Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავშირის ინსტიტუტებში. „16 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და განიხილავენ საქართველოს საკითხს, საქართველოს საკითხს ასევე განიხილავენ მომავალი კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ის, რაც საქართველოში ხდება, ძალადობის დონე, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრები, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. მოდით, ვნახოთ რა მოხდება მომავალ კვირაში. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე მოხდება შეთანხმება მომავალი კვირის ორშაბათს“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  2. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილის და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ვიდეო ეპიზოდს, რომელიც წინ უძღოდა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ძალადობას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში – ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით. „სპეცრაზმის მიერ საბა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების, მათ შორის დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მშვიდობიანი ხასიათის სადემონსტრაციოდ, ქევხიშვილი პროტესტის მონაწილეებს გამოეყო და რუსთაველზე სპეცრაზმის თანამშრომლების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდა. ტელევიზიების პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ საბა ქევხიშვილს ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, რის შემდეგაც საბამ მას საკუთარ მობილურში აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზვიად მაისაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ვიდეოს აჩვენებს და ეუბნება, რომ ძალადობაზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეპიზოდის შემდეგ, საბა ქევხიშვილთან კომუნიკაციაში მყოფი სპეცრაზმის თანამშრომელი, სავარაუდოდ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ქევხიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს. საბას თქმით, დაკავების შემდგომ, ის ქაშვეთის მიმდებარედ მდგომ მიკროავტობუსში ჩასვეს, სადაც სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა. ძალადობის პარალელურად, დაკავებულს ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ გამოვიდოდა თუ არა აქციაზე. დაკავებისას მას წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც საბა ქევხიშვილის უფლებებს იცავს. ნეტგაზეთი
  3. ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. „ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია, როცა ქალ ჟურნალისტს მიწაზე აგდებენ და მის ოპერატორს თავში ურტყამენ? რატომ არ გაქვთ რეაქცია ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ცხვირ-პირ დამტვრეულებს რომ ხედავთ? ეს არ არის ქრისტიანობა, რომლის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სურდათ, ეს არის ადამიანების დაშინების, დამუნათების მორიგი მცდელობა, მაგრამ როდემდე... შეუძლებელია თავისუფლების მოყვარე ადამიანები რაიმე ფორმით დაამუნათოთ!”- წერს სოციალურ ქსელში მამა კირიონ უგრეხელიძე. ipn
  4. საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მას მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ. პროექტის თანახმად, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის ნებართვას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე მთავრობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს მიიღებს. ასევე, დაამტკიცებენ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის მიზნით ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესს და პირობებს. აღსანიშნავია, რომ ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს ექნება, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს. იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებენ, გარდამავალი პერიოდი წესდება. კერძოდ, მათ განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ 2025 წლის 1-ელ მარტამდე უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აგრეთვე, 2025 წლის 1-ელ მარტამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის ნებართვა/ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს უნდა მიმართონ. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა - 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება. რაც შეეხება კანონის დარღვევაზე მოსალოდნელ პასუხისმგებლობას, ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ და “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლები დაემატება. პარლამენტში წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. სანქციის სახით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. ამავე პროექტის გათვალისწინებით, სამართალდარღვევის ახალ სახეს წარმოადგენს ასევე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გამოიწვევს ქმედების პირველად ჩადენისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო დადგენილ ვადაში სანებართვო/სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას. ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის წესის დარღვევისთვის. კერძოდ, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი ფლობის/გამოყენების უფლება არა აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვისაც. დასჯადი იქნება, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად, მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი არიან “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: - რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. იპნ
  5. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  6. ახლობლების ცნობით, ღამით დააკავეს მოქალაქე ლაშა გოგებაშვილი. მეგობარი ამბობს, რომ მის მანქანას გზა გადაუკეტეს და როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, გოგებაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. ახლობელი „ტვ პირველთან“ ყვება, რომ მომხდარი შესაძლოა პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე დროშის დაკიდებას უკავშირდებოდეს. „ტვ პირველის“ ცნობით, გოგებაშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 8 დეკემბერს გამთენიისას პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ნაძვის ხეზე აქციების დროს ნაცემი ადამიანების ფოტოები, ასევე საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები დაკიდეს. ეს ყველაფერი დღეს შესაბამისმა სამსახურებმა ჩამოხსნეს და ნაძვის ხის აწყობის პროცესი გააგრძელეს. პუბლიკა
  7. მე ვარ სანდრო მეტრეველი. ეს პოსტი გრძელი იქნება და ეს პოსტი ჩემზე არაა. მე არ ვარ არც გმირი, არც ანგელოზი, არც უკეთილშობილესი, არც ზეჭკვიანი ან ზეგანათლებული, და არც ვინმეზე რაიმეთი მეტი, მე არც საუკეთესო ექიმი ვარ, ზოგადად ექიმად არც ვითვლები, არც ლიცენზია მაქვს და არც სამედიცინო უნარები მაქვს ძალიან ბევრი, მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და იდეალურ ექიმობამდე ძალიან ბევრი მიკლია. მე არ მაქვს საუკეთესო კომუნიკაციის, მეხსიერების, ყურადღებიანობის, იუმორისა და ღიმილის უნარი. მე ვერასდროს ვერ ვიქნები საუკეთესო მოქალაქე, კოლეგა, მეგობარი, ნათესავი, ძმა ან შვილი. მაგრამ არ ვარ ნაძირალა, არ ვარ აგრესორი, რადიკალი, გონებაბნელი, „ბატი“ ან ვინმეს მონა და რაც მთავარია არ ვარ მატყუარა. მე ვარ უბრალოდ სანდრო მეტრეველი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი პატარა ოცნებებით იმედებითა და რაღაცის რწმენით. ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მოქალაქე და მორჩა. ცხოვრებაში ვინმეს ჩემზე რაიმე დადებითი თუ უთქვამს ყოველთვის ჩემი მეგობრები ან ოჯახის წევრები გამხსენებიან. მართლაც ჩემში ვინმე რაიმე დადებითს თუ ხედავთ თქვენ ისინი უნდა ნახოთ. ჩემზე ყველაფერში ათასგზის გამორჩეულები არიან. ყოველთვის ვიძახი და ვიტყვი — მე „მარტო“ ცალკე აღებული არავინ არ ვარ. რისთვისაც ოდესმე მიმიღწევია, რასაც ახლა წარმოვადგენ და მინდა წარმოვადგენდე, იყო, არის და იქნება ჩემი ოჯახის წევრების, უამრავი მეგობრის, ნაცნობისა და კეთილმოსურნის წყალობით. მე რაც ამ ორი დღის განმავლობაში გადამხდა ძალიან დიდი მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ არ არის (აღარ არის) რაიმე ექსტრაორდინარული, მე ამას ველოდებოდი და მე გააზრებული მქონდა ყველაფერი, მაგრამ არა ნაგუები. ეს ცოტათი რთული გასახსენებელია და ამისგან არცერთი მოქალაქე არაა დაზღვეული და ეს სამწუხაროდ ყოველდღე ხდება ჩვენს ქუჩებში. არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროტესტს. უბრალოდ გეტყვით, რომ ლამის არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია და ქუჩაში ყოველთვის მხოლოდ იმისთვის ვიდექი რისიც მთელი გულით მჯერა, ხოლო პროტესტის გამომხატველი ნებისმიერი ადამიანისთვის პროპორციული ძალის არაპროპორციული შედეგების შეძლებისდაგვარად შემსუბუქება და მდგომარეობის მცირედით გაიოლება და მათთვის რაიმე სახის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჩემს ვალად მიმაჩნდა, მიმაჩნია და ასე იქნება ყოველთვის. ასე ვფიქრობ მე და ასე ფიქრობს თითოეული ჩემი ის სამედიცინოელი, თუ არასამედიცინოელი მეგობარი, რომელიც გაზისა და წყლის ჭავლის ქვეშ არაერთხელ შევარდნილა, წაქცეული გზააბნეული, გულწასული, პანიკით შეშინებული თუ დაბრმავებული ადამიანის უარესი ბედისგან კბილებით გამოსაგლეჯად და დასახსნელად და შემდეგ მათ მოსასულიერებლად. თქვენ ეს ბავშვები უნდა ნახოთ რა გულით და თვალებით აკეთებენ იმას რისიც სჯერათ და ისინი ჩუმად არიან, რადგან ამას ტირაჟირება არ სჭირდება. თქვენ ჩემი უფროსი კოლეგები და მეგობრები უნდა ნახოთ, რომლებიც ორი, ხანდახან 5 ერთმანეთზე მძიმე მორიგეობის შემდეგ რუსთაველზე დგანან და ხალს ერთმანეთის მოფრთხილებას ასწავლიან, რომ მათ არ შეეშინდეთ, რომ იგრძნონ რომ მარტო არ არიან, რომ ვიღაც მათზე ზრუნავს. თქვენ ამ ადამიანების ახლობლები და მშობლები უნდა ნახოთ, რომლებიც მათ სახლში მისვლამდე ერთ ცხოვრებას ათავებენ და მაინც არ იძინებენ. ხმას კი არ იღებენ, იმიტომ რომ არ სჭირდებათ. მე ვნანობ, რომ გუშინწინ ღამით აქციიდან ცხოვრებაში პირველად ადრე წამოვედი. მე გუშინწინ მაგინეს, შემიგინეს ყველაფერი რაც ჩემთვის ძვირფასია, მე გუშინწინ სასტიკად გამისწორდნენ. გამისწორდა ხალხი, რომლებსაც ალბათ სამშობლოს და ადამიანთა სიყვარული სახლში სხვანაირად ასწავლეს. საზარდულში მირტყა ადამიანმა, რომელიც ალბათ ამისგან სიამოვნებას იღებდა, ჩაკეცილს ხელები გამიკავეს და სახეში მუშტები და წიხლები მირტყეს, შემდეგ კი სურათები გადამიღეს ადამიანებმა, ვინც ალბათ ახალ წელს ჯერ მხოლოდ ჩემს ცემაში პრემიად დარიცხულ 200 ლარად შემწვარ გოჭს მიიტანს და ბარაქიანი წლისა და საყოველთაო მშვიდობის სადღეგრძელოს დალევს. ალბათ, ახალ ჩექმასაც იყიდის, ძველი ჩემი სისხლით აქ მოთხვრილი. ძალიან მინდოდა დამეწერა 41 ზომას-თქო, მაგრამ ფაქტია, თვალთან იარად და ნახეთქად გადღაბნილი პროტექტორის 3-იანი და 9-იანი, ასევე ჩექმის ჯვარი (ვინ სალაშქრო ჩექმას ხმარობს მიხვდება) მატყვია. ეს ბიჭები ჩემხელები და ალბათ, ჩემზე პატარებიც იქნებიან. გული და ღირსება რამხელა ექნებათ არ ვიცი ვერ გეტყვით. ნიღბის და შავი ფრომის ქვეშ ვერ დავინახე ალბათ ძალიან პატარა (that’s what she said). „რედისონის“ პარკინგზე გადავადგილდებოდი, ჩემი მოპედისკენ როდესაც რესპუბლიკის მოედნიდან გდდ-ის ხალხმა შემამჩნია და გინება დამიწყო: „აქციიდან მოდიხარ ხო“. რაზეც გავჩერდი და დავუდასტურე. გაქცევას, აბა, აზრი არ ჰქონდა უკვე მორბოდნენ და რამდენიმე მეტრში იყვნენ. გეტყვით, რომ პირველი რაც ქნეს იყო რომ წამართვეს კუთვნილი ჩანთა და ჯიბიდან ამომიღეს მობილური ტელეფონი. რეპლიკით „ჯერ ტელეფონი წაართვით ლაივში არ გავიდეს“. პარალელურად გადამიყვანეს რესპუბლიკის მოედანზე სადაც ასობით იყვნენ და ჩხრეკდნენ ჩემს ჩანთას. არ ჰქონდათ რეაქცია იმ ფაქტზე რომ მივდიოდი სახლში, რომ ვიყავი ექიმი, რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი. მათ კი მივყავდი მხოლოდ იმ მითითებით “კამერებს მოარიდეთ” სასურველ ადგილას რომ დამიგულეს და ჩანთაში რესპირატორი მიპოვეს აი იქ აენთნენ და ჩამწიხლეს. ყველაფერს გეფიცებით არ შემშინებია თავადაც გამიკვირდა, ერთადერთი იმაზე დამწყდა გული, რომ მთელი ბავშვობა ტყუილში გავატარე. პეპელა, პეპელას და ჰიდროელექტროსადგურის ძახილს არავინ უსმენდა. მერე შემაგდეს დაკავების მანქანაში სადაც პირქვე დამხობილს კიდე მომხვდა და დამადეს ხელბორკილები. მიმიჯინეს ბიჭს, რომელიც ჩემამდე ჰყავდათ ნაცემი და საკუთარი სისხლით ჰქონდა არემარე მოთხვრილი. ტანის სამოსზე საუბარი ზედმეტია. ჩემი ვითომ დამკავებელი მერე მხოლოდ იმაზე წუწუნებდა ქურთუკი დამისვარაო. ეს ჩემზე ბევრად უფრო ნაცემი ბიჭი იყო გიორგი დარბაიძე — ადამიანი, რომლის გაცნობადაც მთელი ეს თავის ტკივილი ღირდა. მოგვისხდნენ ჩვენ ჩვენი ვითომ დამკავებელი პატრულ ინსპექტორები, სულ რაღაც 20 და 23 წლის ბიჭები(სასამართლოზე მოწმედ წოდებულები) და წაგვიყვანეს კახეთის გზატკეცილზე შსს-ს განყოფილებაში. პოლიციის რადიო საინტერესო სიხშირეა. გზაში ისმოდა (კიდე 3 ბატი გვინდა და გავდივართ) მეგაფონიან ხალხს დაურეკეთ ხალხი აქეთ გაუშვან, კიდე ცოტა აცადე და რომ შემცირდება ხალხის ნაკადი ეგეც გადაკეტეთ. განყოფილებაში რომ მიგვიყვანეს, იქ დამოკიდებულება შეიცვალა. იქ ყველა კარგი პოლიციელი გახდა ვინც ყველაფერს საშენოდ გეუბნება. იქ ოქმებს შაბლონებად ავსებდნენ და შენ მხოლოდ ციფრები ხარ. იქიდან იწყება უკვე შენზე მუშაობა, რად გინდა ადვოკატი, ამასაც ხელი მოაწერე აზრი არ აქ, შეხედე მე შენ დასახმარებლად ვარ, ისინი რომ გირტყამდნენ მე გავაჩერე, ახლა ოქმს ისე შევადგენ მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მოგცეს, მოდი შენ ტელეფონი და ჩანთა რომ წაგართვეს ეგ ხომ რეალურად დაკავებისას დაკარგე. მაგას შენს საქმეს დავურთავ. და მაგეებსაც მერე დაგიბრუნებენ (რომ ჩაეძიები, დაბრუნება მერე იცვლება რამდენიმე კვირით, კვირები 50/50 ზე შანსით, და ესეც მერე გაურკვეველი რჩება. იმიტომ რომ 400 ზე მეტი ადამიანი დააკავეს ჯერჯერობით და აბსოლუტურად ყველას იღბლიანი რამდენიმეს გამოკლებით წაართვეს პირადი ნივთები, რომელიც ჯერ არავისთვის დაუბრუნებიათ.) აი, შენ ამ ცარიელ ქაღალდზე ხელი მომიწერე და