Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.648

კალას ფინიში, „წითელანთებული “ ქეცბაია, „პრემირებული“ არონია და „გადამფრენი“ პარლამენტარები


katya

2.040 views

blog-0787087001370668764.jpgვეტოდაძლეულები და ფეხბურთდაქცეულები

ეჰ... კიდევ ერთხელ გავიხედოთ უკან და სევდიანად გავიღიმოთ, მერე თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ღრმად და აღშფოთებულად ამოვიოხროთ. ამ შემთხვევაში აზრის და განწყობის უფრო რთული და უხეში ფორმებიც გამართლებულია... ქართველებმა ისევ ვერ ვივარგეთ ფეხბურთში.

იმედგაცრუებას პოლიტიკაში ჯერ კიდევ ვეგუებით, რადგან უახლოეს წარსულში მაგ მიმართულებით არ გაგვმართლებია. გარდამავალი ეტაპები – გრადაციაზე მეტი დეგრადაციები აღარ გვაღელვებს, რადგან როდის ვიყავით ბოლოს მორალურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად წელში გამართულები, ჩვენს მახსოვრობას ისტორიის წიგნებიდან შემორჩა.

 

ქართული ფეხბურთის ტრიუმფი კი ყველას გვახსოვს, სპორტის მაგ სახეობის ზოგიერთი "მამა–მარჩენალის" ჯინაზე. არადა, რა მოლოდინებით და იმედებით დავხვდით ქეცბაიას! ?. ხელფასიც არ ჰქონია ჩვენსავით საწუწუნო. მაგ თანხის ნახევარი ღირებულების შედეგი რომ მინდორზე დაედო, აღარც გულშემატკივრები ვიწუწუნებდით... თავს კი ჩვენც გადავიპარსავთ, რამე რომ იყოს!..

 

საწუწუნო არც ნაციონალური ხელისუფლების ერთ–ერთ ფავორიტ შტოს აქვს. სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ ისეთი დასკვნა წარადგინა პარლამენტში 2008-2012 წლებში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე გაცემული პრემიების შესახებ, რომ „უბრალო ადამიანები“ ამ დღეებში შეშფოთებასაც ვეღარ ვახერხებთ.

 

ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, დაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის,ქალბატონ ნაზი არონიას „ღვაწლის“ დეტალური ანგარიში ერის წინაშე, რომ მას შესაბამისი პატივი მივაგოთ, თორემ უხერხულია, მარტო კუპიურებში გამოხატული მადლიერება. ბოლოს და ბოლოს, ამ ქალბატონმა თავისი მხოლოდშობილი ასული შესწირა ნაციონალურ ინტერესებს ერთ–ერთი უახალგაზრდავესი პარლამენტარის სახით. ცნობისთვის – 2012 წლის მაისსა და ივლისში, ქალბატონ ნაზის 2200-2200 ლარის ოდენობის პრემია დაერიცხა. აღსანიშნავია, რომ ივლისში იგი კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, პრემია კი "სანიმუშო თანამშრომლობისთვის" მიიღო. გარდა ამისა, ნაზი არონიას სახელმწიფომ 4500 ლარის ოდენობის ბინის ქირა გადაუხადა. აღარ მოვიყვან დანარჩენი ფავორიტებისთვის გადამხდელთა სახელით გამოხატულ "მადლიერებას", შემორჩენილი ემოციები უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შემოვინახოთ.

 

როგორც იქნა, გამახსენდა, ვის და რას მაგონებდა ავღანეთის ვიზიტებისთვის განკუთვნილი სააკაშვილის ამალა და სეფექალები. საყვარლების რაოდენობას შვედი ხელმწიფეც არ უჩივის, შვედეთის მეფის საყვარლებს კი Army of lovers დაარქვეს. ჰოდა, ჩვენც გვყავს ასეთი "არმია" თავისი განახლებადი რიგებით და ტრადიციებით.

 

ამსტერდამში ბომჟებისთვის უფასო ინტერნეტ–კაფე გაიხსნა. ბომჟებმა ინტერნეტში საკუთარი რეზიუმეები განათავსეს, იშოვეს პრესტიჟული სამსახური და თავი დაანებეს ქუჩაში ხეტიალს. ზოგან ასეთი მარტივი მეთოდებიც საკმარისია, უმუშევრობის დასაძლევად. ჩვენს ქალაქში უფასო ვაიფაიმ ჯერ–ჯერობით „დიდ ბომჟობას“ ვერ სძლია, სამაგიეროდ, ქუთაისის მასშტაბით გვაქვს ვეტოს ძლევის საუკეთესო შედეგები.

