-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს არკვევს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, შემოგთავაზებთ.
-
საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-ისგან საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით განაცხადა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთად არის და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს ხელს არ უწყობს“, - განაცხადა რობინ დანიგანმა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს. „მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება და განცხადებები, რომლებიც საქართველოს აშშ-ისგან იზოლირებას ცდილობენ, არავისთვის სასარგებლო არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში. იპნ
-
საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე , პროკურომა ბექა კვიციანმა განაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ. „საქართველოს პროკურატურა აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების თაობაზე. როგორც მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განვაცხადეთ, საქართველოს პროკურატურა ევროპელი კოლეგების ჩართულობით აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალურ დანაშაულზე გამოძიებას, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს დაუფლებასა და შემდგომში გათეთრებაში ჩართული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება შპს ,,მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე შექმნილ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც 2019-2021 წლებში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს, რის შემდეგაც აღნიშნული თანხების ლეგალიზება განახორციელეს, მათ შორის „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ. ხსენებული პირები უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის. ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა. გამოძიების მიერ ასევე იდენტიფიცირებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - უსაფრთხოებისა და გერმანულ-ინგლისურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დღეს, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დავაკავეთ. დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და უქმნიდნენ მათ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის. თავის მხრივ სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე, დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს კი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას. პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ. საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 94 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება. დასასრულს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო საზოგადოებას, არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ მოგვაწოდონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თაღლითური ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, როგორც ცხელი ხაზის - 2 405 222, ასევე საქართველოს პროკურატურის Facebook-ის, ვებ-გვერდის ან მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, რათა საზოგადოების ჩართულობით უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენა და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი ზომების გატარება“,- აცხადებენ პროკურატურაში.
-
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძისა და „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვედრის მეორე ეტაპი დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ მედიასთან განაცხადა, როგორც ჩანს, ხაზარაძემ გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა. “პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „როგორც ჩანს, მამუკამ ვერ მოახერხა გუნდთან შეთანხმება, ჯერჯერობით, ვნახოთ, დაველოდები“, - განაცხადა გახარიამ. მედიის კითხვაზე ეხება თუ არა საკითხი საარჩევნო სიას, გახარიამ აღნიშნა, რომ საკითხი აღნიშნულს არ ეხება. კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ. ipn
-
ჩვენ პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ [შესაძლო გაერთიანების] საკითხი იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე. მისი თქმით, ამ პროცესს და ამ პროცესში რაღაცა ტიპის ცენტრის ფორმირებას მხოლოდ და მხოლოდ, მიესალმებიან. „ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო სახელმწიფო ინტერესები და პარტიული და პერსონალური ინტერესები ყოველთვის მეორე პლანზე იდგა. ასე ვმოქმედებდით ხელისუფლებაში და ასე ვმოქმედებთ ოპოზიციაშიც. ეს უნდა იყოს წამყვანი როლი, გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის. ამიტომ, ჩვენ პარტიულ და პერსონალურ საკითხებზე ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ ეს საკითხი იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, „ოცნებას“ ხელისუფლებიდან გავიშვებთ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში“, - განაცხადა სიჭინავამ. ბერდია სიჭინავა ფიქრობს,რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ გაერთიანება ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვას შეძლებს. გარდა ამისა, სიჭინავამ ისაუბრა, აშშ-ს- მიერ ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებაზე და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ს ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. „ამ ადამიანის პრემიერ-მინისტრობა არის ანეკდოტი, მაგრამ ანეკდოტთან ერთად არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იმიტომ, რომ ამ ადამიანს, საერთოდ ვერ წარმოუდგენია და ვერ გაუაზრებია ის როლი, რა გამაერთიანებელი როლიც შეიძლება ეკისროს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს წინაშე. ირაკლი კობახიძე ისევ დარჩა „ოცნების“ საშუალო სტატისტიკურ სპიკერად, რომელიც პარტიულ მესიჯებს აჟღერებს მთავრობის სხდომიდან. მას ეს როლი გააზრებული არ აქვს. დეოკუპაციის საკითხზე ვერ საუბრობს პროფესიონალურად, ეკონომიკაზე ხომ საერთოდ ანეკდოტებად დადის მინისტრის მოადგილეების დონეზე, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ საკითხებზე შედის მსჯელობაში. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის დატოვება ქვეყნისთვის შეიძლება რაღაც პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გადასარჩევად არჩევნებზე ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს, რადგან პერსონალურად კობახიძის და მისი გუნდის წევრების დამსახურებაა ის, რომ მდგომარეობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვის ეტაპზე მივიდა. იპნ
