Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.665

თბილისური ყავა ორ ყლუპად პირის სიმშრალის საწინააღმდეგო ეფექტით


katya

2.049 views

blog-0053243001357929648.jpgმიყვარს არა, მიყვარდა ბათუმში, პორტის ყავახანაში, ანუ „ბერეგზე“ ქვიშაზე მოდუღებული ყავის დალევა. იმაზე ადრე გაგრაში მიყვარდა, „კარაველას“ წინ, ფერადი ქოლგების ქვეშ ყავა ყლუპებით.

ალბათ, რაღაცას ვიხანგრძლივებდი ქვეცნობიერად...

თუმცა, გამოვტყდები, რომ ამ ორ ქალაქზე უფრო მაინც თბილისი მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, თუნდაც ყველაზე ფალსიფიცირებული „ყავის ნარეცხით“...

აქ კი რაო?

დიქტატურა და ბორშჩი როგორ სჯობს ბაყაყებს და დემოკრატიასო...

რა შუაშია და რამ გამახსენა?

პასუხისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისეირნეთ, სანაპიროს მისადგომებთან.. მძაფრი შეგრძნებისთვის ღამის საათები სჯობს.

რა დროს ზღვა და სეირნობაა ამ ყინვაშიო? ეგეც კი მართალია, მაგრამ როცა სიტუაცია მოითხოვს, სად არ ამოყვინთავ?!. იმის მოყოლას ხომ არ დავიწყებ, რომ ცოტა მეტი დავლიეთ და ზღვის ამოსვლის შესახვედრად გავიჭერით...

მოკლედ, დეტალებს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ იქაურობა სხვანაირი და პირქუში დაგვხვდა. ჰაერიც და სიჩუმეც კი სხვანაირი. სიჩუმე კი არა – უდაბურება. მაწანწალა ძაღლებიც რომ არ დაიარებიან, აი ისეთი.

სანაპიროზე სოკოებივით ამოზრდილი საცხოვრებელი ვაგონები, ბარაკები და ბევრი სამშენებლო მასალა. ანუ, ისედაც უპატრონობისგან გაპარტახებული, თბილისის ზღვის შეძლებისდაგვარად მყუდრო იდილია, სრულიად დარღვეული და გადაგვარებული. თუმცა, მთავარი ეს არაა.. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის მანძილზე, შევეგუეთ უკვე „აღმშენებლობას“ ქვეყნის მასშტაბით და დედაქალაქის გარეუბანში რამ უნდა გაგვაკვირვოს?

არადა, მაინც გაგვიკვირდა რაღაც. ჯერ გვეგონა, გვეჩვენებოდა, მაგრამ, როცა მანქანის ფანჯარაზე ცნობისმოყვარე ღიმილიანმა „სეჩუანელმა“ (ასე ვეძახი ქართველ–ჩინელებს, როცა ვცდილობ მათ მიმართ ჩემი მრისხანება დავიოკო...) მოგვიკაკუნა, უცებ გამოვფხიზლდით. ისე გამოვფხიზლდით, ფანჯარაც კი ჩავწიეთ და, როცა, სპეციფიური აქცენტით, ის თვალებმოჭუტული ტიპი ქართულად მოგვეღამემშვიდობისა, მივხვდით, რატომ აღარ არღვევდა ღამის მყუდროებას მაწანწალა ძაღლების ყეფა. სხვა რამესაც მივხვდით – უნებურად „სხვის აკვატორიაში“ რომ აღმოვჩნდით და ეს ფაქტი მეორე, პირველის თანმხლებმა, მოჭუტულმა ღიმილმაც ენერგიულად დაგვიდასტურა.

ძალიან „თბილისურად“ მოგვმართეს, – ძმებო, აქ ჩვენი მიწაა და თუ გინდათ იყავით, ოღონდ არაფერი დაყაროთ და გააფუჭოთო. მთლად ასე გამართულად ვერ თქვეს, მაგრამ აზრი ეგ იყო და იქ 1 წუთით გაჩერებაც კი ჩვენი მხრიდან დიდი უაზრობა იქნებოდა.

თბილისის ზღვას, სულ მალე, დემოკრატიულად მოყიყინე ბაყაყები გააცოცხლებენო, ამბობენ, არადა, როგორ არ მინდა ჩემს ქალაქში ცხოვრების მოჭუტული თვალებით ყურება. ჩვენ ხომ ფართოდგახელილი თვალებით ძილს ვართ შეჩვეული.

ზრუნავს თბილსის და თბილისელების მომავალზე ერთლარიანი მიწის ნაკვეთებით მენჯგადიდებული გიგი. ზრუნავს რაც შეუძლია...

როცა ადამიანს თავის შესაძლებლობებზე მეტს დაავალებ, მაშინ იწყებს ტყუილს და საქმის ფუჭებასო, – ადრე გოგი თოფაძემ მითხრა საუბარში. იმის მერე სულ ვაკვირდები და ამართლებს...

