არ დავიღლები ვისაუბრო, განათლების სისტემის მანკიერ მხარეებზე და განათლების მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, პოპულისტურ და დამაზიანებელ დამოკიდებულებაზე სისტემისადმი., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.
როგორც რუსუდან თევზაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრი ასრულებს პარტიის საშინაო დავალებას და ახორციელებს პარტიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ განათლების პოლიტიკას.
"გუშინ გამოქვეყნდა სკოლის დირექტორობის მსურველთა სერთიფიცირების შედეგები. სამწუხაროდ, არ დააყოვნა მოსალოდნელმა პროტესტმა. დირექტორობის რამდენიმე მსურველმა, დაანონსა სამართლებრივი დავა სამართლიანობის აღსადგენად. ასე მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ონარიის, დირექტორობის მსურველი პედაგოგი ჩახსნეს გასაუბრებიდან, პოლიტიკური გემოვნებისა და მარტის აქციებზე მონაწილეობის გამო. გარემოების სიცხადისთვის მოგახსენებთ პროცედურას, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება:
1. პირველ ეტაპზე ტარდება დირექტორობის მსურველთა სერთიფიცირების გამოცდა, სადაც კანდიდატების გვარ-სახელები დაშტრიხულია და ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება;
2. მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება, სადაც კანდიდატი დირექტორები იდენტიფიცირებულები არიან და უწევთ გარკვეულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. მიუხედავად იმისა, გამსვლელი ქულა მიიღო, თუ არა კანდიდატმა, კომისია სუბიექტურად წყვეტს მის გადაყვანას მესამე ეტაპზე;
3. მესამე ეტაპი გახლავთ, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის პროცესი.
მემგონი, დიდი კვლევა-ძიება არაა საჭირო, თუ რასთან გვაქვს საქმე. პირველ ეტაპზე, კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით ტექნიკურად გადარჩევა ვერ ხერხდება, თუმცა, ამას დიდის წარმატებით აკეთებენ მეორე ეტაპზე და მესამე ეტაპისთვის სრულად ათავისუფლებენ ველს, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს „აარჩევინონ“ ის დირექტორი რომელიც თავად მინისტრს აწყობს, პარტიული მიზნების უზრუნველსაყოფად.
ზემოთ წარმოდგენილი რეალობა გახლავთ:
განათლების სისტემის პოლიტიზირება!
განათლების სისტემის ბიუროკრატიული მართვის სტილი!
განათლების სისტემის ინსტიტუციური განვითარების კრახი!
სკოლების, დეიურე ავტონომიის დეფაქტო უგულებელყოფა!
სასკოლო საზოგადოებით მანიპულირება!
მასწავლებლისა და დირექტორების თავისუფლების შეზღუდვა!
მოსწავლის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა!
მომავალი თაობის მტრობა!
განათლების სისტემის მიზანმიმართული დაზიანება!
სწორედ, ამ ყველაფერს ვებრძოდი, ვიბრძვი და ვიბრძოლებ #განათლებისთვის
მე და ჩემი გუნდი, აღადგენს სამართლიანობას და დაიცავს უკლებლივ ყველას #საქართველოსთვის", - წერს რუსუდან თევზაძე.
ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე, ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.
შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
რუსულმა ძალებმა ხერსონს არტილერიით ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როცა ქალაქში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა. ამავე დროს ქალაქიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა.
ზელენსკი ქალაქს ეწვია ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ. აფეთქების გამო დნიპროს ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტები დაიტბორა. ზელენსკის ვიზიტისას მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის ჩასვლის შესახებ საჯაროდ ცნობილი გახდა დაახლოებით ექვსი საათის წინ, ხერსონის დაბომბვის შესახებ კი ცნობები დაახლოებით სამი საათის წინ გამოქვეყნდა.
