-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ. მისივე შეფასებით, მმართველი პარტია უკვე ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს. „ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი წინასაარჩევნოდ ჩადენილ დანაშაულებს ეძღვნება. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული, იმიტომ, რომ მსგავს დანაშაულებს დამარცხებული ხელისუფლებები ჩადიან, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და ზუსტად იმ პოლიტიკური პარტიის მისამართით, ვინც მთავარ მეტოქედ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიაჩნიათ. გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა. „ქართული ოცნება“ იქამდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენებს. ესენი გახლავთ დავით დვალი, რომელიც არის კალაძის მძღოლის შვილი და დავით არჩვაძე - ახალგაზრდულის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, ეს არის შედეგი დაუსჯელობის. 10 დღეზე მეტია გასული, რაც ამაღლების ქუჩის დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და არანაირი რეაგირება არ ყოფილა. უმოქმედობას კონკრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც. ქსანში ჩვენი გუნდის წევრ, ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი, გია ჯიქია მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც „ქართულმა ოცნებამ“ არასრულწლოვანი გამოიყენა. სენაკში სკოლის დირექტორის, შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა, 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა მისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა. ვანში პოლიციის უფროსის მიერ ჩვენი გუნდის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ნაცვლად, ჩვენი გუნდის წევრ გიორგი სვანაძის მიმართ ადევნება და თვალთვალი გრძელდება. დღემდე საგამოძიებო ორგანოებში შეტანილ, არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა, რაც გზას უხსნის წინასაარჩევნო კვირაში კიდევ უფრო მეტ ძალადობას. მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას რეაგირებისკენ. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი და ამ არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა არავის ეპატიება. პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
-
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ქვეყნის ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. ევროპელი მინისტრების განცხადებით, ახლა არჩევანი ქართველებზეა და საქართველოს მომავალი მათ ხელშია. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ჰაჯა ლაბიბი ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი ანა ლიურმანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში მარი ბიერი დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიმონას შატუნასი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში ქსავიე ბეტელი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ინეშ დომინგოსი პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში იოაკიმ სტრანდი ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იესიკა როსენკრანცი შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორაკი ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი ნეტგაზეთი
-
თოლორაია: პირადობების ჩამორთმევას შეუძლებელია ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს გავრცელებული ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არსებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მისი მიზანი სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბებაა. ამასთან, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების და გამოყენების ფაქტები. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ფლობენ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უწყებები. ის მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, მედიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების, ხელყოფის არაერთი ფაქტის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განმარტება რეაგირების, ჩატარებული შემოწმების და გამოძიების შესახებ. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა ისიც, რომ აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, მათ შორის საჯარო სამსახურებში, თითქოს ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემა ფარული არ არის – მისი თქმით, ეს სიცრუეა და მსგავსი სიცრუის ტირაჟირება შედის მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში და არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისია ,,ჩემი ხმის“ სადამკვირვებლო საქმიანობას, ჯამში დამკვირვებლად რეგისტრაცია 4200 მოქალაქემ გაიარა და შერჩევის შედეგად არჩევნებს 2 000 ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება. პუბლიკა -
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება. იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს. დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა. „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობით ახორციელებს. „ქართული ოცნების" უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტით გადაყენებას მეორედ ცდილობს. პროცესის ბოლომდე მისაყვანად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იპნ
-
