კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას.
კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ტრუდომ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინელ ხალხს ყოველთვის შეუძლია კანადის დახმარების იმედი ჰქონდეს.
როგორც იცით, ღიად ვაკრიტიკებ სახალხო დამცველს და აუცილებლად გავაგრძელებ საფუძვლიან კრიტიკას, სანამ არ შეწყვეტს მისი მანდატის დამახინჯებულად წარმოჩენას და ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჩარჩოებზე მორგებას; სანამ არ გაიაზრებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების თვითნებობის მაკონტროლებელი ინსტიტუტიც არ დარჩა (სამწუხაროდ, მისი ჩათვლით) და თავზეხელაღებული ხელისუფლების პირობებში მას აქვს ადამიანის უფლებების ქმედითად დაცვის პირდაპირი ვალდებულება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზრიშვილი წერს.
მისი თქმით, დანიშვნის დღიდან სახალხო დამცველი ცდილობს მისი მანდატიდან ხელოვნურად გაიტანოს მტკივნეული საკითხები, რასაც გარდაუვლად მოჰყვება მის მიმართ ხელისუფლების კრიტიკა და შემოიფარგლოს მეორეხარისხოვან საკითხებზე სუსტი კომენტარებით ვალის მოხდის მიზნით.
"ამჯერად, სახალხო დამცველის მოადგილემ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია აპარატის მანდატზე თანაც პირდაპირ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე - შეზღუდული მანდატი გვაქვს სასამართლო რეფორმაზე (ვიდეო იხილეთ კომენტარში) და ჩვენი ძირითადი ფუნქცია სახელმწიფოსა და ენჯეოებს შორის მედიატორობააო. კარგი, ვთქვათ სახელისუფლებო ნარატივზე ჯდომას გაბრალებენ, რა ლოგიკით უნდა იზღუდავდე კანონით მონიჭებულ მანდატს თუ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივაცია გამოძრავებს ?
ფაქტია, რომ დანიშვნის დღიდან სახალხო დამცველი ცდილობს მისი მანდატიდან ხელოვნურად გაიტანოს მტკივნეული საკითხები, რასაც გარდაუვლად მოჰყვება მის მიმართ ხელისუფლების კრიტიკა და შემოიფარგლოს მეორეხარისხოვან საკითხებზე სუსტი კომენტარებით, უბრალოდ ვალი მოიხადოს. ამ მიზნით, მის მანდატს მუდმივად ავიწროვებს პროცედურულ უფლებებზე და სრულად გამორიცხავს მატერიალურ უფლებებს. მისთვის პოლიტიკურად გაცილებით კომფორტულია თქვას „ვაკვირდებით პროცესს, ვსწავლობთ“, ვიდრე თქვას „შეიზღუდა გადაადგილების, გამოხატვის, სიტყვის და ა.შ. თავისუფლებები“.
საზოგადოება კანონის დეტალებში ვერ ერკვევა და არსებობს რისკი, რომ ადამიანები ადვილად მოტყუვდნენ. შესაბამისად, ყველას ვალია, ვინც საკითხში ერკვევა, ილაპარაკოს ღიად და სახალხო დამცველს აიძულოს შეასრულოს მისი მანდატი. ეს ეხებათ როგორც პოლიტიკოსებს (პირველ რიგში, იმათ, ვინც მის არჩევას მისცა ხმა), ისე არასამთავრობო სექტორს, მედიას და ჩვენს პარტნიორებს. თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება, ზუსტად ისე, როგორც ბევრი იტყუებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე. ადამიანები დაუცველები არიან სახელმწიფოს თვითნებობის პირისპირ და ამ საკითხებზე დუმილი არის ამ ყველაფერში თანამონაწილეობა.
თავი რომ დავანებოთ პროცესს, როგორც აირჩიეს, უბრალოდ შეგახსენებთ დანიშვნის დღიდან არასათანადო რეაგირების ფაქტებს (ანუ მტკიცებულებებს):
- ოცნების თავმჯდომარემ პირველივე დღიდან მანდატი განუსაზღვრა და პროტესტი არ გასჩენია. ხმაც არ ამოუღია;
- მარტის აქციებზე შეკრების და მანიფესტაციის უფლების დარღვევაზე განცხადება გაავრცელა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს;
- ოცნების პროპაგანდისტის მიერ სექსუალური შევიწროვების სერიებზე დღეები დუმდა;
- აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტზე კომენტარი გააკეთა, ოცნებასაც შეშურდებოდა;
- სუფთა ფურცლების გამო დაკავებულებზე კომენტარი მანამდე არ გააკეთა, სანამ კარი არ ჩამოუღეს (სხვათაშორის ერთ-ერთი დაკავებული წლები კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ამ სამსახურს);
- უფლების დარღვევის ყველა ფაქტზე კომენტარს იწყებს მანდატის განმარტებით (პასუხისმგებლობას იხსნის), რომელიც ზუსტად ემთხვევა ხელისუფლების მიერ შემოსაზღვრულ მანდატს;
- ყველა ჯერზე თავს არიდებს მატერიალური უფლებების დარღვევის შეფასებას და შემოიფარგლება საპროცესო უფლებების დარღვევაზე რბილად კომენტირებით (ძირითადად - „ვაკვირდებით“, „ვსწავლობთ“. საგამოძიებო უწყებები მეტს კი არაფერს აკეთებენ);
- ყველა ჯერზე კომენტარს აგვიანებს იმიტომ, რომ ელოდება ჯერ რას იტყვის ოცნება.
