება დატბორვის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. რუსეთს კი შეეძლო წყალდიდობა დნიპროს გასაფართოებლად გამოეყენებინა და გაერთულებინა უკრაინის კონტრშეტევის მცდელობები ისედაც რთული წყლის ბარიერის გადასწვრივ.
უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერზე“.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია.
როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერო-ს ინფორმაციასთან დამოუკიდებლად წვდომა არ გააჩნია, რის გამოც, კაშხლის აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ვერ ახერხებს.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის საშინელი საზღაურის. ეს უნდა შეწყდეს. თავდასხმები სამოქალაქო პირებსა და კრიტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე უნდა შეწყდეს“, – აცხადებს გუტერეში.
მისი თქმით, გაერო-ს ჰუმანიტარული პარტნიორები უკრაინის მთავრობასთან კოორდინაციით, დაზარალებულ მოსახლეობას სასმელ წყალსა და პირველადი მოხმარების ნივთებს მიაწვდიან.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.
მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინეს.
რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას (ქართული, ისტორია, სამართალი) ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით მიმართოს სახელმწიფოს მოქალაქეობის მისანიჭებლად.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით კი წარუმატებლობის შემთხვევაში უფლება ექნება შეუზღუდავად სცადოს წარმატების მიღწევა და დადებითი შედეგის დადგომისას სახელმწიფო დაიწყებს შესაბამის პროცედურას.
„შედეგი N1: ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივის შედეგად საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს მხოლოდ ის ვისაც ეცოდინება ქართული, საქართველოს ისტორიის და ქართული სამართლის საფუძვლები და ამავდროულად პროცესი იქნება მოქალაქეობის მიღების მსურველისთვის ბევრად უფრო სამართლიანი და მოქნილი.
თუ სახელმწიფო დღეს აპლიკანტს ეტყვის უარს მოქალაქეობის მინიჭებაზე , მას ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია ხელმეორედ მიმართვა. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ვადა მცირდება 6 თვემდე.
შედეგი N2: სახელმწიფო აძლევს მეტ შანსს მოქალაქეობის მსურველებს წარმატების მისაღწევად.
ცვლილება ეხება ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირებსაც. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე. აღნიშნული ვალდებულება საქართველომ აიღო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე.
შედეგი N3: კიდევ ერთი შესრულებული საერთაშორისო ვალდებულება და უფრო მეტად დაახლოება საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – წერს სოციალურ ქსელში რატი ბრეგაძე.
რატი ბრეგაძე ფეისბუკზე წერს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მიმართულია “ათიათასობით თანანმემამულის” ინტერესებისკენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეეხება თუ არა კანონპროექტი მხოლოდ წარმოშობით საქართველოდან ადამიანებს. ნეტგაზეთი ცდილობს იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას.
საქართველოს მთავრობაქართული ოცნება / Georgian Dream შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დროზე შექმნან რეალური გარანტიები, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონი რუსებს არ გაუმარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ოკუპირებულ ქვეყანაში საარჩევნო სუბიექტებად არ აქცევს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არც 2024-ის და არც შემდგომი არჩევნებისთვის.
"ყველა სხვა კომენტარი, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს რუსეთთან კოორდინირებულ თქვენს განზრახვაზე!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსების მიერ „ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან.
გახარია ამბობს, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება, რათა რუსეთის მხრიდან გენოციდი და ეკოციდი შეჩერდეს.
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ადამიანს ვირუსი გადატანილი აქვს და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება.
„ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილობაში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის. ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც და ამით დიაგნოზის დასმა.
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, შანსი იმისა, რომ დაინფიცირდნენ, თითქმის 100%-მდეა. თუ გადატანილი აქვს ადამიანს ვირუსი და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, თუმცა იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა და აუტანელი ტკივილი ახასიათებს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ასევე, როგორც მან აღნიშნა, საკურორტო სეზონების მოახლოებასთან ერთად ინფექციებიც იმატებს, რისი მიზეზიც ბევრი ადამიანის ერთად თავმოყრა და ზოგიერთ დაწესებულებაში არსებული ანტისანიტარიაა.
„გარდა ამისა, ჩვეულებრივი ამბავია ინფექციების აღმავლობა საკურორტო სეზონის მოსვლასთან ერთად. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება. მეორე არის ის, რომ სასტუმროებსა და ჰოსტელებში ჰიგიენური რეჟიმი ირღვევა, რის გამოც დიარეული ინფექციები ემართებათ ბავშვებს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
რაც შეეხება ზაფხულის სეზონზე მწერებისგან გადამდები დაავადებებისგან თავდაცვას, ინფექციონისტის თქმით, მარტივი გზაა ის, რომ შესაბამის ადგილებში ადამიანებმა დახურული სამოსი ჩაიცვან.
