დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა კიდევ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამასთან, უკრაინული მხარე აღიარებს, რომ კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს.
ასევე, გაზრდილია კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინული ჯარი წინ 5,5 კმ-თი წაიწია, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ აყვანილი ტერიტორიის ფართობი 90 კვ. კმ-ს შეადგენს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის განცხადებით, ფრონტის ცხელ წერტილებში მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღიარა, რომ კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, მაგრამ ჩვენ წავიწიეთ წინ, და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მოწინააღმდეგის დანაკარგები - ზუსტად ეს არის ის, რაც გვჭირდება, თუმცა ამ დღეებში ამინდიც არ არის სახარბიელო, რაც ართულებს ჩვენს ამოცანას, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების ძალას მაინც მოაქვს შედეგი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ისტორია გვასწავლის, რომ ავტოკრატიებს და დიქტატურებს აპრიორი ცუდი დასასრული აქვთ... მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი მეცნიერი და პრაქტიკოსი იურისტები შეიკრიბნენ დღეს ვილნიუსის საერთაშორისო ფორუმზე, სადაც განიხილებოდა ლუკაშენკოს ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე და მიგრანტთა კრიზისზე საერთაშორისო მართლმსაჯულების პერსპექტივების მხრივ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა თავაძეწერს.
როგორც ზაზა თავაძე აღნიშნავს, ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ გაატაროს რეფორმები, რათა ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამორჩეს, ხოლო საქართველოს მთავრობა ამ მიზნის მისაღწევად არაფერს აკეთებს.
"პირიქით, ქვეყნის საზიანოდ, პირადი გადარჩენისა და რუსეთის ეგზისტენციალური შიშის მოტივით, მაქსიმალურად ცდილობენ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი რუსეთისკენ მიმართონ.
ჩვენი ევროპელი მეგობრები აშკარად ხედავენ, რომ მიუხედავად იმისა, მმართველი პარტია ანტიევროპულად მოქმედებს, ქართველი ხალხი ევროპელია და იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ამ ფონზე იმედიანად ვუყურებთ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ამ წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებს.
P.S. ამასობაში რამდენიმე საათია წამოგვეწია ვენეციის კომისიის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ “ოცნების” წარმოდგენილი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ვერ პასუხობს გამოწვევებს (პირიქით, უფრო დიდი საფრთხის შემცველია) და ქვეყანამ ის არ უნდა მიიღოს.
რეალური დეოლიგარქიზაცია ქვეყანაში არა ფასადური კანონების მიღებით, არამედ რეალური და ქმედითი რეფორმებით მიიღწევა მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებებით, რადგან ოლიგარქიის საყრდენია მიტაცებული ინსტიტუტები და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება.", - წერს ზაზა თავაძე.
ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს:
ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება.
ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
"ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით. ეს "პირადი მიდგომა" მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებაზე გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა. შ.), და უწესებს რიგ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ გადახედილ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად ხელისუფლების დამხობის დროს, პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე",- აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისია თვლის, რომ ეს უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა.
"ეს ზომები შემუშავებული უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით. ამჟამად კანონპროექტი არ შეიძლება განიხილოს დემოკრატიულ და ეფექტურ პასუხად. დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი კანონმდებლობა შეიძლება გახდეს სახიფათო ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის", - ნათქვამია დასკვნაში.
ევროკავშირში მსჯელობენ თავისი ბუნებრივი აირის ნაწილის უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცავებში შენახვის შესაძლებლობაზე, ზამთარში საწვავზე მოთხოვნილების და ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივის აირის საცავები თითქმის შევსებულია - 70%-ზე მეტი და მოსალოდნელია, რომ სიმძლავრის ლიმიტს ისინი უკვე სექტემბრისთვის მიაღწევენ.
მედია წერს, რომ ეს არის იმ პანიკის თავიდან აცილებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი, რომელმაც გასულ წელს, ევროპა ბუნებრივ აირზე რეკორდულ ფასებამდე და სახელმწიფო ჩარევამდე მიიყვანა.
"სასაციცხლოდ მნიშვნელოვანი საწვავის შენახვა ქვეყანაში, რომლის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სარაკეტო დარტყმებისა და იერიშების მიზანია, ბევრს უაზრო იდეად მიაჩნია, მაგრამ ამას ბევრი მომხრეც ჰყავს, რადგან საცავები ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს არის განლაგებული ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედიის ცნობით, საცავთა შორის განიხილება ბილჩე-ვოლიცკო-უგერის საცავი ლვოვის ოლქში. მასში შესაძლებელია ოთხჯერ მეტი ბუნებრივი აირის შენახვა, ვიდრე გერმანიის ყველაზე დიდ საცავში, და ის ადვილად უერთდება ევროკავშირის ქსელებს, რადგან ათწლეულების მანძილზე სატრანზიტო მარშრუტის როლს ასრულებდა რუსული ენერგომატარებლებისთვის.