უცხოური მედია თბილისში გამართულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმაურება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროევროპული აქცია გამართა, აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, - ასე ეხმაურება სააგენტო „ფრანს-პრესი“ თბილისში გამართულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. გამოცემა წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა ქვეყნის დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის. „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, საკმარის ხმებს მოიპოვებენ, რათა ჩამოაყალიბონ კოალიციური მთავრობა და ჩაანაცვლონ მმართველი პარტია, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. ანალიტიკოსებმა არეულობის რისკზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ შეეცდება შეინარჩუნოს ძალაუფლება კენჭისყრის შედეგის მიუხედავად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ფრანს-პრესი“ წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის და თავდაპირველად ლიბერალურ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კურსი შეიცვალა და მას მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ. „საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის აქციაზე ევროკავშირის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა“, - ამ სათაურის სტატიით ეხმაურება სააგენტო Reuters-ი თბილისში გამართულ მარშს. „26 ოქტომბრის არჩევნები ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება თუ პროდასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებში გახვეული ქართველები კვირას თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ ოთხი მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომლებიც მომავალ შაბათ-კვირას იყრიან კენჭს“, - წერს გამოცემა. Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ შარშან ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი მიიღო, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ ის რუსეთისკენ ტრიალდება. გამოცემა წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქციაზე საუბრისას უცნობმა პირებმა სახეზე ლაზერები მიანათეს ახლომდებარე შენობის სახურავიდან, რითაც აშკარად ცდილობდნენ, მისი ყურადღება გაეფანტათ. იპნ -
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია მამაკაცი. მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. იპნ
-
“ჩვენ ერთად შევალთ EU-ში” – ზურაბიშვილის მიმართვა ზელენსკისა და სანდუს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
“ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს. ზურაბიშვილი შეუერთდა აქციას “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას მან მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს და უთხრა, რომ საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირში. მან მიმართა როგორც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს, ისე ქვეყნის პარტნიორებს ევროკავშირსა და აშშ-ში. “მე მინდა აქედან მივმართო მაია სანდუს: მაია, იმედი მაქვს დღეს იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში. მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს. ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ როცა შევალთ ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ. და შევალთ ევროპაში. არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე “თუ”, ან “რომ”. ყველაფერი ნათელია. აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. აქციას – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეები თბილისის 5 სხვადასხვა ადგილიდან მარშით გაემართნენ თავისუფლების მოედნისკენ, რათა 26 ოქტომბრის არჩევნემადე კიდევ ერთხელ დაეჭირათ მხარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. პარალელურად, დღეს, 20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი. რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, განესაზღვრათ თუ არა კონსტიტუციით მოლდოვის საგარეო პოლიტიკური კურსის მიზნად ევროკავშრის წევრობა. მოქმედი პრეზიდენტის, პროევროპელი მაია სანდუს კონკურენტებს შორის არიან პრორუსი კანდიდატებიც. ნეტგაზეთი -
ჯავახეთში ბოსტნეულის რეალიზაციის პრობლემაა - სოფიო ხორგუანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
Play Video ჯავახეთში ფერმერები კარტოფილს ვერ ყიდიან. ბოსტნეულის მოყვანა რეგიონის მოსახლეობისთვის თავის რჩენის ერთ-ერთი მთავარი გზაა - სწორედ ათასობით ადგილობრივის პრობლემა იყო პარტია “გახარია საქართველოსთვის” რეგიონული ლიდერის ბრიფინგის მთავარი თემა. სოფიო ხორგუანი ამბობს, რომ გლეხები თანახმა არიან, კილოგრამი ბოსტნეული თვითღირებულების ფასად, 30 თეთრად გაყიდონ, თუმცა მყიდველს ამ პირობითაც ვერ პოულობენ. ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ჯავახეთის პრობლემას ხელისუფლება არ იმჩნევს. ხორგუანი მთავრობას მოუწოდებს, რომ ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში დაეხმარონ. ის ხელისუფლებას სთავაზობს, რომ თავდაცვის და შსს სამინისტრომ არ შეიძინოს იმპორტირებული ბოსტნეული და კარტოფილი ფერმერებისგან იყიდონ. ხორგუანის თქმით, ამ საკითხებზე საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიისას სოფლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებს სუს-იდან უკავშირდებიან და საუბრის დეტალებით ინტერესდებიან. tv9news.ge -
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, ის საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის, ასევე კიდევ აღნიშნა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“. „მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების მეორე მიზეზი, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რომელიც დღეს არის გაყინული, მაგრამ ისიც დამიდასტურა, რომ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რათა საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. იპნ
-
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია, თემაზე - „ტყის ეკოსისტემები". აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ბმულზე http://surl.li/ujihcw იპნ
-
დიპლომატიური ენიდან გამოვიდა ეს ხალხი და პირდაპირ თქვეს, რომ ამ მთავრობით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, რომ დღეს გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, რომ ეს მთავრობა ევროკავშირს საქართველოს მტრად მიიჩნევს და ევროკავშირი საქართველოს მტერი არ არის - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროპელი პარტნიორების მიერ გაჟღერებული განცხადებების თაობაზე განაცხადა. იხილეთ სრულად: https://palitranews.ge/video/248236-giorgi-gaxaria-evropeli-partniorebis-gancxadebebze-diplomatiuri-enidan-gamovida-es-xalxi-da-pirdapir-tkves-rom-am-mtavrobit-evrokavshirshi-ver-shexvalt-kartulma-ocnebam-qvela-xidi-dacva/
-
