Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია. „ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და დასავლელ პარტნიორებს არ უცნიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ქვეყანაში წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე. პრეზიდენტმა სტუმარს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ ესაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას და გაძლიერებას და ასევე, სამართლებრივი ბრძოლის მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნისათვის ევროპული გზის უალტერნატივობასა და ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მისწრაფებას. პუბლიკა
  2. უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა. რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-იც ავრცელებს, რომელმაც კურსკის ოლქიდან რაკეტის ფრაგმენტების ფოტოები გააანალიზა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ Storm Shadow რაკეტების პოტენციალური გამოყენების შესახებ ცნობებზე კომენტარს არ გააკეთებენ. ცნობისთვის, 19 ნოემბერს ამერიკული CNN-ი ასევე ავრცელებდა ცნობებს უკრაინის მიერ ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვის შესახებ. იპნ
  3. 26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს. სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ არსებულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ პროტესტის მონაწილეებს შორის ვერ ხედავენ. სიჭინავას განმარტებით, ისინი სასამართლოებსა და სხვა უწყებებში განაგრძობენ ხმების დაცვას. „ამ თემაზე არაფერს დავწერდი, კამპანიური სახე რომ არ მიეღო ამ ფარისევლობას - თურმე ეძებენ ჩვენს გუნდს და ვერ პოულობენ პროტესტში. ახლა კარგად დამიგდეთ ყური: ჩვენს პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების (მოპარული არჩევანის დაბრუნებაც ნამდვილად ერთ-ერთია) და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე... ვიღაცების დავალებით ის ადამიანები “დაგვეძებენ” თურმე, თან “თვალთხარიას” რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს… 26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში. აი, გუშინ, მაგალითად, ჩვენი გუნდი დილის 11:00 სთ-დან გვიან ღამემდე სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ცესკოს წინააღმდეგ შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობდა (სტრასბურგისთვის გვჭირდება, თორემ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს მე ნუ მასწავლით). ამის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან მართავდა შეხვედრებს და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ 24 -საათიან პროტესტშია ჩართული ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში უნივერსიტეტთან მხოლოდ იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს... ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას ვცემთ პატივს, საერთო მიზანი უნდა გვქონდეს ყველას: არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ პათეტიკური სადღეგრძელოების, ჟივილ-ხივილისა და სხვების ლანძღვის გარეშე, გონიერი მოქმედებებით. ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს მინდა მივმართო: იმედებს არასდროს გაგიცრუებთ! თქვენი ხმა გვაძლიერებს! ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის!“- წერს ბერდია სიჭინავა. იპნ
  4. სასამართლომ ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო. როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას. „ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისათვის ეგო ბატონ დავით პასუხი იმიტომ, რომ მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას მაშინ, როდესაც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი თვითონვე არის. ცესკოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად ვერ დაასახელეს რა იყო ის მოქმედება, რითაც მოხდა დავით კირთაძის მიერ ცესკოს ფუნქციებში და დადგენილებაში ჩარევა“, - განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, რის გამოც რამდენიმე წუთით სხდომა შეწყდა. ამავე სხდომაზე ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. იპნ
  5. ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის უნივერსიტეტში გაშიშვლების შემდეგ დაკავებული სტუდენტი აჰუ დერიაი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. „იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, იგი ოჯახს გადასცეს. მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულია“, — განაცხადა ირანის იუსტიციის სამსახურის პრესპიკერმა. აჰუ დერიაის დაკავების ვიდეო თავდაპირველად სტუდენტური მოძრაობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და იტყობინებოდა, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი გაიხადა მოხალისე პარა-მილიტარისტებთან შელაპარაკების შემდეგ, რომელთაც მისი ჩაცმულობა შარიათთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის ახალგაზრდა ირანელი ქალი საცვლებში და გაშლილი თმით უნივერსიტეტის კამპუსის წინ, როგორ გადადის მოგვიანებით გზაზე და მიუყვება ტრასას, სადაც ცოტა ხანში მანქანა უჩერდება და მამაკაცების ჯგუფი ქალს მანქანაში ტენის. ირანის ხელისუფლება პოლიტიკური პროტესტს უარყოფდა და სტუდენტის ქცევას მისი მენტალური მდგომარეობით ხსნიდა. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანის ხელისუფლება ქალს, რომელიც ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონებს აპროტესტებს, ფსიქიკურად დაავადებულს უწოდებს. ნეტგაზეთი
  6. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 21 და 22 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
  7. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. „უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და თქვენ აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს სხვების, მეზობლების ტერიტორიების“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. იპნ
  8. თსუ-ს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, სალომე დუნდუა ამბობს, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად. დუნდუას განცხადებით, ტერიტორიაზე პოლიციის დაშვება უნივერსიტეტის მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უნივერსიტეტის ეზოში. როგორც სამუშიასგან, ისე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან განმარტებას ელიან ლექტორებიც. ნეტგაზეთი
  9. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  10. ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ საქართველო წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი ხდება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ბევრი ქართველისთვის “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი. უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც“, – ამბობს იგი. netgazeti
  11. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან და ევროკავშირი ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ დგანას. პუბლიკა
  12. ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, მელინე არაკელიანის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას ამბობს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ელჩმა ისაუბრა რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონზეც, რომლებიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც საქართველოს ევალება. მისივე თქმით, ბოლო თვეებში ნახეს ბევრი შეცდომაში შემყვანი და მტრული რიტორიკა ევროკავშირის შესახებ საქართველოში მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან.
