Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის „ქართული ქარტის“ ხელმოწერით პარტია კომპრომისზე წავიდა, მას შემდეგ, რაც „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, „ფორმულაზე“ ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც „ქართული ოცნება“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტის ქარტიაც პასუხობს, რომელიც არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვისზეც „ძლიერ საქართველოსთან“ ვერ შემდგარმა გაერთიანებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა, ქარტიაზე ხელმოწერა პოზიტიური უკუგება იყო. „ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებას არ მივცემთ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოვუშვებთ მთავრობაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო დიდი გაერთიანება მომხდარიყო შუაში, რომელიც ბუნებრივი ხმებით და მანდატებით უზრუნველყოფდა ამ მანდატს. რადგან ეს არ მოხდა, ამიტომ ჩვენ წავედით პოლიტიკურ კომპრომისზე და მოვაწერთ ხელი [ქარტიას], რომელიც აბსოლუტურად პასუხობს იმ მთავარ პოლიტიკურ ხაზს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 23 სექტემბერს პარტიამ „გახარია — საქართველოსთვის“ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“. ამ დრომდე, „გირჩთან“ ერთად, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რჩებოდა იმ ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის ქარტიაზე ხელი არ მოუწერიათ. სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა იმ ნაბიჯების გეგმა, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან. „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების, მათ შორის რუსული კანონის გაუქმებას; 2024 წლის პროტესტის მონაწილე დემონსტრანტების ამნისტიას; მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის (ე.წ. ვეტინგის) ამოქმედებას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ძალოვანი უწყებებისა და მარეგულირებელი ორგანოების რეფორმას. ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რომ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეასრულებენ და ჩაატარებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან, დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები გაერთიანებაზე პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობდა და შეთანხმების გარეშე დასრულდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების სამდღიანი მოლაპარაკებებისას მხარეები 9 პუნქტზე შეთანხმდნენ. გიორგი გახარიას პირობა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად იყო ნეიტრალური პლატფორმა, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტული პრინციპი და კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთანა“. ხაზარაძე ასაჯაროებს 9 პუნქტს, რომელზეც, მისი თქმით, გახარიასთან შეთანხმდა გახარია ასახელებს 3 პირობას ხაზარაძესთან შეთანხმებისთვის „ქართული ქარტია“ — რას სთავაზობს პრეზიდენტი პარტიებს ნეტგაზეთი
  2. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ორი ახალგაზრდა, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა. ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა წარმოადგინეს. მათი განცხადებით, პირად თავდებობაზე ხელმომწერთა სიაში არის 66 ადამიანი, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, ყოფილი ომბუდსმენი. დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა ბრალდების მხარემ. მოსამართლის განმარტებით, არ გამოვლენილა ახალი გარემოება, რაც გავლენას მოახდენდა აღკვეთი ღონისძიების გადახედვაზე, ამიტომ საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილის პატიმრობა ძალაში დარჩა. მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად). ეს ნაწილი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. publika
  3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა (მგზავრებისთვის) და ,,Yandex Pro” -ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, განცხადების თანახმად, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის „IP Address“-ი, შესაბამისად, სახეზეა „IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, კომპანია დაჯარიმდა 4 000 ლარით და ამასთან, დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა (მგზავრებისთვის) და ,,Yandex Pro” -ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით. შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/„IP Address“-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  4. 8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში “ წარდგება. ასევე, ჯოზეფ ბორელი მოლდოვის შესახებაც ისაუბრებს და მოხსენებას, სახელწოდებით „მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ მოლდოვის მდგრადობის გაძლიერება“, წარადგენს. ასევე, დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტის სესიაზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევების შესახებ გამართული დებატების შემდეგ ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ. ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან დაიწყება. ipn
  5. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო. ipn
  6. გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა. ინფორმაცია „პუბლიკას” გახარიას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა. გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ უერთდებიან ქარტიაში წარმოდგენილი რეფორმების ნაწილს, ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე კი განსხვავებული აზრი ჰქონდათ. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის“ ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება 26 მაისს შესთავაზა. ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ჩაატარებს მას თავისუფალ გარემოში. პრეზიდენტმა თქვა, ოქტომბრის არჩევნები არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ სახალხო რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას. პუბლიკა
