Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა.
    პრეზიდენტის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.
    „კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს.
    საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
  2. tvati
    გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით – ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ღია წერილშია ნათქვამი.
    განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული კინოსექტორისათვის. მისი მნიშვნელობა კი განპირობებულია აქ დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმით, სიყვარულით ქართული კინოსადმი, საერთო იდეითა და სურვილით, რომ ჩვენმა კულტურამ დაიმკვიდროს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი.

    საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შექმნის დღიდან, წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას საქართველოში, რომელიც არის ქართული კინოს განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მთავარი ხელშემწყობი. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას წარმოადგენს, კინოს წარმოების, ფესტივალების, თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსება და კინოს პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. წლების განმავლობაში კინოცენტრის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კულტურულ განვითარებას, ხელოვანების თვითგამოხატვის თავისუფლებას და ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ გატანას.
    არსებობის 22 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრი იქცა ერთადერთ და საკვანძო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუციად ქართული კინოსექტორისათვის. მისი მნიშვნელობა კი განპირობებულია აქ დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმით, სიყვარულით ქართული კინოსადმი, საერთო იდეითა და სურვილით, რომ ჩვენმა კულტურამ დაიმკვიდროს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი.
    განახლება: ეს ღია წერილი კინოცენტრის ვებგვერდზე აღარ იძებნება. 

    საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სახელით 2 ივნისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძისთვის პრიზის გადაცემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გოეთეს ინსტიტუტს უპასუხეს და ის „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს.
    გაგა ჩხეიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ  განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას.

    პუბლიკა
  3. tvati
    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ პრესბრიფინგზე პრესსპიკერს ჰკითხეს, ადევნებს თუ არა თვალს თბილისში მიმდინარე პროტესტს და სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის წინააღმდეგ მთავრობის ქმედებებს, რაზეც პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ აკვირდება ორ ივნისს დაკავებულთა საქმეებს, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობა კი ევროპული ღირებულებებისთვის შეუსაბამოა.
    ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ზომების მიღებას იმ ფონზე, როცა უკრაინამ „ჯორჯიან ეარვეისი“ დასასანქცირებელ სიაში შეიყვანა.
    პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ის სახდეპის სამომავლო ნაბიჯებს ვერ განიხილავს.

    პუბლიკა
  4. tvati
    ამე­რი­კა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ლია პარ­კა­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.
    "აი­ვან­ზე ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ, მაგ­რამ ისე­დაც ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პრობ­ლე­მა და თავ­საც არ უფრთხილ­დე­ბო­და“ - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

    ქალ­ბა­ტონ ლიას სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ, წლე­ბის წინ ის, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქალი პატ­რუ­ლი გახ­ლდათ. 2013 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და. მა­ნამ­დე კი იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­მახ­სოვ­როდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ა­სა­ჩუქ­რა.
    მა­ი­ო­რი ლია პარ­კა­უ­ლი 1987 წლი­დან 2013 წლის 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე შს სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყოფ­ში მსა­ხუ­რობ­და. ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. გა­მოც­დილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს უწყე­ბი­დან წას­ვლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვი­ტა.
    ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბამ­დე გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ FBI-ში აპი­რებ­და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას.
    "მსურს ოკე­ა­ნის გაღ­მა ვცა­დო ბედი და ძა­ლე­ბი მოვ­სინ­ჯო, სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვარ და მუხ­ლი და გო­ნე­ბა მიჭ­რის. ოთხი წლის წინ გა­ვი­ა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი ამე­რი­კა­ში, ექ­სტერ­ნად ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და და მაქვს სერ­ტი­ფი­კა­ტი. 2008 წელს მოვ­ხვდი 50-დან 5 წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტს შო­რის და FBI-დან აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში ხუ­თი­ვე­ზე მო­ვი­და მოწ­ვე­ვა. სა­ბუ­თე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და და 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს მივფრი­ნავ­დი, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 8 აგ­ვის­ტოს ომი და­ი­წყო და ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. ამის შემ­დეგ სულ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, ახ­ლაც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და გა­დავ­წყვი­ტე გა­ვი­ა­რო ექ­ვსთვი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი FBI-ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ვი­მუ­შა­ვებ".

