Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    146.020

ჩავარდნილი საკურორტო სეზონი მესტიაში


blog-0089655001643105207.jpg
,,მთავარია, პერსონალი შევინარჩუნოთ და როგორმე სასტუმრო შევინახოთ"

 

ვინც ზაფხულში ასულა ზემო სვანეთში და იქაური გასაოცარი სილამაზე უნახავს, განცდილი ემოციები, უსათუოდ, სიბერემდე გაჰყვება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ზღაპრული მხარე ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო ჯადოსნური და შტამბეჭდავია, თავისი გრანდიოზული ბუნებით, იისფრად აბრჭყვიალებული, დათოვლილი მთებით და მყინვარებით, ცაში აწვდილი კოშკებით, უძველესი ტაძრებით და სალოცავებით.

 

 

272241052-627496424969808-5386561881725927296-n.jpg

 

ნებისმიერ სიმაღლეზე ფეხს დაადგამ თუ არა, მიმოიხედავ თუ არა, ეგრევე სიამაყით ივსები, რადგან ეს დაუჯერებელი სილამაზე შენია და გაბადრულ ტურისტებს, რომლებიც გზადაგზა გხვდებიან და აღფრთოვანებულები ათვალიერებენ გარემოს, ნიშნისმოგებით უყურებ.

ისინიც უთქმელად ხვდებიან შენს ფიქრს და გეთანხმებიან, კიდეც. სრულიად უცნობები, ცდილობენ გამოგელაპარაკონ, აღტაცება გამოთქვან, აღიარონ, რომ ასეთი მომაჯადოებელი სილამაზე არსად უნახავთ.

 

271386500-326245182738110-2052549706823223163-n.jpg

 

ერთ-ერთი ასეთი აღფრთოვანებული და ემოციებით დახუნძლული ამერიკელი, შუა ხნის მამაკაცი ზურულდის მთაზე შემოგვხდა, რომელიც ემოციებს ვეღარ იტევდა, უნდოდა ყველასთვის ეთქვა, როგორი მოხიბლული და გაოცებული იყო სვანეთის სილამაზით. უცხოელი უშბას თვალს ვერ აცილებდა და ხმამაღლა აღიარებდა: ევროპა და აზია მოვლილი მაქვს, სად არ ვყოფილვარ, რომელი მთა არ მინახავს, მაგრამ ასეთი გრანდიზოდული სანახაობა, ასეთი სილამაზე არსად შემხვედრიაო. Ბედნიერი ხალხი ხართ, ეს ყველაფერი თქვენ რომ გეკუთვნითო.

Ჩვენც სიამოვნებით მოვუსმინეთ და თავებიც ვუქნიეთ, თუმცაღა, გულის სიღრმეში ისიც ვიცოდით, რომ იმ სილამაზეების უკან როგორც ჩვენ ვხედავდით პრობლემებს, სტუმარიც ისევე დაინახავდა.

 

 

Პრობლემა კი არაერთია, რომელთაგან ზოგის მოგვარება მარტივია, ზოგის მეტ-ნაკლებად ძნელი, მაგრამ კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელი და აუცილებლად გასაკეთებელი.

პირველი და ყველაზე მეტად თვალშისაცემი პრობლემა იყო დათოვლილი და გაუწმენდავი გზა.

ვიდრე სამეგრელოდან სვანეთში ავედით, მგზავრები იმას ვჩიოდით, როგორი მოყინული და ცუდი გზააო, მძღოლი კი პირიქით, გვარწმუნებდა, ბევრად უარესი იყო, მაგრამ მარილი მოუყრიათ და ახლა უკეთესი მდგომარეობააო.

მესტიის შესასვლელსა და ცენტრალურ ადგილებსაც ეტყობოდა, რომ ტექნიკური მარილი დაეყარათ, მაგრამ იმდენად არათანაბრად, რომ გზა ყინულის პატარ-პატარა გორებად იყო დაყოფილი.

ნიჩბებით ყრიდნენ და ეტყობა, კარგად ვერ გადაანაწილესო. - შემოგვჩივლეს ადგილობრივებმა.

