-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ. „ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ. თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც 200 000-ზე მეტი მოქალაქე ქუჩებში რუსეთთან დაკავშირებული მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების პროტესტის ნიშნად გამოვიდა, ევროპული მომავლისა და დემოკრატიული კურსის მიმართ ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას ხაზს უსვამს“, - ნათქვამია განცხადებაში. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს. „ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმებისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომების დაგმობისას მტკიცე გამბედაობა და ლიდერობა გამოიჩინა. ის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი მთავრობა ხელისუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა“, - აღნიშნავენ ლიდერები. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. „საქართველო იზოლირებული შემთხვევა არ არის: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი ზომები მიიღოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხისა და პრეზიდენტის მტკიცე გამბედაობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელენ კლარკი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პატრისია ესპინოზა, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი მონიკა მაკუილიამსი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი რობინსონი, ვიოსა ოსმანი-სადრიუ, კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი-სადრიუ, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი და აშში-ს ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში, მელანი ვერვირი. იპნ
-
"მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა. სამართალდამცავები უკვე ასოცირდებიან კრიმინალურ დაჯგუფებასთან (ვწუხვარ, რომ მე მიწევს ამის თქმა). ერთი, რომ პოლიცია ადამიანებს სასტიკად უსწორდება და მეორე - ივანიშვილის ზონდერები ხალხს ცემენ და პოლიცია უყურებს. 90-იანებში (რომელიც მეც გამოვიარე) როგორც იტყოდნენ, ქვეყანაში სრული „ბეზპრიძელია“, რაზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის ზონდერი ივანიშვილის, რომელიც არაფორმალური ბანდების ხელით ბავშვებს სასტიკად უსწორდება და თავად იმალება. მეთოდების სისასტიკის მიუხედავად, ახლა გაჩერება არ შეიძლება. ახლა თუ გავჩერდით, საუკეთესო მოქალაქეები დაგვრჩება ციხეში, პატიმრების რაოდენობა გაიზრდება და ყველაზე მძიმე დიქტატურაში ვიცხოვრებთ (ცხოვრებაც არ ქვია). შევხვდებით რუსთაველზე. გამოდით, ვინც არ გამოსულხართ! ხმა ამოიღეთ, ვინც ჩუმად იყავით! გაიფიცეთ, ვისაც გეხებათ!" ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. Facebook: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27957819993831423
-
იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს“, - ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისია რეკომენდაციების სახით კონკრეტულ საკითხებს გამოყოფს: „უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ცვლილებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული პატივისცემა. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან. გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით. შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის საკითხებში. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები გამოყოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, სასამართლო დევნასა და განაჩენის გამოტანას. ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ის, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს ეხება. მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია ანგარიშში. ipn
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ამ დროისთვის უცნობია. ipn
-
საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ. როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. „ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის პროცესი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საქართველოს მოქალაქეების ნებას. ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოსახლეობის სამართლიანი და ლეგიტიმური პროტესტი მოჰყვა. ბოლო დღეების განმავლობაში მშვიდობიან დემონსტრანტებს არ მიეცათ მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. მომსწრენი გავხდით არაერთი სასტიკი დარბევის, ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის, ტერორის, ღირსებისა და პატივის შელახვის, გამოხატვის და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის და სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის. მოვითხოვთ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასული "ქართული ოცნებისგან", შეწყვიტოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელის შეშლა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია! რუსეთი ოკუპანტია!“- წერია გავრცელებულ პეტიციაში. ipn
-
მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, — ნათქვამია განცხადებაში. ამასთან ერთად, შსს აცხადებს, რომ პოლიცია მეტროს სხვადასხვა სადგურებში მოქალაქეების „ზედაპირულ დათვალიერებას“ და არა ჩხრეკას ატარებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში საპოლიციო ღონისძიება – მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს“. ეს ქმედებები მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. netgazeti -
ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აქუბარდიამ ისაუბრა 6 დეკემბრის ღამეს, პოლიციის მიერ აქციის მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებასა და ძალადობაზე. „გუშინ, ჩვენ ვნახეთ, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის სისუსტის და შიშის გამოვლინება საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც პრემიერად წოდებული კობახიძე თავს იმშვიდებდა,რომ პროტესტის ტალღა შეწყდა. ჩვენ ვნახეთ, უპრეცედენტო ძალადობა მშვიდობიანი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ვნახეთ, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრება თავისუფლების მოედნის მეტროსთან, ბიჭი, რომელიც ამბობს „თავისუფლება საქართველოს“ და მღერის ჰიმნს. ვნახეთ, წყლის ჭავლი და სპეციალურ საშუალებები და გოგონა წყლის ჭავლის პირისპირ, რომელიც საკუთარ მეგობარს იცავდა. ვნახეთ, დედა, რომელსაც ხელიდან შვილი გასტაცეს შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა და რომელიც ეხვეწებოდა სპეცრაზმელებს,რომ მის შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა ჰქონდა და საბოლოო ჯამში, გუშინ ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ის „ზონდერები“, რომელიც შსს-ს მხრიდან ბიზნესმენებად არის მოხსენიებული, რომლებიც შეიარაღებულები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოგზავნა ივანიშვილმა. ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე“, - განაცხადა აქუბარდიამ. მან ოთხი ოპოზიციური პარტიის პოზიცია გააცნო მედიას და აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნები არის გზა, რითაც ქვეყანაში ძალმომრეობა და ქაოსი უნდა დასრულდეს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, 4 ოპოზიციური ძალა ვამბობთ შემდეგს, რომ ხელახალი არჩევნები არის ის, გზა, რითაც უნდა დასრულდეს ეს ძალმომრეობა და ქაოსი ქვეყანაში, რათა ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში. ვიმეორებ ჩვენ მოთხოვნებს: თავისუფლება უკანონო პატიმრებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს დასურათება და საქმის აკინძვა ყველა იმ უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქის, რომელსაც შავნიღბიანი სპეცრაზმელები მიუქსია ავტორიტარმა უხეირო დიქტატორმა“, - განაცხადა აქუბარდიამ. მისი თქმით, 6 დეკემბრის მონაცემებით, 48 პირზე მეტია დაკავებული პოლიციის მიერ, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. აქუბარდიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე, დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვილი არის გადაყვანილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მოზარდი 12-მდე პოლიციელმა სცემა. „ეს არის რეჟიმის ის სახე, რომელიც აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო დასავლელ პარტნიორებს, რომ გააძლიერონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და იმ რეჟიმის, რომელიც საკუთარ ქვეყანას და ხალხს ასეთი ავტორიტარული რეჟიმით უპირისპირდება“, - განაცხადა აქუბარდიამ ipn
-
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“. „გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ. მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. ipn
-
მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე, რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებულია და ამჯერად იზოლატორში იმყოფება, ციხიდან წერილს გზავნის, სადაც ჰყვება, როგორ აიძულებენ იზოლატორში კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელებას, თითქოს მათგან ფინანსდებოდა. რეზო კიკნაძის წერილს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს. წერილის ადრესატი მრავალათასიანი ჯგუფი „დაიტოვეა“, რომელიც თავის დროზე სწორედ პროევროპული დემონსტრანტების თვითორგანიზებისა და ურთიერთდახმარებისთვის შეიქმნა და რომლის ადმინისტრატორების სახლებშიც გუშინ პოლიცია შევიდა. „ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად”, – წერს რეზო კიკნაძე. კიკნაძის მეგობრები ჰყვებიან, რომ აქციებზე ის ყოველდღე რუსთავიდან ჩამოდიოდა. კიკნაძე 6 დეკემბერს, გამთენიით დააკავეს, ჯგუფურ ძალადობის ორგანიზება/ხელმძღვანელობა/მონაწილეობას ედავებიან და 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატი და მეგობრები ეძებენ მოწმეებს, ვინც რეზოსთან ერთად იმყოფებოდა აქციებზე. მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება. მეცხრე დღეა, ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიცია დღისით ჩხრეკს, ცლის და ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობისა და საჯაროობის გამო, წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკოსების, აქტივისტების დაკავებას. netgazeti