უკრაინის საცავები მიწის ქვეშ 2 კმ-ის სიღრმეზეა განლაგებული, ანუ, შედარებით უსაფრთხო ზონაში და მათი მოცულობა 30 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრს შეადგენს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები (G7) რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ, მარცვლეულის წარმოშობის ქიმიური იდენტიფიცირების გზით.
ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის სურსათის, მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრმა მარკ სპენსერმა გააკეთა.
როგორც მან ლონდონში მიმდინარე მარცვლეულის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო საბჭოს კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინიდან მარცვლეულის კონტროლის სქემაში დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს ასრულებს, ხოლო G7-ის ქვეყნები ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინასთან ამ საკითხში.
"ჩვენ ვთვლით, რომ ქიმიური იდენტიფიცირება გახდება ეფექტური საშუალება უკრაინული მარცვლეულის შემდგომი გატაცების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
როგორც მედია აღნიშნავს, რუსეთი აქტიურად იტაცებდა უკრაინულ მარცვლეულს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ექსპერტთა შეფასებით, 2022 წელს მოპარული მარცვლეულის გაყიდვიდან მას შეეძლო 600 მილიონ აშშ დოლარამდე მიეღო.
გასულ თვეში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომლებიც უკრაინის მარცვლეულის გატაცებაში ეჭვმიტანილი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ არის მიმართული.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში რაფაელ გროსი ასევე კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამის დაანონსებას გეგმავს.
გროსი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
"გავემგზავრები უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან შესახვედრად, ასევე წარვადგენ ნოვოკახოვკას კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამას. შევაფასებ მდგომარეობას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ჩავატარებ მისიის როტაციას გაძლიერებული შემადგენლობით", - განაცხადა რაფაელ გროსიმ.
მანამდე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოითხოვა, რომ მისი ექსპერტები უფრო ფართო შემადგენლობით იყვნენ დაშვებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმისთვის, რომ შეამოწმონ აფეთქებული კახოვკას კაშხალზე წყლის დონის მონაცემებში გამოვლენილი „არსებითი ცდომილებები“, რადგან ეს წყალი გამოიყენებოდა სადგურის რეაქტორების გაციებისთვის.
სააგენტოს შეფასებით, მდგომარეობა, რომელიც წყლის უკმარისობასთან არის დაკავშირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მალე შეიძლება გახდეს კრიტიკული.
არასამთავრობო ორგანიზაციები ჭიათურაში მაღაროელების მიერ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. უფლებადამცველები მიმართავენ შრომის ინსპექციის სამსახურს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით, ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს, რომ პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს, მედიას კი მოუწოდებენ, აქტიურად გააშუქოს ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია.
„მე-7 დღეა ჭიათურის ქუჩებში 3000-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახის წევრები უმძიმესი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. მუშაობა შეჩერებულია მაღაროებში. საუბარია ისეთი ბაზისური შრომითი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა; სანგრების განიავება; საშხაპეების მოწყობა; ახალი, მეტად დატვირთული და ნაკლებად ანაზღაურებული სამუშაო გრაფიკიდან ძველ განრიგზე დაბრუნება.
ცხადია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ 17-წლიანი მმართველობის პერიოდში, შრომით დარღვევებს სისტემატური ხასიათი აქვს. მიუხედავად ჭიათურაში სხვადასხვა დროს მიმდინარე მწვავე გაფიცვებისა, ამ პროტესტის ფარგლებშიც უცვლელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, უსაფრთხო და სამართლიანი შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნა.
აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, 2017 წლიდან კომპანიას სახელმწიფოს სპეციალური მმართველი განაგებს, როგორც წლების განმავლობაში, კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) აღმოსაფხვრელად, ისე დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობის გამოსასწორებლად. მიუხედავად სახელმწიფო მმართველის უშუალო ჩართულობისა, ცხადია, რომ 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით აღდგა.
ერთი კვირაა მაღაროელები ამაოდ ცდილობენ, მიიპყრონ სახელმწიფოსა და მეინსტრიმული მედიის ყურადღება. უშედეგო პროტესტის გამო, მაღაროელთა განცხადებით, ისინი გეგმავენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს, მედიასა და სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ შემდეგი მიმართულებით:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს; მათ საჯარო სამართლის პირს, შრომის ინსპექციის სამსახურს:
დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით. ადგილზე შეისწავლონ დასაქმებულთა შრომის პირობები, მათ შორის უსაფრთხოების დაცვისა და აღჭურვილობის საშუალებების მდგომარეობა, კვებისა და სანიტარული კვანძების მდგომარეობა და გასცენ კომპანიაზე სავალდებულო მითითებები;
სახალხო დამცველს - პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს; გამოსცეს წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიმართ, გააკეთოს განცხადებები მაღაროელთა შრომითი უფლებების დასაცავად.
მედიას -აქტიურად გააშუქოს ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია. ხელი შეიწყოს საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან : „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „ერთობა 2013“ „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „გილდია“; „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე დეოლიგაქციზაციის კანონი და ვენეციის კომისიის დასკვნა განიხილეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.
