Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32 წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა. აღინიშნება, რომ შეერთებული შტატები „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“. შეერთებული შტატები ემზადება გამოიყენოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები. „შეერთებული შტატები 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება ჩვენს საერთო სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი და სურვილს, დავინახოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიმუშავეთ საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა საქართველოს განევითარებინა ეკონომიკა, გაეუმჯობესებინა განათლების სისტემა, გაეზარდა თავდაცვის შესაძლებლობები და გაეფართოებინა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად აგონ პასუხის. შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მის დემოკრატიულ მისწრაფებებს. ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც ახშობს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე - პასუხი უნდა უნდა აგონ. ორმხრივი თანამშრომლობის მანამდე გამოცხადებული ყოვლისმომცველი გადახედვის გაგრძელების გარდა, შეერთებული შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები”, - წერია განცხადებაში. იპნ
  2. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს. „რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე კიდეც ერთ პოსტს აქვეყნებს. „რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას "პრევენციას“ უწოდებს“, - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი. იპნ
  3. „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ პოლიციამ პარტიის წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავა. ბუაძის თქმით, მიზეზი სამთავრობო არხებზე: იმედზე, პოსტივიზე, სამთავრობო ონლაინმედია „კვირაზე“ ასული ვიდეოა, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და რომელშიც, არხის მტკიცებით, კასრაძე და კაძელაშვილი „ძალადობრივ გეგმაზე“ ლაპარაკობენ. „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება. პუბლიკა
  4. ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ წერს, რომ მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. „პუბლიკა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. პუბლიკა
  5. მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსის. შემთხვევა დღეს, 4 დეკემბერს, მწერალთა სახლში იმ დროს მოხდა, როცა იქ მწერლები იყვნენ მისული და მოითხოვდნენ, რომ მწერალთა სახლს შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება. ანალოგიური მოთხოვნით მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მწერალთა სახლში გუშინ, 3 დეკემბერსაც იყვნენ. ისინი მწერალთა სახლის დირექტორის ქეთევან დუმბაძესთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა, უშედეგოდ. ნეტგაზეთი
  6. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვკლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. იპნ
  7. ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი, - ამის შესახებ „დაიტოვეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სამართალდამცავებმა მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. როგორც ღლონტმა აღნიშნა, მისი სახლიდან პოლიციამ ამოიღო პირადი მობილური, ტექნიკა და ლეპტოპი. „ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ პირიქით, მეგობრებო, თქვენ თუ დღეს ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იმავენაირად მოხდება ყველაფერი, როგორც ჩემ მიმართ მოხდა და ხვალ, ზეგ, თქვენ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო, იმის გამო, რომ „ფეისბუკზე“ დამოუკიდებელ აზრს დაწერთ, მოგადგებიან თქვენც. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეშინდეთ! ბრძოლა ახლა იწყება! ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად! მე ვსაუბრობ ამას იმ ბავშვების, დიდების, იმ ადამიანების სახელით, ვისაც აქციებზე ყოველდღე ვუყურებ. ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მიმართ ძალადობა, დაშინება. უნდათ ვიღაცამ საკუთარი მოქმედება, თავისუფალი აზრის გამოხატვა შეაჩეროს. დაკავების საფრთხეც და ყველანაირი საფრთხეც, რა თქმა უნდა, იქნება. ამოიღეს ტექნიკა, ჩემი პირადი მობილური და ლეპტოპი. ეს ამოიღეს, გასაგებია რისთვისაც... ჯგუფში რაც "იპოსტება", ყველა ხედავს, ამას არ სჭირდება არანაირი გამოძიება. ამის იქით არაფერი ხდება. უბრალოდ ეს არის დაშინება, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ამ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტის გამოხატვა. [მედავებიან] ჯგუფური ძალადობისა და არეულობისკენ მოწოდებას. ჩემი ტექნიკა ამოიღეს იმისთვის, რომ ამოიღონ ინფორმაცია, სავარაუდოდ. მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. ხალხი აქაც მოვიდა და ხალხი მოვა ყველგან, სადაც იქნება უსამართლობა. ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით! არავის ეგონოს, რომ მე მეშინია ან ამით ვინმეს დააშინებენ! ყველაფერი გრძელდება და ბოლომდე ვიდგებით ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ხალხი ქუჩაში არის გამოსული ინდივიდუალურად, თავისი პირადი პასუხისმგებლობებით, თავისი სურვილითა და ნებით, არანაირი მოწოდება, ორგანიზება ამის არ ხდება. გადახედეთ იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე დგანან, ჩახედეთ მათ თვალებში, ჩახედეთ იმ ჟურნალისტებს თვალებში, რომლებსაც მოძალადეები სცემენ, ამაზე არ იწყებენ გამოძიებას და რა სამართლიანობაზეა საუბარი?! რა სამართლიანობაზეა საუბარი, როცა პირდაპირ ეთერში სცემენ ბავშვებს, ჟურნალისტებს იჭერენ, ამაზე არანაირი გამოძიებას არ იწყებენ, იწყებენ რაღაც „ფეისბუკ“ ჯგუფში მოწოდებისკენ, რაღაც უაზრობებს. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად, ავტორიტარული სახელმწიფოს კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ხალხი დააშინონ, რათა ისინი არ გამოვიდნენ ქუჩაში. ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს! ჰგონიათ, რომ ახლა შემოვარდებიან სახლებში, წაიღებენ ჩვენს ტექნიკას... იპოვიან იმავეს, რაც ჯგუფში წერია, ამის იქით არაფერი ყოფილა. „დაიტოვე“ არის ყველაზე ძლიერი სამოქალაქო პლატფორმა”, - განაცხადა ილია ღლონტმა. ცნობისთვის, ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიცია იყო შესული. იპნ
  8. სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ "დაიტოვეს" აქტიურობას უკავშირდება. „მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბრება უნდათ. დავიბენი, პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში ასეთ რამეს. პოლიციას მაშინ ვიძახებ, როცა მიჭირს და ვიძახებ, რომ დამეხმარონ",-განაცხადა ქრისტინე ბოტკოველმა. მისი განმარტებით, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, იგეგმება თუ არა სახლში ჩხრეკა. ის სამართალდამცველების დაკითხვას ჯგუფ "დაიტოვეს" საქმიანობას უკავშირებს. "აქტიური ადამიანი ვარ და ალბათ, ვიღაცებს თვალში ვეჩხირები",-განაცხადა ბოტკოველმა. ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. იპნ
  9. ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლების” და ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ. “ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა. ნეტგაზეთი
  10. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, აღნიშნულმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს. “საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, უკურეაქცია გამოიწვია ჩემმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დაჯდომასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში, რათა არ გამოვიწვიო საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და პატივი ვცე მათ ემოციებს. როგორც ადრეც დავაფიქსირე, არა პროტესტანტების, არამედ ჩემი ინიციატივით მივდიოდი და ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ამ ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს საზოგადოებაში. ამასთან, როგორც ვუყურებთ, ჩხრეკების და დაკავებების ახალი ტალღა დაიწყეს დღეს. აქვე გიზიარებთ ჩემს პოზიციას, რის გაჟღერებასაც ვაპირებდი: - სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ასობით მძიმედ დაშავებულ პროტესტანტს. - სრული სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულ ჟურნალისტს. - სრული სოლიდარობა და თავისუფლება ყველა დაკავებულ პროტესტანტს. - სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და ამისთვის, სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან. ამ ყველაფრის განმახორციელებელი, პირდაპირ ეწინააღმდეგება არათუ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ვერასდროს გააწევრიანებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში, თუმცა თავისუფლად აქცევს რუსულ ჭაობად. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სრული მიტაცებაა. ამასთან მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარება და შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სწორედ ამიტომ არ ხდება ევროკავშირის მიერ გაცემული მოლაპარაკებების გასახსნელად საჭირო 9 რეკომენდაციების შესრულება. "ქართული ოცნება", არათუ არ, არამედ ვერ გახსნის მოლაპარაკებებს, რადგან მათ არ შეუსრულებიათ აღნიშნული რეკომენდაციები და არც მომავალში აპირებენ, რომელიც არის წინაპირობა მოლაპარაკების გასახსნელად, და გაცხადებულია 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ. ეს ანგარიში გამოქვეყნებულია და ყველას შეუძლია გაეცნოს ქართულ ენაზე. კობახიძე არ არის ხალხის მიერ არჩეული, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული. მათი მხარდამჭერთათვისაც კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ის, რომ ე.წ. არჩევნების წინ პარტიის პირველ ნომრად იყო ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი და დღეს ისევ გაუჩინარდა. ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, სხვა დამნაშავეებთან ერთად“, - წერს მიხეილ ჯანელიძე. იპნ