    ambebi.ge
  5. tvati
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები შესაძლოა გათავლისუფლდნენ ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებისგან, რაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისთვისაა საჭირო.
    აღნიშნულს ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირიებული კანონპროექტი.
    როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შეძენას, რომლებიც მათი სპეციფიკაციიდან და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ხვდებიან სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კატეგორიაში და, შესაბამისად, მათი იმპორტი ან ექსპორტი საჭიროებს სათანადო ნებართვების მიღებას, რაც თავის მხრივ უკავშირდება ადმინისტრაციულ/ფორმალური პროცედურების გავლას და იწვევს პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის პროცესის შეფერხებას.
    კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში სუს-ისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის მნიშვნელოვანწილად გამარტივდება და მოქნილი გახდება აღნიშნული მათთვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება.
    მოქმედი კანონით ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამ კანონით დადგენილ საქმიანობასა და ქმედებაზე ლიცენზიასა და ნებართვას, როგორც წესი, გასცემენ სახელმწიფოს ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებები.
    ამ დრომდე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო და ა.შ.

    ნეტგაზეთი
  6. tvati
    საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
    ელჩის თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
    „ივნისში, სამწუხაროდ, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ იყო მზად კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ მისცეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია წევრობისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო უკვე კარგადაა მომზადებული. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ საქართველო სწორ გზაზე დგას. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მზად ხართ კანდიდატობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ გახდებით წევრები ძალიან მალე. შეგიძლიათ, გქონდეთ უნგრეთის ხმის იმედი“, – განაცხადა ელჩმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
     

    ავტორი - თინათინ მიგინეიშვილი, კესო ქაფიანიძე
  7. tvati
    საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
    რატი ბრეგაძემ განმარტა, რა ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში.
    „დღეს საქართველოს მთავრობამ იმსჯელა პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე. საქმე ეხება კონკრეტულად „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრივ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეეობა, ეს პროცედურები, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გუმარტივდეთ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითიც დაიზოგება დრო და რესურსი. მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. ასევე, მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენ მიერ საერთაშორისო ვალდებულებას, კერძოდ, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

    1ტვ
  8. tvati
    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    როგორც უწყებაში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.
    მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
    „საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    ipn
  9. tvati
    უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
    შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას.
    „მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
    ამასთან, შალვა პაპუაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ზოგად ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი ღირსეულად გაიარა.
    „გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, "რუსთავი 2"-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    ipn
  10. tvati
    რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე რუსეთში სულ მცირე 109 ადამიანი დააკავეს, იუწყება „ო-ვე-დე ინფო“.
    აქციები მცირერიცხოვანი იყო, დიდწილად მომიტინგეები ცალ-ცალკე გამოდიოდნენ.
    უფლებადამცველთა ცნობით, მომიტინგეებს აკავებდნენ, მათ შორის, ლურჯ-ყვითელი [უკრაინის დროშის ფერები] ბუშტებისთვის, პლაკატისთვის „თავისუფლება კენგურუსაც, პუტინი – ობობაა“ და წარწერისთვის „მიმართვა დივნებს“.
    ნავალნი მოწამვლისა და მკურნალობის შემდეგ რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა. იგი აეროპორტშივე დააკავეს და იქიდან მოყოლებული პატიმრობაში იმყოფება. ციხის ადმინისტრაციას, სხვადასხვა გამოგონილი დარღვევების გამო, მუდმივად გადაჰყავს პოლიტიკოსი საჯარიმო იზოლატორში.
    აქციები ნავალნის მხარდასაჭერად მისი გუნდის ინიციატივით, 4 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. 4 ივნისი ნავალნის 47-ე დაბადების დღეა.
    გარეკანის ფოტოზე – ერთ-ერთი მომიტინგე წარწერით „ლიოხა [სახელ ალექსეის ერთ-ერთი ფორმა], გამოდი“.

    netgazeti
  11. tvati
    სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარი საქართველოს მოუწოდებს ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისკენ.
    ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანამ ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რაც ევროკავშირთან შესაბამისობაში არაა.
    “სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი მმართველობის გამყარებას, დემოკრატიულ საზოგადოებას და აგრეთვე სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს…
    ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს ნათელი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება. უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე”, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.[პარლამენტის სინქრონული თარგმანი]
    მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე ერთიანობა და პოლარიზაციის დაძლევა.
    “აუცილებელია, რომ საქართველოშიც ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ყველა ერთიანი იყვნენ ევროკავშირისკენ მისწრაფებებში. მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება. პოლიტიკაში, ბუნებრივია, არის განსხვავებები, მაგრამ პოლარიზაციით საზოგადოებას ვაყენებთ ზიანს, მათი მომავლის განვითარებას. მნიშვნელოვანია ერთიანობის ხიდების აშენება. ქვეყანას, რომელიც შიგნით ერთიანია, შეუძლია გარე გავლენების აცილება. ვიზიტის გზავნილი არის, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისკენ”, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
    დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა სლავკოვის სამეულის – სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

