Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.648

„ზურმუხტის ქალაქის“ ჯადოქარი , გულუას მასტერ–კლასები და სამჯერადი პრემია კანცელარიის ორკესტრისათვის


katya

2.404 views

blog-0408157001359717279.jpgამ სამუშაო კვირამ და იანვარმა ადიდებული ენგურისგან გადაყლაპული ბორანივით მოგვჭამა ჭირი.

რატომღაც მიყვარს ეს "მოკლე –კატო" თებერვალი. რაღაც 2 –3 დღენაკლულია და მაინც რამხელა შეღავათია?! თან თუ ის 2–3 დღე ორშაბათებს ემთხვევა, ხომ საერთოდ...

დღეს პირველი თებერვალია. ერთკვირიანი მიკრო–ყვითელი შიმშილი დაძლეული.. გილოცავთ თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებოც!

ზოგადად თებერვალი ეკლექტიკური თვეა – ზოგს სახლიდან ჯერ საახალწლო ნაძვის ხე არ გაუტანია და სავაჭრო ობიექტების სარეკლამო ბანერები მარტის მუქარანარევ განწყობას ქმნიან, თუმცა, მარტამდე ერთი პატარა მოთელვა გველის – ყურადღებისა და გულუხვობის ტესტი –14 თებერვლის სახით.

თბილისური გულუხვობის კრიტერიუმები კი აშკარად იცვლება. მართალია, ზოგიერთები იმასაც გვიმტკიცებდნენ, რომ „ზურმუხტქალაქში“ ვცხოვრობდით, მაგრამ მწვანე სათვალეები, მხოლოდ გუდვინის სასახლის კარზე დაარიგეს „თავისიანებში“. უსათვალოდ დარჩენილები კი ჯერ კიდევ საფრთხობელებივით, შეშისმჭრელებივით და ლომებივით – ჭკუაზე, ნამდვილ გულზე და სიმამაცეზე ვოცნებობთ.

 

როცა რამის კეთებას აზრი არ აქვს, უმრავლესობა ასეც იქცევა... ადამიანების ბუნება ზარმაცია და შეცდომებისკენაა მიდრეკილი, თუმცა, ვისაც აქვთ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მათი შეცდომები სოლიდურად ანაზღაურებადია.

თუ საკუთარი თავის საბაზრო ფასი გაინტერესებთ, უბრალოდ სამსახურის შოვნას შეეცადეთ...

 

პოლიტიკის ოქროს წესია – უკეთესია მართავდე, ვიდრე გმართონ!

 

ყველაფერს დანახვა უნდა! ასეთი ალალი გუდვინი კი არა და გიგი ჯერ არ ყოფილა. ადგა და თქვა – ის 700 ქალი აგიტაციას ატარებდა ქალაქში სანაგვეების პოპულარიზაციის მიზნითო. რა? არ იყო ასე? რა უფლება მაქვს,მის სიმართლეში ეჭვი შევიტანო? ნაგვის დარგში გიგი შეუცვლელია! არადა ზოგი მერობას და ზოგიც ჯადოქრობას აბრალებდა. არადა, უბრალოდ, მზრუნველი და კარგი მეურნე ბიჭია ქალაქის თავის და ჭიპის ამბიციით. –„დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ქალაქში ხდებობა მტკივნეული პროცესი – როგორიცაა ბუნკერების გაუქმება, რომელმაც უამრავ თბილისელს შვება მოუტანა, ამ საკითხს კომუნიკაცია და უამრავი ადამიანი სჭირდებოდა, რომლებიც დადიოდნენ და კარდაკარ ხსნიდნენ ამ საჭიროებას.“ – ეტყობა, მაგ დროს სახლში არ ვიყავი. თქვენ ეგ „მტკივნეული პროცესი“ გახსოვთ?

და დამგველ-ალპინისტებიც რომ გვყოლია, თან რომ მღერიან, ისეთები, არც ეგ იცოდით? რატომ არ იმღერებდნე რა?!..

 

არ დაეზარებათ და მეტყვიან – სხვის ჯიბეში ფულის თვლა კარგს არაფერს მოგიტანსო! ეგ მეც ვიცი და უკეთესი გასართობებიც მეგულება, მაგრამ ეგეც ადამიანის ბუნებაა – როცა საკუთარში დასათვლელი არაფერია, სხვისი ჯიბისკენ ხელი თუ არა თვალი მაინც გაგირბის.

საკუთარ საქმეს რომ მოითავებ და სხვას ხელი წააშველო, ამაში ცუდს რას ხედავთ?

მშვენიერი ტრადიციაა, ისე როგორც ბოლო 20 წელია – თუ ხელისუფლების წარმომადგენლის ოჯახის წევრი, სტუდენტობის მეგობარი ან ყვავი– ჩხიკვის მამიდა მაინც არ ხარ, თვეში სამჯერ პრემიას კი არა ერთჯერად ხელფასსაც კი არავინ გამოგიწერს. ეტყობა ეს „შენ–ჩემობა“ გენში გვაქვს – შენი შტერი და უსაქმური რომ სხვის ჭკვიანს და საქმიანს უნდა გერჩიოს, მაგას რა დიდი ფილოსოფია უნდა?

