Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ბრიუსელში მიმდინარე კომიტეტის სხდომის მნიშვნელობაზე მეტყველებს ორი ფაქტი, ასოცირების დღის წესრიგის და 12 პუნქტის შესრულება ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, ეს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
    სარჯველაძის თქმით, ევროპამ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხზე.
    „იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული თითოეული მიმართულებით, რაც არის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ასეთ დროს, როდესაც ევროპამ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ყველაფერი ეს შეაფასოს. მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატები, სადაც შეგვეძლება, სრული და ჭეშმარიტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროპელ კოლეგებს მიმდინარე პროცესების და რეზულტატების შესახებ, რომელიც გვაქვს ცალკეული რეფორმების მიმართულებით. აქ ძალიან ბევრზეა საუბარი და არა მხოლოდ ის პოპულარული თემები, რომელიც შეიძლება, ოპოზიციისთვის იყოს საინტერესო. მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული არაერთი კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად იყო წარდგენილი ინიციატივები პარლამენტში, რომელიც ისე განვიხილეთ და ისე მივიღეთ, რომ საერთოდ ნულოვანი იყო ოპოზიციის ჩარეულობა ამ საკითხების განხილვაში. ამის სადემონსტრაციოდ მაგალითად შეგვიძლია, ვთქვათ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი ან პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი და სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
     

    ავტორი - მანანა დევაძე
  2. tvati
    ალიანსის ზოგიერთი წევრი, შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს.
    რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადაწყვეტს უკრაინის გაწევრიანების ნაბიჯებს ან უსაფრთხოების გარანტიას, „არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალური ზომები მიიღოს“.
    „ცნობილია, რომ პოლონეთი ძალიან ჩართულია უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს და მას ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მიჰყვნენ“, – განაცხადა რასმუსენმა.
    შეგახსენებთ, ალიანსისა და დასავლეთის სახელმწიფოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ კატეგორიულად უარყვეს უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის შესაძლებლობა, ამტკიცებენ, რომ ეს საფუძველს ჩაუყრის ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას.
     

    ავტორი - მარიამ ახალაია
  3. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში  ბოლო დღეებში მომხდარ კიდევ ერთ ფემიციდის შემთხვევას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

    "მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ფრაგმენტული, შედეგზე არა ორიენტირებული ქმედებები. დღეს არსებული პრობლემა არის კანონმდებლობის აღსრულებით ნაწილში. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც გამოიწვია შემთხვევების რაოდენობის ზრდა. მიგვაჩნია, რომ ფემიციდის შემაშფოთებელი ფაქტების ეფექტიანი პრევენციისთვის ქმედითი, პრაქტიკული ნაბიჯებია გადასადგმელი. პირველ რიგში, ხელისუფლების დღის წესრიგში, მთავარ პრიორიტეტად უნდა დაბრუნდეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. დაუყოვნებლივ უნდა გააკეთდეს მკაფიო განცხადებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. უნდა განხორციელდეს ქმედითი უწყებათაშორისი კოორდინაცია და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა შესაბამის აქტორთან; საზოგადოებას პროაქტიულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მოძალადეთა მიმართ გატარებული ღონისძიებების და მკაცრი პოლიტიკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გაძლიერება (მათ შორის აღადგინონ ინტენსიური კომუნიკაცია გარე აქტორებთან). ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლის შესრულება მხოლოდ ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით არის შესაძლებელი.", - წერია განცხადებაში. 
  4. tvati
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადელ ხალხს თანადგომას უცხადებს.
    ზურაბიშვილი კანადაში ძლიერი ხანძრების შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
    „გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში. ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი.
    კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
  5. tvati
    დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება.
    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
    მათივე ცნობით, სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.
    „კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას. ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევაზე იმსჯელებენ.
    საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები არიან: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე.
    ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.
    ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  6. tvati
    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით "წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.
    მისი თქმით, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის "წითელმა ჯვარმა" და გაერომ, უკრაინის დახმარების შესახებ თხოვნებს ან იგნორირება გაუკეთეს ან დიპლომატიური ფორმულირებით უარი განაცხადეს.
    “ხალხი, ცხოველები დაიღუპნენ. დატბორილი სახლების სახურავებიდან ხალხი დამხრჩვლებს ხედავს.
    ხერსონის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხალხის გამოყვანა ძალიან რთულია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წითელი ჯვარი და გაერო ადგილზე “პირველები უნდა ყოფილიყვნენ სიცოცხლის გადასარჩენად,” ვინაიდან, ეს სტრუქტურები სწორედ ასეთი მიზნებისთვის იქნა შექმნილი.