დაძლეული ვეტო უკვე რამდენჯერმე შენიშნეს თვითმხილველებმა ავლაბრის მიდამოებში.

 

ქუთაისი ნელ–ნელა ყალიბდება სააკაშვილის ნანი–ნანატრ სწრაფად პროგრესირებად მეორე დედაქალაქად.

არადა, რომ ვერც შეედავები?

სად გვყავდა თბილისში მფრინავი პარლამენტარები?

მართალია, პირველი რეისით ჯერ მხოლოდ 3 ერთეული ჩაფრინდა, მაგრამ, როგორც დავით საგანელიძე ვარაუდობს, მიმდევრები უმცირესობაშიც გამოჩნდებიან და შეავსებენ უმრავლესობის ადგილებს ჯერ–ჯერობით მხოლოდ თვითმფრინავის ბორტზე. პარლამენტის 54 გრადუსიან ატმოსფეროს გამძლები ხალხისთვის დაუძლეველი არაფერია...

ახლახანს კალიები, პეპლები და კოღოები შესევიათ და კვალიფიციურ ტრენინგებსაც გაივლიან სიმაღლისა და მანძილის დაძლევის საფუძვლებში. კიდევ კარგადაა ეგ შენობა,რას უძლებს! ნებართვის გარეშე ყოფილა აშენებული, ფაქტიურად "უკანონო შვილივითაა". მაგრამ კანონისა და უფლის წინაშე ხომ ყველანი თანასწორნი ვართო და ეგეც დგას რა...

ჯერ–ჯერობით, არამფრენი დეპუტატების მთავარი პრობლემა მაინც ბილეთის ფასია. არც კორპორატიულად შემოთავაზებული 44.5 ლარია პატარა ფული. 20 წუთში ამდენის გადახდას რა ნერვები და ნება ეყოფა? თან, როცა საკუთარი ჯიბიდან იხდი. დარწმუნებული ვარ, მაგ თვითმფრინავში დავით ბაქრაძეს ვერავინ შეიტყუებს, ხაჩიძეს შემოუჯდება ველოსიპედზე ან „ავტოსტოპით“ წავა სულაც. რაც სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი შეუზღუდეს, ოჯახის წევრებსაც აღარ ურეკავსო, ასე ამბობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით შაბათი დღე, წიგნის კითხვის დღედ გამოცხადდა. კვირაში ერთი დღე წიგნის კითხვა სერიოზული განაცხადია მორწმუნე ელიტის არც თუ მცირე ნაწილის ინტელექტისთვის.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით ვანო მერაბიშვილს ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ გააჩნია და ის არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის. ერთადერთი პრობლემა რაც მერაბიშვილს ე.წ "მატროსოვის" ციხეში აქვს - ინფორმაციის ნაკლებობაა, მას საკანში არ გააჩნია ტელევიზორიო. ეგებ დაგვავალოთ და შაბათ დღეს ვანოს კამერაში ვინმემ შესაბამისი ლიტერატურა შეუტანოს, სადაც წერია, პატიმარი არ დავინახოთ კამერაში ტელევიზორის გარეშეო.

 

შეშფოთებულმა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, ჯეიმს აპატურაის სახით, ნატო-ს რიგით მე-6 კვირეული გახსნა. ჯეიმსმა თქვა არ უნდა მაგ ამბავს ბევრი ლაი–ლაი, საქართველო აუცილებლად შევა ნატოშიო და ვაი სირცხვილო და თავის მოჭრა გიორგი ბარამიძეს! კითხოს ერთი, – უნდა მის პრეზიდენტს ამ ეტაპზე ნატოში შესვლა?

გასულ კვირას ბუბამ სიტყვა თქვა – მეზობელ რუსეთს რომ ააჩუყებდა ისეთი. მე მაგ სიტყვიდან ის აზრი გამოვიტანე, რომ საბჭოთა რუსული ესტრადის ფავორიტი მეორე ნავში გადასკუპებას აპირებს, ან გასტროლებზე ჩალიჩობს „სტალიცაში.“ საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, რა უნდა ვქნათ ხელოვანებმა. როგორც გვეტყვიან, თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიქნებით და გავყვებით, სადაც უნდათ... მეტი რა უნდა ვქნათ?!" -ო.

