საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აკრიტიკებს „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და ამბობს, რომ შესაძლოა, ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა, რომ ის მარტში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჩხეიძემ ღიად გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში.
ამას დღეს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა კინოცენტრი და დაწერა:
კინოცენტრი დასძენს, რომ დასახელებული ბრალდებებიდან, „თითქოსდა რუსეთ-უკრაინის ომთან მის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, სიცრუეა და არანაირი კავშირი არ აქვს არც ელემენტარულ სიმართლესთან და არც მორალთან,“
დირექტორობიდან გათავისუფლება — რა მიზეზებს ასახელებს გაგა ჩხეიძე?
გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 5 აპრილს, გაგა ჩხეიძემ ბრიფინგი გამართა. ამ ბრიფინგზე თქვა, რომ პირველი უთანხმოება თეა წულუკიანთან ჯერ კიდევ კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, უკავშირდებოდა სალომე ჯაშის ფილმს „მოთვინიერება“.
ჩხეიძის თქმით, რომელიც თანამდებობიდან უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი თვით ადრე გაათავისუფლეს, თეა წულუკიანმა ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე მასთან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ფილმში კინოცენტრის ფული დაიხარჯა. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებაა. 2016-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გიგანტურ ხეებს თხრიდა და ზღვით გადაჰქონდა შეკვეთილში, დენდროპარკში.
ამასთან, ამავე შეხვედრაზე, ჩხეიძის თქმით, წულუკიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ პეტიციის გამო, რომელიც მოითხოვდა, ის კულტურის მინისტრად არ დაენიშნათ. ჩხეიძე განმარტავს, რომ წულუკიანმა კინოცენტრის თანამშრომლები დაადანაშაულა პეტიციის ხელმოწერაში. თავად ყოფილი დირექტორი კი აღნიშნავს, რომ ხელმომწერთა შორის მისი თანამშრომლები არ ყოფილან.
გაგა ჩხეიძის განცხადებით, ეს იყო ბოლო შეხვედრა, რომელიც თეა წულუკიანთან გამართა და მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არაერთი წერილისა და მოწვევის მიუხედავად, კინოცენტრში არათუ თავად მინისტრი, მისი მოადგილეებიც კი არ მისულან. ჩხეიძე აღნიშნავს, რომ უფლებამოსილება 3 წლით ჰქონდა განსაზღვრული და გათავისუფლებიდან 1 თვეში ისედაც უწევდა პოსტის დატოვება. თუმცა, მისი თქმით, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გამო, წულუკიანმა მისი გათავისუფლება დააჩქარა.
ვრცლად წაიკითხეთ:
რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა.
შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შეარცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა.
განცხადებაში მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს, იმ დროს, როდესაც მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობდა, რაც დეპორტაციის საქმით დაგვირგვინდა, ამ ყველაფერს აპროტესტებდა. მაშინ უფლებადამცველთა და აქტივისტთა ნაწილი მოსკოვის ქუჩებში გამოდიოდა მაისურებით, რომლებზეც ეწერათ „მე ქართველი ვარ“. აქტივისტთა ამ მცირე ჯგუფს შორის იყო ვიქტორ შენდეროვიჩიც.
ნეტგაზეთი განმარტებებს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
გარეკანი ფოტო: „გაზეტა ზავტრა“
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოდის.
თუმცა, საქართველოს საზღვრებზე ხშირად არ უშვებენ ოპოზიციონერ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს – მათ, ვინც პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგება. უმეტესობას საზღვარზე არ უხსნიან მიზეზს.
ამის მიუხედავად, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე — ორივე მათგანი დასავლეთის მიერაა სანქცირებული. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.
ევროპარლამენტარებმა დღეს, 1 ივნისს, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის გადასაცემად საბრძოლო მასალების, რაკეტებისა და მისი კომპონენტების წარმოების გაზრდას.