    იპნ
  7. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
    მისი მტკიცებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია.
    „ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული“, აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რაც ახლა ხდება.
    „შეუძლებელიც კი არის ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები ადამიანებს შეძლებისდაგვარად ეხმაებიან, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო. აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარონ ხალხს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქმედუუნაროა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

    ipn
  8. tvati
    ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
    საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
    უწყების ცნობითვე, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.
    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
    „ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა.
    რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.
    გასული წლების მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.
    ქართული მხარის მიერ ინიცირებული IDP რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS - კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
    ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თითოეულ დევნილს თანადგომა გამოუცხადა.
    რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია, პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


    ინტერპრესნიუსი
  9. tvati
    რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
    „კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.
    ამასთან, სამედიცინო სამსახურების ცნობით, მედიკოსებს დახმარების აღმოჩენის მიზნით 23-მა ადამიანმა მიმართა, ჰოსპიტალიზებულია 21 ადამიანი.

    ინტერპრესნიუსი
  10. tvati
    უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს.
    უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს.
    "პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში ჩვენ გავაგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - დაწერა მაკრონმა.
    თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებს „არსებით“ მოლაპარაკებებად აფასებს.
    „განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი [კახოვკის კაშხლის აფეთქების] მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინელი მფრინავების მომზადების სწრაფად დაწყებას. განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატები, მოლოდინები ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან და მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  11. tvati
    საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით.
    გიორგი მსხილაძემ აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი ხელს არ უშლის ბანკის ხელმძღვანელის დანიშვნას.
    „ოცნების“ პოლიტსაბჭომ 7 ივნისს გამოქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას.

    პუბლიკა
  12. tvati
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა.
    როინ მეტრეველი 83 წლისაა. აქამდე, 2013 წლიდან, იგი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ასევე იყო პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004).
    საბჭოთა დროს მუშაობდა პარტიულ სტრუქტურებშიც, ასევე იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქტორი.

    ნეტგაზეთი
  13. tvati
    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურა მუშუქია დაიღუპა.
    ის დონეცკის ოლქში დაბომბვას ემსხვერპლა.
    სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ომს უკრაინაში საქართველოს 44 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
    „სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის მსხვერპლის შესახებ“, — დაწერა ოლეშკის მერმა ევგენი რიშჩუკმა ფეისბუქზე.
    „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მოგვიანებით მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი. მისი თქმით, საღამოს რუსმა სამხედროებმა სახურავებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.
    რიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქი 90%-ით არის დატბორილი, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე სამ მეტრს აღწევს.
    ნოვა კახოვკას კაშხალი 6 ივნისის დილის საათებში ააფეთქეს. უკრაინის ცნობით, აფეთქება რუსეთმა მოაწყო. მოსკოვი კი აფეთქებაში კიევს სდებს ბრალს.
  15. tvati
    უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 7 ივნისს, განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ.
    მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე წინ წაიწიეს 200-დან 1100 მეტრზე. მალიარის თანახმად, მოწინააღმდეგე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და თავს უყრის რეზერვს. მისივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის რეგულარული არმია, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფები კი ზურგის ქვედანაყოფებში რჩებიან.
    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით ჯერ ხანგრძლივ თავდაცვას, ახლა კი შეტევას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წინასწარ უზრუნველყვეს ამ რაიონის კაპიტალურად გამაგრება.
    დღეს უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმაც განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები განაგრძობენ ბახმუტის მიმართულების ფლანგებზე შეტევას და მოწინააღმდეგე პოზიციებს კარგავს.
    რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 25 მაისს თქვა, რომ დაიწყეს ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა.
    ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებლის თანახმად, 1 ივნისამდე ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი ზურგის ბანაკებში გადაინაცვლებდა, პოზიციებს სამხედროებს გადასცემდნენ და თუ მათ გაუჭირდებოდათ, ქალაქში დარჩებოდნენ ისინი, ვინც ბახმუტის დაპყრობაში ძირითადი როლი შეასრულა.
    პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ "ვაგნერმა" ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა. 21 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა "ვაგნერელებს" და რუსეთის არმიის სამხედროებს "მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს. 22 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერელები" ბახმუტს დატოვებდნენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. 24 მაისს ევგენი პრიგოჟინმა პოლიტტექნოლოგ კონსტანტინ დოლგოვთან ინტერვიუში თქვა, რომ „ვაგნერმა“ ბახმუტისთვის ბრძოლაში დაკარგა 20 000-მდე მეომარი და მათი ნახევარი ყოფილი პატიმარი იყო.

