Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, „არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.
  2. „კოალიცია ცვლილებებისთვის” ცნობით, პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, მათივე განცხადებით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე. მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს. „მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულთა შორისაა მათი ოპერატორიც. მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. პუბლიკა
  3. მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს. „მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულებს შორის არის მათი ოპერატორიც. ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე წერს, დაკავებულია მათი ოთხი წარმომადგენელიც. პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა და რამდენიმე წუთში მათი მიმართულებით დაიძრა – ისინი ადგილზე მყოფ მოქალაქეებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სავარაუდოდ, გაუშვეს წიწაკის სპრეიც. აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფოს დახმარებას ითხოვდა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, პროტესტი არ ჩერდება და ამ ეტაპზე ის გადაიზრდება „მობილურ პროტესტში”. პუბლიკა
  4. პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა. ამ დროისთვის, პოლიციური ძალები ადგილზე მხოლოდ მცირე რაოდენობით იმყოფებიან და ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წმენდენ. პუბლიკა
  5. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გეგმა, რომელიც გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ, სისტემურ გაყალბების სქემებს; საარჩევნო საჩივრები სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს არ განუხილავს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებს არ აღიარებს არც ის, არც ოპოზიცია, არც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საქართველოს დემოკრატიული პარტნიორები. „განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები. ამ სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანა იმყოფება სერიოზულ მდგომარეობაში, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი ასეთი საფრთხეა დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ხელს უწყობს აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შეიძლება მოჰყვეს გარე დესტაბილიზაციაც. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის ნაცვლად ირჩევს იზოლაციას. ამავე დროს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კარზე გვიდგეს. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუმცა, მანამდე უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, მოხდეს საერთაშორისო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის შეცვლა. პრეზიდენტმა თქვა, რომ უნდა გაგრძელდეს 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა და რადგან „არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს“ – არც პარლამენტი, არც მთავრობა, არ უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. „გეგმა, რას ვთავაზობ: პირველი ცხადია არის ახალი არჩევნები. არჩევნები როცა არ შედგა, აუცილებელია გამეორდეს არჩევნები იმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთია საერთაშორისო გამოძიება, არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან, რაც ყველამ ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები, არამედ იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც არის გამოსასწორებელი […] უნდა შევძლოთ ახალი საერთაშორისო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება ეუთო/ოდირის რეკომენდაციით. დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით, ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა…. სასურველია, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშუალოდ ჩართულნი; მეორე პუნქტი – 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები… გავაგრძელოთ იმავე პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალრუად სტაბილური, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის არ ვაგდებთ, არავის არ აქვს დევნის მომენტი, მაქსიმალურად უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანა სტაბილური, სადაც საზოგადოების ნება არაა ასახული არჩევნებში. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე აუცილებელია და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. […] ვინ რას აკეთებს ამ შემთხვევაში: საზოგადოებამ ცხადია უნდა გაგრძელოს მისი შეუგუებლობა და პროტესტი და მინდა მივესალმო ადამიანებს, რომლებიც ამ საღამოს არიან ქუჩაში, მინდა მივესალმო სტუდენტებს, ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან ის პროგრესის ძალა, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა თავის მომავლისკენ და მინდა გითხრათ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება, იმიტომ, რომ ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ამ გეგმის. […] პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და ვხვდები კიდევ, ვაგრძელებ კონსულტაციებს მათთან, რომ გავაგებინო, ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია და მგონი, ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტები არ არსებობს და უნდა ვიყოთ ამაში ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში შემჭიდროვებულები. საერთაშორისო პარტნიორებთან პრაქტიკულად ყოველდღიურად სხვადასხვა ლიდერთან მაქვს ამ თემებზე საუბარი. მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მოლოდინი, იმის, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხრათ, რომ გაყალბდა არჩევნები, რაც საკმაოდ კარგად ესმის, არამედ როცა გაყალბდა არჩევნები მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველთვის არის მოიძიოს რაღაც გზა, რომლითაც გადაწყდეს კრიზისი ქვეყანაში. არავის არ აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს, ამდენად, მე მგონი რომ ასეთი გეგმა მათთვისაც და რაც გავიგე პირველივე საუბრებიდან, ეს გეგმა მათთვისაც მისაღებია. და ბოლოს, „ქართული ოცნება“ – მე ვურჩევდი მათ, რომ დაფიქრდნენ კარგად, ამ რაღაც თამაშს, რომ მე გავხსნი პარლამენტს ახალს, დავნიშნავ მთავრობას და რაღაც, ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. გარდა თუ შენ მართლა მიდიხარ სხვაგან. სტაბილურობა, კრიზისის გადაჭრა და იყოს გასული პარლამენტი, 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მივიდეთ მშვიდობიანად ახალ არჩევნებამდე. მე მგონი რომ უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრელად“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. პუბლიკა
