Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    146.018

,,ეს არის ტარიფის არა უბრალოდ გაძვირება, არამედ გაორმაგება"


blog-0149062001640347289.jpg

როგორ შეგვიფუთა მერიამ მგზავრობის გაძვირების შესახებ ინფორმაცია...

 

თბილისის მერიის მიერ 22 დეკემბერს გაჟღერებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაორმაგდება და ამასთან, შესაძლებელი იქნება სხვადსხვა ფასიანი აბონემენტის შეძენა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქალაქეთა აზრი ორაგ გაჰყო.

ერთნი ვამტკიცებთ, რომ ეს არაფერია, თუ არა მგზავრობის საფასურის ორჯერ გაძვირება; მეორენი სიხარულით გვამცნობენ, რომ პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იაფდება.

მართალია, მარტივი არითმეტიკით ყველაფერი იოლი დასათვლელი და გასათვლელია, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის, ამ საკითხის გარშემო ატეხილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, სიმართლის დასადგენად planeta.ge-მ ეკონომისტ პაატა ბაირახტარს მიმართა.

 

 

269832631-1343069362819149-5020827623880827976-n.png

 

- ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ დედაქალაქის მერიის მიერ 22 დეკემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ხომ ვერ დაგვიზუსტებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ძვირდება თუ იაფდება?

 

- რაც არ უნდა ლამაზად შევფუთოთ, რაც არ უნდა ბუღალტერია ჩავრთოთ და ამის შესახებ ადამიანებს ღიმილით მოვუთხროთ, თუ რაღაცის ფასს ვაორმაგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კი არ იაფდება, არამედ ძვირდება.

როდესაც ერთჯერადი მგზავრობის საფასურს ვაორმაგებთ, აბონემენტს დაარქმევ ამას თუ სხვა სიტყვებს დაუძახებ, მოსახლეობისთვის იგივენაირი ტვირთი იქნება, როგორიც ამ ბუღალტერიისა და შეფუთვების გარეშე იქნებოდა.

ადამიანებს, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობითვის, დღეს საშუალოდ 22-დან 24 ლარამდე ეხარჯებათ, ვეუბნებით, რომ თებერვლიდან უნდა იყიდონ ერთთვიანი აბონემენტი, რომელიც 40 ლარი ეღირება. ასევე ვეუბნებით: თუ ამ აბონემენტს არ იყიდი, მაშინ 50 თეთრის ნაცვლად გადაიხადე მგზავრობის საფასური 1 ლარი.

ამდენად, ამაში რთულად გასაგები და სადავო არაფერია. ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ტარიფის არა უბრალოდ გაძვირება, არამედ გაორმაგება.

 

რაც შეეხება ერთწლიან აბონემენტს, რომელსაც ყოველდღიური მგზავრობის შემთხვევაში ერთიან ჭრილში თუ განვიხილავთ, იაფი კი გამოდის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, მერწმუნეთ, უმრავლესობას, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, მისი შეძენის საშუალება არ ექნება.

 

- ალბათ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, ზოგი დამოკიდებულია დღიურ გასამრჯელოზე, რაც ერთწლიანი ან ერთთვიანი აბონემენტის ყიდვის შესაძლებლობას ვერ მისცემს.

 

- დიახ, რა თქმა უნდა, ასეც არის. ვისაც ამხელა თანხების ერთბაშად გადახდის საშუალება აქვს, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით არც დადის. ამიტომ გადახდის ეს ახალი მექანიზმი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

 

- მაშინ, რატომ გვიმტკიცებენ საპირისპიროს და რატომ გვეუბნებიან, რომ არ გვესმის, თორემ მერიის ახალი გადაწყვეტილება, სწორედ, ჩვენთვისვეა უკეთესი და მეტად მომგებიანი?

 

- ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ეს არის მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ ძალიან ბანძი მარკეტინგული ფორმით შეფუთული და ხალხისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

დამიჯერეთ, იმ ადამიანისთვის, ვინც თვიდან თვემდე ხელფასის სახით 400 ლარს იღებს და ავტობუსით მგზავრობს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმით მივაწვდით მსგავს ამბავს. ვეტყვით, რომ მალე სამგზავრო აბონემენტებზე გადავდივართ და მგზავრობაში 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარს გადაიხდის თუ დედაქალაქის მერი უბრალოდ გამოვა და გვამცნობს, რომ პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფსური ორჯერ გაიზრდება.

მოქალაქისთვის მთავარი ისაა, რომ მისი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და მგზავრობის საფასური მეტ ტვირთად დააწვება.

დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოთხჯერ უფრო მაღალი ინფლაციის დონე გვაქვს ანუ ოთხჯერ უფრო მაღალია ფასების ზრდის ტემპი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი და ჩვენ მგზავრობის გადასახადს ვაორმაგებთ, ეს არის, იმ მოსახლეობის პირდაპირი მნიშვნელობით გაწირვა, რომელ მოსახლეობაზე ზრუნვაც, დღევანდელ რეალობაში, ჩვენი მთავრი ამოცანა უნდა იყოს.

ჩვენ კი არც ვკითხულობთ, როგორ უნდა მოახერხონ მათ გაორმაგებული ტარიფებით მგზავრობა.

 

- მსგავს საკითხებზე ქართულ საზოგადოებას გვიყვარს,ხოლმე, პარალელების გავლება ევროპასთან, განვითარებულ ქვეყნებთან. დღესაც ბევრმა აღნიშნა, რომ ტყუილად ვწუწუნებთ, რადგან ევროპაში გაცილებით ძვირია მგზავრობა და რომ იქაც გადახდის იგივე მექანიზმები და აბონემენტები მოქმედებს.