„ზაფხულის სეზონს უკავშირდება ტკიპებითა და მწერებით გადამდები დაავადებებიც. აქ ძალიან მარტივი თავდაცვითი ღონისძიებები არსებობს. უნდა გვეცვას დახურული სამოსი, რათა ქვედა კიდურები არ გვიჩანდეს. სამწუხაროდ, საქართველოში ყირიმ-კონგოს ერთეული შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ ეს ისეთი დაავადებაა, რომ ერთეული შემთხვევაც ძალიან საყურადღებოა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელ ანდრეი იუსოვის განცხადებით, კახოვსკას ჰესის დისტანციურად ასაფეთქებლად რუსმა ოკუპანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა ხერსონის ოლქში გადაიტანეს.
მისივე ცნობით, რუსების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაადგილებისა და აღჭურვილობის შესახებ ფაქტები არსებობს, რომელთა შესწავლაც უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კახოვსკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს.
ხერსონის რეგიონალურ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ათზე მეტი დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით, 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 742 ადამიანი.
რუსი ტერორისტები. კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.
„მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით“, - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.
სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა.
დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას უკვე მიმართა.
როგორც დეა ერემაშვილი აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დღეს პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. მისი თქმით, არსებობს 27-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სამართალდამცავებს წარუდგენენ.
დეა ერემაშვილის თქმით, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ხასიათის შევიწროებას, იმავე თემში სავარაუდოდ, „ავტორიტეტული პირები“ ახდენდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულ გოგონებს სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდნენ, თუმცა იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის გაუპატიურების ფაქტიც.
„ერთ-ერთი სმენადაქვეითებული პირის „ინსტაგრამ“ გვერდზე, სმენადაქვეითებული პირები მსგავს ფაქტს განიხილავდნენ, რაც ორგანიზაციამ აღმოაჩინა. მტკიცებულებებს დღეს სამართალდამცავებს წარვუდგენთ. ვიდეოების ნაწილში დაზარალებულები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. ვიდეოებს „ჩატებშიც“ აზიარებდნენ. გოგონების შევიწროების გარდა, სავარაუდოდ, მათზე ძალადობის და გაუპატიურების შემთხვევებიც იყო“, - განაცხადეს ბრიფინგზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო. მათი ინფორმაციით, ინფორმაციის შესახებ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა.
ცნობისთვის, სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა.
დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე.
მისი თქმით, არსებობს 27-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სამართალდამცავებს წარუდგენენ.
დეა ერემაშვილის თქმით, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ხასიათის შევიწროებას, იმავე თემში სავარაუდოდ, „ავტორიტეტული პირები“ ახდენდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულ გოგონებს სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდნენ, თუმცა იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის გაუპატიურების ფაქტიც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ.
„შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, - აღნიშნა მიშელმა.
მისი თქმით, მომხდარს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ, სადაც დატბორილი ტერიტორიებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის საკითხზე იმსჯელებენ.
„ჩემი ფიქრები ყველა იმ უკრაინულ ოჯახთანაა, რომელიც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა“, - დასძინა მიშელმა.
ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) ქართულ ბინესში რუსულ კაპიტალსა და რუსულ კავშრებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების ინიციატივებით ცნობილი პარლამენტის წევრის ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა.
IDFI-ის მიხედვით, ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – „ფოპნეტი”. ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია „ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია „როსტელეკომის“ შვილობილი კომპანიაა.
ფრიდონ ინჯიას ბიზნესი და რუსული კავშირები
ანგარიშის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე, ფრიდონ ინჯია 1992-1998 წლებში იყო საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი. ახლა ის, ოჯახთან ერთად, ფლობს სატელეფონო და ინტერნეტსერვისების რამდენიმე კომპანიას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფრიდონ ინჯიას ტელეკომუნიკაციების ბიზნესში შესვლა მთავრობაში მისი ყოფნის პერიოდს ემთხვევა. 2001 წელს პროკურატურამ მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 14 მლნ დოლარის გაფლანგვაში დასდო ბრალი, მაგრამ პარლამენტმა ინჯიას იმუნიტეტი არ მოუხსნა და საქმე დაიხურა.
ფრიდონ ინჯია არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელიც პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ფრიდონ ინჯიამ „პატრიოტთა ალიანსი“ პარტიის სხვა წევრებთან ერთად დატოვა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.