კანონპროექტი, რომელსაც „საბრძოლო მასალების წარმოების მხარდამჭერი აქტი“ (ASAP) უწოდეს, ევროპარლამენტში მაისის დასაწყისში წარადგინეს და დაჩქარებული პროცედურებით დაიწყეს განხილვა.
დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო მასალების წარმოებას დამატებით 500 მილიონი ევროთი დააფინანსებენ. კანონპროექტის მიზანია, წარმოება იმ დონემდე გაიზარდოს, რომ მან შეავსოს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შექმნილი დეფიციტი, მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალებითა და რაკეტებით ამარაგებენ.
კანონპროექტს მხარი 446-მა დეპუტატმა დაუჭირა, 67 წინააღმდეგი იყო, 112-მა კი თავი შეიკავა. ამის შემდეგ ევროპარლამენტარები პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად ევროკავშირის საბჭოსთან. ამის შემდეგ კი საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე, ივლისში უყრიან.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.
„1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს.
ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები 3 - თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა.
დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარები შეძლებენ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ.
დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში დაუდასტურეს. პირველი რეისები სოჭიდან თბილისში ხუთშაბათს, 15 ივნისსა და სამშაბათს, 20 ივნისს განხორციელდება.
მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მარშრუტით აპირებს რეისების განხორციელებას.
მათი ცნობით, ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება.
გამოცემის ცნობით, რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს ფრენების განხორციელებაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ნებართვა 2 ივნისიდან აქვს.
ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვების ინიციატივით გამოდის.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოსწავლეების მესამედი სასკოლო საათებში საკვებს ვერ იღებს, ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული სიღარიბეა.
ელეონორა არჩაიას თქმით, აუცილებელია განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში.
“მოგეხსენებათ, თუ რამხელა გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბე საქართველოში. სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, ბავშვები მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, მათ დიდ ნაწილს ასაკის შესაბამის კვების რაციონთან წვდომა არ აქვს. იუნისეფისა და საქსტატის ერთობლივი 2023 წლის კვლევით დგინდება, რომ ბავშვების მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სასკოლო საათების პერიოდში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO) ადასტურებს, რომ დაბალანსებული კვება მოსწავლის ფიზიკური, მენტალური, ემოციური და კოგნიტური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სწორედ ამიტომ მოგმართავთ ინიციატივით, განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში.
მერიის მიერ ტენდერის საშუალებით შერჩეული პირი (პირები), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს, წლის განმავლობაში სასწავლო დღეებში მიაწვდიან მოსწავლისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ სადილის ყუთებს, რომელთა შიგთავსის განსაზღვრა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება.
პროგრამით სარგებლობა უნდა შეეძლოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფას.
ჩვენს ბავშვებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. დარწმუნებული ვარ, არსებობს გზები განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, მოვახდინოთ პროგრამის დანერგვა ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ელეონორა არჩაიამ.
ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული ტურიზმის შესახებ კანონპროექტი.
სხვა ცვილელებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შემოღებასაც. კერძოდ, მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა საჭიროა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი მოძველებულია.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ტურიზმის კანონმდებლობის ხარვეზები სახელმწიფოს აყენებს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, ადეკვატურად უზრუნველყოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და უნიკალური სერვისების შეთავაზება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს პროფესიული საკვალიფიკაციო ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განაპირობებს არაჯანსაღ კონკურენციას.
„ტურიზმის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია განახლებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებას, რაც დარგს მისცემს ხარისხის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის გარანტიებს, კონკურენციის განვითარებას. დღეს მოქმედი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სექტორის წინაშე დგას დღეისათვის. გარდა ამისა, ტურისტული მომსახურების არსებული რეგულაციების შეცვლა და ვროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ძირითადი არსი:
სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
განისაზღვრება ტურ-ოპერატორის და კომბინირებული ტურისტული ხელშეკრულების მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შესრულება/უზრუნველყოფა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევით ან/და ფინანსური/საბანკო გარანტიით;
განისაზღვრება მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების, მათ შორის სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის რეგულირების საკითხები. კანონპროექტით, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების/აქტივობების სია და განხორციელების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით/ტექნიკური რეგლამენტით.
სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება ხდება აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული პირების მეშვეობით;
მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოპოვებისთვის წინაპირობები განისაზღვრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უნიფიცირებულ სტანდარტებს ტურისტულ პაკეტთან და დაკავშირებული მოგზაურობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.
კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება ტურისტული პაკეტის ცნება.
კანონპროექტის თანახმად, ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია მოგზაურობის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.
ამასთან, ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისი ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მკაფიოდაა მითითებული აღნიშნულის შესახებ, ასევე, მითითებულია ტურისტის უფლება ფასის
შემცირების მოთხოვნის შესახებ. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული ფასის შეცვლის და გამოთვლის წესი.
ტურ-ოპერატორებისათვის სიახლეს წარმოადგენს ფინანსსური გარანტიის(უზრუნველყოფის) ქონა, ტურისტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით. რაც ტურისტს უფლებას აძლევს მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. კანონპროექტით, ასევე განისაზღვრა ვალდებულების უზრუნველყოფის ფარგლები, რაც ტურ-ოპაეტორის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი.
კანონპროექტი ასევ ითვალისიწნებს ჯარიმებს ტურიზმის შესახებ კანონმდებლობის
დარღვევისთვის. კერძოდ:
სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატისა და/ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში 1000 -დან 2000 ლარამდე ოდენობით.
ტურისტული გიდისა და სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის მიერ საქმიანობის განხორციელება საიდენტიფიკაციო მოწმობის ტარების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით;
მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით და/ან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 800 -დან 1500 ლარამდე ოდენობით; განმეორების შემთხვევაში 1600-დან 3000 ლარამდე ოდენობით;
ტურ-ოპერატორების და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულების ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოში შემოსული ვიზიტორის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის წესის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მუშაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად არასაკმარისია. განცხადებას ორგანიზაცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
PHR საუბრობს კონკრეტულ გამოწვევებზე, რაც 2023 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროშია.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგანგაშო იყო „რუსული კანონის“ ინიცირება პარლამენტში, რაც მათი ცნობით, მათ შორის საფრთხეს უქმნიდა ბავშვთა კეთილდღეობაზე და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პირდაპირ აზიანებდა ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს.
PHR-ს რამდენიმე კვლევა მოჰყავს მაგალითად, რომლებშიც ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კვლევების საფუძველზე საუბრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მდგობარეობაზე, ე.წ ბავშვთა სახლების არსებობასა და იქ არსებულ პრობლემებზე, ასევე ბავშთა უფასო სასკოლო კვებაზე.
ქვეყანაში გვყავს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის ბავშვები: სიღარიბეში მყოფი შშმ ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ ბავშვები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთათვისაც სახელმწიფო პროგრამები არასაკმარისია; ხოლო არსებული ბავშვთა კეთილდღეობის პროგრამები, არ არის მორგებული შშმ ბავშვებზე, რაც კიდევ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ამ ბავშვებს მათი უფლებების დაცვის პროცესში.
საქართველოში კვლავ არსებობს ე.წ. ბავშვთა სახლები, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უსაფრთხო და ჰარმონიული ცხოვრების, მათი განვითარების ფუნდამენტურ უფლებებს. სახელმწიფო კვლავ არაეფექტურად მუშაობს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერის მიმართულებით.
განსაკუთრებულად მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა უფასო სასკოლო კვების არარსებობა. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, ბავშვების მხოლოდ მეოთხედი (27%) იკვებება სასკოლო საათებში, ხოლო დანარჩენი ბავშვები ან საერთოდ არ იკვებებიან სკოლაში (35%), ან – არარეგულარულად. აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ მათ განათლებას და განვითარებას უქმნის საფრთხეს.