უბრალოდ შეგიძლიათ დაგუგლოთ ეს ყველაფერი და გადაამოწმოთ.
რასაც ახლა ვხედავთ, ზუსტად ეს უნდოდა ოცნებას. ხალხს სახალხო დამცველი მედიატორობისთვის და კომენტატორობისთვის არ სჭირდება. ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, ადამიანებს მათი უფლებების ქმედითი დაცვა ესაჭიროებათ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ დღე-ღამეში ბახმუტის მიმართულებით ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„სულ (დღეში -ღამეში) მოხდა ექვსი შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 138 ოკუპანტი, 236 დაშავდა, ერთი ტყვედ აიყვანეს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.
მისი თქმით, რუსები აძლიერებენ თავდაცვას და ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციების საკითხებში, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ უკრაინა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უაღრესად უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას, ვიდრე მანამდე.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 000 ადამიანი დარჩა. ამასთან, მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „პურის კალათაში“ გამოიწვევს „პრობლემების კასკადს“, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას, სურსათის გაძვირებას მთელს მსოფლიოში და ნაკლებ საკვებს მილიონობით გაჭირვებულისთვის.
მარტინ გრიფიტსის განცხადებით, ის შეხვდა გაერო-ში რუსეთის ელჩს იმისთვის, რომ ორგანიზაციას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად წვდომა ჰქონდეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.
„ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში იყო მოსული „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვს არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაში არ არის მისი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად",- განაცხადა კობახიძემ.
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.
ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოში დასაქმებული ასობით ადამიანი მეხუთე დღეა გაფიცულია ღირსეული შრომის პირობებისა და ხელფასების მატების მოთხოვნით. დღეს გაფიცულ მაღაროელებს სავარაუდოდ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები და აქცია გაიმართება.
როგორც რადიო თავისუფლებას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩინჩალაძემ უთხრა, მიუხედავად მოლაპარაკების მცდელობისა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.
"მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების ზრდა და სპეციალურ რეჟიმამდე არსებული სამუშაო პირობების დაბრუნება. კომპანიამ სპეციალური რეჟიმი 2023 წლის 1 იანვარს გამოაცხადა", - ამბობს დავით ჩინჩალაძე. მისი განმარტებით, სპეციალური რეჟიმის დროს დასაქმებულთა უმეტესობა 3 თვით არ მუშაობდა და ხელფასის 60%-ს იღებდა იმ დათქმით, რომ ამ დროს კომპანია წარმოებისა და პირობების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებდა.
თავის მხრივ, "ჯორჯიან მანგანეზი" ფეროშენადნობების ბაზარზე არსებულ კრიზისზე, - რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, - და თანამშრომლების შეცვლილ სამუშაო პირობებზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
საწარმოში დასაქმებულია 4000-მდე ადამიანი. როგორც დავით ჩინჩალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადმინისტრაციული თანამშრომლების გარდა, დასაქმებულთა უმეტესობა ამ დროისთვის გაფიცულია.
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუნდენტი რუსული რუბლებით მივიდა პროტესტის ნიშნად და ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული ფული კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში დღეს ცხრილის მიხედვით ერთი ლექცია უნდა ჩაეტარებინა დილის 10:00 საათზე. მას შემდეგ, რაც დაცვამ დერეფანში პროტესტისთვის მისული რამდენიმე სტუდენტი და ჟურნალისტი შენიშნა, კობახიძემ უკვე დაშლილი სტუდენტები ხელახლა შეკრიბა და კიდევ ერთი ლექცია ჩაატარა.
ლექციიდან გამოსვლის შემდეგ მასთან მივიდა სტუდენტი, რომელსაც სურდა კობახიძეს ავტოგრაფი დაეტოვებინა რუსული რუბლის ასლზე, დაცვამ ის გვერდზე გასწია, რის შემდეგაც სტუდენტმა კიბეზე ჩასულ პარლამენტარს რუსული რუბლები კიბის მოაჯირიდან გადაუყარა.
"ირაკლი კობახიძე სტუდენტებს საკუთარი კონსტიტუციის შესახებ დაწერილი წიგნით ასწავლის კონსტიტუციის ისტორიას, სინამდვილეში კი ის რუსული რუბლებით ურეცხავს ტვინს ახალგაზრდებს", - უთხრა პროტესტის მონაწილე სტუდენტმა რადიო თავისუფლებას. ის შიშობს, რომ ეს პროტესტი შეიძლება მისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხვის საფუძველი გახდეს, რის გამოც გვარისა და სახელის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
ირაკლი კობახიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტში "რუსულ კანონად" შერაცხულ კანონს "უცხოეთის აგენტების შესახებ". თსუ-ში სტუდენტებმა ამ კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგაც გამართეს აქცია და მას იმ აუდიტორიის კარზე, სადაც ლექციას ატარებდა, საპროტესტო წარწერები დაახვედრეს.