ფრიდონ ინჯიას კომპანიები კომუნიკაციებში:
„ახალი ქსელები“
„სისტემ ნეტი”
„ფოპნეტი”
CGC
ანგარიშის თანახმად „ახალი ქსელებისა” და CGC-ის მეშვეობით, ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25,19 %-ს. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 341,742 ადამიანი იყენებდა ამ სერვისს საქართველოში. ინჯიას კომპანიები ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6,2% იკავებს (საერთო ჯამში, ამ ბაზარზე სულ 970,067 აბონენტია). „სისტემ ნეტი” და „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – ფოპნეტი” საბითუმო ბაზარზე ოპერირებენ.
„ახალი ქსელები“ ქართულ ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზე სიდიდით მეორე კომპანიაა, რომელიც ბაზრის 22,78%-ს აკონტროლებს. „ახალი ქსელები“ ასევე აკონტროლებს ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 4,7%-ს. კომპანია ინტერნეტმომსახურებას უწევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 45 ათასზე მეტ აბონენტს.
კომპანიის აქციები ახალ ქსელებში ნაწილდება შემდეგნაირად: ფრიდონ ინჯია – 46,238%; LTD System Net – 10%; ავთანდილ იაშვილი – 33,177% (ინჯიას ბიზნესპარტნიორი); 10% აქციების მფლობელია 6 სხვადასხვა პირი. ფრიდონ ინჯია და მისი ოჯახი ფლობს შპს „სისტემ ნეტის” (LTD System Net) 49,89%-ს.
თავის მხრივ, „სისტემ ნეტი“ ფლობს კომპანია კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (GGC) წილების 49%-ს.
CGC რუსთავის მოსახლეობას ინტერნეტ, სატელევიზიო და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას უწევს. მისი ჯამური წილი ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზე 2,49%-ია (8,517 მომხმარებელი). გარდა ამისა, ის ფლობს ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის 1,4%-ს (13,865 აბონენტი). ამ კომპანიის აქციონერები არიან:
„სისტემ ნეტი” – 49,89%
შპს „ჯენერი” – 13%
Monemvasia Shipping & Trading Company – 13%
COSMOTE ტექნიკური მომსახურება (საბერძნეთი) – 25%
ანგარიშის თანახმად, ფრიდონ ინჯიას მეუღლეს, ლალი რუხაიას აქვს ორმაგი მოქალაქეობა რუსეთსა და საქართველოში და არის „ახალი ქსელების“ ფრიდონ ინჯიას წილების მმართველი. ლალი რუხაია ასევე არის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ფრიდონ ინჯიას შვილს, ილია ინჯიასაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ილია ინჯია და ლალი რუხაია არიან მენეჯერულ პოზიციებზე ფრიდონ ინჯიას სხვა კომპანიებშიც.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ფრიდონ ინჯიას ინტერესები საკომუნიკაციო ბიზნესში არ შემოიფარგლება მხოლოდ „ახალი ქსელებისა“ და „სისტემ ნეტის“ ფლობით. ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს „ფოპნეტი”. კომპანიის მფლობელები არიან: „სისტემ ნეტი“ (ინჯიას კომპანია) – 50%; ფრიდონ ინჯია – 22,3%; ილია ინჯია – 3%; ავთანდილ იაშვილი – 14,3%; აქციების 10%-ს 4 სხვა ადამიანი ფლობს.
6 ივნისის გვიან ღამით რუსეთმა უკრაინაში კახოვკის ჰესი ააფეთქა. ხერსონის ადმინისტრაციის თქმით, წყალი კრიტიკულ, მოსახლეობისთვის საშიშ დონეს 5 საათში მიაღწევს.
ვიდეომასალაზე, რომელიც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და უწყებებმა გაავრცელეს ჩანს, რომ სადგურის დამბა სრულიად განადგურებულია. ეს ნიშნავს, რომ წყალი დიდი რაოდენობითა და მაღალი სისწრაფით დასახლებული პუნქტებისკენ მიდის. უკრაინის შსს-მ უკვე დაასახელა მაქსიმალური რისკის ხუთი ზონა, მათ შორის, შედის ქალაქ ხერსონის ნაწილიც.
როგორც ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, უკვე დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. მან თხოვნით მიმართ ადგილობრივებს – შეაგროვონ საჭირო დოკუმენტები, გადაუდებელი აუცილებლობის ნივთები და დაელოდონ საევაკუაციო ტრანსპორტს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იუწყება, რომ ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით სასწრაფო წესით შეიკრიბება ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ წერს, რომ ჰესის აფეთქებით რისკის ქვეშ დგება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიც.