იგივე კვლევა მიუთითებს, რომ სკოლამდელი აღზრდა (ბაღები) მიუწვდომელია ბავშვებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, წამყვანი მიზეზი არის ის რომ საცხოვრებელი სახლის ახლომახლო არ არის ბაღი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით იჩაგრებიან ბავშვები, რომელებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ.
ამ და სხვა გამოწვევების გამო, PHR-ს მიაჩნია, რომ საჭიროა სახელმწიფო უწყებების მაქსიმალური მობილიზება ბავშვთა უფლებების გაძლიერების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინისა და რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში.
„ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა: – რატომ NATO? პასუხი კი ძალიან მარტივია: – როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არის მხოლოდ გარანტია ომისა.
ჩვენ არ გვსმენია უსაფრთხოების ისეთი ალიანსის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელშიც შეიძლება შედიოდეს ჩინეთი, NATO და უკრაინა. ჩვენ კი გვჭირდება მშვიდობა, მხოლოდ მშვიდობა.
და რას ხედავენ ისინი?! თუკი, უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლის დაღვრით აჩვენებენ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპული ღირებულებების მიმართ, ჯერჯერობით არ მიუღიათ მკაფიო დადებითი პასუხი ევროპასა და NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით, სხვების იმედიც სრულიად ილუზორული ხდება.
მოლდოვაში გამართულ სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც. პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს - ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია, - „ინტერფაქს-უკრაინას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში. ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი ჩვენ, უკრაინელებს, რომლებიც სისხლით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ მოგვისმენია მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად უჩინარი ხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ მთავრობების (ბელარუსის და საქართველოს) შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე ალტერნატივა, გარდა დასავლური პერსპექტივისა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად გაფუჭებულია ურთიერთობა მაშინ, როცა უკრაინა ერთ დროს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა.
"არ ვიზიარებ, დარწმუნებული ვარ აქ იგულისხმებოდა მხოლოდ მთავრობების შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის მას დღევანდელი ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე სივრცე, ალტერნატივა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის, გარდა დასავლური პერსპექტივისა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. არ არსებობს მსგავსი რამ. თუმცა, ძალიან მძიმეა, როცა ომში მყოფ სახელმწიფოს იმდენად აქვს დამოკიდებულება გაფუჭებული შენს მთავრობასთან, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, როცა ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდნენ," - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსებს მოსკოვი-ქუთაისის რეისის განახლება ევროპაში იაფი ფრენებისთვის ეჩქარებათ. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დიმიტრი გორინი Forbes-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ქუთაისის მიმართულებით ფრენა „მეტად საინტერესოა,“ რადგან იქიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air ევროპის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში, ლარნაკაში, ბარსელონაში, რომში, პარიზში და სხვა ქალაქებში დაფრინავს.
გორინს Tutu Travel Service-ის ავიაბილეთების მიმართულების ხელმძღვანელი, დენის პოკრასენკოც ეთანხმება. მისი თქმით, „ის ფაქტი, რომ ქუთაისი არის Wizz Air-ის ერთ-ერთი ჰაბი, რუს მოგზაურებს უქმნის უამრავ შესაძლებლობას იაფი ფრენისთვის.
„ქუთაისის მიმართულებით რეისების გახსნით მათ ევროპაში ფრენის ახალი ვარიანტები ექნებათ,“ - განუცხადა Forbes-ს პოკრასენკომ.
ის Wizz Air-ის ვებგვერდზე მოცემულ საზაფხულო ბილეთების ფასებს ხაზს უსვამს და აცხადებს, რომ რუსები „ქუთაისიდან ერთი მიმართულებით, დაახლოებით, 5000 რუბლად (62 დოლარად) ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩაფრენას შეძლებენ, როგორიც არის რომი, პრაღა, ბუდაპეშტი, ვენა, პარიზი და სხვა.“ პოკრასენკო აღფრთოვანებულია, რომ „ზოგიერთ უცხოურ მიმართულებაზე, კერძოდ, ლარნაკაზე, აბუ დაბისა და სალონიკზე ბილეთი შოვნა 3000 რუბლამდე (37 დოლარამდე) ფასშიც არის შესაძლებელი.”