ყველაფერს ხუთიანზე გავაკეთებ დედაჩემს ტერეზა ჰქვია და ათასი სისულელე. არავინ გარეკინებს, ადამიანებს მხოლოდ პროფესიის და სოციალური სტატუსის მიხედვით ექცევიან შედარებით კარგად ან ვითომ ძალიან კარგად. იქ პოლიციელი ცოტაა ძირითადად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ან სავალდებულოს ხალხია. ერთმა ოფიცერმა ერთი დაკავებული ამოიცნო, თქვენი მეგობარი ჩემი ლექტორია რობაქიძეშიო. იმ ყინვა სიცივეში გავიცანი უკეთილოსი ბიჭი ნიკა ბერიძე ასევე თაროელი და მუდამ პოზიტიურად მოფიქრალი, მისი შემხედვარე მე შიშის უფლებაც კი არ მქონდა. მაფიქრებდა მხოლოდ ის რომ არავინ მარეკინებდა მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად ნერვიულობენ. იზოლატორში დაგარეკვინებთო. „გამიმართლა“ რეგიონების იზოლატორში ადგილი არ იყო. არც ბათუმში არც თელავში ამიტომ თავი ზაჰესში ამოვყავი, მაგრამ იქაც ორბელიანი მეტრო ხუთის ნახევარზე მიმიყვანეს და დილის 10 ზე მე-15 კაცად შევედი. სისხლის სამართლის და არა ადმინისტრაციულ იზოლატორში (იქ ადგილი არ იყო) ჩემებს არავინ დაურეკა მაგრამ აბა მაგათ ვინ გააჩერებდა. იქ ჩემამდე იყვნენ მისულები (ბევრი იძიეს და გაიგეს ) და ჩემმა დამ იმდენი ქნა ლამის გვერდზე მომისვეს იზოლატორში. იქ კი მეტრეველი მეტრეველის მეტი არაფერი მსმენია. გეფიცებით იქ ვიგრძენი თუ რამხელა ძალა აქვთ თქვენს/ჩემს მეგობრებს. ოთხ კედელში სულ პაწია დროით გამოკეტილს თავი ასე ბედნიერი არასდროს მიგრძნია. ცოტა მაგრამ ვიგებდი, მიწა იძვროდა და იძვროდა ჩემს გამო. ვიგრძენი ჩემი პატარა, თანატოლი თუ დიდი მეგობრების ულევი თანადგომა. ცალკე იზოლატორის ექიმი მეუბნებოდა შიგა და შიგ, ყოველ წუთას შენი ამბის გასაგებად მირეკავენო და ცალკე ადვოკატმა მითხრა, გარეთ რა ხდება და შენი მეგობრები რა საოცრებებს ატრიალებენ ეგ უნდა ნახოო. მე კი ვიყავი ბედნიერი და თანამესაკნეებთან ერთად მხოლოდ იმის ცდაში ვიყავი ჩვენთან მე-4 შემოსახლებული რუსი ტურისტისთვის ორი ლუკმა საჭმელი მაინც გვეჭმია, რადგან ფაქტობრივად მთელი დღე არაფერი უჭამია. (ბედის ირონია) დღეს დილით კი სასამართლომ საოცარი სპექტაკლი დადგა. ბილეთებში კი 2300 ლარი აიღო. ალბათ, მერე ისევ ჩვენს ცემა-ტყეპაში რომ ჩაასხას. უნებურად ვმონაწილეობდით მე, ჩემი ადვოკატი ნინო ლომინაძე (რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო) და მოსამართლე ნინო ენუქიძე, ტუჩებდაბერილი პროკურორი, რომელსაც ტელეფონში უფრო მეტს იყურებოდა ვიდრე მაღლა და ორი მოწმე პოლიციელი. აბსურდის სპექტაკლია ეს იმიტომ რომ, პროკურორი გარეთ მოწმედ მომლოდინე პოლიციელებს „ვოთსაფში“ წერდა საქმის მიმდინარეობის თითოეულ დეტალს, თუ რა უნდა ელაპარაკათ; აბსურდის თეატრია იმიტომ რომ, ამ ორმა ინტელექტუალმა ნორმალურად ისიც ვერ დაიმახსოვრა, მე სად ვიდექი და ვის ვაგინებდი. (ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცეს). ერთმა თქვა, მე მაგინებდაო, მეორემ თქვა მთავრობას აგინებდაო; ერთმა თქვა, „რედისონის“ პარკინგზე იყოო, მეორემ თქვა, რესპუბლიკის მოედნის გადასწვრივ ზებრაზეო (რუსთაველის მეტროს მხარე იგულისხმა). საბოლოოდ თურმე, „რედისონის“ პარკინგზე უამრავ ხალხთან ერთად (პარკინგზე მარტო ვიყავი) რომლებიც ქვებს და ფეიერვერკებს ისროდა, მე დიადი მთავრობის გინებით ვიყავი დაკავებული, თურმე არა ერთ გზის მომიწოდა ჩემმა დამკავებელმა პოლიციელმა (რომელიც პირველად მანქანაში ვნახე) სიმშვიდისკენ, თურმე მე აგრესიულად და ჯანიანად გამოვიყურებოდი და ვინაიდან ვერ გამიმკლავდებოდა, გდდ-ს სთხოვა ჩემი აყვანა. კითხვაზე ესე იგი ცემას და ნივთების გაჯიბვას შეესწარითო? ააააააას ძახილში ბუზ გადაყლაპულ დაბნეულ პოლიციელს მოსამართლე წამოეშველა და კითხვის აცილება გააკეთა. მე სასამართლომ მცნო დამნაშავედ, ხულიგნად და კანონდამრღვევად. ხოლო ორგანიზებულ კრიმინალთა ჯგუფი წესრიგის უპირობო დამცველებად. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მე არ დამწყვეტია გული. დღეს არის ალბათ დღე, როდესაც მე ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში. მე ვიხილე თუ რამხელა ძალა აქვს მეგობრობას და ურთიერთ სიყვარულს, მე ვნახე თუ რაოდენ ვყვარებივარ თითოეულ ადამიანს. თურმე ამ ქვეყანაზე რაღაც მიცხოვრია. ამ ყველაფრის შემხედვარე ვინ უნდა შემაშინოს? რამ უნდა შემაშინოს? რანაირად უნდა შემაშინონ? გულწრფელად დიდ მადლობას გწირავთ თითოეულ ადამიანს ჩემი ამბით დაინტერესებისთვის, თითოეული ცრემლისთვის, თითოეული წუთისთვის, თითოეული მესიჯისა თუ პოსტისთვის. მადლობას გიხდით ყველა ოჯახის წევრს და ნათესავს, ყველა მეგობარს, ყველა უბნელს, ყველა კლასელს, კურსელს, თანაუნივერსიტეტელს, ყველა კოლეგას, ყველა ჩემს დიდ და პატარა მეგობარს თბილისის მედიცინის ინსტიტუტიდან, ყველა კურიერს, ყველა თაროელს, ტვინელს, ლეგიონერს, მასწავლებელს უცხოელ მეგობარს, ჟურნალისტს და მრავალ სხვას ვინც ჩემი პატარა ამბავი გულთან მიიტანა. უზმოდ მიყვარს თითოეული თქვენგანი და ასმაგად და ათასმაგად გაფასებთ ყველას. მე სანდრო მეტრეველი ვარ ეს პოსტი კი თქვენზე იყო. ნეტგაზეთი