„წყალი კახოვკის წყალსაცავიდან აუცილებელია იმისთვის, რომ ზაპოროჟიეს სადგურმა ტურბინების კონდენსაციისთვის აუცილებელი კვება მიიღოს, ასევე უსაფრთხოების სისტემის გამართული მუშაობისთვის,“ – წერს „ენერგოატომი“ და დასძენს, რომ დილის 08:00 საათის მონაცემებით, ზაპოროჟიეს სადგურის გამაგრილებელი საცავებში წყლის დონე 16.6 მეტრს აღწევს, რაც სადგურის საჭიროებებისთვის საკმარისია.
კახოვკის ჰესი ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკადან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის დნეპრის ჰიდროელექტროსადგურების ჯაჭვში მეექვსე და ყველაზე ქვედა საფეხურია. კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსებმა ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიკავეს.
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიის მოვლის, დაცვისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, ჯამში, 3 470 882.4 ლარი დაიხარჯა, საიდანაც კომუნალური ხარჯები 2 442 442 ლარს შეადგენს, ხოლო დაცვის თანამშრომლების ხელფასებზე 1 028 440.4 ლარი გაიცა.
ადმინისტრაციული შენობების შენახვისა და მოვლის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა, თუმცა უწყებამ სააგენტოს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის კომუნალური ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოაწოდა, სხვა ადმინისტრაციული შენობების შემთხვევაში კი დაცვის თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაცია გასცა.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, 2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებზე 9 მლნ ლარამდე ხელფასი და დანამატი გაიცა.
რაც შეეხება მონაცემებს წლების მიხედვით, 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტი ს ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვისთვის ხელფასისა და დანამატის ხარჯი 1 438 451,45 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვისთვის ხელფასისა და დანამატის წლიური ხარჯი 3 913 237,49 ლარს შეადგენდა. მათ შორის, ყველაზე მეტი 1 236 207.59 ლარი პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლებზე გაიცა, ხოლო ყველაზე ცოტა 167 736,06 ლარი ქუთაისის პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლების ხელფასებისა და დანამატებისთვის გაიცა.
დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვისთვის ხელფასისა და დანამატის ხარჯი 2021 წელს 3 616 567,31 ლარს შეადგენდა. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო დაცვის მომსახურებისთვის, ხელფასისა და დანამატის სახით, ყველაზე მეტი თანხა 1 115 917,13 ლარი პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლებზე გაიცა. მთავრობის ადმინისტრაციის დაცვაზე 1 126 210,58 ლარის ოდენობის ხელფასი გაიცა, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის დაცვას, წლის განმავლობაში, 626 604,45 ლარი გადაუხადეს, ავლაბრის რეზიდენციის დაცვის თანამშრომლებზე 425 781,55 ლარი გაიცა. ქუთაისის პარლამენტის შენობის დაცვის თანამშრომლებს 137 709,6 ლარი გადაუხადეს, ხოლო საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებს 184 344 ლარი.
ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, გერმანელ პარტნიორებთან არაფორმალურ შეხვედრაზე ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ევროინტეგრაციასთან და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პარტიის ხედვა გაეცნო.
როგორც მან აღნიშნა, მისი თხოვნა იყო პარტნიორებთან, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მხარი დაუჭირონ, “მიუხედავად იმ პოზიციისა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს”.
“ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის სურათი ძალიან ნათელია - საქართველოს არ ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება, სამწუხაროდ. ქვეყნის საგარეო კურსი არის შეცვლილი. კონკრეტული სტრატეგია, რაც ხელისუფლებას აქვს, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რასაც ხელისუფლება იღებს, იღებენ რუსეთის ინტერესებში და ხშირად ეს გადაწყვეტილებები მიიღება რუსეთთან საეჭვო კოორდინაციით. ვხედავთ ზუსტ თანხვედრას “ოცნების” "მესიჯებში' და რუსეთის "მესიჯებში", ამიტომ დასავლეთისთვის სურათი ნათელია: საქართველოს დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს. თუმცა დასავლელი პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველ ხალხი”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს რისკები, რომ მოვლენები რადიკალურად განვითარდეს, რადგან საქართველოს “საგარეო კურსი შეგვიცვალეს”.
“ვხედავთ რისკებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა რადიკალურად განვითარდეს მოვლენები, რისი სურვილი ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ “ოცნების” და რუსეთის ინტერესში შედის.
ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი. სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს.
მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ საგარეო კურსი შეგვიცვალეს. ახლა მთავარია, როგორ მოვაშოროთ მშვიდობიანი გზით, ის ხელისუფლება, რომელმაც საგარეო კურსი შეგვიცვალა.
არაფორმალური შეხვედრა იყო, მაგრამ ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.