-
ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი თქმით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. „6 დეკემბერს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიციელები კვლავ უკანონოდ ჩხრეკდნენ ადამიანებს. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ატარებდნენ ზედაპირულ შემოწმებას. მედიის კადრებში აშკარად ჩანს, თუ როგორ არღვევენ პოლიციელები კანონს და აშკარად სცდებიან ზედაპირული შემოწმების ფარგლებს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ზედაპირული შემოწმებაც უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს. აღნიშნული მიუთითებს, რომ პოლიციელები მასობრივად ასრულებენ უკანონო ბრძანებას დემონსტრანტების დასაშინებლად. უკანონო ჩხრეკის პროცესში დააკავეს რამდენიმე პირი. მიუხედავად იმისა, რომ 6-7 დეკემბერს აქცია მშვიდობიანი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა (00:33 საათიდან). სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის). ამ დროისთვისაც, საპოლიციო ძალები უსაფუძვლოდ და ძალადობრივად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ, პარლამენტის წინ დარბევის დაწყების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე ასევე განლაგდა სპეცრაზმი, რომელიც აქციიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდა. მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. მეთოდები - მეტროდან ამომავალ პირთა ჩხრეკა, აქციიდან წამოსული მშვიდობიანი ადამიანებისთვის ჩასაფრება - მიზნად ისახავდა მოქალაქეების დაშინებას და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ადგილას მისასვლელად დაბრკოლებების შექმნას. ასევე, კვლავ ადგილი ჰქონდა აქტიური სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებას. კერძოდ, იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, ასევე წიწაკის სპრეისაც. 00:45 საათისთვის, მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვა გასასვლელები დაიკავეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ. კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელთა სახეები, შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ. მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. 6 დეკემბერს ასეთი პირები თავს დაესხნენ “პუბლიკას” ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
-
პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ ხალხს არ სურს და ასევე, დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა, ეს საკითხი უკვე დავაყენეთ და კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ამას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ შეხვედრაზე. ეს შემაშფოთებელია და აშკარაა, რომ იქ რუსეთს მეტი გავლენა აქვს და ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი არ ეთანხმება“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართველ ხალხს პრეზიდენტის სახით ლეგიტიმური ლიდერი ჰყავს. „პრეზიდენტი ლეგიტიმური ლიდერია, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს და მისი სიტყვები ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. ბრალდებები, რომ ამ მასობრივი გამოსვლების უკან რაღაც პოლიტიკური მოძრაობები დგანან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ქართველი ხალხია და დემონსტრაციები მიმდინარეობს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, ამიტომ მართალია, რომ ქართველი ხალხის 80% ევროკავშირისკენ გზას მხარს უჭერს. პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები უბრალოდ იტყუებიან. ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ, მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ისინი ქართველ ხალხს ატყუებდნენ და ეს არის რეაქცია, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ipn
-
გიტანას ნაუსედა - დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიტანას ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. „უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყანაში და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, მაგრამ ქართული საზოგადოება ოკუპანტისა და აგრესორის წინააღმდეგ ერთად დადგა. ამჯერად, ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. მისივე თქმით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკას გმობს. „ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, ამიტომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს გაუგებარია ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადმოსახედიდან“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. „საქართველოში დეკემბერში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთანაც განვიხილავთ. ვფიქრობ, რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ვუჭერ მხარს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც შეიძლება ევროპის დონეზე დაწესდეს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, აღნიშნულ საკითხს ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დააყენებს. იპნ -