    netgazeti
  12. tvati
    საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც „ნეტგაზეთს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამის მიზეზი შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება გახდა.
    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ საუბარია რამდენიმე სასამართლოს შენობაზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია განხორციელდა.
    სასამართლოებს შორის, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა, თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიცაა. დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
    უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

    netgazeti
  13. tvati
    „მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“, – „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ მებაჟეს პირის შეჩერების უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე ან მითითება პროვოკაციის შესახებ.
    გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას, რუსულნომრებიანი მანქანების ესკორტი გადაადგილდება.
    საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ოჯახის მიერ სხვადასხვა დროს თავიანთი მანქანისათვის გადაღებულ ვიდეოკადრებში დაფიქსირებულ ნომერს დაემთხვა.

    პუბლიკა
  14. tvati
    „შიში გვაქვს მშობლებს, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა და ზუსტად, როგორც გვითხრა მინისტრმა, რომ 2024 წლიდან ჩასვამდნენ ბავშვებს მკურნალობაში, ზუსტად ამის განხორციელებას გეგმავენ“, – ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, ქეთევან ბეგიაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
    აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა 3 დღის წინ ჩატარდა. ქეთევან ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის დაასრულებს სამინისტრო პროტოკოლზე მუშაობას.
    გარდა ამისა, მშობლებს აქვთ შენიშვნები პროტოკოლის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით:
    აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშების მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი პროტესტი, რომელიც თითქმის 20 დღე გრძელდებოდა, 5 მაისს შეწყვიტეს. მშობლები ჩართულები არიან სამუშაო ჯგუფში და მიიღეს დაპირება, რომ პროტოკოლი ივნისის დასაწყისში იქნება უკვე შემუშავებული.
    მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

    პუბლიკა
  15. tvati
    პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.
    „პუბლიკის“ ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის, როგორც ასოცირებული პროფესორის, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახალ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღო.
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გამეზარდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამართლის სკოლაში კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ორ საშტატო ერთეულზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 23 იანვარს გამოიცა. ბრძანების მიხედვით, საბუთების შეტანის ვადა განსაზღვრული იყო 2023 წლის 29 მარტიდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით.
    კონკურსი 2 მაისს დასრულდა. საკონკურსო განაცხადი მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა შეიტანა, მეორე ვაკანსია ვერ შეივსო.
    მაია გამეზარდაშვილის ინფორმაციით, წინა კონკურსი 2020 წელს ჩატარდა და პაპუაშვილი მასში მონაწილეობდა.
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარლამენტის ვებგვერდებზე ატვირთული CV-ის მიხედვით, შალვა პაპუაშვილი სამართლის სკოლაში 2015 წლიდან მუშაობდა. ის კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი იყო. ამ ეტაპზე ილიაუნის ვებგვერდზე მისი პორტფოლიო მიუწვდომელია.
    შალვა პაპუაშვილის პოზიციის მოსასმენად „პუბლიკა“ პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მისი მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
    რა ხდება ილიაუნის გარშემო
    4 მაისს ტელეკომპანია POSTV-იმ კიდევ ერთხელ მოამზადა სიუჟეტი „მაღალჩინოსანი ნაცების თავშესაფრად ქცეული ილიაუნი – ფინანსური სკანდალი“. სიუჟეტის დასაწყისში ჩამოთვლილია იმ პროფესორთა და ლექტორთა სია, რომლებიც, მათი შეფასებით, „ანტისახელმწიფოებრივი ნაცები“ არიან. მათ შორის მოხვდნენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ალიკა კუპრავა, კონსტანტინე კუბლაშვილი, თამარ კინწურაშვილი, გია ბუღაძე და სხვა.
    საინიციატივო ჯგუფი „სტუდენტები სამართიანობისთვის“ აცხადებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. მათი თქმით, ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს ფინანსური დოკუმენტაცია, თუმცა სრული ინფორმაცია ვერ მიიღეს. რამდენიმე კვირაა, სტუდენტების შესახებ საინფორმაციო მასალებს სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები აქტიურად ამზადებენ.
    მათ საპასუხოდ ილიაუნიმ არაერთხელ განმარტა, რომ ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. უნივერსიტეტმა ბრალდებებს ვრცელი პასუხი გასცა და გარკვეული დოკუმენტაციაც გაასაჯაროვა.
    2 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ილიაუნის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის ოჯახის ტრაგედიაზე. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ილიაუნის პროფესორების ნაწილმა საერთო განცხადება გაავრცელა და დობორჯგინიძესა და ილიაუნის მხარდაჭერა გამოუცხადა.

