Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.671

გაუმარჯოთ პერფექციონისტებს! ანუ კადრ–წაღებული საქართველო..


katya

1.880 views

blog-0144887001360761268.jpgსაბჭოთა ბავშვობიდან ერთი „იქაური“ ლოზუნგი შემომრჩა გონებაში: კადრები წყვეტენ ყველაფერს!

ზედაპირული და სიღრმისეული დაკვირვებით, მსგავსი ლოგიკაგა და აქტუალობაგამძლე სლოგანი ცოტაა.

ჩემი ბავშვობის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, იმდენი, რომ ცვლილებები შემემჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც კადრები წყვეტენ ყველაფერს...

არადა, ყური მოვკარი, დედამიწამ ნაბიჯს აუჩქარაო, ჩინელების ზოგადსაკაცობრიო წყევლის მიუხედავად, დიდი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთო...

ჩვენი საშველი მაინც არაა. დროში გავიჭედეთ და სუბიექტურობას გენეტიკური ნაკლით ვხსნით.

ობიექტურ რეალობაში კი არსებობს „კადრის“ ორი სახის გამოვლინება – კადრი –ადამიანური რესურსის ან კადრი – დოკუმენტალური ვიდეო მასალის სახით.

ანუ გაქვს თუ გყავს შესაბამისი კადრი – უკვე სერიოზული „წინსვლა“ და „დაზღვევაა“.

ამ სოლიდური არგუმენტაციის მიუხედავად, მაინც გავ–კად–ნიერდები და ვურჩევდი „კადრომანებს“ – კადრების სახით უკადრებელს ნუ კადრულობთ რა!!!!!!

იმ პატივცემული მურმან დუმბაძესავით, ყველა 1 ფუთი მარილის ჭამას ვერ გავქაჩავთ...

დიახ, მე მაოცებენ კადრები თავიანთი შერჩევის, ამბიციის და პასუხისმგებლობის პრინციპით. მაგალითად, მაოცებს ერთ–ერთი სამინისტროს მინისტრის მოადგილე, თავისი თავისუფალი დროის მასშტაბებით. უცნაურია, ამხელა პრობლემების მქონე სამინისტროს დიდი პასუხისმგებლობის მქონე კადრს სულ ფეისბუკზე „დებატების“ და „პოსტვის“ დრო როგორ აქვს. ვინმეს ჯინი კი არ მჭირს?

კადრია უბრალოდ, სულ ეგაა.

კიდევ პარლამენტის უცვლელი კადრები მაოცებენ, აი ისეთები, მთელი ცხოვრება ერეკლეს მეზარბაზნეების ამბის „გაბაზრებით“ რომ იყვნენ დაკავებულნი და ახლაც, „სხვა რეალობაშიც“ , ახალი ხელისუფლების ფავორიტებად რჩებიან.

ძველი ხელისუფლების კადრების რა გითხრათ? ეგ ზოგადად რა ყავაზე მოსატანია.

მაგათი უნარ–ჩვევები „ხუთოსნების“ კადრების განყოფილების უფროსს მოჰკითხოს პროკურატურამ.

იმედია, მეოთხე ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ჩემს პრეტენზიას. მაგათმა ყველაზე უკეთ იციან, , – არის შემთხვევები, როცა რესპოდენტი კადრში არ ჯდება.

ბოლოს და ბოლოს, პერსპექტიულ და ამბიციურ კადრს იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, სხვისი რეზიუმეს თავისად დაკოპირებისას ფოტო მაინც შეცვალოს.

ხუმრობა იქეთ იყოს და, კადრების ომმა უკვე დენთის სუნი აუშვა. აგერ ერთი მაღალის კადრმა ხაბაზმა ფიშტოც დაგვიტრიალა მუქარის სინონიმად ცხვირ წინ. ე მანდ, ჩემს გამ–კადრ–ებელს არავინ შეეხოსო...

არ ვეხებით ბატონო... ვადაგასული სისტემის პროდუქტთან შეხება მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდთ ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და გაიტანეთ! შესაბამის სარკოფაგს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, „ჩვეულებრივი ხალხი“.

ისე, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ხაბაზის მუშკეტერობას – ვერა.

სხვათა შორის, საფრანგეთში, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შემდეგ, სამი მუშკეტერის ურთიერთობებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ!

ეს ისე, თემა განსჯისათვის, თორემ კი არაფერს გაბრალებთ ...

რომის პაპიც კი გადადგა. ავი ენები ამბობენ, ისლამი მიიღოო. ბუკმეკერები პაპის კანდიდატურად შავკანიან რომაელს წამოაყენებენ ალბათ. კი ბატონო, ამასაც საკადრო შეთანხმების სუნი უდის, რა ჩვენი საქმეა?! ჩვენ ერთი პატარა ერი ვართ.

მაგრამ უბრალოდ შეკივლება მოგინდება – მიხეილ! აიღე მაგალითი პაპისგან!

შური ამბიციის გარეშე ოცნებააო...

ვინც გამუდმებით დამნაშავეებს ეძებს, საკუთარ თავს ვერ ამჩნევს.

ასეც ხდება, ზოგჯერ საუბარს იწყებ მეგობართან და მტერთან ამთავრებ.

არ მოგწყინდათ მართლა?

ნაცების კადრები! ოცნების კადრები!

ეგ კადრია ზუსტად ყველაზე ხშირად „ყველაფრის მკადრებელი“...

ცოტა მეტი პერფექციონიზმი, ბატონებო!

აფსუს, კადრ–წაღებულო საქართველოვ!

თქვენი არ ვიცი და მე ვცვლი სიტყვის კაცს საქმის კაცში (ქალშიც)!

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

6 Comments


Recommended Comments

"ეკადრილია ლეტუჩაია მიშ" ასე ერქვა ფილმს. . ფილმის სახელწოდება ასე თარგმნეს პროვინციაში: ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამ! ვა, მაშინაც მიშა?! თუმა, თუ იკადრა, მაშ სხვა ვინ იქნებოდა?
ლინკი
×
×
  • შექმენი...