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი გმირთა მოედანი 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) მარჯანიშვილის მოედანი ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფი ყველა LOUDSPEAKERS ნიაზ დიასამიძე გამოუვალი მდგომარეობა ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი აქცია საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. „ქართული ოცნების” მიერ რუსული და ცენზურის დამწესებელი კანონების მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ნეტგაზეთი -
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.ამ პროცესში ოთხი სხვადასხვა პარტიაა ჩართული მათ შორის,გახარიას პარტია „საქართველოსთვის“რომლის წარმომადგენელები მოსახლეობასთან შეხვედრას აქტიურად განაგრძობენ. პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთში ნინოწმინდასა და ახალქალაქში,აქტიურ შეხვედრებს მართავს ამომრჩევლებთან.მასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრებში მონაწილეობს ნარინე გინოსიანი,რომელიც ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატია და პარტია ,,საქართველოსთვის” პროპორციულ სიაში 55-ე ნომრად არის წარმოდგენილი. პარტიის ,,საქართველოსთვის”მთავარი ფოკუსია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ყურადღება ექცევა განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდების დასაქმებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას.ადგილობრივებმა პირადად გაუზიარეს ხორგუანსა და გინოსიანს თავიანთი პრობლემები და მოსაზრებები, რაც დაკავშირებულია სოციალურ დახმარებასთან და ეკონომიკურ სირთულეებთან. პარტია „საქართველოსთვის“ გუნდი კიდევ რამდენიმე შეხვედრას გეგმავს ნინოწმინდასა და ახალქალაქში, რათა უფრო მეტი ამომრჩეველი ჩართოს არჩევნების პროცესში და გააცნოს მათ პარტიის ხედვები. ვრცლად აუდიომასალაში რადიო NOR-თან;პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი. ka.nor.ge
-
საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შედის, თავისი ისტორიის გარდამტეხ მომენტშია, შესაძლებლობისა და საფრთხის ზღვარზეა. სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებს განიცდის, რაც დიდწილად რუსული გავლენის ცვალებადი დინამიკით არის გამოწვეული. ამასობაში, საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება. ამ ცვლილებებმა რეგიონული აქტორებისთვის და მათი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და რისკები შექმნა“, - ნათქვამია ანგარიშში. ჰელსინკის კომისია წერს, რომ „საქართველოში რთული ვითარებაა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველო განიხილებოდა, როგორც პროდასავლური საიმედო მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებით. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური პოზიცია მიიღო“. „ეს ცვლილება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების დარბევით და რუსეთთან მჭიდრო კავშირებით აღინიშნა. ხელისუფლების აღნიშნული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპული და პრო-ნატო რჩება, რაც მთავრობასა და ხალხს შორის მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას ქმნის. ეს ყველაზე თვალსაჩინო 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მრავალთვიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს გახდა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო და პროტესტის ნიშნად ქუჩებში 300 000-მდე ქართველი გამოვიდა“, - აღნიშნულია ანგარიშში. კომისია აცხადებს, რომ „ეს სიტუაცია რეგიონში ფუნდამენტურ არასტაბილურობას ქმნის, სადაც რუსეთი გარნიზონების განლაგებას აგრძელებს, (თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად იგი შემცირებულია) ღიად ანტიდასავლური და რუსეთის მიმართ სულ უფრო და უფრო მეგობრული მთავრობით, რომელიც მოსახლეობას ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“. იპნ
-
„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს. „ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ესენი არიან „ოცნების“ დეპუტატები, ზონდერები და აქტივი. ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ. ისინი ატყუებენ მოხელეებს, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და თითქოს, „ოცნებას“ შეუძლია გაიგოს ვინ-ვის გააფერადებს. მოხელეებს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს ეუბნებიან, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ. სქემა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და კახეთს მაგალითზე გავაკეთეთ, ამ სქემების წარმოდგენას ვაგრძელებთ და არჩევნებამდე გაჩვენებთ. აქ არიან „ოცნების“ ე.წ. დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები. მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე - მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მათ მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ. ხუნდაძის გარდა, რამდენიმე ზონდერია, მაგალითად, გია ჯიქია ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარია. გახსოვთ ალბათ, ლია ყოჩიშვილზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მანქანას აჯახებდნენ, იქ იმყოფებოდა გია ჯიქია. აჭარის მაგალითი ძალიან შთამბეჭდავია, დაკომპლექტებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერებით, რომლებიც „ოცნებამ“ გადმოიბარა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობებში. კახეთი გურამ მაჭარაშვილს აბარია - „ხალხის ძალადან“, აქაც ნათესაური კავშირების სქემაა წარმოდგენილი. ვანში, ჩვენი შტაბის უფროსის, გიორგი სვანაძის მიმართ პოლიციის უფროსის მხრიდან მუქარა განხორციელდა, რომ არჩევნების შემდეგ მას გაუსწორდებოდა, თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტდა. პოლიციის უფროსი ირაკლი ლორთქიფანიძე გახლავთ, აღნიშნულზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მივმართეთ. ამასთან, მესტიის „ქეისზე“ გვაქვს ცესკო-ში საჩივარი შეტანილი, შორენა გვარლიანს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, ეს ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ხდება რეგიონებში. ერთდროულად ორი თანამდებობა უკავია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
-
