Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანი იყო. ასევე, რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე; შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან; შეაჩეროს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და შესაბამისად, გაზარდოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა. სეიმის რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს მოწოდებას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს. დოკუმენტი მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით, დარღვევების სათანადოდ და სრულყოფილად შეფასების მიზნით. ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი, უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი გამოყენებისგან. რეზოლუციას მხარი სეიმის 109 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე, მხოლოდ ერთი იყო – ვალიუს აჟუოლასი, „ფერმერებისა და მწვანეთა კავშირიდან”. 1 დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ერთობლივად შეთანხმდნენ, დაუწესონ ეროვნული სანქციები მათ, „ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”. მეორე დღეს, 2 დეკემბერს კი ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ასევე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაასანქცირებულები არიან. ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილი; ვახტანგ გომელაური – შს მინისტრი. შალვა ბედოიძე – შს მინისტრის მოადგილე; იოსებ ჭელიძე – შს მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე დარახველიძე – შს მინისტრის მოადგილე; იოსებ ბუთხუზი – შს მინისტრის მოადგილე; ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი; მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მირზა კეზევაძე – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი; თეიმურაზ კუპატაძე – კრიმინალური პოლიციის უფროსი; პუბლიკა
  2. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამის, ოთარ ჭიჭინაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავებისას პოლიციელები „კორექტულობის ფარგლებში“ მოქმედებდნენ. როგორც ის აღნიშნავს, რადგან ანდრო ცნობადი სახეა, მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა. „დაახლოებით 19:00 საათისთვის მოვიდნენ. იყო ზარი კარებზე, რომელიც თვითონ ანდრომ გააღო და პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ. შემოვიდნენ სახლში. გვითხრეს, რომ ნერვიულობა არ იყო საჭირო. შევედით ოთახში და გვითხრეს, რომ ანდროს ბრალი ედებოდა ჯგუფური ძალადობის მუხლით. შეადგინეს დაკავების აქტი. ანდროს წარუდგინეს ბრალეულობა. წარადგინეს სასამართლოს განჩინება. ძალიან დიდხანს იყო საუბარი ანდროსა და პოლიციელებს შორის. ასეთი კითხვები იყო: აქციებზე მისი ყოფნა რა მიზნებს ემსახურება, მოსწონს თუ არა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალება, ფოიერვერკებსა და ლაზერებზე იყო საუბარი, ანდრო პასუხობდა ჩვეულებრივად. დაძაბულობის მომენტი აბსოლუტურად არ იყო. ბრალეულობის წარდგენის შემდეგ მას დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს. ისინი დიდხანს იყვნენ აქ და მე როგორც მივხვდი, ტელევიზიების მოსვლას ელოდებოდნენ, რომ დაეფიქსირებინათ ანდროს დაკავება. მე ჩავედი და კარი გავუღე ოპერატორს, ამოვიყვანე და რომ ვკითხე, ვინ იყო, „იმედის“ ოპერატორი ვარო. რა თქმა უნდა, აქციაზე ანდროს იქ დგომა პრობლემაა მაგათთვის. რადგან ანდრო ცნობადი სახეა, უნდა დაისაჯოს, ასე მიიჩნევენ, საჩვენებელი დასჯის მომენტია. მე ყოველთვის ამაყი ვარ ჩემი შვილით, რაც არ უნდა გააკეთოს. ცუდს ის არასდროს გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამაყი ვარ ანდროთი, ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა. სჯერა სამართლიანობის, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო. გაბედავს თუ არა ეს რეჟიმი მის ციხეში გაშვებას? ყველაფერია მათგან მოსალოდნელი. როდესაც შემოვიდნენ, დაძაბულობა არ შექმნილა. რა თქმა უნდა, ყველა ნერვიულობდა, იქ ვიყავი, მაგრამ მათი ქცევიდან დაძაბულობა არ ყოფილა. კორექტულ ფარგლებში იყვნენ“,- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ. ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს. ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.interpressnews.ge/ka/article/823620-msaxiob-andro-chichinazis-mama-andro-cnobadi-saxea-misi-dakaveba-aris-sachvenebeli-dasja იპნ
  3. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. „მე სანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ სანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელმა შემიყვანა სადარბაზოში და მითხრა, რომ ახლავე აგიხსნით, რატომ ვაკავებთო, თუმცა არაფერი ამიხსნეს და გავიდნენ სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან. როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა, ზარი ვიღაც გოგომ დარეკაო, ანდრომ გააღო კარიო და გარეთ ბევრი პოლიციელი იყოო. არ იყვნენ აგრესიულებიო. უთხრეს, რომ გედება ბრალი ორგანიზებაშიო. რომელი თავდამსხმელი ანდროა? დიახ, დგას მიტინგზე! დიახ, მეც ვდგავარ მიტინგზე! ჩემი ოჯახის ყველა წევრი... რომც არ წავიდეს ანდრო მიტინგზე, ვეტყვი, რომ წავიდეს! მე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ანდრო. მე ჩემზე უფრო მქონდა მოლოდინი, ვიდრე ანდროზე. ვიცი, რომ არის მხნედ, არ არის ნაცემი. მინდა ჩემი შვილი მალე ვნახო“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში. ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს. ipn