პოკრასენკო ვარაუდობს, რომ ქუთაისის გავლით ევროპაში ფრენის ღირებულება პირველ რიგში ავიაკომპანია Red Wings-ის ბილეთების ფასებზე იქნება დამოკიდებული. როგორც ცნობილია, Red Wings-ს მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 ივნისიდან, კვირაში სამი სიხშირით უნდა დაეწყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზითა და ვადით გადადო.
„თუ ვივარაუდებთ, რომ Azimuth-ისა და Georgian Airways-ის თბილისის ცალმხრივი მიმართულების ფასების ანალოგიით ქუთაისის რეისის ფასიც, დაახლოებით, 15 000-20 000 რუბლი (185-247 დოლარი) იქნება, მაშინ 20 000-25 000 რუბლად (247-308 დოლარად) ევროპის ზოგიერთ ქალაქში, ხოლო 30 000-35 000 რუბლად (370-432 დოლარად) ევროპის, თითქმის, ყველა ქვეყანაში ჩავფრინდებით,“ - გამოთვალა პოკრასენკომ.
აქვე ის ერთ საინტერესო დეტალს ასახელებს. კერძოდ, რუს ექპერტს მიაჩნია, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპის მიმართულებაში კონკურენციას სტამბოლის აეროპორტს გაუწევს. პოკრასენკოს ცნობით, რუსი მოგზაურები ევროპაში სტამბოლის გავლით, თითქმის, ანალოგიურ ფასად დაფირნავენ, თუმცა არის მიმართულებები, რომლებიც ქუთაისიდან რუსებისთვის შესაძლოა, კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს. მაგალითად, მისი ვარაუდით, მოსკოვი-პარიზის, მოსკოვი-რომის, მოსკოვი-სალონიკის მიმართულებები 20 000-25 000 რუბლამდე (247-308 დოლარად) ფასში იქნება ხელმისაწვდომი, მაშინ, როცა ამჟამად სტამბოლის გავლით ამ მარშრუტებზე ფრენები, მინიმუმ, 30 000 რუბლი (370 დოლარი) ღირს.
თუმცა დენის პოკრასენკო რუსებისთვის ერთ უხერხულობას ხაზგასმით შენიშნავს. კერძოდ, Wizz Air-ის ვებგვერდზე რუსული საბანკო ბარათის გამოყენებით ბილეთის ყიდვა შეუძლებელია, ამიტომ მათ დასახმარებლად ავიაბილეთების აგრეგატორებს უნდა მიმართონ.
ქუთაისი რომ „უაღრესად მიმზიდველია,“ ამაში პოკრასენკოს ავიაინდუსტრიის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო Aviaport-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ პანტელეევი ეთანხმება. მისი თქმით „რუსეთის ევროპული ნაწილიდან Wizz Air-ის მარშრუტების ქალაქებში ფრენებთან ქუთაისის მიბმა მგზავრობის მინიმალური დროის გამო მეტად მიმზიდველია.“ მეტიც, პანტელეევის შეფასებით, „ერევანიც კი, რომელიც აქამდე რუსების მხრიდან მოთხოვნით სარგებლობდა, ოდნავ მოშორებითაა, ხოლო სტამბოლი კიდევ უფრო შორს მდებარეობს.“
ავიაექსპერტი ერთ უარყოფით მხარეზეც საუბრობს. კერძოდ, „ქუთაისიდან ბევრ პოპულარულ მიმართულებაზე Wizz Air-ის ფრენების სიხშირე ყოველდღიური არ არის.“ თუმცა პანტელეევი ვარაუდობს, რომ „თუ მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება, ავიაკომპანიამ ახალ ვითარებას შესაძლოა, მოქნილად უპასუხოს, სიხშირეები დაამატოს და სატარიფო პოლიტიკაც ბუნებრივად დაარეგულიროს.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 10-ვე რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა „ისკანდერის“ მოკლე რადიუსის რაკეტებით განახორციელეს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ბავშვთა კლინიკა, სკოლის ორი შენობა და პოლიციის განყოფილება. აფეთქების ტალღის შედეგად საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა.