 

271918165-360650972152838-5221918998277098479-n.jpg

 

,,ამხელა საკურორტო ზონაა და მუნიციპალიტეტს ერთი სპეციალური მანქანა კი უნდა ჰყავდეს, რომელიც ავტომატურად გააფრქვევს მარილს. ნიჩბებით კი დაყარეს, მაგრამ თქვენც ხედავთ, რას ჰგავს აქაურობა. როცა ამხელა თოვლი და მაღალი ყინვებია, მხოლოდ ერთხელ დაყრა ან გაწმენდა არ კმარა. არა მარტო მესტიამდე და სასტუმროებამდე მისასვლელი, არამედ მთისკენაც ყოველდღიურად უნდა იწმინდებოდეს გზები, სადაც ძირითადი სათხილამურო ტრასები გვაქვს.“- გვითხრეს მესტიელებმა.

ჩვენს იქ ყოფნაში, გრეიდერმაც ჩამოიარა და მოლიპულ ქუჩას ,,ნიჩაბი“ გადაუსვა, მაგრამ ვერაფერი დააკლო. ყინულის ის გორაკები გზად ისევ ისე დარჩა.

272743238-988942455338096-1623213959846134297-n.jpg

იგივე მდგომარეობა დაგვხვდა თეთნულდის სათხილამურო ტრასისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზეც. ბუნებრივია, სპეციალური, მაღალი გამავლობის ავტომობილების გარეშე ვერც ტურისტი და ვერც ადგილობრივი იქ ვერ ავა.

 

 

ზოგადად, ტრანსპორტის საკითხიც წლებია, ზემო სვანეთში გადაუჭრელ პრობლემად არის ქცეული. მესტიის შიგნითაც და სოფლებშიც ბლომად ნახავთ ავტობუსების გაჩერებას, ზოგი ახალი აშენებულ-მოწყობილიცაა, თავისი ფირნიშით, მაგრამ რად გინდა?.. საბჭოთა დროის მერე აქ მუნიციპალური ტრანსპორტი არავის უნახავს. მესტიას არც ერთი ავტობუსი და მიკროავტობუსი არ ემსახურება. შესაბამისად, ვისაც საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს, სოფლებიდან დაბაში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ალალბედზე გამვლელის იმედად არის ან ტაქსით უნდა იმოძრაოს.

 

 

 

ეს ფაქტორი ხელს უშლის სხვადასხვა დაწესებულებაში მოქალაქეების დასაქმებას. ვინც უშუალოდ მესტიის მკვიდრი არ არის, გაძნელებული მიმოსვლის გამო, თავს არიდებს შესაძლო სამსახურს. ამიტომ დაბაში არსებული სასტუმროები მუდმივად პერსონალის დეფიციტს განიცდის.

 

თუმცა, მიუხედავად თოვლიანი ზამთრისა, სასტუმროები ამ საკურორტო სეზონზე არა მარტო პერსონალის, სტუმრების დეფიციტსაც განიცდის, რაც ჩვენი იქ ყოფნის დროსაც ძალიან თვალსაჩინო იყო.

ამის მიზეზი კი, როგორც ადგილობრფივებმა გვითხრეს, ახალი წლის წინა დღეებში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, რამაც უკვე იქ ასული ტურისტებიც გააქცია და საახალწლოდ თუ ნაახალწლევისთვის აღებული ჯავშანის გაუქმებაც გამოიწვია.

,,მიუხედავად იმისა, რომ სათხილამურო ტრასებზე, ქუჩებსა თუ კაფეებში საკმაო რაოდენობით ხვდებით უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტებს, ეს ნაკადი მესტიაში არსებული სასტუმროების მესამედსაც ვერ ავსებს. იმისათვის, რომ ვთქვათ, ტურისტული სეზონი შედგაო, დაბამ სამჯერ ამაზე მეტი სტუმარი უნდა მიიღოს.“ - გვეუბნება ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი.