ამჟამად უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები. ხერსონის პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია დაღუპულებზე, თუმცა შსს-მ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს ალტერნატიულ ნომრებს, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ, თუ გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ. ეს ნომრებია:
599842206
598087761
577011139
577011174
591544384
591946840
591946870
591544375
შსს-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი ვითარებისთვის და ამბობს, რომ ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
უკრაინამ სამხრეთით, ზაპოროჟიის მიმართულებაზე, კონტრიერიშის აქტიური ფაზა დაიწყო, იტყობინებიან ამერიკული „ეი-ბი-სი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინული ძალების გააქტიურებაზე წერენ რუსი „სამხედრო ბლოგერებიც“. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ ზაპოროჟიეში, ორეხოვას რაიონში, რუსული ძალები აქტიურ თავდაცვაში არიან.
რა ვიცით ამ დროისთვის
მედიასაშუალებების ანონიმური წყაროები, – ზელენსკისთან დაახლოებული პირი და სამხედროები, – ადასტურებენ კონტრიერიშის დაწყებას.
სამხედროების ცნობით, იერიში მიმდინარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზაპოროჟიეს მიმართულებით. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, შეტევაში გადავიდნენ მოიერიშე დანაყოფები, შეიარაღებულნი დასავლური იარაღით.
რუსული „სამხედრო ბლოგერები/კორესპონდენტები“ აგრეთვე წერენ ზაპოროჟიეში მიმდინარე ბრძოლებზე. იგორ სტრელკოვი, დონბასში პრო-რუსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, ამბობს, რომ კონტრიერიში უკვე რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო.
მათ გარდა ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელების შეტევაზე გადასვლის შესახებ განაცხადა სერგეი შოიგუმაც, თუმცა ის ირწმუნება, რომ რუსულმა მხარემ მოახერხა შეტევის მოგერიება.
უკრაინელთა კონტრიერიშის შესახებ ჰკითხეს რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერს, ევგენი პრიგოჟინსაც. მისი აზრით, შეტევა დაიწყო და „აუცილებლად გაგრძელდება“, ხოლო ამჟამინდელი ტალღა არის „ორდღიანი“.
რას უნდა ველოდოთ
ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გაგრძელდება და რა მიზნები აქვს კონტრიერიშს. უკრაინელი ოფიციალური პირები ამაზე საჯაროდ ლაპარაკისგან თავს იკავებენ.
„ვაშინგტონ პოსტის“ ვარაუდით, ზაპოროჟიეში წინსვლით უკრაინამ შესაძლოა, გაწყვიტოს სახმელეთო ხიდი რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის, გაათავისუფლოს ოკუპირებული მელიტოპოლი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
კონტრიერიშის მიზნებსა და შესაძლო შედეგებზე გირჩევთ: რას უნდა ველოდოთ უკრაინის კონტრშეტევისგან? | ინტერვიუ.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) შეფასებით, 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.
მათი ცნობით, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო.
IDFI წერს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა.
01 / 02
IDFI პრაქტიკა მიუთითებს, რომ 2022 წლის შემდგომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შესაბამისად სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ამის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია საჯარო დაწესებულებების სისტემური უკანონო მოქმედებები და ამ უკანონობის შემაკავებელი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა“, – აცხადებს IDFI.
ორგანიზაციის სრულ განცხადებას გაეცანით ბმულზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი” მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს და ჯამში, 2013 წლიდან დღემდე 4,979,714 ლარი მიიღო.
„სევერის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები
„კომპანია „სევერი” (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბერში კომპანიის 30-30% რუსეთის მოქალაქეებმა ანდრეი ბალაშოვმა და ილდარ ნევეროვმა შეიძინეს. 2012 წელს კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვალერი ლიტვინენკო იყო, შემდეგ – ესტონეთის მოქალაქე ალიას გუნარი, ხოლო ბოლო, 2022 წლის ნოემბრის ცვლილებებით, ჯემალ გოგიტიძე გახდა. ამავე ცვლილებით, ილდარ ნევეროვმა თავისი წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს, რომელიც დღეს კომპანიის 90% წილს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი უკრაინის მოქალაქე კირილო ნოვაკია.