  6. გია კაკაჩია – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირების უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის საბჭოს წევრი – ორგანოს ლევან იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს. „ვთვლი, რომ სახალხო პერიოდის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას. მიმაჩნია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, ჩემი მხრიდან მიუღებელი და მიზანშეუწონილია“, – წერს იგი. ნეტგაზეთი
  7. 19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას შორისაა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ დავის განხილვა. კანონის მიხედვით, ჩატარებული არჩევნების ან მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. ამგვარი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს: ა) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას; ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი. მისი თქმით, სარჩელის საფუძველი შეიძლება გახდეს ის, რომ ჩატარებული არჩევნები კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ პრინციპებს შორისაა ხმის ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა. მენაბდეს განმარტებით, სარჩელით პრეზიდენტს შეუძლია, მოითხოვოს ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა და შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობა. როგორც ის წერს, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეაფერხებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. იმისთვის, რომ პარლამენტი უფლებამოსილად იქნეს ცნობილი, კენჭი უნდა ეყაროს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილებას. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება. პარლამენტი, სავარაუდოდ, 25 ნოემბერს შეიკრიბება. ვახუშტი მენაბდე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. „სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ საქმეზე ორგანიზაცია სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს. „რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა, ამ ფორმით შევეცდებით ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვას“, – წერს ქურდოვანიძე. პუბლიკა
  8. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს. „ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არაფერი ვცადოთ და არ გამოვცადოთ. ესეც არის ჩემი სარჩელის მიზანი. ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე. როგორი ქვეყანა მინდა და ვისთან ერთად მინდა და საითკენ უნდა წავიდეს. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი. მინდა ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენ თავს, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე მაინც, როგორც ერთმა მოსამართლემ გვაჩვენა, რომ შეძლებენ ისინიც, რომ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  9. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ყველა სახის გაყალბებას“. მან ისაუბრა ქვეყანაში ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ საჭიროა ევროპული პასუხი. „საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი და ასევე, მე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის წევრი ვარ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი ყველა სახის გაყალბებას ჰქონდა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. სამწუხაროდ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის ერთადერთი ნიშანი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის ასლია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. ამაზე ევროპული პასუხი გვჭირდება“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ. მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. იპნ
  10. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეიძლება უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. სიტუაციის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოდირი აცნობებს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი. იპნ
  11. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან. მათ შორის, გერმანიის თანახმად, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის მხარდამჭერი ზომები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგშია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საქართველო, აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობები, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის რქის ქვეყნებში. ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროკომისია საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაციას არ უწევს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ წინადადებას დააყენებს, საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართდეს. ამ თემაზე: ბორელი 100 მლნ ევროს დახმარების მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებას გადაცემას აანონსებს ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს — ლანდსბერგისი რა თქვეს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ნეტგაზეთი
  12. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე, განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. იპნ