  8. ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ. „ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. გუშინ გამომძიებელს ვესაუბრე, ვკითხე, ექსპერტიზის დასკვნა ხომ არ იყო მოსული. მითხრა, რომ მე-6 ნაწილი იქნებაო, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. გიორგი ახობაძე შიმშილობს, ძლივს დავითანხმეთ, რომ წყალი დალიოს, სითხე მიიღოს. ნარკოტიკული საშუალება ჩამიდესო ამბობს და დეტალურად აღმიწერს ყველაფერს - რა ადგილას ჩაუდეს, სად გააჩერეს, როგორ გაჩხრიკეს. როგორც იხსენებს, ვიდეოს არავინ იღებდა, ვნახოთ, იქნება თუ არა საქმეში ვიდეო. დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრში, ხესთან, ხელები ამაწევინეს და მერე დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკაო. აქციაზე იყო მეგობართან ერთად, სახლში ბრუნდებოდა - წერეთელზე მეგობარი უნდა დაეტოვებინა და მერე უნდა წასულიყო სახლში, საბურთალოზე. 02:00 საათზე დააკავეს“, - აცხადებს ცუცქირიძე. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების ქონას ედავებიან. იპნ
  9. გმადლობთ, პრეზიდენტო ანჯეი დუდა საქართველოს გვერდში დგომისთვის პირადად და პოლონელი ერის სახელით ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მასსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. „გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ქართველები გადალახავენ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს!“- წერს პრეზიდენტი. იპნ
  10. აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, ის კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება. „ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების მოძრაობა, წამოახველა, შარდის გამოყოფა გაუმჯობესდა. [მდგომარეობა] დღეს საღამომდე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს წესით. ეს ცვლილებები კი დადებითია, მაგრამ ახალ სურათს არ გვაძლევს, რომ დაგვაიმედოს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გამოღვიძება, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება გამოღვიძების პროცესი, უფრო უკეთესი და უსაფრთხოა. უცებ გამოღვიძება რეკომენდებული არააო“, - განაცხადა იოსებ ჩანადირმა. ცნობისთვის, 22 წლის ბიჭს აქციაზე თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. ის ინგოროყვას კლინიკაში 3 დეკემბრიდანაა მოთავსებული. იპნ
  11. სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. უწყების ცნობით, ჩატარდა ერთ-ერთი იმ პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაც, რომელთან დაკავშირებითაც ვრცელდება ინფორმაცია, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირებზე. ასევე, დანაშაულში შესაძლო მონაწილე კიდევ ერთი პირი გამოკითხვაზე იქნა დაბარებული. მათივე ცნობით, დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე საქმეზე დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, აგრეთვე, უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში მათი გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, მ. ლაღიძის, ალ. ჭავჭავაძის ქუჩების და შოთა რუსთაველის გამზირიდან, გადაუდებელი წესით ამოღებული იქნა კონსერვატორიის და 5 კერძო ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. 2024 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩატარდა გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მოხდა მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერება. მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებით გავრცელდა. სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი. დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  12. ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს. ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დღეს, დღის პირველ ნახევარში წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. „ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, ნიკას ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა, ნიკა არსებითად უარყოფს, რომ მას რამე ნივთიერება გააჩნდა. მას გადაცემული არ ჰქონდა პირადი ჩხრეკის ოქმი, იზოლატორში რომ შევედი, ისიც კი არ იცოდა, თუ რას ედავებოდნენ და რატომ იყო დაკავებული, შესაბამისად, მისთვის არანაირი უფლებები არ განუმარტავთ, ჩხრეკის ოქმის ასლიც არ ჰქონდა გადაცემული. გუშინ საღამოს გავიგე, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. როგორც გამომძიებელმა მითხრა, ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, ჯერჯერობით