Jump to content
Planeta.Ge

ეკონომიკური გუნდის მინისტრები სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ


ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, პირველადი სასურსათო პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩატარდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

„შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სასურსათო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებისა და პირველადი მოთხოვნილების იმპორტულ სურსათზე ფასების შემცირების მიუხედავად, მარკეტებში მათი ღირებულება თითქმის უცვლელია, რაც განსაკუთრებით უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე აისახება. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ სურსათზე მოდის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაევალა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს გამოსავლის ძიება შექმნილი ვითარებიდან.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მომხმარებელმა პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად კონკურენტულ პირობებში უნდა მიიღოს.

ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს საცალო ვაჭრობის შესახებ, რომელშიც აისახება შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნები. კანონპროექტის განხილვის პროცესში ბიზნესი აქტიურად ჩაერთვება.

შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომზადდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა ცალკეული დასახელების პირველადი მოთხოვნილების სასურსათო პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც მოხდება შეთანხმება მთავრობას, დისტრიბუტორებსა და მარკეტებს შორის. ბიზნესთან კონსულტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან კონკურენციის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...