    რადიო თავისუფლება
  16. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა.
    უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს „სულ მცირე 100 000 ადამიანი“ ცხოვრობდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა „ათობით ათასამდე“ დავიდა.
    შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. კაშხლის აფეთქების გამო, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, რასაც 300 ცხოველი ემსხვერპლა.

    იპნ
  17. tvati
    იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტთან არსებული განსხვავებების გამო, ხომ არ შეიძლება მივიდნენ იმპიჩმენტის პროცედურამდე.
    ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ "ქვეყანა შეარყიონ".
     
    „ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ინსტიტუტი შესაბამისად უნდა იქნას დაფასებული. ქვეყნისთვის გაცილებით მძიმე იქნება ამ აზრთა სხვადასხვაობის გადაყვანა იმ არხში, როცა სპეკულაციური პოლიტიკური სუბიექტები ისარგებლებენ მდგომარეობით და ქვეყნის შერყევისთვის კიდევ დამატებით რესურსი და ბერკეტი მიეცემათ. ჩვენ ვჯერდებით მთავარ ფორმულაზე - დავაში იბადება ჭეშმარიტება და შევეცდებით ამ ფორმულით გავყვეთ იმ პერიოდს, რომელსაც პრეზიდენტის, კონკრეტული ადამიანის მმართველობის პერიოდი ჰქვია", - განაცხადა ვოლსკიმ.
     
    ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფერხების საფრთხე რეალურია.
     
    "ლაშა ხუციშვილის მიმართ არათუ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას პრეტენზია არ აქვს, არამედ საკმაოდ დადებითი განწყობა აქვს და ასეთივე დადებითი განწყობა ჰქონდა პრეზიდენტსაც, მაგრამ როგორც ჩანს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფერხების საფრთხე რეალურია, არსებობს და პოლიტსაბჭოს განცხადებაში მოყვანილი იყო რამდენიმე მძიმე მაგალითი, როცა საკითხი ეხება ცესკოს, მის შემადგენლობის, თავმჯდომარის არჩევას და თუკი იგივე კონტექსტში შეიძლება იქნეს ეს განხილული, როცა ინფლაცია, ვალუტის კურსია სამართავი, მნიშვნელობა აქვს იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ვეტო დადებულ კანონთან დაკავშირებით,"- განაცხადა ვოლსკიმ.
     
    რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ლაშა ხუციშვილი "ივანიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური პირია", ვოლსკი აცხადებს, რომ პოლიტიკური პირი შეიძლება ნებისმიერი იყოს და მთავარია პროფესიონალიზმი.
     