  4. „ინტერვიუს ნაწილი არასწორად გახმოვანდა“ — ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი კიმბერლი ლოუ, რომლის, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლის ინტერვიუს ამონარიდები პირველმა არხმა და „იმედმა“ გამოაქვეყნეს. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ინტერვიუს რა ნაწილებზე საუბრობს, ან ვინ დგას ამ „არასწორი გახმოვანების“ უკან. „ვიდეოს ნაწილი არასწორად იყო გახმოვანებული და მაკავშირებდა მე, კიმბერლი ლოუს, ირანულ რეჟიმთან და სხვა ტყუილებთან. ავტივრთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, ყველამ რომ ნახოს“, — წერს იგი. ლოუ თავის განცხადებაში სურვილს გამოთქვამს, რამდენიმე საკითხი განმარტოს, და წერს: არარსებული თანამდებობის, ევროკავშირში აშშ-ის შესაძლო წარმომადგენლის, შექმნა მხოლოდ შეთავაზებულია, ხოლო მას არ უთქვამს, რომ ტრამპის გუნდში მუშაობს; ამ თანამდებობის პირს შეუძლია, ხელი შეუწყოს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და შუამავლის როლი ითამაშოს საქართველო პოლიტიკურ პარტიებში; რომ ესაუბრა თინა ბოკუჩავას და ელის პასუხს ირაკლი კობახიძისგან; კონგრესში ინიცირებული „მეგობარი აქტი უსამართლოდ ეპყრობა საქართველოს“; აპირებს, საქართველოში ჩამოვიდეს და ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამართოს დიალოგი. ვინ არის კიმბერლი ლოუ? როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გიორგი გვიმრაძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ ლოუსთან საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში 3 დეკემბერს, ავტორის მითითების გარეშე გავიდა და კიმბერლი ლოუ მაყურებელს წარუდგინეს, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში. პოსტში გვიმრაძე აღიარებს, რომ ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო თავად კიმბერლი ლოუა. „მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში”, – ამბობდა ლოუ ინტერვიუში. გვიმრაძემ მოგვიანებით განაცხადა: „ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემ გარდა“. მან დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი, რომელსაც 2015 წლიდან იკავებდა. netgazeti
  5. "ჩვენ, ყველანი აქ ვდგავართ იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო ევროპული სახელმწიფო იყოს - ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვერცერთი გაზულუქებული, პატარა, 30 კაციანი ჯგუფი, ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ამიტომ ვდგავართ აქ და როგორც არ უნდა ეცადონ ამ აქციების გაშარჟებას ან გაშავებას, დაცინვას, პროტესტის ჩახშობას, ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, აუცილებლად გამარჯვებულები გამოვალთ!" პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, უფლებადამცველის, სოფიო ხორგუანის ჩართვა აქციიდან. AQMspq1bRgzsOALAeeBukXL_14z8BW9IY4hkV39WZmuRSoUF0S1y__i03BVNxZyio_nTyXErTyJSorRnIIdLzmbI.mp4
  6. დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს. „დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, - წერს მიხაელ გალერი. ცნობისთვის, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს. სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი თეა წულუკიანი, კახა ბექაური. ipn
  7. პროევროპულ აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მთარგმნელი დათა ხარაიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან დღეს, 5 დეკემბერს გამოწერეს. ის დეტალურად იხსენებს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მოქალაქეებს. ხარაიშვილი ჰყვება, რომ ერთ მოქალაქეს რამდენიმე სპეცრაზმელი სცემს, პარალელურად კი ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ. დათა ხარაიშვილი იხსენებს, რომ უშალოდ მის ცემას განსაუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება იღებდა. ხარაიშვილის თქმით, სპეცრაზმელები მოქალაქეებს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების წინ სასტიკად სცემენ, შემდეგ კი მათ უტოვებენ და მიდიან. პოლიცია ნაცემ მოქალაქეს ეუბნება, რომ დაკავებულია ადმინისტრაციული წესით და იზოლატორში მიჰყავს. “რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა ერთ ადამიანს. აი, ორ სპეცრაზმელი ერთზე იყო, სამი – მეორეზე და ა.შ. რამდენიც ეტეოდნენ მოკლედ ამ პატარა სივრცეში. თითოეული სპეცრაზმელი უღებდა იმას, ვისაც თვითონ სცემდა. ძირითადად იღებდნენ მაინც ფოტოებს, მაგრამ ხარება [პირადად] უეჭველად ვიდეოს იღებდა, იმიტომ, რომ სტატიკურად ეჭირა ტელეფონი და აშკარად ეტყობოდა, რომ ვიდეოს იღებდა – არ კლიკავდა, რომ ფოტოები გადაეღო. რა მნიშვნელობა აქვს?! ხარება რომ იყო მაგაში, 100%-ით დარწმუნებული ვარ […] გვაიძულებდნენ, რომ გვეთქვა, ხარებას გაუმარჯოს და თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ. 100 მეტრს გაუვლიდა ეს სამარშრუტო, იქ სხვა ჯგუფთან მივიდოდა, გაიღებოდა კარი და ვიღაცები შემოიხედავდნენ აგრესიულად – “აბა, ვინ მოგვიყვანეთ?!”. შემოცვივდებოდნენ და მერე იწყებოდა ისევ ცემა-ტყეპა. კრიმპოლი [კრიმინალური პოლიცია], რომელიც შედარებით უკეთ იქცევა, არავის არ ურტყამს და ძალიან ისე, ზრდილობიანად გელაპარაკება, ეს ხალხი უყურებს ყველაფერს. მათ თვალწინ ხდება ავტობუსში ეს ყველაფერი […] მერე აღებენ კარს, ჩამოჰყავხარ და მიაჩეჩებენ შენს თავს პოლიციელს და ისიც – “ბატონო დავით, დაკავებული ხართ ადმინისტრაციულ წესით და გთხოვთ დაემორჩილოთ ჩემს მითითებებს”. ვითომ, ბოლო 40 წუთის განმავლობაში მის წინ ვიღაცა არ გცემდა წიხლებით და მუშტებით”, – ჰყვება დათა ხარაიშვილი TV პირველთან საუბრისას. მისი შეფასებით, ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში სპეცრაზმელები აკეთებენ, არის არა უბრალოდ ანგარიშსწორება, არამედ წამება. ზუსტად ასე შეაფასა სპეცრაზმელების მოქმედება სახალხო დამცველის აპარატმაც. დათა ხარაშვილი 3 დეკემბერს, გამთენიისას სცემეს. დაზიანებების გამო ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია თვალბუდის მოტეხილობის გამო. გარდა ამისა, მას დაუდგინდა ტვინის შერყევა. netgazeti
  8. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე; დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში! “საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!”, – წერია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. netgazeti
  9. მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს. „ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს და ჩაახშოს ყოველდღიური მასობრივი სახალხო პროტესტი, რომელიც მის ევროკავშირისკენ გზიდან გადახვევასა და ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას მოჰყვა“. „შეთქმულების თეორიებზე, მათ შორის საქართველოს დასავლელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ოპოზიციის ლიდერების გუშინდელი დაკავებები, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავება, ევროპული ნორმებისა და ევროკავშირის ღირებულებების მორიგი დარღვევაა“, - წერს ანა ლიურმანი. ipn
  10. ,,ილუზიაა, რომ არალეგიტიმურობა ამ ხელისუფლებისთვის პრობლემა არ არის და მათ ამით ხელი არ ეშლებათ. ისინი, უბრალოდ ცდილობენ ამაზე აქცენტი არ გაკეთდეს”, – ამის შესახებ ,,გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩვენ არ ვართ რუსეთი, არც ბელორუსია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ დავრჩეთ და ვიყოთ ცივილიზებული, ქრისტიანული, დასავლური სამყაროს ნაწილი. ეს არის ჩვენი გადარჩენა. პროქართულობა ნიშნავს პროევროპულობას. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ძალიან გვჭირდება ეს სტატუსი შევინარჩუნოთ. სხვაგვარად ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლება, რომ როგორც სახელმწიფო თვითმყოფადი გადავრჩეთ. ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასავლურმა ცივილიზებულმა სამყარომ გვაღიაროს, როგორც მისი ნაწილი. თუ ეს სამყარო ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ცნობს, ეს არის პრობლემა მათთვისაც, ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და თითოეული მოქალაქისთვისაც. ეს ყველაფერი კი არის ამ ხელისუფლების ბრალი. ამიტომ ეს მათთვის პრობლემაა. როგორი ილუზიაც არ უნდა შეიქმნან, რომ მათ არ სჭირდებათ აღიარება, როგორც შიგნით, ისე გარეთ, ეს ასე არ არის ნამდვილად”, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა ,,მედიაცენტრ მთავართან”. mcm.ge
  11. თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და სასწრაფოდ გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მიზნების მისაღწევად უნდა იყვნენ ყველგან - აქციაზე თბილისში, დიდ თუ პატარა ქალაქებში და ასევე, უნდა იმუშაონ საერთაშორისო პარტნიორებთან. „ოცნება“ მშვიდობას დაგვპირდა და თბილისში, შუა რუსთაველზე ომი მოგვიწყო. დაგვპირდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და ერთი განცხადებით მოკლა საქართველოს ევროპული იმედები. დღეს თითოეული ჩვენგანი, რომელიც ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, ვიბრძვით არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი უფლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ავირჩიოთ ისეთი, როგორიც გვინდა; ჩვენი უფლებისთვის, არჩევნებით ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ვთვლით, რომ ჩვენს სამშობლოს წინ წაიყვანს. დღეს ჩვენ თუ ვერ მივაღწიეთ წარმატებას და „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც დამართა საქართველოს ბოლო ორი თვის განმავლობაში, იცოდეთ, რომ ჩვენ მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას, რომელიც არავინ იცის, სად მიიყვანს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი ყველგან, პირველ რიგში, თბილისში, მაგრამ, ყველა დიდ და პატარა ქალაქში. ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს ორი და ძალიან პირდაპირი და მარტივი: პირველი - სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული; მეორე- სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან - აქციაზე თბილისში, აქციებზე დიდ თუ პატარა ქალაქებში, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება იყოს კიდევ უფრო დიადი და კიდევ უფრო მომხიბვლელი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ეს არის უკანონოდ დაპატიმრებულები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მათ ჯანმრთელობას დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ასევე, ის საჯარო მოხელეები, რომელთაც გაბედეს და ხმა ამოიღეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა გახარიამ. იპნ