რუსული ძალები „მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა განაცხადა.
"მირგოროდის“ სამხედრო აეროდრომის მიდამოში ღამის შეტევის დროს მტერმა გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე ირანული წარმოების დრონები. აეროდრომის ინფრასტრუქტურასა და ტექნიკას გარკვეული ზიანი მიადგა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლუნინმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს დაბომბვის შედეგების ლიკვიდაცია. ტექნიკა უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავთ. ასევე ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო დაზიანდა 8 კერძო შენობა და 4 კერძო ავტომობილი. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის 1-ელ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ხვდება რუსეთიც.
„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე აშშ - 54.7 მლნ აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თურქეთი და რუსეთი იკავებენ, საიდანაც შესაბამისად, 47 მლნ და 28.2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, საქმიანობის რა დარგებში ჩაიდო ინვესტიცია რუსეთიდან საქართველოში. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მეტი - 13,328 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში.
სექტორები, სადაც რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა 2023 წლის 1-ელ კვარტალში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 13 328 200 აშშ დოლარი;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 4 554 000 აშშ დოლარი;
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 679 000 აშშ დოლარი;
მშენებლობა - 2 202 100 აშშ დოლარი;
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1 284 600 აშშ დოლარი;
ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1 185 500 აშს დოლარი;
დამამუშავებელი მრეწველობა - 678 400 აშშ დოლარი;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 635 400 აშშ დოლარი;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 236 500 აშშ დოლარი;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 170 600 აშშ დოლარი.
ავტორი:
თაია არდოტელი
უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ გავრილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ელის, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იქნება.
„ყველა ნიშანია იმისა, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც სურს, გარკვეულ ფორმატში. უკრაინას ახლაც ვილნიუსის სამიტზე ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ომის შემდეგ, ვთქვათ, ერთი-ორი წლის განმავლობაში, გარკვეული პროცედურული საკითხების განხორციელების შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ნატო-ს წევრები“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
ოკუპანტები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მთლიანად ოკუპაციის მცდელობებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ სექტორზე 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე, ორი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.
ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსული ძალების მართვის 4 პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 3 საცავსა და 5 საარტილერიო ქვედანაყოფ დაარტყეს.
მინდა გამოვეხმაურო ქალაქ რუსთავის მერის ბრიფინგს, სადაც მერმა ისაუბრა მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ხოლო აღნიშნულ პროექტებში საკრებულოს წევრების ჩართულობასთან დაკავშირებით იცრუა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგია აცხადებს.
მისი თქმით, ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ყოველთვის დაუჭერს მხარს ქალაქისა და რუსთაველების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს
"კერძოდ, იცრუა, როცა აღნიშნა, რომ ჩვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა შშმ პირთა რუსთავი თბილისის მიმართულებით M3 კატეგორიის ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობას, ვინაიდან, ჩვენ აღნიშნულს მხარი დავუჭირეთ, თუმცა არ დავუჭირეთ, ამ პროგრამის ცვლილების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეთა მიერ შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას. მაშინ, როცა ამ პროგრამით სარგებლობა ქალაქში ყველა სოციალურად დაუცველსაც კი არ შეუძლია და მინიმალური სასურსათო კვების მიღების მოლოდინში 100-ზე მეტი ადამიანია, არა გონივრულად მიგვაჩნია
ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ, მოსაკრებლის ტარიფის ცვლილებაზე, რომელიც ორჯერ დავუბრუნეთ შესაბამისი შენიშვნებით მერიას, თუმცა მათი უგულებელყოფით, კვლავ პირვანდელი ვერსია წარმოადგინა აღმასრულებელმა, რასაც კვლავ არ დავუჭირეთ მხარი
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ყოველთვის დაუჭერს მხარს ქალაქისა და რუსთაველების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს და აქვე, შევახსენებთ, ქალაქის მერს, რომ 112 მილიონ ლარიან ბიუჯეტში 8 მილიონ ლარამდე სოციალური და ჯანდაცვის ბიუჯეტის არსებობა ვერ პასუხობს ქალაქის რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს,", - აღნიშნავს ნათია შელეგია.
351472887_308930984798281_5766648599108619516_n (1).mp4
პენტაგონმა გამოაცხადა სამხედრო სფეროში უკრაინის დახმარების ახალი, ორ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საშუალებებს საჰაერო თავდაცვისთვის და საბრძოლო მასალებს.
ახალი პაკეტი მოწმობს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას კიევისადმი, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში - აცხადებს პენტაგონი.
პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პეტრიოტისთვის", საჰაერო თავდაცვის სისტემებს და Hawk-ის ტიპის რაკეტებს, საარტილერიო მასალებს და სხვა სახის შეიარაღებას.
საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს.
საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-მა კიევს აღმოუჩინა 35 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის ოდენობის დახმარება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო. ამის შესახებ BBC-ი წერს.
„პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ამოცანები. ეს აბსოლუტურად აშკარაა. მეორეც, უკრაინის ჯარებმა ვერ მიაღწიეს დაკისრებულ ამოცანებს საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე. ეს აბსოლუტურად აშკარაა" , - განაცხადა პუტინმა.
