-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს. აღნიშნულ პროცესს აფხაზეთში ხმაური და დაპირისპირება ახლავს. ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს. საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა. 12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, „რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“. „აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს“, - განაცხადა ბჟანიამ. ipn
-
“ოცნების” წინა საარჩევნო კამპანია იყო ეროვნული ინტერესების ღალატი. ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და ჩვენი პოზიციაა, რომ ამის შეჩერებით არ დაზარალდეს ქართველი ხალხი და დაისაჯონ ისინი ვისაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივყავართ. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1834825223989027
-
პირველი ვინც თქვა, რომ ამ პარლამენტს არ მივცემთ ლეგიტიმაციას, იყო გიორგი გახარია და ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ. წინ არის ძალიან გრძელვადიანი პროცესები, რომლისთვისაც ვემზადებით და გვაქვს ჩვენი გეგმები. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/573073518591224
-
სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს. ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია, რიმელიც შემდგომში გადადის პრემიერი კობახიძის ხელში. ჩვენ ვერ შეგვიტყუებთ ამ თამაშში. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1753293375430808
-
თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1106858944402696
-
სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო. ipn
-
გამოდის, საგარეო სამინისტრო არ გვყავს – გახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა. გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ის, რაც ახლა ხდება და მოხდება 15-ში ოკუპირებულ აფხაზეთში, როცა კენჭი ეყრება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს ხალხი საერთოდ არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიური პროცესების თვალსაზრისით ოკუპირებულ აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთელი საქართველოს მოქალაქეებს და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია დღეს აკეთებს. „პირველი, ეს იყო ბოდიში, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია, როგორც საბაბი დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ, პრემიერის მიერ დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ ყველასთვის ნათელი იყო კამპანია, რომ ახალი მეორე ფრონტის გახსნას თურმე დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ მეგობრებო, თქვენ თუ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 78-ე მუხლი, რომელიც გაქვთ კონსტიტუციაში და ფაქტობრივად თქვენით აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ, თქვენი ხელისუფლება იყო, რომელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში, თქვენ დღეს გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას. ის, რასაც “ოცნება” ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღვწიან თურმე საქართველოში ომის დასაწყებად“, – აცხადებს გახარია. გიორგი გახარიას თქმით, ამ ყველაფრის შედეგად დღეს ოფიციალური რუსეთის ფედერაცია ითხოვს საქართველოსგან დელიმიტაციის დაწყებას ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს საზღვრების და ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება. „ოცნებამ“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია დღეს იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში იყენებენ“, – აცხადებს გიორგი გახარია. გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან. მისი თქმით, ერთადერთი, რაც „ოცნებას“ და ივანიშვილს გააჩნიათ, არის, რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ და რუსული შავი ფული აქ იშოვონ. „რა თქმა უნდა, ეს არის მათი მთავარი მიზანი და რუსეთის ფედერაციისთვის, მერწმუნეთ, კორუმპირებული, სუსტი და არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს , რომ ის პროცესები, რომლებიც უკვე დაიწყო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, როცა ფაქტობრივი ანექსია ისეთი ტემპით და ისეთი მძიმე ფორმებით მიდის, რომ აშკარაა, ეს ადამიანები ელოდებოდნენ არჩევნების დასრულებას, აშკარაა, რომ ისინი არიან უზომოდ უკმაყოფილოები, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო. ჩვენ როცა ვეკითხებოდით, ბოდიშის შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობას რისთვის ითხოვდა ივანიშვილი – აგვიხსენი, რისთვის გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხომ არ აპირებ სახელმწიფო მოწყობის რაიმე სახით ცვლილებას, ამაზე პასუხი დღეს ფაქტობრივად გაეცემა იმ ნაბიჯებით, რომელსაც ოფიციალურად გადადგამს რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 5-6 ნოემბერს ჟენევაში მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ გაიმართა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ემიგრაციაში მყოფი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.” რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ხელმძღვანელობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შერიგების სიგნალების პრაქტიკაში თარგმნას და კონკრეტულ ნაბიჯებით განვითარებას, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციის გზით“. რუსეთის დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა კვლავ “წამოჭრეს საკითხი დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანის შესახებ, რომელიც ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება, და მოითხოვეს ამ თემის არსებითი განხილვა. მანამდე გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იყო ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის განახლება. გარდა ამისა, დე ფაქტო უწყების განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში “აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ეროვნული პასპორტებით გადაადგილების თავისუფლებაზე.” ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2025 წლის მარტში განახლდება. ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია. ნეტგაზეთი -