  7. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე. TI-ის ცნობით, მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში თიგიშვილს 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს. ორგანიზაციის მიხედვით, მიხეილ თიგიშვილის მეუღლემ, ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია “დეენკა პრომაინინგი” 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ” ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა. ამ ლიცენზიით კომპანიამ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება მიიღო. TI აღნიშნავს, რომ ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყალზე მოწყობილ ხიდის საძირკვლებს/საყრდენ ბურჯებს საფუძველი გამოეცალა და ასევე საფრთხე შეექმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებს. TI წერს, რომ თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის შერჩეული კომპანია -“ასი გრუპ ჯორჯია”. ამ კომპანიის 20%-იან წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს. მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, კომპანიას დაევალა 1 117 450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაწია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვალდებულება არც ამჟამადაა შესრულებული. “ასი გრუპ ჯორჯია”, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია “ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიასთან”, რომლის დირექტორიც დურმიშხან თიგიშვილია, 100% წილის მესაკუთრე კი ეგვიპტის მოქალაქე – ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილი. კანდილი, ცესკოს მონაცემებით, სწორედ თიგიშვილების მისამართზეა რეგისტრირებული. TI-ის ცნობით, “ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ” 2022 წელს, აუქციონზე, უკონკურენტოდ (ერთი ბიჯით) წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი “მედეა” თითქმის 6 მილიონ ლარად შეიძინა. კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ 14-წლიანი ლიცენზია მისცა “ფორვარდ მაინინგია”. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 42,5% წილის მფლობელი ილია ცანავა მიხეილ თიგიშვილის შვილის, დურმიშხან თიგიშვილის ბიზნესპარტნიორია შპს “აიდი გლობალში“. პუბლიკა
  8. „თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება. „თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. იპნ
  9. 91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე შაჰნაზარი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებს თარგმანებს სომხური, აფხაზი და ოსური ენებიდან. მიღებული აქვს სომეხი პოეტის, ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები. 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. არის ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი. ნეტგაზეთი
  10. საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა. თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება. იპნ
  11. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს, - ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს. იპნ
  12. თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკმარისად ძლიერი სარაკეტო პროგრამა უკრაინისთვის და პარტნიორებმა უკვე მისცეს სიტყვიერი თანხმობა მის დაფინანსებაზე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა, სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, წერილობით დადასტურებებსაც უახლოეს მომავალში ელის. „ჩვენ უკვე გავაცანით ეს პროგრამა პარტნიორებს და ველოდებით ამ შესაძლებლობიდან (რა რაკეტების და დრონების ან რაკეტა-დრონების აწყობა შეგვიძლია) რამდენს დაუჭერენ ისინი მხარს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. რაც შეეხება რაკეტების წარმოების მასშტაბებს, მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სარაკეტო პროგრამა მოცულობით ახლოს იყოს დრონების პროგრამასთან. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სარაკეტო პროგრამა აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა. იპნ
  13. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი - დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა - რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ოცნება“ ნიადაგს ამზადებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის. „დაწყებული აქვთ კომპლექსური პროცესი რომ: დასავლეთს დააბრალონ დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა - რომ გადაფარონ რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში; ძალადობრივ და უსამართლო წინასაარჩევნო გარემოში დამნაშავედ გამოაცხადონ დასავლეთი, დამკვირვებლები და ოპოზიცია - რომ გადაფარონ „ოცნების“ ბრალეულობა ძალადობრივი და უსამართლო გარემოს შექმნაში; ამ მიზნით, პარტიას შეთავსებული აქვს ანტიკორუფციული სააგენტოს და ცესკოს ფუნქციები და ყოველკვირეულ რეჟიმში საზოგადოებას კვებავს ტყუილებით - ავრცელებს ინფორმაციას უცხოელების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ოპოზიციის მხრიდან „დარღვევებზე“, რომელთა უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო საარჩევნო კოდექსის დარღვევასთან. ამ პროცესმა ძალიან ნათლად გამოკვეთა ანტიკორუფციული ბიუროს და ცესკოს, როგორც „ოცნების“ ინსტრუმენტების, როლი. არჩევნებამდე დარჩენილ დროში ყველაფერს გავაკეთებ ამ მხრივ „ოცნების“ ტყუილების გამოსააშკარავებლად“, - წერს ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“. იპნ