მისივე თქმით, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მინიშნება პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, დეოლიგაქიზაციის შესახებ კანონის ამოქმედების ვადად ჩაიწერება 1-ელი მარტი, მაგრამ თუ ვენეციის კომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, კანონი არ ამოქმედდება.
„მეორე საკითხი, რაც იყო აქტუალური დღევანდელ სხდომაზე, ესა იყო დეოლიგარქიზაციის საკითხი.
ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული, როგორც მოხდა მათი რეკომენდაციების კანონში ასახვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული, ერთადერთი მინიშნება, შეიძლება ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიისა პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში, რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი და იმ შემთხვევაში თუ სწორედ ამ არგუმენტაციიდან გამომდინარე ევროკომისია წელს, წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგაქციზაციის კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის 1ელი მარტიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე განიხილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი.
„მესამე საკითხი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი, აქ საინტერესო სიახლე გვაქვს, გარდა იმ დათქმისა, რომ 15% აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს უნდა მოხმარდეს, შემდეგ წელს ეს იქნება 16% და იმის შემდეგ 17%. ამ დათქმის გარდა არის ძალიან საინტერესო და კარგი სიახლე სატელევიზიო-დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებით. საზმაუს ექნება ვალდებულება, თავისი ბიუჯეტის არანაკლებ 10% დახარჯოს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკაში. ეს იქნება უდიდესი სტიმული სფეროსთვის და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ დათქმას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთანავე, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე იყო დისკუსია ჯანდაცვის კანონთან დაკავშირებით.
„ასევე იყო დისკუსია ჯანდაცვის კანონთან დაკავშირებით. უმრავლესობაში არის აზრი, რომ დაჩქარებული წესით მღება რაღაც დეტალებთან დაკავშირებით შეიძლება არ იყოს სწორი და ყველა ნიუანსი უნდა იყოს კარგად აწონ დაწონილი. ბალანსი კანონმდებელმა უნდა დაიცვას სახელმწიფო ინტერესებსა და კერძო ინტერესებს შორის და არ უნდა გამოგვეპაროს არცერთი დეტალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას, უარი თქვას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე და უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით.
საერთო პოზიციით გამოვიდნენ გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ისინი არ გამოდიან წინადადებით ევროკავშირის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, არამედ სთავაზობენ პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიული ომის დაწყების დროს ევროკავშირმა დაამტკიცა თავისი მოქმედებების უნარიანობა. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის მხარდაჭერით დიპლომატიურად, ფინანსურად და ასევე დახმარებით სამხედრო სფეროში, რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულების შემცირებით და უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის შეთავაზებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრების განმარტებით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქმედების უნარიანობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კრიზისის დროს და, რადგან, ევროკავშირი გაფართოების გზას ადგას, წარმატებული ევროპული ინტეგრაცია მისი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას საჭიროებს.
"ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა უმრავლესობა მიღების პროცესში ერთსულოვნებას საჭიროებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში აფერხებს ჩვენი მოქმედების უნარიანობას. ამ წესების საწინააღმდეგოდ და არა წყალობით, ჩვენ შევძელით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტის მიღება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის, წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების საპასუხოდ", - განმარტეს მინისტრებმა.
ამასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა შესთავაზეს ევროკავშირს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო ფართოდ გამოყენებულ იქნეს „კონსტრუქციული თავშეკავება“.
აღნიშნული პრინციპი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა მაშინაც, როდესაც ერთ-ერთი სახელმწიფო გამოდის კონკრეტული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მაგრამ არ ეწინააღმდეგა მის მიღებას და, აქედან გამომდინარე, არ აჩერებს სხვა 26 წევრს.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით დარეგულირდება სუროგაციის შემთხვევაში უანგარობის პრინციპი.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ქართველი ქალები სუროგატი დედები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდებიან, მინისტრმა განაცხადა:
მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, რომ სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს.
ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.
აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ობსერვატორიის ტერიტორიაზე სახლებში შესვლას მოითხოვენ. მათი თქმით, სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ამ პრობლემის წინაშე 22 ოჯახი დგას. მათივე თქმით, სახლში დარჩენის უფლება არ აქვთ.
როგორც ობსერვატორიაში ამბობენ, მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ-მკვლევრების ახლობლებს ე.წ. მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლას უზღუდავს. მთა ყანობილი აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარეობს, აქ რამდენიმე მრავალსართულიანი და კერძო ბინაა, სადაც ობსერვატორიაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები პერიოდულად ცხოვრობენ, მათი ნაწილი კი მუდმივად იქ იმყოფება.
მათი გადმოცემით, ობსერვატორიის ადმინისტრაცია არ შეშვების მიზეზად რეაბილიტაციას ასახელებს, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე მათი შესვლით სამუშაოებს ხელი არ შეეშლება. მათი თქმით, დირექტორის, რევაზ ჭანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველს მოკლებულია, რადგან დასახლება სარეაბილიტაციო ობიექტიდან მოშორებით მდებარეობს, შესაბამისად, მათი იქ ყოფნა არც საფრთხის შემცველია და არც ხელის შემშლელი.