ამასთან, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსული ძალების თავდასხმას 11 წლის გოგონა, მისი 34 წლის დედა და კიდევ ერთი, 33 წლის ქალი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 12-ია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვი იყო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პარტნიორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციაზე, ასევე უკრაინის ახალ ინიციატივაზე „პატრიოტების“ კოალიციასთან დაკავშირებით და უკრაინის „მშვიდობის ფორმულაზე“.
„მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ აქ ვარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვას მხარდაჭერა. გვიხარია რომ ისტორიულად ჩვენ ისევ ერთად ვართ, ერთმანეთის მხარდამხარ. მინდა მოლდოველ ხალხს ჩვენი ხალხის, უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. უკრაინა ასევე მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად. უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი მოლდოვისთვის რუსეთისა და მისი აგრესიის გამო უკრაინაში და ასევე პოტენციური აგრესიის გამო ევროპის სხვა ნაწილში. მოხარული ვარ რომ აქ ვარ და ვისაუბრებ პარტნიორებთან მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციასა და „პატრიოტების“ კოალიციაზე, რომელიც ჩვენი ახალი ინიციატივაა და ასევე მშვიდობის ფორმულაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
მოლდოვაში ევროპელი ლიდერები შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს და თანამშრომლობის სფეროებს მთელი კონტინენტის მასშტაბით. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა გაიმართა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა, სადაც ლიდერებმა ძირითადად უკრაინის ომსა და გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
“აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა”, – ნათქვამია მერიიის განცხადებაში.
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას თქმით, საქართველოს გასატარებელი აქვს რეფორმები და გასაცემი კითხვებზე პასუხები.
„როგორც გუშინ ვთქვი საქართველოს პრეზიდენტთან, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები არის გასატარებელი. კითხვებზე პასუხი გასაცემია. მაგრამ რეფორმები გზაშია და მე მაქვს საქართველოსა და ქართველ ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაში“ — განაცხადა მეცოლამ დღეს, 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოება (EPC) არის სამთავრობათაშორისო ფორუმი პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც შეიქმნა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, ასევე, ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.
„კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა“, – 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ უფლებების დარღვევაზე განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციების ცნობით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის სპეციალური მიზანი იყო, აქციის მონაწილეებისათვის არ მიეცათ კარვის გაშლის უფლება. მათი განცხადებით, კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციას არ გაუფრთხილებია მოქალაქეები, არ გაეშალათ კარავი.
ორგანიზაციების განმარტებით, შეკრების შეწყვეტა ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ასეთი შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამ უფლებით სარგებლობისას მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პროტესტი ნებისმიერი საკითხის მიმართ, საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე – საჯარო თავშეყრის ადგილებში.
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, უწყვეტი აქციები დაიწყო.
კარვის ჩამორთმევის შემდეგ, 29 მაისს, „პუბლიკა” ბექა გრიგორიადისს ესაუბრა. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მხოლოდ მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამოა დაკავებული, რადგან მტკიცებულებებში „არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები”. ბექა გრიგორიადისი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებს, სანამ სამართალს არ მიაღწევს.
პროკურატურამ ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მიმალვაშია. შემთხვევა 25 მაისს მოხდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში მოქალაქე ჩავარდა.
თავდაპირველად ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს. მერიის ინფორმაციით, მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პუბლიკა” დამატებით ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გადამოწმებას.
მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი განმარტებით, აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ასეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა.
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!, - წერს გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო მათთან ერთად მუშაობა.
"სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა!
ღირსეული და საამაყო საქმით ემსახურებით ქვეყანას, ხშირად ძალიან რთულ, უსამართლო პირობებში და დაუფასებლად.
გისურვებთ ღირსეულ, წარმატებულ და დაფასებულ საქმიანობას საქართველოსთვის!", - აცხადებს გახარია.
ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის, რომ ბოლოს და ბოლოს მოუსმინო საქართველოს მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის.“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
პუბლიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მაისს, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი სოლიდარულია რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისადმი.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მალე როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ისხდებიან.
“საქართველოს აქვს ნამდვილად ტრაგიკული ისტორია, რომელიც ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის: საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რეპრესიები და უწყვეტი რუსული აგრესია და ოკუპაცია.
ასევე მსურს, ხაზი გავუსვა რუსეთის გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში. მე ვდგავარ თქვენ წინაშე და მსურს, ხაზი გავუსვა ჩემს სოლიდარობას და ქართველი ხალხის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ”, — დასძინა ზურაბიშვილმა, რასაც დარბაზიდან ტაში მოჰყვა.
“ჩვენ ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ უკრაინა არა მხოლოდ იცავს თავის ტერიტორიას, არამედ ღვრის სისხლს თითოეული ჩვენგანისთვის; იმისთვის, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, თავისუფლება, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უზრუნველყოს უსაფრთხოება ევროპისთვის.
მე მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მხარდაჭერა და უდიდესი პატივისცემა პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მოსახლეობის მიმართ. მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ორივე ქვეყნის, საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლები, ნამდვილად ამ დარბაზში ისხდებიან”, — დაამატა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს საზღვრები.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა — შეუპოვრობა.
„დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატოს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და აგულიანებდა რუსეთის აგრესიის წამოსაწყებად. ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი იმპერიალისტური ბუნება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ თუ რამე აქეზებს რუსეთს აგრესიის დასაწყებად, ეს არის [დასავლეთის] ყოყმანი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სალომე ზურაბიშვილმა ამ კონტექსტში გაიხსენა რუსეთის აგრესიის მიმართ არასათანადო რეაგირება საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.
ევროპარლამენტარები აფასებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 31 მაისის გამოსვლას ევროპარლამენტში.
„ოვაციები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან ძლიერი და პრო-ევროპულ სიტყვით გამოდის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის გზაზე“, — წერს ირლანდიელი ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდი ევროპის სახალხო პარტიიდან.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია) სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ადარებს, რომ „როგორც იქნა“ მაღალი დონის ოფიციალური პირის მხრიდან მოისმინა ქართველების 90%-ზე მეტის ევროპული ნების გამოხატვა.
„ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მტკიცედ გიჭერთ თქვენ და თქვენს ხალხს მხარს საქართველოს ევროპული მომავალში. კანდიდატის სტატუსი საქართველოს“, — წერს კრამონი.
„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წევრი ნაჩო სანჩეს ამორი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგად ართმევს თავს ძალიან რთულ საქმეს საქართველოში უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით.
„საქართველოს პრეზიდენტის მკაფიო სიტყვები. საქართველო უნდა მიიყვანოს ევროკავშირში. მან ასევე მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესიული ომი“, — წერს Twitter-ზე კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ენგინ ეროღლუ (Renew Europe).
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.
„ქართველები ევროპას საკუთარ სახლად ხედავენ და იმედი უნდა მივცეთ. დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მისრაფებების რწმენისთვს“, — აცხადებს მეცოლა.
კრიტიკულია ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. ის აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერები ციხეში არიან, ხოლო კიდევ მრავალი მაგალითი ადასტურებს ქვეყნის გზიდან გადახვევას.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთება, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს დემოკრატია და მოხდეს საქართველოს ტრაექტორიის დარეგულირება, არ უნდა გამოიყენონ როგორც იარაღი პოპულისტურმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ანტიევროპული ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი მუდმივი გზავნილი იყო, მოესმინათ ხალხის ხმა, საკუთარი ხალხის ხმა და მოეხდინათ მათი საარჩევნო დაპირებების რეალიზაცია. უნდა მოხდეს 12 რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ უნდა მოხდეს უფრო მეტის გაკეთება. ეს არის ჩვენი ამოცანა შემდეგი წლებისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ მეორე შანსი. ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს. ასევე, დემოკრატიული პოზიციის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის პოზიცია უნდა იყოს პატივნაცემი. ეს მეტყველებს სამოქალაქო საზოგადოების ძალაზე. საქართველოს მოსახლეობა არ დანებდება, არ დანებდება უკრაინის მიმართ სოლიდარობის მიმართულებით, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და უკან არ დაიხევს თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ვარ ასეთი ოპტიმიზმით აღსავსე. ხოლო დროის საკითხია, რომ უკეთესობისკენ მოხდეს ცვლილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს უსაფრთოების უზრუნველყოფა.
