Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.711

ბუკიკიოს ოცნება, გამოცხადებული რანდევუ მერიაში და მესამე ზარის ეფექტი გიგის სამრეკლოდან


katya

1.714 views

blog-0250301001359881855.jpgცხოვრება თეატრიაო, სულ ეგ მესმის ბავშვობიდან და მეც ერთი წესი გამომიმუშავდა – მაღვიძარას მესამე ზარზე ვიღვიძებ...

თუმცა, როცა წესი ვახსენე, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდა. ჩვენ –ქალები – წესებს და კანონებს ნაკლებად ვემორჩილებით, „ლოღიკაზე“ რომ არაფერი ვთქვათ. ქალებს წესები არ გვაქვს... ქალებს გვაქვს განწყობა! ამიტომ, გამოთქმა „წესიერი ქალი“ – ცხოვრებისეული აბსურდის გამომხატველი ფრთიანი ფრაზაა და სხვა არაფერი. ჰოდა, ერთი სიტყვით, წესები და წესრიგი თქვენსკენ მოიკითხეთ, ვისაც ჩარჩო–ხელშეკრულებები და კანონზომიერებები გაღელვებთ.

ზოგადად, ყველაზე გამოუსწორებელი სისულელეები მაშინ ხდება, როცა წესრიგის დამყარებას იდიოტები იწყებენ...

დალაგებულ–დავარცხნილ და ფიქსატორმოსხმულ იდილიას ისევ ბუნებრივი ქაოსი და შემოქმედებითი უწესრიგობა მირჩევნია. თუნდაც იმიტომ, რომ იმ მესამე ზარის შემდეგ საწოლიდან ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ფეხი რამეს წამოკრა, ან დააბიჯო, რომ უცებ გამოფხიზლდე...

„ურთიერთობების დალაგების პროცესი ორ ადამიანს შორის“ ხომ საერთოდ მაცოფებს. რამდენიც გინდა ალაგოთ, ავეჯის მდებარეობა ცვალოთ, ხეხოთ და აპრიალოთ, დამიჯერეთ, – თუ თქვენი თავის ქალის ბინადარ ტარაკნებს ერთი გზა არ აქვთ, არაფერი გეშველებათ.

დალაგებაზე გამახსენდა, – ამასწინათ ჩემმა მეზობელმა სახლიდან იმდენი ნაგავი გამოიტანა, ყველას ეგონა, ბინას ცლიდა.

ერთი სიტყვით და ერთი ფინჯანი ყავით იმ დასკვნამდე მივედი, რომ შეცდომის დაშვების უფლების პარალელურად, ადამიანს აქვს უფლება, არ ისარგებლოს ამ უფლებით.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრიყვები სწრაფად ნახულობენ საერთო ენას, ჭკვიანები – საერთო ინტერესებს...

ჰოდა, იმიტომ კი არა, რომ ჭკვიანი ვარ, უბრალოდ მაინტერესებს, ჩვენს საინფორმაციო სივრცეში დამკვიდრებული ტენდენცია – სამი დიდი განსხვავება – ფაქტი თავისთავად, ამ ფაქტის მოწოდების ფორმა და მისი შეფასება – განკურნებადია თუ ნაციონალური ტრაგედია...

ალბათ სასაცილოა, როცა სქესობრივი აქტის გასამართლებისას ბრალმდებელი მორალია, ადვოკატი – საღი აზრი, ხოლო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადი ინსტინქტი სკანდირებს „თავისუფლება“–ს...

მღელვარე ოკეანეა ბატონებო ეს ცხოვრება! რთულია ცურვა აქაფებულ ტალღებზე. სუსტები ფსკერისკენ იწევენ. ფსკერზე სიმშვიდეა...

თანამედროვე სამყაროში კი ყველაზე ძლიერის ნაცვლად გადარჩენის შანსი ყველაზე მშვიდს აქვს. კამათში კი ყოველთვის ის იმარჯვებს, ვისაც დროულად გაჩუმება შეუძლია.

გადარჩენის შანსის ძიებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკაპასებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რუსთავი 2 ასე თუ ისე, „ შეეგუა“ „დაბალანსებულ“ სიუჟეტებს, თუმცა მე მაგას წაბალანსებას დავარქმევდი... საზმაუზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ გამსკდარი ბიაზის ადგილას წლების წინ აყრილ პარკეტს აგებენ ... იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დამოუკიდებელი მაუწყებელია მსოფლიოში! მისი ინფორმაციები არანაირად არაა დამოკიდებული რეალურ მოვლენებზე.

მაგათ რომ დავუჯეროთ, რეგიონალური კვირეული არ მოეწონა საპარლამენტო უმცირესობას. არ მოეწონებოდათ აბა რა? წინა ცხოვრებაში, მაგ ფორმატში, ჩრდილოეთ იტალიის და სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში გადიოდნენ ხოლმე. რა ცუდია ჩამოლაბორანტება. ვეღარც მეგობრებთან ხარ ისეთი ხელგაშლილი...

კვირის ყველაზე დიდი მოვლენა კი, რა თქმა უნდა, ბატონი უგულავას დაუმორჩილებლობა თუ დაუმოწმებლობა იყო. ცხადია, დაუკითხავობა ერჩია, მიჩვეულია დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და რა ქნას?

რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა იმ გენდერულად დაბალანსებულმა საგამომძიებლო დესანტმა თვით ქალაქის მერის მოკრძალებული კაბინეტიდან, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საზოგადოებას...

რაო ქალაქის თავმა? ზარების რეკვა შემომესმა, ოღონდ ვერ გავარჩიე, რომელი სამრეკლოდანო?!

თქვენ ამ ქალაქის თავისუფალი მოქალაქე ხართ პატივცემულო გიგი, თავისუფალი ადამიანი, ზოგჯერ ზედმეტად თავისუფალიც. ამიტომ, შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება დაგემართოთ ყველაფერი.

შეგეწიოთ ყველა თქვენი დასაქმებულის და მადლიერის ხელით დანთებული სანთელი გიგი! მაგრამ სანუგეშო რა გითხრათ, როცა თანაგრძნობის ნატამალიც არ გაგვაჩნია?

რაღა დაგიმალოთ და მიკვირს, როდის ასწრებს ეს ხალხი ჩვენს მაგივრად ოცნებას?!

ბუკიკიოს ოცნებაც კი მშვიდობიანი საქართველო ყოფილა. ხომ არ დაგიტოვებენ საოცნებოსაც რა!.. ვენეციის კომისიას სხვა საქმე არ აქვს? თუ საკუთარ წ####ბში ვერ ეტევა?

მახსოვს, თითქოს გასულ კვირას, რაღაც მეწყინა. რა უხერხულია, როცა ვერ იხსენებ რა გეწყინა... სამაგიეროდ, ის მახსოვს, რომ ბედნიერების რეცეპტი დავადგინე: იზრუნეთ სხეულზე, უსმინეთ საკუთარ სულს და იმუშავეთ თავით!

ცხოვრება თეატრია კი... მესამე ზარზე გაღვიძება სცადეთ, ჩემი ხათრით. აი ნახავთ,

სამყაროს შემოქმედი აუცილებლად მოგვცემს ძალას, მოთმინებას და ცოტა ფულს, ყოველი შემთხვევისთვის!

ბუზისგან სპილოს კეთებაში ისე გავერთე, ეს დიდი დღეც შემომათენდა ხელში. ანგელოზის დღეს გილოცავთ ანებო!

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

2 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...