  12. როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა „ოცნების“ ქმედებების მიმართ,-ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში უნდა გაგრძელდეს. „პოლიციაში ბევრი აპროტესტებს, რომ „ოცნებამ“ სისტემის სახელი ნიღბიან ბანდფორმირებებს დაუკავშირა. პლუს, ფიზიკურად უჭირთ უკვე გაძლება. ზოგადად, საჯარო სექტორშიც სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება. ამას ხედავენ „ოცნებაში“ და ეძებენ გზებს შეცდომა როგორ დაგვაშვებინონ. ამიტომ, ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის. პროტესტი უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში და მშვიდობიანად. სახელმწიფო სტრუქტურებში მყოფი ადამიანებისთვის ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ პოზიციები ხმამაღლა დააფიქსირონ“, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. ipn
  13. რა სურს ხელისუფლებას, საით მიჰყავს ქვეყანა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სტუმრად "პოლიტ-ქალაქში" ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://palitranews.ge/video/250841-ra-surs-xelisuplebas-sait-mihqavs-kveqana-da-rogor-sheizleba-ganvitardes-movlenebi-sakartvelos-qopili-premier-ministri-da-partia-gaxaria-sakartvelostvis-tavmjdomare-giorgi-gaxaria-stumrad-polit-kalakshi/
  14. უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს - ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას- ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ. „ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ - იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იპნ
  15. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ იმ პროექტებსა და პროგრამებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამერიკის მხარდაჭერით, ქვეყანაში 250-ზე მეტი დიდი თუ მცირე საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი განხორციელდა, რომელიც მოგვეხმარა, როგორც პრაქტიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით, ისე თანამედროვე სტანდარტებით ადამიანური რესურსების მომზადების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნა, რომ 2016-2017 წელს მისი გათვლებით, ჯანდაცვაში, სხვადასხვა დონორული დახმარება 700 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, საიდანაც ლომის წილი70%-მდე აშშ-ს ჰქონდა. “მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ყველა მიმართულებით მთავარი პარტნიორია. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისიდან, რთულად დადგებოდა ფეხზე, რომ არა აშშ-ს პირდაპირი დახმარება. მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის, გაეროს ორგანიზაციების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და სხვა), საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაც, მაგრამ მთავარი იყო აშშ-ს დახმარება. ეს გამოიხატებოდა ჰუმანიტარული, ტექნიკური, პროფესიული და ფინანსური მიმართულებებით ხელშეწყობაში. პირველი: 1992 წელს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით პირველი ატლანტა-თბილისის პროგრამა, ასევე ამერიკის ჯანდაცვის საერთაშორისო ალიანსის პროექტები. მათ სათავეში ედგა საქართველოს დიდი მეგობარი კენ ვოლკერი და ალიანსის ხელმძღვანელი ჯიმ სმიტი. მათ განახორციელეს რამდენიმე დიდი პროგრამა საქართველოში, რომლის საშუალებითაც ექიმებს მიეცათ აშშ-ში სტაჟირების და განვითარების საშუალება. ძალიან ბევრი ამერიკელი სპეციალისტი სტუმრობდა საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად. განვითარდა ექთნების გადამზადების პროგრამა, ჩამოყალიბდა ე.წ. ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტით დიდი საინფორმაციო ბაზები და უახლესი ლიტერატურა, დაიწყო პირველი დისტანციური კონსულტაციები და სამედიცინო კონსილიუმები, რომლებიც ტარდებოდა მაშინდელი ჯანდაცვის ნაციონალური ცენტრის შენობაში. მნიშვნელოვანი იყო მეორე პროგრამა, რომელიც გულისხმობდა საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობების დროს სამედიცინო პერსონალის გადამზადებას თანამედროვე სიმულაციურ კლასებში და ეს ყველაფერი 1995-1996 წლიდან დაიწყო. გასაგებია, ეს ყველაფერი ახლა შედარებით ადვილია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო USAID-ის პროგრამა (1994-1997 წლები), რომლის საშუალებითაც ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ეპიდემიოლოგი, სტენ მუზიკი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, CDC-ში ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, გადაამზადა ქართველი ეპიდემიოლოგების პირველი ნაკადი თანამედროვე ეპიდემიოლოგიაში. მისი მოსწავლეები დღეს მუშაობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ამერიკის CDC-ში, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ქვეყანაში თანამედროვე ეპიდემიოლოგიური კვლევების დანერგვაში. სტენ მუზიკი სერიოზულად მოგვეხმარა ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაფუძნებასა და განვითარებაში ამერიკული მაგალითით (1996 წელს). ამერიკელთა დახმარებით, ამ წლებიდან დაიწყო ქვეყანაში რესპირაციულ ვირუსებზე თანამედროვე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა გრიპოზული ინექციების ეპიდაფეთქებების, 2009 წლის გრიპის პანდემიის და ბოლოს 