არ იციან, რა ნივთიერებაზე და რა რაოდენობაზეა საუბარი. ნიკასთან კონსულტაციის შემდეგ, რა ფაქტობრივი გარემოებებიც მომიყვა, თუ როგორ განხორციელდა მისი ჩხრეკა და ამოღება, მეც ეჭვი მეპარება, რომ მას რამე ჰქონოდა. გამოძიება 260-ე მუხლითაა დაწყებული, თუმცა ნაწილი არ ვიცით, რადგან ექსპერტიზის დასკვნა არ არის“, - განაცხადა ლომინაძემ. ცნობისთვის, ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკუშა კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ლომინაძის თქმით, კაციას პირადი ჩხრეკა ქუჩაში ჩაუტარდა, მას დაკავებულმა განუმარტა, რომ პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ. ლომინაძის განმარტებით, ნიკუშა კაცია იმ დღეს აქციაზე უნდა წასულიყო. მას ჟურნალისტმა დაკავების შემდეგ უთხრა, რომ სამართალდამცავები გზაში არა ნარკოტიკებზე, არამედ იმაზე ესაუბრებოდნენ, რომ „ის აქციებზე დადიოდა“. იპნ
  13. რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა. "ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში", - აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის. შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავშესაფარი მიიღეს. იპნ
  14. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება. NBC-თან ინტერვიუში შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა : „დიახ, აბსოლუტურად“. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა ადამიანი მოქალაქეა“, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „მოგვიწევს მისი შეცვლა. ალბათ, მოგვიწევს ხალხთან დაბრუნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ეს გვაქვს. იცით თუ არა, რომ თუკი ვინმე ფეხს დაადგამს ჩვენს მიწაზე, მხოლოდ ერთ ფეხს, ორის დადგმაც არაა საჭირო, „გილოცავთ, თქვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხართ“. დიახ, ჩვენ ამას დავასრულებთ, რადგან ეს უაზრობაა“, - აღნიშნა ტრამპმა. იპნ
  15. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ როცა ჯგუფი ადამიანზე ძალადობს, იქ ერთი პოლიციელი „ვერაფერს ვერ გააკეთებს”. ეს განცხადება დარახველიძემ „პუბლიკის” ჟურნალისტზე თავდასხმის დროს პოლიციელების უმოქმედობის შესახებ კითხვის პასუხად გააკეთა. 6 დეკემბერს „ქართული ოცნების” „ტიტუშკები” თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს – ადგილზე იყო, მინიმუმ, ორი პოლიციელი და მოქალაქეებს მოთხოვნის მიუხედავად, არ დააკავეს თავდამსხმელები, მათ გაქცევის საშუალება მისცეს და მანქანაში ჩასხდნენ. პუბლიკა
  16. "სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და თავდადებით ემსახურებიან ჩვენი საზოგადოების ინფორმირების ძალზედ მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ეს ახალგაზრდები, ხშირად ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად დგანან მოძალადე რეჟიმსა და მშვიდობიანი მომიტინგეებს შორის. მათ შეძლეს და ჩამოხადეს ნიღაბი ამ რეჟიმს, დაგვანახეს მათი მანკიერი და მახინჯი სახე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს და მათი მადლიერი ვიყოთ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: AQOP41lrPiyfJonAFa3QkRadVGW0rIzI6NWbpY__LYDRSOPXkzAizR2I_-oYWX5Yuh5DCLtOZyBH9UQTMzbEgOzc.mp4
  17. 28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული. საია-ს განმარტებით, ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. „2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება: წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა. აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება; მიმდინარეობს არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე; მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ; რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდება. უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (დაკავებულია 500-ამდე პირი, ხოლო, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფოს ევროპის საბჭოს კომისარმაც მიმართა); ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში; სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 30-ზე მეტი პირი); მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ. ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით“,- აღნიშნულია საია-ს განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებები, არა მარტო, არაპროპორციულია, არამედ, თავისი შინაარსით, უტოლდება ორგანიზებულ დანაშაულს. ამასთან, საია-ს განმარტებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული ღონისძიების ყველა ეპიზოდის მიზანი, მედიის ფუნქციონირების ჩახშობაა. „აქციების დარბევისას განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს მედია. ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევები, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება და კამერების განზრახ დამტვრევა, ასევე ფიზიკური ძალადობა და დაკავება აქციების თანმდევია, რაც მიუთითებს საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში. იხილეთ ვრცლად: https://gyla.ge/post/terororis10dge ipn