    „პოლიტიკური პირი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, გინდა ბიძინა ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული, გინდ ჩემთან და გინდ პოლიტსაბჭოს მთელ შემადგენლობასთან. აქ პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი და ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, რომელიც საგანგებო მნიშვნელობის მატარებელია, როცა ერთი კრიზისი, მეორე კრიზისი დაძლია ქვეყანამ და არც ომის თემაა დღის წესრიგიდან მოხსნილი, ამ ომს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. ფინანსების მართვა ვერ იქნება რა თქმა უნდა, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არ არსებობს, ერთადერთი შეიძლება საბოტაჟი გამოაცხადოს ამ სტრუქტურამ, ისევე როგორც ცესკომ, სადაც ისეთი სისტემაა, რომ ვერ გააყალბებს, მაგრამ საბოტაჟი შეუძლია გამოაცხადოს. არ ველოდებით, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი შემადგენლობა საბოტაჟისკენ წაიყვანს საქმეს, მაგრამ თუკი საბჭო შეივსება მაღალი დონის პროფესიონალებით, როგორიც ლაშა ხუციშვილია, ამაში არათუ ცუდი იქნება რაიმე, არამედ მისასალმებელი იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

    იპნ
  18. tvati
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
    უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მათივე ინფორმაციით, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო.
    თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა.
    რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ.
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    იპნ
  19. tvati
    თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა.
    ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი უდასტურებს.
    თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ფასი 95 ლარიდან იწყება.
    ჯონ მალკოვიჩი საქართველოში პირველად 2011 წელს იყო ჩამოსული.
    საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბრიდან- 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ის პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, უკრაინის დასებს უმსაპინძლებს.

    პუბლიკა
  20. tvati
    ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, ის აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურებად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
  21. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს პასუხისმგებლობას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე.
    გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ „რუსმა ტერორისტებმა“ ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს და კახოვკის ჰესის შიდა კონსტრუქციები ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის ჯარების წინსვლა. გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად, დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.
    ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ცალსახად იმის თქმა, რა მოხდა კახოვკის ჰესზე. ამასთან, უკვე არსებული მტკიცებულებების, არგუმენტაციის და რიტორიკის ბალანსი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ კაშხალი განზრახ დააზიანეს რუსებმა. ამერიკული ცენტრის ექსპერტები ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი უფრო მეტად იყო დაინტერესებული მდინარე დნეპრის ქვედა დინების ტერიტორიის დატბორვით.

     
    6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა. კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია". ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად. კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით. როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

    radio tavisupleba
  22. tvati
    საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი მოიძია. ინფორმაცია მთავრობის ერთი წლის ანგარიშშია თავმოყრილი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
    შეთანხმება გაფორმდა:
    გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). ამ თანხიდან 343 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 421 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად არის მოძიებული. აქვე დაკონკრეტებულია, რომ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის დაიხარჯება.
    "აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი", - წერია პარლამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.
    მთავრობის ამავე ანგარიშში წერია, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა დაახლოებით 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მოლაპარაკებები და კონსულტაციები დაწყებულია:
    გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB).