    პუბლიკა
  16. tvati
    სანქციების გამო რუსმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა შესაძლოა საქართველოს სახელით იასპარეზონ.
    ჟურნალისტმა დეივ ლიზმა თავის ბლოგში The Skating Lesson დაწერა, რომ რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ დევისსა და სმოლკინს ეროვნული ნაკრების შეცვლის უფლება მისცა.
    საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
    რუსი მოციგურავეების სტატუსის შეცვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს. ეს შესაძლოა მომავალი კვირის სხდომაზე ან ოქტომბერში მოხდეს.
    დევისი და სმოლკინი წარმოადგენდნენ რუსეთს პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე, სადაც მე-14 ადგილი დაიკავეს.
    ოლიმპიადის შემდეგ სპორტსმენები სავარჯიშოდ აშშ-ში გადავიდნენ, საიდანაც რუსეთში აღარ დაბრუნებულან.
    დევისი რუსეთში ცნობილი მწვრთნელის ეთერი თუთბერიძის შვილია, სმოლკინი კი — მსახიობ ბორის სმოლკინის შვილი.
    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს სანქციები დაუწესა. საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის მიზნით, ბევრმა სპორტსმენმა მოქალაქეობა შეიცვალა.
    ამ დროისთვის საქართველოს სპორტული წყვილების კატეგორიაში წარმომადგენელი არ ჰყავს. 2022-2023 სპორტული სეზონის დასრულების შემდეგ კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი დაიშალა.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    2 ივნისის აქციაზე პლაკატის გამო დაკავებული უფლებადამცველი საბა ბრაჭველი ავრცელებს სიტყვას, რომელიც სასამართლოში უნდა წარმოეთქვა.
    “სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში, რადგან სასამართლოში არ წაგვიყვანეს და რომელსაც ვიტყვი, თუ პროცესი ოდესმე ჩაინიშნა”, — ასე ასათაურებს ბრაჭველი “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ ტექსტს.
    უფლებადამცველის სიტყვა 2 ივნისის მოვლენებს, მისი დაკავების გარემოებებსა და პოლიციაში გატარებულ საათებს ეხება.
    საბა ბრაჭველი ამ პროცესების კონტექსტში საუბრობს უკანონობაზე, პოლიციის ძალადობასა და იმაზე, თუ როგორ აისახება სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს იმიჯზე ევროპაში.
    “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ უფლებადამცველის სიტყვას.
    2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
    პოლიცია პარლამენტის კიბეზე მყოფ მოქალაქეებს ხელს უშლიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებაში და ხელიდან გლეჯდა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებს, მათ შორის — ცარიელ ფურცლებს.
    დაკავებულთა შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტები – ნიკა რომანაძე და ლაშა ჯანჯღავა და სხვები.
    კადრების მიხედვით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს — ედუარდ მარიკაშვილს — ხელში ცარიელი ფურცელი ეკავა.
    შსს-მ “ნეტგაზეთს” 7 ადამიანის ადმინისტრაციულად დაკავება დაუდასტურა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
    3 ივნისს პარლამენტთან გაიმართა აქცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სადაც მოქალაქეებმა კვლავ მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის მრავალი პლაკატი.
    2 ივნისს მომხდარი ინციდენტები არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.
    პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.
    სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა. 3 ივნისს, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა იმაზე დიდი იყო, ვიდრე გასულ დღეებში, ბექა გრიგორიადისმა კარვის გაშლა მოახერხა.

    ნეტგაზეთი
  18. tvati
    თბილისში, „კაზინო აჭარაში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უდასტურებენ.
    უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.