მათი თქმით, ობსერვატორიის ადმინისტრაცია მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე სახლებში ისეთ პირებს აძლევს ცხოვრების უფლებას, რომლებსაც ობსერვატორიასთან შეხება არ აქვთ.
თეონა ტოროშელიძის თქმით, 2023 წლის 10 მაისის ბრძანებამდეც ექმნებოდათ შესვლის პრობლემა, რომელიც 4 წელია გრძელდება: „პრობლემა იყო კოვიდის დროსაც, მაგრამ მაშინ გავიგეთ, ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. რას ემსახურება და რა მიზანი აქვს ჩვენს იზოლირებას საკუთარი ბინებიდან, სადაც ჩვენი ნივთებია, არ ვიცით. არაადეკვატური ქმედებაა. ჩვენ ვართ მართლზომიერი მფლობელები. ჩვენი სახლების ბატონ–პატრონები ვართ, თუ რამე ფუჭდება ჩვენ ვაკეთებთ, გადასახადებს ვიხდით. ჩამოვდივართ არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც“.
10 მაისის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს განცხადებით მიმართა. ისინი იმ შენობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ.
აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს მთელი დღის განმავლობაში ობსერვატორიის დირექტორთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა მათი თქმით, რევაზ ჭანიშვილი მოქალაქეებს არ შეხვდა. აქციის მონაწილეებს აინტერესებდათ, რატომ არ აძლევენ ობსერვატორიის ყოფილ და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრებს სახლებში შესვლის უფლებას.
ობსერვატორიის დირექტორი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, თუმცა მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. რევაზ ჭანიშვილი ამბობს, რომ საცხოვრებელი მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის გამოყოფილი. მისი თქმით, პროტესტის მონაწილე ადამიანები ობსერვატორიაში არსებული ბინების კანონიერი მფლობელები არ არიან.
აბასთუმნის ობსერვატორიაში მცხოვრები ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათთვის მისაღები გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ მწარმოებელი კომპანია „რეითეონ ტექნოლოჯის“ აპირებს, სისტემის წარმოება წელიწადში 12 ერთეულამდე გაზარდოს.
გარდა ამისა, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა გრეგ ჰაისმა თქვა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ხუთი ერთეული „პატრიოტი“ უკრაინას გადაეცემა.
ჰაისის თქმით, კომპანიაში ძალიან გაუკვირდათ „პატრიოტის“ ეფექტურობა, რომელიც სხვა სისტემებთან ერთად ანადგურებს უკრაინის საჰაერო საფრთხეების 90%-ს.
მისივე განცხადებით, უკრაინელებმა შეცვალეს სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, რათა მან შეძლოს ჰიპერბგერითი რაკეტების გამოვლენა და განადგურება. ასეთი რაკეტები ჩვეულებრივებზე ორჯერ სწრაფად მიფრინავენ.
ნეტგაზეთი
პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.
ამის შესახებ დღეს, 12 ივნისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
კანონპროექტით ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. მთავრობა მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა.
საკანონმდებლო ცვლილებებს სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები რეპრესიულად აფასებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით კი სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე შესაძლოა საფრთხეებს შეიცავდეს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, არის საკითხები, რომელიც უფრო სიღრმისეულ გააანალიზებას მოითხოვს.
„ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელობასთანაც გქვონდა დისკუსია, რომ საკითხს უფრო სიღრმისეული გააანალიზება და დისკუსია სჭირდება. ეს შეიძლება ხელისშემშლელი იყოს ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტრომ შეიტანა და მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.
კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება და მას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში მოქმედ ყველა, კერძო და სახელმწიფო კლინიკაზე გავრცელდება.
ნეტგაზეთი
მთავარი უკრაინული შეტევა, რომელიც კონტრიერიშის შედეგს განსაზღვრავს, ჯერ არ დაწყებულა, აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.
ანალიტიკური „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ [CEPA] ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში იგი ასახელებს იმ პირობებსაც, რომლებიც გვაჩვენებს მთავარი შეტევის დაწყებას.
„ნეტგაზეთი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ტანკებისა და აფეთქებების კადრები. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინის კონტრიერიში, რომელსაც დიდი ხანი ველოდით, დაიწყო, რაც მღელვარებას იწვევს. კონტრიერიში საოცრად მნიშვნელოვანია უკრაინის მომავლისთვის.
მიმდინარე მოვლენების შეფასებისას საჭიროა გავაცნობიეროთ მთავარი ასპექტები. დიდი განსხვავებაა იერიშის დაწყებასა და მისი მთავარი შეტევის დაწყებას შორის. კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მაგრამ არ დაწყებულა მთავარი შეტევა.
როცა ვნახავთ [რიცხობრივად] დიდ და შეჯავშნულ ფორმირებებს, მაშინ გავიგებთ, რომ შეტევა დაიწყო. დღეისთვის კი არ გვინახავს რამდენიმე ასეული ტანკისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების კონცენტრაცია.