-
კარასინი: ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ გასული 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა. კარასინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელმა ტონმა სამხრეთ ოსეთთან ახალი ატმოსფეროს შექმნის შესახებ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. სულ უფრო იზრდება გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შედეგად გამოწვეული მტრობა და კონფრონტაცია უნდა ჩანაცვლდეს გონიერებითა და სტაბილურობით. ბოლო 16 წლის განმავლობაში, საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მარადიული დაპირისპირების ამაოება. წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც თავს კომფორტულად არ გრძნობდნენ პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარებით საქართველოში. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში არსებული გამწვავება ასევე ხელს უწყობს მათ, ვინც მათ სტრატეგიულ ინტერესს ხედავს საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციის შექნაში“, – წერს კარასინი „ტელეგრამზე“. პუბლიკა -
საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი განსხვავებული წესით ვრცელდება. კერძოდ, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სანქციების საფუძველზე საქართველოს სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა. 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე. პუბლიკა
-
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება პარლამენტის მიერ ჰომოფობიური და ღირსების შემლახავი კანონის მიღებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიწვიოს ის. პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პუბლიკა
-
„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. ამასთან, ამ პერიოდში მოხდა მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და საჯარო უწყებების მხრიდან ამ ინფორმაციაზე რეაგირების მონიტორინგი. ერთწლიანი კვლევის განმავლობაში „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედ 46 მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა. ამ პერიოდში პროექტში ჩართული აქტორების დახმარებით და მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებსა და სამთავრობო უწყებებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გაგზავნილი 1863 წერილი შეგროვდა და დამუშავდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ: საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მატარებელი უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%); მთლიანობაში ცენტრალური და ადგილობრივი უწყებები ინსტიტუტებში შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცემა სრულყოფილი პასუხი; ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე ვადის გადაცილებით პასუხობენ; ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს (19%); ადგილობრივ უწყებებში უპასუხოდ რჩება მოთხოვნათა 38%, ხოლო ვადაგადაცილებით ბრუნდება – 20%; ადგილობრივი უწყებები მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილად გაეცა პასუხი 28%. კვლევის თანახმად, საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი – 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე. მეორე თემა, რომელიც დომინირებდა – მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა, საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე. პუბლიკა
-
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს. მეთიუ მილერს დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასევე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“. „შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“, - აღნიშნა მილერმა. იპნ
-
ვფიქრობ, ალიანსის შედგომაზე საუბარი უადგილოა. ეს არის დისკუსია, რომელიც, რეალურად, დღეს დაიწყო და ამას არანაირი წინაპირობა და პროცესი არ უძღოდა წინ, ეს იყო პრეზიდენტის შემოთავაზება... არასდროს ჩვენი პარტიული ინტერესი არ დადგება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1223992045511547/
-
გიორგი გახარიას კომენტარი მედიასთან: „პირველი, მინდა გითხრათ, რომ მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ რომ მე დღეს აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ, როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძილია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის გადადების მიზეზი. გავითვალისწინოთ ერთი რამ – კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს პირველ რიგში ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი, ყოველთვის, ყოველდღე, ჩვენი მოღვაწეობის საქართველოში, სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით ჩვენი პირადი და, რა თქმა უნდა, პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც”, – განაცხადა გახარიამ. ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/497739046556415/
-
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს. EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. პუბლიკა
-
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს არჩევნებში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან პასუხობს და აცხადებს, რომ „ეს აბსოლუტურად“ მცდარია. მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში, რუსეთის განცხადება კი სრული აბსურდია. “ეს აბსოლუტურად მცდარია. პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ასეთ ბრალდებებს აბსურდად ვაფასებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში. რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და აგრძელებს საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. ცნობისთვის, რუსულმა მედიამ 11 სექტემბერს, სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ აშშ ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან“ (ODIHR) ერთად საქართველოს არჩევნებში ჩარევას აპირებს, რადგან, როგორც გამოცემა „ტასი“ ირწმუნება, ამერიკა ცდილობს, ხელი შეუშალოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და ამისთვის ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას აპირებს. იპნ
-
ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის. „რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია. აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, ეს არის რის გამოც გადაიდო, ჩემი მხრიდან არა“, - განაცხადა გახარიამ. იპნ