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რომ რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტზე აკრძალვა არ არის, თუმცა ჯოპუამ განმარტა, რომ რუსეთის საკარანტინო სამსახურმა ციტრუსის ხილის ერთ-ერთ გადაზიდვაში აღმოაჩინა კალიფორნიული ტრიფსი, რომელიც დააბრუნეს. “იმპორტის სრულ აკრძალვაზე საუბარი არ ყოფილა. მოხდა გაუგებრობა, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტის სავარაუდო სრული აკრძალვის შესახებ. ასეთი აკრძალვა რუსეთის მხრიდან არ არსებობს”, – განაცხადა ჯოპუამ. მისი თქმით, მანდარინის ყოველი პარტია შემოწმდება. “თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ამ მანდარინებს დააბრუნებენ. მხოლოდ ფაქტის შემდეგ, როცა დააბრუნებენ, შეიძლება ითქვას, რომ აკრძალულია”, – განაცხადა მან. ჯოპუას ინფორმაციით, აფხაზეთის საკარანტინო სამსახურს ციტრუსოვან ხილზე ტრიპსის აღმოჩენა არ დაუდასტურებია. “ჩვენ კვლავ ვაკვირდებით სიტუაციას. რუსეთის მხრიდან იმპორტის აკრძალვის შესახებ შეტყობინება არ მიგვიღია. იმედი ვიქონიოთ, რომ სიტუაციის გარკვევის შემდეგ იმპორტი განახლდება” ,- განაცხადა ჯოპუამ. მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის დაფინანსების თითქმის სრული შეჩერების შესახებ განაცხადა. “სიტუაცია ისეთია, რომ არის სერიოზული საფრთხე იმისა, ჩვენი საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასის გარეშე დარჩნენ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და პატიოსანი ჩვენს მოქალაქეებთან. ყველამ კარგად იცით, რომ პირველი გარკვეული სიგნალები გაჩნდა საჯარო სექტორის თანამშრომლების, სოციალური სექტორის, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის გადასახადების შეზღუდვის დაწესებით. მაგრამ ნოემბრიდან, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით. ვიმეორებ, ეს ასევე შეეხო თავდაცვის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს, ფაქტობრივად, გარდა პენსიებისა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ. გუნბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის” ფინანსური მხარდაჭერის გარეშე უკიდურესად რთულია სიტუაციის შენარჩუნება”. “ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და გაიგონ, რომ ეს არის იძულებითი ღონისძიება”, – განაცხადა ბადრა გუნბამ. მოქმედმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ აღნიშნა, რომ “უკანასკნელი კვირების განმავლობაში მთავრობა ახორციელებს შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტის ყველა დონეზე, რომ უზრუნველყოს რუსეთიდან ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება, რომელიც გადახდილია 7 დეკემბრამდე”. მისი თქმით, ნოემბრიდან დღემდე 425 მილიონი რუბლი საბიუჯეტო სახსრებისთვისაა გამოყოფილი. დელბამ აღნიშნა, რომ “რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დღემდე არც ერთ საჯარო დასაქმებულს არ მიუღია ხელფასი”. კერძოდ, უსაფრთხოების ბლოკი და სამართალდამცავი ორგანოები არიან დაფინანსების გარეშე, როგორც ხელფასის, ასევე სხვა საჭირო გადასახადების. “ენერგეტიკა ყოველდღიურად იღებს ძალიან დიდი მოცულობის რესურსებს. რუსული ფინანსური დახმარება ხელფასებით შევცვალეთ, მაგრამ დღეს ეს უკვე შეუძლებელია. რუსეთის ფინანსური დახმარება ნაწილობრივ შეჩერებულია მიმდინარე წლის აგვისტოდან. რაც შეეხება საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის მუშაკთა ხელფასების თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების შესრულებას, ესენი არიან მასწავლებლები, არიან ჯანდაცვის მუშაკები, ყველა სოციალური მუშაკი”, – განაცხადა დელბამ. დელბამ დაადასტურა, რომ თანადაფინანსება ნოემბრიდან უკვე მთლიანად შეჩერებულია. არ შემოდის თანხები სხვა ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად – თავდაცვისუნარიანობის, სამართალდამცავებისა და მედიკამენტების შესყიდვისთვის. ასევე მთლიანად შეჩერებულია საბიუჯეტო ინვესტიციების ფინანსური მხარდაჭერა, როგორიცაა საინვესტიციო პროგრამა და ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერა. “ამგვარად, წლის ბოლომდე ჩვენ ვერ მივიღებთ 1 მილიარდსა და 800 მილიონ რუბლს რუსული ფინანსური დახმარების სახით. ეს თანხები უნდა შეიცვალოს, რომ რუსული სახსრების ნაწილი იყოს უზრუნველყოფილი”,- აღნიშნა დელბამ. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადის შეჩერების შემთხვევაში მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება. ნეტგაზეთი
-
მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია. „საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს.... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი",- განაცხადა ცეცხლაძემ. მან ასევე სამართალდამცავებს მიმართა და განმარტა, რომ ის აპრილ-მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, მაშინ ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ახლა კი პიროტექნიკას იყენებდნენ. „მსურს დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ?" - განაცხადა ცეცხლაძემ. დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ. ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ipn