 

ონიშჩენკომ ჩვენს სახელს და დიდება „ბორჯომს“ ისეთი აპერკოტი გაუჩალიჩა, კაიხანს მოუნდება წამოდგომას იმ ბაზარზე. სამაგიეროდ, ივნისში რუსეთის ბაზარზე მინერალური წყალი „საირმე“ გამოჩნდება. „სხვა რა შეგიძლიათ რომ შემოიტანოთ? მანდარინი თქვენ არ გაქვთ, ქინძის მოყვანა ჩვენც ვიცით. ქართული თაფლი? კარგით, თაფლს ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ", - მიმართა ონიშენკომ ქართველ ჟურნალისტს.

რუსეთში მოყვანილი ქინძის 80%–ს ონიშჩენკო ჭამს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

 

რუსეთში "კანონიერი ქურდები" დაითვალეს - ყველაზე მეტი ქართველია.ეგეთები არც ევროპას აკლია, მაგრამ კი არ ითვლიან...

ქართველ ემიგრანტთა კრიმინალურად მიდრეკილი ნაწილის საყურადღებოდ! შეეშვით ხელმრუდობას! ხომ ხედავთ, საფრანგეთში ქართველებს ყურის ანაბეჭდებით გპოულობენ?!..

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პირველი კვარტლის შედეგებით უკმაყოფილოა, თუმცა მიიჩნევს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლები "უკეთესი იქნება", მაგრამ ეგ ამბავი რა სუფრასთან მოსატანია, როცა, იმავე ხადურის ინფორმაცით, საქართველო 2015 წლისთვის სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალს დაფარავს..ამასობაში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე თანამდებობიდან გადადგა.

მაგის გადადგომას ვინ ჩივის „მამიდა“ როენა შემოეჭირათ, მაგრამ ხუცურაულის „საჭირო“ ქალის 40 000 ლარიანი ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი სასჯელით შეიცვალა.

ევროპარლამენტის წევრი, "ევროპელ ხალხთა პარტიის" წარმომადგენელი კრჟიშტოფ ლისეკი პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ნეტა ვანო მაგ ტიპის სახელს დამარცვლით ამბობს თუ ასო–გამოტოვებით?

არადა, რა უხერხულია, კაცი ამოდენა გზაზე ჩამოსულა და სახელით რომ არ მიმართო, მეგობრულად და მხარზე ხელი არ დაუტყაპუნო.

მე ვამაყობ, რომ ვარ პირველი ქართველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის დაპატიმრებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.კიდევ კარგი, "საქართველოში" რომ აღნიშნა, თორემ, კინაღამ ბერლუსკონი აღშფოთდა! ეგებ მაინც აღშფოთდა და მაგიტომაც არ ჩამოვიდა დაანონსებული „ვიზიტი–კალა“–ს ფარგლებში.

ენერგიული კალა წავიდა დიდი ფეხბურთიდან და დიდ ენერგეტიკაში მოვიდა. იტალიური "მილანის" ფეხბურთელები საქართველოში ჩამოვიდნენ. "რედისონი" სამუდამო ვალში იქნება ენერგეტიკის მინისტრთან ასეთი მასშტაბური ფიარისთვის. სამაგიეროდ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გაუნაწყენდა კალას. – "100 ბილეთი რა გახდა, რომ ჩვენთვის გამოეგზავნათო".

აი ეგა ვართ ქართველები!

მარგველაშვილმა, საზაფხულო დასაქმებას დაემშვიდობეთო! სტუდენტთა ნაციონალური ჰონორიზაციის სანაცვლოდ, მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდაო. "ობოლ და მზრუნველობამოკლებულ" სტუდენტებს კი განათლების სამინისტრო დააფინანსებს..

ახლა ვინმემ არ მკითხოს, რატომო? თორემ, ნამდვილად გავგიჟდები!..

 

ჩხირი კედელს და საშველი პირველ არხს! როგორც იქნა, პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

 

პოლიტიკაში ცნობილი ტესტია – რაც უფრო ხშირად ჩნდებიან პოლიტიკური ლიდერები ეკრანზე, მით უფრო ვერაა კარგად საქმე ქვეყანაში და რა ხდება ნეტავ?.

ისე, ყველაზე დიდი შეცდომა დაუსმელ კითხვებზე გაცემული პასუხებია.

ყველაზე რთული მაძღრებთან შეთანხმების მიღწევაა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ყოველთვის სხვებზე მეტი უნდათ.

მაგრამ, ჩვენ, „რიგითი მოქალაქეები“ ვალდებულები ვართ მაინც გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ამაში როგორც არ უნდა გვიშლიდეს ხელს სახელმწიფო.

კატო ჩულაშვილი

 

ქრონიკა+ , #8

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...