  13. „სერიოზული ბრალდებები ისმის არჩევნებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ეუთო ყურადღებით მუშაობს თავის დასკვნაზე და ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მართლაც დეტალურად იქნას გაანალიზებული ყველა არსებული მონაცემი“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე. ბრიუსელში მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საბჭო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება. დღის წესრიგის მიხედვით, საბჭო 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოსაზრებებს გაცვლის. სამსჯელო საკითხებს შორისაა ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ევროკავშირის და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში. publika
  14. ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლია, მაგრამ იქამდე ცხადი უნდა იყოს რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში. „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილება, საქართველოს ეხება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვაპირებთ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ცხადია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა. ესეც ძალიან საინტერესო დისკუსია იქნება, რადგან ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ცხადი უნდა იყოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში, რადგან არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ გვაქვს ეს ეჭვები“, - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა. ipn
  15. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება. ორგანიზაცია მოითხოვს: ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას; არჩევნების შედეგების გაუქმებას; ხელახალი არჩევნების დანიშვნას. 16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. 17 ნოემბერს ოპოზიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კარვები გაშალა და გზა გადაკეტა. მოქალაქეებმა ღამე ქუჩაში გაათენეს. პარტიებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, დღეს 19:00 საათზე ისევ მივიდნენ ჭავჭავაძის გამზირზე. პუბლიკა
  16. თბილისის მერია უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო დროებით ცვლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემას. ამის შესახებ მერიის 18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი: “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით. დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. შესაბამის მარშუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგემილი მარშრუტების შესაბამისად. იგივე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. რაც შეეხება N385, N387 და N397 ავტობუსებს, ისინი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. ნეტგაზეთი
  17. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვა არ მიიჩნევს, რომ საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. მისი თქმით, ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს სურთ გაიგონ, რეალურად რა მოხდა. „თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც ნიშანდობლივია. თუ მათ არ უნდათ გავიგოთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს თვალთმაქცობას, თითქოს საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა“, — განაცხადა ლანდსებრგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო გამოძიებაზე და თუნდაც სანქციებზე ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევას რთულად მიიჩნევს. „იოლი გზა არ არსებობს. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იზოლაციონიზმზე აშშ-ში, ევროპამაც უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა — განა ევროპა არ ახდენს თვითიზოლირებას? რატომ ვერ ვპოულობთ გამოსავალს საქართველოზე და ქართველი ხალხის მოთხოვნაზე? შესაძლოა, ევროპაც თავის თავში იკეტება. და თუ ამ მიდგომამ პროგრესი განიცადა, ძალიან საშიშია საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და თავად ევროპისთვის“, — დასძინა ლანდსბერგისმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარების სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართების წინადადებას დააყენებს. ნეტგაზეთი
  18. ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. ბორელის თქმით, ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება. „ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. ის რაც მოხდა, სრულად უნდა იქნას შეფასებული. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. ჩვენ საწყისიდანვე ვთხოვდით საქართველოს ხელისუფლებას, გაერკვია ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საჩივრებთან. ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა ბორელმა. იპნ
  19. შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავემ. „შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, ამავდროულად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. იპნ
  20. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას გაუძღვება, საქართველოზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მისი შეთავაზებაა, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის ნაწილი გაუყინონ და მათ ნაცვლად, ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის გადაამისამართონ. დღეს, 18 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. პუბლიკა
  21. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროპულ გზაზე დარჩენა სურს და ის ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეს, არ ვაპირებ წინასწარი დასკვნის გამოტანას. პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. ასევე გეტყვით, ჩვენ გვსურს ევროპული მომავლის ხილვა ქართველი ხალხისთვის. ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის, ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც მე ვიცნობ, ვისაც სურს ევროპულ გზაზე ყოფნა და ამას სრულად ვუჭერ მხარს“, - განაცხადა მინისტრმა. იპნ