  14. IDFI-ის განცხადებით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ორგანიზაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია, საიდანაც 30 000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. კვლევის თანახმად, რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20 885-ს აქვს – IDFI-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, მათგან 8.1% კი რუსეთთან არის დაკავშირებული. მათი ცნობით, რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ მათივე ცნობით, ორმაგი მოქალაქეების გარდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების 6%-ის (2,041 კომპანია) თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე – ხოლო რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34 857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი (მფლობელი არ არის ორმაგი მოქალაქე ან თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე). კვლევის ფარგლებში დამატებით გადამოწმდა რამდენად დიდია აღნიშნულ კომპანიების დამფუძნებელ რუსეთის მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველების წილი. IDFI-ს შეფასებით ამ კომპანიებიდან მხოლოდ 4%-ის ( 1,209 კომპანია) დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქის გვარი არის ქართული წარმომავლობის. IDFI-ში აღნიშნავენ, რომ რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული. პუბლიკა
  15. პროფესორი დიმიტრი შველიძე აჩერებს მუშაობას უახლესი ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე, რომლის რედაქტორიც „ქართული ოცნების” წევრი და რუსული კანონის მხარდამჭერი გიორგი სოსიაშვილია. სახელმძღვანელო, რომლის შედგენაც კონკურსის გარეშე გადაწყდა, საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ სხვა წიგნებით სკოლებში აღარ ასწავლიან. მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე მუშაობდნენ. დღეს, 22 სექტემბერს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ დაწერა, რომ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას აჩერებს „სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი – გაგრძელდება თუ არა სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები”. როგორც ისტორიკოსი ამბობს, მე-12 კლასის ე. წ. „სასწავლო რესურსზე“, რაშიც იგულისხმება სასწავლო საგანი: „საქართველოს XX-XXI საუკუნეების ისტორია” – მუშაობა 2024 წლის ზაფხულში დაიწყო. მისივე განცხადებით:
  16. უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთი მებრძოლების მიწოდებაზე, როგორიცაა Gripen-ი და Eurofighter-ი, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება ჩვენი პარტნიორებისგან F-16-ებზე, გვაძლევენ ვალდებულებას Mirage-ებზე, კონსულტაციები მიმდინარეობს Gripen-ზე და Eurofighter-ზე, ანუ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმების სია და ჩვენ განვიხილავთ, როდის დაიწყება ისინი“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა უახლოეს მომავალში უკრაინა მიიღებს შედეგებს ამ მოლაპარაკებებიდან, რაზეც საუბარი შესაძლებელი იქნება. იპნ
  17. თბილისში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პუბლიკას მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ უთხრა. სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აფგანი უკანონო პატიმრობაშია და მისი უფლებები ილახება. ვშიშობ, თუ შიმშილობას გააგრძელებს, აფგანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – ამბობს სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი მისი საჩივარი განუხილველი დატოვა. სადიგოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისი 3 აგვისტოს დააკავეს. უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა. სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება. დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს. ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს. 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო. 2021 წელს პატიმრობის ვადა სადიგოვს უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. publika
  18. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. “ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა,” – აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცნობით, ჯგუფური ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იძულების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს და მის ოჯახის წევრს წარედგინათ ბრალდებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. NETGAZETI
  19. "ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი კომპრომისი იყო გაკეთებული, იმიტომ, რომ საქართველო არის უპირატესი და არა ნებისმიერი პარტია." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/415355401198957/
  20. "ჩვენ ვთქვით, კოალიცია არ შევუქმნათ არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე მათი თანხმობა არ იყო." ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/366439519897247/
  21. "ჩვენ რისი დათმობაც შეგვეძლო, რა კომპრომისებზე წასვლაც შეგვეძლო, წავედით. ამ თემის და ურთიერთბრალდებების გაგრძელება ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად აწყობს “ოცნებას”. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1772697070201954/
  22. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, შევქმენით იმისი შესაძლებლობა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ნიადაგი მოვამზადოთ შემდგომი თანმაშრომლობისთვის, არჩევნებია დასაცავი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1897299590792470/