-
არაფერი მსმენია ევროკავშირის ახალი ზომების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების წინ და ეს მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ადრე გახდა ცნობილი. ინფორმაციისთვის, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროკავშირში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში“. ipn
-
„საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" — კოკოითი ივანიშვილს ეხმაურება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ე.წ. პრეზიდენტი იყო, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ოსი ძმებისთვის ბოდიშის მოხდის” შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”. მისივე თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან „საქართველომ სამხრეთ ოსეთს 1920 წლიდან 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზიანი მიაყენა”. მან ასევე თქვა, რომ „მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მცდელობებიდან გამომდინარე, წამოიწყონ ომი რუსეთის საზღვრების გარშემო, მზად არის, რუსეთთან ერთად იბრძოლოს მშვიდობისთვის და თავიდან ავიცილოთ ომის ახალი წყარო სამხრეთ კავკასიაში”. საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერის თქმით, სწორედ რუსეთმა დაამყარა მშვიდობა კავკასიაში. ამიტომაც, კოკოითის განცხადებით, „საქართველოსთან მშვიდობა სწორედ რუსეთის პირობებით უნდა დამყარდეს”. 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის „არაერთი სამტკიცი” არსებობს. მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. publika -
კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: - მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი. საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით შემდეგი საკითხები განისაზღვრება: - დაუშვებელი ხდება ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება. კანონპროექტით დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. პროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ აღიარებულ ან რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს. კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ასევე, დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება. კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. აკრძალვა მაუწყებლებსაც შეეხებათ. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა. ამავე პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. პროექტით, დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. აკრძალვა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებასაც შეეხება. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამავე პროექტის მიხედვით, გაბათილდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ისეთი მითითება ან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ისეთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ. უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი ყველა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს. “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და ის უქმე დღე იქნება. იპნ
-
84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება. პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება. პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით შემცირება; სასჯელის 1/4-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. იპნ -
თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. „თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა სიღრმისეული საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია. ის ნამდვილი გმირია!“, - წერს მიხაილ როთი. იპნ
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა. „ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახარია. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. თუმცა როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა შემდგარიყო. როგორც ხაზარაძე „ფეისბუკ“ პოსტში აღნიშნავდა, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა, თუმცა დღეს პირდაპირი აუდიენცია ვერ ხერხდებოდა. ამასთან, როგორც „ლელოში“ აცხადებდნენ, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პრეზიდენტს სადილზე დღეს აღარ ეწვეოდნენ. იპნ
-
Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართულ-სომხური მედია Aliq Media-ს დამფუძნებელ არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ. ხარატიანი წარსულში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველიც იყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარატიანს საქართველოში შემოსვლის პრობლემა მეორედ შეექმნა. საქართველოში ის ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა. ხარატიანი 4 საათის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყო დაყოვნებული. ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი. დაკავების და ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი მისთვის არ აუხსნიათ. რამდენიმე დღით ადრე არსენ ხარატიანი თბილისში სომხეთიდან მოდიოდა, როცა აეროპორტში 2 საათით დააყოვნეს, შემდეგ კი ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა მისცეს. მას შემდეგ ხარატიანმა საქართველო დატოვა, კიდევ ერთხელ დაბრუნების უფლება კი აღარ მიეცა. ამ დროის ინფორმაციით, Aliq Media-ს დამფუძნებელი საქართველოდან სტამბოლში გაგზავნეს. მოგვიანებით თავად არსენ ხარატიანმა „ფეისბუქზე” დაწერა, რომ მისი დეპორტაცია, ანუ საქართველოში შესვლაზე უარი პოლიტიკურია. -
პარლამენტში, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტში, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის გახსნისას განაცხადა, დიდი ალბათობით, დღევანდელი პლენარული სხდომა ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაა და პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება. პაპუაშვილმა აქცენტი რეგლამენტის იმ ჩანაწერზე გააკეთა, რომლის გათვალისწინებით, არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. პაპუაშვილმა იმ ოპოზიციონერი დეპუტატების სია წაიკითხა, ვინც პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. იპნ -
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ“, - წერს ჯიმ რიში X-ზე. ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ipn