  11. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. „პარტიის ოფისში დაახლოებით, 20-ზე მეტი ადამიანი იყო შესული. აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვთხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, წავიდნენ. ჯერჯერობით წავიდნენ. პოლიტიკური პარტიების ოფისებში ყველა უნდა იყოთ ფრთხილად,“ - განაცხადა გვარამიამ. იპნ
  12. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ. „სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა სოფო ჯაფარიძეს. იპნ
  13. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმარისი წინდახედულობა და რწმენა ეყოფა, რომ სხვის ბინძურ და ძალიან საშიშ თამაშში მარიონეტი არ გახდეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. იპნ
  14. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. იპნ
  15. ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებიან სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში. ipn
  16. საჯარო სექტორში, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული 300-მდე ადამიანი ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია. ასევე, გმობს აქციის მონაწილეებზე ძალადობას. განცხადებაში ვკითხულობთ: განცხადებას ხელს აწერენ მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სემეკის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, სერვისების განვითარების სააგენტოს, თავდაცვის, განათლების, გარემოს, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, საჯარო სამსახურის ბიუროს, ციფრული მმართველობის სააგენტოს, ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, აღსრულების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სტატისტიკის სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ქონების ეროვნული სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლები. განცხადება ღიაა და ხელმოწერა შეუძლია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ, ნებისმიერ ადამიანს. ხელმოწერისთვის ბმული იხილეთ აქ publika
  17. „დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ! ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე წერს. როგორც კამპკამიძე განმარტავს, შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს ქიმიურ იარაღად აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მიტინგის მონაწილეებისაკენ. მისივე განმარტებით, ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიური ნივთიერების გადამტანს. პუბლიკა
  18. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი. მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე, სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  19. სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე „ტვ პირველს“ მისი დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ უყვება, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული – მათი უმეტესობა ამბობს რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუბლიკა
  20. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება „კარგი არ არის“. „რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ხდება, სამწუხაროდ, არ არის კარგი. არ წაადგება და ადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ვისურვებდი, ამ ურთიერთობებში ხინჯი არ შესულიყო. გიდასტურებთ, რომ შეჩერდა CDC-ს პროექტები, ათობით პროექტი იყო, რაც დაპაუზდა. სხვა პარტნიორებთან, როგორიც არის საფრთხის შემცირების სააგენტოს პროექტები გრძელდება, მას შორის აშშ-ს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები. ის, რომ ათობით პროექტი დაპაუზდა, კარგი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწრაფად იყოს აღდგენილი. სახელმწიფო შედარებით ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში ვიყავით. 2 მილიონი სერიოზული ციფრია, მაგრამ ურთიერთობები ფულში არ გამოიხატებოდა. ისინი აღგვიქვამდნენ სტრატეგიულ პარტნიორებად, ამიტომ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩემს ყოფილ თანამშრომლებს აღარ ეძლევათ კონფერენციებზე სიარულის და ტრენინგებზე დასწრების საშუალება. ამის შენელებას ვანიჭებ მნიშვნელობას, ვიდრე თანხობრივ ნაწილს. სახელმწიფოს შეუძლია კომპენსირებით ამის გაკეთება და როგორც ვიცი, ნაწილს აკეთებს. მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რაც CDC-სთან იყო და დაპაუზებულია. ვისურვებდი, სწრაფად აღდგენილიყო ურთიერთობები აშშ-თან. მთლიანად ქვეყანას განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გაგვიჭირდება. ვისურვებდი, ჯანდაცვის სფეროში ეს პროექტები მალე აღდგენილიყო“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. იპნ