  23. ახალარჩეულ ევროპარლამენტში პლენარული სესიის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ისაუბრებს. „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“ – ასე ჰქვია ბორელის მოხსენებას. ნეტგაზეთის ინფორმაციით, განიხილება ამავე საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებაც. ამავე სხდომაზე ჯოზეფ ბორელს მოხსენება ექნება მოლდოვაზეც – „მოლდოვის მედეგობის გაძლიერება რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. ევროპარლამენტი ევროკავშირის ის ინსტიტუციაა, სადაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდნენ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის რუსულ კანონზე, და არაერთი კრიტიკული რეზოლუციაც მიუღიათ. კრიტიკის საპასუხოდ მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ ჰქონდა, მათ კრიტიკოს ევროპარლამენტარებს კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას აბრალებდნენ. ზოგიერთი კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარი კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განსაკუთრებული სამიზნე იყო. ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი „ქართულ ოცნებაში“ აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ მათ აკრიტიკებდნენ „წარმავალი“ ევროპელი დეპუტატები. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აპრილის ბოლოს მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას „წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა“ უწოდა. თუმცა ახალარჩეულ ევროპარლამენტში იმ დეპუტატების უმრავლესობამ, რომლებიც „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, მანდატები ისევ მიიღო. ნეტგაზეთი
  24. რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდბეულ ბექა ჯაიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი პროცესი 7 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება. პროკურატურის თანახმად, 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე „ნიკორას“ ფირმის მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა. ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით, ჩქარი ნაბიჯით დატოვა, ავთანდილის ქუჩიდან ვეფხისტყაოსნის ქუჩის გავლით გავიდა მირიან მეფის და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ამავე ქუჩაზე მდებარე ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბ.ჯ. სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, რის შემდგომაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბ.ჯ.-სთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება – „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“, სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა
  25. არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს, - ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. კერძოდ, არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს 4 ქმედებას სთავაზობენ: ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტას; საკვანძო პირების სანქცირებას; საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის ფორმალურ გადახედვას; საჯარო დიპლომატიასა და კომუნიკაციას; „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების კრიტიკულად მნიშვნელოვან ტესტს წარმოადგენს. ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა სახიფათო პრეცედენტს შექმნის, როგორც საქართველოს მომავლისთვის, ისევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის. საქართველოს რუსეთთან უფრო ახლოს დაკავშირების შედეგების გადაჭარბება შეუძლებელია, მაშინ როდესაც ავტორიტარიზმი გლობალურად იზრდება. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს, რათა საქართველოში დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება დაიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, აღინიშნება, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტაში იგულისხმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ფარგლებში გამოყოფილი გრანტებისა და სესხების შეჩერება, და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა, როგორიცაა „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA). ევროპარლამენტარების თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დახმარებას შეზღუდვები არ უნდა შეეხოს, რათა „უზრუნველყოფილი იქნას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის გაგრძელება”. საკვანძო პირების წინააღმდეგ სანქციებში იგულისხმება მიზნობრივი სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც „პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრისთვის“. აღინიშნება, რომ სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, სავიზო აკრძალვებსა და სამოზავრო შეზღუდვებს. ევროპარლამენტარების აზრით, თუ არჩევნები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის ფორმალური გადახედვა უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ამ გადახედვამ უნდა შეაფასოს „თანხვედრაშია თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებთან, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვება“. ხელმომწერი ევროპარლამენტარები არიან: რიჰარდს კოლსი (ლატვია), ადრიან ვასკეს ლაზარა (ესპანეთი), ალექსანდრ ვონდრა (ჩეხეთი), ანა ზალევსკა (პოლონეთი), აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა), დაინიუს ჟალიმასი (ლიეტუვა), დიეგო სოლიერი (ესპანეთი), ჰენრიკ დალი (დანია), ივარს ლიაბსი (ლატვია), იააკ მადისონი (ესტონეთი), იაროსლავ ბჟოჰი (ჩეხეთი), იონას სიოსტედტი (შვედეთი), კშიშტოფ ბრეიზა (პოლონეთი), მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი (გერმანია), მარკვეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), მატეი ტონინი (სლოვენია), მერია კილონენი (ფინეთი), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), ნორა ჰუნკო გარსია (ესპანეთი), ონრეი კრუტილეკი (ჩეხეთი), პეტრას აუშტრევიჩუსი (ლიეტუვა), რასა იუკნევიჩიენი (ლიეტუვა), რეინის პოზნაკსი (ლატვია), რიჰო ტერასი (ესტონეთი), რობერტს ზილე (ლატვია), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი), სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა (ხორვატია), ტობიაშ ბოჰენსკი (პოლონეთი) და ვირგინიუს სინკევიჩუსი (ლიეტუვა). იპნ
×
×
  • შექმენი...