2022 წლის ნოემბერში ილდარ ნევეროვმა თავისი 50% წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს საქართველოში რეგისტრირებულ კიდევ ერთ კომპანიაში. შპს „ტიორი” („Tyor”) ნევეროვმა და ბალაშოვმა 2011 წლის აპრილში დააფუძნეს, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ, სპეციალურ ავტომანქანას „სევერი” სწორედ ამ კომპანიისგან ქირაობდა. შარშან ნოემბერში ნევეროვი „ტიორის” დირექტორობიდანაც გადადგა. ნევეროვმა და ბალაშოვმა მანამდე კვიპროსზე დააფუძნეს მსგავსი სახელწოდების ოფშორული კომპანია – Tyor Commercial Inc., რომლის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმის (ICIJ) ბაზაში იძებნება. საქართველოში მათ „ტიორი” იმავე მისამართზე დაარეგისტრირეს, რომელზეც რამდენიმე კვირით ადრე „სევერი” დაფუძნდა.
ვინ არის ილდარ ნევეროვი?
ილდარ ნევეროვი არის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საკითხების საზოგადოებრივი ბიზნეს-ომბუდსმენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ მეწარმეთა დაცვის საბჭოს რწმუნებულის აპარატში. ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბორის ტიტოვი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ დასანქცირებულ პირთა შორისაა. ამავდროულად, ნევეროვი 2010 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის” საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ამავე ორგანიზაციის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარეა. “Საქმიანი რუსეთი” მუდმივმოქმედი ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც პერიოდულად იწვევს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სტრატეგიაზე სასაუბროდ.
ღეს ნევეროვი არის რუსული სახელმწიფო კომპანიის, Arktikugol-ის დირექტორი. ეს კომპანია მუშაობს არქტიკის განვითარების პროგრამაზე, მოიპოვებს ქვანახშირს შპიცბერგენის არქიპელაგზე და ცდილობს მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდას მაშინ, როდესაც ეს პროდუქცია ნაწილობრივ სანქცირებულია. თუმცა ნევეროვის ბიზნეს ინტერესები მრავალმხრივია: სხვადასხვა დროს იგი საქმიანობდა რუსეთის მეორეული ლითონების ბაზარზე, მონაწილეობდა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოების მართვაში, იყო მურმანსკის საზღვაო კომპანიის გამგეობის წევრი, შედიოდა არქტიკისა და ჩრდილოეთის საზღვაო გზის განვითარების ჯგუფში.
Საყურადღებოა, ის გარემოება, რომ ილდარ ნევეროვი იყო სააქციო საზოგადოება „ბანკ სპუტნიკის” დირექტორთა საბჭოს წევრი. ამ კომპანიას აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა 2022 წლის 27 მაისს სანქცია დაუწესა. ეს სანქცია რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო არ დაუწესებიათ და იგი გამოიწვია ბანკის ურთიერთობამ ჩრდილოეთ კორეასთან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ომი და სანქციები” დასასანქცირებელ პირთა რიცხვში განიხილავს ილდარ ნევეროვის ბიზნესპარტნიორს, ნიკოლაი რუზავინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბურიატიის რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრი. Ნევეროვი და რუზავინი ერთად ფლობენ კვიპროსზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას – Siberia Metals Ltd, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე იძებნება გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ცნობილ საგამოძიებო პროექტში (Panama Papers, Pandora).
ილდარ ნევეროვი თბილისში, ი. ჭავჭავაძის #80-ში ფლობს 196 კვ.მ. Ბინას, რომელიც 2012 წლის მარტში შეიძინა.
„სევერის” უკონკურენტო გამარჯვებები მუნიციპალურ შესყიდვებში
დაფუძნებიდან მალევე, 2011 წლის 29 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „სევერს” უზუფრუქტით გადასცა ბათუმში, კახაბერის დასახლებაში 12,208 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 511 კვ.მ. 4 ნაგებობა იდგა. კომპანიამ სწორედ ამ ტერიტორიაზე მოაწყო ვოლიერები მიუსაფარი ცხოველებისთვის, მათ მოვლასთან და ევთანაზიასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 2013 წლიდან „სევერი” აქტიურად ჩაერთო მუნიციპალურ შესყიდვებში და როგორც აღმოჩნდა, დღემდე არის ცხოველთა მოვლის, სტერილიზაციის, ვაქცინირების და სხვა პროცედურების მიმწოდებელი უკონკურენტო კომპანია.