  21. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  22. ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაშია და იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. როგროც ექიმი ამბობს, ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას.“ თუმცა, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას. 3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ალექსი თირქიაა. ექიმის თქმით, კაცი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. მისივე განცხადებით, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია, აქვს გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმისვე თქმით, პაციენტი ამბობს, რომ ჰქონდა ტრავმა ბლაგვი საგნით, თუმცა, ვინაიდან გონება დაკარგა და მომხდარს ზუსტად ვერ იხსენებს. ექიმის თქმით, თირქიას ოპერაციის ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. მისივე განცხადებით, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ. ახალგაზრდა კაცს სახეზე სავარაუდოდ სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსული მოხვდა. დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული. იოსებ ჩანადირისვე თქმით, ალექსი თირქიას ორივე მშობელი ემიგრაციაშია. პუბლიკა
  23. „მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”. ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ. „ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გამტკიცების მიმართ ქართველი ხალხის აშკარა და უსაზღვრო სწრაფვის სრული ღალატია. ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმისკენ მიდრეკილი მთავრობის საქციელი, არამედ თავდაუჯერებელი რეჟიმისა, რომელიც საქართველოს რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიათრევს. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს”, – აცხადებენ სენატორები. „მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას. იმ ქართველმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და დემოკრატიული პრინციპების რღვევაზე, პასუხი უნდა აგონ”, – წერენ სენატორები. ნეტგაზეთი
  24. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს. „ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი. მის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ავრცელებს. ნეტგაზეთი
  25. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას , - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს პატივი სცეს და დაიცვას, ოთხი ღამის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც გამოირჩეოდა ძალადობით, პოლიციის მიერ არაპროპორციული და ზოგიერთ შემთხევაში, გადამეტებული ძალის გამოყენების საშუალებით დარბევით. „გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს“, - აცხადებს ვოლკერ თურქი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქიმიური გამაღიზიანებლები გამოიყენეს. ასევე, ზოგიერთ მათგანს უცნობი პირები დაედევნენ და სცემეს. ასევე, უმაღლესი კომისარი დემონსტრანტებს საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოხატვისკენ მოუწოდებს. „გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთმა უსაფრთხოების ძალებს ქვები, ფოიერვერკები და ბოთლები ესროლა და პარლამენტის შენობა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინიმუმ მისი 113 თანამშრომელი დაშავდა“, - ნათქვამია ვოლკერ თურქის ოფისის განცხადებაში. ვოლკერ თურქის განცხადებით, დარღვევებზე დამნაშავედ გამოვლენილმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს და ასევე, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებების გამოძიება უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ამ მხრივ გამოწვევას სპეცრაზმის ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების ან სახელების არარსებობა წარმოადგენს. „ეს ინციდენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას, როდესაც საქმე საქართველოში სამართალდამცავების ინდივიდუალური ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას ეხება“, - აღნიშნავს ვოლკერ თურქი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, რომ დაკავებულებს შორის ბავშვებიც არიან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მათი უფლებები სრულად დაცული უნდა იყოს. „ყველა, ვინც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების კანონიერი გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ყველა სხვა ბრალდებულს სათანადო პროცესის, უდანაშაულობის პრეზუმფციის, ადვოკატის, ასევე, წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი. ვოლკერ თურქი საქართველოში საზოგადოების ყველა ნაწილს მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ საზოგადოების ყველა შემადგენელ ნაწილს, მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნოს და ნებისმიერი უთანხმოება გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დადგენილი სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით გადაჭრას“, - აღნიშნავს ვოლკერ თურქი. ipn
×
×
  • შექმენი...