Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    150.783

ისინი რუსულ ფაზლს არ მოერგნენ და მსოფლიოს გული უკვე მოიგეს


blog-0840762001646838781.jpg

,,გადაფხეკ რუსს და მიიღებ მონღოლს."

 

უკვე ორი კვირაა, ლამის, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ სამყაროში ყველაზე დიდ

ბოროტებას, ომს... ვუყურებთ, როგორ ესხმის თავს ევროპის შუაგულში მდებარე ერთი სახელმწიფო მეორე, დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ანადგურებს მის ქალაქებს, ეკლესია-მონასტრებს, სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებს, მშვიდობიან მოსახლეობას. ვუყურებთ უკრაინელი ხალხის გასაოცარ ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ და ორმაგად გვიმძიმს მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, რაც საქართველოს უახლეს ისტორიას გვახსენებს და იმ იარებს გვიხსნის, რომელიც იგივე აგრესორმა ჩვენ არაერთხელ მოგვაყენა.

 

274618654-485819409619081-5712846103410990164-n.jpg

 

როგორ გავუძლოთ საკუთარ ტკივილთან გაიგივებულ ამ ტრაგედიას, რა საერთო და განმასხვავებელი გარემოებები გვაქვს უკრაინელ ხალხთან, რით არის განპირობებული მათი გმირული თავგანწირვა და როგორ შეიძლება შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, ამის შესახებ აზრის გაზიარება ფსიქოლოგ ვერიკო გოჯიაშვილს ვთხოვეთ.

 

275216051-1396682364098832-7701609574926687521-n.jpg

 

- ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ გავუძლოთ იმ ყველაფერს, რასაც ვუყურებთ და რისი მომსწრენიც ვხდებით. მით უმეტეს, ძალიან მძიმე სანახავია მიმდინარე ომის კადრები ჩვენი და ჩვენი შემდგომი თაობისთვის, რომლებშიც საკუთარმა ისტორიამ, საკუთარმა წარსულმა გაიღვიძა და ერთგვარი გულისდაწყვეტაც წამოვიდა... იქიდან გამომდინარე, თუ რა დონეზე შუქდება დღეს უკრაინელი მეომრებისა და სამოქალაქო პირების ქმედებები, გული გვწყდება იმაზე, რომ როცა ჩვენი ქვეყანა იგივე განსაცდელს გადიოდა, ჩვენს გმირებს ასეთი გამოხმაურება არ ჰქონიათ და ჩვენი მებრძოლების თავდადება ასე ფართოდ არ გაშუქებულა, ვინაიდან მაშინ ამის საშუალება ნაკლებად იყო.

ამიტომაც ორმაგად ძნელია ქართველებისთვის იმის გაძლება, რაც უკრაინაში ხდება. ვხედავთ, როგორ უჭირს მოძმე ერს, თანავუგრძნობთ და ამავე დროს, იღვიძებს ომთან დაკავშირებული ჩვენი ძველი ტრამვები. ამ ომმა ყველა ჭრილობა გაგვიხსნა, ამიტომ ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ სიმშვიდეს და მოთმინებას და რა თქმა უნდა, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ.

 

275278957-677148747046189-1149586249165873750-n.jpg

 

 

მხოლოდ ერთმანეთის თანადგომა, სიყვარული და დადებითი განწყობები თუ გაგვაძლებინებს. თუმცა ქართველებს დღეს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობა გვიჭირს.

 

- როგორც ვხედავთ, ასეთი განსაცდელის ჟამსაც ქართული საზოგადოება ვიღაცისტობას არ ივიწყებს და ყველა სათავისოდ ცდილობს ვითარების გამოყენებას. ნუთუ მართლა არ შეიძლება ერთი მიზნისთვის ერთად დავდგეთ?