უკრაინულ სატანკო ბატალიონში, როგორც წესი, 31 ტანკი შედის. ქვეითთა ბატალიონშიც მაგდენივე უნდა იყოს. ამას მიუმატეთ საბრძოლო მანქანები, რომლებშიც არიან ინჟინრები, საჰაერო თავდაცვა, ლოგისტიკა და ასე შემდეგ. შეჯავშნულ ბრიგადაში კი, სავარაუდოდ, იქნება სამი სატანკო ბატალიონი და ერთი ან ორი მექანიზებული ქვეითთა ბატალიონი. ამგვრად, მთლიანობაში შეჯავშნულ ბრიგადას ექნება 250-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანა.
ჩემი გამოთვლებით, უკრაინელებმა შექმნეს შვიდიდან თორმეტ ბრიგადამდე. ზოგს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ უკრაინული და ნაალაფარი რუსული აღჭურვილობა, ზოგს – დასავლურიც.
როდესაც ვნახავთ ორ ან სამ ასეთ ბრიგადას (დაახლოებით 500-750 საბრძოლო მანქანა) ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, მაშინ შეგვეძლება თქმა, რომ დაიწყო მთავარი შეტევა. ასევე ვიტყვით, სად დაიწყო. ოღონდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. უკრაინულ გენერალურ შტაბს ენდომება, რუსებმა რაც შეიძლება დიდხანს არ იცოდნენ მთავარი შეტევის წერტილი და სულაც არ შეწუხდებიან (და ალბათ მიესალმებიან კიდეც), თუ „ტვიტერში“ ამ წერტილს არასწორად გამოიცნობენ.
თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს, – განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს, – კვლავაც ველი, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის, აგვისტოში გაათავისუფლოს. ვფიქრობ, ესაა კონტრიერიშის ერთ-ერთი მიზანი. ამ მომენტისთვის უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს შეეძლება, მიაღწიოს სევასტოპოლს, საკის, ჯანკოისა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, რაც ნახევარკუნძულს დაუცველს გახდის. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი ბრიტანეთის მიერ „შტორმ შედოუს“ 250 კილომეტრზე მეტი დისტანციის დაფარვის რაკეტების გადაცემა.
იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლოს და ბოლოს მისცემს უკრაინას მიწა-მიწა ტიპის ATACMS ბალისტიკურ რაკეტებს [მოქმედების მანძილი – 300 კილომეტრამდე]. ეს დიდად გაზრდის უკრაინული ძალების და კონტრიერიშის შესაძლებლობებს.
ზოგიერთის შეფასებით, კონტრიერიში 4 ივნისს დაიწყო, ანუ ორი დღით ადრე 6 ივნისს რუსეთის მიერ ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებამდე. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინული ძალების მთავარსარდალმა, გადაწყვიტა, რომ მისი სამი წინაპირობა დაკმაყოფილებული იყო და კონტრიერიშისთვის მწვანე შუქის ანთება შეიძლებოდა. იგი იკითხავდა:
არის თუ არა საკმარისი საბრძოლო ძალები [შეჯავშნული ბრიგადები ტანკებით, საბრძოლო მანქანებით, ინჟინრებით, არტილერიით, საჰაერო თავდაცვით და ლოგისტიკით] რუსული თავდაცვითი ხაზების გასარღვევად და მიზნის მისაღწევად, რომელთა შორისაც, სავარაუდოდ, არის ყირიმისა და რუსეთის სახმელეთო ხიდის გარღვევა და ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის დაკავება;
საკმარისად ჩამოიშალა თუ არა რუსული თავდაცვა და ლოგისტიკა; საკმარისადაა თუ არა არეული რუსული სატრანსპორტო ქსელი; რამდენადაა დაბნეული რუსული ხელმძღვანელობა კონტრიერიშის მიზნისა და დროის საკითხზე;
არის თუ არა მიწა საკმარისად მშრალი ასობით მძიმე საბრძოლო მანქანის გადაადგილებისთვის?
კონტრიერიშს წინ უდგას ასობით კილომეტრზე განლაგებულ თავდაცვით პოზიციები, ბუნკერები, სანგრები, ნაღმების ველები, ანტისატანკო ორმოები და ანტისატანკო ზღუდეები „დრაკონის კბილები“, მაგრამ ისინი იმდენად არის კარგი, რამდენადაც ჯარისკაცები, რომლებიც მათ უკან დგანან. რუსული ძალების საბრძოლო შესაძლებლობით მოხიბლული ნამდვილად არ ვარ, ხოლო სხვადასხვა ლიდერის (მაგალითად, პრიგოჟინი, კადიროვი) შიდა კონფლიქტი ხაზს უსვამს რუსეთში ერთიანობის ნაკლებობას. მგონია, უკრაინა ამას სათავისოდ გამოიყენებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს აღნიშნული მწვანე ნარგავების განადგურებას და სალხინოს გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუარესებას.