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია. ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა. „ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი. სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“, — წერს ელჩი. უცნობია, რა სამხედრო პროექტები შეაჩერა გერმანიამ საქართველოში, გარდა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობისა. „ნეტგაზეთმა“ კითხვით მიმართა გერმანიის საელჩოს საქართველოში. პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება. მანამდე ცნობილი იყო, რომ: გერმანიის სამხედროებმა გააუქმეს მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“; გერმანიამ გააუქმა დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო; გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის საქართველოს მიმართ რაიმე ახალ ფინანსური ვალდებულებას არ აიღებენ. netgazeti
-
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეხმაურებიან ბოლო დროს „ცალკეული პოლიტიკური პარტიების” წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს „შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა”. მათივე მტკიცებით, „გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს” წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. მათივე ცნობით, „ინტენსიურ რეჟიმში” გრძელდება ყველა იმ პირის საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში დაკითხვა, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის გამოიკითხნენ ცესკოს თანამშრომლები. პროკურატურა მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ „გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას”. publika
-
თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს, არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ევროპარლამენტარი ამით თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხობს, რომელმაც განაცხადა, თითქოს “თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული”. “თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს. ჩვენ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ვიყავით დაპატიჟებული, რათა არჩევნებს დავკვირვებოდით. არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, - წერს ლუაზო. ipn
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია, იმისთვის, რომ რუსეთთან ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს მიაღწევს. „ანექსიური პროცესები აფხაზეთში კი არ აჩქარდა, ძალიან დამძიმდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოსახულება იყო 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და პარასკევს, 15 ნოემბერს, აფხაზეთში, აფხაზურ "პარლამენტში" ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას ეყრება კენჭი. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს. ეს ხალხი არანაირი განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიის თვალსაზრისით აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, რომ ყურადღება მივაქციოთ რაც დღეს აფხაზეთში ხდება. ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ქმედებებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს: 1. ეს იყო ბოდიში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია იმის დასადასტურებლად, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 2. პრემიერის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალება და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ, ყველასთვის ნათელი იყო ეს კამპანია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით, ახალი მეორე ფრონტის გახსნას, თურმე დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ. ამ ყველაფერს ერთად, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ დღეს, რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად ითხოვს საქართველოსგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას და მეორე, ოფიციალურად, ითხოვს, ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის აღიარების პროცესის დაწყება. თავი რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც აფხაზეთში ხდება. საბოლოო ჯამში, „ოცნება“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მან უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, „ოცნების“ განცხადებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს რუსეთის ფედერაცია მათ იყენებს იმ ნაბიჯების გასასამართლებლად, რასაც აკეთებენ აფხაზეთში. საბოლოო ჯამში, ოფიციალურად, უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია, იმისთვის, რომ რუსეთთან ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაიმე შეთანხმებასა ან პროგრესს მიაღწევს. ერთადერთი რაც „ოცნებასა“ და ივანიშვილს უნდათ, ესაა რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ. ესაა მათი მთავარი მიზანი. რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი, არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი“, - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. 15 ნოემბერს კი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისაა დაგეგმილი. იპნ
-