როგორც მედია აღნიშნავს, წინა დღით კონტრშეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ დასავლური მედიაც წერდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ყველა შეტევა მოგერიებულია.
დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლის გააკეთა.
“ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო პირების მოსაკლავად გამოიყენება”, - განაცხადა კლევერლიმ.
ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი განცხადებაა, რომელშიც იგი თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში ადანაშაულებს.
კლევერლიმ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ რუსეთი ირანს “რთულ სამხედრო ტექნოლოგიებს, ფინანსურ დახმარებასა და რჩევებს აწვდის, რომლებიც [ირანულმა] რეჟიმმა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი პარტნიორებისადმი მუქარებისთვის ან პროტესტების ჩასახშობად შეიძლება გამოიყენოს.”
“დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაასანქცირეს ამ იარაღით სასიკვდილო ვაჭრობისთვის ბევრი პასუხისმგებელი პირი და გააგრძელებენ ამ განწირული ალიანსის პასუხისმგებლობაში მიცემას,” - განაცხადა კლევერლიმ.
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის “მოსკვა რეზორტისთვის” გამოყოფილი ტერიტორია მოინახულა.
სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 2026 წელს უნდა გაიხსნას, ოფიციალური ინფორმაციით, 31 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ინვესტიციით აშენდება. მასში 450 სასტუმრო ნომერი და ხანგრძლივი ვადით საცხოვრებელი აპარტამენტები იქნება გათვალისწინებული.
სასტუმრო კომპლექსმა, ასევე ორი კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლები უნდა მოიცვას.
ბიჭვინთაში რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ, როგორც აფხაზური მედია წერს, მოინახულა ასევე პანსიონატების კომპლექსი “ბიჭვინთის კურორტი”.
აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვნელობს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკი. ასევე, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები. ასევე, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი რეგიონთაშორის და კულტურული კავშირების საკითხებში.
მრავალწლიანი ლოდინის და სამოქალაქო და საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაციების ძალისხმევის შემდეგ, 2023 წლის 1 იანვარს რაჭაში პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა. ტერიტორიები მოიცავს 50 835 ჰექტრის ფართობის ეროვნულ პარკსა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას.
სხვადასხვა დაბრკოლების ფონზე რაჭის დაცული ტერიტორიების საბოლოოდ შექმნა დადებითად ფასდება, თუმცა რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ტერიტორიები ბუნებისდაცვითი თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს, ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ადგილობრივ აქტივისტები.
კრიტიკა ძირითადად უკავშირდება იმას, რომ ფართობის სიდიდის მიუხედავად, რაჭის ეროვნულ პარკში ნაკლებად მოხვდა ისეთი ტერიტორია, რომელიც ბუნების კონსერვაციის მიზანს უპასუხებს: ტყის საფარი მცირეა, მასში არ შედის მდინარეები და სხვა.
რაჭაში დაცული ტერიტორიების ფართობის არასრულყოფილად ათვისების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კრიტიკოსები იმას ასახელებენ, რომ რაჭის ტყეების დიდი ნაწილი ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა და ეროვნული პარკისთვის ბევრი ბევრი აღარ დარჩა. ბიზნესმენმა 104 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობა უნდა მოაწყოს 49 წლის ვადით.
როგორ შეიქმნა რაჭის დაცული ტერიტორიები
რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნაზე საუბარი 1990-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად ეს ტერიტორია რჩებოდა ერთ-ერთ სივრცედ საქართველოში, სადაც არც ეროვნული პარკი, არც ნაკრძალი, არც აღკვეთილი და არც მრავალმხრივი გამოყენების ზონა არ იყო მოწყობილი.
მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო რამდენიმე წელიწადში გადაიდგა. მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) 2018-2019 წლებში ჩაატარა კვლევა „რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობის შეფასების” შესახებ. კვლევის მიხედვით, დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭაში 52 191 ჰექტარზე იგეგმებოდა. ამასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს.
რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნას სხვადასხვა დროს ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა და ბუნების დამცველი აქტივისტებიც.
2020 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ავტორობით და საქართველოს მთავრობის ინიცირებით კანონპროექტიც შეიქმნა, რომლის თანახმადაც ეროვნული პარკი და შოვის აღკვეთილი უნდა შექმნილიყო, რაც ხელს შეუწყობდა ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკო-დერეფნების ქსელის გაფართოებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში.
კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის [WWF] კავკასიის პროგრამის ოფისიც.
ამასთან, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ მემორანდუმიც გააფორმა კავკასიის ბუნების ფონდთან [CNF], რომლის თანახმადაც ქვეყანაში 5 ახალი დაცული ტერიტორია უნდა შექმნილიყო, სანაცვლოდ კი ქვეყანა 14 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებდა. აღნიშნულ ტერიტორიებში შედიოდა რაჭის ეროვნული პარკის შექმნაც, რომლის მინიმალური ფართობი 46 972 ჰექტარი, მაქსიმალური კი 65 761 ჰექტარი უნდა ყოფილიყო. პირობის თანახმად, დაცული ტერიტორიის შექმნის ბოლო ვადად რაჭაში 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
გარემოს დაცვის სამინისტროსა და CNF-ს შორის მემორანდუმის გაფორმება. ფოტო: CNF
მანამდე, 2019 წლის 31 ოქტომბერს შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-მ, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთანაა დაკავშირებული, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა წერილით, სადაც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე, 109 554 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სურვილს გამოხატავდა და ამ მიზნით 49-წლიანი ლიცენზიის მიღებას ითხოვდა.