2014 წლიდან „სევერი” უკონკურენტოდ იგებს ბათუმის ნაგავსაყრელის ექსპლოატაციის მიზნით გამოცხადებულ მუნიციპალურ შესყიდვებსაც. აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც ეს კომპანია ემსახურება – მათ ბათუმის ნაგავსაყრელზე შემოაქვთ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შეკრებილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ეს ნაგავსაყარი ქალაქისთვის და შავი ზღვის სანაპიროსთვის ეკოლოგიურ საფრთხეს რომ წარმოადგენს, არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო დასკვნაშია ნახსენები. ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონი 2020 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ მისი გახსნაც ჭიანურდება.
2013 წლიდან დღემდე „სევერი” 73 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა, 69-ში გაიმარჯვა, მათ შორის 63-ში უკონკურენტოდ, 6-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ჯამში მან 4,816,286 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში კომპანიასთან 163,428 ლარის 39 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს. ერთი შემსყიდველი მუნიციპალიტეტი ზუგდიდი იყო, „სევერის” ყველა დანარჩენი კონტრაქტორი აჭარის მუნიციპალიტეტები ან/და მუნიციპალური იურიდიული პირები არიან.
2013-2023 წლებში სატენდერო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხა და კონკურენციის პირობები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
2013 წელს გამოცხადებული პირველივე სახელმწიფო შესყიდვაში, რომელიც „სევერმა” უკონკურენტოდ მოიგო, ბათუმის მერიამ სატენდერო პირობები აშკარად მას მოარგო. ბათუმის მერიას არც ნაგავსაყრელის ექსპლოატაციის მიზნით გამოცხადებული პირველი ტენდერის დოკუმენტაციაში მოუთხოვია პრეტენდენტისთვის რაიმე ტექნიკური პირობის დაკმაყოფილება. ამ ტენდერშიც უკონკურენტოდ სწორედ „სევერმა” გაიმარჯვა. ამის შემდეგ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში „სევერმა” დაადასტურა შესაბამისი გამოცდილება და მუნიციპალური შესყიდვების ბაზარზეც უკონკურენტოდ იმარჯვებს.
მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებთან, განსაკუთრებით კი რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან, ილდარ ნევეროვთან დაკავშირებული კომპანია „სევერის” უპირატესი მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში, სატენდერო პირობების მასზე მორგება, კონკურენციის შეზღუდვა საგამოძიებო სტრუქტურების მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი წერს, რომ პროტოკოლზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, საბჭოს წევრებმა მშობლების შენიშვნები გაითვალისწინეს და მისი შექმნა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს (1-2 კვირაში) დასრულდება.
გოჩიაშვილის თქმით, წამლის მწარმოებელთან კომუნიკაცია გაუთქმელობის ეტაპზეა და ამის გამო მშობლებს ჰქონდათ შიში, მიმდინარეობს თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკება.
„ჩვენმა მეგობარმა იურისტებმაც კი დაგვარწმუნეს, რომ ამ მასშტაბის ტყუილს ვერ შეძლებენ – ბიომარინთან ნამდვილად არის კომუნიკაცია. საბჭოზე მოვითხოვე, ერთ-ერთი მშობელი ჩართონ კომუნიკაციაში ბიომარინთან, ამაზე უარი გვითხრეს, რადგან თვითონ ბიომარინს აქვს მკაცრი წესები. მშობლის ჩართვას მაინც ვითხოვთ და სახალხო დამცველი გვეხმარება, იქნებ შევძლოთ და ერთი მშობელი ჩავრთოთ კომუნიკაციაში ბიომარინთან.
თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, პროტოკოლის დასრულებაა. სანამ პროტოკოლი მზად არ იქნება, ბევრს ვერაფერს მოვითხოვთ. ექიმების ჯგუფის არც მაღალ პროფესიონალიზმში და არც კეთოლგანწყობაში ეჭვი არ შეგვაქვს.