2020-2023 წლის კორონავირუსის 9 პანდემიის მართვაში“,- აღნიშნა გამყრელიძემ. ამასთან, განმარტა, რომ ის ადამიანები, ვინც რესპირაციული ვირუსები ზედამხედველობის ლაბორატორიაში მუშაობდნენ, მთავარ როლს თამაშობდნენ კორონავირუსის ლაბორატორიული პასუხის ჩამოყალიბებაში. „ამ ადამიანების ხანგრძლივ გადამზადებაში, ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ამერიკელების როლი უზარმაზარია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა გავი (ვაქცინების გლობალური ალიანსი), რომელიც ხელს უწყობდა განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის გამართვას. სწორედ ამერიკელთა დახმარებითაა შექმნილი „გავი“. მათი მეშვეობით, საქართველომ 8 ახალი ვაქცინა დანერგა ჩვენს ეროვნულ კალენდარში. აღსანიშნავია 1994-97 წლებში ჩვენთან დიფტერიის სერიოზული ეპიდემია, სამწუხაროდ, 300-მდე ადამიანი დაგვეღუპა. მაშინ ვაქცინაციის ჯაჭვი მოშლილი იყო, აშშ-ს, USAID-ის დახმარებით, UNICEF-მა შემოიტანა ვაქცინები, ხოლო იაპონია დაგვეხმარა მაცივრებითა და გენერატორით, ავცერით 2 მილიონამდე ადამიანი, შევაჩერეთ ეპიდემია და 1996 წლისთვის აღვადგინეთ თანდათან იმუნიზაციის ჯაჭვი. მნიშვნელობა ჰქონდა სამეცნიერო თანამშრომლობას. სწორედ 1995-1996 წლიდან დაიწყო სამეცნიერო თანამშრომლობა აშშ-ს მსხვილ ინსტიტუციებთან( ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები -NIH ), CDC და სხვა. დამყარდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა 3 ძირითადი მიმართულებით: ახლადწარმოშობილი ინფექციებისადმი მზადყოფნა, ტუბერკულოზი და შიდსი. ტარდებოდა კონფერენციები, ათობით ადამიანმა გაიარა ხანმოკლე და ხანგრძლივვადიანი კლინიკური და სამეცნიერო სტაჟირებები აშშ-ში. კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის გაზომვათა და შეფასებების ინსტიტუტის მხარდაჭერას, რომელიც სერიოზული პარტნიორია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თითქმის 2015 წლიდან. ის გვაწვდიდა პროგნოზებს ინფექციის განვითარების სხვადასხვა შესაძლო სცენარების შესახებ“, - აღნიშნა გამყრელიძემ. ამასთან, მისივე თქმით, CDC საქართველოსთან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს. 30 წლის განმავლობაში სულ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები, რომლებიც საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მრავალმხრივ გაძლიერებას ემსახურებოდა. „ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდებოდა. ეს იყო საველე ეპიდემიოლოგიის და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა, რომელიც 2008 წლიდან ხორციელდება ქვეყანაში და ხანგრძლივვადიანი პროგრამით 70-მდე სპეციალისტი, ხოლო მოკლევადიან პროგრამაზე 500-მდე ქართველი სპეციალისტი გადამზადდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც აშშ ახორციელებს ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ფარგლებში საფრთხის შემცირების სააგენტოს საშუალებით, საქართველოში გახლავთ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპზე დამყარებული ლაბორატორიული ზედამხედველობის პროგრამა. პროგრამის მხარდაჭერით 2003 წლიდან საქართველოში აშენებულია და აღჭურვილია სხვადასხვა დონის 22 ლაბორატორია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ელექტრონული ქსელით და შემდეგ უკვე ყველა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ და ვეტერინარულ ცენტრებთან. ერთიანი ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემის თავში გახლავთ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. ის გახლავთ ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორია“,- აღნიშნა გამყრელიძემ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 22 ლაბორატორიიდან 10 არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეშ, ხოლო 12 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ. „ეს ლაბორატორიები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ინფექციური დაავადებების, მათ შორის განსაკუთრების საშიში ინფექციების, ზოონოზური დაავადებების, დროული აღმოჩენისა და პრევენციის პროცესში, ასევე არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაწილი. ლაბორატორიების პერსონალი, განსაკუთრებით ლუგარის ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიების, გადამზადებულია ამერიკელთა მხარდაჭერით და ამ სისტემაში ხორციელდება სერიოზული სამეცნიერო კვლევები. ქსელის აშენება, აღჭურვა-გამართვაზე, პერსონალის გადამზადებაზე, სამეცნიერო კვლევებზე 2003წლიდან მოყოლებული დახარჯულია ჩვენი პარტნიორების მიერ დაახლოებით 350 მილიონი დოლარი, რაც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია აშშ-სი ბიოსამედიცინო სფეროში. მისი განსაკუთრებული როლი კარგად გამოჩნდა კოვიდ პანდემიის პროცესში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, კადრების მომზადებისთვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დიდ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალთან (BMJ). აღნიშნული საშუალებას აძლევს ქართველ ექიმებს ქართულად მიიღონ უახლესი ინფორმაცია მსოფლიოს ამ უძველესი და მაღალრეიტინგული ჟურნალიდან (სტატიები, მიმოხილვები, სასწავლო მასალები და სხვა უახლესი ინფორმაცია). 5-6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული პროგრამა ამერიკული მხარის მხარდაჭერით. დღეს აღნიშნულ პროგრამა სხვა წყაროების საშუალებით ფინანსდება“,-აღნიშნა გამყრელიძემ. ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოგვცა ლიცენზია, რომ ქართულად გვეთარგმნა და გაგვევრცელებინა სამედიცინო ქსელში ყველაზე უფრო ფართოდ აღიარებული რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის სენფორდის სახელმძღვანელო, რომელიც თითოეული ამერიკელი ექიმის ჯიბის სახელმძღვანელოა. „USAID-მა საქართველოში სამჯერ დააფინანსა და ქართველებთან ერთად ჩაატარა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დიდი კვლევები ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით. გარდა პირდაპირი ამერიკული მხარდაჭერისა, ამერიკის წილობრივი მხარდაჭერა გლობალურ პროექტებში ძალიან დიდია. ერთ-ერთია აივშიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, რომელიც გახლავთ განვითარებად ქვეყნებში ამ სამ დაავადებასთან ბრძოლის მძლავრი საერთაშორისო ფინანსური ინსტრუმენტი. თუ სწორად მახსოვს, 65 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯა განვითარებად ქვეყნებში. საქართველომ გრანტის სახით 2003 წლიდან მიიღო 170 მილიონი დოლარი ამ 3 დაავადებასთან ბრძოლისთვის. შედეგი სახეზეა. მალარიის ადგილობრივი შემთხვევები ქვეყანაში აღარ გვაქვს, ტუბერკულოზმა მკვეთრად დაიკლო, შიდსი შეჩერებულია, დაბალი პრევალენტობის არის, ტუბერკულოზისა და შიდსის მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია უფასოდ. გლობალურ ფონდში ამერიკის შენატანი არის 50%. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი უნიკალურია და აქ ამერიკის დახმარება განსაკუთრებულია. საქართველოში ეს პროგრამა 2015 წელს დაიწყო და გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 80%. 87 ათასმა ადამიანმა იმკურნალა, 99% ვირუსის განულების/განკურნების ეფექტით. წამალს, ამერიკული კომპანია „გილეადი“ გვაწვდის უფასოდ, რომელიც 2015-2017 წლებში 80 000 დოლარის ფარგლებში ღირდა სამთვიანი კურსისთვის. ძალიან ძვირადღირებული კურსი იყო, რასაც აშშ უფასოდ გვაძლევს დღემდე. გასაგებია, რომ დღეს წამლის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ ადრეულ ეტაპზე მოგვცა „გილეადმა“ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გარანტიებით, რომ საქართველო ამ პროგრამას შეასრულებდა, ეს კი მილიარდობით დოლარში გამოიხატება“,-აღნიშნა გამყრელიძემ და განმარტა, რომ ამ პროგრამის შედეგებით, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ავადობა, კერძოდ 5.5%-დან 1.8%-მდე ჩამოვიდა, რის შედეგადაც საქართველო გახდა ამ მიმართულებით გლობალური მოთამაშე და ყველა საერთაშორისო თავყრილობაზე საქართველოს მაგალითი განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყანა. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდება c ჰეპატიტის ელიმინაცია. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ძალიან დიდი იყო მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიის დროს, კერძოდ, 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ამერიკამ 2021 წლის ივლისში მოგვაწოდა გრანტის სახით და ასევე მილიონი დოზა ქვეყანამ იყიდა, რითაც შევძელით იმუნიზაციის პროცესის მკვეთრად გაუმჯობესება. „ასევე სწრაფად მოგვაწოდეს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“. რაც მთავარია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო, მისი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ღირსეულ პარტნიორად აღიარა. ამის მაგალითია ის, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის რეგიონული ოფისი თბილისშია და არა სხვაგან. საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრის სტატუსი ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხში, რითაც აღიარებულია ჩვენი სისტემა და მისი მიღწევები ამ დარგში. ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ ქვეყნის მთავარი პარტნიორი პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ჯანმრთელობის მიმართულებით. აშშ-ში გვყავს ძალიან ძლიერი ქართული სამედიცინო დიასპორა. 2016-2017 წელს დავითვალე და ჯანდაცვაში სხვადასხვა დონორული დახმარება დამოუკიდებლობის პერიოდში 700 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, საიდანაც ლომის წილი 70%-მდე აშშ-ს ჰქონდა. კორონავირუსული პანდემიის დროს დროს, ალბათ მილიარდზე მეტია საერთაშორისო დახმარება და აქაც ალბათ 70% მაინც აშშ-ზე მოდის, რაშიც არ შედის დახმარება C ჰეპატიტის მიმართულებით. ცხადია, ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩემმა მეხსიერებამ შემოინახა. მე ვისაუბრე მსხვილ პროექტებზე, რომელიც ამერიკის დახმარებით განხორციელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამერიკული მხარის მიერ გაწეული დახმარების სპექტრი გაცილებით ფართოა“,- აღნიშნა გამყრელიძემ. იპნ
  16. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული. „აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის გაზრდას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“, - აცხადებს უილსონი. ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. „სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  17. "ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტიონერსბ - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!" პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება.
