Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. 8 დეკემბრის ღამის 4 საათისთვის თბილისში პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ათი დღეა საპროტესტო აქციები იმართება საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს. როგორც ადგილზე მყოფმა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, "მოეწყობა, გალამაზდება" იქაურობა. "ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის", - უთხრა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას პირდაპირ ჩართვაში. საახალწლო ნაძვის ხის დადგმას შეესწრო აქტივისტი მაკუნა გოჩიშვილი, რომელიც მეათე დღეა რუსთაველის გამზირზე აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას "ქართულმა ოცნებამ" 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. მაკუნა გოჩიტაშვილის თქმით, ნაძვის ხის დადგმას იმ ადგილას, სადაც ადამიანებზე ძალადობენ, აღიქვამს დაცინვად. "ეს ნაძვის ხე არის დაცინვა, პირადად ჩემი შვილების დაცინვა, რომლებიც ყოველ დილით მეკითხებიან ხომ არ დამიჭირეს, იმ ადამიანების ვინც დაიჭირეს, იმ ჟურნალისტების, ვინც გუშინ სცემეს და იმ ხალხის დაცინვა, ვისი ხმაც არ ესმით. წარმოუდგენელია, ეს არის პროვოკაცია სახელმწიფოს მხრიდან. ათი დღეა ათობით ათასი ადამიანი გამოდის კონკრეტული მოთხოვნებით, 10 დღეა არანაირი პასუხი არ აქვთ. გარდა იმისა, რომ უსახო ადამიანებს აცემინონ ჩვენს თავს და მერე ნახვის ხეს მიდგას აქ. ბოღმა მახრჩობს", - უთხრა მაკუნა გოჩიტაშვილმა რადიო თავისუფლებას. რომლის თქმითაც არავითარი ახალი წელი არ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამოვა კრიზისიდან და საიდანაც გამოსავალიც არის ხელახალი არჩევნების დანიშნა და ჩატარება ნეიტრალური კომისიის მიერ. მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ ნაძვის ხის მოწყობის შესახებ შეიტყო, ადგილზე მივიდა გიორგი მონავარდისაშვილი. ის მუშებს გაფიცვისკენ მოუწოდებდა და უხსნიდა, რომ მათ აქვთ უფლება, არ შეასრულონ დავალებები. "სახლში ვიყავით მისულები აქციიდან, ეს ამბავი გავიგეთ და დავბრუნდით. არ მივესალმები აქ ნაძვის ხის დადგმას. რა საჭიროა ეს რაღაც ჭიდაობა თბილისელებთან, დღე და რამე აქ ხალხს თავებს უტეხენ, მართლა მანაღვლებს ამ კონსტრუქციის სიჯანსაღე" - თქვა გიორგი მონავარდისაშვილმა. "თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, დღეს რაც ხდებოდა, იმ სისხლისღვრის ფონზე, იქ სადაც ჟურნალისტების და აქტივისტების სისხლია დაღვრილი იქ ნაძვის ხეს დგამენ. დრო იხელთა, მოასწრო კალაძემ სანამ წასულები ვიყავით, დაგვიგულა და დადგა ეს რკინის კონსტრუქცია",- თქვა სოფო კუჭავამ. თბილისში პროევროპული აქცია-მსვლელობა 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეათე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საღამოს ხუთი საათისთვის დაიწყო და 7 საათისთვის, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. აქცია რამის 2 საათისთვის დასრულდა. პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე. ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვე, რომ ორივე ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას. ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს. მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე". რაც შეეხება პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმას, 6 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ესმის კონკრეტული განცხადებები საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით "რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია" "თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თბილისის მერია წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობს ახალი წლის ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამისთვის 8 576 967 ლარი დაიხარჯება. ათი ღამეა თბილისში დემონსტრაციები იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც, მათ მოთხოვნებს ბოლო დღეებში შეემატა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც. მომიტინგეები მათ "პოლიტპატიმრებად" მიიჩნევენ. აქციების მეათე ღამეს, სამართალდამცველებს, სავარაუდოდ, არცერთი დემონსტრანტი არ დაუკავებიათ. დემონსტრაციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 386 ადამიანი. 28 პირს კი სისხლის სამართლის დანაშაულები ედებათ ბრალად. რადიო თავისუფლება
  2. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის ესაუბრა. X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ ამხილა საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ზურაბიშვილი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს. პუბლიკა