უბრალოდ, ბევრი ბიუროკრატიაა და ასევე ის ფაქტი, რომ აქონდროპლაზიაზე არასდროს დაწერილა არანაირო პროტოკოლი აქამდე და სრულიად ნულიდან წერენ, საქმეს ურთულებს ექიმებს.
ველოდებით საბოლოო, ჩვენი თხოვნით ჩასწორებულ პროტოკოლს. პარალელურად ვეცდებით ჩავერთოთ ბიომარინთან მოლაპარაკებებში, თუმცა საფრთხილოა, საქმე არ გავაფუჭოთ. მოკლედ რომ ვთქვა, სამუშაო პროცესია და მოითხოვს მოთმინებას, ბოლომდე მიყოლას და დეტალებზე ორიენტირებას“, – წერს ის.
აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშების მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი პროტესტი, რომელიც თითქმის 20 დღე გრძელდებოდა, 5 მაისს შეწყვიტეს. მშობლები ჩართულები არიან სამუშაო ჯგუფში და მიიღეს დაპირება, რომ პროტოკოლი ივნისის დასაწყისში იქნება უკვე შემუშავებული.
მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინამ სხვადასხვა შედეგით, ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია, 4 ივნისიდან მიმდინარე გაცილებით ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.
ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის ძალებმა ლოკალური კონტრშეტევის შედეგად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ ბახმუტის მიმართულებით და ქალაქის ფლანგებზე გარკვეული წინსვლა აქვთ.
ბოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებაზე, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს ეს ოფიციალურად არ განუცხადებიათ.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისე ზურაბ მუშუქია ცოცხალია. არასწორი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ გავრცელდა.
"წუხელ დამირეკა ვიდეოთი ღამის 3 საათზე, ცოცხალია. [მანამდე] იქიდან გვითხრეს ამხანაგებმა [გარდაცვალებაზე]... თვითონ დამიკავშირდა, არაფერი არ უთქვამს სხვა - ცოცხალი ვარო და დაღლილი, არ შემიძლია საუბარიო. ტელეფონი დაკარგული აქვს, თანამებრძოლის ტელეფონიდან დამირეკა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ მუშუქიას დედამ.
უკრაინაში მებრძოლს მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ესაუბრა "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ვიდეოზარით.
"დაჭრილი არ ვარ. არტილერია მუშაობდა ჩვენ მხარეს, ორი კაცი ვიყავით და ორივე კარგად ვართ", - ამბობს ზურაბ მუშუქია.
ზურაბ მუშუქიას დაღუპვასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას გუშინ, 8 ივნისს, ასე უპასუხეს: "უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ".
გასული წლის 16 აპრილს, როდესაც უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ზურაბ მუშუქია მძიმედ დაიჭრა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაღუპულია 44 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.
ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ევაკუირებულია 2 352 ადამიანი და 550-მდე ცხოველი.
შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულეს და ჯერი ევროკავშირზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება და პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს.
„გუშინ ვნახეთ ღია, მკაფიო განცხადებები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოობა იმაზე, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ თავმოწონება არის ფარსი. ეს ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ცხადია, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, იგივე გვარამიასთან დაკავშირებული თემა იქნება თუ სხვა, უნდა გადაიჭრას.
ამ განცხადებებს მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სანქციების კოორდინატორის განცხადება, რაც ძალიან მძიმე გარემოს ქმნის. ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამას ერთვის ზემოდან აშშ-ის წარმომადგენლის მძიმე განცხადება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი სტატუსის მიღება არ არის და ყოველდღიურ რეჟიმში ამ შესაძლებლობის პირდაპირ საბოტირებას ახდენენ. საქართველოს მოქალაქეებს მეტად მკაფიოდ უნდა დავანახოთ მათი სახე, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და გადავიყვანოთ ოპოზიციაში,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.
„დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს.
ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთვულ რეაქტორს აგრილებს, მეორე კი პასუხობს, რომ უკრაინელებმა ეს „საკუთარ თავს გაუკეთეს. აფეთქდება და ეგაა“, ამაზე თანამოსაუბრე პასუხობს, „ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს ეს, მათ არ გაუკეთებიათ. მათ არ აუფეთქებიათ. ჩვენი დივერსიული ჯგუფია იქ. ამ კაშხლით შიშის გამოწვევა სურდათ. გეგმის მიხედვით არ წავიდა, მეტი მოხდა, ვიდრე დაგეგმეს“.
„პირველ რიგში, მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო და სანამ სხვა საკითხზე გადავალ, ვისაუბრო ბოლო პერიოდში გენდერული ნიშნით, ფემიციდის, ქალთა მკველობის ფაქტებზე, ამას აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ'' - ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის".
352769990_850426686507874_7177180851419442254_n.mp4
ცოტა უცნაურია და ღიმილის მომგვრელი, ხაბეიშვილი გვთავაზობდეს გაერთიანების გასაღებს, როდესაც საკუთარი პარტია განაყოფებად აქვს დაყოფილი. მენეჯმენტი შეეცვალათ პარტიაში იმისთვის, რომ სააკაშვილს დახმარებოდნენ და როგორც ჩანს, იმდენად გაუჭირდათ, ახლა სააკაშვილი იქით ეხმარებათ.
სააკაშვილი, მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის წითელი ხაზია.
- ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის"
352716998_6644973535562844_6328519730175539131_n.mp4
„დღეს ვინც საუბრობს გაერთიანებებზე, რაღაც კოალიციაზე, ყველას მიზანი, არა ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა, არამედ პარლამენტში მოხვედრაა. ამას პირდაპირ ვამბობ.
ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ელექტორალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რომ ჯამში ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ 50% ვერ გადალახოს.
ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის"
346617043_195152486424564_278315745134433359_n.mp4
დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს, დაშავდა კიდევ 4 ბავშვი, რომელთა ასაკი 3, 4, 9 და 13 წელია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე და დონეცკის ოლქის გუბერნატორზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთელი ოჯახი : ბაბუა, მამა და შვილი დაიღუპა და კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა. ქალაქ უკრაინსკის საცხოვრებელ უბნებს სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 3, 4, 9 და 13 წლის კიდევ ორმა გოგონამ და ორმა ბიჭმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავები წინასწარ გამოძიებას ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აწარმოებენ. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.
ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს და ასე რომ, ცალმხრივად ვერ მიიღებ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაფრენის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება თავისთავად ორმხრივი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოწოდებები იმის შესახებ, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, უკრაინაში ომამდე და რუსეთის აგრესიამდე იყო.
ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო.
„თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი. პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მხოლოდ ნატო-ს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან სრული სიცრუე, იმიტომ, რომ 2008 წლიდან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც ეხებოდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის”, - აღნიშნა ლუკ დევინმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურებიან ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორმა ამის შესახებ დღეს ისაუბრა „პოლიტიკოსთან“: ო’ბრაიენი: საქართველო ერთ-ერთია, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს.
ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვლავ მიდის სიცრუის ტირაჟირება და არაა წარმოდგენილი საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის მტკიცებულება.
ირაკლი ქადაგიშვილიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო სანქციებს არ არღვევს. ისიც საუბრობს ქვეყნის „ყალბი ნარატივით“ დაზიანების მცდელობებზე.
საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც „[რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნის“, – „პოლიტიკოს“ ცნობით, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ომისთვის მნიშვნელოვანი მიკროჩიპებისა და ელექტრონული მოწყობილობების იმპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა.
როგორც ო’ბრაიენი ამბობს, რუსეთმა იმპორტის დონის აღდგენა მოახერხა სანქციების გვერდის ავლით, ხოლო გვერდის ავლის პრობლემას იწვევს ხუთი ქვეყანა: საქართველო, თურქეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემირო და სომხეთი.