  13. საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, - განაცხადა მილერმა. იპნ
  14. AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4 ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. ვიდეო: AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4
  15. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, - აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. ჭურვის ფრაგმენტები სამხედრო ობიექტის ტექნიკურ ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. შეგახსენებთ, კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის ATACMS-ის რაკეტების, გამოყენების ნება დართო. იპნ
  16. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა. როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, უკრაინელი ხალხი იბრძვის ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან.
  17. “გახარია საქართველოსთვის” ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით 11.mp4
  18. კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, მელიქიშვილზე დარბევისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. კოალიციაში “ნეტგაზეთთან” ამბობენ, რომ ნიკა კვიტატიანი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და კლინიკიდან მას დღეს გამოწერენ. როგორც კოალიციაში ამბობენ, კვიტატიანი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პოლიცია ნიკა მელიას დაკავებას ცდილობდა და კოალიციის წევრებს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა. „მადლობა ყველას მოკითხვისთვის, ამათმა როგორ უნდა გვაჯობონ, გამოვალ აქედან და პირდაპირ აქციაზე“, — წერს კვიტატიანი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე. ნეტგაზეთი
  19. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. დღეს, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა იძალადეს ჟურნალისტებზე: დაარტყეს „პულიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, სცემეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს, მას დაუმტვრიეს კამერა, შემდეგ დააკავეს. საია აცხადებს, რომ „ქმედებები, რომლებსაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას”. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, დაუშვებელია ჟურნალისტის და მედიის სხვა წარმომადგენლების აღჭურვილობის, მათ შორის, გადაღებული კადრების მიზანმიმართულად ჩამორთმევა ან/და დაზიანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების და მათი უკანონო დაკავების პრაქტიკა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები. აქციაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. დროულად გაასაჯაროოს დაკავებულ პირთა რაოდენობის და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენელების და დემონსტრანტების დაკავებისა და მათზე სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტები. ასევე, გატარებული ღონისძიებების შესახებ უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება. საია აგრძელებს აქციაზე მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის სწავლობს აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს. ასევე, ამოქმედებულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ცხელი ხაზი – 577 070563. ჩვენი ადვოკატები უწყვეტ რეჟიმში მზად არიან დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ პირებს. პუბლიკა
  20. ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადატეხს იმ ძალას, რომელიც მას დღეს ხელში აქვს. ამის გაკეთება შეგვიძლია მწყობრად, მშვიდობიანად! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან პროტესტს უხეში პოლიციური ძალა დაუპირისპირა. „ყველამ ძალიან კარგად ნახა მშვიდობიან პროტესტს როგორ დაუპირისპირა უხეში პოლიციური ძალა, არაერთი კანონდარღვევით შეშინებულმა, უხეირო დიქტატორმა, რომელიც აბსოლუტურად ამართლებს იმ სახელს, რომელიც მას დასავლეთმა შეარქვა. რომ არა შიში, აბსოლუტურად მშვიდობიანად ემორჩილებოდნენ პოლიციის ბრძანებას მომიტინგეები. ჩვენ ვნახეთ უხეში საპოლიციო ძალის გამოყენება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება. მან იცის, რომ მისი ძალაუფლება მყიფეა და ამ მეთოდებით ფიქრობს შენარჩუნებას. ეს დამოკიდებულია ჩვენზე, ყველაზე, თითოეულ მოქალაქეზე, რამდენად გაუვა. ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილი კონსტიტუციური სივრციდან გავიდა, ის დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას, იქნება ეს დემოკრატია, არჩევანის თავისუფლება თუ ქვეყნის ევროპული კურსი, რომელიც კონსტიტუციაში ჩაწერა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერი გააკეთა და შეჩერებული ევროპული მომავალიც ამის დასტურია. შესაბამისად, მოცემულობა გვაქვს იმგვარი, რომ დასავლეთი ამ სისტემურად გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით აგზავნის ტექნიკურ მისიას, არჩევნების შეფასებაც არის ადეკვატური და ქართველ ხალხს არ აქვს ნდობა იმ სისტემურად გაყალბებული არჩევნების, რომელიც ივანიშვილმა ჩაატარა. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ქართველ ხალხზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში, საიდანაც ივანიშვილმა გაიყვანა რუსული კანონის მიღებიდან დღემდე. ივანიშვილს რა უჭირავს ხელში? ერთადერთი არის შიშის შექმნის შესაძლებლობა, იქნება ეს ომის შიშით, პოლიციის გამოყენების შიში... ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ ის წინააღმდეგობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადატეხს იმ ძალას, რომელიც ივანიშვილს დღეს ხელში აქვს. ამის გაკეთება შეგვიძლია მწყობრად, მშვიდობიანად!“- განაცხადა თეონა აქუბარდიამ. ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციების ლიდერები აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სამართალდამცავებისგან მაქსიმალური დისტანცია დაიკავონ, მათ შორის მაშინაც, თუ ისინი წყლის ჭავლის მანქანებს გამოიყენებენ. იპნ
  21. „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ქალაქ ოლომოუცში შედგება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს. იპნ
  22. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეებს მოინახულებენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. „სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. (https://shorturl.at/3BLvg) სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ამასთან, დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წლის 16 ნოემბერს ასევე მოინახულა ცესკოს შენობის წინ დაკავებული სამი მოქალაქე. დაკავებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა მიუთითა რომ იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, ასევე, სამივე მათგანმა მიუთითა არაეთიკურ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატმა სამივე შემთხვევაზე განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია - 1481, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. იპნ
  23. მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, ასევე ორი ქალი მომიტინგე, რომლებიც „ძლიერი საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები არიან. როგორც ოპერატორმა სერგი ბარამიძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აღენიშნება დაზიანებებიც. მისი განმარტებით, ის პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „ვიღებდით დაკავებულის კადრებს და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ამ დროს მოხდა. რატომღაც მე გავეხვიე შარში.[პოლიციამ] მითხრა, წესს არღვევდითო, ხელს გვიშლიდითო, ანუ სავალ ნაწილზე იყავით გადმოსულიო. აქტივისტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპერატორი, ჩვეულებრივად ვიღებდი და რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, წარმოუდგენელია, არ ვიცი. თვალი მაქვს ჩალურჯებული, დანარჩენი ფიზიკურად არაფერი მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს. განყოფილებაში გადავედით, იქ დიდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ შეამოწმეს ჩემი ნივთები“, - განაცხადა სერგი ბარამიძემ. იპნ
  24. ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენი პირი დააკავეს აქციაზე. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცნობით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე, რეზი დუმბაძე, მათივე განცხადებით, დაშავდა „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, დაკავებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ნათია ძიძიგური. „მთავარი არხის” ცნობით, აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი მათი ოპერატორი, სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს. მან „მთავართან“ ინტერვიუში მოყვა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუბლიკა
  25. აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს. ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, რომელიც თავის მხრივ, დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვს დე ფაქტო პრემიერ მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს და აღნიშნულ პოსტზე ვალერი ბგანბას დანიშნავს. რაც შეეხება მოქმედს მინისტრებს, ისინი ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებენ მინისტრების მოვალეობას. იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს. პროცესებს წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...