  18. აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს კახა კალაძე და ვახტანგ გომელაური. „საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკარგა დემოკრატიის ხილვადობაც კი და ახლა აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს. აშშ-მა ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით. ახლა თუ არ ვიმოქმედეთ, ოცნება განაგრძობს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის ესკალაციას იმ დონემდე, რომელიც ათწლეულებია ამ ქვეყანაში არ გვინახავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაუწესოს პერსონალური სანქციები თბილისის მერს, შს მინისტრს და ყველა სხვა ოფიციალურ პირს, ვინც პასუხისმგებელია. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ“, — ვკითხულობთ განცხადებაში. netgazeti
  19. დღეს, 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლებში შევიდა. ადგილზე მყოფი პოლიციელების ინფორმაციით, მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა ამის საფუძელს ისინი ჯერჯერობით არ განმარტავენ. სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” სპიკერი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია განმარტავს ჩხრეკის სამართლებრივ საფუძვლებს. რა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს გამომძიებელმა ჩხრეკის ჩასატარებლად? სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება (გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში). ვინ უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას? თუ ტარდება ბინის ჩხრეკა, მას უნდა ესწრებოდეს ბინის მესაკუთრე/მფლობელი. თუ ტარდება ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკა, მას უნდა ესწრებოდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და წარმომადგენელი. ადვოკატს აქვს უფლება დაესწროს ჩხრეკის პროცესს. დაუშვებელია მათ გარეშე ჩხრეკის ჩატარება. ჩხრეკის დაწყებამდე რა მოვალეობები აქვს გამომძიებელს? ბინის მესაკუთრეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს წარუდგინოს საკუთარი თავი და თანმხლები პირები, განუმარტოს მისვლის მიზეზი და ჩხრეკის ჩატარების საფუძველი; წარმოადგინოს სასამართლოს განჩინება/გამომძიებლის დადგენილება. გაცნობის ფაქტი უნდა დადასტურდეს ხელმოწერით; ჩხრეკის მონაწილეებს განუმარტოს მათი უფლება-მოვალეობები და ჩხრეკის ჩატარების წესი; ჩხრეკის ჩატარების დროს ვიდეო-აუდიოჩაწერის შემთხვევაში, გააფრთხილოს ჩხრეკაში მონაწილე პირები. ბინის მესაკუთრეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს/ადვოკატს შეუძლია გამომძიებლის წინაშე დააყენოს მოთხოვნა ჩხრეკის აუდიო-ვიდეგადაღების შესახებ. ასეთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შენიშვნა უნდა გაკეთდეს ოქმში. როგორ უნდა წარიმართოს ჩხრეკის პროცესი? ჩხრეკის პროცესის დაწყებამდე გამომძიებელიმა უნდა შემოგთავაზოთ განჩინებაში/დადგენილებაში მითითებული ობიექტ(ებ)ის ნებაყოფლობით გადაცემა. ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მათი არასრულად გადაცემის შემთხვევაში იწყება ჩხრეკა; ჩხრეკისას გამომძიებელს უფლება აქვს გააღოს დაკეტილი საცავი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი უარს ამბობს ნებაყოფლობით მათ გაღებაზე. დაზიანება უნდა იყოს პროპორციული; ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ობიექტი გამომძიებელმა ამოღებამდე უნდა წარუდგინოს ჩხრეკაში მონაწილე პირებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამოიღოს; ამოღებული ობიექტ(ებ)ი გამომძიებელმა უნდა აღწეროს დაწვრილებით; ამოღებული ობიექტ(ებ)ი გამომძიებელმა უნდა შეფუთოს და დალუქოს. შეფუთული ნივთის ლუქზე უნდა აღინიშნოს მისი დალუქვის თარიღი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები. დაუშვებელია რამდენიმე გამომძიებლის მიერ ოფისის სხვადასხვა ადგილის/ოთახის/სათავსოს ერთდროულად ჩხრეკა. დამსწრეებს უნდა ჰქონდეთ ჩხრეკის სრულ პროცესზე უწყვეტი და თანმიმდევრული დაკვირვების საშუალება. ჩხრეკის ოქმი ჩხრეკის ოქმი უნდა შედგეს უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დასრულებისთანავე; ჩხრეკის ოქმში უნდა აისახოს ჩხრეკის მთლიანი პროცესი; ჩხრეკის დასრულებისთანავე ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად უნდა წარედგინოს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს; თუ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე რომელიმე პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი; ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის განმარტების შესაძლებლობა, რაც ასევე აღინიშნება ოქმში; ჩხრეკის ოქმის ასლი ადგილზევე უნდა ჩაჰბარდეს ბინის მესაკუთრეს, ოფისის/ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარმომადგენელს. netgazeti