დავით ხიდაშელი “კარტოგრაფების საქმის” ფიგურანტი ბიზნესმენია, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება.
დავით ხიდაშელი
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ “კაპრა კაუკასიკას” მოთხოვნის შემდეგ არა ერთ უწყებასთან კონსულტაციების შედეგად 2022 წლის თებერვალში აუქციონი გამოაცხადა, სადაც მხოლოდ ერთი — ხიდაშელის კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც.
აუქციონის შესაბამისად, ხიდაშელის კომპანიას 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.
ამ პერიოდში კი, როგორც პროცესებში ჩართული აქტივისტი და ორგანიზაცია “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის” [საბუკო] დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, რაჭის ეროვნულ პარკსა და შოვის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაჭის ტყეების 104 712 ჰექტარი დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გადაეცა, მოგვიანებით “მთის ამბებმა” გაავრცელა, რასაც კრიტიკული მედიაგაშუქება და პროტესტიც მოჰყვა.
სწორედ ამ დისკუსიების პერიოდში ანუ ხიდაშელისთვის მიწების გადაცემიდან რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიას მიმართა წერილით და 7 436 ჰექტარი მიწის ფართობის უკან დაბრუნება ითხოვა, სანაცვლოდ კი “კაპრა კაუკასიკას” სხვა სატყეო ფართს დაჰპირდა, რაზეც საბოლოოდ ხიდაშელის კომპანიამ თანხმობა განაცხადა. ეს ამბავი აღწერილია საჯარო ინფორმაციაში, რომელიც საჯარო უწყებებიდან აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა გამოითხოვა. ამ დოკუმენტებს ნეტგაზეთიც გაეცნო. ჯერჯერობით უცნობია, ზემოხსენებული 7 436 ჰექტრის სანაcვლოდ სად და რა მიწას მიიღებს ხიდაშელის კომპანია.
მოგვიანებით, 2022 წლის ივლისში მთავრობამ ხელახლა დააინიცირა კანონპროექტი რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ, თუმცა ამჯერად შოვის აღკვეთილის გარეშე, მაგრამ ზემოხსენებული 7 436 ჰექტრის ჩათვლით. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო, ძალაში კი 2023 წლის 1 იანვარს შევიდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” შეფასებით, რომელიც კანონის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა, ხიდაშელისთვის მიწების გადაცემამ ხელი შეუშალა შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიების შექმნას. 2022 წლის 24 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში TI აღნიშნავდა, რომ არსებობდა მაღალი დონის კორუფციის რისკის მზარდი პრობლემა. ორგანიზაციას ასევე დათვლილი ჰქონდა ის ფინანსური ზიანი, რომელიც ლიცენზიის გაცემის გამო მიადგა საქართველოს.
ორგანიზაციის დათვლით სახელმწიფო ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიის გადაცემითა და დაცული ტერიტორიების შემცირებით პირდაპირი შემოსავლის სახით 2 057 593 ლარს კარგავდა.
აღნიშნული ზიანის დასათვლელად “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” CNF-თან გაფორმებული მემორანდუმისა და “კაპრა კაუკასიკასთვის” გადაცემული მიწების საფუძველზე ადგენდა. კერძოდ, სახელმწიფოს რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის CNF-ის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ფართობი რომ აეთვისებინა 2 057 593 ლარს არ დაკარგავდა.
“ნეტგაზეთი” CNF-თან გაფორმებული მემორანდუმის თაობაზე თავად ორგანიზაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესი კვლავ გრძელდება, ამ დროისთვის კი რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსები არ გამოუყვიათ. CNF-ის წარმომადგენლის ცნობით, მთავრობასთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას ზაფხულში ელოდებიან.
შეუშალა თუ არა სამონადირეო მეურნეობამ ხელი რაჭის ეროვნულ პარკს
დავით ხიდაშელის კომპანიისთვის მიწების გადაცემას უკავშირებს სამოქალაქო მოძრაობა “რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენელი, ვარლამ გოლეთიანი იმ ფაქტს, რომ რაჭის ეროვნულ პარკის ბუნებისდაცვითი პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული.
ვარლამ გოლეთიანმა ამ პარკის ირგვლივ საჯარო ინფორმაცია და რუკები გამოითხოვა.
მისი თქმით, რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად მყინვარები, თხრილები და ისეთი ადგილებია მოხვედრილი, სადაც ადამიანს ხელი არ მიუწვდება, შესაბამისად, მისი თქმით, ამ ტერიტორიებს ნაკრძალისთვის აუცილებელი ბუნებისდაცვითი ღირებულება არ აქვს.
ის მიიჩნევს, რომ ეროვნულ პარკში ტყის მასივების სიმცირის მიზეზი 2022 წელს დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული დიდი ოდენობით ტყის ფართობია, რის შედეგადაც დაცული ტერიტორიებისთვის “მცირე ტყე დარჩა”.