 

- მახსოვს, 2008 წელს, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სერიოზული დაპირისპირება იყო და ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა მთავრობის საწინააღმდეგოდ, რუსეთის თავდასხმის შემდეგ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან ოპონირებასა და შუღლზე უარი თქვა, მორატორიუმი გამოაცხადა და ყველა ერთ მხარეს დადგა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური შეგნების მაჩვენებელი იყო. ასეთ ნაბიჯს სჭირდება ცოდნა, განათლება, ინტელექტი, ადამიანობა, შეგნება, პატრიოტიზმი. ყველაფერი ეს ეყო მაშინდელ ოპოზიციას, ამჟამინდელმა კი ვერაფრით გამოიჩინა ისეთი თვითშეგნება, რომ დღეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სათავისო ლოზუნგებით და მოთხოვნებით არ გამოვიდეს, უცხო ქვეყნებმაც არ ნახონ ჩვენი გახლეჩილობა და ერთი მიზნისთვის ვიდგეთ ერთად.

ამიტომაც არის ჩვენთვის შესაშური ის ერთიანობა, რაც დღეს უკრაინაშია. იქაც ჰყავთ ოპოზიციები, მაგრამ როცა ყველა დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ და ამხელა აგრესორის წინააღმდეგ ვიბრძვით, ზურგში დანის ჩარტყმას არავინ ცდილობს.

ამ მძიმე ვითარებაშიც კი, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმებს ამუშავებენ, თუ როგორ მოუწყონ საბოტაჟი საკუთარ ქვეყანას და რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ მისი ხელისუფლება, რითაც პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებს დააზიანებენ.

რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველო ერთი დღითაც არ ყოფილა საბოტაჟის გარეშე. სხვა თუ არაფერი, ეს ძალიან დიდი სირცხვილია. ძალიან კომიკურ სიტუაციაში ვაგდებთ საკუთარ თავს და საკუთარი ქვეყანის იმიჯს. ჩვენი ისტორიის ხალხს ასე მოქცევა არ გვეკადრება.

 

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ვერ გაამართლა საზოგადოების იმედები, მიგაჩნიათ, რომ ახლა მათი გაკიცხვის დრო არ არის?

 

- წარმოუდგენელია ამ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები არ გვქონდეს, რასაც მშვიდობიან პერიოდში ძალიან თამამადაც გამოვთქვამ და ესეც დასაფასებელია. ხელისუფლების მიმართ საყვედურებს, პრეტენზიებს ჩვენ საკმაოდ ხმამაღლა ვაცხადებთ, ისე, რომ არაფრის გვეშინია.

გვახსოვს, ამ მხრივ, 10 წლის წინ სულ სხვა რეალობა გვქონდა და ოჯახის წევრები სახლშიც კი ერთმანეთს ვაჩუმებდით.

მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების ნაკლისა და მათ მიმართ უამრავი უკმაყოფილებისა, ახლა მათთან ბრძოლის კი არა, ერთიანობის დროა.

 

- ორი კვირაა ვუყურებთ, როგორ დგანან უკრაინაში ყველანი ერთად, როგორ ეხმარება ერთმანეთს დიდი და პატარა, ქალი და კაცი. თავდადებულად იბრძვიან, გოჯს არ თმობენ, თან მხნეობას არ კარგავენ, აქეთ გვანუგეშებენ. რა ფენომენია ეს, რაზე მიგვანიშნებს მათი უდრეკელობა?

 

- აქ მოქმედებს რუსთაველის ცნობილი აფორიზმი, ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა.“ საოცარი თვითშეგნება აქვთ, ესმით, რომ დამალვით სიკვდილს ვერ გაექცევიან.

ვფიქრობ, რასაც უკრაინელები ახლა აკეთებენ, ეს მათ აღზრდაშია ჩადებული.

შიში ადამიანის წინსვლისა და განვითარებისთვის საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებაა. ძალიან პატარა ზღვარი არსებობს სიფრთხილესა და შიშს შორის. სიფრთხილე აუცილებელი დაცვითი მექანიზმია, რომლის გარეშეც შეიძლება პატარა დაბრკოლებაც საბედისწერო გახდეს. შიში კი არის ჰიპერგანცდა, რომელიც ყოველთვის აგაცდენს სწორ გზას და ყოველთვის კოლაფსს გამოიწვევს ადამიანის აზროვნებაში, რადგან გადაჭარბებული შიშით იგივე შეცდომები შეიძლება დაუშვა, როგორც აბსოლუტური უშიშრობით.

უკრაინელებმა აჩვენეს საოცარი ფსიქოლოგიური მდგრადობა. ვხედავთ, თუ როგორ სწორად მიდიან ამ ეკლიან გზაზე, უშიშრად, სიფრთხილით და გონივრულად.

სადაც შიში და ემოციურად მაღალი ტემპერატურაა იქ აზროვნების გადაფარვა ხდება. როცა ემოცია მაღლა იწევს, აზროვნება ქვეითდება, მაგრამ როცა ემოციას და აზროვნებას ვაბალანსებთ მაშინ ძალიან სწორ პროდუქტს ვდებთ. უკრაინელებმა სწორედ ეს ბალანსი აჩვენეს, რაც ძალიან დასაფასებელია.

275295426-983142532631292-3412773309963755430-n.jpg

 

- მიუხედავად იმისა, რომ პირად საუბრებში უკრაინელების ნაწილი ამბობს, ომისთვის თავის არიდება შეიძლებოდაო, დღეს ისინი თავიანთი პრეზიდენტს სრულიად ენდობიან და მის სულისკვეთებას ბოლომდე იზიარებენ. ის, რომ უკრაინელები ასე მედგრად იბრძვიან, ალბათ იმითაც არის გამოწვეული, რომ ზელენსკიმ სიმხდალე არ გამოიჩინა და მტკიცედ დგას მტრის პირისპირ. სახელმწიფოს მეთაურის ასეთი საქციელიც, ალბათ, დიდი სტიმულია უკრაინელებისთვის?

 

- აგრესორთან ძალიან ძნელია გათვალო ქმედებები. ის სულ აგრესორია, არა აქვს მნიშვნელობა, მოეფერები, დაეთანხმები რამეში თუ არა. აგრესორს შინაგანად აქვს მოთხოვნილება, რომ ვიღაცა დაჩაგროს. ამიტომ არავინ იცის, ზელენსკის მართლა შეეძლო თუ არა ამ ომის თავიდან არიდება.

დღეს მას აქვს ყველანაირი საშუალება, გაერიდოს კიევს, მოითხოვოს თავშესაფარი, შეუძლია დაჯდეს პოლონეთის საზღვართან ახლოს და იქიდან მართოს ვითარება, მაგრამ არა, ის რჩება ომის შუაგულში, რამაც მის მიმართ დიდი სიმპათია გააჩინა.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს ისტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მეფეები ყოველთვის თავიანთ მეომრებთან ერთად იბრძოდნენ ომში, ისინი მაგალითს აძლევდნენ და ბრძოლოს ჟინს უღვიძებდნენ მათ.

სწორედ ასეთი მაგალითი აჩვენა ზელენსკიმაც და ამიტომ არის, რომ ოჯახებით იბრძვიან უკრაინელები.

ქართველებსა და უკრაინელებს შორის ის განსხვავებაცაა, რომ ჩვენ ვინც ომისკენ მოგვიწოდებდა, ისინი თავად გაურბოდნენ ომს და ოჯახებსაც არიდებდნენ. იქ კი სრულიად სხვა სურათი იხატება, რაც ძალიან დიდ სტიმულს აძლევს უკრაინელ ხალხს.

როცა ქვეყნის მეთაური ასეთ მაგალითს აძლევს თავის თანამემამულეებს, ისინიც დაუფიქრებლად მიჰყვებიან მას და თავს წირავენ ქვეყნისთვის. ამის გამოა, რომ ზელენსკიმ არა მარტო უკრაინელების, მთელი მსოფლიოს სიმპათია დაიმსახურა.

- ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოჩნდა ის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც რუსეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და უფრო მეტიც, დაგვანახა, რომ რუსეთი არც ისე უძლეველი ყოფილა, როგორიც გვეგონა.

ვერავინ იფიქრებდა, რომ უკრაინა არათუ ამდენი დღე გაუძლებდა რუსეთის შეტევებს, უფრო მეტიც, ასე გაანადგურებდა მათ სანმხედრო ძალებს. თავად რუსეთსაც ხომ ეგონა, რომ კიევს ორ დღეში აიღებდა?

- დიახ, მართლაც ვერავინ იფიქრებდა, რომ რომელიმე ქვეყანა ამდენ ხანს გაუძლებდა რუსეთს. ზელენსკიმ კი მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი მორალურად და სულიერადაც შეიძლება გატეხო. ამ წუთამდე სამაგალითოა როგორც უკრაინის, ისე მათი მეთაურის საქციელი. აქამდე ან ამის შემდეგ, წინასწარ დანამდვილებით ვერ შევაფასებთ უკრაინის პრეზიდენტის მოღვაწეობას, მაგრამ ამ წუთისთვის, ომში ის ნამდვილად სამაგალითო პირველი პირია.

- ქართველებს მტერთან ბრძოლაში გმირობის არაერთი მაგალითი გვაქვს. ბევრი შეგვიძლია დავასახელოთ, 9 ძმა ხერხეულიძიდან და სამასი არაგველიდან დაწყებული, ახლო წარსულში ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია, აგერ, ახლახანს კი გიორგი ანწუხელიძე.

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ისე ჩანდა, თითქოს, პატრიოტიზმი და სამშობლოს ცნება რაღაცნაირად დაკნინდა და ზოგის შეხედულებით საქილიკოც კი გახდა. უკრაინის დღევანდელი მაგალითი ამის საპირისპიროს ხომ არ ამტკიცებს?

- უკრაინის ომმა ნამდვილად ძალიან გაუმწვავა ყველას პატრიოტული გრძნობები. უნდა აღვნიშნო, რომ პატრიოტიზმის გამოვლინება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ხდება. მშვიდობიანიობის დროს სხვანაირია, ომში - სხვანაირია, სხვადასხვა ხელობის და პროფესიის ადამიანიც სხვადასხვანაირად გამოხატავს მას. ხელოვანმა სხვანაირად შეიძლება გადმოსცეს ქვეყნის სიყვარული, მწერალმა - სხვანაირად, პოლიტიკოსმა - სხვანაირად.

ქართველები განსაკუთრებით ქარიზმატულები ვართ და მშვიდობიან პერიოდშიც მუდმივად გამძაფრებული გვაქვს პატრიოტიზმის შეგრძნება.

- ისევ უკრაინას და რუსეთის აგრესორ მეთაურს რომ დავუბრუნდეთ, რაზე მიგვანიშნებს მისი ბოლოდროინდელი ქმედებები. უშველებელი მაგიდის გარშემო გამართული სხდომები და თათბირები, სადაც თავად ერთ თავში ზის და დანარჩენები - ბოლოში?

- ზოგადად ყველა აგრესორი შიგნიდან მხდალი და მშიშარაა. აგრესია არის დაცვითი რეაქცია საკუთარ შიშის და სისუსტის გადასაფარად. რატომ ჩნდება შიში და სისუსტე?

ჩვენ გვაქვს აუცილებელი საბაზისო ემოციები, ეს არის ნდობა, საყრდენი და სიყვარული, რომელიც ბავშვობაში მშობლებისგან გვიყალიბდება.

აგრესორების ცხოვრებას რომ ვაკვირდებით, მათში ეს საბაზისო სამი ემოცია მოშლილი და მონგრეულია. სწორედ ამიტომ ისინი მუდამ აგრესიას ეყრდნობიან და საკუთარ სისუსტეს ამით ფარავენ.

ჩემი დაკვირვებით, ვლადიმერ პუტინი ყველას რომ უტევს, ყველა თავისი მტერი ჰგონია და ახლაც, ასე შორს ჯდება ყველასგან, ჩანს, რომ მან რუსულ ,,დერჟავაში“ დაინახა ყველა ის საყრდენი, რაც მთელი ცხოვრება აკლდა, როგორც ადამიანს. ამიტომ,

ოღონდ ახლა ეს გარშემო შემოშენებული კედლები არ დაენგრეს, ყველაფერზე წავა.

მან თქვა ასეთი რამ, თუ რუსეთი არ იქნება ძლევამოსილი, დაე, ნუ იქნება დანარჩენი მსოფლიო, მე ასეთი მსოფლიო არ მინდაო. პუტინმა იცის, რომ ეს თავისი ნაჭუჭი თუ შემოეცალა, ამით ყველა სასიცოცხლო პირობა ერღვევა. მას სხვა სასიცოცხლო პირობები, ნდობა და სიყვარული არ გააჩნია, არავის სიყვარული არ გააჩნია, საკუთარი თავის სიყვარულიც არ გააჩნია და მზად არის თავიც გაინადგუროს. მისი ქმედებები ძალიან ჰგავს ჰიტლერის ქმედებებს.

ნებისმიერი აგრესორის და დესპოტის ცხოვრებაზე დაკვირვება ადასტურებს, რომ 5 წლამდე ან მუცლად ყოფნის პერიოდში ბაზისური საყრდენები ყველა მათგანს მორღვეული აქვს.

- რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები ჰგავს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ქმედებებს?

- არაპროფესიონალი თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევია მისი ფსიქიკური მდგომრეობა, რომელსაც ნამდვილად ვერ დავარქმევთ ჯანსაღს.

როცა ასეთი ადამიანი იბადება, იზრდება და ყალიბდება, ის თვითგამოვლენას ვერ მოახდენს თუ გარემომაც არ შეუწყო ხელი. სამწუხაროდ, რუსეთმა მისცა პუტინს ის გარემო-პირობები, რამაც ასეთ აგრესორად ჩამოაყალიბა. მისი აგრესიის მარცვალი ზუსტად იმ ნიადაგში მოხვდა, როგორიც მას სჭირდებოდა.

- ალბათ ნახეთ ვიდეო, სადაც ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი ცდილობს დედას გააგებინოს, რაც უკრაინაში ხდება და დახმარებას თხოვს, დედა კი შვილის თხოვნას უგულვებელჰყოფს და მხოლოდ იმით ინტერესდება, რა მდგომარეობაშია მისი ჯავშანმანქანა. რა ფენომენია ეს, რაზე მეტყველებს დედის საქციელი?

- ეს დედა არის რუსეთის სახე, საუკუნეების და ისტორიის პროდუქტი. შეგვიძლია ვთქვათ, ,,გადაფხეკ რუსს და მიიღებ მონღოლს.“ ეს იქნება გენეტიკური ფაქტორი, აღზრდა თუ კოლექტიური არაცნობიერი, რუსეთში აგრესიისთვის ყველანაირად არის ნიადაგი შემზადებული.

- მათში ბუნებრივად დევს დამპყრობლის ინსტინქტები?

- კი, ნამდვილად სჭარბობს მათში დამპყრობლის ინსქტიტები. რუსეთს სჭირდება მსხვერპლი და მსხვერპლი ყოვეთვის იზიდავს დამყრობელს.

თავად რუსი მწერლები აღიარებენ და თავიანთ თხზულებებში გამოთქვამენ აზრს, რომ რუსს ოღონდ ძალაუფლება ჰქონდეს, შავ პურზეც იარსებებს. ქართველი მწერლები როგორ ახასიათებენ ჩვენს თვისებებს? ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომელიც გამღებად არის დაბადებული. ოღონდ სხვა იყოს კარგად ჩვენს მიწაზე და ჩვენს თავს არ დაგიდევთ. ეს ჩვენი მიმღები ხასიათი ფაზლივით ჯდება რუსების დამპყრობლურ ბუნებაში, თუმცა ამ ფაზლს არ მოერგნენ უკრაინელები.

- ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელებმა ფსიქოლოგიური ომი უკვე მოიგეს?

- პრაქტიკულად უკრაინელებმა ფსიქოლოგიური ომი და ინფორმაციულიც მოიგეს, - ინტერნეტ ომიც და მენტალური ომიც. მათ მსოფლიოს გულიც მოიგეს და დაიმსახურეს უდიდესი სიმპათია.

უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ უკრაინამ რუსეთი გატეხა და დაანგრია მითი მათი უძლეველობის შესახებ!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...