    იპნ
  19. tvati
    ბელგია უკრაინას სთხოვს განმარტებას იმის შესახებ, გამოიყენეს თუ არა ბელგიაში წარმოებული იარაღი პროუკრაინულმა ძალებმა რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად რუსეთის ბელგოროდის ოლქში, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრუმ განაცხადა.
    „ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ და მისმა სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს გამოძიება და ითხოვენ ინფორმაციას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ზუსტად. ევროპული იარაღი უკრაინას მიეწოდება იმ პირობით, რომ იგი გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის დასაცავად. ჩვენ გვაქვს მკაცრი კონტროლი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა", - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.
    The Washington Post-მა შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფები, რომლებმაც გასულ თვეში რუსეთის ბელგოროდის ოლქში თავდასხმა განახორციელეს, იყენებდნენ ტაქტიკურ მანქანებს, რომლებიც თავდაპირველად უკრაინას შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა გადასცა და ასევე, ბელგიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებულ შაშხანებს.

    იპნ
  20. tvati
    პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ხელს უშლის კარგი მმართველობის განხორციელებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
    მათივე თქმით, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის ამოქმედებიდან, აკრედიტაცია კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს შეუჩერდა. განცხადების თანახმად, აღნიშნული პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეგულაცია სადამსჯელო მექანიზმია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის და ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობას.
    არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, ართულებს კრიტიკული ინფორმაციის თავისუფლად დინებას და ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
    „საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მაშინ როცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარლამენტის ღიაობა და ცალკეული პარლამენტარების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაძლიერება, პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში სისტემური ხელის შეშლა 2023 წელს ამოქმედებულმა აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა გაამყარა, რამაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმები აამოქმედა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გააუარესა.
    შეგახსენებთ, რომ აკრედიტაციის ახალ წესს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (Committee to Protect Journalists) გამოეხმაურა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, შეცვალოს რეგულაცია. სამოქალაქო სექტორმა პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის განახლებული პროცედურების ამოქმედება გააკრიტიკა, რომელიც წინასწარი განხილვების გარეშე იქნა მიღებული. შეცვლილმა რეგულაციებმა თავიდანვე გააჩინა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი ახალ წესს კრიტიკულად განწყობილი მედიის შეზღუდვისთვის გამოიყენებდა.
    2023 წლის 12 აპრილს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პარლამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა, რომელიც პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის” საფუძველზე არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. პარლამენტმა არ უპასუხა ჩვენს კითხვებს, კერძოდ: რამდენი მედიასაშუალების წარმომადგენელია აკრედიტებული პარლამენტში (აკრედიტებული ჟურნალისტების სია არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი პარლამენტის ვებ-გვერდზე), რამდენ მედიასაშუალებას ეთქვა უარი აკრედიტაციაზე, მედიის რამდენ წარმომადგენელს (ჟურნალისტს, ოპერატორს და სხვ.) შეუჩერდა საპარლამენტო აკრედიტაცია და სხვ.
    საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკრედიტაციის წესის ამოქმედებიდან აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს. მათ შორის:
    მარტის თვეში აკრედიტაცია შეუჩერდათ “პუბლიკას” სამ ჟურნალისტსა და “ტაბულას” რედაქტორს (ამათგან, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ “პუბლიკას” ორ ჟურნალისტსა და “ტაბულას” რედაქტორს პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია აღუდგინა);
    აპრილის თვეში აკრედიტაცია შეუჩერდათ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს;
    მაისის თვეში: აკრედიტაცია შეუჩერდათ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტსა და ოპერატორს.
    თეორიულად, მედიის აკრედიტაცია სწორედ მეტი გამჭვირვალობისა და პროფესიული საქმიანობის ხელშემწყობი მექანიზმია, თუმცა ავტორიტარულ რეჟიმებში ის შესაძლოა, გამოყენებული იყოს მედიაზე კონტროლისა და ზეწოლის გასაძლიერებლად. ამისთვის, პირველ ეტაპზე, აკრედიტაციის პროცედურები უფრო ბიუროკრატიული ხდება და შემდეგ, სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცევა.
    დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი უწყებას ეხმარება, გახდეს უფრო გამჭვირვალე, ხოლო მედიას - მოიპოვოს საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია. საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეში დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეგულაცია სადამსჯელო მექანიზმია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის და ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობას.
    მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის. კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროებით, ხელისუფლება იგნორირებას უწევს ღია მმართველობის პლატფორმის მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს, რის შედეგადაც რეალურად შეჩერებულია OGP-ის ეროვნული პროცესი და მნიშვნელოვანი რეფორმები.
    ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობის ტრადიციულ ფორმებზე (ინტერვიუს საქმიან ფორმატში ჩაწერაზე, გადაცემებში სტუმრობასა და ჩართვებზე, დებატებში მონაწილეობაზე) უარს აცხადებენ. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პროფესიული საქმიანობისას ხელისუფლებასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მოპოვების (განსაკუთრებით ექსკლუზიურ და/ან საგამოძიებო მასალებზე მუშაობისას) ერთადერთი იძულებითი არჩევანი “დერეფნებში დადევნების პრაქტიკა” დარჩა. ეს ფორმა შესაძლოა, იწვევდეს მედიის დისკრედიტაციას, დაკნინებას და ამასთან, ქმნიდეს დამატებით საბაბს, რომ ახალი წესით ჟურნალისტს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდოს.
    საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ხელს უშლის კარგი მმართველობის განხორციელებას.
    საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის დამკვიდრებული პრაქტიკა შეიცავს მედიაში თვითცენზურის გაზრდის რისკებს და იქონიებს მსუსხავ ეფექტს. ამ ტენდენციის შენარჩუნება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, ართულებს კრიტიკული ინფორმაციის თავისუფლად დინებას და ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
    ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს მეტი ღიაობა (მათ შორის: პროფესიული სტანდარტების ფორმატში ითანამშრომლოს კრიტიკულ მედიასთან, განათავსოს ვებ-გვერდზე ინფორმაცია აკრედიტებული ჟურნალისტების შესახებ, კანონით დადგენილი წესით დროულად გასცეს საჯარო ინფორმაცია და სხვ.), დაუყოვნებლივ შეცვალოს ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი და კრიტიკული მედიის შევიწროების დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა,“ - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

