Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.656

პრემიალურად არომატიზირებული ყავა, ანუ ჩემს მაგივრადაც დაიბედეთ, რა!


katya

2.076 views

blog-0521205001358257099.jpg„არა! ასე აღარ ვთამაშობ!..“

ოცნებები უნდა სრულდებოდეს, თორემ უკვე ვიწყებ ნერვიულობას...

ხან „ჯერ მაგის დრო არააო!“, მერე,“ რაღა დროს ეგააო!“ და, ამასობაში, კი გავიდა ცხოვრება...

ეგ ცხოვრებაც კარგი ტიპია, – რატომღაც, ჩვენი გეგმების კითხვა ეზარება. მერე, ამ სიზარმაცის კომპენსაციად, გვაძლევს შანსს ერთს, ორს, ზოგჯერ სამსაც. „ძველით“ და „ახლით“ ახალი წელი და ბედობა წყვილ–წყვილად აბა რისი ნიშანი უნდა იყოს?

მაგალითად, 14 იანვრის ღამეს საქართველოში ყველა ბებიას ეძლევა წლის უკანასკნელი შანსი – გამოისყიდოს და თავი იმართლოს „გადამალული“ გოზინაყის და ჩურჩხელების გამო. ჩვენც თანახმა ვართ „ტკბილად დაბერებაზე“, ოღონდ არა ნაადრევად...

 

დედაჩემი წუწუნებდა ამ დილით, იმაზე ხვდები სიბერეს, რომ ზამთრის ტანსაცმლის არჩევისას მოდურს და თბილის შორის უკანასკნელს ირჩევო... მერე რა, ზოგიერთი თავიდანვე „მოხუცი“ იბადება. არ მოხუცდეთ რაა!!! უბრალოდ დატკბით და დაშაქრდით!!! :* კი ვარ პროგრესის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების მომხრე, მაგრამ ახალ წელს უხდება სამსართულიანი სუფრა და სამი თაობა ამ სუფრასთან...პესიმისტები ამბობენ, როგორც არ უნდა შეხვდე ახალ წელს, მაინც ყველაფერი ძველებურად რჩებაო... მე კი მგონია, რომ რაღაც მაინც იცვლება, უბრალოდ ჩვენ ამას გვიან ვამჩნევთ.

ხომ შეიცვალა შარშანდელი „უმრავლესობა“ „უმცირესობით“?! დაგინებულ–დაშინებული ხუთიანის ნაცვლად ხალხმა სულ საკუთარი პასტებით ხაზა 41 და ძალიანაც კარგი, რომ შემოხაზა.

ასეა, ყველაფერს თავისი დრო აქვს... წლებთან ერთად კაცობრიობის ველურობაც უფრო მეტად ცივილური ხდება.

დროება იცვლება – ადრე „მესამე ზედმეტი“ იყო, ახლა – სათადარიგოა... მერე რა, რომ ზოგჯერ რაც მსოფლიოში კრიზისად ითვლება, ჩვენში სტაბილურობის გრიფით არსებობს?!

დიდი ცვლილებების და გარდატეხის წელი გავისტუმრეთ და უფრო დიდი ნებისყოფის გამოცდის წელს დავხვდით. მთავარია, „გასაძლები“ არ იყოს. იყოს „ნებიერი“, როგორც ჩვენს პრემიერ–მინისტრს უყვარს ხოლმე თქმა. ეგებ, ჩვენშიც მოხდეს რაღაც გარდატეხა და „სიტყვიდან საქმეზე გადასვლაში“ მხოლოდ სადღეგრძელოს ბოლომდე შესმას აღარ გულისხმობდნენ.

შეუძლებელია ერთი და იგივე შეცდომის 2–ჯერ გამეორება. მეორედ ის შეცდომა კი არა, შეგნებულად გაკეთებული არჩევანია.

რას დავიბედებდი? ყველა ჩემიანის ჯანმრთელობას, პირველ რიგში, იმიტომ რომ უფასო დაზღვეულ ჯანდაცვას მაინც ნატურალური ჯანი მირჩევნია. მერე იმ საქმეს დავიბედებდი, რაც ნამდვილად ვიცი, რომ, საკუთარი უმუშევრობის გამო, სხვისი ადგილი არ დამაკავებინა არც მზის და არც მისი მთელი თანავარსკვლავედის ქვეშ. სტაბილურ შემოსავალს დავიბედებდი, ისეთს, ხვალინდელი დღის გათენების რომ არ გეშინია, შვილების და მშობლების ა ვიტამინოზის და უწამლობის. კიდევ ჩემი შვილების სიხარულს დავიბედებდი. სულ სხვა რამეა, როცა შვილებს მშობლებთან ყოფნა უხარიათ. და მინდა, თუ ეს შესაძლებელია, მთელი წლით, უფრო მეტითაც...

დასაქმებული უსაქმურები სჯობს თუ უსაქმური საქმიანები, ეგ ჯერ ვერ გავიგე, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, თუ ბანკირის თვალებში უცებ კეთილმა სხივმა გაინაპერწკლა, ზუსტად იცოდეთ, რომ ის თვალი შუშის აქვს. ალბათ, შემეხმიანებიან სიახლეების მოლოდინში, მე კი ისევ ძველ ჯღანებს დავახვედრებ. მრცხვენია, მაგრამ, რა ვქნა?

