-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
განათლების მინისტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა. საგამოცდო პროგრამა დამტკიცებულია 12 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენები; ისტორია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 1 ტვ -
გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა, რკინის კარზე ბოქლომი დადებული დახვდათ წარწერით, რომ ის ერთი კვირა არ უნდა მოეძებნათ. „ვეძებდით, რადგან ქირა მქონდა მისაცემი, მაგრამ კარებს ბოქლომი ედო, რაც არ გაგვკვირვებია, რადგან შვილი ჰყავდა ცუდად, საავადმყოფოში იწვა და გვეგონა, იქ წავიდა. კარებზე ქართულად იყო მიწერილი, 1 კვირა არ ვიქნებიო, არადა ეს ქალი რუსულენოვანია. ალბათ, მკვლელმა ამ წარწერით დროში მოიგო და გაქცევა კარგად მოასწრო, თან კარს ბოქლომიც დაადო და ჩაკეტა. შვილებიც ეძებდნენ, ერთი შვილი მოვიდა, დედას ვურეკავ და არ მპასუხობსო. შვილი რომ ურეკავდა, ტელეფონის ზარის ხმა შიგნიდან ისმოდა, მერე 112-ში დარეკა და ეს საშინელი სურათი დახვდა. საწოლები არეული იყო, ალბათ, ფულს ეძებდნენ, სახეში ნარტყამი და თავი გატეხილი ჰქონდა, ალბათ, რაღაც ჩაარტყეს, სისხლში ცურავდა. ეს ქალი სულ მაფრთხილებდა, კარი ბოქლომით დაკეტეო, სულ ფრთხილობდა, სახლში არავის უშვებდა, პატარა ფანჯარა ჰქონდა და იქიდან გამოგხედავდა, თუ გიცნობდა, შეგიშვებდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მკვლელი ნაცნობია. ეს ქალი არ იყო ის ადამიანი, სახლში უცხო შეეშვა. ამბობენ, ოქროც წაიღესო, მეტი რა ჰქონდა სახლში, არ ვიცი“, - აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ -
აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პროკურატურამ 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ის თავს დაესხა პოლიციელს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25 ნოემბერს დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ ანატოლი გიგაურს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუბლიკა -
მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როდესაც გადავწყვეტთ, ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიულ დაფინანსებასა თუ სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არსებობს. „შინაარსზე საუბრისგან როდესაც დაცლილი არიან პოლიტიკური პარტიები, იწყებენ მანდატების ჩახსნით საუბარს. მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით – პირველებმა, სხვათა შორის – რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და პირველ სხდომაზე ეს ყველამ ნახა. ამიტომ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. აბსოლუტურად ერთნაირი პოზიციაა ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პარტიული დაფინანსება თუ სხვა ნებისმიერი ტექნიკური საკითხი. ჩვენ უარს ვამბობთ, რა თქმა უნდა. ინდივიდუალურად ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს ტექნიკური საკითხია, ინდივიდუალურად უნდა მიმართო, თორემ პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაზღვრავს ამ ტექნიკურ ნაწილს. ამაზე გითხარით, რომ ეს არც „ნაცების“ გადასაწყვეტია და, მით უმეტეს, არ მივცემთ შესაძლებლობას ივანიშვილის „ოცნებას“, რამე გავლენის ბერკეტი ჰქონდეს ჩვენზე. ამიტომ, როდესაც გადავწყვეტთ და რა ფორმითაც გადავწყვეტთ, ისე გავაკეთებთ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტში სიარულზე უარის თქმა და სიების არჩახსნა ხომ არ ნიშნავს ბოიკოტს, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ბოიკოტი სხვა ტექნიკური პროცედურაა. „ბოიკოტი კიდევ სხვა ტექნიკური პროცედურაა, რომელსაც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეს სხვა, ბევრად უფრო მძიმე პოლიტიკური წონის გადაწყვეტილებაა, როდესაც პარლამენტს არ აღიარებ და არ აძლევ ლეგიტიმაციას და არ ხარ პარლამენტში წარმოდგენილი. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ბოიკოტის დაწერაზე ან სხვა რაიმე ფორმით კიდევ პროტესტის დაფიქსირებაზე, ეს ჩვენი არსენალის ნაწილია და ამას როდის და რა ფორმით გავაკეთებთ, ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკის და სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა ლილუაშვილმა. ბექა ლილუაშვილმა პარლამენტარის ხელფასის აღებაზეც გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ხელფასს არ აიღებენ. „ამასთან დაკავშირებითაც, როდესაც დრო მოვა, გვექნება პოზიცია. ერთი რამ არ დაავიწყდეს არავის ამ ხელფასებზე, ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის პატრონი ივანიშვილი კი არ არის ან „ქართული ოცნება“, საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენ როგორც დაფინანსებაზე, ისე ხელფასებზე ერთიანი პოზიცია გვექნება და ამაზე ვისაუბრებთ, როდესაც ამის დრო მოვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა. ავტორი - ლიზი ჩიმჩიური ფოტო - პუბლიკა
-
პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ საკუთარი აზრი არავის დაუფიქსირებია. ამასთან, როგორც საკითხის მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა, მეორე ტურიც 14 დეკემბერს ჩატარდება. „პრეზიდენტის არჩევა ხდება ხუთი წლის ვადით. გთავაზობთ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2024 წლის 14 დეკემბერს. იგივე საკანონმდებლო დანაწესებით, ინაუგურაცია ტარდება მესამე კვირას ანუ პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება 2024 წლის 29 დეკემბერს. ამით სრულად ჩავეტევით იმ საკონსტიტუციო დანაწესში, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევას 5 წლის ვადით. ამჯერად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ამ სამასი წევრიდან 150 არის პარლამენტის წევრი. ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით ანუ 21 წევრი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და დარჩენილი 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ეს კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ პირველივე ტურში აირჩეს კანდიდატი, საჭიროა, რომ მან მოაგროვოს კოლეგიის წევრთა ხმების 2/3-ის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში თუ 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ იმართება მეორე ტური. არჩევნებთან დაკავშირებით კანონში არის ასევე განსაზღვრული დრო და ის დაიწყება 09:00 საათიდან. თუ ამის საჭიროება იქნება, არჩევნების მეორე ტურიც დაინიშნება იმავე დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის. და ბოლოს, ამ დადგენილების პროექტის შესაბამისად 14 დეკემბერს ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები“, - განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
-
ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ, იტყობინება მოძრაობა „ქარები“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ „პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც მოგვპარა რაღაც“. „ისტორიული დღეა. ევროპარლამენტის წინ ვშლით კარვებს ქართველები და ვიწყებთ შიმშილობას, კონკრეტული მოთხოვნით: არ აღიარონ გაყალბებული არჩევნების შედეგები, გამოფხიზლდეს დასავლეთი და დაასანქციროს ის პირები, ვინც გააყალბა არჩევნები“, – ამბობს იგი. დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი შეიკრიბა. სხდომას დაესწრნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათვე აღიარეს პარლამენტის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რაც, კონსტიტუციონალისტების თქმით, იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს სარჩელის განხილვის დასრულებამდე შეკრების უფლება არ ჰქონდა. გარეკანის ფოტო: მოძრაობა „ქარები“ ნეტგაზეთი
-
ლევან იოსელიანი - საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმური იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. „საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ. შესაბამისად, არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო“, - განაცხადა იოსელიანმა. ომბუდსმენის განმარტებით, ყველა სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, არის განხილვის საკითხი. „საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ, ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, - განაცხადა იოსელიანმა. იპნ -
„ქართული ოცნების“ პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს 11:00 საათზე იქნება ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა, სადაც განიხილება მთავრობის შემადგენლობა და შემდეგ 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება მთავრობა. მისივე თქმით, დღეს, 26 ნოემბერს მინისტრობის კანდიდატობის მოსმენები გაიმართება. კერძოდ, დღეს თავდაცვის, იუსტიციის, შერიგებისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან კომიტეტების წინაშე. ასევე, დღესვე, 13:00 საათზე დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებზე წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი. ხვალ, 27 ნოემბერს 11:00 საათიდან კი განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის კომიტეტი შეიკრიბება, სადაც განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან. პუბლიკა
-
პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, 85 ხმით დაამტკიცეს. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა - მას 300 პირისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სახელმწიფო მეთაურის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურები სესიაზევე განმარტა შალვა პაპუაშვილმა. იპნ
-
პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის. ამ კენჭისყრით მან თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება, რომელიც ასევე აკრძალულია კონსტიტუციით , - ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ XI მოწვევის პარლამენტი და მისი უფლებამოსილება. ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა იმაზე, თუ რა ტიპის გადაწყვეტილების მიღებაა შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ხელი შეეშალა დღევანდელი სხდომისთვის. კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ პარლამენტს უფლებამოსილება ექნებოდა მოეწვია XI მოწვევის პარლამენტი თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად არ ცნობდა სარჩელებს. „ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტს უფლება არ აქვს იმსჯელოს პარლამენტის წვერთა უფლებამოსილების ცნობაზე. მოდი, ვთქვათ რა შემთხვევაში ექნებოდა უფლება პარლამენტს: იმ შემთხვევაში თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად არ ცნობდა ამ სარჩელებს, მაგრამ ასეთი რამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუკეთებია. ან თუ დასაშვებად ცნობდა, მაგრამ შემდგომ არ დააკმაყოფილებდა სარჩლებს, არც ერთი მომხდარა, არც მეორე, ამდენად პარლამენტს საერთოდ არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის. ამ კენჭისყრით მან თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება, რომელიც ასევე აკრძალულია კონსტიტუციით. ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული ყველა გზა. ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რაც კი ვინმეს თავში მოუვა, რომ მას არ შერჩეს ხელისუფლების მიტაცება. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შეიძლება შემდეგში ისეთი რაღაცები ჩაიდინოს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფებს“, - განაცხადა ხმალაძემ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, ხმალაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია თუ სწორი მოსარჩელეები იქნებიან. „რამდენადაც ვიცი შესაძლებელია თუ სწორი მოსარჩელეები იქნებიან. ვიცი ერთი რამ, რომ არსებობს იმ სუბიექტთა წრე, რომელსაც შეუძლია არჩევნებთან დაკავშირებით მიმართოს სტრასბურგს. ის, რომ ხელისუფლებაზე სხვადასხვა ზემოქმედება განხორციელდეს, რომ ის დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, ამაზე უნდა ვთქვა ერთი რამ, რომ კონსტიტუცია არის ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი უფლებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციასაც სჭირდება დაცვა. როდესაც ვინმე ცდილობს დაარღვიოს კონსტიტუცია, ჩვენ კონსტიტუცია უნდა დავიცვათ. ვინ ვართ ჩვენ? - ხალხმა უნდა დავიცვათ. კონსტიტუციაში წერია, არავის აქვს უფლება ხელისუფლება მიიტაცოს . ეს ტყუილად კი არ წერია. ასეთი რაღაცები მომხდარა და მოხდება კიდეც“,- აღნიშნავს ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს. „პასუხი არის მარტივი: ეს არის ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ეს არის ის ქმედითი იარაღი, რაც წერია კონსტიტუციური სამართლის ყველა სახელმძღვანელოში, რომ რიგგარეშე არჩევნები ინიშნება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, მაგრამ „ქართული ოცნების“ თავში ეს არ შედის“, - განაცხადა ხმალაძემ. იპნ
-
ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების - მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ მიმართვაში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ „მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე“, არამედ მთავარი მოვალეობაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება. „საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად. ეს დრო ნამდვილად მოდის. დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე, არამედ მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად. მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
-
ბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში გამართულ პირველ სხდომას თვალს ადევნებდნენ. გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და გაჟღერებულია მოწოდება მთავრობის მიმართ, განახორციელოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები. XI მოწვევის პარლამენტმა დღეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. პუბლიკა -
მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა, თუ დაჩოქების, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში. როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს დეპუტატები პარლამენტში „გაყინული სახეებით“ ისხდნენ, რადგან მათ იციან, რომ არიან „გაყალბებული არჩევნების შედეგი“. „მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა თუ დაჩოქების“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
-
რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგ-პოსტში წერს. ბორელის თქმით, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, განსაკუთრებით ევროპაში, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები კი ევროპამ უკვე ნახა საქართველოსა და მოლდოვაში. „ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. თუ ვლადიმერ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის თავის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ აუცილებლად გააგრძელებს, განსაკუთრებით კი ევროპაში. ჩვენ ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში უკვე ვნახეთ. ევროპის გარდა, თუ ჩვენ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში ვერ დავეხმარებით, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელსაც გლობალურად ხელს ვუწყობდით, ჩამოინგრევა“, - წერს ჯოზეფ ბორელი. მისივე თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ევროპისთვის გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო. „როგორც პოლიტოლოგმა, ივან კრასტევმა რამდენიმე კვირის წინ მართებულად აღნიშნა დებატების დროს, რომელშიც მონაწილეობა მეც მივიღე, გაღვიძებასა და მოქმედებისთვის საწოლიდან წამოდგომას შორის განსხვავება არსებობს. როგორ ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის აგრესიამ ევროპაში ბევრი გამოაღვიძა, მაგრამ ჯერ საწოლიდან არ წამომდგარან“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი. იპნ
-
ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”. მისი თქმით, არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა. დღეს, 25 ნოემბერს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის მიუხედავად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს XI მოწვევის პარლამენტი იკრიბება. პირველ სხდომაზე მოისმენენ ცესკოს თავმჯდომარის მოხსენებას და შეიქმნება სამანდატო კომისია, რომელმაც უფლებამოსილების ცნობისთვის არჩეული დეპუტატების სია უნდა შეადგინოს. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. პუბლიკა -
