Jump to content
Planeta.Ge

მაია ბუწაშვილი - ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია


ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანს ვირუსი გადატანილი აქვს და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება.

„ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილობაში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის. ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც და ამით დიაგნოზის დასმა.

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, შანსი იმისა, რომ დაინფიცირდნენ, თითქმის 100%-მდეა. თუ გადატანილი აქვს ადამიანს ვირუსი და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, თუმცა იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა და აუტანელი ტკივილი ახასიათებს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, საკურორტო სეზონების მოახლოებასთან ერთად ინფექციებიც იმატებს, რისი მიზეზიც ბევრი ადამიანის ერთად თავმოყრა და ზოგიერთ დაწესებულებაში არსებული ანტისანიტარიაა.

„გარდა ამისა, ჩვეულებრივი ამბავია ინფექციების აღმავლობა საკურორტო სეზონის მოსვლასთან ერთად. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება. მეორე არის ის, რომ სასტუმროებსა და ჰოსტელებში ჰიგიენური რეჟიმი ირღვევა, რის გამოც დიარეული ინფექციები ემართებათ ბავშვებს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონზე მწერებისგან გადამდები დაავადებებისგან თავდაცვას, ინფექციონისტის თქმით, მარტივი გზაა ის, რომ შესაბამის ადგილებში ადამიანებმა დახურული სამოსი ჩაიცვან.

„ზაფხულის სეზონს უკავშირდება ტკიპებითა და მწერებით გადამდები დაავადებებიც. აქ ძალიან მარტივი თავდაცვითი ღონისძიებები არსებობს. უნდა გვეცვას დახურული სამოსი, რათა ქვედა კიდურები არ გვიჩანდეს. სამწუხაროდ, საქართველოში ყირიმ-კონგოს ერთეული შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ ეს ისეთი დაავადებაა, რომ ერთეული შემთხვევაც ძალიან საყურადღებოა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...