ვინ რა დაიბედეთ, არ ვიცი, მაგრამ, ვისაც რა გეკუთვნით და დაიმსახურეთ, ის მიგეღოთ, ჯანდაბას, თავისი პრემიებით.

პრემიებზე გამახსენდა, – ჯერ პრემიების დრო არაა ქალბატონებო და ბატონებო! პრემიები წარმატებული პრემიერების მერე „მოსულა“, სახელმწიფო მენეჯმენტში მითუმეტეს.

არავის მიუცია საკუთარი ხმა კონკრეტულად ვინმეს კარგად ყოფნისთვის. ხალხმა უთხრა არა კონკრეტული ცხოვრების წესს და ამ წესის გამრიგეებს. ჰოდა თუ წესიერად ვერ გაიგო ვინმემ ეგ ამბავი, „არა“ ისეთი მარტივი სათქმელი ყოფილა... მისი შესრულებაც და დაგემოვნების საკითხი „უმცირესობებთან“ მოიკითხეთ და ჭინთვიანი ღიმილით სიამოვნებით გაგიზიარებენ შთაბეჭდილებებს.

ვალდებული ვარ შეგახსენოთ – დღეს, 12 საათამდე ერთმანეთის და კარგი ამბების დაბედების ვადა იწურება ანუ ამ წლის ბოლო „შანსი“ და, რაც წინა ბედობებზე ვერ მოასწარით, დღის ბოლომდე ეცადეთ, სიცარიელეები ამოავსოთ.

ამ წლის პირველ კორპორატიულ წვეულებაზე თქვენს მიერ დარვინის თეორემის დამტკიცებას აწი აღარაფერი ეშველება. რაცაა ეგაა, 1 წელი უნდა გაუძლოთ თანამშრომლების თვალის პაჭუნს... თქვენ რა გიჭირთ? ზოგს და ბევრს, სამსახური სულ არ აქვს და, შესაბამისად, არც კორპორატიული ლხინი ექნებოდა. მასეთები დღესაც მშვიდად იქნებიან, მხოლოდ ერთი საფიქრალ–ჩასაფიქრებელით – წელო ახალო! მომეც სამსახური მე და ამ ფიქრებში „შრომობს“ მთელი დღე შეძლებისდაგვარად.

მთავარია, რომ წელსაც გადავურჩით ორკვირიან ინტერვენციას საკუთარ პრიორიტეტულ შინაგან ორგანოებზე. ზოგს უქმეებმა და „ტკბილმა ცხოვრებამ“ სახეზეც გამოგვაყარა, მაგრამ ეს „დაძლევადი“ პრობლემებია დაუძლეველი სტაბილურობით.

 

მოდის ყოველ წელს ეს ახალი წელი და რა გინდა, რომ ქნა?!.

***

და ჯდა იგი, ვადაგასული, პატრიარქთა და პოლიტიკოსთა შორის, ვითარცა “ბედნი როდსტვენნიკი“, როგორც ბებიაჩემი ზინოჩკა იტყოდა შემოსწრებულ არასასურველ სტუმარზე. ჩემი მხედველობის მასშტაბებით საპატრიარქოში სტუმრად მისული მიხეილი მოწყალების იმედად დარჩენილი ღარიბი ნათესავს გავდა. მერე იტყვის, მაგარი ვარო!

შეურაცხყოფილი ნაციონალური ელიტა ივანიშვილს რომ გლეხად და უტაქტოდ მოიხსენიებს ხელის მტევნის იმ ორიგინალური მოძრაობის გამო, იქ არ მაგათი ცივსისხლიანი ძუძუმწოვარი „თავადიშვილი?“ მოქცეულიყო მეფურად და პრეზიდენტულად, დაუშალა ვინმემ? თავმოყვარობას სკამმოყვარეობამ თუ სძლია, ეგ არაა ჩვენი პრობლემა. ისე, ძლევა კი იყო საკვირველი. მეც კი სახტად დამტოვა კოაბიტაციის ხარისხმა.

რამ გამახსენა ამ ბედობა დღეს ეგ ცოდვიანი და თავად საბრალო?! კონსტიტუციის თანახმად, მაინც მთელ საქართველოს დაბედებული გვყავს ოქტომბრამდე და მე არავინ არაფერი დამაბრალოს.

P.S.

ხვალ უკვე სრულიად ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო დღეა და ნუ მიაყენებთ მაღვიძარას შურაცხყოფას თქვენი სიზარმაცით. მაგისთვის კი არ რეკავს, პოზა შეიცვალე, მოუხერხებლად წევხარო! არადა, შეიცვლი და უფრო მაგრად დაიძინებ...

ყოველ წელს მაოცებენ ისინი, ვითომდა სულის გადასარჩენად, ეშმაკს რომ მიეყიდნენ...

ადამიანებო! ვინც ფიქრობთ, რომ ფიქრობთ, ზოგჯერ დაფიქრდით!

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...