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ დღეს 25 ნომებერს, პარლამნეტის პირველი სხდომის ჩატარება და ადეპუტატების უფლბამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, ირღვევა პარლამენტის რეგლამენტიც. TI ჩამოთვლის იმ სამართლებრივ არგუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ აქტივობებს უკანონოს უწოდებს: საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი. ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტისწევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევის გამო. უნდა აღნიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არჩევნების შედეგი არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის, რომელიც საარჩევნო დარღვევებს შეისწავლის. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია წარდგენილი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. “ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა”, – აცხადებენ TI-ში. ნეტგაზეთი
-
ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დავით სონღულაშვილი. სამივე მათგანმა არაერთხელ მისცა ხმა რუსულ კანონს პარლამენტში. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ევროინტეგრაციის კომიტეტს. ბოჭორიშვილი იყო „ქართული ოცნების” 2024 წლის საპარლამენტო სიის მე-10 ნომერი. ანრი ოხანაშვილი IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია. 2019 წლიდან იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. რუსული კანონის განხილვის დროს ონახაშვილი მყისიერად უთიშავდა მიკროფონებს ყველას, ვინც იყენებდა ტერმინს „რუსული კანონი”. დავით სონღულაშვილი ასევე იყო IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, „ქართულ ოცნებას” პარლამენტში 89 მანდატი ჰქონდა. ვინაიდან ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები იყვნენ საპარლამენტო სიაში, მათ ადგილს სიაში მომდევნო კანდიდატები დაიკავებენ: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე და სალომე ქურასბედიანი.
-
ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა - 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გატარებული ზომები მედიასაც აძლევს შესაძლებლობას, რომ შეფერხების გარეშე იმუშაონ. „ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რათა მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა. მედიასაც გქონდეთ შესაძლებლობა, შეფერხების გარეშე იმუშაოთ. ალბათ, 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ვინც აქ იყავით, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან. ვფიქრობ, კარგი ფორმატია იმისთვის, რომ სამუშაო გარემო გქონდეს“, -აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. იპნ
-
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება. თავდაპირველად, პარლამენტის აპარატი, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას განახორციელებს, პარლამენტის წევრები სხდომაზე დასწრებას სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით დაადასტურებენ. პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია - ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნება. რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს. რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ის 17 წევრის შემადგენლობით იქმნება და უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე შეუწყდება. რეგლამენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. თავის მხრივ, დროებითი სამანდატო კომისია დოკუმენტებს შეისწავლის და შედეგებს დადგენილების პროექტში ასახავს. პარლამენტი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით სცნობს. აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში ის პირი არ შეიტანება, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია. პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: - “მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ “ვფიცავ“ და ხელს მოაწერენ ტექსტს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: - აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. პარლამენტის პირველი სხდომა აღნიშნული საკითხების ამოწურვამდე გაგრძელდება. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა. “ქართული ოცნების“ გარდა, არცერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ipn -
პრემიერ-მინისტრი 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
25 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი განცხადებას 10:00 საათზე გააკეთებს. უცნობია, კონკრეტულად, რა საკითხზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე. იპნ -
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისში კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც ლექტორ-მასწავლებლების მარშს შეუერთდნენ. მარშის ორგანიზატორებმა მსვლელობისას მოქალაქეებს მოუწოდეს ხვალ, 25 ნოემბერს შეუერთდნენ დაგეგმილ საპროტეტსო აქცია პარლამენტთან. თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იყო დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში. 17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე. 17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეებმარუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართეს მსვლელობა. 21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან. პუბლიკა