თქვენ როგორ შეადარებდით?

 

- დიახ, მეც მოვისმინე ეს პათოსი, რომ თურმე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ევროპაში უფრო ძვირი ღირს. მაშინ ისიც უნდა ითქვას, რამდენია საშუალო ევროპელის შემოსავალი და შემდეგ საშუალო ქართველის შემოსავალსაც შეხედონ.

შეხედონ, საშუალო ევროპელის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენია და მერე საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე რამდენია, რომელიც ისედაც 2012 წლის ნიშნულზე დავიდა, უკვე.

სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც მესმის, ვინაიდან ტარიფის გაძვირება შესაძლებელია ობიექტური მიზეზებით იყოს გამოწვეული. გაზრდილი საწვავის ფასი, ინფლაცია და მრავალი სხვა პრობლემა არსებობს და არავინ აპელირებს იმაზე, რომ მგზავრობის ტარიფების საჭიროება არ იდგა და ისე გაიზარდა ფასები, მაგრამ ამის თავიდან აცილებაც ხომ შეიძლებოდა?

მაშინ, როდესაც ჩვენ ბოლო სამი წელია ვსაუბრობთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ დროს, მომავალი წლის ბიუჯეტში არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირებულა. ერთადერთი, ეს შეეხო მხოლოდ კოვიდრეგულაციების დროს გაწეულ დანახარჯებს.

რადგან ამაზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, სხვადასხვა მიმართულებით ამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების საფუძველზე გარკვეული დროით მაინც შეგვენარჩუნებინა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის დღეს არსებული ტარიფი, რათა ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური ფონი კიდევ უფრო არ დაგვემძიმებინა.

ბევრი გამოსავალი არსებობდა ამისთვის. სამწუხაროდ ჩვენმა მერიამ გამოსავალი დაინახა იმაში, გამოსულიყვნენ და ტკბილად ეთქვათ, რომ თურმე ტრანსპორტის გადასახადი კი ორმაგდება, მაგრამ მოსახლეობას ეს ტვირთად აღარ დააწვება, რადგან ამბავი ლამაზად შეფუთეს და პირდაპირ არ თქვეს, რომ ტრანსპორტი ორჯერ ძვირდება.

 

პარალელებზე რომ ვისაუბრეთ, ესეც მინდა ვთქვა, რადგან სხვადასხვა ქვეყნის საწვავის ფასებსაც ხშირად ადარებენ ერთმანეთს.

მაგალითად, აშშ-ში 1 ლიტრი ბენზინი საშუალოდ 99 ცენტი ღირს.

ჩვენ თუ ამ თანხას ექვივალენტ ლარებში გადავიყვანთ, იგივე გამოდის, რაც ჩვენთან 1 ლიტრი საწვავის საფასური, მაგრამ საშუალო ამერიკელის ხელფასი არსებითად განსხვავდება საშუალო ქართველის ხელფასისგან. აქედან გამომდინარე, ასეთი შედარებები, რა თქმა უნდა, არასწორია და რეალურ სურათს ვერ გვაძლევს.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახლახანს პრეზიდენტი ბაიდენი გამოვიდა და თქვა: ამერიკაში საწვავი იმდენად ძვირია, რომ ის ფასების საერთო დონეზე ანუ ინფლაციაზე წნეხს ზრდის და საშუალო ამერიკელს საწვავში იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევს, ვიდრე უნდა უწევდესო.

თქვენ წარმოგიდგენიათ, აშშ-ს პრეზიდენტი თავიანთ რეალობაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ჩვენთან კი, ხელისუფლებაში საწვავის ფასი პრობლემად არავის მიაჩნია და ასეთი მძიმე სოციალური ფონის დროს მგზავრობის ღირებულებას ვაორმაგებთ.

 

- თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, გიორგი გახარიას თავის პროგრამაში გათვალისწინებული ჰქონდა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო უნდა გამხდარიყო.

როგორ ფიქრობთ, არის შესაძლებელი დღეს მსგავსი მექანიზმის ამუშავება?

- წეღანაც ვთქვი, რომ ბიუჯეტის სწორი გადანაწილებით, სხვადასხვა ხარჯების ოპტიმიზაციით შესაძლებელი იყო მგზავრობის საფასური შენარჩუნებულიყო.

თუ ხარჯების ოპტიმიზაციას და ქამრების შემოჭერას უფრო მეტად ვეცდებოდით, თეორიულად რასაკვირველია გახარიას მოდელის განხილვაც შესაძლებელი იქნებოდა. ამას სჭირდება საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი, რა რაოდენობის თანხა იქნება სუფსიდიისთვის საჭირო, გვაქვს თუ არა ამ რაოდენობის სუფსიდირების საშუალება, ეს თანხა რას უნდა მოაკლდეს. ალბათ გახარიას ამის ანალიზი გაკეთებული ჰქონდა, რადგან ასეთ პირობას დებდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სუფსიდირების საშუალებით თეორიულად ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა, ოღონდ ამას სჭირდება სათანადო საბიუჯეტო რესურსი, ძალიან მკაცრი დისციპლინა და ხარჯების ძალიან მკაცრი ოპტიმიზაცია, რისი საშუალებაც არსებულ რეალობაში გვენებოდა თუ არა, ძნელი სათქმელია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...