Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი სტუმრობს


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრილიჩ რადმანი სტუმრობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და 11 თებერვლამდე დარჩება.

უწყების ცნობით, ეს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ვიზიტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას გამართავს.

ამასთან, ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური ტრენინგების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

გორდან გრილიჩ რადმანი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ასევე, ხორვატი მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო ლექცია ჩატარდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს ხორვატ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...