    radio tavisupleba
  23. tvati
    თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 50-ზე მეტ ქუჩაზე წყალმომარაგება დღეს, 7 ივნისს 14:00 საათიდან შეწყდება და 8 ივნისს 20:00 საათიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
    კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებია.
    იხილეთ აღნიშნული ქუჩების ჩამონათვალი, რომელზეც წყალმომარაგება შეწყდება:
    რობაქიძის N 7 ჩალაძის, დიღმის მას II კვარტალს N 9, 9ა, 10 ა , 16 , 17 ბაქრაძის N 40 ნ. გაფრინდაშვილის I ჩიხი ტრანსპორტის, წინამძღვრიშვილის N133-137 (კენტები), N176-200 (ლუწები) თამარ მეფის გამზ. N5-31 (კენტები) ნინოშვილის N61-69 (კენტები), N66-78 (ლუწები) წერეთლის გამზ. N1-169 (კენტები), N2-162 (ლუწები) აღმაშენებლის გამზ. N142-184 (ლუწები), N125-199 (კენტებ) სურამის ქუჩა კვინიტაძის ქუჩა ლებანიძის ქუჩა აბასთუმნის ქუჩა თორნიკე ერისთავის N 1, 3 დიდუბის დასახლების ქუჩა ცაბაძის ქუჩა ფიფიების ქუჩა გორის ქუჩა ვორონინის ქუჩა იამანიძის ქუჩა მეტრეველის ქუჩა ბათუმის ქუჩა ა.ქურდიანის ქუჩა ყიფიანის ქუჩა ხვამლის ქუჩა პასტერის ქუჩა ვანის ქუჩა გოგოლაურის ქუჩა აგლაძის ქუჩა გუდაუთის ქუჩა ხოშარაულის ქუჩა ევდოშვილის ქუჩა კედიას ქუჩა თევდორე მღვდლის ქუჩა სოხუმის ქუჩა ზუგდიდის ქუჩა ვ.ბაგრატიონის ქუჩა ქუთაისის ქუჩა გაფრინდაულის ქუჩა გვეტაძის ქუჩა ბაქრაძის ქუჩა სტანისლავსკის ქუჩა სამტრედიის ქუჩა წყალტუბოს ქუჩა ცემის ქუჩა ბორჯომის ქუჩა ფოთის ქუჩა მირცხულავს ქუჩა მტკვრის მარცხენა სანაპირო კოსმონავტების ქუჩები კერესელიძის ქუჩას თავისი შესახვევებით მაიაკოვსკის ქუჩა

    netgazeti
  24. tvati
    უკრაინელმა სამხედროებმა ახლახან ტყვედ აიყვანეს წარმოშობით ქართველი პირი ნ.ბ., რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის.
    უკრაინელების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთი ტყვე წარადგენს თავს ქართული სახელითა და გვარით და როგორც თავად ამბობს, ცხოვრობს რუსეთში, ამურის ოლქში და მსახურობს კერძო სამხედრო კომპანია “ვეტერანში”. ეს კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ.
    ტყვედ ჩავარდნილის სოციალური მედიის პროფილის მიხედვით, მან ქართული ენა იცის და საქართველოში გაიზარდა. ის სავარაუდოდ 50 წლის უნდა იყოს.
    სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ტყვედ აყვანილი პირი არის ასევე რუსეთის მხარეს მებრძოლი გივი ვანიშვილი, თუმცა ეს სხვა ადამიანია.
    რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ესაა პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა, როცა რუსეთის მხარეს მებრძოლი წარმოშობით ქართველი პირი აიყვანეს ტყვედ.
    ვიდეოში ნ.ბ. და მასთან ერთად ტყვედ აყვანილები ამბობენ, რომ წარმოადგენენ „ჩე-ვე-კა [კერძო სამხედრო კომპანიის რუსული აბრევიატურა] ვეტერანს“.
    ეს შედარებით ახლახანს შექმნილი დაჯგუფებაა, რომელიც, რუსული მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროსაა დაქვემდებარებული, უწყების ხელმძღვანელობასთან კონფლიქტში მყოფი ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ საწინააღმდეგოდ. სწორედ თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჩამოართვეს პრიგოჟინს მსჯავრდებულთა საომრად დაქირავების უფლება.
    ღია წყაროებში განთავსებული ინფორმაციით, „ვეტერანში“ გაწევრიანება საკმაოდ მარტივია – ერთადერთი შეზღუდვა ასაკობრივია, 20-დან 55 წლამდე. მებრძოლებს თვიურად 240 ათას რუბლს [7700 ლარზე ოდნავი მეტი] ჰპირდებიან, შეუზღუდავი პრემიით. ამჟამად ეს დანაყოფი ბახმუტის მიდამოებში იბრძის.

    netgazeti
  25. tvati
    საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.
    ელჩის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან და წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში, რადგან მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მიღება მოხდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
    „როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ცალსახად, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კავშირს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, იმისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ 27 წევრი ქვეყანა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს, რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
    როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს 2023 წლის 9 ივნისს შეხვდება.

    ipn
×
×
  • შექმენი...