აღსანიშნავია, რომ სალხინოს დადიანების სასახლეს, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების გამორჩეულ დესტინაციას, აქვს არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული, არამედ ტურისტული დანიშნულება. იგი არის გამორჩეული მიზიდულობის ობიექტი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისათვის და წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახეს ქვეყნის შიგნით და გარეთაც. დადიანების სასახლე დღეს ასევე არის საქართველოს პატრიარქის მარტვილის რეზიდენცია, მოიცავს თავად სასახლეს, მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას და დამშვენებულია ჭადრის ხეებისა და უნიკალური კოლხური ბზის კორომების ულამაზესი ხეივნით. თუმცა, მწვანე ხეივნის პირველყოფილი სახის შენარჩუნების და კიდევ უფრო გამრავალფეროვნების და გამდიდრების ნაცვლად, დღეს დადგა მისი განადგურების რეალური საფრთხე, რაც გამოიხატა მწვანე ნარგავების, - კოლხური ბზის, მასობრივ ხმობაში. მისი გაჯანსაღების და შენარჩუნებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მცენარეების „კვდომის“ მიზეზის დადგენა და ყველა აუცილებელი და მყისიერი მოქმედების განხორციელება, რაც გადაარჩენს კოლხურ ბზას და შეუნარჩუნებს ხეივანს პირვანდელ სახეს. ასევე, აუცილებელია სისტემურად ხდებოდეს მცენარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და დაზიანების პირველივე ნიშნების აღმოჩენისას დროული მკურნალობა ან/და სხვა, მდგომარეობასთან შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მით უფრო, გლობალურად და მათ შორის საქართველოშიც, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების ფონზე.
საყურადღებოა, ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის (რომლის წევრ სახელმწიფოს საქართველოც წარმოადგენს) წევრი სახელმწიფოების მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) მიერ 2022 წლის 2 აგვისტოს გამოქვეყნებული ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის ანგარიში CG(2022)43-15prov, რომელშიც აღნიშნულია ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაზე დაიცვას გარემო, გადაწყვიტოს პრობლემები „მწვანე გარემოს“ ჭრილში და ამით უზრუნველყოს ადამიანის ჯანსაღ გარემოში ყოფნის უფლება. კერძოდ, კომიტეტი უთითებს, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ ძალისხმევაში, რადგან ისინი ყველაზე ახლოს არიან მოქალაქეებთან და უკეთ შეუძლიათ აგდილობრივ საკითხებზე რეაგირება. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს აქვთ მკაფიო უფლებამოსილება პოლიტიკის ამ სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და მიიღონ კონკრეტული ზომები გარემოს დასაცავად. სახელმწიფო ხელისუფლების მსგავსად, მათაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების სამართლის შესაბამისად შეასრულონ გარემოსდაცვითი ვალდებულებები და წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოგიწოდებთ უზრუნველყოთ შესაბამისი სპეციალისტების ადგილზე მივლენა, პრობლემის მიზეზების ზუსტი იდენტიფიცირება და მწვანე ნარგავების გადასარჩენად მყისიერი და ქმედითი ღონისძიებების გატარება.
მიმართვას ვურთავთ ფოტომასალას, რომელიც შექმნილია მიმდინარე წლის 11 ივნისს და ასახავს დღეისათვის არსებულ მდგომარეობას.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ .
#მარტვილისაქართველოსთვის
#მარტვილისთვის
#სალხინოსთვის
#კოლხურიბზა
ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილება კანონის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რამის გაუმჯობესებასთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა.
" 1. დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს ინიციატორი, არადა არანაირი საფუძველი მათი მხრიდან ახსნილი არ არის.
2. განმარტებით ბარათშივე წერია, რომ კანონის პროექტის განხილვა არ მომხდარა სექტორის არც ერთ წარმომადგენელთან, არადა უზარმაზარ სექტორს ეხება - ფარმაცევტული კომპანიებიდან დაწყებული - სტომატოლოგიური კლინიკებით დასრულებული.
3. იმის ნაცვლად, რომ სასამართლო სისტემის ეფექტიანობა გაზარდოს მთავრობამ, ცდილობს მთლიანად ჩახსნას და ყველა ბიზნეს ოპერატორი პირდაპირ, ყოველგვარი სტანდარტის გარეშე აკონტროლოს - მთავარი მიზანი ამ ცვლილებების სწორედ ესაა, შეუფერხებლად, დასაბუთების გარეშე შევიდეს და შეაჩეროს - დასაჯოს მისთვის არასასურველი საავადმყოფოსა თუ აფთიაქის მუშაობა.
ეს ყველაფერთან ერთად, ექიმების უფლებების დარღვევაა რაც არც ერთ შემთხვევაში, დადებითად არ იმოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.
კანონის პროექტი კიარა - ღარიბაშვილის ხუშტური და პირდაპირი დაქვემდებარების მექანიზმია. სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა როგორც ჩანს, რომ მოხდეს ტოტალური კონტროლი და განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში!
#არატოტალურკონტროლს", - წერს ბექა ლილუაშვილი.
მე-6 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან და ითხოვენ ღირსეულ შრომით პირობებს.