მისი თქმით, კოვიდ პანდემიის მერე იყო ისეთი პერიოდიც, როცა მესტია ტურისტებისგან სრულიად დაცლილი იყო, მაგრამ რაც რეგულაციების დაცვით ტურიზმი ისევ ამოქმედდა, მას შემდეგ ასეთი ჩავარდნა არ ახსოვთ.

,,სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს ასეთ ცუდ საქმეს გვიკეთებენ ის ადამიანები, ვინც კრიპტოვალუტის წარმოების გამო ჭარბ ელექტროენერგიას მოიხმარენ და ენერგოსისტემას პრობლემებს უქმნიან. იურიდიული პირები და სხვადსხვა შპს-ს მფლობელები ჩვეულებრივად ვიხდით ყველა გადასახადს და ჩვენს ხარჯს ყოველთვიურად ვფარავთ. გვყავს თუ არა სტუმრები, იძულებულნი ვართ, სასტუმრო ვამუშავოთ. ორი სტუმარიც რომ შემოგივიდეს, კვების გარეშე ხომ ვერ დატოვებ, პროდუქტის ფასი კი აქ განსაკუთრებულად ძვირია, ყველაფერი ერთმანეთს ემატება და გვაქვს ვითარება, როცა მოგებაზე კი არა, იმაზე ვფიქობთ, ნაკლები ვიზარალოთ. მთავარია, პერსონალი შევინარჩუნოთ და როგორმე სასტუმრო შევინახოთ.“ - გვეუბნება კიდევ ერთი სასტუმროს მეპატრონე.

რაც შეეხება სასტუმროებს, სვანეთში არსებობს ყველა კატეგორიის სტუმრისთვის მისაღები სასტუმრო თუ ეგრეთწოდებული გესთჰაუსი, სადაც სასურველ ფასში სასურველ მომსახურებას მიიღებ, 15 ლარიდან დაწყებული 300-400 ლარამდე. საშუალო ფასის სასტუმროებიც საკმაოდ მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და მომსახურების მაღალ დონეს გთავაზობენ.

თუმცა, როგორც ვნახეთ იანვარში ყველა მათგანი უჩიოდა სტუმრების სიმწირეს, რის უმთავრეს მიზეზად ელექტრომომარაგების მხრივ შექმნილ პრობლემებს ასახელებენ.

ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, პრობლემები სვანეთის მოსახლეობას ადრეც ჰქონია. ეს მაშინ, როცა დიდთოვლობის დროს რომელიმე გადამცემი დაზიანდებოდა და ავარიულად გამოირთვებოდა ან რამე სხვა ხარვეზი იჩენდა თავს. თუმცა, ის რაც ბოლო წლებში ხდება, ადგილობრივების თქმით, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. კრიპტოვალუტის უკონტროლო წარმოებამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ წინასაახალწლოდ სვანეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა და იყო შანსი, იანვარშიც ასე გაგრძელებულიყო. სწორედ ამიტომ, კანონიერი გზით რომ ვერაფერი გააწყვეს და ვერც ხელისუფლებიდან დაინახეს მონდომება, სვანებმა ისევ ძველ ადათსა და ტრადიციაში იპოვეს გამოსავალი და ხატზე დაფიცებით სცადეს პრობლემის გადაწყვეტა. ეს ფაქტი სოციალურ ქსელებში დიდი ქილიკის და განსჯის საგნად იქცა, თუმცა ზემო სვანეთში ფიცის გატეხვა დღემდე მძიმე ცოდვად მიიჩნევა და იქაურები ფიქრადაც არ გაივლებენ, რომ ვინმე ხატზე დათქმულ ფიცს უგულვებელყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ენერგოპრო ჯორჯიამ“ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, საქმეს ვერც ფიცის დადებამ უშველა და ზემო სვანეთი ისევ იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც ელექტროგადამცემი ხაზები ვეღარ გაუძლებს და ისევ დაზიანდებაო, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ შედარება არ არის იმ მდგომარეობასთან, რაც დეკემბრის თვეში ჰქონდათ.