  3. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს. „ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს!“ - წერს პრეზიდენტი. გარდა ამისა, კიდევ ერთ პოსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს: „ტერორი საქართველოში: ამაღამ რუსული რეჟიმი თბილისში დაბრუნდა სამსახურში-ქუჩებში მშვიდობიან მოსახლეობას დასდევს, როდესაც ისინი გაურბიან ტერორს, მიზანში გყავს ამოღებული პოლიტიკოსები, მედია, ხელოვანები ... ოპოზიციის ოფისების კარების შემტვრევა რეიდებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევის მიზნით“, - აღნიშნავს პრეზიდენტი. ასევე, სალომე ზურაბიშვილი წერს: „გაუსაძლისი საყურებელი, უდავო მტკიცებულება - და მაინც, პოლიციისა და პასუხისმგებელი ხელისუფლების მხრიდან ურეაქციობა. მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ქუჩაში განხორციელებული სისასტიკისთვის და დაუყოვნებლივ დააკავოს დამნაშავეები“. კიდევ ერთ პოსტში პრეზიდენტი აღნიშნავს: „მე-10 დღე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა თავისი სათქმელი. ბრძოლა მომავლისთვის გრძელდება. ვერცერთი რეჟიმი ვერ აღუდგება ხალხის ნებას, არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებებს გამოიყენებენ. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ამას დაიმახსოვრებს“. იპნ
  4. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. „სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, დღეს საღამოს პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრო. იპნ
  5. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ და ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი. მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ბესიკის ქუჩაზე, პარტია ახალის ოფისში ე.წ. ტიტუშკების შეჭრას აშუქებდა „ტვ პირველის“ ჯგუფი, რა დროსაც არხის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაართვეს აპარატურა. პუბლიკა
  6. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. იპნ
  7. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. სახალხო დამცველის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. "ამ შემთხვევაში, იქ რაც ხდებოდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, ამაზე კითხვის ნიშნის დასმაც ზედმეტია. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას, რომ სასწრაფოდ აღკვეთონ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ და რა კადრებიც ვრცელდება. გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი, არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ასე, რომ ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით. ამ არაფორმალური ჯგუფები, თუ ვინც არიან, შავებში ჩაცმული ადამიანების თარეში უნდა აღიკვეთოს და აუცილებლად ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, -განაცხადა ლევან იოსელიანმა. „ტვ.პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. იპნ
  8. მსახიობ გიორგი მახარაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გიორგი მახარაშვილი აცხადებს, პოლიციის თვალწინ თავს დაესხა 30-მდე პირი, სამართალდამცავებს კი მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ. „წინ მიდგას პატრული და 30 „ტიპი“ „დუბინკით“ მცემს და უყურებენ... 10 წუთი მცემეს. დგანან ესენი და მიყურებენ და დებილი სახით მეუბნებიან, გადავეციო“, - განაცხადა გიორგი მახარაშვილმა. იპნ
  9. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული. ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბესიკის ქუჩაზე „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და რა თქმა უნდა, დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ , 30-ზე მეტი იყვნენ. ყველას ერთნაირი შავი ნიღაბი უკეთია. შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება იმიტომ, რომ მხოლოდ თვალები უჩანთ. მე წამაქციეს, მირტყეს - „ბ...ო, შენ რას იღებ!“, ასე მომართავდნენ. ამ დროს ოპერატორს, გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. ერთმა უთხრა, „გოგოა თავი დაანებე“, მაგრამ წიხლი მომაყოლა მაინც და ისე წავიდა. „რეებს აშუქებთ, წადით აქედან“ - ჩვენს საინფორმაციო პოლიტიკასთან ჰქონდათ მათ პრობლემა. მიკროფონი წამართვეს, ხელიდან ამაგლიჯეს. იპნ