14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქსტატის ინფორმაციით, მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. აღნიშნული მეთოდი ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის. ელექტრონული კითხვარის შესავსებად მსურველებმა უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია საქსტატის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-პლატფორმაზე, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ რესპონდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინონ მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს. მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეგროვდება. მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, შეგროვდება ინფორმაცია ოჯახების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის, ოჯახების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე. საქსტატის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) და მოქალაქეობის არმქონე პირი (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) ვალდებულია გაიაროს აღწერა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ასევე სასოფლო-სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო — 2026 წლის ივნისის თვეში. ნეტგაზეთი
-
ტრამპმა გენ. პროკურორობისა და სახელმწიფო მდივნის კანდიდატები დაასახელა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის კანდიდატია. მარკო რუბიო 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა. მას შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული ტრამპის 2024 წლის კამპანიაში და ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ჯეი დი ვანსთან დამარცხდა. ტრამპმა გენერალური პროკურორობის კანდიდატი დაასახელა – ამ თანამდებობაზე განიხილება რესპუბლიკელი მეთ გეცი. კანდიდატად მისმა წარდგენამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 2020 წელს მის წინააღმდეგ იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება სავარაუდო სექსუალური ექსპლუატაციის საქმეზე. კერძოდ, მას ბრალი ედებოდა ფულის სანაცვლოდ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაში. გეცი ბრალდებებს უარყოფს. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება აღარ მიმდინარეობს. რაც შეეხება ეროვნული დაზვერვის დირექტორს, განიხილება ტულსი გაბარდი, რომელიც ერთ დროს დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო – მას აქვს ანტისაომარი შეხედულებები მოსკოვის სასარგებლოდ და უპირისპირდება აშშ-ს, უკრაინისა და სირიის საკითხებში მონაწილეობას. ამასთან, ის ხშირად მიუთითებს, რომ აშშ-მ გამოიწვია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. არჩევის შემთხვევაში, ის $70-მილიარდიან დაზვერვის სამსახურს ჩაიბარებს. პუბლიკა -
სააპელაციოში გასაჩივრდება საოლქოების ოქმებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული სარჩელით სასამართლოსთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდათ მიმართული. გუშინ, 13 ნოემბერს სამივე მათგანის სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებულად განიხილა მოსამართლე ივერი აბაშიძემ. მოსარჩელე მხარეების საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს საიაში, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოში“ განუცხადეს. გუშინდელ პროცესზე მოსამართლე ივერი აბაშიძემ ასევე არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის არცერთი შუამდგომლობა. მოსარჩელე მხარეებმა, ჯამში, 11 შუამდგომლობა დააყენეს. მათგან ყველაზე მეტი, 7 შუამდგომლობა “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” დააყენა, 3- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), 1 კი -“ძლიერმა საქართველომ”. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, უწყების იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი არ დაეთანხმა არცერთ შუამდგომლობას. მოსამართლემ ყველა ჯერზე გაიზიარა სანტურიანის პოზიცია და მოსარჩელეების მოთხოვნების არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტება თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირი იყო – მიზეზად “უსაფუძვლობა” დაასახელა. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს სხდომაზე არცერთი შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. საიას ერთ-ერთი შუამდგომლობა მათი სარჩელის ცალკე გამოყოფას შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ სამივე მოსარჩელემ ცალ-ცალკე წარადგინა სარჩელები, თუმცა სასამართლომ ისინი ერთ საქმედ გააერთიანა. საიას იურისტმა, ნინო ხუციშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ განსხვავებულია მათი სარჩელის როგორც სამართლებრივი საფუძველი, ისე დავის არეალი: ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ყველა საარჩევნო უბნის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვენ, საია მხოლოდ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე დავობს. გარდა ამისა, იურისტმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოებში, სადაც ასევე გააერთიანეს რამდენიმე ორგანიზაციის სარჩელი, საქმის წარმოება გართულდა. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაახლოებით 23 საათს გაგრძელდა. საიას მოთხოვნას დაეთანხმნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა, ისევე როგორც სხვა 10 მოთხოვნა, არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობებს შორის იყო მოთხოვნა ცესკოს მიმართ, სასამართლოსთვის წარედგინა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დეტალურად გახდებოდა ცნობილი, ვისგან, რა პირობებით და როგორი ხარისხის ქაღალდი შეიძინა ცესკომ ბიულეტენებისთვის, სად დაბეჭდა. ასევე, მარკერები, რომლის კვალი ბიულეტენის მეორე მხარეს გადმოდიოდა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ცესკო საინფორმაციო კამპანიებისას იყენებდა “სმარტმატიკის” მარკერებს, მაგრამ უშუალოდ კენჭისყრის დღეს მათ სხვა, არაბრენდირებული მარკერები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია სხდომაზევე უარყო გიორგი სანტურიანმა. მოგვიანებით უწყების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის მიუხედავად, სანტურიანმა უარი თქვა მოთხოვნილი დოკუმენტების სასამართლოსთვის წარდგენაზე. მისი თქმით, შესყიდვის ხელშეკრულები ისედაც საჯარო იყო და მოსარჩელეებს მისი გაცნობა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე შეეძლოთ. მოსარჩელეები ითხოვდნენ არა მხოლოდ ხელშეკრულებების, არამედ მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენასაც, რადგან “ერთია, რა წერია ხელშეკრულებაში და მეორე, როგორ შეასრულა ცესკომ დოკუმენტით გათვალისიწინებული პირობები”. შუამდგომლობები ეხებოდა მოწმეების სახით სხვადასხვა საუბნო კომისიის წევრების გამოკითხვას, ასევე, ექსპერტის სტატუსის სტატისტიკოსებისა და IT სპეციალისტების გამოკითხვას, რომლებიც, მოსარჩელეების თქმით, შეძლებდნენ აღეწერათ გაყალბების ტექნიკები და მათი მასშტაბი. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ შუამდგომლობა დააყენა ვერეფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობის პრინციპის შემოწმებაზე, ამისთვის კი კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი ვერ აკმაყოფილებდა ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებს – მასში მონაწილეობა მიიღო არა რიგითმა ამომრჩეველმა, არამედ ცესკოს დახელოვნებულმა წარმომადგენელმა, რომელმაც ექსპერიმენტის დროს ბიულეტენი იმისგან განსხვავებული მეთოდით შეაცურა აპარატში, ვიდრე ამას ცესკოს რეკომენდაციები გულისხმობდა, რომელსაც უწყება კენჭისყრის დღემდე ავრცელებდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოში ექსპერიმენტის ჩატარებას თავად ცესკოს წარმომადგენლები ითხოვდნენ, რათა გაებათილებინათ იმ ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც იქამდე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ჩატარდა, ამ შემთხვევაში პირიქით – ისინი შეეწინააღმდეგნენ კორძაიას შუამდგომლობას. კორძაიამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში არ არსებობდა ექსპერიმენტის განმეორებით ჩატარების საფუძველი, ამ შემთხვევაში კი მათი მოთხოვნა ეფუძნებოდა ლოგიკას, რომ მასში მონაწილეობა უნდა მიეღო რიგით ამომრჩეველს – როგორც ეს თეთრიწყაროში მოხდა -და არა ცესკოს წარმომადგენელს – როგორც სააპლაციოშიო იყო. ამის მხუედავად, მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა ეხებოდა საქმის წარმოების პროცესის შეჩერებას იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას არჩევნების გაყალბების საქმეზე. თამარ კორძაიამ განმარტა, რომ რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი არცერთი შუამდგომობა – არ გამოკითხა მოწმეები, არ დაავალდებულა ცესკო, წარადგინოს დოკუმენტები, არ ჩაატარა ექსპერიმენტი, უარი თქვა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ უბანზე ბიულეტენების დათვალიერებაზე და ა.შ. რჩება ბევრი კითხვა, რომელზე პასუხის გარეშეც საკითხზე მსჯელობის გაგრძელება არაობიექტური იქნება. პროკურატურის გამოძიების ფარგლებში პოტენციურად მოპოვებული მტკიცებულებებმა კი შესაძლოა ბევრ ამ კითხვას პასუხი გასცეს. მოსამართლემ არათუ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არამედ უარი თქვა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებისა თუ სხვა მასალების საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემაზე. მისი თქმით, თუ პროკურატურას ამის საჭიროება ექნება, თავად გამოითხოვს მასალებს. შუამდგომლობების განხილვას თითქმის 5 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარადგინეს და ერთმანეთს კითხვები დაუსვეს. საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე, უკვე 11 საათზე მეტია მიმდინარეობს სხდომა. ახლა მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. ნეტგაზეთი -
გიორგი გახარია ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება და ის პროცესები, რომლებიც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, აფხაზეთის აღიარების პროცესის დაწყებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ნოემბერს, 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებთან „საზღვრების დელიმიტაციისკენ” მოუწოდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან „შემრიგებლური” სიგნალები „პრაქტიკულ განზომილებაში” უნდა გადაითარგმნოს, რაც, მათი თქმით, პირველ ყოვლისა მოიცავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის „საზღვრების” დელიმიტაციისა და შემდგომ დემარკაციის პროცესს. რაც შეეხება აფხაზეთს – აქ 15-16 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა უნდა მოახდინოს აფხაზეთის „მთავრობასა“ და რუსეთს შორის გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაცია. შეთანხმება უცხოელებისთვის, ანუ რუსეთვის მიწის ყიდვის უფლების მინიჭებას გულისხმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ერთ ამ პროცესზე განცხადება არ გაურცელებია. კომენტარი არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრს. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” „სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა რუსეთის ამ ქმედებებს“. ექსპრემიერი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის არაერთი სამტკიცი” არსებობს“. კამპანია, რომ აგვისტოს ომის მთავარი დამნაშავე ენმ-ის ხელისუფლება და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ივანიშვილმა და მმართველი პარტიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გაიმეორეს. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდიდან იმეორებს, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებენ“ და რომ რუსეთის სანქცირების მოთხოვნა მმართველი პარტიის კრიტიკოსების მხრიდან სწორედ „მეორე ფრონტის“ გახსნას ემსახურება. გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთის ფედერაცია ითხოვს ცეცხლის არგანახლების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას“. საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას. გახარია ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების გამო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნა. პუბლიკა
-