  18. „ჩემი მხარდაჭერა კრიტიკულ მედიას!“, „შეწყვიტე მედიაზე ძალადობა!“, „მე ვიცავ ჟურნალისტს, ჟურნალისტი გვიცავს ჩვენ!“ – „რესპუბლიკის“ მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან საპროტეტსო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების და აქტივისტების ფოტოები მიამაგრეს. დღეს ჟურნალისტების მხარდამჭერი აქციები თბილისის გარდა გაიმართა რეგიონებშიც,- გორში, ბათუმსა და ზუგდიდში. დღეს, 8 დეკემბრის დილით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვისხის კონსტრუქციის მონტაჟი დაიწყეს. ტერიტორია ჯებირითაა შემოსაზღვრული და ადგილზე დგას საპატრულო პოლიციაც. publika
  19. გულნოზა საიდი – ნიუ იორკში ბაზირებული ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (The Committee to Protect Journalists, CPJ) ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის პროგრამების ხელმძღვანელი. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” ღრმად შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. საქართველო დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის იქ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. სამწუხაროდ, ამჟამად არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ამა წლის გაზაფხულზე „უცხოური აგენტების“ კანონის, ე.წ. „კანონის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებამ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ეს მედიის თავისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის სრულად ამოქმედებული, კანონის აგრესიული განხორციელების შემთხვევაში, მას აქვს პოტენციალი, რომ გაანადგუროს საქართველოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის სცენა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე. ამ ფონზე, გასული კვირის განმავლობაში პოლიციის მრავლისმმეტყველი სისასტიკე მიმართული იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ პრო–ევროკავშირის პროტესტს, ღრმად შემაშფოთებელია. ჟურნალისტებმა თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე ძალადობის შიშის გარეშე თავისუფლად უნდა აკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქციების გაშუქებისას დაშავებული ათობით ჟურნალისტი, ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად იყო სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შოკისმომგვრელი მოქმედების სამიზნე. თუ პოლიციელები არ აგებენ პასუხს ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის და თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს მკაფიო ნაბიჯებს ჟურნალისტების უსაფრთხოების უკეთ დასაცავად, ეს საშინელ სიგნალია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრესის თავისუფლებას არ სცემს პატივს და აძლიერებს იმის შიშს, რომ ისინი მომავლშიც დამოუკიდებელი პრესის დარბევას აპირებენ. – “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” ქართველ ჟურნალისტებს როგორ შეიძლება დაეხმაროს? – ჩვენი განცხადება “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” გმობს პოლიციის სისასტიკეს ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საქართველოს საპროტესტო აქციებს აშუქებენ” “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. ჩვენ ვაგრძელებთ ჟურნალისტების მხარდაჭერის გზების თაობაზე კონტაქტს ადგილობრივ მედიასაშუალებებთან და პრესის თავისუფლების დამოუკიდებელ ჯგუფებთან; ასევე ადგილზე საერთაშორისო პარტნიორებთან. CPJ ფინანსურ დახმარებას უწევს საპროტესტო აქციებში დაშავებულ მედიის მუშაკებს. ჩვენ მზად ვართ იურიდიული მხარდაჭერა გავუწიოთ ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მისი საქმიანობის გამო; პარტნიორი ორგანიზაციები კი მედიას ჟურნალისტების დაზიანებული აღჭურვილობის შესაცვლელად აფინანსებენ. ჩვენ ასევე ვიზიარებთ CPJ-ის უსაფრთხოების მითითებებს პროტესტისა და არეულობის გაშუქების თაობაზე და მზად ვართ ნებისმიერ ჟურნალისტს ან ნიუსრუმს, რომელიც ამას მოითხოვს, უსაფრთხოების რჩევების უფრო დეტალური აღწერა მივაწოდოთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სხვა ორგანიზაციებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდიონონ, რათა პრესის თავისუფლება ხელშეუხებელი იყოს; გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის იმ სამართალდამცავი ოფიცრის პასუხისგებაში მიცემაც, ვინც პრესის