  20. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი გადადგა. გადადგომის განცხადებაში შაიშმელაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სთხოვს, ოჯახური პირობების გამო გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვოს შს სამინისტროს რიგებიდან. პატაკი ფეისბუქზე თავად თავად შაიშმელაშვილმა, საქართველოს და ევროკავშირის დროშებთან ერთად გამოაქვეყნა. netgazeti
  21. სამი ოალიციისა და 1 პარტიის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას “მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა ჰქონდეთ ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება”. publika
  22. 3 დეკემბრის საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებელსა და სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან. ორივე ტელეარხი მიუთითებდა, რომ ლოუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება. როგორც 1 არხთან, ისე „იმედთან” კიმბერლი ლოუ აკეთებდა „ქართული ოცნების” მხარდამჭერ კომენტარებს. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „მეგობარი აქტი“ ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ. ხოლო სამთავრობო „ტვ იმედის“თანახმად, ლოუმ თქვა, რომ „ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“. კიმბერლი ლოუს განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსმაც“ გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ კიმბერლი ლოუ არ მუშაობს და არც განიხილება რამე თანამდებობაზე დოლად ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში. ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ევროკავშირში არა წარმომადგენელი, არამედ ელჩი ჰყავს და ამ პოზიციას ამჟამად მარკ გიტენშტეინი იკავებს. ამ თანამდებობაზე ის 2022 წელს დაინიშნა. კიმბერლი ლოუ მართლაც არის რესპუბლიკელი პოლიტიკოსი. მას სურდა ვირჯინიის შტატის სენატორობა, თუმცა, კანდიდატიც კი ვერ გახდა, ვინაიდან პრაიმერიზს გამოეთიშა. ინტერნეტში კიმბერლი ლოუს შესახებ იძებნება სტატია გამოცემაში Georgia Today. მასში ვკითხულობთ, რომ ბესო შენგელია ეკონტაქტება კიმბერლი ლოუს და მისგან აქვს თანხმობა, რომ მონაწილეობას მიიღებს „მსოფლიო მშვიდობის ფორუმში, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში გაიმართება“. თავად ბესო შენგელიას 15 აგვისტოს აქვს გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. მის პირველ გვერდზე ვხედავთ კიმბერლი ლოუს ფოტოს დონალდ ტრამპთან ერთად. პირველ გვერდზევე წერია, რომ ლოუ პირობას გასცემს, რომ „მსოფლიო მშვიდობის ფორუმს“ ტრამპიც დაესწრება. თავად ბესო შენგელიამ როგორც 8 ოქტომბერს Georgian Times-ის ეთერში, ისე 31 ოქტომბერს პროსამთავრობო ონლაინგამოცემა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კიმბერლი ლოუ გამოთქვამს მზადყოფნას, „მიიღოს ქართული ტელევიზიები“ იმასთან დაკავშირებით, რომ „დონალდ ტრამპი პირადად იქნება ფორუმის მთავარი საპატიო სტუმარი“ და „ელოდებიან, რომ ტელევიზიების დახმარებით ეს ინფორმაცია გაჟღერდეს“. თავად ბესო შენგელია ამბობს, რომ ის არის ნობელის პრემიის ნომინანტი მშვიდობის დარგში. ის თავის თავს გამომგონებელსაც უწოდებს. კიმბერლი ლოუს საკითხს დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ „კიმბერლი ლოუს თავად ესაუბრა“ და რომ „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი“. publika
  23. „დღეს სამწუხაროდ „ოცნებამ”„ ნაცებს” გაასწრო, ყველაფერში გაასწრო”, – ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ის გამოეხმაურა როგორც აქციის მონაწილეების ძალადობრივად დაშლის მეთოდებს და ასევე პარალელი გაავლო წინა ხელისუფლებასთან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხალხს მშვიდობას დაჰპირდა, თუმცა ომი გაუმართა რუსთაველზე, დაჰპირდა ევროპა, თუმცა მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მედიისთვის მიცემულ კომენტარს გახარია საკუთარ facebook-გვერდზე ავრცელებს. publika
  24. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას. „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ანგარიშვალდებულებას, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“, - წერს მილერი. ipn
  25. ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად. „საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობრივი ზეწოლა ევროკავშირის მოქმედებას მოითხოვს. სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად!“- წერს ბელგიელი ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ
×
×
  • შექმენი...