  22. ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება - ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არის უსამართლობის "ძალიან მწვავე" განცდა. „ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია- ქვეყანაში არის უსამართლობის ძალიან მწვავე განცდა. სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ადგილას, ალბათ, იქნება ასეთი უკმაყოფილების გამოხატვის პროცესი. დღევანდელი აქცია, რომ დაიწყო რუსთაველზე, იქ ვიყავი, შემდეგ გადმოინაცვლეს ვერა-ვაკის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ პროტესტის მონაწილეები ვართ. ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. არამხოლოდ დღევანდელობა, არამედ მომავალი კვდება. მომავალს უკლავენ ამ ქვეყანას. ეს პროტესტი არის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში და თაობაში. ზოგს შეიძლება მოეწონოს ესთეტიკა, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტია და მათ შორის ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა. ამ პროტესტის მონაწილე ვიქნები მანამ, სანამ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ გზას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. კითხვაზე, რომელიც პარლამენტის შეკრებას შეეხებოდა, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, შეიძლება, პარლამენტში წინა დღით შეიპარონ, მაგრამ ისინი საზოგადოების უკმაყოფილებას ვერ დაემალებიან. „შეიძლება შეიკრიბონ, შეიძლება წინა ღამით შეიპარონ ან მერე გამოიპარონ. ფაქტია, რომ ისინი ვერ გაექცევიან და დაემალებიან საზოგადოების იმ უკმაყოფილებას, რომელიც იქნება სწორედ მათი ასეთი ჯიუტი და თავხედი მოქმედებებით. შეიძლება შეიკრიბონ, მაგრამ ვფიქრობ, [პარალელურად] საზოგადოებაც ძალიან აქტიურად შეიკრიბება იმისთვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საზოგადოება ამ არჩევნების შედეგებს და კონკრეტულად ამ პარლამენტს არ აღიარებს. ეს იქნება ძალიან მკაფიო. ვფიქრობ, 25-ში იქნება დიდი და მასშტაბური აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ საზოგადოება არ ეგუება. ასევე, იქნება ყველა შემდგომ ისეთ სესიაზე, სადაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება დასჭირდებათ. ჩვენ არათუ არჩევნების შედეგები არ უნდა ვაღიაროთ, არამედ ამ პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, ყველა არალეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ და მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ პროცესში ქვეყნის მართვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მიტანილია პლედები და პარალონები. იპნ
  23. კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ. წერილში, მათ შორის საუბარია ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს განხილვის გათვალისწინებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გვსურს, გაგიზიაროთ პროევროპული ოპოზიციური პარტიების პოზიცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. წინასწარი შედეგებისა და დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე, ეს ოთხი პარტია ჯამში მიიღებდა ხმების 52%-ს, თუკი არჩევნები იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი. ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსთვის გამაერთიანებელი ხედვაა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს საერთო მისწრაფებას, დავუბრუნდეთ ევროპას – მთლიანსა და თავისუფალს, თუმცა 26 ოქტომბრის არჩევნებმა შექმნა გადაულახავი დაბრკოლება ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში გაწერილ ფუნდამენტურ პრინციპებს. საარჩევნო გაყალბებისა და მანიპულაციის მასშტაბი უპრეცედენტო იყო. Edison Research-ისა და Harris-ის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ეგზიტპოლებმა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სანდო ანგარიშებმა და სტატისტიკურმა ანალიზმა გამოავლინა მძიმე საარჩევნო ჩარევა: საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 120 000-ზე მეტი შემთხვევა; გაყალბებული იდენტიფიკაციის პრაქტიკის 15 000+ შემთხვევა; ამომრჩეველთა სიების ანალიზით გამოვლენილი პიროვნების მონაცემების გაყალბების დაახლოებით 50 000 შემთხვევა; საარჩევნო კომისიის წევრების 82%-ს აღმოაჩნდა პირდაპირი კავშირები მმართველ პარტიასთან; 2 500+ ნამდვილი დამკვირვებლისთვის სისტემატური ხელშეშლა საარჩევნო უბნებზე; არაავტორიზებული ვიდეოთვალთვალი საარჩევნო უბნების 60%-ში, რაც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს. ეს არჩევნები არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ძალაუფლებისთვის ბრძოლა; ის იმეორებდა რუსულ ტაქტიკას – საქართველოს დემოკრატიული ნების ხელყოფას. ეს ტაქტიკა მსგავსია იმისა, რაც შეინიშნებოდა ბელარუსში (2020) და რუსეთის ბოლოდროინდელ არჩევნებში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეს შეაფასა, როგორც „რუსული გადატრიალების მცდელობა“. იგი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს აცხადებს პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ეს ქმნის უპრეცედენტო კონსტიტუციურ კრიზისს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი მოითხოვს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, თუმცა მმართველი პარტია გეგმავს სხდომის მოწვევას მისი თანხმობის გარეშე და დაემუქრა პრეზიდენტს იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყებით. ვინაიდან პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვადა რამდენიმე კვირაში იწურება, საყოველთაო არჩევნები არ ჩატარდება, საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი და ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლები. ეს მისცემს შანსს ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის დოკუმენტირებული ბიზნესინტერესები რუსეთში ერთ მილიარდ დოლარს აღემატება, ჩაანაცვლოს იგი თავისი სანდო კანდიდატით და ხელში ჩაიგდოს ბოლო დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუცია. მმართველი პარტიის სრული კონტროლი სასამართლო სისტემაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც სასამართლოებმა უარყვეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა, 847 საჩივარი, საშუალოდ მხოლოდ 12-წუთიანი განხილვით თითო საქმეზე. პროევროპული და დემოკრატიული პარტიები უარს აცხადებენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე დაიმუქრა ჩვენი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის სრულ ამოქმედებასთან ერთად, რომელიც იმეორებს რუსეთის 2012 წლის კანონმდებლობას და შეეხება 300+ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ჩვენ შეიძლება, ვიხილოთ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ძალიან სწრაფი გაუარესება. საქართველო დგას მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ამან შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი მასობრივი ემიგრაცია ქვეყნიდან, რომელმაც უკვე დაკარგა 250 000 მოქალაქე (მოსახლეობის 6.7%) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ადამიანები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში წავიდნენ. საქართველოს მომავალი როდესაც საფრთხის წინაშეა, საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, მოითხოვება გადამჭრელი მოქმედება. ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, როგორც საქართველოს ოპოზიცია, მივესალმეთ ამას, გვჯეროდა რა, რომ ჩვენს ხალხს ეს შანსი ეკუთვნოდა და გაზრდიდა ევროკავშირის გავლენას მმართველ პარტიაზე. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიყენოს ეს გავლენა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ამ გაყალბებულ არჩევნებს არ შეიძლება დაესვას ევროკავშირის დამტკიცების ბეჭედი. ეს საქართველოში არჩევნებს მრავალი წლის განმავლობაში არარელევანტურს გახდის. საქართველო იქნება მხოლოდ კიდევ ერთი საარჩევნო ავტოკრატია, სადაც არჩევნებს არ შეუძლია არსებული პოლიტიკური სტატუს-კვოს შეცვლა. არსებობს რამდენიმე დაუყოვნებელი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს შეუძლია, გადადგას რუსული ტიპის ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის ამ არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე: 1. ევროკავშირის მიერ ინიცირებული შეფასების/ფაქტების დადგენის მისიის დაწყება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად მომდევნო 30 დღის განმავლობაში. 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიცირება ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც იმუშავებს ეუთო/ოდირთან კოორდინაციით: ჩაატაროს საარჩევნო გაყალბების ყოვლისმომცველ გამოძიება; შეაფასოს საარჩევნო ინსტიტუტების კეთილსინდისიერება; 2. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა საერთაშორისო შეფასების ჩატარებამდე. ნათლად განაცხადოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოიწვევენ მაშინ, როცა არჩევნები არ არის აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს საპარლამენტო ლეგიტიმურობის შესახებ; 3. ნათელი დეკლარაცია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო; 4. არსებულ მთავრობასთან ყველა ფორმალური ევროკავშირის დონის კომუნიკაციის შეჩერება, მათ შორის: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრების გაუქმება; მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება; ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების შეჩერება, ვიდრე ისინი არ დათანხმდებიან პროცესის საერთაშორისო დონეზე გამოძიებას; 5. ფინანსური დახმარების შეჩერება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო წელიწადში) მთავრობისთვის, ვიდრე გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი. ჩვენ გთავაზობთ: დახმარების თანხების გადამისამართებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმების შექმნას; საგანგებო ფონდის შექმნას ზეწოლის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის; დემოკრატიული მედეგობისა და საარჩევნო კეთილსინდისიერების ხელშემწყობი პროგრამების მხარდაჭერას. ჩვენი საბოლოო მოთხოვნა ცალსახაა: ახალი არჩევნები ჩატარდეს 2025 წელს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით, თუმცა, როგორც ევროკავშირის შესაძლო დაუყოვნებელი რეაქცია, როგორც შუალედური ნაბიჯი ამ მიზნისკენ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების საერთაშორისო შეფასების მკაფიო მოთხოვნა და ევროკავშირთან დაკავშირებული ყველა სამთავრობათაშორისო ურთიერთობის შეჩერება იქნება გონივრული გზა, საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად. ქართული დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია და ქართველი ხალხი, ყველა თქვენს მხარდაჭერას ელოდება, როდესაც ჩვენი ერი ცდილობს, გადაარჩინოს თავისი დემოკრატია“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა. ავტორი - ლევან ახალაია
  24. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა შეზღუდვები, რომელიც უკრაინას არ აძლევდა საშუალებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმისთვის შტატების მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა. Reuters-ს წერს, რომ აღნიშნულის შესახებ სამმა ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა. წყროები აცხადებენ, რომ უკრაინა გეგმავს უახლოეს დღეებში განახორციელოს თავისი პირველი შორი დისტანციის შეტევა. მათივე თქმით, პირველი დარტყმები, სავარაუდოდ, განხორციელდება ATACMS-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით, რომელთა დიაპაზონი 190 მილამდე (306 კმ) აღწევს. გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ეს წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და ეს ხდება დაახლოებით ორი თვით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი დაიკავებს თანამდებობას. გაურკვეველია, გააუქმებს თუ არა ტრამპი ბაიდენის გადაწყვეტილებას, როდესაც ის თანამდებობას დაიკავებს. ცვლილება მოჰყვა რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგებას საკუთარი ძალების გაძლიერების მიზნით, რამაც გამოიწვია შეშფოთება ვაშინგტონსა და კიევში. პუბლიკა
  25. კვირას საღამოს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმში საცხოვრებელ კორპუსზე. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 10. უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის მეთოდები გამოიყენა და სარაკეტო იერიში მიიტანა მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დეპარტამენტის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მინიმუმ 10 მაღალსართულიანი შენობა და მანქანები. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაწერა: პუბლიკა
×
×
  • შექმენი...