ამჟამად ევროკავშირი მუშაობს რუსეთის სანქცირების მე-11 პაკეტზე, რომლის მთავარი ფოკუსიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემა იქნება. ასევე მუშავდება მექანიზმი, რომელიც საშუალებს მისცემს ბრიუსელს, პოტენციური ზომები მიიღოს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა.
სხვადასხვა ანალიტიკოსები საკმაო ხანია ამბობენ, რომ რუსეთი მათ შორის საქართველოს გავლით ახერხებს სანქციებისთვის თავის არიდებას. საქართველოს მთავრობის განცხადებით, თბილისი ყველა დაწესებულ სანქციას იცავს.
კვლავ უცნობია, როდის ჩამოიტანს სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატს.
მშობლები შიშობენ, რომ მიუხედავად შეხვედრებისა, შესაძლოა, პასუხისმგებელმა უწყებებმა წამლის შემოტანის ვადა 2024 წლამდე გაწელონ – ეს კი პრობლემურია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ე.წ. ზრდის ზონა ეკეტება.
ნეტგაზეთთან ინტერვიუში აქონდროპლაზიის საპროტესტო აქციათა ერთ-ერთი ორგანიზატორი და მშობელი, ქეთი ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ ასახელებენ წამლის შემოტანის ვადებს, ყველა კითხვაზე კი, რომელიც ამა თუ იმ დეტალს ეხება, კონტრაქტის გაუთქმელობაზე მიუთითებენ.
ბეგიაშვილს თავად ჰყავს მოზარდი შვილი. ის ამბობს, რომ თუ 15 ივნისამდე არ იქნა პროტოკოლი დამტკიცებული და მშობლებს არ აჩვენეს მონახაზი მაინც, „არ ვიცი, რა მოხდება. ძალიან გაბრაზებულები ვართ, წელავენ საქმეს, რომელიც შეიძლება მარტივად მოგვარდეს“.
ბეგიაშვილის თქმით, სამინისტრო შეხვედრებზე ყურადღებას ამახვილებს პროტოკოლზე, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ უშლის პროტოკოლი ხელს წამლის შემოტანასა ან თუნდაც, მის დარეგისტრირებაში. რაც შეეხება თავად დოკუმენტს, მასში გაწერილია ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი სხვა სერვისები, მათ შორის, კვლევების დაფინანსება.
ნეტგაზეთმა პრეპარატის შემოტანის ვადებთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
23 მაისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პროგრამით სამკურნალო იშვიათ დაავადებებს აქონდროპლაზიის დიაგნოზი დაემატა. ამის პარალელურად, ერთწლიანი პროტესტისა და რამდენიმეკვირიანი აქციების შემდეგ, დაიწყო შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენელთა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს შორის.
პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიტიდით) 2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, თუმცა მის მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, მანამ, სანამ ე.წ. ზრდის პლატებია ღია ანუ დაახლოებით, 18 წლამდე. მშობლების ინფორმაციით, დღეს საქართველოში დაახლოებით, 13 ბავშვია, რომელსაც ეს პრეპარატი სჭირდება.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
1 სექტემბრამდე მედიკამენტი მიეწოდოს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს – მშობლები;
მზად ვართ, დაჩქარებულად შეიქმნას აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი – გაბუნია;
აქონდროპლაზია: “შვილის გადასარჩენად ესპანეთში წავედი, აქ ვოსორიტიდს უფასოდ მოგვცემენ”;
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ლიდერები “კრემლის სახელმძღვანელოს” შესაბამისად საუბრობენ.
საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვრცელი კრიტიკული გამოსვლა მას დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ჰქონდა.
ევროპარლამენტარმა, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს ევროპაში, საკუთარი გამოსვლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლელი პარტნიორების უკანასკნელი ერთი წლის ურთიერთობას ქაოსური უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფანჯარა ქვეყნისთვის ახლაა ღია, თუმცა შესაძლოა “ძალიან უცებ დაიკეტოს”.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველო იყო ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის მოწინავე ქვეყანა, თუმცა ახლა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია და ამ მხრივ უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტში.