დღეს მერს მივმართავ, ხვალ პარლამენტის ტრიბუნის დროს დავუთმობ ამ თემას. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ და ვერ იქნება.
გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს, ვისაც როგორ შეგვიძლია!
კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად მდინარე დნიპროს მიმდებარე ტერიტორიებზე წყალდიდობის ზონაში წყლის დონე კლებას განაგრძობს, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისი თქმით, მდინარის უკრაინის მიერ კონტროლირებად დასავლეთ სანაპიროზე წყალი 64 სანტიმეტრით შემცირდა, მაგრამ ამ დროისთვის, დატბორილი რჩება თითქმის 50 დასახლება - 32 უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და 14 - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე.
პროკუდინის თქმით, დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 3 700-ზე მეტი სახლი დაიტბორა და იმის მიუხედავად, რომ რუსული ძალები საარტილერიო დაბომბვას განაგრძობენ, მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.
„მდინარის დასავლეთ სანაპიროდან 2700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 228 ბავშვი გამოიყვანეს“, - აღნიშნა პროკუდინმა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ სანაპიროს, მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა, ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ დატბორილი ტერიტორიებიდან 7100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
"ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა - არავის მივცემთ საფუძველს, რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან სიჯიუტეს ან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არაჯანსაღ მიდგომას აქვს ადგილი.
„ეროვნული ბანკი“ არის მყარი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩვენი ვერსიიდან იმით განსხვავდება, რომ პროექტს ერთი პუნქტი მოაცილა და მეორე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპებსა და მიდგომებს იზიარებს, თუმცა ბოლომდე ვერ გამოგვყვა. ყოველ შემთხვევაში, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ რაღაც არაჯანსაღი მიდგომა აქვს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ან სიჯიუტესთან გვაქვს საქმე.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ხარვეზი გამოსწორდეს, ამას პრეზიდენტიც ეთანხმება, რადგან ორი პრინციპიდან ერთს ეთანხმება“, - განაცხადა ზარქუამ.
პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კონოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
„პუბლიკამ” რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მოიპოვა. ბრძანებაში ვკითხულობთ:
ბრძანებას ხელს აწერს, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობას არეგულირებს შესაბამისი კანონი.
კანონი ასევე განსაზღვრავს საპატიო აკადემიკოსის, უცხოელი წევრის, სტიპენდიატის და წევრ-კორესპონდენტის არჩევის წესსაც.
შეგახსნებთ, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, ჩაატარა ექსპერიმენტი. იგი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს, ტელეფონით დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აპარატის მრჩეველი. მან როინ მეტრეველს პრემიერის აკადემიკოსად არჩევა სთხოვა, რასაც მეტრეველი მაშინვე დათანხმდა და ღარიბაშვილთან 5-წუთიანი აუდიენციაც ითხოვა.
როინ მეტრეველი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად რამდენიმე დღის წინ, 7 ივნისს აირჩიეს.
მეტრეველი წლების განმავლობაში მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ მაღალ თანამდებობებზე: 1960-1972 და 1972-1986 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1986-1989 წლებში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1990-1991 წლებში – საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1991-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
უკრაინული მხარე კონტრიერიშის დაწყების შემდეგ პირველი წარმატებების შესახებ იუწყება.
„უნიანისა“ და „ომის კვლევის ინსტიტუტის“ [ISW] ცნობით, დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებული პუნქტები:
ბლაჰოდატნე;
მაკარივკა;
ნესკუჩნოე;
ველიკა ნოვოსილკა;
სტოროჟევოე;
ნოვოდარივკა.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინელებმა სამხრეთით 300-1500 მეტრით წაიწიეს წინ.
ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ბლაჰოდატნეს დაკავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დასახლებული პუნქტი „მარიუპოლისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს“. ნოვოდარივკაში , მისი მოსაზრებით ნოვოდარივკასა და ველიკა ნოვოსილკას მიმართულებით შეტევით, უკრაინელები უახლოვდებიან რუსული ძალების მთავარ თავდაცვით ხაზს:
ასევე, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინულ მხარის ცნობით, პარტიზანებმა ააფეთქეს ხიდი, მნიშვნელოვანი ფრონტზე მყოფი რუსული ძალების მომარაგებისთვის.
ამავე მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლისას უკრაინამ ტექნიკური დანაკარგებიც განიცადა – ტანკი „ლეოპარდი“ და რამდენიმე ბრონირებული მანქანა „ბრედლი“.
სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი კი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში გადაჰყავს ტექნიკური და ადამიანური რეზერვი, რომელიც აქამდე ბელგოროდში იყო თავმოყრილი. მისივე თქმით, ყველაზე რთული ბრძოლები სამხრეთით, ზაპოროჟიეში მიდის.
ევროპის საბჭომ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თხოვნის საფუძველზე, მოამზადა კვლევა „ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“. მიმოხილვა მოამზადა და წარადგინა ევროპის საბჭოს ექსპერტმა პიტერ ნორლანდერმა.
დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს:
ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დევნის შემთხვევათა გამოძიება;
უსაფრთხოება დემონსტრაციების დროს;
სამართალდამცავი ორგანოებისა და მედია ორგანიზაციების შესაძლებლობები.
ის წარმოაჩენს ჟურნალისტების დაცვისა და უსაფრთხოების იმ მწვავე საკითხებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის კუთხით. ის ხაზს უსვამს მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას 2019 წლიდან და მიიჩნევს, რომ ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს რამდენიმე დადებით ელემენტს, საკმარისად არ იცავს ჟურნალისტებს.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა — საქართველოს წინააღმდეგ საგანგაშო სიგნალების რაოდენობა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე მკვეთრად გაიზარდა, 0-დან (2017-2019 წწ) 16-მდე (2020-2022 წწ), ხოლო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ მედიის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველო, წინა წელთან შედარებით, 29 ადგილით ჩამოქვეითდა.
ევროპის საბჭოს მიმოხილვის მთავარი რეკომენდაცია არის დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის შექმნა, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს მაღალი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი და ავტორიტეტული პირი ან უწყება/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ჩაატაროს კვლევა და შეიმუშავოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ სამოქმედო ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება მთავრობას. რეკომენდებულია, რომ თავიანთი ვალდებულების ნიშნად, მაღალი დონის არჩეულმა პოლიტიკოსებმა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მკაფიოდ დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და სიძულვილი, ხოლო თავად თავი შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან.
კვლევის თანახმად, მწვავე საჭიროებაა, გაუმჯობესდეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის მიმართ.იმ საქმეებშიც კი, რომლებშიც ხდება სასჯელის შეფარდება, ხშირად შეფარდებულია მსუბუქი სასჯელი. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისა და დევნის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ახლებურად ჩამოყალიბება, რათა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან“, — ნათქვამია კვლევაში.
გარდა ამისა, რეკომენდებულია ჩატარდეს სისტემატური მოკვლევა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. შემდეგ კი შემუშავდეს კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები ყველა სამართალდამცავი ორგანოსთვის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად.
შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი სტატისტიკის შეგროვება, რაც მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ჩაშლილ მონაცემებს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. რეკომენდებულია, რომ გაიზარდოს სასჯელი ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან.
ევროპის საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებიც. რეკომენდებულია პოლიციასა და გენერალურ პროკურატურაში სპეციალური დანაყოფების შექმნა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ასევე სპეციალური სასწავლო გეგმის შემუშავება.
ასევე, რეკომენდებულია, რომ თავად ჟურნალისტებმა გაიარონ ტრენინგი იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან, რომელშიც თავად არიან დაზარალებულები და რას მოელიან მათგან, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. შემოთავაზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილების გადახედვა, რომ მან მოიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, ცვლილება შევიდეს კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რათა გაუქმდეს მოთხოვნა ჟურნალისტების მიმართ, ატარონ საიდენტიფიციკაციო ნიშნები; სამართალდამცავმა ორგანოებმა და მედიასაზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა უნდა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რათა შეათანხმონ სახელმძღვანელო პრინციპები მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
შემოთავაზებულია, რომ შეხვედრები ჩატარდეს ჟურნალისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის მანიფესტაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, როგორიცაა არჩევნები, საპროტესტო აქციები ან დიდი სპორტული ღონისძიებები, რათა მათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად შეათანხმონ უსაფრთხოების ოქმი.
კვლევის თანახმად, მედიაორგანიზაციებში უსაფრთხოების პრაქტიკა არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და უნდა გაუმჯობესდეს უსაფრთხოების ოქმების შემუშავებითა და მათი განხორციელებით და დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფით, ასევე, ტრენინგის ჩატარებით მედია საშუალების ყველა თანამშრომლისა და ნებისმიერი შტატგარეშე თანამშრომლისთვის, რომელთა ნამუშევარსაც აქვეყნებენ ისინი. თავად ჟურნალისტებიც უნდა წაახალისონ, რათა ძალისხმევა არ დაიშურონ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, შესაბამის კურსებზე დასწრებითა და ცოდნის შეძენით, რათა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ციფრული საფრთხეების მიმართ.
თუ ამ მიმოხილვის გამოქვეყნებიდან ერთი წლის განმავლობაში არ შეინიშნება შესამჩნევი გაუმჯობესება ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და დევნის კუთხით, რეკომენდებულია, შეიქმნას საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სამართალდამცავი ორგანოების არაადეკვატური რეაგირების მიზეზებისა შესასწავლად.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია.
ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.
„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
გარდა ამისა, იოსელიანი გამოეხმაურა ჭიათურის მაღაროელების პროტესტს და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიაცია მოახდინოს.
„ყოველთვის მზად ვართ, მედიატორის როლი შევასრულოთ ასეთ პროცესში, მაგრამ აქ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრობლემა არის კერძო სუბიექტებს შორის და ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ამ თვალსაზრისით მაქსიმალური გააკეთოს - მოახდინოს მედიაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს და შეთანხმება მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.
„მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.