"ოცნებას" უნდა უპრობლემოდ იმოგზაუროს ევროკავშირის სახელმწიფოებში და ევროკავშირმა მიიღოს ისეთი, როგორებიც არიან: კორუმპირებულები, ქრონიზმითა და ნეპოტიზმით სავსეები. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/562399126318461/
-
ჰელსინკის კომისია თავის უახლეს ანგარიშში აშს-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის გადახრა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის. “საქართველოს მთავრობის გადახრა პრორუსული პოზიციისკენ, და მზარდი არალიბერალური შიდა პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განახლება. ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიღებენ ორმაგი სტრატეგიის მიღებას – მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას და დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების შემთხვევაში, დასავლეთში ინტეგრაციისთვის დამატებითი მექანიზმების მინიჭებას. ნეტგაზეთი
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს. როგორც გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა. „ჩვენი მთავარი პოლიტიკური ხაზი არის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი მთავრობა, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი, რომლის მთავარი მანდატი უახლოესი წლების განმავლობაში იქნება ის, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გახსნას. სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მსგავსი ამოცანის მისაღწევად. თვითონ ეს პროცესი, ქარტიიდან დაწყებული და პატრონაჟი, რომელსაც ის უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვას, ის რესურსი, რომელიც მან ამ პროცესში დააგროვა ბოლო რამდენიმე წლის განმავალობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში გამოსაყენებელია“, - განაცხადა გახარიამ. კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას, გახარიამ განაცხადა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია. „ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია. საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ზუსტად წელიწად-ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ესაა. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
-
საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დებულებებს. „ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ ეს სიტყვები. საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს. თქვენ წყვეტთ“, - წერს ფიშერი. ცნობისთვის, ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, თავის გუშინდელ გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ ის „კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და აღნიშნავს, რომ „მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს”. იპნ
-
აფხაზეთი ე.წ. საზღვარს 23-30 ოქტომბრისთვის ჩაკეტავს – სოხუმი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების მცდელობებით”. ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა მოიწონეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება ენგურის საგუშაგოზე გადასვლის შეჩერების შესახებ, თუმცა დაწესდა გარკვეული გამონაკლისები: “უკან დაბრუნება შეეძლებათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც ადრე ლეგალურად გადავიდნენ საქართველოში. ასევე, მოიაზრება ენერგეტიკული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება (“ჩერნომორენერგოს” მეშვეობით)”. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაავალა მუშაობის გაძლიერება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს. ოსური მედიის ცნობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] ე.წ. საზღვრებს დაკეტავს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს ცხინვალში, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა. “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოქტომბერში “რაზდახანსა” და “პერევში” სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების ფუნქციონირების გამარტივებული წესით შეჩერების შესახებ”, – იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ნეტგაზეთი -
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. მათი ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით: წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910- ია. ცესკოს ცნობით, ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი, 29 277 -ჯერ. „მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 4-მა პარტიამ და 2-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით“, – აცხადებენ ცესკოში. ნეტგაზეთი -
საიამ გრძელვადიანი სადამკვრვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს. საიას ცნობით, საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩვნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები. მათი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაეფართოვებინა საკუთარი მანდატი და გაევრცელებინა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბიუროს მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია. ასევე, საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა: – „წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლების შექმნის 2 ფაქტი. – ფიზიკური ძალადობის – 4, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სააგიტაციო მასალის დაზიანების 2 შემთხვევა. ასევე, თვითნებური დაკავების 1 ფაქტი. მათ უმეტესობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება, რაც ეფექტიან გამოძიებასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატებოდეს. ასევე, პრობლემური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. საიამ შესაძლო მოსყიდვის 1 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 სავარაუდო ფაქტი აღრიცხა. ზოგ შემთხვევაში იშლებოდა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რასაც მმართველი პარტია ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციისთვის იყენებდა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების 3 შემთხვევა. საიამ საანგარიშო პერიოდში უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2 