-
TI: აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შეჯამებულად ავრცელებს. TI-ის ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0. დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26); 300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი; დაკავებულთა ასაკი – 15 წლიდან 60 წლამდე. კაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები; დაკავებულთა შორის 7 უცხოელია; მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე; 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭიდა ჰოსპიტალური მკურნალობა; ადვოკატებისთვის დაკავებულთა ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია; მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე იღებენ. ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ; არცერთ ნაცემ ანდა წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის; მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ; დასჯილი პოლიციელები – 0. publika -
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან, როგორც ცენტრი აცხადებს, ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის თაობაზე. მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და ასევე დარეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR). ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით (დოკუმენტი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ENQA-ს, ასევე ცენტრის ვებგვერდზე: https://eqe.ge/.../static/1096/enqa-s-gare-shefaseba-2023), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში. ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა, როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა. ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაჰბარებია. თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია. დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს. ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი“,-აღნიშნულია განცხადებაში. ipn
-
საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი. ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი. მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და აფეთქების მომზადებას გულისხმობს. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შსს საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს შემდეგი მუხლებით: მუხლი 18. დანაშაულის მომზადება მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა მუხლი 239/1. ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება მუხლი 229. აფეთქება მუხლი 229/1. ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა – ელექტროენერგიით ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა. მუხლი 353/1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია 26 ადამიანი. publika -
პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს მორალურ ზიანს აყენებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალით. მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ საქმის პროკურორებს. როგორც მან აღნიშნა, ის ომია ვეტერანია და ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. „54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა, არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ქვეყნის საწინააღმდეგო საქციელი არასდროს ჩამიდენია. ამას დაადასტურებს ჩემი თეატრიც, ჩემი მეგობრებიც და ვინც მიცნობს. არავისთან დასამალი და გასაქცევი არ მაქვს, თბილისში სახლი მაქვს და საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, ჩემი ჯვარი და მოვალეობაა ჩემი სამშობლო.. ჩემი ღირსებებით და მაგალითით იწყებდა ხოლმე გიორგი შაუტაშვილი ლექციებს. ასეთ კაცს, თქვენ მე საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია უბრალოდ“, - განაცხადა კასრაძემ. დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ. ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. იპნ
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 -ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე აქციების გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 26 პირი. პუბლიკა
-