    იპნ
  21. tvati
    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 4 ივნისის დილიდან, დონეცკის მიმართულებით ფრონტის ხუთ მონაკვეთზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
    „4 ივნისს, დილით მოწინააღმდეგემ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული რეზერვების 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადების მოქმედებაში მოყვანით და სხვა სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მხარდაჭერით“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
    მისი ინფორმაციით, შეტევაში სულ ექვსი მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონი იყო ჩართული.
    „უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი იყო რუსეთის თავდაცვის გარღვევა კიევის აზრით ფრონტის ყველაზე დაუცველ მონაკვეთზე. მოწინააღმდეგემ ვერ მიაღწია თავის მიზნებს და წარმატებას", - აღნიშნა კონაშენკოვმა.

    იპნ
  22. tvati
    ჩვენს მოქალაქეებს სურთ ჰქონდეთ არა წარსულის, არამედ მომავლის არჩევანი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.

    მისი თქმით, ერთადერთი რაც ამ 11-მა წელმა კარგად აჩვენა, არის ის, რომ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ერთმანეთის კარგი თანამგზავრები არიან და ეს სტატუს-კვო ამ ორი ძალისთვის, მომავალშიც მისაღები იქნება. 
      “ენმ”-ს ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, “ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვების გასაღები ჩვენ გვაქვსო და ეპატიჟება ვასალებს ოპოზიციიდან. ამ გასაღებს, უკვე 11 წელია სარკოფაგში ინახავენ, თურმე და ლეგენდის თანახმად, 2024 წელს უნდა გამოიყენონ. ერთადერთი რაც ამ 11-მა წელმა კარგად აჩვენა არის ის, რომ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ერთმანეთის კარგი თანამგზავრები არიან და ეს სტატუს-კვო ამ ორი ძალისთვის, მომავალშიც მისაღები იქნება. თუ ვინმეს სურს “ენმ-ს, ან “ოცნების” ორბიტაზე სატელიტობა, ეს მათი არჩევანია, რომელიც დიდი ხანია უკვე გააკეთეს. ესეთი პარტიები პერიოდულად ერთდებიან, შორდებიან, ამაში ახალი არაფერია. მოქალაქეებმა კარგად იციან “ნაცური” და “ქოცური” პარტიების შესახებ. ყველა ლუსტრირებულია. ჩვენს პარტიას, შექმნის დღიდან არჩეული აქვს დამოუკიდებელი გზა და ერთადერთ თანამგზავრად და პარტნიორად ჩვენს მოქალაქეებს მიიჩნევს.", - წერს ბერდია სიჭინავა. 
  23. tvati
    ამ რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს, გაფორმებულია ავტორიტარიზმი და უკვე კაცმა არ იცის ვინ გვმართავს - ოცნება რუსეთთან კოორდინაციით, თუ პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები. ხელისუფლების შეცვლილი საგარეო პოლიტიკა ფაქტია - დასავლეთს მიზანმიმართულად აჩვენებენ რომ „აქ რუსეთია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


    როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე თითქმის ყველაფერი რუსულია, ხელისუფლების ნება კი, სრულად აცდენილია ხალხის 89%-ის ნებას.