გოლეთიანის შეფასებით, ხელისუფლებამ სწორედ ამის გამო სთხოვა ხიდაშელის კომპანიას 7 ათასზე მეტი ჰექტრის უკან დაბრუნება სხვა ტყის მასივით ჩანაცვლების პირობით.
ვარლამ გოლეთიანი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი
მისი თქმით, რაჭის ეროვნული პარკის შექმნასა და დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის მასივების გადაცემასთან დაკავშირებული პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, ხელისუფლებამ კი არჩევანი “კაპრა კაუკასიკას” სასარგებლოდ გააკეთა. ხოლო ამ საკითხის მედიაში გაშუქებისა და გარკვეული პროტესტის შემდეგ “პოლიტიკური განაცხადი” გააკეთა, რომ” იქმნებოდა ეროვნულ პარკიც”. გოლეთიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ეს ორი რამ წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ერთმანეთთან, რაც მისი შეფასებით, “წმინდა წყლის მანიპულაციაა”:
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრისას არ განიხილავენ არც იმ საკითხს, თუ ვის გადაეცა რაჭის ტყის 104 ათას ჰექტარზე მეტი:
“რიონის ხეობის მცველები” ხელისუფლებისგან დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ლიცენზიის გაუქმებასა და დაცული ტერიტორიების ისე შემოფარგვლას ითხოვენ, რომ მასში მოექცეს მდინარეები და ტყეები. ამასთან, გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსახლეობაც იყოს ჩართული და პირობები იყოს “სამსჯელო საგანი”. მაგალითად, აღნიშნულ ტერიტორიებზე რითი სარგებლობის უფლება ექნება მოსახლეობას.
როგორ ჭიანურდებოდა ეროვნული პარკის შექმნა
“საბუკოს” დირექტორი, ირაკლი მაჭარაშვილი იხსენებს, რომ რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის მცდელობების მიუხედავად, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბიზნესის ინტერესებთან გადაიკვეთა.
კერძოდ, მისი თქმით, 90-იანი წლებიდან რაჭის ტყეებში აქტიურად მიმდინარეობდა ტყის ჭრა, შემდეგ კი გამოიკვეთა ჰესების მშენებლობისა და წიაღისეულის მოპოვების ინტერესები. ხოლო ბოლოს რაჭის ეროვნული პარკის შექმნის პროცესის გაჭიანურება, მთავრობის განკარგულებების არსებობის მიუხედავად, დავით ხიდაშელის კომპანიისთვის სამონადირეო მეურნეობის გადაცემის პროცესს ემთხვევა.
ირაკლი მაჭარაშვილი
როგორ ვითარდებოდა რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნის კუთხით მოვლენები ქორონოლოგიურად, ირაკლი მაჭარაშვილის თანახმად - დააკლიკეთ
“მაშინ არ ვიცოდით რა ფაქტორი განაპირობებდა იმას, რომ წიაღის მოპოვების და ჰესების პოტენციური ადგილების დათმობის მიუხედავად, რაჭაში ეროვნული პარკის შექმნა იბლოკებოდა. მხოლოდ 2022 წელს აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ სამონადირეო მეურნეობის გამო იბლოკებოდა ეს პარკი. მეტსაც გეტყვით, CNF-ის ხელმძღვანელმა გასულ წელს თქვა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო თითქმის ერთი წელია მეილზე არ პასუხობდა. ეს ფონდი, ფაქტობრივად, არჩენს ყველა დაცულ ტერიტორიას საქართველოში და მეილსაც არ სწერდნენ, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინათ”, — ამბობს მაჭარაშვილი.
სწორედ CNF-თან ჰქონდა გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს ხელისუფლებას 14 მილიონი დოლარის დაფინანსების თაობაზე, რომლის პირობების თანახმადაც განსაზღვრული იყო 5 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა, მათ შორის რაჭის ეროვნული პარკის. განსაზღვრული იყო რაჭის ეროვნული პარკის მინიმალური ფართობი (48 000 ჰექტარამდე), ასევე ის, რომ არ უნდა ყოფილიყო ნადირობა დაშვებული.
ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ მემორანდუმი შესრულებულიყო, გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭის ეროვნული პარკის ფართობში შეიტანა ისეთი ტერიტორიები, რომლის კონსერვაციული, ანუ ბუნების დაცვითი ღირებულება მინიმალური იყო, მაგალითად, დაცულ ტერიტორიებში ხვდება მყინვარებიც.
მაჭარაშვილის შეფასებით, სამინისტრო იძულებული იყო, ხომ ხიდაშელისთვის ეთხოვა სამონადირეო მეურნეობის ნაწილის დათმობა (მყინვარებსა და ძირითად ტყის მასივებს შორის არსებული ადგილი), რათა მეტ-ნაკლებად ერთიანი ყოფილიყო ეროვნული პარკი და თანაც შესრულებულიყო CNF-თან არსებული ხელშეკრულების პირობები. ამასთან, ხიდაშელის განცხადებით, ეროვნულ პარკში არ მოხვდა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა მდინარის სათავეები.
თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული დაცული ტერიტორიების ძირითადი ნაწილი მყინვარები არ არის და ერთი შეხედვით 50 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის ეროვნული პარკი საქართველოს მასშტაბებისთვის კარგიცაა, მაგრამ პარკის შექმნის მიზნებს მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს.
ირაკლი მაჭარაშვილი რაჭის ეროვნული პარკის კრიტიკისას რამდენიმე ძირითად ფაქტორს გამოყოფს:
მასში არ შედის დაცული ტერიტორიებისთვის საკვანძო ადგილები, როგორიცაა მდინარეები, მდინარისპირა ეკოსისტემები და მდინარეების სათავეები
პარკი არ მოიცავს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტერიტორიებს, პარკის შუაგულიდან ტერიტორია ამოჭრილია, რის გამოც ეროვნული პარკი ძლიერ ფრაგმენტირებულია.
არ ფარავს იმ ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვება ან ჰესების მშენებლობა, ან ისეთი ტერიტორიებს, სადაც ნაწილობრივ გაცემულია შესაბამისი ნებართვები ან ლიცენზიები
“უფრო მაღალი იქნებოდა ბუნების დაცვითი ღირებულება მასში, რომ შედიოდეს მდინარეები, რაც არის მთლიანად და შუაში არ არსებობდეს წიაღის მოპოვების ლიცენზიები. ეს იქნებოდა გამართული, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) რეკომენდაციების შესაბამისი ეროვნული პარკი, ”, — განმარტავს ის.
რაჭის დაცული ტერიტორიებისა და “კაპრა კაუკასიკასთვის” გადაცემული მიწების რუკა. რუკა ვარლამ გოლეთიანის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა “საბუკომ”
რაც შეეხება “კაპრა კაუკასიკასთვის” გადაცემულ მიწებს, მაჭარაშვილი განმარტავს, რომ სამონადირეო მეურნეობა დამოუკიდებლად ბუნებისთვის იმდენად საფრთხის შემცველი არ არის, როგორც წიაღისეული მოპოვება. გარკვეულ პირობებში სამონადირეო მეურნეობა შესაძლოა განხილულიც იყოს, როგორც კონსერვაციის ხელშემწყობი საქმიანობის ერთ-ერთი სახე, ვინაიდან სამონადირეო მეურნეობაში უნდა არსებობდეს შედარებით ვრცელი დაცული, ხელუხლებელი ზონები.
თუმცა, მაჭარაშვილის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავით ხიდაშელის კომპანიის ლიცენზია გაცემულია საქართველოს კანონმდებლობის არაერთი უხეში დარღვევით , რასთან დაკავშირებითაც გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა გასულ წელს სასამართლოსაც მიმართეს.
სახელმწიფოს დუმილი
აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დეტალების მოსაპოვებლად, მათ შორის რუკების გადმოცემის თხოვნით “ნეტგაზეთმა” დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორი კვირის წინ მიმართა, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია არც კომენტარის და არც ინფორმაციის სახით.
“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძესაც, რომელმაც გარემოს დაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.
გარემოს დაცვის სამინისტროში კი განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შეკითხვები დაუსვა ვარლამ გოლეთიანმაც.
კერძოდ, 22 მაისს ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩასულ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს გოლეთიანმა ჰკითხა ხიდაშელისთვის გადაცემულ მიწებსა და დაცული ტერიტორიების თანხვედრის თაობაზე, რაზეც სააგენტოს წარმომადგენლებმა პასუხი არ გასცეს და თქვეს, რომ ისინი ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან. ასევე მოუწოდეს ვარლამ გოლეთიანს, რომ ამ საკითხზე მათთან არ ესაუბრათ.
ერთადერთი ინფორმაცია, რაც გოლეთიანს შეხვედრაზე [არაფორმალურად] მიაწოდეს არის, რომ რაჭის დაცული ტერიტორიების დემარკაცია ჯერ არ მომხდარა და როცა ეს მოხდება “მაშინ გამოჩნდება [50 835 ჰექტრიდან] ტყის მასივი რამდენია, მყინვარი რამდენია…”.
რაც შეეხება “კაპრა კაუკასიკასთვის” ტერიტორიების მონაცვლეობას, “ნეტგაზეთმა” ამასთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა დავით ხიდაშელს. კერძოდ, მას ვკითხეთ თუ მიიღო კომპანიამ რაჭის სამონადირეო მეურნეობის სალიცენზიო ფართობიდან ამორიცხული 7 436 ჰექტარი ფართობი ტყის სანაცვლოდ სხვა ტერიტორია, რაზეც მას პასუხი არ გაუცია.
დავით ხიდაშელმა რაჭის ტყეების საკითხის ირგვლივ მის მისამართით დაგორვებულ კრიტიკას 2022 წელს უპასუხა საჯარო განცხადებით. მან თქვა რომ, რადგან კანონმდებლობა, მთავრობა, იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ხედავს, რომ განზე გადგეს”.
ის ამბობდა, რომ მზად იყო თავისი ქონება, მათ შორის ლიცენზია რაჭაში 20%-იანი ფასდაკლებით გაესხვისებინა და დაელოდებოდა “ვინ რისი მყიდველი და ინვესტიციის შემომტანი იქნებოდა”. ამ დროისთვის ლიცენზიის მფლობელი კვლავ დავით ხიდაშელის კომპანიაა.
რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც უკრაინა ინფორმირებული არ იყო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
ნიკოლენკოს თქმით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი ტყვე - ზაკარპატიის უნგრელები - გადასცა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული არ იყო, ხოლო 11 სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ უკრაინამ უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებებიდან გაიგო.
ნიკოლენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
“შეხვედრის დროს ცალკე აღვნიშნეთ ურთიერთქმედების კოორდინაციის საჭიროება ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიცაა სამხედრო ტყვეების გათავისუფლება”, - წერს ნიკოლენკო.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ “უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება ყოველთვის კარგი ამბავია.”
ისლანდია 1 აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს. ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსაც სთხოვა რეიკიავიკში დიპლომატიური საქმიანობის შემცირება.
ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომერციული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში რეკორდულად დაეცა.
„არსებული სიტუაცია უბრალოდ არ აძლევს ისლანდიისნაირ პატარა ქვეყანას საშუალებას, რომ რუსეთში საელჩოს ფუნქციონირება შეინარჩუნოს“, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ისლანდიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდება და საელჩო მუშაობას განაახლებს, როცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.
სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ქუჩაში მიმავალმა ადამიანმა მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან ამოიღო ესროლა მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო! საჩივარი შეტანილია“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე, მერის თანამდებობა დატოვა.
„ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ის.
ზურაბ უტიაშვილი ვრცელ Facebook-პოსტში იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც, როგორც ამბობს, მისი ძალისხმევით გაკეთდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა“, – წერს ის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის მერის ასარჩევად შუალედური არჩევნები დაინიშნება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
აღნიშნული კანონის პროექტის პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.
ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია უცვლელად შენარჩუნდეს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ წარსულში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა პრობლემა არასდროს ყოფილა.
„დაუშვებელია მსგავსი პერსონიფიცირებული კანონის მიღება, რადგან ცვლილება კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის მმართველობაში უხეშ ჩარევას განაპირობებს და მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აღიქმება“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ეროვნულ ბანკში დამატებით კიდევ ერთი აღმასრულებელი თანამდებობის დაჩქარებული წესით შემოღება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას დაემთხვევა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრას უკავშირდება. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იმ მიუღებელი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმად, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოებს დროებითი მოვალეობის შემსრულებლები განუსაზღვრელი ვადით ხელმძღვანელობენ.
“პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის შეფასებითაც, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების რეალური საჭიროება არ არსებობდა.
მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
“ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, “იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვა “თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.
რაც შეეხება ვეტოს დაძლევის საკითხს, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.
კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს.
პაპუაშვილის თქმით, „ეს განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს ზედაპირულობას.
პაპუაშვილის თქმით, „ამ ადამიანებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ რაღაც ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო.
მისი განცხადებით, „ევროპარლამენტში დისკუსია ასეთ ბავშვურ დონეზე რომ მიდის, ეს უკვე თავად აჩვენებს, რა ტიპის სიღრმეებთან გვაქვს საქმე“.
„საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა, რაც იმას გულისხმობს, რომ აღდგა ის ჩარჩო შეთანხმებები, რაც საქართველო-რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით მიმართეს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით - სანქციის დაწესებით. როცა საუბრობენ იმაზე, რომ თანხმობა იყო საჭირო, თუ საქართველო რუსეთს სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ ორმხრივი ფრენები არ დაგვეშვა. მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია? თუ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს არ დაუწესოს, თუ ყველა დედაქალაქში გვეუბნებიან რომ არ დავუწესოთ, არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობას და უპასუხისმგებლობას აჩვენებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის.
დარახველიძე აცხადებს, რომ დეკანოიძეს წერილით მიმართეს, ამ ინფორმაციის გაცემისთვის კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი წარმოადგინოს.
„ყველამ იცით, რას ნიშნავს სადეპუტატო შეკითხვა, მისი პასუხი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე და ეს არის აუცილებლად ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირია თანახმა ან კანონით განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. ჩვენ ხატია დეკანოიძეს მივმართეთ წერილით, ავუხსენით ეს საკანონმდებლო ჩარჩო და ვთხოვეთ, წარმოედგინათ შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი, რაც მოგვცემდა საშუალებას, რომ გავასაჯაროოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები.
პერსონალური მონაცემები გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირებას თუ ახდენს სახელმწიფო უწყება და კონკრეტულ ფაქტს ადასტურებს, მაგალითად, საზღვრის კვეთისას, ეს არის პერსონალური მონაცემები. ამ მონაცემების გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ, რაც გვიწერია კანონში, იმის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ხომ უარი არ გვითქვამს? - ვუთხარით, რომ დაგვისაბუთოს საკანონმდებლო და ლეგიტიმური მიზანი. ეს არის პერსონალური მონაცემები, რომლის გასაჯაროების უფლებაც გვაქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში,“ - განაცხადა დარახველიძემ.
ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძემ შს სამინისტროს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, როდის და საიდან გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რამდენ თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდნენ ქვეყანაში. მისი თქმით, უწყება კითხვებზე ინფორმაციას არ აძლევს.