წარმომადგენელზე ძალადობს. – “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” 2023 წლის ჯილდოს მფლობელი ნიკა გვარამია პოლიციამ კანონმდებლობის უხეში დარღვევით დააკავა და ახლა იგი პატიმრობაშია… – CPJ-მ უკვე გამოთქვა შეშფოთება “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” 2023 წლის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელის, ნიკა გვარამიას დაკავებისა და მოპყრობის გამო. ჩვენ კიდევ უფრო შეშფოთებულნი ვართ იმ ამბებით, რომ მას 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა იმ ინციდენტისთვის, როდესაც პოლიცია მას თავს დაესხა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკამ ჟურნალისტიკა მიატოვა და პოლიტიკაში წავიდა, მის მიმართ მოპყრობის წესი და დაპატიმრება, როგორც ჩანს, დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის ისეთვე ნიმუშია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პრესის თავისუფლებაზე საკანონმდებლო დონეზე თუ ფიზიკურ თავდასხმებში. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ – დაიცვას სიტყვისა და პრესის თავისუფლება. netgazeti
  20. შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება! - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისივე თქმით, ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას. „სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება. შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას. ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!“, - წერს ქოჩორაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, „ტვ პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ამ დროისთვის, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ipn
  21. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის. ipn
  22. ღამით თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადგილებისას გააჩერეს და დააკავეს ექიმი გიორგი ახობაძე. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, პროტესტის ნიშნად ახობაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ის ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. პუბლიკა
  23. აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება. „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება, უნდა ნახონ, რა მდგომარეობაში არის. გუშინ, დილიდან საძილე პრეპარატების შემცირება დაუწყეს და დღეს უნდა შეაღვიძონ, რომ მდგომარეობა ნახონ. კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან მძიმე ტრავმა აქვს“,- განაცხადა იოსებ ჩანადირმა. ცნობისთვის, 22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დაშავებული მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადიოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იპნ
  24. 10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“. „10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, ივანიშვილმა უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს ისევე, როგორც სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. გუშინდელი ფაქტი პირველი არ არის. შეგახსენებთ, გურამ როგავას წინააღმდეგ პოლიციელის მხრიდან ასევე გამიზნული თავდასხმა მოხდა, რომელიც ბეწვზე გადარჩა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული. ამიტომ, ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მიუხედავად მშვიდობის შესახებ მათი ყალბი განცხადებისა. დღეს სახეზეა სახელმწიფოს სრული ჩამოშლა. თბილისის ქუჩები გადაცემულია სიკვდილის ბრიგადებისთვის, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი მართავს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი შექმნილი ქაოსიდან არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ოთხივე პოლიტიკური ძალა ისევე, როგორც ქართველი ხალხი ერთად ვითხოვთ“,- განაცხადა აქუბარდიამ. მისი განმარტებით, მთავარი მოთხოვნა არის ასევე უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება. „ახლა მთავარი აქცენტი არის სანქციებზე ივანიშვილის რეჟიმის და მისი მოძალადეების მისამართით. ქართველი ხალხის ბრძოლის იმ სამართლიან პრინციპზე დაბრუნებით, რაც არის დემოკრატიული და ევროპული მომავალი“,-განაცხადა აქუბარდიამ. ipn
  25. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად წერს. „შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს პრეზიდენტი. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა. ცნობისთვის, დღეს საღამოს პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი ღონისძიების ფარგლებში აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პირველ პირ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა. იპნ
×
×
  • შექმენი...