  10. მსახიობ კახა კინწურაშვილის თქმით, ხალხი არ დაუშვებს „ჯალათური რეჟიმის დამყარებას”. შესაბამისი განცხადება მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. „არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, რასაც ხალხი არ დაუშვებს. ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა“,- განაცხადა კახა კინწურაშვილმა. იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის შეფასებით, აბსურდია, თითქოს, იუმორისტი ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. „ამ სასამართლოსგან ყველანაირ გადაწყვეტილებას ველოდით, გარდა იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება გამოაცხადონ. ეს შენობა რისთვის არსებობს, მაგასაც ვერ ვხდები. სრული აბსურდია, თითქოს, ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და მთელი გუნდი მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ონისე და დანარჩენი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა. ინფორმაციისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. იპნ
  11. 500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან – რეჟისორები, მსახიობები, თეატრის თანამშრომლები, მუსიკოსები, მწერლები, აკადემიკოსები, პერფორმერები და კულტურის სხვა მუშაკები სხვადასხვა სფეროდან – სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მიმდინარე სასტიკი მოვლენების დროს. განცხადებაში წერია: განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება აქ. ხელმომწერთა სია ნახეთ აქ პუბლიკა
  12. პროკურორი, გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე „ჯოხს ისროდნენ” პოლიციელების მიმართულებით. პროკურორი ამტკიცებს, რომ ამით ისინი „საფრთხეს უქმნიდნენ” მათ ჯანმრთელობას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის პროცესი მიმდინარეობს. ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პუბლიკა
  13. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეზე აპელირებდა. პროკურორები დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე მიუთითებდნენ, რის გამოც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ყველა მათგანი ასაბუთებდა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრას თავად სთავაზობდნენ. სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სხდომაში მყოფების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. "სირცხვილია", "მონებო" - ამ შეძახილებით შეხვდნენ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას. იპნ
  14. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება. იპნ
  15. ყველა ვხედავთ, რომ გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით! - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეცხრე დღეა, ადამიანებს ღამ-ღამობით იტაცებენ და დაკავების შემდგომ მათზე ძალადობენ. „ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ არის გაცემული არაკანონიერი ბრძანება -იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით. ეს არის ფორმულა ,რომლითაც მოქმედებენ. მეორე - არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში უპირისპირდებიან მოქალაქეებს, პოლიცია საერთოდ უმოქმედოა. როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ. ეს, წარმოუდგენელი რამ არის. როგორ შეიძლებოდა პოლიციის მძევლად აყვანა ისე, როგორც დღეს, პოლიცია იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უფლებები დაცული იყოს. ჩვენ სწორედ ამიტომ გვინდა ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, გამოსავალი ერთადერთია - სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ მძევლები, უკანონოდ დაპატიმრებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. იპნ
  16. "მოქალაქეების ძალას ვერც ერთი შავნიღბიანით ვერ გადატეხავს ივანიშვილი. ამ ქაოსიდან ერთადერთი გამოსავალია ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1894879897585881
  17. "სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკის ავანგარდში დგანან, მხარი უნდა დავუჭიროთ და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, რომ მათ დაუკარგონ ევროპული კეთილდღეობა, ევროპული მომავალი და განვითარება." რუსუდან თევზაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/910194111086780
  18. ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით - დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ, ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს ასრულებს,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა სანქცირების პროცესი უნდა დაიწყონ იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ. „გუშინ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა. ეს იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ფორმალური მიზეზიც არ ჰქონდა, იმისთვის, რომ დაერბია და ეძალადა მოქალაქეებზე. უფრო მეტიც, ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, იტაცებდნენ უმიზეზოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის, გამვლელებს, მათზე ძალადობდნენ. ეს იყო ყველა ნორმის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, ფაქტობრივად, ის, რაც დღეს ხდება ყველანაირ კანონს მიღმაა. ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ფაქტობრივად ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილის მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც დღეს დაკავებულია. უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის მძევლები არიან. დღეს ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი, არ ვიცით რამდენი დაშავებულია და სად მკურნალობენ, ფაქტობრივად დღეს დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს“, - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, ჩვენ ძალიან სახიფათო საზღვართან მივედით. „ამიტომ თითოეული საქართველოს მოქალაქის მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ის რაც ჩვენ გაგვაჩნია - სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტის უფლება დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ - ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისში, ეს უნდა იყოს საქართველოს დიდ თუ პატარა ქალაქებში, ეს ერთადერთი გზაა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სახელმწიფო და ახალგაზრდები, რომლებზეც დე-ფაქტო ხელისუფლება უკანონოდ ძალადობს. მინდა მივმართო ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ მთავარ ინსტრუმენტებს, „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“, თქვენ არაფრით არ განსხვავდებით, იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ, უფრო მეტიც თქვენი პასუხისმგებლობაა, როდესაც პარალელურ რეალობას ქმნით, როდესაც საქართველოს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს ფიზიკურად უპირისპირდებიან და თქვენს ეთერებში საერთოდ არაფერი არ ხდება, ეს არის ის საფუძველი და გამართლება დღეს, რასაც ხელისუფლება აკეთებს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა, ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სამშობლოს და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს, ან გულგრილი იყოს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობდნენ და მას დახმარება არ გაუწიოს. დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს. თქვენ დღეს მძევლად იმყოფებით ამ ადამიანის მიერ. თითოეული თქვენგანი, რომელიც ძალს მოიკრებს და უარი უთხრას მოძალადე დე-ფაქტო ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის მადლობას დაიმსახურებს“, - განაცხადა გახარიამ. ამასთან, მან საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ აღშფოთების დრო არ არის. „მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს, დღეს აღშფოთებების დრო აღარ არის, დღეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლებისთვისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძვიან, ქმედით ნაბიჯებს და მხარდაჭერას იმსახურებენ. ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს არა მხოლოდ განცხადებებში და აღშფოთებებში, არამედ იმ ადამიანების სანქცირებაში, რომლებიც დღეს საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ და არღვევენ ყველა ნორმასა და ადამიანის უფლებას. სიმართლე ჩვენ მხარესაა და ბევრად უფრო მეტნი ვართ. მშვიდობიანი სამართლიანი პროტესტი ჩვენი ძალაა, რომელიც უნდა დავუპირისპიროთ მოძალადე ხელისუფლებას, დღეს კი ყველაზე ბევრნი უნდა ვიყოთ, არამარტო თბილისის არამედ საქართველოს დიდი თუ პატარა ქალაქების ქუჩებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
  19. აქციაზე, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ მას ხარებას – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის ქებას აიძულებდნენ. მიშა მეტრეველი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთა კამერა ჩართო და მოსთხოვა გაემეორებინა ფრაზა: “ხარება მაგარ კაცია”. უარის მიღების შემდეგ მისი ცემა გააგრძელეს. ის იხსენებს მისი დაკავების დეტალებსაც. მეტრეველი დააკავეს ბესიკის ქუჩაზე, იმ მომენტში, როცა წაქცეული მოქალაქის წამოყენებას ცდილობდა. როგორც კი მასთან სპეცრაზმელები მივიდნენ, უთხრა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა და ჩაბარდებოდა. ასე შეეცადა ის ფიზიკურ ანგარიშსწორების თავიდან არიდებას. თუმცა, სპეცრაზმელებმა მისი ცემა იმ წუთასვე დაიწყეს. მეტრეველი იხსენებს, რომ სპეცრაზმელებმა მას ჰკითხეს, რამდენს უხდიდნენ აქციაზე დგომისთვის. მისი თქმით, სამართალდამცველებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ აქციაზე გულწრფელი წუხილის გამო შეიძლება გახვიდე. თუმცა, ამბობს, რომ ცემთ ვერ შეაშინებენ და კვლავაც გაგრძელებს მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას,. “48 საათი [იზოლატორში ყოფნის დრო] სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმის დასანახად, თუ რამხელა ჭაობშია დღეს ჩვენი ქვეყანა, სახეწაშლილი ინსტიტუტებით, ძალაწართმეული მოსამართლეებით, დაშინებული პოლიციის თანამშრომლებით რომლებიც ერთი და იმავე მესიჯბოქსით მანიპულირებენ. არ შეშინდე! გაბრაზდი”, – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში. აქციაზე ნაცემი და დაკავებული არაერთი მოქალაქე ჰყვება, რომ სპეცრაზმელები მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას იღებდნენ, ფიზიკურის გარდა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დასცინოდნენ. ასევე, აიძულებდნენ მათი ხელმძღვანელის, ხარება საქებარი სიტყვების გამეორებას. ერთ-ერთი ვინც ამის შესახებ ისაუბრა მთარგმნელი დათა ხარაიშვილია. “გვაიძულებდნენ, რომ გვეთქვა, ხარებას გაუმარჯოს და თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ. 100 მეტრს გაუვლიდა ეს სამარშრუტო, იქ სხვა ჯგუფთან მივიდოდა, გაიღებოდა კარი და ვიღაცები შემოიხედავდნენ აგრესიულად – “აბა, ვინ მოგვიყვანეთ?!”. შემოცვივდებოდნენ და მერე იწყებოდა ისევ ცემა-ტყეპა”, – ასე იხსენებს ხარაიშვილი მასზე ძალადობის დეტალებს. ცემის შედეგად მან ტვინის შერყევა მიიღო. ასევე, ჩაუტარდა ოპერაცია თვალბუდის მოტეხილობის გამო. ამავე თემაზე: პოლიცია მოქალაქეებზე დასჯის მიზნით ძალადობს, რაც წამებაა – ომბუდსმენი შეშფოთებას იწვევს არაპროპორციული ძალის გამოყენება — გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი აქციაზე ნაცემი მოქალაქეები სასამართლომ აქეთ დააჯარიმა ნეტგაზეთი
  20. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. „ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  21. 6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან. „საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  22. 19 წლის სანდრო ბუკია, რომელსაც ეპილეფსია აქვს და სპეცრაზმმა გუშინ დააკავა, თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. ამის შესახებ ბუკიას ბიძამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. სანდრო ბუკიას დედა დაკავებისას სპეცრაზმს ეუბნებოდა, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს, თუმცა სპეცრაზმმა ქალის სიტყვები არ გაითვალისწინა. ბუკია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
  23. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს, რომ ავტოავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელილ ქალი, ელზა მებურიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დედასთან ერთად მიდიოდა. შესწორება: „პუბლიკა” თავდაპირველად „ჯიპიაზე” დაყრდნობით წერდა, რომ მებურიშვილი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა. თუმცა, მალევე ტექსტი შეცვალა და „შვილის დახმარების ნაწილი” განცხადებიდან წაშალა. თამუნა კუბლაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილი ქალის შვილია, დაწერა: GPI ჰოლდინგის უახლესი განცხადების თანახმად: ცხრა ღამეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს. არაერთი დაშავებული კლინიკებშია გადაყვანილი. რუსთაველის გამზირზე დარბევა იყო გუშინაც. სახალხო დამცველის განცხადებით, იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. პუბლიკა
  24. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 18 წლის ბიჭს, საბა ჯიქიას. ჯიქია 5 დეკემბერს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი ამბობს, რომ ჯიქია სწავლობა, მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან. დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ანზორ კვარაცხელიას პროცესი. მგელიაშვილმა მასაც ორთვინი პატიმრობა შეუფარდა. შსს ამბობს, რომ 1999 წელს დაბადებულმა ბიჭმა პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ პირის დაკავების ოქმი შემდეგ გააფორმეს, რაც კვარაცხელია სახლიდან წაიყვანეს. მისი შეფასებით, ეს საკმაირის საფუძველი იყო, რომ მოსამართლეს დაკავების ოქმი უკანონოდ ეცნო. დაცვის მხარემ ალტერნატივად გირაო შეთავაზებაც დააყენა, თუმცა ეს არ დაკმაყოფილდა. რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი. პუბლიკა
  25. წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლოზ ალავიძის ახლობლები ავრცელებენ. ნიკოლოზ ალავიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იკავებდა. ამის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს. უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი. სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...