,,შუქი წარა-მარა მიდიოდა, ხან საათობით არ გვქონდა, ხან - ლამპასავით ბჟუტავდა, ვერც სახლებს ვათბობდით, ვერც საჭმელს ვამზადებდით. ახლა, რა ხანია, არც ჩამქრალა და ძაბვაც არ დავარდნილაო“. - მოგვახსენეს.

მართლაც, ჩვენი იქ ყოფნის 4 დღიან პერიოდში, მხოლოდ ერთხელ ჩაქრა შუქი და მალევე მოვიდა.

 

 

რაც შეეხება კრიპტოვალუტის მწარმოებლებს, ადგილობრივთა დიდი ნაწილი მათი წინააღმდეგია. ზოგი მომხრეა, ეს საქმიანობა საერთოდ აიკრძალოს და ხელისუფლებამ მკაცრი კონტროლი დააწესოს. ზოგი ფიქრობს, რომ უპრიანი იქნება, სახელმწიფომ ყველა ასეთი საწარმო აღრიცხოს, მფლობელები იურიდიულ პირად გააფორმოს, მრიცხველი დაუდგას და მათაც ისევე გადაიხადონ გახარჯული ელექტროენერგიის საფასური, როგორც ამას სხვა მეწარმეები თუ შპს-ს მფლობელები აკეთებენ.

 

271758545-2998003820419658-2855367821339261214-n.jpg

 

,,მოსახლეობის გამრიცხველიანებაზე დაიწყეს საუბარი. გაზი ჩვენთან არ არის, ძირთადი საჭიროებები დენზე გვაქვს მორგებული, როგორ უნდა გავწვდეთ გადასახადს?

მესტიის მოსახლეობას კიდევ არა უშავს, ტურიზმის მეშვეობით გარკვეული შემოსავალი მაინც აქვთ, სოფლების მოსახელობას არავითარი შემოსავალი არა გვაქვს, სოფლის მეურნეობა მოშლილია, ამ მიმართულებით სახელმწიფო არაფერს აკეთებს. მკაცრი ზამთრის პირობებში თავი ძლივს გაგვაქვს, ელექტროენერგიის საფასური როგორ გადავიხადოთ?“- ჩივიან ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრებლები.

სვანეთში ხალხი მარტო ტურიზმით რომ ვერ ირჩენს თავს და სოფლის მეურნეობაც მისახედია, ამაზე ახალგაზრდებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ.

,,ასეა თუ ისე, მესტიას არაფერი უჭირს, ტურისტებით გაიტანს თავს როგორმე, მაგრამ სოფლის მოსახლეობამ რა ქნას? ჩვენთან ისეთი სოფლებია, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი მათგანი ტურისტულ რუკაზე დაიტანო, მაგრამ გზა არ არის, ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ტურისტს რაღაც პირობები ხომ უნდა შესთავაზო? ყველა ქვეყანაში, სადაც ტურიზმია განვითარებული, პარალელურად განვითარებულია სოფლის მეურნეობაც. გლეხს ყველანაირი ხელშეწყობა აქვს იმისთვის, რომ ესა თუ ის პროდუქტი აწარმოოს და თავისი ნაწარმის რეალიზაცია შეძლოს. აქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ელემენტარული, გზა არა გვაქვს? ჩამოსული სტუმრებისთვის კი არა, ადგილობრივი ახალგაზრდების განვითარებისთვის არაფერი კეთდება.“- გულისტკივილით აღნიშნავენ სვანი ახალგაზრდები.

 

ბევრმა გვითხრა, რომ პანდემია როგორც კი დამთავრდება, აუცილებლად წავლენ სვანეთიდან, რადგან არ უნდათ, მთელი ცხოვრება სასტუმროს პერსონალად დარჩნენ, არადა სამომავლოდ სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ.

 

რამდენიმე ახალგაზრდა უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა, რათა თავისი ცოდნა და გამოცდილება თავისი მხარისთვის მოეხმარებინა, მაგრამ იქ არავის დასჭირდა. საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ვერ გაარღვიეს და მათი გაქანება სასტუმროს ადმინისტრაციას ვერ გასცდა. ეს გარემოება ოპტიმიზმის საფუძველს არ უტოვებთ და ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი იმ ზღაპრული გარემოდან, რომელზეც დასაწყისშივე ვისაუბრე და რომელზე უკეთესიც დედამიწაზე არ მეგულება.