“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი, რომელიც ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას. ორგანიზაციის ცნობით, დიღმის იზოლატორის ექიმები გულგრილად მიუდგნენ ნაცემი ახალგაზრდის თხოვნას და უარი თქვეს მის გადაყვანაზე საავადმყოფოში. იზოლატორში მას შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. თუმცა ორივე უწყების წარმომადგენლებმა უგულებელყვეს ნაცემი ახალგაზრდის საჭიროებები და განაცხადეს, რომ “სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება”. 20 წლის ახალგაზრდა იზოლატორიდან პირდაპირ საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე უნდა განხილულიყო. ის სხდომის დარბაზში ცუდად გახდა, მაგრამ, “უფლებები საქართველოს” იურისტი ინფორმაციით, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომის გადადებაზე უარი თქვა. მან დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატს უთხრა, რომ სასწრაფო გამოძახებული იყო. თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ადვოკატმა 112-ში თავად დარეკა და აღმოაჩინა, რომ სასწრაფო გამოძახებული არ ყოფილა. ამის შემდეგ თავად გამოიძახა სამედიცინო ბრიგადა. “უფლებები საქართველოს” იურისტის ინფორმაციით, თავდაპირველად სამედიცინო დახმარება სასამართლოში კვადროციკლით მივიდა. ექიმმა შეაფასა ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მისი კლინიკაში გადაყვანა. თუმცა ახალგაზრდის ოჯახის შესთავაზა, თავად წაეყვანათ საავადმყოფოში. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო შემოწმებისა თუ მკურნალობის ხარჯები თავად ოჯახს უნდა დაეფარა. ამიტომ, “უფლებები საქართველოს” იურისტმა დაჟინებით მოითხოვა, სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულიყო და ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში გადაეყვანა. საბოლოოდ, 20 წლის ახალგაზრდა დაკავებიდან მხოლოდ 35 საათის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში, როცა იმდენად ცუდად გახდა სასამართლო სხდომაზე, რომ პროცესში მონაწილეობა ვეღარ შეძლო. სხდომა 12 დეკემბრამდე გადაიდო. ორგანიზაციის იურისტები მის კლინიკაში გადაყვანას ჯერ კიდევ იზოლატორში ყოფნის დროს მოითხოვდნენ. “უფლებები საქართველოში” აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წინასწარი დაკავების იზოლატორის ექიმები დაკავებული ნაცემი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას გულგრილად აფასებენ. “უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა 4 დეკემბერს, გამთენიისას, მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ დააკავეს. ორგანიზაციის ცნობით, ის მარტო იყო და მეგობარს ელოდებოდა, რა დროსაც იქვე მდგარი პიკაპის მარკის ავტომანქანიდან ნიღბიანი პირები გადმოვიდნენ და გინება და მუქარა დაუწყეს. ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდამ ტერიტორიიდან გარიდება სცადა, თუმცა ნიღბიანები მანქანით დაედევნნენ, სცადეს დაჯახება, შემდეგ გადმოცვივდნენ და დააკავეს. “მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ”, – უთხრა ადვოკატს დაკავებულმა. “დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე – გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით. ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ – დიღმის იზოლატორში”, – აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში. ნეტგაზეთი
-
უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე – მუსიკოსების მანიფესტი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
100-მდე ქართველი მუსიკოსი უარს ამბობს სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” არალეგიტიმური ხელისუფლებაა. გარდა ამისა, ისინი გმობენ პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მხრიდან. “ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე. ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში. ერთი მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას. მეორე მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე. ვგმობთ მათი მხრიდან პროტესტის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. გვჯერა თქვენი და ჩვენი გამძლეობის. გვჯერა, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას. გვჯერა, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – წერია მანიფესტში. ამ დროისთვის მანიფესტს 92 ადამიანი აწერს ხელს. მათ შორის, ნინო ქათამაძე, ერეკლე დეისაძე, ბექა გოჩიაშვილი, ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები, რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider, მაია დარსმელიძე და ა.შ. ხელმომწერთა სია განახლებადია. ნეტგაზეთი -
ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები. ხელისუფლების ეს ესკალაციის მცდელობები, რომ უფრო მეტად გააღიზიანოს თავისი მოსახლეობა, ყველაფერთან ერთად იწვევს სისტემის შიგნიდან რღვევას. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597635042814780
-
ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით. „ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე მეტის ნების საწინააღმდეგოდ. ოფიციალურ შედეგებამდე და ეგზიტპოლებამდეც კი, იყო მილოცვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხრიდან. ისინი არც კი ცდილობენ, არჩევნების გაყალბება დამალონ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი. მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. „მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს. ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, ახალ, სამართლიან არჩევნებს, უნდა შეწყდეს ძალადობა დემონსტრანტების, აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, - აცხადებს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი. იპნ