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გაასაჯაროოს იმ ამომრჩევლების სია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელ უბანზე მისცეს მათ ხმა. გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პირველ მიმართვაზე ცესკოს რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგაც პარტიამ სასამართლოს მიმართა თხოვნით – დაეცვა აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება, თუმცა პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მოწყობილობა დააყადაღა. გახარიამ 29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს და მოითხოვა, ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო შემდეგი ინფორმაცია: მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში; რომელ უბანზე მისცა ხმა; რომელ საათზე გააკეთა ეს. პუბლიკა
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/1091564102585972:
-
მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული“. „საქართველოში ჩატარებული არჩევნები არავინ ცნო, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ჩამოკიდებულია ჰაერში. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყდეს. ფაქტია, რომ ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავიდან „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ თხოვნით, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში იმის მითითებით, რომელ უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ცესკომ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე სისხლის სამართლის საქმე გახსნა და გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვაქვს გარემოება, როდესაც მთავარი მტკიცებულება, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, რომელმაც შეიძლება დაამტკიცოს ის, რასაც ირწმუნება - ეს არჩევნები იყო სამართლიანი და არაფერი არ გაყალბებულა. ამისთვის საჭიროა ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება, ან ადამიანებისთვის წვდომის მიცემა, რათა თითოეული ჩვენგანი დარწმუნდეს - სად და როდის მივეცით ხმა. იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს გაკეთებინა, „ქართულმა ოცნებამ“ პროკურატურის საშუალებით ეს აღჭურვილობა ტყვეობაში აიყვანა, დააყადაღა. ფაქტობრივად, დღეს ცესკო ღიად ამბობს, რომ რაღაც „ფეიქ“ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ცესკოსაც აღარ აქვს წვდომა, ამ აღჭურვილობაზე და სრული პასუხისმგებლობა, აი, ასე პროკურატურაზე მშვენივრად გადავიდა“, - განაცხადა გახარიამ. გარდა ამისა, გახარიამ ისაუბრა პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ „ოცნებამ არავის არ უნდა დაუტოვოს არგუმენტი“, ვისაც ეჭვი ეპარება არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარებაში და ამით ყველაფერი „მარტივად დამთავრდება“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი პარტიისგან ახლად არჩეულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. „ხომ ხედავთ, „ნაცები“ კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები“ ამბობენ, რომ ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა. ჩვენ ამ სპექტაკლში არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან მონაწილეობას არ ვიღებთ მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმა მოგვცა. ამიტომ, შინაარსობრივად ვამბობთ, რომ ამ პარლამენტს, რომელიც აირჩა 26 ოქტომბერს ისე, როგორც აირჩა, ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება. ზუსტად ამას ამბობს საერთაშორისო საზოგადოებაც, რომელიც ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს ასეთი და ასეთი გამოძიება. ჩვენ ვამბობთ, რომ მეგობრებო, ეს ყველაფერი გვესმის, გამოძიება ძალიან კარგია, ვემხრობით, მაგრამ მას დრო სჭირდება. თუ „ოცნება“ დაინტერესებულია და ფეხებზე არ ჰკიდია საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც არ მისცეს მათ ხმა, თუ პატივს სცემს სხვა ადამიანებს და შესაძლებლობა აქვს ეს დაპირისპირება როგორმე მოაგვაროს და გადალახოს, მაშინ ნება უნდა იბოძოს, არ უნდა ეშინოდეს და გაასაჯაროოს სიები. არავის, არც მოქალაქეს, ვისაც ეჭვი ეპარება, არც ოპოზიციას არგუმენტი არ უნდა დაუტოვოს და ამით ყველაფერი სწრაფად დამთავრდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
-
პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, 56 წლის ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება. პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმასაც ითხოვს. პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურატურას სურს ფრანგებს მათთვის სასურველი პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ჩამოართვას. „აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ მე ჩავიდინე თუნდაც მცირე დარღვევა ან თუნდაც მცირე უკანონო ქმედება“, - აღნიშნა მარინ ლე პენიმ. „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისა და მისი თანაპარტიელების წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს დაიწყო. მათ ბრალად ედებათ ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში და ევროპარლამენტის წევრების ასისტენტების ფიქტიური დაქირავებით პარტიის ფარულად დაფინანსებაში. იპნ -
მედია - წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ შეინარჩუნებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ CBS News-ი საკუთარ შეფასებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის პროგნოზით, კონგრესის ქვედა პალატაში „რესპუბლიკელებს“ მინიმუმ 218 ადგილი ექნებათ, ხოლო „დემოკრატიულ პარტიას“ - მინიმუმ 211. შეგახსენებთ, აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ კონტროლი სენატზეც მოიპოვეს. იპნ -
“ოცნებამ” ქართველ ხალხს მოპარა დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი, რაც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოიპარა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი და თუ ეს ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს აზრი აღარ ექნება. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1645830789331717