„რუსული კანონის ჩაგდება გახლავთ იმის მაჩვენებელი, რომ დემოკრატიული ნება ამ ქვეყნისა უნდა იყოს პატივნაცემი. ასევე საქართველოსთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთოხება, დაცვა რუსეთისგან, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. არავინ უნდა გაგზავნოს არასწორი სიგნალი, არ დატოვოს საქართველო და არ შექმნას საქართველოში რუხი ზონა. 2008-2014-2022 წლის გაკვეთილები გახლავთ, რომ ყოყმანს მაღალი ფასი აქვს და რუსეთი აწყდება რა დამარცხებას უკრაინაში, ჩვენ არ შეგვიძლია, რუსეთს ცდუნება შევუქმნათ, რომ სადღაც არის სუსტი წერტილები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მოწადინებულია, საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი.
„რუსეთი ცდილობს, ჩაიწეროს ქულები და თავისი გავლენის გაძლიერებით შეასუსტოს ევროპული ზეგავლენა ფრენების განახლებით, სავიზო რეჟიმის მოხსნით. ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ მოხდეს შიდა არეულობა, ესკალაცია. ამის უფლება ჩვენ არ უნდა მივცეთ არც საქართველოსთან და არც ევროპასთან მიმართებით. ევროპა უკრაინასთან ერთად ებრძვის უხეშ ძალას, უნდა დაეხმაროს საქართველოს ამ ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში. აი, ამას გულისხმობს კანდიდატის სტატუსი. განცხადება შემართებისა და არა კონფრონტაციის. კანდიდატის სტატუსი გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც პროევროპული ძალის რეგიონში. ევროპას ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა ახალი მსოფლიოსთვის, რომელიც იბადება. საქართველო გახლავთ არა მხოლოდ დემოკრატიის საყრდენი, არამედ უმნიშვნელოვანესი ელემენტი უსაფრთხო შავი ზღვისთვის და სტაბილური კავკასიის რეგიონისთვის. იგი გახლავთ გასაღები ახალი დამაკავშირებელი პროექტებისთვის შავი ზღვის გავლითა და კავკასიის გავლით, კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კანდიდატის სტატუსი ასევე დაიცავს დემოკრატიას.
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთება, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს დემოკრატია და მოხდეს საქართველოს ტრაექტორიის დარეგულირება, პოპულისტურმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ, როგორც იარაღი, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ანტიევროპული ტენდენცია. იყო ასეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატობაზე, რომ ევროპა ჩვენ მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებულად გვეპყრობა, არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ეს არის სრული სიცრუე. საქართველოს მოსახლეობამ გვანახა, სად დგას. მაგრამ არ უნდა მოვახდინოთ იგნორირება შავბნელი ძალების ძალისხმევისა, რომ ძირი გამოუთხარონ ამ სოლიდარობას. კანდიდატის სტატუსის მონიჭება დემოკრატიულ მომავალს ემსახურება და მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულდეს. ევროპა მხარს უჭერდა საქართველოს მიუხედავად დემოკრატიის განვითარების ჭრილში მინუსებისა წარსულში, თუმცა საქართველოს მოსახლეობამ წარმატებით დაიბრუნა დემოკრატიული გზა. აი, ამ მიმართულების შენარჩუნება ჩვენთვის სასიცოცხლოა, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.