 

საზოგადოება ითხოვს კანცელარიელი მაია ცქიტიშვილის ახლოს გაცნობას. დაგვანახეთ ერთხელ! რას აკეთებს ასეთს, ეგებ ჩვენც შეგვიძლია რასაც ეგ აკეთებს, იმის კეთებაო?!.

რომ დაუფიქრდე, სადაა ახლა მაგის დრო – ღია შერჩევის წესით კონკურსები აცხადო და ვაკანსიები აქვეყნო, ათასი საქმეა უწყებებში და ამ ქალაქში კიდევ ყველაფერი დასწრებაზეა ყოველთვის.

ყველაფერს გაგებით ვეკიდებით ბატონო და ისიც ვიცით – მერე რომ ცუდად არ ვიყოთ, სჯობს ახლა ვიყოთ ცუდად.

ოღონდ, პრინციპებზე ვაჭრობისას, ფასების რეგულაციასაც მიხედეთ, ძალიანაც ნუ აჭრით, კაცო!..

 

აგერ, გუშინ ხუთწლიანი აკრძალვის შემდეგ, თბილისის ქუჩებში ერთ–ერთი აქტიური და პრინციპული ბიზნესმენი გამოჩნდა ღრმადპოლიტიკური გადახრებით, ზოგიერთებს სულზე მოგისწროთ. მასტერ–კლასებსაც დაგპირდათ და იმასაც, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს. ადრე მაგას სხვა სახელი ერქვა, ახლა პატრიოტიზმს უძახიან.

მინდია გულუას მასტერ–კლასები არაა ხელწამოსაკრავი განათლება. დარწმუნებული ვარ, მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, თორემ, ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებდა მიზნობრივ აუდიტორიას. „ფოკუსში“ აერია, აშკარად, თორემ „რაის პრიბორი?“ მასტერ–გულუას მთავარი მახასიათებელი – არაფრად მიაჩნია სხვისი შრომა. სამაგიეროდ, გადახდილი ხელფასი მიაჩნია გაღებულ მოწყალებად...

 

აგრესია დილეტანტების თვისებაა. რა ვიცი, აქამდე ასე ითვლებოდა.

ამ კვირის ყველაზე „აგრესიულების“, უფრო სწორედ „ძალოსანი“ სახელმწიფო მოხელეების სიაში პირველობას ლალი მოროშკინა და ლუკა კურტანიძე არავის უთმობენ. უცნაურია, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას მოროშკინას მიერ მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. ეჭვი მაქვს, ის მოსამართლე მდედრი იყო, თორემ მამრი მოროშკინას ზეწოლას როგორ გააპროტესტებდა?

ცუდი ისაა, რომ სისტემის თუ რეჟიმის ცვლის მიუხედავად, კომუნიკაციის საკითხში საჯარო მოხელეებს ისევ პრობლემა აქვთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს კი უნდა ესმოდეს, რომ ტელეფონის გამორთვა არაა კომუნიკაცია, არც ინფორმაციის არფლობაა პრეს–სამსახურისთვის პროფესიონალიზმის გამოვლინება, ტონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

პრინციპში, 2500 ლარის რა დაშავდა ღამის 12–ის ნახევარზე ამნისტიის დაჩქარების მოთხოვნით მოსამართლის გაღვიძებით? ან იმით, რომ ყაზარაშვილი სიბნელეში რაღაცას დაეჯახა? მე ის მიკვირს, ჭიდაობის ფედერაციაში, რატომ უნდა ბნელოდეს?

 

გზა თუ შავმა კატამ, შავმა თაგვმა, შავმა ძაღლმა და შავმა ადამიანმა გადაგირბინათ, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შუქნიშნის ზურმუხტისფერ შუქს, ამ ქალაში ხომ ყველაფერი შესაძლებელია!? მაგრამ თუ ოდნავ მაინც დაძაბავთ გონებას, ისიც შეიძლება იფიქროთ, რომ სადღაც ახლოს ხანძარია...

 

რაღაც მოვიწყინე. წავალ, კონსტიტუციას გადავიკითხავ, ცოტას გავხალისდები...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

თუ საკუთარი თავის საბაზრო ფასი გაინტერესებთ, უბრალოდ სამსახურის შოვნას შეეცადეთ...

 

პრინციპში, 2500 ლარის რა დაშავდა ღამის 12–ის ნახევარზე ამნისტიის დაჩქარების მოთხოვნით მოსამართლის გაღვიძებით? ან იმით, რომ ყაზარაშვილი სიბნელეში რაღაცას დაეჯახა? მე ის მიკვირს, ჭიდაობის ფედერაციაში, რატომ უნდა ბნელოდეს?

 

მოწოდების სიმაღლეზე ხარ კატო!!! <3

ლინკი
×
×
  • შექმენი...