ამავდროულად, კალიურანდის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ რეკომენდაციების 80% განხორციელებულია და ამბობს, რომ შემოდგომაზე ევროპელი პარტნიორებისგან “სამართლიან შეფასებას” ელის, რაც კალიურანდის განცხადებით შეკითხვებს აჩენს:
“რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირწმუნებოდა, 12 რეკომენდაციის 80% შესრულებულიაო და შედეგად, შემოდგომაზე ევროპელი პარტნიორებისგან ელის ე.წ. სამართლიან შეფასებას. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ამ მტკიცებებმა შეკითხვები გააჩინა, რომლებიც შეეხება შეფასებებსა და იმ ინფორმაციას, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან გვესმის.
წლების წინ საქართველო მოწინავე იყო აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. ფაქტია, რომ კვლავ შეუსრულებელია 12 რეკომენდაცია, ასევე, არის ფრაგმენტული და ხშირად ზედაპირულიც. ამასთან, ფაქტია, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება რამდენიმე მნიშვნელოვან დარგში.
ევროპარლამენტის წევრები, დასავლელი პარტნიორები და კოლეგები სხვა ინსტიტუციებიდან დაიღალნენ [საქართველოს] ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებისგან იმ მტკიცებების მოსმენით, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. მცდელობა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტში ჩავითრიოთ.
ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს [ომში ჩათრევა] არ გვინდა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. არცერთ თქვენს მეგობარს არ ჰქონია არც ერთხელ სურვილი, რომ სხვა ჩაეთრია სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი”, — განაცხადა კალიურანდმა.
მან ასევე განმარტა, რომ საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით არ არის გამოწვეული იმით, რომ “სოხუმიდან რუსეთის ჯარი არ გაუძევებია”, არამედ ეს დაკავშირებულია მმართველი გუნდის პოლიტიკასთან:
“საქართველო ჩამორჩება პოლიტიკური სამართლიანობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დაშინების, ასევე დასავლელი პარტნიორების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ სიძულვილის ენის გამო; უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხზე პოლიციის სისასტიკის გამო. რადგან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ირწმუნება, რომ ლგბტ პირთა უფლებების ადვოკატირება მიმართულია, ვციტირებ, “უმრავლესობის წინააღმდეგ უმცირესობის ძალადობისკენ”.
რადგან რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია აჩვენებს მთავრობის ჯიუტ უარს, შეუსაბამოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის სანქციებს. ასევე, ახლახან რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი პირდაპირი ავიამიმოსვლა.
საქართველო დგას გზაჯვარედინზე და შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა. ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს არჩევანი ორ გზას შორის: ერთი ევროკავშირში მომავლისკენ მიდის, მეორე — უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა.
თქვენზეა მომავალი თაობების წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირთან წევრობა არ არის მხოლოდ მშპ-ის ზრდა, ეს ასევე არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები”, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
კალიურანდმა ასევე აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია ოპოზიციასაც. მისი თქმით, ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ის, რომ არ შევიდა პარლამენტში და არ შეუერთდა მედიაციას. მისი თქმით, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის მონაწილეობას 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე საპარლამენტო საქმიანობაში.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები რეალობას არ ასახავს. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპულ მომავალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მტრები ჰყავს.
„გულწრფელად ვიტყვი, ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მოწინავეა.
„ჯერ რას ნიშნავს ზედაპირული შესრულება? ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, ამ ქვეყანაში რაც ხდება და რამხელა უბედურება ტრიალებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ის არის, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსი. ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი და გავაკეთოთ შედარებები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – ნახავთ, როგორ წინ არის ჩვენი ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით. მაშინ, როცა ის არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც, ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული. უნდოდათ, რომ ეს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით გამოეყენებინათ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მინდა, დავარწმუნო ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმ თვალსაზრისით, რომ მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუციები. არ გამოუვათ. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს ძალიან დიდი მხარდამჭერი – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესს ატარებს “, – განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „შესაძლებლობათა ფანჯარა ჯერ ღიაა. საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის, ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე უკან, წარსულში“. კალიურანდმა ასევე არნიშნა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში.