Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    166.309

,,საწყენია მსგავსი განცხადება და განზე გადგომა, თუმცა თქვენი ხელისუფლებისაც გვესმის"


blog-0141051001645812767.jpg

სამშობლოს იცავენ, ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?

 

უკრაინის ქალაქ დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) მშვიდობიანი მოსახლეობა მეორე დღეა რუსეთის არმიის მხრიდან დაანონსებული დაბომბვის მოლოდინშია.

 

მოქალაქეებს გუშინ მთელი დღე ესმოდათ, როგორ იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სტრატეგიული ობიექტები, სამხედრო ნაწილები, აეროპორტები.

 

მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ, არავინ არსად გარბის, თუმცა მათი ცხოვრების რეჟიმი მნიშვნელოვნად შეიცვალა და მათი სიცოცხლეც გამუდმებით საფრთხის წინაშეა.

ამის შესახებ Planeta.ge-ს ქალაქ დნეპრის მკვიდრი, უკრაინელი ახალგაზრდა ნატალია გრიშენკო ესაუბრა.

 

 

- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამუდმებით ომზე მიდიოდა ლაპარაკი, ცხოვრებას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდით. იმედიც გვქონდა, რომ კონფლქტი მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდებოდა და სისხლისღვრამდე არ მივიდოდით.

სამწუხაროდ, უბრალო ხალხის სურვილი არასდროს ემთხვევა ზემდგომების სურვილს. თქვენც უყურებთ მოვლენების განვითარებას და ხედავთ, რა დღეშიც აღმოვჩნდით.

 

274336404-1011336376467799-2686193821661449110-n.jpg

 

გუშინ დილით გრუხუნისა და აფეთქებების ხმამ გამოგვაღვიძა და მაშინათვე მივხვდით, რა უბედურებაც გვეწვია.

მას მერე ორი მცირეწლოვანი ბავშვითურთ სახლში ვზივარ. ჩემი მეუღლე მეზღვაურია და ახლა შორეულ ნაოსნობაშია წასული. ასე, რომ საკუთარი ძალებით მომიწევს ამ მძიმე პერიოდში თავის გატანა. მადლობა ღმერთს, ამჟამად ფინანსური პრობელმის წინაშე არ ვდგავართ. რამდენიმე დღის სამყოფი საკვები პროდუქტებიც გუშინვე მოვიმარაგე, მაგრამ მერე რა მოხდება, წინასწარ არავინ ვიცით. მაღაზიებიც ნელ-ნელა ცარიელდება. პური გუშინვე უკვე ძნელად იშოვებოდა.

საავადმყოფოების და კვების ობიექტების გარდა, სხვა დაწესებულებები დაკეტილია, ყველანი სახლში ვზივართ და ვუცდით, რა იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთელი დღე აფეთქებების ხმა გვესმოდა, ჩვენს ქალაქში პანიკა არ შეინიშნება. ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არც ვინმეს გაქცევის შესახებ გამიგია რამე. მით უმეტეს, 18 - დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს უკრაინის დატოვება აკრძალულიც აქვთ, საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული და ვისაც იარაღის ხელში აღება შეუძლია, მოხალისეებად ეწერებიან.

ამისთვის სპეციალური პუნქტებია შექმნილი.

 

- თქვენ მითხარით, რომ დღესითვის დნეპრის ოლქის დაბომბვას ელოდებოდით. როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა.

- გუშინ სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავდნენ, დღეს უფრო მასირებულ დაბომბვას ველოდებოდით, ასე ჰქონდა დაანონსებული ოკუპანტს, თუმცა ისევ წერტილოვანი აფეთქებების ხმა ისმის, რასაც სიმშვიდეს ვერ დავარქმევდით. ჩვენი ქალაქის მერმაც გააკეთა განცხადება და გვამცნო, რომ ჯერ-ჯერობით ისევ სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამენ, რუსების ძირითადი სამიზნე კი კიევია.

მაინც მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუ მასირებული საჰაერო შეტევა დაიწყო, სადმე გაქცევასაც აზრი არა აქვს. ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობას შეგვატყობინა იმ ადგილების მისამართები, სადაც მიწისქვეშა თავშესაფარი მოეწყო და ალბათ, მანდ დავიმალებით. მანამდე კი ჩემოდნები მაინც ჩალაგებული გვაქვს და საკუთარ ბინებში ვიცდით.

 

- ჩვენ შორიდან ვუყურებთ და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვეცნობით იქ მიმდინარე მოვლენებს. თქვენ უკეთ იცით, რა ხდება ადგილზე, რა შესაძლებლობები აქვს თქვენს არმიას, როგორი მოტივაციით არიან?

- სამშობლოს იცავენ, ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს, თუმცა კი, არავის უნდოდა ეს ომი. ჩვენ ძლიერი სამხედროები გვყავს, დანებებას არ აპირებენ. მსხვერპლიც საკმაოა, მაგრამ ამ დღენახევარში მოწინააღმდეგეს იმდენი დანაკარგი აქვს, მოტივაციას ესეც ამაღლებს.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თუ აქამდე მთელი მსოფლიო გვაგულიანებდა და გვეგონა, თუ კონფლიქტი მაინც გარდაუვალი იყო, დასავლელი პარტნიორების მკვეთრი და მკაცრი ნაბიჯები მალევე აღკვეთდა პუტინის აგრესიას, ასე არ მოხდა. სრულიად მარტო შევრჩით მონსტრს, რომლისაც ყველას ეშინია.

 

- მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. ეს საკმაოდ დიდი წნეხი იქნება მისთვის და იქნებ პოზიციები დათმოს?

- არა მგონია კრემლის ურჩხული ამ სანქციებით შეაჩერონ. ეს შეეძლოთ მანამდე გაეკეთებინათ, ვიდრე სუვერენულ სახელმწიფოში შემოიჭრებოდა და ამდენი სისხლი დაიღვრებოდა. პუტინს არც საკუთარი ხალხის და არც მეომრების ბედი ადარდებს.

ჩვენი ტელევიზიები გვიჩვენებენ, უკვე რამდენი რუსი ჯარისკაცი ავიყვანეთ ტყვედ. ხელებაწეული, ლამის ტირილით ბარდებიან ჩვენს მეომრებს და უყვებიან, რომ არ იცოდნენ, საომრად თუ მოჰყავდათ.

სულ რამდენიმე წუთის წინ, ჩვენთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი ოლქის ქალაქ კრივოი როგში შესაძლოა რუსი დივერსანტები იმყოფებოდნენ და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

 

- რა პროგნოზები კეთდება თქვენთან, როგორ ფიქრობენ ადგილობრივი სამხედრო ექსპერტები ან მოქალაქეები, ეყოფა უკრაინულ არმიას ძალა, შეაჩეროს რუსეთის აგრესია და გაუძლოს მის შემოტევებს?

- დიახ, უკრაინას ძლიერი ჯარი ჰყავს, მათ მოხალისეებიც უერთდებიან და ჩვენი მოტივაციაც განსხვავდება აგრესორის მოტივაციისგან. ისინი დასაბყრობად მოდიან, თან სხვის ბრძანებას ასრულებენ, ჩვენი არმია კი ჩვენს მიწა-წყალს იცავს და დაიცავს ბოლო წუთამდე. ყოველ ნაბიჯზე მესმის, რომ დანებებას არავინ აპირებს.

 

- მიუხედავად იმისა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გიჭერთ და სოლიდარობას გიცხადებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ რუსეთის მიმართ საქნციების გატარებას არ აპირებს. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?

- მაშინ, როდესაც ჩვენთვის დახმარების გაწევის ერთადერთ საშუალებად სწორედ ეს ეკონომიკური თუ სხვა სახის საქნციები დარჩა, ერთი შეხედვით საწყენია მსგავსი განცხადება და განზე გადგომა, თუმცა თქვენი ხელისუფლებისაც გვესმის. საქართველოს საკმაოდ მწარედ აქვს გამოცდილი რუსეთის აგრესია და დღესაც არ არის არაფრისგან დაცული. ამიტომ იჩენს, ალბათ, სიფრთხილეს. როგორც გითხარით, ცხელ გულზე, ეს ფაქტი ჩვენთვის ნამდვილად საწყენია, მაგრამ ცივი გონებით თუ განვსჯით, როცა თქვენზე ბევრად დიდი და მძლავრი სახელმწიფოების მეთაურები რევერანსებით ელაპარაკებიან რუსეთს, საქართველოს მთავრობის მეთაურისგან რაღა გაგვიკვირეს?

 

274449648-366064485107740-5210861944783746914-n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...