მათი ასეთი განწყობა არ გამკვირვებია, რადგან ხელისუფლების მხრიდან ზემო სვანეთის უკეთესი მომავლისადმი გულგრილობა გასულ ზაფხულს თვალნათლივ დავინახე, როცა რამდენიმე სოფელი მოვიარე და ადგილობრივ გლეხებს მოვუსმინე.

მახსოვს, როცა ვეკითხებოდი, რას ფიქრობთ, რატომ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ აქაურობა ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მიმზიდველი გახდეს, ტურიზმთან ერთად სოფლის მეურნეობასაც შეეწყოს ხელი და ყველა ოჯახმა შეძლებულად იცხოვროთ-მეთქი, თითქმის, ერთხმად მპასუხობდნენ, ხელისუფლებას სხვა დაინტერესება აქვს, აქაურობა ოქროს საბადოებად უნდათ აქციონ, ჩვენ კი აქედან გაგვაქციონ, ამიტომაც არაფერს აკეთებენო.

 

მაშინ ცოტა კი მეხამუშა მათი ნათქვამი, გამიჭირდა დაჯერება, რომ იმ ჯადოსნურ მხარეს ვინმე ასაოხრებლად გაიმეტებდა, მაგრამ ორიოდე დღის წინ, სვანეთში ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე აუქციონის გამოცხადებამ, სვანების ნათქვამის სიმართლეში მეც დამარწმუნა.

იმედია, სახელმწიფო ყველა ნიუანსს აწონ-დაწონის და ჩვენი ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, სვანეთის მოსახლეობის ჯანმრთელობას ან იქაურ გარემოს ზიანი მიადგეს.

 

დასასრულს კი ვიტყვი, ვინაიდან ჯერ ზამთრის სეზონის ნახევარი წინ არის, თხილამურით სრიალის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის, უბრალოდ ზამთრის მოყვარულთათვის, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზემო სვანეთის ტერიტორია ნამდვილი სამოთხეა.

ამაში ნებისმიერი დარწმუნდება, ვინც ზურულდის მთიდან მოავლებს იქაურობას თვალს, ხოლო ვინც თეთნულდის საბაგირო და სათხილამურო ტრასასაც ეწვევა, იქამდე გზადაგზა ნანახ პეიზაჟებს თუ გაუძლებს, თეთნულდის კალთებიდან გადმოხედვისას თავს მართლაც ზღაპრულ სამყაროში იგრძნობს და სიცოცხლის წლებიც მოემატება.

 

მერწმუნეთ, ვერც ერთი ფოტო თუ ვიდეოობიექტივი, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს, ვერ ასახავს იმ რეალობას, რასაც იქ საკუთარი თვალით იხილავთ.

 

ამისთვის, ზამთარში ნებისმიერი ტრანსპორტით 8-9 საათიანი მგზავრობაც ღირს და რაც ყველაზე მთავარია, სასტუმროებსა თუ გესთჰაუზებში, ბევრად უკეთეს პირობებსა და სერვისში იმაზე ბევრად ნაკლები დაგეხარჯებათ, ვიდრე ბაკურიანსა თუ გუდაურში ხარჯავთ.

აქვე უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც. როგორც სასტუმროების ადმინისტრატორებმა გვითხრეს, მესტიაში სტუმრობის ბევრი მსურველი უბრალოდ იმიტომ ვერ ჩადის იქ, რომ ტრანსპორტით ხანგრძლივ მგზავრობას ვერ იტანს, თვითმფრინავზე ბილეთი კი არასდროს არ არის ან შეიძლება არის, მაგრამ თუ ვინმე გავლენიან ნაცნობს არ ჩარევ, ვერც ერთ დროს ვერ აიღებ.

ამიტომ უპრიანი იქნება, საკურორტო სეზონზე მესტიის მიმართულებით ყოველდღიურ რეისებს თუ დანიშნავენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...