გადაწყვეტილება. მათგან ერთი შეეხებოდა საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის გამოყენებას, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პოლიტიკური რეკლამების სატელევიზიო სივრცეში განთავსების აკრძალვას. ორგანიზაციის აზრით პრობლემური იყო როგორც ნორმების ინტერპრეტაცია, ასევე ფაქტების გამოკვლევისას გამოვლენილი ზედაპირულობა“. საია ასევე აწარმოებს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს. „მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 148-ჯერ. 43 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიას, განახორციელოს წინასაარჩვნო პროცესების ეფექტიანი მონიტორინგი. აგრეთვე, 18 ოქტომბერს საია აკვირდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა წილისყრის პროცედურებს თბილისსა და რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის გამართვის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას ეცნობა 17 ოქტომბერს, 20:27 წუთზე, რამაც არსებითად გაართულა პროცესზე დაკვირვება. მიუხედავად მჭიდრო ვადებისა, საიამ შეძლო 20 უბანზე დაკვირვება, თუმცა ამ უბნებიდან დაახლოებით 30%-ზე წილისყრის პროცედურების ჩატარების ცესკოს მიერ მითითებულ დრომდე დაიწყო და ზოგ შემთხვევაში, დასრულდა კიდეც. შესაბამისად, ორგანიზაციას არ მიეცა პროცესზე ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობა. საია ასევე ეხმიანება სხვადასხვა მედია-საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შესაძლო საარჩევნო მიზნებისთვის ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლას და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ ეს შემთხვევები და განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები. საია განუმარტვას მოქალაქეებს, რომ მათი ხმა ფარულია და პირადი მონაცემების აღირცხვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მათი არჩევანის იდენტიფიცირება კენჭისყრის დღეს“, – აღნიშნულია საიას ინფორმაციაში. საიას ბრიფინგის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ქურდოვანიძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობა. „დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც წარადგინა შუალედური ანგარიში და გამოეხმაურა ანტიკორუფციული კომისიის ბიუროს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნების მატარებელ სუბიექტებად კონკრეტული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დადგენას და ამას კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისევე როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიების მხრიდან „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდორგოლის არგაშვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენას. გარდა იმისა, რომ ორივე საკითხთან მიმართებში იმსჯელა სასამართლომ და დაადასტურა კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორე, ყველასთვის ნათელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „აირჩიე ევროპის“ წარმოამდგენლები უშუალოდ იყვნენ და არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სხვა რომ არაფერი მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატებად პარტიულ სიებში და დადგენილია მათი მხრიდან პარტიების სასარგბელოდ განხორციელებული არაერთი შემოწირულობა. ამიტომ, მსგავსი განცხადებების გაკეთება, იმის ფონზე, რომ კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას. შესაბამისად, მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე – ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება“, – თქვა მიქანაძემ. პუბლიკა
-
პროკურატურის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი. პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები. ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ქოლცენტრის თანამშრომლები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას, რეალურად კი, დაზარალებულთა მიერ ინვესტიციისათვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას. ამ ფორმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს. საზღვარგარეთ ფიქციური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და კრიპტოსაფულეებზე აკუმულირებული, უკანონოდ მოპოვებული ზემოაღნიშნული აქტივებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მრავალჯერადი ტრანზაქციებით და ფიქციური დანიშნულებებით რიცხავდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის კონტროლირებად სხვადასხვა საბანკო და კრიპტო ანგარიშებზე, მათ შორის საქართველოში. დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვის შემდგომ კი ახდენდნენ მათ ინვესტირებას უძრავ-მოძრავ ქონებაში. გამოძიების მიერ, მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა დაახლოებით მილიონ-ნახევარი ამერიკული დოლარისა და ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით. ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ჯამში 240 000 ამერიკული დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა, 400 000 დოლარამდე ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები. ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის საბანკო სეიფის ჩხრეკისას ამოღებულია 1 000 000 ამერიკული დოლარი. ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი წარმომავლობის მქონე ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 100 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა 40 მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, ყადაღადადებულია, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებზე, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საზოგადოებას მოუწოდებს, არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თაღლითური ქოლცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, როგორც ცხელი ხაზის – 2 405 222, ასევე საქართველოს პროკურატურის Facebook-ის, ვებგვერდის ან მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, რათა საზოგადოების ჩართულობით უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენა და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი ზომების გატარება. პუბლიკა