      "სახელმწიფო რომ გვქონდეს, დემოკრატიული მმართველობით და დასავლური კურსით: - ცარიელ ფურცლებზე ხალხს რუსული მეთოდებით არ დააკავებდნენ - შსს მინიმუმ თავს ვალდებულად ჩათვლიდა საზოგადოებისთვის აეხსნა მისი ქმედებები - პროკურატურა განზრახ უკანონო დაკავებაზე გამოძიებას დაიწყებდა - სახალხო დამცველს რეაგირებისთვის შეფხიზლება არ დასჭირდებოდა - სუს-ი კადიროველების თარეშზე პასუხისმებლობას აიღებდა და განმარტებას გააკეთებდა - შეიკრიბებოდა უსაფრთხოების საბჭო - პარლამენტი დაიბარებდა შს მინისტრს და სუს-ის უფროსს - პარტიის თავმჯდომარე, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე დამალულები არ იქნებოდნენ - სახელისუფლებო შტოები აღიარებდნენ პრობლემას და დაიწყებდნენ მის გამოსწორებას ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ნახეთ? ანუ, სახელმწიფო წაგვართვეს. დაუცველები ვართ ჩვენც და ქვეყანაც. ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში და სამსახურშია. სახელმწიფო და ინსტიტუტები რომ გვქონდეს, ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა. როგორ გგონიათ რატომ გააუქმეს/დაიქვემდებარეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და აირჩიეს ლოიალური სახალხო დამცველი? აი ამიტომ, რომ ხელისუფლების სიგიჟეებს მაკონტროლებელი არავინ ჰყოლოდა. სამწუხაროდ, წინ უარესები გველოდება. ხოდა, ამ მძიმე და საშიშ რეალობაში ცხოვრება თუ არ გვინდა, მთელი ძალისხმევა ავტორიტარული, ანტი-დასავლური ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისკენ უნდა მივმართოთ, - წერს ნათია მეზვრიშვილი და დასძენს, რომ  ყველაფრის მიუხედავად, მაინც მშვიდობიანი გზით, იმიტომ, რომ ქვეყანაში არეულობა მხოლოდ ოცნებას და რუსეთს აწყობს.
  24. tvati
    აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პროგნოზით, უკრაინა მოსალოდნელი კონტრშეტევის საშუალებით „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას“ დაიბრუნებს.
    ”ზუსტად რამდენად, რა ტერიტორიაზე მოხდება ეს დამოკიდებულია ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ. მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნა სალივანმა.
    კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე სახის მოლაპარაკებებს მოელის, სალივანმა უპასუხა, რომ ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებზე ძირითადი გავლენა ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებს ექნება.
    ”მაგრამ რასაც ვიტყვი არის ეს: თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ომი საბოლოოდ დიპლომატიის გზით დასრულდება”, - აღნიშნა სალივანმა.

    იპნ
  25. tvati
    ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია, არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
    ლილუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავის მიხმარება მათ არ სჭირდებათ.
    "ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა მიხმარების "ქართული ოცნებისთვის" და დავინახეთ მისმა ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშვნინა მისთვის სასურველი კანდიდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კარგად ვიცით, როგორ ეხმარება "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას", როცა მისგან ქმნის მტრის ხატს და წლებია იმარჯვებს არჩევნებზე. კარგად ვიცით კალაძის და კობახიძის განცხადებები, როგორი საჩუქარია მათთვის ხაბეიშვილი და კეზერაშვილი. ჩვენ არავის მიხმარება არ გვჭირდება. ვისაც ამის სურვილი აქვს და თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია. არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ და ისე საკითხების მიხედვით ვითანამშრომლებთ ყველასთან,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
    ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტქალაქში," „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
    „ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

    ipn
×
×
  • შექმენი...