ჰოდა, აბა რა იცის გიგიმ ქალაქის პატრონობის? გიგიმ იცის, როგორ მოგვატყუოს და როგორ გაიხანგრძლივოს „ტკბილი ცხოვრება“, რომელიც მეხივით დაატყდა თავს და იმის მერე მეხანძრეები სძულს, ისე როგორც თავისი საქმის ყველა პროფესიონალი.

სამაგიეროდ, გიგი აქტიურად აგრძელებს დასაქმების პროგრამას და ცდილობს ღირსეული პროფილით შეფუთოს ნაციონალური მოძრაობის იმიჯ–ბურჯები. 2000 ლარზე ნაკლები ხელფასი რა ხელფასიაო?! რა ვიცი, აქამდე 300 ლარიანზე ლობისტი იყო საჭირო მაგ პროგრამაში მოსახვერად. თუმცა, რა „უხამსი“ შედარებაა? მაგალითად, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი ხომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს. მისი სფერო გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით სამოქმედო გეგმების შესრულება ყოფილა. კარგი სახალისო საქმე კი უშოვია, თანაც მაღალანაზღაურებადი. ყველაზე უფრო მაინც გიგა ნასარიძის კონკრეტული მოვალეობა მაინტერესებს ამ ეტაპზე, ალბათ რაიმე ისეთი მიმართულებაა– ფაუნასთან ახლოს მდგომი...

თუ ჩემი აზრი ვინმეს აინტერესებს, თვითდასაქმების რეჟიმში ჯობდა „მოლაპარაკე და მოსიალურე ნაციონალური იმიჯების“ გადაყვანა, მაგალითად როგორიცაა მუმბაის ქუჩებში, ყურის გამოწმენდის ქუჩის ბიზნესი, მაგრამ ყურის სწორად გამოწმენდასაც ცოდნა უნდა და საზოგადოება ასეთ საფრთხეშიც ვერ ჩააგდო მერიამ, მესმის...

გაგიკვირდებათ და, თბილისის მერია ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივის მითვისებაში ადანაშაულებს – მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების უფასოდ შემოწმება ჩვენი პროექტიაო, – მერიის სპიკერმა. – უხერხულად გვეჩვენება, როდესაც ხდება კონკრეტული პროექტის ისე შეფუთვა, ვითომ ისინი არიან ავტორებიო". აშკარად ნაწყენია მერია, არადა დავაპირე ამ სერვისით სარგებლობა შარშან ზამთარში და იცით რა მითხრა „ცხელი ხაზის“ ერთმა სასტიკად ავად მოსაუბრე თანამშრომელმა ქალბატონმა? ჩაეწერეთ და 2 კვირაში დაგიკავშირდებიანო.)))) ანუ 2 კვირაში თუ გადარჩი და არ გაიგუდე, მერე უნდა უთხრა მერიას მადლობა გულისხმიერებისათვის, აბა როგორ?!

რაები ხდება და არ ხდება მაინც ამ თბილისში. ამის „გამქაჩავია“ გიგი? ჰოდა აღარ მიკვირს, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება.

არ ვიცი, რამდენადაა ეს სტატისტიკა სიმართლე – 2013 წლის პირველი 10 დღის მონაცემებით თბილისში სუიციდის 19 შემთხვევა დაფიქსირდაო. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ , რამდენიმე კვირის წინ, 260 „მკვდარი სული“ აღმოაჩინეს.260 „მკვდარი სულის“ ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით, 300 000 ლარზე მეტს შეადგენდა თურმე, რაც წლიურად 3.6 მილიონ ლარზე მეტიაო. მკვდარი და ისიც სული რომ გაჯობებს შემოსავლებით, მოგინდება თავის მოკვლა აბა რააა... გია ჭანტურია კი ადგა და ბაბუსავით ნეტარი ღიმილით და ფრთიანი ანგელოზივით წავიდა სახლში...

გამოგიტყდებით, მეც „მის–იუსტიციასავით“ ვფიქრობ, რომ არც ოქრუაშვილია ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ მაინც მიხარია მისი სასამართლოდან გათავისუფლება, ნაციონალური ორიენტაციის საზოგადოებას რომ არ უხარია იმიტომ...

ვიდრე ამ ამბებს გაყლუპებდით, სამი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე – უნდა ელოდო მხოლოდ იმას, ვინც მოვა; უნდა ესაუბრო მხოლოდ იმას, ვისაც სმენის პრობლემა არ აქვს; მდუმარე უნდა იყო მხოლოდ მათთან, ვისაც შენი ესმის...

პარიზი დასახლებული უდაბნოაო, პროვინციული ქალაქი – უდაბნო მარტოობის გარეშე, – წერდა ჩემი საყვარელი ბებერი მორიაკი.

შეამჩნევდით ალბათ, წვიმების სეზონშიც ხშირად იცის პირის სიმშრალე...

თბილისში ჯერ თოვლიც წვიმს და დილაობით ჰაერის ტემპერატურა –3–დან 1 გრადუსამდე ეცემა! ;)

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...